მთავარი პოლიტიკა როგორ ავხსნათ მოწოდება, რომ არაბული, იაპონური და ჩინური უნდა ვისწავლოთ?!

როგორ ავხსნათ მოწოდება, რომ არაბული, იაპონური და ჩინური უნდა ვისწავლოთ?!

2836
გააზიარეთ
სააკაშვილი-ვაშაძე

კომუნისტების ზეობის პერიოდში, იმ კომუნისტების, დღეს რომ სალანძღავად ქცეულან, საშუალო განათლების დონით საქართველო არა მხოლოდ საბჭოთა კავშირში, არამედ მსოფლიოში ერთერთ მოწინავე პოზიციაზე იმყოფებოდა. ერთ სულ მოსახლეზე რაოდენობის მხრივ ქართველი მეცნიერებისა და აკადემიკოსების რაოდენობა იმდენი იყო, რომ ყველა საბჭოთა რესპუბლიკას უსწრებდა. ჩვენს თაობას აუცილებლად ემახსოვრება, როგორ გვასწავლიდნენ სკოლებში, უნივერსიტეტში (ერთი იყო მაშინ), როგორ ვითარდებოდა განათლების სფერო

* “ველოსიპედის ბორბალი, რომელიც წყობიდან გამოვიდა, გაფუჭდა და გდია ღობის ძირში, ფიქრობს, განიცდის და ხვდება, როგორი კარგია მარტოობა”, _ ეს მოთხრობა თუ ერთ წინადადებიანი ნოველა მეორე კლასის სახელმძღვანელოში წერია და იქვეა “ჩამჭრელი” კითხვა მეორეკლასელთათვის _ რას განიცდის მარტო მყოფი, გაფუჭებული ბორბალი?!”

როგორია?! მეორეკლასელმა ბავშვმა, რომელსაც ნანახი აქვს ველოსიპედიც და ბორბალიც, უნდა გაითავისოს, რომ ის განიცდის, ხვდება, რომ მარტოა და თანაც, რა კარგია მარტოობა. გარდა იმისა, რომ ბავშვმა უნდა წარმოიდგინოს გაფუჭებული ბორბლის განცდები, უნდა იცოდეს, რომ თურმე მარტოობა კარგია.

მეორე მოთხრობაზეც ვთქვათ, რომელიც უკვე საზღვრებს გასცდა და კოსმოსში “გაიჭრა”.

* “უცხო პლანეტაზე არ არის სკოლა და ბავშვები განათლებას სითხეებით იღებენ. ბუნება წითელი სითხეა, მათემატიკა _ მწვანე, ხოლო სპორტი _ უფერო, წყალს ჰგავს. ზარმაც ბავშვებს არ სურთ ამ სითხეების მიღება, მაგრამ მშობლებს სახლში ჰყავთ რობოტი, რომელიც სვამს წითელ სითხეს და იწყებს ბუნებაზე საუბარს…”

ვერ გეტყვით, ვისი შექმნილია ეს “შედევრი”, მაგრამ ფაქტია, რომ განათლების სამინისტრომ მოიწონა, სახელმძღვანელოში შეიტანა და ახლა ბავშვები სწავლობენ, რომ სკოლის გარეშე, სითხის მიღებით შეიძლება საგნების სწავლა. ბარემ ერთი ლექსიც წავიკითხოთ პირველკლასელთა სახელმძღვანელოდან და შემდეგ მთავარიც ვთქვათ. ლექსს ჰქვია “გიკვირს?! ნუ გიკვირს!”

* “ვინც არ მიყვარდა,

მან ხო მიკვანტა!

ვინცა მიყვარდა,

მანცა მიკვანტა!

მანცა მიკვანტა,

ვინცა მიყვარდა!

და, რო მიკვანტა,

ვინცა მიყვარდა!

ვერ დაგიმალავ,

მეცა პირკატა!”

ლექსი

ამას პირველკლასელი რომ წაიკითხავს და თანაც დაიზეპირებს, მერე რომ ეტყვიან, _ აბა, პატარავ, ლექსი მოყევიო და ამას რომ წაიკითხავს, როგორ განწყობაზე უნდა დადგეს ადამიანი?! თუმცა, განწყობა პრეზიდენტობის კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ გამოგვიკვეთა. ჯერ თქვა: ჩემი შვილი იმ სკოლაში დადის, რომელშიც ნამდვილი თბილისელების შვილებიო (სავარაუდოდ, ხოხობს ჩამოყოლილებს გულისხმობდა) და მერე უფრო განგვანათლა:

აუცილებელია, რომ ბავშვებს პირველი კლასიდანვე ვასწავლოთ ჩინური, არაბული და იაპონური ენები. ეს იმას ნიშნავს, რომ მათ სამსახური მუდმივად გარანტირებული ექნებათ და ძებნა არ მოუწევთ”.

ის, რომ საქართველოში ყველაფერი ჩინელებს, არაბებსა და ირანელებს მიაქვთ, ცხადია და ამას არც არავინ უარყოფს. ერთი ეგაა, მოსახლეობას იმედი აქვს, რომ მომავალში სიტუაცია გამოსწორდება და უცხოტომელების ფეხქვეშ გაფენილი ხელისუფლება გონს მოეგება, მაგრამ ისე ჩანს, საქართველოს ბედი უკვე გადაწყვეტილი აქვთ ზესახელმწიფოებს, ეს კარგად იციან როგორც ამჟამინდელ ხელისუფლებაში, ისე მთავარ ოპოზიციურ ძალად აღიარებულ გუნდში და აქედანვე გვაჩვევენ, რომ ჩვენს შვილებს არაბული და ჩინური უნდა შევასწავლოთ. უნდა შევასწავლოთ იმიტომ, რომ რეალურად დღეს საქართველოში, რაიმე სპეციალობას კი არა, უცხოელი შეფებისთვის გაღიმებას, ლაქუცსა და მათი ამპარტავნული ტონით გაკეთებული მითითებების უსიტყვოდ შესრულებას მოითხოვენ. ამპარტავნულად იმიტომ, რომ არ გვთვლიან სრულფასოვან ადამიანებად, არ გვთვლიან ტოლსწორად. ამის საფუძველს გარკვეულწილად თვითონ ვაძლევთ, რადგან უთავმოყვარეოდ ვიქცევით, არ (აღარ) გვაქვს განათლება (სწავლა გვინდა, მაგრამ არ გვასწავლიან, საგანმანათლებლო პროგრამები გვაქვს მდარე, ზედაპირული), საკუთარს არ ვუფრთხილდებით, ერთი დღით ვცხოვრობთ, წუთიერ გამორჩენას ვართ დახარბებული, უცხოელებიც არ გვინდობენ და ბოლომდე გვიმონებენ.

გრიგოლ ვაშაძეს არ უთქვამს, სხვა ენებთან ერთად, პირველ რიგში, გამართული ქართული უნდა ვასწავლოთ მომავალ თაობასო. არ უთქვამს, რადგან როგორც ხელისუფლების, ისე ოპოზიციის ხელმძღვანელი ამერიკელი და ევროპელი მამები არ თვლიან საჭიროდ, მშობლიური ქართული ვიცოდეთ. ჩვენ მათთვის მომსახურე პერსონალი ვართ, ის პერსონალი, რომელიც დამონებული უნდა იყოს, მათ მოემსახუროს და ამიტომ სასურველია, მათი ენა იცოდეს, რადგან ამპარტავნული ტონით გაცემული ბრძანება ყველამ გაიგოს და საამისოდ თარჯიმანი არ დასჭირდეთ, ზედმეტი ხარჯია.

სხვაგვარად როგორ ავხსნათ მოწოდება, რომ არაბული, იაპონური და ჩინური უნდა ვისწავლოთ?! რამდენი ადამიანი იცით, სამუშაოდ ირანში, არაბეთში, იაპონიაში, ჩინეთში რომ წასულა?! ახლა ის ვთქვათ, რამდენ ჩინელს, ირანელსა და არაბს ხედავთ თქვენ გარშემო? გამოდის თუ არა, რომ სწორედ ეს იგულისხმა ვაშაძემ, აქ ჩამოსული უცხოტომელები, როცა ამბობდა, სამსახურები გარანტირებული გექნებათო?! საპრეზიდენტო კანდიდატი უკვე იმასაც კი არ ჰპირდება ამომრჩეველს, ქარხნები უნდა აშენდეს, მუშა-ხელი დაგვჭირდება, ადგილობრივები უნდა დასაქმდნენ და ეგებ გაჭირვებას თავი დავაღწიოთო. არა, ბატონებო, საპრეზიდენტო კანდიდატის დაპირებაა, თუ არაბულსა და ჩინურს ისწავლით, საქართველოში ჩამოსულები დაგასაქმებენ და დაგიმონებენო.

სხვათა შორის, რამდენიმე დღის წინათ ჩინურ კომპანია China Tianchen Engineering Corporation-ში მომუშავე მუშები გაიფიცნენ. როგორ გგონიათ, რა იყო მათი გაფიცვის მიზეზი?

სამუშაო ობიექტზე არ არის სასმელი წყალი, სასადილო, არ გვაქვს გამოსაცვლელი ოთახები, არ არის ტრანსპორტი, დანიშნულ ადგილამდე რომ მივიდეთ. არ გვაქვს კონტრაქტები და შესაბამისად, არანაირი დაზღვევა. გვაიძულებენ ისეთი რამის კეთებას, რაც კონკრეტულმა მუშამ არ იცის. მაგალითად, ერთერთ მუშას აიძულებდნენ, აირშედუღებაზე ემუშავა, როცა ის ბოლო ხმაზე ყვიროდა, რომ ამ საქმისა არაფერი გაეგებოდა. არ ჰყავთ თარჯიმანი და, როცა მათ ნათქვამს ვერ ვიგებთ, ყვირილს იწყებენ, ხელებს იქნევენ, რამდენჯერმე ჯოხიც მოგვიღერეს”, _ ამბობენ გაფიცული მუშები.

ხედავთ, სად გამოადგებოდათ მუშებს ვაშაძის რჩევა?! ჩინური რომ იცოდნენ, ხომ აცდებოდათ ჯოხის მოღერება და ყვირილი? პირდაპირ მონურად შეასრულებდნენ იმ სამუშაოს, რომელიც არ უნდა შეასრულონ და მერე რა, რომ წყალი არ აქვთ; მერე რა, რომ სასადილო არ აქვთ?! მერე რა, რომ ქუჩაში თუ მინდორში იცვლიან ტანსაცმელს… რისთვის სჭირდებათ საჭმელ-სასმელი და ტანსაცმელი?! მონა მშიერი უნდა იყოს და შიშველ-ტიტველი. ბარემ დიდ კლასიკოსსაც დავესესხები, მაძღარი კაცი ვერ ააშენებსო სვეტიცხოველს და დღევანდელი რეალობის “სვეტიცხოველი” ხომ თბოსადგურები, ჰესები და მისთანებია.

სამწუხაროდ, ასეთი მდგომარეობაა სრულიად საქართველოს მასშტაბით. უცხოელი, რაც უნდა კარგი განწყობით იყოს ჩამოსული, ხვდება, რომ ერი დამონების გზას ადგას, რომ გამათხოვრებულ და გათითოკაცებულყოფილ ერსლუკმაპურის საშოვნელად და ოჯახის დასაპურებლად ყველაფერზე უწევს წასვლა, ყველაფრის ამტანია და ამიტომ ერთ სახრეს ყველა თლის, გადატყავებულ ბეჭებზე რომ გადაგვიჭიროს, და ვაი, რომ ამ ბეჭებს საკუთარი ნებით ვუშვერთ, რადგან, სხვა შემთხვევაში, შინ დაბრუნებულებს, მშიერი ბავშვები გვხვდებიან, ის ბავშვები, რომლებსაც სკოლაში ბორბლის მარტოობაზე ესაუბრებიან და გარდა იმისა, რომ ღობის ძირში მიგდებული ბორბლის ფიქრების ჩაწვდომას აიძულებენ, იმასაც ეუბნებიან, რომ მარტოობა კარგია.

ასე იქნება მანამ, სანამ თვითონ არ ვისწავლით საკუთარი თავის დაფასებას; სანამ არ გავითავისებთ, რომ ჩვენს ქვეყანაში მასპინძლები ვართ და არა სტუმრები, საკუთარ ქვეყანაში მეტი უფლება რომ გვაქვს. და, ეს იმის მიუხედავად, რომ ნებისმიერ ჩამოსულ უცხოელს ინვესტორად აღიქვამენ ხელისუფალნი და ცივ ნიავს არ აკარებენ. სამაგიეროდ, ადგილობრივებს თითსაც უქნევენ და სახრესაც, როცა საქმე უცხოელის ინტერესებს ეხება. ჩვენ ხომ მოწინავე ქვეყანა უნდა გავხდეთ მომსახურების სფეროში, ჩვენ ხომ მოსამსახურეებად უნდა გავზარდოთ მომავალი თაობა და, ალბათ, ყველა ვერ ივლის იმ სკოლაში, რომელშიცნამდვილი თბილისელებისშვილები სწავლობენ. ჩვენ, რიგითი მოკვდავები, პროვინციალები დაბადებიდან განწირულები ვართ იმისთვის, რომ ჩინური და არაბული ვისწავლოთ, რათა უცხოტომელ ბატონს თავის ენაზე ვესაუბროთ და თარჯიმნის აყვანაში ფული დავუზოგოთ. ეს ჩვენ ვართ, ქართველები, ერი, რომელიც წარსულით ამაყობს, საკუთარი დამწერლობით ამაყობს და ესეც უნდა წაგვართვან, ესეც უნდა დავივიწყოთ. წარსულიც და აწმყოც ჩინური იეროგლიფებით უნდა დაიწეროს და კითხვაც მარჯვნიდან მარცხნივ უნდა ვისწავლოთ, უკუღმა… გაუკუღმართებულ ცხოვრებას უხდება ნამეტნავად!

ბესო ბარბაქაძე

გააზიარეთ

3 COMMENTS

  1. მეტად მწვავე და მტკივნეულია თქვენი სიმართლე, მაგრამ ვაი, რომ მხოლოდ ,,პროვინციალებს” გვწვავს და გვტკივა! აღარც არჩევნებია საშველი, რომ სამშობლოს მოღალატეები სამუდამოდ მოვიშოროთ!არც აჯანყების ნება და ძალა გვაქვს! როგორ არ გაგვიჩნდება იმ დროის ნოსტალგია, როცა ლამის ყველგან და ყოველთვის გვესმოდა ,,ო, ენავ ჩემო, დედაო ენავ…”

  2. ამაზე მეტი შეურაცხყოფა რაღა უნდა მივიღოთ კიდევ არ ვიცი. ეგღა მაკლია ახლა ჩუნური და რაღაც სხვა ენები ვისწავლო. ის რაც ვისწავლე სსრკ-ს დროს კმარა. სულაც არ ვარ ვალდებული სხვისი ბრძანება შევასრულო. 13 წელია სხვის ქვეყანაში ვარ და ამდენი სისულელე თუ გვქონდა გასავლელი არ მეგონა. ესაა თქვენი ნანატრი დემოკრატია. მოვს-ან თქვენი ევროპა და ამერიკა. არაფერი არ მინდა არავისი. დააბრუნეთ კომუნისტები უკან და ისევ ის საამური ცხოვრება ვარჩივნოთ ყველაფერს. სანამ სულ გადაგვაჯიშებენ. ქართველ ერს ცანცარი და სხვისი წახედვა არ გვიხდება. ასე დავინახე მე და ასე მწამს…ვისაც არ მოწონს ჩემი აზრი გაატარეთ. იმედია ბევრია მომხრე ამ გზის და ასეცაა…

გაიარეთ ავტორიზაცია კომენტარის დასამატებლად: ანონიმური Cancel reply

Please enter your comment!
Please enter your name here