Home სხვადასხვა დაიჯესტი როგორი იქნება აშშ-ის საგარეო პოლიტიკა ბაიდენის პრეზიდენტობის პერიოდში

როგორი იქნება აშშ-ის საგარეო პოლიტიკა ბაიდენის პრეზიდენტობის პერიოდში

“აშშ-ს აღარ შეუძლია, აიძულოს სხვები, იმოქმედოს ისე, როგორც მას სურს, ამასთანავე, ვერც მარტო მიაღწევს დასახულ მიზანს”

246
როგორი იქნება აშშ-ის საგარეო პოლიტიკა ბაიდენის პრეზიდენტობის პერიოდში

რამდენიმე კვირა გავიდა ჯო ბაიდენის გაპრეზიდენტებიდან, მაგრამ ძირითადი ელემენტები იმისა, როგორი კურსის გატარებას აპირებს ის ქვეყნის შიგნით და გარეთ, უკვე იკვეთება. ეს არის საშინაო პრობლემების დაძლევა, მოკავშირეებთან თანამშრომლობა, დიპლომატია, საერთაშორისო ინსტიტუტებში მონაწილეობა და დემოკრატიის განვითარება. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ბაიდენს სურს, დაუბრუნდეს აშშის იმ საგარეოპოლიტიკურ ტრადიციებს, რომლებიც ჩამოყალიბდა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ და რომლებსაც კატეგორიულად უარყოფდა ბაიდენის წინამორბედი დონალდ ტრამპი”, _ წერს ამერიკული კერძო ორგანიზაცია _ საერთაშორისო ურთიერთობების საბჭოს თავმჯდომარე რიჩარდ ჰაასი Project Syndicateში გამოქვეყნებულ სტატიაში.

4 თებერვალს სახელმწიფო დეპარტამენტში საგარეო პოლიტიკის მიმართულებებზე სიტყვით გამოსვლისას ბაიდენმა განაცხადა, რომ ამერიკა დაბრუნდა”. მან აღნიშნა, რომ სახელმწიფო მდივანი ტონი ბლინვენი მისი სახელით ლაპარაკობს და ყველანაირად შეეცადა, მხარი დაეჭირა როგორც ამერიკელი დიპლომატებისთვის, ისე, საერთოდ, ქვეყნის დიპლომატიისთვის.

ბაიდენმა განაცხადა, რომ შეაჩერებს აშშ-ის შეიარაღებული ძალების გამოყვანას გერმანიიდან, რაც ტრამპის ინიციატივა იყო, რათა აღადგინოს ნატოს წევრების ნდობა აშშ-ის მიერ გაცემული უსაფრთხოების გარანტიების მიმართ და სიგნალი გაუგზავნოს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს, რომ არ შეეცადოს, უცხოეთში სამხედრო ავანტიურებით ყურადღება გადაიტანოს საშინაო პროექტებიდან. საუდის არაბეთის საკითხზე ბაიდენმა განაცხადა, რომ აშშ არ გაუწევს ერ-რიადს სამხედრო და სადაზვერვო დახმარებას იემენთან ბრძოლაში. მან ეს ახსნა იმით, რომ ვაშინგტონის ჩარევა ამიერიდან დიპლომატიური და ჰუმანიტარული ხასიათის იქნება. ამასთანავე, მან მკაფიოდ განაცხადა, რომ ირანთან დაპირისპირებაში ერ-რიადი მარტო არ დარჩება. ამ ორი ამოცანის შეთავსება იოლი არ იქნება, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ აშშ-სა და საუდის არაბეთს შორის ურთიერთობა დაიძაბა ამ ახლოაღმოსავლურ სამეფოში ადამიანის უფლებების დაცვის მხრივ ცუდი მდგომარეობის გამო.

ბაიდენის მცდელობა, წარმატებას მიაღწიოს მსოფლიოში, შეზღუდული იქნება რამდენიმე ფაქტორით, რომელთაგან ბევრი მემკვიდრეობით გადაეცა. მაგალითად, აშშ უწინდებურად ვეღარ შეძლებს დემოკრატიის ეფექტიანი ქომაგის როლში ყოფნას 6 იანვარს ვაშინგტონში კაპიტოლიუმის შტურმის, ქვეყნის ორ ბანაკად გახლეჩვისა და რასიზმის აყვავების შემდეგ, აგრეთვე, იმის შემდეგ, რომ ყოფილ პრეზიდენტს კოვიდის პანდემიასთან ჯეროვანი ბრძოლის საშუალება არ ეძლეოდა.

აშშ-ის არმიის ჯავშნიანი მანქანები გერმანიის ქალაქ ფისლექში
აშშ-ის არმიის ჯავშნიანი მანქანები გერმანიის ქალაქ ფისლექში

კარგი ამბავია ის, რომ პანდემიასთან ბრძოლაში პროგრესი შეინიშნება, ცუდია ის, რომ პოლიტიკური და სოციალური უთანხმოება ქვეყანაში კარგა ხანს ვერ მოგვარდება.

ბაიდენმა ხაზი გაუსვა ჰუმანიტარული პრობლემების მოგვარების მნიშვნელობას. მას უნდა შეექმნა ისეთი პირობები, რომ კოვიდ 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის მნიშვნელოვანი რაოდენობა .. განვითარებად ქვეყნებსაც მიეღოთ. ასეთი ნაბიჯი არა მხოლოდ მორალური, არამედ აშშის ინტერესების სასარგებლოც იქნებოდა, რადგან შეანელებდა ვირუსის მუტაციას, რომელიც შექმნილი ვაქცინების ეფექტიანობას ემუქრება; უფრო მეტიც, მოვლენების ასეთი განვითარების შემთხვევაში შეიძლებოდა ნორმალური ეკონომიკური თანამშრომლობის აღდგენა მსოფლიოში, რაც, თავის მხრივ, გააუარესებდა ეკონომიკურ მდგომარეობას და შეამცირებდა ლტოლვილების ნაკადს.

მიუხედავად იმისა, რომ ბაიდენმა გააკრიტიკა რუსეთი და ჩინეთი კანონის უზენაესობის დარღვევის გამო, მას არ შეუძლია, აიძულოს ეს სახელმწიფოები, ისე მოიქცნენ, როგორც თავად მიაჩნია მართებულად. ვლადიმერ პუტინი და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ლიდერი სი ძინპინი მზად არიან, აიტანონ სანქციები, აშშ-ს კი არ შეუძლია, შეინარჩუნოს თავისი დღის წესრიგი ამა თუ იმ სახელმწიფოს მიმართ ადამიანის უფლებების დაცვის საკითხებზე. ამის გამო ბაიდენი იძულებული შეიქნა, გაეთვალისწინებინა სხვა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ინტერესები, რაც დასტურდება აშშის ახალი ადმინისტრაციის მიერ რუსეთთან სტრატეგიული შეტევითი შეიარაღების შემცირების შეთანხმების 5 წლით გაგრძელების გადაწყვეტილებით. მსგავსი რეალიები, კერძოდ, ჩრდილოეთ კორეის საკითხებში პეკინის დახმარების აუცილებლობა ზღუდავს ზემოქმედებას, რომელიც აშშ-ს შეუძლია განახორციელოს ჩინეთზე ჰონკონგის მოვლენების ან უიღურელი უმცირესობის გამო სინძინაინში, და იქაც კი, სადაც ბაიდენს შეუძლია კანონის უზენაესობის საკითხის დაყენება აშშ-ის საგარეო პოლიტიკის ცენტრში, მაგალითად, მიანმარში, მალე შეიძლება აღმოჩნდეს, რომ მთავრობა ცვლილებების წინააღმდეგია, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ მას საზღვარგარეთიდან დახმარების იმედი აქვს. ეს ყველაფერი ეჭვქვეშ აყენებს მიზანშეწონილობას, რომ აშშის საგარეო პოლიტიკის ცენტრალური ელემენტი დემოკრატიის განვითარება უნდა იყოს.

ბაიდენმა მწვავედ გააკრიტიკა ჩინეთის ქმედებები, თუმცა პეკინთან თანამშრომლობის სურვილიც გამოთქვა, როცა პეკინისა და ვაშინგტონის ინტერესები დაემთხვევა. ჩინეთმა უნდა გადაწყვიტოს, არის თუ არა მზად თანამშრომლობისთვის აშშ-ის მხრიდან კრიტიკის, სანქციებისა და ორმხრივი დანიშნულების ტექნოლოგიების შეზღუდვის პირობებში.

აშშ-ს მოუწევს დაბრკოლებების გადალახვა თავისი მიზნების მისაღწევად გლობალური პრობლემების გადაწყვეტისას, ინფიცირებულებითა და კლიმატის ცვლილებით დაწყებული, ბირთვული იარაღის გავრცელების შეზღუდვითა და კიბერსივრცეში ქცევის წესების შემოღებით დასრულებული. ამასთანავე, არ არის კონსენსუსი საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან და აშშ-ს აღარ შეუძლია, აიძულოს სხვები, იმოქმედოს ისე, როგორც მას სურს, ამასთანავე, ვერც მარტო მიაღწევს დასახულ მიზანს.

ამით სირთულეები არ მთავრდება, ბაიდენის ადმინისტრაციამ აუცილებლად უნდა განსაზღვროს, რა მოუხერხოს ირანის ბირთვულ ამბიციებს _ ღირს თუ არა ირანთან კიდევ ერთი ბირთვული გარიგების დადება. ამ ნაბიჯს ექსპერტები შეცდომად მიიჩნევენ. არის, აგრეთვე, კითხვები შეთანხმებებზე, რომლებსაც ხელი მოეწერა ერთი წლის წინათ “თალიბანთან”. ეს არის არა იმდენად სამშვიდობო შეთანხმება, რამდენადაც საფარველი აშშ-ის სახედრო კონტინგენტის შეყვანისა ქვეყანაში. დაძაბულია ურთიერთობა ჩრდილოეთ კორეასთან, რომელიც განაგრძობს თავისი ბირთვული და სარაკეტო არსენალის გაფართოებას.

როგორც უნდა წარიმართოს ბაიდენის საგარეო პოლიტიკა, მნიშვნელოვანია, რომ ის იყოს ორპარტიული და, შესაძლებლობის მიხედვით, მოიცავდეს კონგრესს.

აშშ-ის მოკავშირეები შიშობენ, რომ 4 წლის შემდეგ აშშ-ში შეიძლება დაბრუნდეს ტრამპიზმი, თუნდაც ტრამპის გარეშე. შიში, რომ ტრამპი არ იყო ანომალია და ასახავდა იმ ვითარებას, რომელიც შეიქმნა აშშ-ში, ძირს უთხრის აშშ-ის გავლენას. ცდუნება, განკარგულებებით მართოს ქვეყანა, გასაგებია, მაგრამ, როცა საქმე ეხება საგარეო პოლიტიკას, ბაიდენმა უნდა ააღორძინოს პრინციპი, რომლის მიხედვით საშინაო პოლიტიკა აშშ-ის საზღვრებს გარეთ არ უნდა გავიდეს.

regnum.ruზე გამოქვეყნებული მასალის მიხედვით მოამზადა გიორგი გაჩეჩილაძემ

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here