Home რუბრიკები პოლიტიკა რისთვის იბრძვიან “ყვითელი ჟილეტები”?

რისთვის იბრძვიან “ყვითელი ჟილეტები”?

1454
რისთვის იბრძვიან “ყვითელი ჟილეტები”?

8 დეკემბერს საფრანგეთს საპროტესტო აქციების მორიგმა ტალღამ გადაუარა. ქუჩაში 125 ათასი მოქალაქე გამოვიდა. ისევე, როგორც წინა კვირებში, შედეგი საკმაოდ მძიმე გამოდგა _ პოლიციამ 1 723 მომიტინგე დააკავა, შეტაკებისას დაშავდა 264 ადამიანი, მათ შორის _ 39 სამართალდამცველი. რას აპროტესტებენყვითელი ჟილეტებიდა როგორ შეიძლება დასრულდეს მათი დაპირისპირება ხელისუფლებასთან?

წინასაარჩევნო დაპირებებიდან გამომდინარე, ემანუელ მაკრონს რიგი რეფორმებისა უნდა გაეტარებინა. მისმა მთავრობამ დაიწყო შრომის ბაზრისა და შრომითი კანონმდებლობის ოპტიმიზაცია, რომლის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ნაწილს პროფესიული განათლების სისტემის რადიკალური რეფორმირება და საგადასახადო ადმინისტრირების გაუმჯობესება წარმოადგენდა. საზოგადოებამ ეს ცვლილებები მთლიანობაში პოზიტიურად შეაფასა, მით უმეტეს, რომ უმუშევრობა 8,9%-მდე შემცირდა.

შემდეგ ახალი პრეზიდენტი განათლების სისტემას მიადგა. მთავარი აქცენტი სოციალურად “რთული” უბნების სკოლებზე გაკეთდა (კლასებში მოსწავლეთა რაოდენობის შემცირება და სხვ.) _ ამ მიმართულებით გადადგმული ნაბიჯები მაკრონის ოპონენტებსაც კი მოეწონათ.

შემდეგ დაიწყო საფრანგეთის რკინიგზის სახელმწიფო კორპორაციის რეფორმა. ის, რომ იტყვიან, “მომწიფდა”, რადგან რკინიგზის დავალიანება წლიდან წლამდე იზრდებოდა (ამჟამად ის 54 მილიარდ ევროს შეადგენს, მთავრობა თანახმაა, საკუთარ თავზე 32 მილიარდი აიღოს), ხოლო მომსახურების ხარისხი ეცემოდა. რეფორმა ითვალისწინებს კორპორაციის გადაქცევას სააქციო საზოგადოებად და რკინიგზაზე სხვა კომპანიის მუშაობის დაშვებას (რაც ევროკავშირის წინაშე აღებული ვალდებულებებიდან გამომდინარეობს); ამასთანავე, რიგი შეღავათების გაუქმებას, რომლებიც ხელისუფლებას თავის დროზე რკინიგზელთა მძლავრმა პროფკავშირებმა გამოსძალეს. ამან, ცხადია, წინააღმდეგობა გამოიწვია. მარტში დაიწყო გაფიცვა _ მონაწილეობა მასში რკინიგზელთა დაახლოებით მესამედმა მიიღო. რკინიგზის მუშაობა შეფერხდა, თუმცა მთავრობამ უკან არ დაიხია და პროფკავშირებთან მოლაპარაკების პარალელურად პარლამენტში მისთვის სასურველი კანონპროექტის დამტკიცებას მიაღწია. ივლისში გაფიცვა შეწყდა.

ჩამოთვლილმა რეფორმებმა ემანუელ მაკრონს პრობლემებიც მოუტანა. პრეზიდენტობის პირველ წელიწადში მაკრონის რეიტინგი 40%-დან 30%-მდე შემცირდა, ხოლო ბოლოდროინდელი არეულობის პერიოდში, “იპოპფიდუციალისმონაცემებით, 23%-მდე დაეცა. 2019 წლისათვის მაკრონი გაცილებით მტკივნეული რეფორმების გატარებას გეგმავდა _ საპენსიო სისტემისა და საიმიგრაციო კანონმდებლობის, აგრეთვე, ევროკავშირის გარდაქმნის შესახებ რიგი ინიციატივების გასაჯაროებას, თუმცა კრიზისმა არა ამ ნაბიჯების, არამედ საწვავის ფასის მოსალოდნელი ზრდის გამო იფეთქა.

საფრანგეთის მომხმარებელთა ასოციაციის მონაცემებით, ცვლილებების შემდეგ საშუალო ოჯახი საწვავზე თვეში 100 ევროს ნაცვლად 225 ევროს დახარჯავს. მთავრობას ახალი ეკოლოგიური მოსაკრებელი შემოაქვს, ფაქტობრივად, “გამონაბოლქვის გადასახადი”, რომელიც, მისი მტკიცებით, გარემოს დაცვას მოხმარდება. პრემიერმინისტრი ედუარ ფილიპი ირწმუნება, რომ ამ გადასახადის მიზანია “ისეთი სისტემის შექმნა, როდესაც საგადასახადო ტვირთი, რომელიც დღეს წარმოებისა და შრომის სფეროს აწევს, ნავთობს დააწვება”. მაკრონის ოპონენტები მიიჩნევენ, რომ დამატებით მიღებული 37 მილიარდი ევროდან ეკოლოგიის დაცვას მხოლოდ 7,2 მილიარდი მოხმარდება, ხოლო დანარჩენი _ საბიუჯეტო დეფიციტის შევსებას. ზოგიერთი შეფასებით, ამ ცვლილებების შემდეგ, სანავთობო გიგანტის “ტოტალის” წლიური შემოსავალი 8,6 მილიარდი ევროდან 14-15 მილიარდ ევრომდე გაიზრდება. ეს ძალიან აღიზიანებს იმ ადამიანებს, რომლებიც მაკრონსა და მის მთავრობას მსხვილი კაპიტალის ინტერესების დამცველებად თვლიან.

ყვითელი ჟილეტებისშესახებ, რომლებიც დღეს საფრანგეთს აზანზარებენ, სულ რაღაც ერთი თვის წინათ არავის არაფერი სმენოდა, პირველად ეს სახელი 17 ნოემბრის აქციის შემდეგ გავრცელდა. მასში მონაწილეობა ქვეყნის მასშტაბით დაახლოებით 300 ათასმა მოქალაქემ მიიღო (იმ დღეს ორი ადამიანი დაიღუპა, ხოლო ასობით დაშავდა). მიჩნეულია, რომ ეს მოძრაობათავისითგაჩნდა და სრულიად სპონტანურ ხასიათს ატარებს, რომ მას არ ჰყავს ლიდერები, ფარული სპონსორები და .. თუმცა დამკვირვებლები გაკვირვებულნი არიან იმ ორგანიზებულობით, რომელსაცყვითელი ჟილეტებიავლენენ. მაგალითად, რადიკალი მემარჯვენეები და მემარცხენეები, რომლებიც ერთმანეთს დასანახავად ვერ იტანენ, აქციების დროს სხვადასხვა ფუნქციას ერთმანეთისგან დამოუკიდებლად ასრულებენ, როგორც კარგად აწყობილი მექანიზმის ორი დეტალი, ისევე, როგორცამრევებიპრობლემური უბნებიდან და სავსებით კანონმორჩილი მოქალაქეები. ბევრს უჭირს იმის დაჯერება, რომ ეს რთული, საათივით აწყობილი სისტემათავისითჩამოყალიბდა და ისეთი მძლავრი გამოდგა, რომ მის შესაკავებლად საჭირო შეიქნა ათიათასობით სამართალდამცველისა და ჯავშანტექნიკის მობილიზება. მოძრაობის აქტივისტები ყოველთვის ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ პოლიტიკოსებთან კავშირი არ აქვთ. მიუხედავად ამისა, მთელი რიგი ლიდერებისა მათ მხარდაჭერას უცხადებს და აქციებშიც კი მონაწილეობს, როგორც, მაგალითად, რადიკალი მემარცხენე ჟანლუკ მელანშონი. მის გარდა ღია სიმპათიასყვითელი ჟილეტებისმიმართ გამოხატავენ მარინ ლე პენი და ლორან ვოკიე მემარჯვენეთა ფლანგიდან, ცენტრისტი ჟან ლასალი, მემარცხენე ოლივიე ბეზანსნო და სხვები.

აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს საფრანგეთში განვითარებულ მოვლენებზე ძალიან უცნაური რეაქცია ჰქონდა. მან “ტვიტერში” დაწერა: “მთელი საფრანგეთის მასშტაბით ადგილი აქვს პროტესტსა და შეტაკებას. ხალხს არ უნდა დიდი ფულის გადახდა, ძირითადად, მესამე მსოფლიოს ქვეყნებისთვის, იმისთვის, რაც თითქოს გარემოს დაცვას ემსახურება. ხალხი გაიძახის: “ჩვენ გვინდა ტრამპი!”. მიყვარს საფრანგეთი”. ამის შემდეგ, საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჟან-ივ ლე დრიანმა ტრამპს ურჩია, ქვეყნის შიდა საქმეებში არ ჩაერიოს. მან განცხადება ასე დაასრულა: “დაანებეთ ჩვენს ხალხს თავი!”.

რატომ მაინცდამაინც ყვითელი ჟილეტი? საქმე ისაა, რომ 2008 წლიდან მძღოლები ვალდებულნი არიან, მანქანაში მაღალი გარჩევის ჟილეტი იქონიონ. ის, ერთი მხრივ, პირდაპირ კავშირშია ავტომობილთან (რომელიც, თავის, მხრივ, პირდაპირ კავშირშია საწვავის გაძვირებასთან) და იდენტიფიკაციის იაფ და ხელმისაწვდომ საშუალებას წარმოადგენს. აღსანიშნავია, რომ ყვითელი ჟილეტები უკვე გამოჩნდა საპროტესტო აქციებზე საფრანგეთის მეზობელ ქვეყნებში _ ბელგიაში, ნიდერლანდებსა და იტალიაში და ეს, ალბათ, მხოლოდ დასაწყისია.

არეულობის მასშტაბიდან გამომდინარე, ზოგიერთი ექსპერტი 1968 წლის მოვლენებსაც კი იხსენებს, თუმცა, ალბათ, უფრო მართებულია პარალელების გავლება 1995 წელთან. მაშინ ალენ ჟიუპეს მთავრობა საპენსიო და სოციალური უზრუნველყოფის სისტემის რეფორმის წინადადებით გამოვიდა და პროფკავშირებმა მოსახლეობას გაფიცვისკენ მოუწოდეს _ საპროტესტო აქციებში მონაწილეობა ასიათასობით ადამიანმა მიიღო. ამან ქვეყნის ფაქტობრივი პარალიზება გამოიწვია, მთავრობა იძულებული შეიქნა, უკან დაეხია, ხოლო პრეზიდენტმა შირაკმა ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დანიშნა. ის სოციალისტებმა მოიგეს და, შესაბამისად, ჟიუპე გადადგა.

დათმობებზე წასვლა მოქმედ ხელისუფლებასაც მოუწია. 4 დეკემბერს პრემიერმინისტრმა განაცხადა, რომ გადასახადის გაზრდაზე ნახევარწლიანი მორატორიუმი დაწესდება. მომდევნო დღეს ედუარ ფილიპმა თქვა, რომ შესაბამის შემოსავლებს 2019 წლის ბიუჯეტის გეგმაში საერთოდ არ შეიტანენ. “ვერანაირი გადასახადი ვერ გაამართლებს ერის ერთიანობის ეჭვქვეშ დაყენებას”, _ აღნიშნა საფრანგეთის პრემიერმა, თუმცა ამ გამოსვლას 8 დეკემბრის აქციის გაუქმება არ მოჰყოლია. შესაძლოა იმიტომ, რომ მის მონაწილეებს უფრო მყარი გარანტიების მიღება სურთ ან იმიტომ, რომ საწვავის პრობლემას მიება სხვა საკითხები (მაგალითად, საგადასახადო რეფორმის), ან იმიტომ, რომ გარკვეულმა ძალებმა გამწვავებაში მაკრონის დასუსტების რესურსი დაინახეს და ხელს უწყობენ აქციების გაგრძელებას. ასეა თუ ისე, კრიზისი გრძელდება და შეიძლება კიდევ უფრო დიდი არეულობა მოიტანოს.

საფრანგეთს ისტორიულად დინამიკური, რეფორმების მიმართ დადებითად განწყობილი ქვეყნის იმიჯი ჰქონდა, თუმცა 1995 წლიდან პოლიტოლოგები სულ უფრო ხშირად აღნიშნავენ, რომ ფრანგი საზოგადოება ინერტული გახდა, ნებისმიერ თამამ რეფორმას გააფთრებულ წინააღმდეგობას უწევს და ამის გამო საფრანგეთი უფრო ნელა ვითარდება, ვიდრე ევროკავშირის სხვა ქვეყნები. აშკარაა, რომ ფრანგებს არ სურთ იმ სოციალური შეღავათების გაუქმება, რომლებიც გასულ ათწლეულებში პროფკავშირებისა და მემარცხენე პარტიების ბრძოლის შედეგად მიიღეს, მაგრამ, ამასთანავე, არ მოსწონთ, რომ ბიზნესი ნელა ვითარდება. ფრანგ მეწარმეს ახალი სამუშაო ადგილის შექმნა გაცილებით ძვირი უჯდება, ვიდრე მის კოლეგებს ევროკავშირის სხვა ქვეყნებში, რადგან, შრომითი კანონმდებლობიდან გამომდინარე, დასაქმებულს სხვადასხვა სახის გარანტიები უნდა შეუქმნას. ამ კონკრეტულ შემთხვევაში, საწვავის ფასი მხოლოდ ერთი, ცალკე აღებული პრობლემაა, რომელმაც მიტინგებისთვის საბაბი შექმნა. საბოლოო ჯამში, მაკრონი ცდილობს გააუქმოს სოციალური სახელმწიფო, რიგით მშრომელებს გაუუქმოს ან გაუუარესოს სოციალური პირობები და პროტესტების მთავარი მიზეზიც სწორედ ეს არის. არსებითად, “ყვითელი ჟილეტები” აპროტესტებენ არა ახალ გადასახადს, არამედ მაკრონის პოლიტიკას მთლიანად, შესაბამისად, სიტუაციის შემდგომი გართულების ალბათობა საკმაოდ მაღალია.

საფრანგეთს არ ჰყოლია თავისი ტეტჩერი და რეიგანი, რომლებიც შეამცირებდნენ სოციალურ გარანტიებს, გადასახადებსა და სახელმწიფოს ჩარევას ქვეყნის ცხოვრების სხვადასხვა სფეროში. ანგლოსაქსური მოდელისგან განსხვავებით, ფრანგულ სახელმწიფოს ყოველთვის ახასიათებდა პასუხისმგებლობის ფართო სპექტრი და განსაკუთრებული ყურადღება სოციალური გარანტიების, სხვადასხვა სახის დოტაციების მიმართ. თუ ემანუელ მაკრონს სურს, ეს ტრადიციული როლი შეცვალოს, უფრო ძლიერ წინააღმდეგობას წააწყდება.

ლუკა ნემსაძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here