Home ახალი ამბები საქართველო რიკოთის გზაზე ყველაზე გრძელი გვირაბის მშენებლობა დაიწყო

რიკოთის გზაზე ყველაზე გრძელი გვირაბის მშენებლობა დაიწყო

706
რიკოთის გზაზე ყველაზე გრძელი გვირაბის მშენებლობა დაიწყო

რიკოთის საუღელტეხილო გზაზე ავტობანის მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს. ჩუმათელეთიხევის მონაკვეთზე, არსებული გვირაბის პარალელურად, ყველაზე გრძელი გვირაბის მშენებლობა დაიწყო, რომლის სიგრძე 1800 მეტრი იქნება, საიდანაც ამჟამად დაახლოებით 200 მეტრია გაჭრილი,- ამის შესახებინტერპრესნიუსსრეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროდან აცნობეს.

უწყების ცნობით, მიმდინარე სამუშაოები დღეს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ და პირველმა ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა დაათვალიერეს.

„პანდემიის მიუხედავად, რიკოთის მონაკვეთის მშენებლობა ერთი დღითაც არ გაჩერებულა. ეს არის 52 კმ-იანი მაგისტრალი, რომელიც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს და ფაქტობრივად გაანახევრებს მგზავრობის დროს. ეს სრულად შეცვლის უსაფრთხოების და სიჩქარეების სტანდარტს, რომელიც დღეს საქართველოში გვაქვს. ეს არის ერთ-ერთი უნიკალური პროექტი, რომელიც თანამედროვე ისტორიაში მიმდინარებს. სულ 53 ხიდი და 96 გვირაბი იქნება და ამ კონსტრუქციების ნახევარზე მეტი უკვე შენდება. ეს გვირაბი სადაც ახლა ვიმყოფებით, ყველაზე გრძელი იქნება საქართველოში, ვიდრე ქვეშეთი-კობი აშენდება. ზოგადად, ჩქაროსნული მაგისტრალების თვალსაზრისით წელს დაახლოებით 40%-ით მეტი დაფინანსება გვაქვს გათვალისწინებული, რაც შესამჩნევ პროგრესს უზრუნველყოფს,“ – განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

უწყების ინფორმაციით, ამ ეტაპზე, სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს რიკოთის საუღელტეხილო გზის ჩუმათელეთი-ხევის 11.7 კმ-იან, ხევი-უბისას 12.2 კმ-იან და უბისა-შორაპანის 13 კმ-იან მონაკვეთებზე. რაც შეეხება შორაპანი-არგვეთას მონაკვეთს, აქ სამუშაოები უახლოეს მომავალში დაიწყება. საერთო ჯამში, ამ დროისათვის, რიკოთის საუღელტეხილო გზაზე უკვე გაჭრილია 6 გვირაბი. ბოლო გვირაბი სოფელ შროშასთან სულ ახლახან გაიჭრა და მისი სიგრძე 885 მეტრია. სამშენებლო სამუშაოები სულ 39 გვირაბსა და 61 ხიდზე მიმდინარეობს.

„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ამ მონაკვეთების სწრაფი და ხარისხიანი დასრულება, ასევე, როგორც ჩვენი თანამოქალაქეების დასაქმების შესაძლებლობა. მხოლოდ რიკოთის მშენებლობაზე დღეის მდგომარეობით 2000-მდე საქართველოს მოქალაქეა დასაქმებული, რაც მათი სტაბილური შემოსავლის და კვალიფიკაციის ამაღლების წყაროა,“ – აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.

ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, რიკოთის საუღელტეხილო გზა, E 60 ავტომაგისტრალის შემადგენელი ნაწილია და ერთ-ერთი ურთულესი მონაკვეთია. მისი მოდერნიზება უმნიშვნელოვანესია საგზაო ქსელის განვითარებისა და თანამედროვე სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანის კუთხით. ახალი გზა ხელს შეუწყობს ჩქაროსნული გზის გამტარუნარიანობისა და სატრანზიტო ტვირთბრუნვის ზრდას, ასევე ავტოტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების სტანდარტის ამაღლებას და მგზავრობის დროის შემცირებას.

www.interpressnews.ge

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here