მთავარი პოლიტიკა რით უპასუხა მთავრობამ ხალხის მოლოდინს?

რით უპასუხა მთავრობამ ხალხის მოლოდინს?

1628
გააზიარეთ
დავით იაკობიძე

საქართველო და მსოფლიოსმკითხველებს ესაუბრება საქართველოს ყოფილი ფინანსთა მინისტრი, ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორი დავით იაკობიძე. თემა: გამოცხადებული ანტიკრიზისული გეგმა.

_ ის, რაც ტელევიზიით მოვისმინეთ, გეგმა არ არის. ბატონმა გახარიამ გაგვაცნო წინასწარ შემუშავებული, გასაკეთებელ საქმეთა ჩამონათვალი, რომელსაც აუცილებლად უნდა ახლდეს შესრულების თანმიმდევრობა, ვადები და განხორციელების მექანიზმი, რაც, სამწუხაროდ, არ იყო გამოცხადებული. ამას ყურადღებას არ მივაქცევდი, აქტუალური რომ არ იყოს: არ დააყოვნებენ ოპონენტები გამოსვლებს მასმედიაში ამ გეგმის კრიტიკით.

(ინტერვიუ ჩაიწერა წარდგინების კვალზე, ორიოდე საათის შემდეგ. დრომ, რომელიც ამ განცხადების შემდეგ განვლო, დაადასტურა ბატონი დავითის ვარაუდი: კრიტიკულმა შეფასებებმა არ დააყოვნა!).

პრემიერმინისტრის გამოსვლამდე კაბინეტის წევრები ჯიუტად იმეორებდნენ, რომ წარმოდგენილი იქნებოდა ფართო და ყველაფრის მომცველი გეგმა, წინასწარ გვამზადებდნენ, სინამდვილეში კი ასეთმა რიტორიკამ ოპოზიციის წისქვილზე დაასხა წყალი.

არადა, გახარია ფრთხილი იყო, როცა განაცხადა, რომ ეს იყო მზრუნველობის პაკეტი, რომელსაც განახორციელებს მთავრობა, მინიმალური პაკეტი, ჩვენი დღევანდელი შესაძლებლობებიდან გამომდინარე, ძალის შემდგომი მოკრების კვალზე გაფართოების პერსპექტივით.

_ გეგმა არ არის, მაშ, რა ვუწოდოთ?

_ ეს არის პოლიტიკურ გადაწყვეტილებათა ჩამონათვალი, რომელიც მთავრობამ მიიღო წლევანდელი 26 იანვრიდან დღემდე. გაჯერებულია იმ ღონისძიებებით, რომლებიც მიმართული იყო ჩვენი აქტიურობის შესაზღუდად კორონავირუსის პანდემიის პირობებში. როგორ ვაფასებთ ამ პერიოდს?

ზოგი ამბობს, რომ კრიზისია. მე კი მიმაჩნია, რომ ეს არის საზოგადოებრივ ურთიერთობათა დეფორმაცია, რომელსაც იძულებით ვიღებთ ჩვენს თავზე და ზოგიერთ ისეთ შეზღუდვებს ვაწესებთ, რომლებიც, რა შედეგებს მოიტანს, არ ვიცით.

და საერთოდ, მე რომ მკითხოთ, ეს რიტორიკა დასახვეწია. ხმა უნდა აღიმაღლოს, უწინარეს ყოვლისა, ენის პალატამ. მაგალითად, როცა ლაპარაკობენ “ტაქსისტების ოპერირება” ან “შევიმუშავეთ ბედედე”, ე.ი. მოკლევადიანი გეგმაო და ა.შ. ვის ეუბნები ამას? გაიგებს კი ხალხი შენს ნათქვამს? თუ კეკლუცობ და ვიღაცას თავს აწონებ?

_ უკრაინაშიმაიდანმარომ გაიმარჯვა, ერთერთი მიზეზი იქაური ხელისუფლების ასეთ ხელოვნურად გათანამედროვებულ და უცხოური ტერმინოლოგიითგამდიდრებულენაზე ხალხთან ურთიერთობის დამყარების მცდელობა იყო

_ ამიტომაც ვერ გაუგეს, მაგრამ ეს სხვა თემაა. ჩვენს ეკონომიკას მივხედოთ, რომელზეც უარყოფითად იმოქმედა დროის დაკარგვამ.

საკითხავია, ამ დროის განმავლობაში რატომ ვერ მოხერხდა კანონმდებლობაში იმ ადეკვატური ცვლილებების შეტანა, რომლებიც შეღავათის სახით ხალხის სასარგებლოდ განხორციელდა სულ ბოლო მომენტში?

მაისში ახალი ბიუჯეტის დამტკიცებას აპირებენ, შეცვლილისა და შესწორებულის. კი, ბატონო, მაგრამ ჩაწერეთ, ვის რა უფლებები ექნება და როგორი პასუხისმგებლობა დაეკისრება. წინა ბიუჯეტებში ტექსტური ნაწილი არ არსებობს. არის ციფრები შემოსავლების და შემდეგ _ სად რამდენი დაიხარჯა.

ესეც საჭიროა, მაგრამ უმჯობესი არ იქნება, თქვან, რომ ცალკეულ სიტუაციაში, როცა საგანგებო მდგომარეობა შეიქმნება, ფინანსთა მინისტრს ჰქონდეს უფლება, ერთი მუხლიდან მეორეში გადაიტანოს ხარჯები, ხოლო, რისი ხელის ხლებაც არ შეეძლება, იმას დაერქვას დაცული მუხლები.

ჩვენი მთავრობა ჯერჯერობით კარგად ვერ ითვალისწინებს, რა იქნება ცოტა ხანში, როცა გაჩნდება დეფიციტი არა მხოლოდ ცალკეულ პროდუქტზე, არამედ ფულად რესურსზე სახელმწიფო სექტორში, როგორ გაუჭირდებათ ხარჯების შეკავება, რამდენ დროს დაკარგავენ ცალკეული ხასიათის დანახარჯების (რომელთა ათვისებაც დაწყებულია) შეჩერებაზე და .. თავისუფლად ვეღარ განკარგავენ არსებულ სახსრებს. კორონავირუსმა ეს კარგად დაგვანახვა.

მთავრობამ ახალი წესები და ნორმები შემოიტანა, რაც ყოველთვის სადავო ხდება. კრიტიკოსები ამჯერადაც უარყოფითად იქნებიან განწყობილი ყოველგვარი ცვლილების მიმართ, თითოეული ციფრის მიმართ, რომლებიც პოლიტიკური გადაწყვეტილების საფუძველზე წარმოიქმნება.

წესია: როცა სახელმწიფოპოლიტიკურ დოკუმენტში ციფრი იწერება, აუცილებლად უნდა დაერთოს ამ ციფრის ათვისების პროგრამა, რადგან ის, რაც წერია, აბსტრაქცია არ არის. კონკრეტულად უნდა იყოს გათვლილი, ვის აძლევ, რამდენს, რატომ, პრიორიტეტი პირველი, მეორე და .. აქვე უნდა იყოს მითითებული, რომელი უწყება რაზეა პასუხისმგებელი და ანგარიშვალდებული.

_ თორემ დაუყოვნებლივ შემოგიტევენ: მავანმა მეცენატმა 100 მილიონი საქმისთვის კი არ გაიღო, არამედ ერთი ჯიბიდან მეორეში ჩაიდოო, და _ მსგავსი დონის პოპულიზმები.

_ ეჭვის საფუძველი ჩნდება, ცხადია. შენიშვნების პირველი ჯგუფი რომ შევაჯამო, უნდა ვთქვა შემდეგი: ჩვენს ხელისუფლებას არ გააჩნია ინსტიტუციური ქვედანაყოფი, რომელიც პასუხისმგებელი იქნება ამგვარი დოკუმენტების შედგენაზე. მოხელე-ფუნქციონერი მაინც მოხელე-ფუნქციონერია თავისი საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე, იგი ვერ იქნება კონცენტრირებული ერთ კონკრეტულ პრობლემაზე, როცა გასარკვევია დეფორმაციის ხარისხი _ რა მოხდა ამ კონკრეტულ ან სხვა მსგავსი შემთხვევების დროს. ურემი რომ გადაბრუნდება, გზა მას შემდეგ გამოჩნდება, მაგრამ რატომ გადაბრუნდა, გაანალიზება სჭირდება.

_ მიგვანიშნებთ, რომ ამგვარ პრობლემებზე უნდა მუშაობდნენ სამეცნიეროკვლევითი ინსტიტუტები, რომლებიც სააკაშვილის ადმინისტრაციამ გააუქმა და გაანადგურა?

_ თუნდაც! მაგრამ მათ აღდგენაზე აღარავის უზრუნია… წარმოიდგინეთ, რა მოხდებოდა, საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს რომ არ ჰქონდეს დაავადებათა კონტროლის ცენტრი ლაბორატორიების ქსელით, რომელიც კონკრეტულ რეკომენდაციებს გვაძლევს: კერძო პაციენტის დაავადებიდან დაწყებული, საერთო-სახელმწიფოებრივი, მასობრივი ღონისძიებებით (კარანტინით, მოსახლეობის მასობრივი სკრინინგით და ა.შ.) დამთავრებული. ასეთი ცენტრებია საჭირო სახელმწიფო ფუნქციონირების ყველა მნიშვნელოვან დარგში.

ჩვენი მინისტრების გამოსვლებს რომ ვუსმენ, არ დაგიმალავთ, ხშირად ვერ ვიგებ, რა ფუნქციებს ახორციელებენ ისინი და მათდამი დაქვემდებარებული უწყებები.

ცალკე პრობლემაა სამინისტროების კოორდინირებული საქმიანობა. ამასაც ჩახედვა სჭირდება.

პრემიერმინისტრმა ამ გეგმას თავმდაბლურად მზრუნველობის პაკეტი უწოდა. კარგად თქვა იმ კაცმა _ ხმამაღალი სიტყვების გარეშე.

ამ მზრუნველობის პაკეტში გამოყოფილი ცალკეული პოზიცია არის სარისკო.

_ რას გულისხმობთ რისკში?

_ შესრულების უეჭველობას. გასაგებია, რომ ყველა საკითხს, რომლებიც მოსახლეობის შეჭირვებულ ნაწილს ეხება, თავს დაადგამს შრომის, ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის სამინისტრო.

მაგრამ თვითდასაქმებულებს რომელი უწყება დაეხმარება? ვინ განკარგავს იმ თანხას, რომელიც ამ კატეგორიის მოქალაქეებისთვის არის გათვალისწინებული? და, საერთოდ, როგორ მოხდება ამ ადამიანების იდენტიფიკაცია?

50 მილიონი ლარი გამოუყვეს ფერმერებს, რაც ძალიან მახარებს, მაგრამ ვფიქრობ, რომ ეს ის ფულია, რომელიც მათ უკვე აღებული ვალდებულებების გამო წარმოექმნათ. ეს არ არის ახალი ბიზნესებისთვის ან ბიზნესის გაფართოების და მათი შესაძლებლობების გაუმჯობესებისთვის გამიზნული თანხა. თორემ ამდენი ხნის განმავლობაში ისინი გადაწყვეტდნენ, მაგალითად, მარნეულის კიტრის და საადრეო კარტოფილის პრობლემებსაც და სათბურებში მოწეული მოსავლის ბაზარზე შემოტანის საკითხსაც.

სამომხმარებლო ბაზარზე ახლა დგინდება საგაზაფხულო ფასები, რომლებიც შემდეგ უნდა ჩაანაცვლოს საზაფხულო ფასებმა. ეს ბუნებრივად ჩამოყალიბებული ციკლია. აი ამ ციკლის მოგვარების კონტურები არ ჩანს შემოთავაზებულ გადაწყვეტილებაში.

_ პრაქტიკულ საკითხებზე ლაპარაკობთ.

_ დიახ. რადგან ესაა მთავარი და არა განყენებული მსჯელობა. მაგალითად, გაუგებარია განცხადება, რომ 40 მილიონი იქნებაო საშემოსავლო გადასახადით დახმარება. გახარიამ თქვა, რომ არ დაერიცხებათ საშემოსავლო გადასახადი. ვერ გავიგე: ეს ხომ დანაშაულია, კაცო!

_ შეგიძლიათ განმიმარტოთ?

_ შევეცდები: თქვენ ხომ იღებთ ხელფასს. ხელფასის 20 პროცენტი არის საშემოსავლო გადასახადი, რომელიც მიდის ბიუჯეტში. თუ არ გადარიცხე ეს 20 პროცენტი საშემოსავლო გადასახადი, გამოვა, რომ შენი წილი 20 პროცენტი მიითვისა დამქირავებელმა. ესე იგი, რა შედეგს ვიღებთ? მე მჭირდება დახმარება და მე, ჩემი 20 პროცენტით ვეხმარები ჩემს დამქირავებელს?! ან დამქირავებელს რად უნდა ასეთი დახმარება?! ურჩევნია, საერთოდ მომიშოროს, არ მომცეს ხელფასი და მეც არაფერს დამარიცხავენ.

_ არც ბიუჯეტში ჩაირიცხება ჩემი წილი საშემოსავლო გადასახადი.

_ არა მგონია, რომ ეს გადაწყვეტილება ნიჭიერად იყოს მოფიქრებული.

ან სიტყვა დაერიცხოს სწორად არ არის ნათქვამი _ დაექვითოს უნდა იყოს. არაფერი არ დამიქვითონ და მთლიანად მომცენ ხელფასი! ეს ჩემთვის უფრო გასაგებიც არის და მისაღებიც.

ახლა მეორე გადასახადის საკითხი გავარჩიოთ: დღგ-ს მყისიერად დავაბრუნებთო, რომ იძახიან.

კაცო, არ გერჩიათ, ჩაგეხედათ საბუთებში? რატომ ართმევთ ამ დღგ-ს, თუ დასაბრუნებელი გაქვთ?! ამას გაცილებით სჯობდა, მოეშალათ საერთოდ ეს დრაკონული სისტემა.

როცა ვლაპარაკობთ კრედიტებზე, ბანკების მდგრადობაზე, ეს ყველაფერი ლარის მდგრადობის მნიშვნელოვნად განმაპირობებელი საკითხია. აქაც ბევრი კითხვის ნიშანი ჩნდება: ვინ იქნება მაკონტროლებელი, რანაირად იქნება გამოყენებული ეს 600 მილიონი, რომლებიც ბანკებს მიეცემა, რატომ ხდება მაინცდამაინც ამ ახალი საკრედიტო პორტფელების გარანტირება და ა.შ.? ასეთ მოთხოვნებს ელოდებიან კრედიტებზე? შესასწავლია ეს საკითხიც. ეგებ, ეს არის კრედიტების დაფარვასთან დაკავშირებული პრობლემები? თუ ასეა, მაშინ ახალი საკითხი წარმოიქმნება: დეპოზიტების დაცვა როგორ მოხერხდება? ბანკს გასესხებული ფულის გარდა ნასესხებიც აქვს. ვინ დააზღვევს ჩემს დეპოზიტს, რომელიც ბანკში მაქვს? კი, ჩემი პენსია დააზღვია და განაცხადა, რომ ინფლაციის კვალობაზე გაზრდიან, მაგრამ დეპოზიტს რა ეშველება?!

_ პენსიებზეც მინდა გთხოვოთ კომენტარი.

_ პენსიები, როგორც გვპირდებოდნენ, 250 ლარი გახდება და ფულის ინფლაციის კვალზე გაიზრდება. ლარის კურსის მიმართ კი არა, ფასების ზრდის მიმართ.

_ დასასრულ, მიგაჩნიათ, რომ ამ შეკითხვებს ყურადღებას მიაქცევენ და გამოასწორებენ?

_ არა მგონია. მე უკვე გითხარით, რომ, რადგან არ არსებობს ჩემ მიერ აღნიშნული ცენტრი, არ აქვთ დაწყებული მსჯელობა, რა დღეში ვიმყოფებით, არ აგვიხსნეს დღევანდელობა, რომელიც კორონავირუსის პანდემიისას შეიქმნა… მოდი, იმედს ნუ დავკარგავთ, რომ მაისში, ახალ ბიუჯეტს რომ მიიღებენ, უფრო საფუძვლიანად მიუდგებიან საკითხებს, რომლებიც ქვეყნის წინაშე დგას.

ესაუბრა

არმაზ სანებლიძე

გააზიარეთ

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here