Home რუბრიკები საზოგადოება რეზო გაბრიაძე: ეკრანი ჩაბნელდა

რეზო გაბრიაძე: ეკრანი ჩაბნელდა

4139
გიორგი დანელია

გარდაიცვალა დიდი რეჟისორი, განუმეორებელი კინემატოგრაფისტი გიორგი დანელია, რომლის შესანიშნავმა ფილმებმა დაიპყრო ყოფილი საბჭოთა კავშირისა თუ უცხოეთის ქვეყნების ეკრანული სივრცე, ადამიანებს ცხოვრება გაუხალისა, გააკეთილშობილა საზოგადოებრიობა. პუბლიკაცია, რომელსაც გთავაზობთ, მეგობრის გამომშვიდობებასავით არის, გახსენებასავით დიდი შემოქმედის, რომლის შედევრებიდან ოთხის სცენარის ავტორი ბატონი რეზო გაბრიაძეა.

_ 50 წელიწადს ვმეგობრობდით და ვმუშაობდით, არ ვიცი, როგორ ვთქვა…

იგი მაშინ გავიცანი, როცა უკვე ძალიან პოპულარული რეჟისორი იყო, ისეთი ფილმების შემქმნელი, როგორებიც არის “დავაბიჯებ მოსკოვის ქუჩებში”, “ოცდაცამეტი”, “სერიოჟა”…

“აფონია”
“აფონია”

_ “აფონია”.

_ არა, “აფონია” ჯერ გადაღებული არ ჰქონდა… უყვარდა მაყურებელს, მსახიობებს უყვარდათ. მისი ფილმების ჩვენება ყოველთვის ანშლაგით მიმდინარეობდა. მაშინ კინოში მოღვაწეობაზე არც მიფიქრია. მხატვარი ვიყავი და ჩემს პროფესიას, მინდოდა, ბოლომდე გავყოლოდი.

ერთი-ორი დღე სჭირდებოდა, რომ გაეთბო ადამიანთან ურთიერთობა და თანამოაზრედ ექცია.

პირველად თბილისში, სასტუმრო “საქართველოს” მეხუთე სართულზე შევხვდით ერთმანეთს.

რას ვიფიქრებდი მაშინ, რომ 50 წელიწადს გაგრძელდებოდა ჩვენი მეგობრობა და თანამშრომლობა.

“არ დაიდარდოზე” მუშაობის დაწყებამდე გია თბილისში ჩამოვიდა და ელდარ შენგელაიას შეხვდა; უნდოდა, ემუშავა ქართველ სცენარისტთან, ელდარმა რეკომენდაცია მე გამიწია.

ამ დროს უკვე წარმოებაში იყო ჩაშვებული ელდარის “არაჩვეულებრივი გამოფენა”, რომლის სცენარის ავტორი მე ვიყავი და, ეტყობა, ამიტომ ურჩია გიას ჩემი მიწვევა.

აქვე ვიტყვი, რომ ორივე ამ ფილმის პრემიერა მოსკოვის კინოს სახლში ერთსა და იმავე კვირაში გაიმართა.

გაცნობიდან ორ კვირაში აღმოვჩნდი მოსკოვში. მაშინ მოსკოვის “სკატერტნი პერეულოკში” იყო საქართველოს წარმომადგენლობის პატარა სასტუმრო, სამ თუ ოთხსართულიანი. იქ, ერთ ოთახში, დავიწყეთ მუშაობა. ორ კვირაში კი გადავედით “ჩისტიე პრუდის” (სუფთა ტბორების) #23-ში, სადაც ცხოვრობდნენ გიორგი დანელიას მშობლები და მისი ოჯახი.

“არ დაიდარდო”
“არ დაიდარდო”

_ “არ დაიდარდოსიდეა ვისი იყო?

_ გიასი. უფრო სწორად, დედამისის ქალბატონ მერის, რომელიც მიხეილ ჭიაურელის ასისტენტად მუშაობდა “მოსფილმში”, ცნობილი ადამიანი იყო მოსკოვის შემოქმედებით ინტელიგენციაში.

ვმუშაობდით დილიდან საღამომდე. ასე გაგრძელდა ორ თვეზე ცოტა მეტი ხნის განმავლობაში. გია პროფესიით არქიტექტორი იყო, რაც ეხმარებოდა ფილმის მთლიანობის, ჰარმონიულობის საკითხის გადაწყვეტაში.

უყვარდა მეგობრები, რომლებიც ბევრი ჰყავდა, აინტერესებდა მათი ამბავი.

“მიმინო”
“მიმინო”

“მიმინოს” სცენარის შექმნაზე ისევ ჩავედი მოსკოვში… შესანიშნავი მსახიობები თამაშობდნენ.

ამ ფილმის ერთი ეპიზოდის დატოვება-არდატოვების გამო ძალიან ვინერვიულე. მაშინ სსრკ-ს ისრაელთან ყოველგვარი ურთიერთობა ჰქონდა გაწყვეტილი. ფილმში კი მიმინო უცხოეთიდან თელავში დარეკავს და შემთხვევით თელ-ავივში საქართველოდან ისრაელში ასულ ქუთაისელ ებრაელს ტელეფონით დაელაპარაკება. ბევრის მიმანიშნებელი იყო ეს მოკლე დიალოგი, რომელიც დუეტში შესრულებული ქართული ხალხური სიმღერით მთავრდება _ “ჟუჟუნა წვიმა მოვიდა”. მე მგონი, ყველას ახსოვს.

სცენარი დასამტკიცებლად “გოსკინოში” წაიღეს.

ორ დღეში გიამ მოსკოვიდან დამირეკა:

_ Твои страхи не оправдались, все в порядке!

გულზე მომეშვა, რადგან დასაკარგად არ მემეტებოდა.

შემდეგ იყო “პასპორტი”, წმინდა მიწაზე ჩასვლა, ბევრი საინტერესო შეხვედრა.

“ქინ-ძა-ძა”
“ქინ-ძა-ძა”

ბოლოს დადგა დრო ჩემი საყვარელი ფილმის _ “ქინ-ძა-ძას” გადაღების. ყველაზე დიდხანს ამ ფილმზე ვიმუშავეთ, თითქმის შვიდ თვეს.

არ მეგონა, რომ ჩვენი ცხოვრება ასე მალე დაემსგავსებოდა “ქინ-ძა-ძაში” აღწერილს.

და უცებ საშინელი ზარი… გიას ნათლიამ შემატყობინა.

ეკრანი ჩაბნელდა.

დამთავრდა დიდი შემოქმედის სიცოცხლე.

ის იყო უაღრესად კეთილი, სათნო ადამიანი. მან განვლო მეტად რთული, ძნელი, დრამატული ცხოვრება. არასოდეს გაგრძნობინებდა თავის მძიმე განცდებს.

მომღიმარე, ტკბილსალმიანი, უნიჭიერესი ადამიანი იყო. მან ხალხს დაუტოვა პოეზია, სიხარული, სილამაზე.

ვუთხრათ მას მადლობა.

* * *

ბოლოთქმის ნაცვლად:

გიორგი დანელიასადმი მიძღვნილ სატელევიზიო სიუჟეტებში თუ გადაცემებში რუსეთის ყველა პოპულარულმა არხმა იგი დიდ რეჟისორად მოიხსენია _ Великий режиссер!

მისი ახლობელი ადამიანები, კოლეგები ამბობენ, რომ მან, რა თქმა უნდა, იცოდა თავის ფასი, მაგრამ აფიშირება არასოდეს უცდია. დახვეწილი კაცი იყო და არაფერი ეშლებოდა.

უსიყვარულოდ არც ერთი ფილმი არ გადაუღია. საქართველოს სიყვარული გენეტიკურად ჰქონდა სისხლ-ხორცში გამჯდარი. თბილისში იყო დაბადებული, დედამისი და ქალბატონი ვერიკო ანჯაფარიძე დები იყვნენ.

ყოველთვის უხაროდა, კარგ ამბავს რომ შეიტყობდა ჩვენი ქვეყნიდან. ისეთ წვრილმანსაც კი, როგორიც, მაგალითად, თბილისის “დინამოს” მორიგი გამარჯვება იყო (მაშინ “დინამო” ექსტრაკლასის გუნდი გახლდათ) _ ეგ ხომ მეც კარგად ვიციო!

ყოველთვის საქმის კურსში იყო.

უყვარდა შრომა, რომელიც გარკვეული დროის შემდეგ ცხოვრებად იქცევა ხოლმე, არა ცხოვრების წესად, არამედ _ ცხოვრებად.

ის ცხოვრება დამთავრდა.

. .

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here