მთავარი პოლიტიკა რევაზ კილასონია: ის კითხვარი ხუთიანზეც რომ შევავსოთ, მაინც არ იქნება საკმარისი იმისთვის,...

რევაზ კილასონია: ის კითხვარი ხუთიანზეც რომ შევავსოთ, მაინც არ იქნება საკმარისი იმისთვის, რომ საქართველო გახდეს ევროკავშირის სრულფასოვანი წევრი

“დასავლეთმა უნდა გაიგოს, რომ ყველას ერთ ქვაბში ვერ მოხარშავს. ის, რაც ნიდერლანდელისთვის მისაღებია, ქართველისთვის მიუღებელია და პირიქით”

288
გააზიარეთ
საქართველოს ევრიკავშირის კანდიდატის სტატუსის თვითშეფასების კითხვარი გადასცეს

“2022 წლის 11 აპრილს ლუქსემბურგში საქართველოს გადასცეს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის თვითშეფასების კითხვარი, რომლის საფუძველზეც ევროკომისია მოამზადებს საკუთარი შეფასების ანგარიშს ქვეყნისათვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე. კითხვარი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ ილია დარჩიაშვილს ევროკომისარმა სამეზობლო და გაფართოებისა საკითხებში _ ოლივერ ვარჰეიმ გადასცა.

ევროკავშირის წევრობაზე განაცხადის გაკეთებით და დღეს უკვე გაწევრების კითხვარის გადმოცემით საქართველო გადადის თვისობრივად ახალ, გაცილებით ამბიციურ და ქვეყნისათვის მნიშვნელოვან ეტაპზე ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესში. ეს არის ლოგიკური და ევროკავშირის პროცედურით გათვალისწინებული ნაბიჯი, რომელიც მოიაზრებს ქვეყნის მზაობის შეფასებას სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის პოლიტიკური, ეკონომიკური და კანონმდებლობის თავსებადობის მიმართულებით,” _ წერია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

საკითხს, უნდა გასაჯაროებულიყო თუ არა ევროკავშირის ე.წ. კითხვარი, დიდი დავა-კამათი მოჰყვა. საბოლოოდ, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, კითხვარი გასაჯაროვდა…

რა წერია კითხვარში, რა შეკითხვებზე უნდა გავცეთ პასუხი ევროკავშირის წევრ ქვეყნებს? რა ვალდებულებები დაგვეკისრება და, საერთოდ, რა შედეგს მოუტანს ჩვენს ქვეყანას ევროკავშირის შეკითხვებზე “სწორი” პასუხების გაცემა? _ ამ და სხვა, მნიშვნელოვან თემებზე პოლიტოლოგი რევაზ კილასონია გვესაუბრება.

რევაზ კილასონია

_ ევროკავშირმა საქართველოს კითხვარი გადასცა და ის შესავსებიარას აძლევს ამ კითხვარის შევსება საქართველოს? რას მოგვიტანს _ უახლოეს მომავალში ევროკავშირის წევრები გავხდებით?

_ რაც შეეხება ამ კლოუნადას, რომელსაც ევროკავშირთან თანამშრომლობა ჰქვია, უკვე ისეთი დროს აცდენილი და მოსახლების თვალში გაცვეთილი თემაა, რომ ცოტა რთულია კომენტარის გაკეთება მორიგ ევროკავშირულ ფიქციაზე.

თუმცა, დიდი ალბათობით, ამ ქმედებით დასავლეთი დროის მოგებას ცდილობს, რადგან, როგორც ვიცით, გეოპოლიტიკური ვითარება, გლობალური მასშტაბით, ძალიან გააქტიურებულია. ასეთ დროს პატარა ქვეყნებიც კი, ისეთი, როგორიც საქართველოა, შეიძლება ყურადღებისა და კონტროლის მიღმა დარჩნენ და ამით ისარგებლონ, სხვა გავლენიანმა ძალებმა და დაიწყოს ახალი პოლიტიკური რეალობის ჩამოყალიბება.

შესაბამისად, დასავლეთს, ასე ვთქვათ, აქვს შიში, რომ შეიძლება საქართველო გავიდეს მისი მფარველობიდან, მისი კონტროლიდან, ამიტომ მსგავსი სახის პოლიტიკური რევერანსებით ცდილობს, გავლენის შენარჩუნებას, თითქოსდა, ევროკავშირში გაწევრების იმედი ჯერ კიდევ უნდა გვქონდეს და, ამაზე საუბარი რომ დაიწყოს, აუცილებელია მათ მიერევე შედგენილი კითხვარის შევსება.

იმ გამოცდილებიდან გამომდინარე, რომელიც დასავლეთის მიმართ ჩამოგვიყალიბდა ბოლო წლების განმავლობაში, შეიძლება ითქვას: ის კითხვარი ხუთიანზეც რომ შევავსოთ, მაინც არ იქნება საკმარისი იმისთვის, რომ საქართველო გახდეს ევროკავშირის სრულფასოვანი წევრი, რადგან სინამდვილეში ამ ორგანიზაციაში გასაწევრებლად არ არის აუცილებელი გარკვეული სახის სტანდარტების დაკმაყოფილება, ეს მთლიანად პოლიტიკურ ნებაზეა დამოკიდებული.

1990-იანი წლების ბოლოს, როცა აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები გაწევრდნენ ამ ორგანიზაციაში, არა მგონია, მათ დაეკმაყოფილებინოთ ის კრიტერიუმები, რომლებსაც ევროკავშირი ითხოვს, განსაკუთრებით ეკონომიკის, ე.წ. დემოკრატიულ პროცესებსა და სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობის მიმართ. უბრალოდ, მაშინ მათ ჰქონდათ პოლიტიკური ნება, რომ ეს ქვეყნები მიეღოთ თავიანთ რიგებში, ჩვენ მიმართ ეს ნება არ ჩანს. ეს პოლიტიკური თამაშის ნაწილია, ყოველგვარი რეალური საფუძვლების გარეშე.

_ რამდენიმე თვის წინათ რუსეთმა მეგობრული ქვეყნების სიაში შეგვიყვანა. შეიძლება, რუსეთის მეგობრებიც ვიყოთ და ევროკავშირისაც?

_ როგორც მახსოვს, რუსეთმა მეგობრული ქვეყნების სიაში კი არ შეგვიყვანა, არამედ მისდამი არამეგობრულად განწყობილი ქვეყნების სიიდან ამოგვიღო. ეს მოხდა მას შემდეგ, რაც საქართველოს ხელისუფლების მხრიდან საკმაოდ პრაგმატული განცხადებები გაკეთდა უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე; როცა საქართველომ უარი თქვა, შეერთებოდა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას. უნდა ვივარაუდოთ, რომ სწორედ ამ პოზიციის გამო რუსეთის მხრიდან არამეგობრული ქვეყნების სიიდან საქართველოს ამოღება იყო, ასე ვთქვათ, “კეთილი ჟესტი”, რომ “ჩვენ ყველაფერს ვხედავთ, ყველაფერს ვამჩნევთ”.

ორი ქვეყნის ურთიერთობაში იმ დაძაბულობის ფონზე, რომელიც რუსეთსა და საქართველოს შორის არსებობს, ეს უდავოდ პოზიტიური მოვლენაა. რაც შეეხება საკითხს, შეგვიძლია თუ არა ჩვენ ერთდროულად როგორც დასვლეთთან, ისე რუსეთთან მეგობრობა, მე ვიტყოდი, რომ კი. თუ, როგორც ქვეყანა, რეალური დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტისკენ მიილტვი, ყველაფერი უნდა გააკეთო, რომ დიდი გეოპოლიტიკური მიზიდულობის ცენტრებს შორის, სულ ცოტა, დაპირისპირების პოლიგონი არ გახდე. გარკვეული ინტერესების ლობირებით უნდა დააბალანსო ყველა მხარის ინტერესი. ეს არის პოლიტიკა და ამისთვის გვყავს ჩვენ დიპლომატიური კორპუსი. თუმცა, სამწუხაროა, რომ ბოლო წლების ჩვენი საგარეო პოლიტიკა, ფაქტობრივად, კაპიტულანტურია. საქართველო ატარებს მხოლოდ და მხოლოდ დასავლეთის გეოსტრატეგიულ ინტერესებს ჩვენი სტრატეგიული ინტერესების ხარჯზე და ამას ჯერჯერობით ბოლო არ უჩანს.

_ რა წერია ევროკავშირიდან გამოგზავნილ კითხვარში, რაზე გვთხოვენ პასუხის გაცემას? არის თუ არა მისაღები ჩვენთვის, ქართველებისთვის, ის, რასაც ევროკავშირი ჩვენგან ითხოვს. ამ შეკითხვას გისვამთ იმიტომ, რომ წავიკითხე თქვენი მოსაზრება სოციალურ ქსელში

_ როგორც ცნობილია, გამოქვეყნდა კითხვარის მხოლოდ ნაწილი. თუმცა იმ ნაწილიდან, რომელიც გამოქვეყნდა, ერთ-ერთი ეხება ე.წ. უმცირესობების უფლებებს და მათ შორის, “რა მდგომარეობაა ქვეყანაში ერთნაირსქესიანთა ქორწინების მიმართ”.

მინდა, მკაფიოდ და ერთმნიშვნელოვნად განვაცხადო: თუ ერთი და იმავე სქესის პირთა შორის ქორწინება იქნება ერთერთი მოთხოვნა იმისთვის, რომ ჩვენ გავხდეთ ევროკავშირის წევრი, ამ .. კითხვარებსა და სხვა .. მოთხოვნებს არანაირი შემდგომი გაგრძელება არ ექნება, რადგან, ჩემი ღრმა რწმენით, მას მოჰყვება სასტიკი წინააღმდეგობა საქართველოს მოსახლეობის მხრიდან. დასავლეთმა უნდა გაიგოს, რომ ყველასერთ ქვაბში ვერ მოხარშავს”. ის, რაც ნიდერლანდელისთვის მისაღებია, ქართველისთვის მიუღებელია და პირიქით. თუ ისინი მართლა იცავენ დემოკრატიულ ღირებულებებს, მაშინ ამ პროცესში გათვალისწინებული უნდა იქნეს კონკრეტული ქვეყნის ისტორია, ამ შემთხვევაში, საქართველოს ისტორია, კულტურა და საზოგადოებრივი განვითარების სხვადასხვა შრე. თუ მათ არ ექნებათ საკითხისადმი ასეთი მიდგომა, ეს მოსახლეობის მხრიდან აღიქმება ფსიქოლოგიურ ზეწოლად, რაც აუცილებლად გამოიწვევს შესაბამის რეაქციებს.

ესაუბრა

ეკა ნასყიდაშვილი

გააზიარეთ

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here