მთავარი საზოგადოება რევაზ არველაძის თამასაუქები, ნაჩუქარი მიწები და გრიგოლ მიქელაძის შპს-ები

რევაზ არველაძის თამასაუქები, ნაჩუქარი მიწები და გრიგოლ მიქელაძის შპს-ები

1509
გააზიარეთ
რევაზ არველაძე, გრიგოლ მიქელაძე

საქართველოში, ოფიციალური მონაცემებით, 900 ათასამდე მოქალაქე სოციალურ შემწეობასა და პენსიაზეა დამოკიდებული, რომელიც სრულფასოვანი კვებისთვისაც არ არის საკმარისი. მაშინ, როდესაც საქართველოს მოსახლეობის ლამის მილიონამდე მოქალაქე შიმშილის ზღვარზეა, პარლამენტსა თუ მთავრობაში მილიონერების სიმცირეს არ ვუჩივით. საქართველოს პარლამენტში 41 მილიონერი დეპუტატია (დამთხვევა სიმბოლურია _ 41 ხომქართული ოცნებისსაარჩევნო ნომერია?!).… მილიონერ დეპუტატთა შორის არიანქართული ოცნებისწევრები: რევაზ არველაძე და გრიგოლ მიქელაძე, რომელთა ქონებაც შესაბამისად, 3 560 916 და 3 175 940 ლარს შეადგენს.

პარლამენტარი რევაზ არველაძე 1941 წლის 28 ოქტომბერს თბილისში დაიბადა. ჰყავს მეუღლე _ მარინა ხომერიკი, შვილი _ გიორგი არველაძე და რძალი რუსუდან ტყეშელაშვილი; შვილიშვილები _ ქეთევან და გიორგი არველაძეები. პარლამენტარს დეკლარაცია 2017 წლის 17 იანვარს შეუვსია.

რევაზ არველაძესა და მის ვაჟს ი. აბაშიძის ქუჩაზე 90 კვ.მ. არასაცხოვრებელი ფართობი 5000 აშშ დოლარად შეუძენიათ. მამა-შვილი ი. აბაშიძის ქუჩაზე მდებარე 145.92 კვ.მ ბინის 50-50%-საც ფლობს, რომელიც 270 000 აშშ დოლარად შეუძენიათ.

რევაზ არველაძეს 1200 კვ.მ მიწის ნაკვეთი მემკვიდრეობით მიუღია ახმეტაში. მემკვიდრეობით ერგო, აგრეთვე, 240 კვ.მ საცხოვრებელი სახლი ახმეტაში. დეპუტატს თბილისის ზღვის ახლოს 1500 კვ.მ და 900 კვ.მ მიწის ნაკვეთებიც მიუღია. დეპუტატის რძალს საჩუქარად აქვს მიღებული 73.20 კვ.მ და 125.50 კვ.მ ფართობის ბინები კრონშტანდტის ქუჩაზე, მაგრამ დეკლარაციაში არაფერია ნათქვამი, ვისგან მიიღო ეს ძვირად ღირებული საჩუქარი.

დეპუტატის ვაჟის საკუთრებაა თელავში, სოფელ კონდოლში, 60 000 ლარად ნაყიდი 102 669 კვ.მ მიწის ნაკვეთი; ხოლო თელავში, სოფელ კისისხევში _ 54 000 ლარად ნაყიდი 61 503 კვ.მ მიწის ნაკვეთი. გიორგი არველაძის საკუთრებაა 40,92 კვ.მ სარდაფი და 16,13 კვ.მ ავტოფარეხი ი. აბაშიძის ქუჩაზე, ისინი დეპუტატის შვილს საჩუქრად აქვს მიღებული, მაგრამ ამ შემთხვევაშიც დეკლარაციაში განმარტებული არ არის, ვისგან მიიღო მან ის. საჩუქრების სია აქ არ მთავრდება, პარლამენტარის ვაჟისთვის ი.აბაშიძის ქუჩაზე 216,95 კვ.მ ბინაც უჩუქებიათ, თუმცა დეკლარაციის შევსებისას “ოცნების” დეპუტატს არც ამის განმარტება ჩაუთვლია საჭიროდ. გიორგი არველაძეს წყნეთის გზატკეცილზე 178,60 კვ.მ მიწის ფართობი 187 000 აშშ დოლარად შეუძენია, 30 000 აშშ დოლარად კი _ 1500 კვ.მ მიწის ნაკვეთი დაბა კოჯორში.

ასეთია არველაძეების უძრავი ქონების ნუსხა. რაც შეეხება ავტომობილებს: რევაზ არველაძის საკუთრებაა თოყოტა Land Cruizer Prado 2014, რომელიც 54 000 აშშ დოლარად შეუძენია. დეპუტატის საკუთრებაა, აგრეთვე, Mercedes ML 320 2002 (15 000 აშშ დოლარად).

რუსუდან ტყეშელაშვილის საკუთრებაა ავტომანქანა 2013 ACURA MDX, რომელიც 27000 აშშ დოლარად შეუძენია.

რევაზ არველაძე “რიკოში” თამასუქის მფლობელიცაა, რაც მას 190 000 აშშ დოლარად შეუძენია და ფასიანი ქაღალდის ნომინალი 190000 აშშ დოლარია ფასიანი ქაღალდების რაოდენობა კი 1-ია. კიდევ ერთი თამასუქი, ასევე “რიკოში”, პარლამენტარს 127000 აშშ დოლარად შეუძენია. აქვს სს “ლიბერთი ბანკის” ობლიგაციებიც _ 80000 აშშ დოლარად აქვს შეძენილი და ფასიანი ქაღალდის ნომინალიც 80000 აშშ დოლარია. გიორგი არველაძე საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის აქციონერია. ფასიანი ქაღალდების რაოდენობა 10000-ია და მასში პარლამენტარის ვაჟს 28 500 გირვანქა სტერლინგი აქვს გადახდილი.

დეკლარაციის შვსებისას რევაზ არველაძეს “ლიბერთი ბანკში” მიმდინარე ანგარიშზე 21717,81 ლარი, 47292,71 აშშ დოლარი და 3040,43 ევრო ჰქონდა. ასევე “ლიბერთი ბანკში” ანაბარზე 42,77 ლარი და “თი-ბი-სი ბანკში” სახელფასო ანგარიშზე 6,81 ლარი ერიცხებოდა. მარინა ხომერიკს “ლიბერთი ბანკში” ანაბარზე _ 3000 ლარი, ხოლო საპენსიო ანგარიშზე 100 ლარი ერიცხება. რუსუდან ტყეშელაშვილს “თი-ბი-სი ბანკში” მიმდინარე ანგარიშზე 20 ლარი ერიცხება, ხოლო პარლამენტარის შვილს “საქართველოს ბანკში” სახელფასო ანგარიშზე _ 16023 ლარი, “ლიბერთი ბანკში” მიმდინარე ანგარიშზე _ 224365 აშშ დოლარი, 7,26 ევრო და 28,26 გირვანქა სტერლინგი.

გიორგი არველაძე სს საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის აქციონერია, რომელიც დიდი ბრიტანეთის შესაბამისი ორგანოს მიერაა დარეგისტრირებული. საწარმოს კაპიტალის ოდენობა 514 964 000 ლარია.

რევაზ არველაძის წლიური შემოსავალი საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში 3032,53 ლარია, საქართველოს პარლამენტიდან კი მისი წლიური შემოსავალი 7090,90 ლარს შეადგენს.

გიორგი არველაძეს 2016 წელს 72450 ლარად და 73000 ლარად მიწის ნაკვეთები შეუძენია და ეს თანხა ნაჩვენებია მის წლიურ გასავალში. მას სასოფლო-სამეურნეო მიწა 38000 აშშ დოლარად გაუყიდია. გიორგი არველაძეს მოსავლის დაზღვევით წლიური შემოსავალი 12920 ლარი ჰქონია. პარლამენტარის შვილს შარშან 187 000 აშშ დოლარად შეუძენია ბინა, 60 000 და 54000 ლარად _ სასოფლო სამეურნეო მიწები. გიორგი არველაძეს იპოთეკური სესხი, 200000 აშშ დოლარი, წლიურ შემოსავლად აქვს ნაჩვენები. რევაზ არველაძის მოსავლიდან მიღებული შემოსავალია 10489,50 ლარი. გიორგი არველაძეს სარემონტო სამუშაოებში 70000 ლარი და სწავლის საფასური 4200 აშშ დოლარი გადაუხდია.

შარშან “ოცნების დეპუტატის” საპროცენტო შემოსავალი 31267 ლარი და 51376 აშშ დოლარი ყოფილა, მისი ვაჟის საპროცენტო შემოსავალი კი _ 25 600,43 ლარი და 15 738,48 აშშ დოლარი.

პარლამენტარს განათლება საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში მიუღია, სპეციალობით, როგორც პალამენტის ვებგვერდზე აღნიშნული _ ელექტრული ქსელები და სისტემები.

კიდევ ერთი მილიონერი დეპუტატი გრიგოლ მიქელაძე 1954 წლის 30 მაისს სამტრედიაში დაიბადა. ჰყავს მეუღლე _ ნინო მჟავანაძე. დეკლარაცია პარლამენტარს 2017 წლის 13 იანვარს აქვს შევსებული.

მილიონერი დეპუტატის უძრავი ქონების ჩამონათვალი ასეთია:

ნინო მჟავანაძის საკუთრებაა 99 კვ.მ ფართობის აგარაკი და 1100 კვ.მ მიწის ნაკვეთი ოზურგეთში, სოფელ მთისპირში. ეს ქონება მას საჩუქრად მიუღია. ბახმაროში 100 კვ.მ მიწის ნაკვეთი უყიდია, თუმცა დეკლარაციაში წერს რომ შენაძენში ფული არ გადაუხდია. გ

რიგოლ მიქელაძეს სოფელ ნაბაკევში 751 კვ.მ მიწის ნაკვეთი 750 ლარად შეუძენია. თბილისში, ფალიაშვილის ქუჩაზე 759,20 კვ.მ საცხოვრებელი სახლი 352 000 ლარად უყიდია. ამავე მისამართზე 789 კვ.მ მიწის ნაკვეთშიც 352000 ლარი გადაუხდია. დეპუტატი აღნიშნული ქონების 79%-ის მესაკუთრეა, დანარჩენი კი შპს “კავკასიის განვითარების ბიზნეს ჯგუფის” საკუთრებაა.

სამტრედიაში, სოფელ ნაბაკევში, მიქელაძის საკუთრებაა: 3216 კვ.მ მიწის ნაკვეთი, რომელშიც 1500 ლარად შეუძენია; 26 კვ.მ არასაცხოვრებელი ფართობი და 290 კვ.მ საცხოვრებელი სახლი, კიდევ ერთი 220 კვ.მ სახლი და 12500 კვ.მ მიწის ნაკვეთი, რომლებიც მემკვიდრეობით მიუღია; 1760 კვ.მ, 1994კვ.მ და 5100 კვ.მ მიწის ნაკვეთები, რომლებშიც მას 1500 ლარი, 10000 ლარი და 1500 ლარი გადაუხდია. გრიგოლ მიქელაძეს სამტრედიაში, სოფელ კულაშჰში, 20800 კვ.მ მიწის ნაკვეთში და 8623,40 კვ.მ არასაცხოვრებელ ფართობებში მიქელაძეს 320000-320000 ლარი აქვს გადახდილი. ასევე კულაშში პარლამენტარს აქვს 3296,90 კვ.მ ფართობი.

გრიგოლ მიქელაძის საკუთრებაა 455,95 კვ.მ საცხოვრებელი სახლი და 268 კვ.მ მიწის ნაკვეთი თბილისში, ფალიაშვილის ქუჩაზე; ურეკში _ 33600 ლარად შეძენილი 4800 კვ.მ მიწის ნაკვეთი; 486 კვ.მ ფართობის აგარაკი და 2991 კვ.მ მიწის ნაკვეთი, თითოეული 3000-3000 ლარად შეძენილი.

გრიგოლ მიქელაძეს თბილისში, კახეთის გზატკეცილზე 630 კვ.მ არასაცხოვრებელი ფართობი და 1861 კვ.მ მიწის ნაკვეთი 5000-5000 ლარად შეუძენია. დაბა წყნეთში კი 12,43 კვ.მ დამხმარე ფართი, 1035,87 კვ.მ და 762 კვ.მ მიწის ნაკვეთი უყიდია, თითოეული 5000 ლარად. 2630 კვ.მ მიწის ნაკვეთი ურეკში მას 2000 ლარად აქვს შეძენილი. დეპუტატის საკუთრებაა 317 კვ.მ მიწის ნაკვეთი თბილისში, მეცნიერებათა აკადემიის უკან მდებარე ეზო, რომელიც მას 20000 ლარად აქვს ნაყიდი. ასევე პარლამენტარის საკუთრებაა 193,04 კვ.მ ბინა რადიანის ქუჩაზე, მასში 63800 ლარი აქვს გადახდილი.

გრიგოლ მიქელაძის საკუთრებაა ავტომანქანა “ლენდ კრუიზერ 200”, რომელიც 65000 აშშ დოლარად შეუძენია, ხოლო ავტომობილი “მერსედეს ბენც 450 სლ” მას 105000 აშშ დოლარად უყიდია.

გრიგოლ მიქელაძე შპს “ისნის სავაჭრო ცენტრის” 51%-ის მფლობელია, მისი პარტნიორი ელჩინ მამედოვია. დეპუტატი შპს “ჯი არ ჯის” 45%-ის მფლობელიცაა.. მისი პარტნიორები არიან თამაზ კობახიძე და მაია ცინცაძე. გრიგოლ მიქელაძე შპს “საქრკინიგზაექსპედიცია”-ს 40%-ის მფლობელიცაა, პარტნიორები _ მიხეილ ასათიანი და ვასილ ჩიგოგიძე. ნინო მჟავანაძე შპს “კავკასიის განვითარების ბიზნეს ჯგუფის” 17%-ის მფლობელია, 83%-ის მფლობელი კი მისი მეუღლეა. საწარმოს კაპიტალის ოდენობა 170 000 ლარია. მისი წლიური შემოსავალი 50 000 და 150000 აშშ დოლარია.

გრიგოლ მიქელაძე შპს “საქართველოს კასპიის ნავთობისა და გაზის კომპანის” 31%-ის მფლობელია. საწარმოს კაპიტალის ოდენობა 2000 ლარია. მისი პარტნიორები არიან თამაზ კობახიძე, ჯუმბერ ყურმაშვილი, შპს “ისანი ჯგუფი” და მიხეილ ასათიანი. ოცნების დეპუტატი შპს “ნოვოროსიისკი მეტალის” 100%-ს ფლობს. საწარმოს კაპიტალის ოდენობა 100 ლარია. გრიგოლ მიქელაძე შპს “ტრანსსერვისშიც” ფლობს აქციების 70%-ს. საწარმოს კაპიტალის ოდენობა 1000 აშშ დოლარია. მისი პარტნიორია მედეა ხონელიძე. წლიური შემოსავალი კი 350 000 აშშ დოლარია. დეპუტატი შპს “მ.ნ.ლ.”-ს 50%-ის მფლობელიცაა. საწარმოს კაპიტალის ოდენობა 2000 ლარია, პარტნიორი კი თამაზ კობახიძეა.

პარლამენტში გრიგოლ მიქელაძის წლიური შემოსავალი 5550,04 ლარია.

დეპუტატს ფალიაშვილის ქუჩაზე მდებარე ფართობი იჯარით აქვს გაცემული და მისი წლიური შემოსავალი 5204 აშშ დოლარია. მას ქეთევან წამებულის გამზირზე მდებარე უძრავი ქონებაც იჯარით აქვს გაცემული და მისი წლიური შემოსავალი 5000 აშშ დოლარია. კულაშში მდებარე უძრავი ქონების იჯარიდან დეპუტატის წლიური შემოსავალი 7300 აშშ დოლარია. გრიგოლ მიქელაძეს ფალიაშვილის ქუჩაზე სხვა ქონებაც აქვს იჯარით გაცემული და მისი წლიური შემოსავალი 14499 აშშ დოლარია. შარშან გრიგოლ მიქელაძეს “საქართველოს ბანკში” 2 150 045 აშშ დოლარი სესხი აუღია. მას 1263891; 988170 და 43371 აშშ დოლარი გაუსესხებია და ეს გასავალში აქვს ნაჩვენები. მისი გასავალი დახმარებაში 300000 ლარია.

გრიგოლ მიქელაძეს საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი აქვს დამთავრებულით, სპეციალობით სამშენებლო მასალების ნაკეთობათა და კონსტრუქციების საწარმოთა მექანიკური მოწყობილობა. დეპუტატს ბაქოს უმაღლეს პარტიულ სკოლაშიც უსწავლია.

გიორგი გელაშვილი

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here