Home რუბრიკები პოლიტიკა რა ხდება აფხაზეთში და რას ვაკეთებთ ჩვენ

რა ხდება აფხაზეთში და რას ვაკეთებთ ჩვენ

3112
გულბაათ რცხილაძე

აფხაზეთი აბობოქრდა. სოხუმში ოპოზიციამბასტილიააიღო _ ადგილობრივი პარლამენტის შენობას შეუმტვრიეს საკეტურები. შეიჭრნენ და თავიანთი მოთხოვნები წაუყენეს ადგილობრივ ხელისუფლებას. წინა არჩევნების შედეგები გაუქმდა. უსახელო ორაკულები, დღეს ექსპერტებად რომ არიან წოდებულნი, სხვადასხვა ხმაზე ალაპარაკდნენ. ერთნი აფხაზეთში არეულობას, როგორც რუსეთის ოკუპაციის შედეგს, ისე განიხილავენ; მეორენი ადგილობრივი კლანების დაპირისპირებად მიიჩნევენ; სხვანი კრიმინალურ საფუძველს ეძებენ; პროვოკაცია არისო, _ გვარწმუნებს მავანი; ციკლური გართულების მორიგი გამჟღავნებააო, ამასაც გვეუბნებიანდა აირია, მონასტერი თუ არა, საზოგადოებრივი აზრი ნამდვილად. დომხალივით.

_ ბატონო გულბაათ, _ მივმართავ პოლიტოლოგ გულბაათ რცხილაძეს, _ ეგებ, გაგვარკვიოთ, რა ხდება აფხაზეთში?

_ როგორც დამკვირვებელმა, შემიძლია ვთქვა, რომ აფხაზეთში ისეთი არაფერი ხდება, რაც აქამდე არ მომხდარა. აქ პერიოდულად _ არჩევნების წინ, არჩევნების დროს, არჩევნების შემდეგ _ წარმოიქმნება დაძაბულობა. შეგახსენებთ, რომ 2004 წელს იყო ასეთი დიდი დაპირისპირება. იმხანად სერგეი ბაგაფშმა გაიმარჯვა კონკურენტთან, დღევანდელ პრეზიდენტ რაულ ხაჯიმბასთან ბრძოლაში. საქმე შეიარაღებულ დაპირისპირებამდეც კი მივიდა, რომელმაც ერთი ხანდაზმული ქალბატონის სიცოცხლე შეიწირა. მაშინ ბაგაფშსა და ხაჯიმბას შორის გამწვავებული ურთიერთობის მოსაგვარებლად საჭირო შეიქნა აფხაზეთში დაბადებული და გაზრდილი პროკურორის _ კოლესნიკოვის რუსეთიდან მივლინება.

2008 წლის არჩევნების შემდეგ, როცა დე ფაქტო პრეზიდენტად კვლავ არჩეული ბაგაფში მოულოდნელად გარდაიცვალა (2011 წელს), ერთმანეთს დაუპირისპირდნენ იგივე ხაჯიმბა და ანქვაბი

აქვე ვიტყვი, რომ კლანი აფხაზეთში შეურაცხმყოფელი სიტყვა არ არის, კლანური სისტემაა: ძლიერი გვარების გარშემო გაერთიანებული სხვადასხვა ჯგუფი ასეთი ფორმით განახორციელებს თავია იდეებსა და მისწრაფებებს.

2014 წელს გაიმარჯვა ხაჯიმბას კლანმა. ხაჯიმბას ძლიერი კონკურენტი არ ჰყავდა და გამარჯვება არ გაძნელებია.

როგორც ჩანს, ეს ციკლი დღეს აფხაზეთის უახლეს ისტორიაში ისევ დატრიალდა და კიდევ ერთხელ დადგა ეტაპი, როცა საზოგადოებაში დაგროვებულმა უარყოფითმა ენერგიამ კიდევ ერთხელ იფეთქა და გამოვლინდა იმ მოვლენების სახით, რომელთა მოწმენიც გავხდით.

ისიც გასათვალისწინებელია, რომ აქ ბევრი რამ დაკავშირებულია კულუარულ მოვლენებთან _ რა ხდება რუსეთში, რუსეთის მხრიდან ვინ რომელ კანდიდატს უჭერს მხარს. თუმცა მთლიანობაში აფხაზური საზოგადოებრიობა თვითონ წყვეტს, ვინ უნდა იყოს იქ უმაღლეს თანამდებობებზე.

ოპოზიციურად განწყობილმა საზოგადოებამ მოითხოვა მიცემული ხმების გადათვლა, არჩევნების შედეგების გაუქმება და მიაღწია კიდეც: დე ფაქტო უმაღლესმა სასამართლომ გააუქმა შარშან ჩატარებული არჩევნების შედეგები. ყველაზე რეალური კანდიდატი გახდა ბჟანია, რომელიც მოიწამლა თუ მოწამლეს (გაჩნდა ასეთი ეჭვიც), ამან კიდევ უფრო დაძაბა სიტუაცია.

რა ხდება აფხაზეთში და რას ვაკეთებთ ჩვენ

_ უკმაყოფილების გამოხატვის ციკლურობა საბჭოთა პერიოდში 10 წელიწადში ერთხელ ვლინდებოდა. პერიოდულობის დროის ასეთი განახევრება აფხაზური საზოგადოებრიობის თანდაყოლილი თვისების გართულების ბრალია? ვიცი, რომ სარისკო შეკითხვას ვსვამ, მაგრამ მიჩუმათებამ პრობლემა ვერ მოაგვარა. გაყოფთ შეკითხვის ამ ყულფში თავს?

_ მიჭირს ამ პრობლემაზე ერთმნიშვნელოვანი პასუხის გაცემა. სერიოზული ანალიზი და შესწავლა სჭირდება. სახელდახელო დაკვირვებიდან შეიძლება მხოლოდ იმის თქმა, რომ ერთ-ერთი მიზეზია აფხაზეთის ეკონომიკის სტაგნაცია. არ იქმნება იმდენი სამუშაო ადგილი, რამდენიც აუცილებელია; არ შემოდის საჭირო რაოდენობის ინვესტიცია. შესაბამისად, ეს ციკლური გამოვლინებები დროის პერიოდში შემოკლდა; გახშირდა არეულობები და ძალადობრივი გზით ხელისუფლების შეცვლის მცდელობა.

ამას დავუმატებ ასეთ ფაქტორსაც: რაულ ხაჯიმბა სარგებლობდა რუსეთის ხელისუფლებაში გარკვეული ფრთის, კერძოდ, ვლადისლავ სურკოვის მხარდაჭერით, რომელსაც აბარია რუსეთის უშუალო სამეზობლოში, მათ შორის, ისეთ სეპარატისტულ რეგიონებში, როგორებიცაა აფხაზეთი და სამაჩაბლო, ვითარების დალაგება. ხაჯიმბას სწორედ სურკოვი უჭერდა მხარს. თავის მხრივ, როგორც ჩემთვის არის ცნობილი, ვლადისლავ სურკოვს, რომელიც ძალზე გავლენიანი პირია რუსეთის პრეზიდენტის კარზე, ანტიპათიურად უყურებენ სამხედროები. ისინი უარყოფითად აფასებენ პოლიტიკას, რომელსაც იგი აფხაზეთსა და ცხინვალში განახორციელებს. აქ გადაჯაჭვულია ძალიან სერიოზული პერსონალიების ინტერესები, რომლებიც სცდება აფხაზეთის ფარგლებს. ეს მოცემულობა რეალურად არსებობს, მაგრამ მე ვერ დავეთანხმები იმას, რისი კულტივირებაც ქართულ ელექტრონულ თუ ბეჭდურ პრესაში ხდება _ რომ ის პრობლემა, რომელიც აფხაზეთს აწუხებს, რუსეთის ოკუპაციის შედეგად არის წარმოქმნილი. ასეთი შეფასება არა მხოლოდ მეცნიერული თვალსაზრისით არის მცდარი, არამედ საქართველოსთვის პოლიტიკურად წამგებიანია.

შევეცდები, აგიხსნათ ჩემი პოზიცია.

პირველი. როცა ვამბობთ, რომ რუსეთი ოკუპანტია, მასთან მოლაპარაკების ყველა გზას ვიჭრით, ანუ კონსტრუქციული დიალოგის გამართვის საშუალებას ვისპობთ. ჩვენი ოპონენტები ამბობენ, რომ მათ სწორედ ეს სურთ _ არანაირი დიალოგი რუსეთთან არ უნდა გაიმართოს. რუსეთი მხოლოდ ძალისმიერი საშუალებით უნდა გავაძევოთ კავკასიიდან.

დავუშვათ, დავუჯერეთ.

ოკუპანტს ვის ვუწოდებთ? ცხადია, რუსეთს, ე.ი. აფხაზები გამოდიან დამორჩილებული, ოკუპირებული, დაპყრობილი ხალხი. ამით შეურაცხვყოფთ აფხაზებს, ვამცირებთ ამ რიტორიკით და გზას ვიჭრით არა მხოლოდ რუსეთთან მოლაპარაკების მიმართულებით, არამედ უშუალოდ აფხაზებთან დიალოგის მიმართულებითაც. არადა, ყველა ხელისუფლება _ შევარდნაძისდროინდელი, სააკაშვილის თუ დღევანდელი _ გვარწმუნებდა, რომ აფხაზები და ოსები ჩვენი ძმები არიან და მათთან დიალოგი აუცილებლად გვჭირდება.

თუ ის ხალხები ოკუპირებულია, შენ როგორ ესაუბრები?!

რაულ ხაჯიმბა ასე მოვიდა
რაულ ხაჯიმბა ასე მოვიდა
...და ასე წავიდა
…და ასე წავიდა

_ უბრალოდ, არალოგიკურია.

_ აქ სერიოზული შეცდომებია დაშვებული არა მხოლოდ საერო ხელისუფლების მიერ, არამედ ეკლესიის მხრიდანაც. კეთდება არადიპლომატიური განცხადებები. ოკუპაციის ძახილი არაფრის მომცემია, პირიქით, მავნებელია საქართველოს ინტერესებისთვის.

_ ოკუპაციის თემა საბჭოთა პერიოდში ათ წელიწადში ერთხელ რომ ამოტივტივდებოდა, მაშინ ოკუპანტებად აფხაზები ქართველებს გვთვლიდნენ. ოკუპანტობა აკვიატებულ ბრალდებასავით ხომ არ ჩამოყალიბდა?

_ ერების ხასიათს როცა შევეხებით, ძალიან დიდი სიფრთხილე გვჭირდება. შეიძლება ზუსტი შეფასებაც გაკეთდეს, მაგრამ გამორიცხული არ არის, გადავიჩეხოთ არასწორი მიმართულებით.

_ გეთანხმებით. იკვლევს კი ვინმე ამ პრობლემას? ობიექტური მიზეზების დასადგენად რამე კეთდება?

_ არა, ბატონო! ვინ რას იკვლევს, თქვენი ჭირიმე! გამოკვლევა კი არა, დადგენილი შტამპებით მიდის ქვეყანა _ ეს ასე უნდა ითქვას, პრესამ ასე უნდა შეაფასოს და .. რაღაც გამონაკლისებს თუ არ ჩავთვლით, ყველა ერთ ფარვატერს მისდევს, ერთხმად გაიძახის: “ეგრეთ წოდებულიდაეგრეთ წოდებული”…

_ რაც უკვე სასაცილო ხდება.

_ სასაცილო და ენის გასატეხი: ეგრეთ წოდებული პარლამენტის ეგრეთ წოდებულმა დეპუტატმა ეგრეთ წოდებული მთავრობის გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირა და ა.შ. გამოდის, რომ ვამასხარავებთ, ჩვენს უპირატესობას ხაზგასმით ვამჟღავნებთ და თან ვამბობთ, _ ჩვენი დები და ძმებიო.

ეს არის უნიჭო თვალთმაქცობა!

აფხაზების ცნობიერება, როგორც ჩანს, ჩამოყალიბდა საბჭოთა პერიოდში. ახალი აფხაზი ერი შეიქმნა. აფხაზები, მოგეხსენებათ, ტრადიციული ერია, რომელიც საუკუნეების სიღრმიდან მოდის და ეროვნული ტრადიციებია მისი ორიენტირი. სამწუხაროდ, ბევრი საკითხის მიმართ აფხაზების დამოკიდებულება აბსოლუტურად შეიცვალა და თანდათან ანტიქართული გახდა, რატომ მოხდა ასე? ვერ ვიტყვი, რომ ეს მაინცდამაინც ქართველების ბრალია. ისინი (აფხაზები) ამას აბრალებენ სტალინსა და ბერიას, თითქოს მათ განახორციელეს იძულებითი ქართველიზაცია _ ქართულ ანბანზე გადაიყვანეს აფხაზური დამწერლობა (რომელიც მათ საერთოდ არ ჰქონიათ!). მაგრამ რატომ შეუშლიდა აფხაზურ იდენტობას ხელს მაინცდამაინც ქართული ანბანი და ხელს არ შეუშლიდა კირილიცაზე გადასვლა, ამაზე სიტყვას არ ძრავენ.

მათ მიაჩნიათ, რომ აფხაზები რეპრესირებული ერია. არადა, ქართველებზე უკეთესადაც ცხოვრობდნენ ყოველთვის თავიანთ ავტონომიაში.

უკმაყოფილების გამოხატვა განსაკუთრებით გააქტიურდა ნიკიტა ხრუშჩოვის ზეობის დროს.

თუ დაგაინტერესებთ, ერთსაც გეტყვით: ინტერნეტში ხშირად წააწყდებით სიყალბეს, ვითომ სუსლოვის (საბჭოთა კავშირის მთავარი იდეოლოგის, პოლიტბიუროს წევრისა და ცკ-ის მდივნის) ნათქვამს: “ჩვენ აფხაზები და ავტონომიები გვჭირდება თავისუფლების მოყვარული ქართველი ხალხის გასატეხად”. ეს სისულელეა, რომელიც სუსლოვს არასოდეს უთქვამს. ამას ავრცელებს რამდენიმე საიტი და დროშასავით ატაცებული აქვთ, თუმცა უსაფუძვლოდ…

_ მიუხედავად იმისა, რბილად რომ ვთქვათ, რომ მიხაილ სუსლოვს ქართველები მაინცდამაინც გულზე არ ვეხატებოდით.

_ და სწორედ ეს ფაქტორი, მაინცდამაინც გულზე რომ არ ვეხატებოდით, არის გამოყენებული. არადა, ასეთი რამ აბსოლუტურად გამორიცხული იყო იმ დროის პარტიული ლიდერების მხრიდან. უცხო და მიუღებელი იყო მათი მსოფლმხედველობისთვის, მაგრამ დღეს ისეთ უწიგნურ და გაუნათლებელ ეპოქაში ვცხოვრობთ, რომ ასეთ სიცრუეს ხალხი (განსაკუთრებით, ახალგაზრდობა) იოლად იჯერებს.

აფხაზური ნაციონალიზმი, სხვათა შორის, ქართული ნაციონალიზმის პარალელურად ფეხს იკიდებდა და სრულად გამოვლინდა გასული საუკუნის ოთხმოციანი წლების ბოლოს. სავალალო შეტაკებები მოხდა სოხუმში 1989 წლის ზაფხულში ქართველებსა და აფხაზებს შორის, სერიოზული დაპირისპირება ეთნიკურ საფუძველზე და, რამდენიც უნდა ვიძახოთ, რომ აღნიშნული დაპირისპირება “კა-გე-ბემ”, რუსეთის ცენტრალურმა ხელისუფლებამ მოაწყოო, ეს იყო ეთნიკური კონფლიქტი, ეთნოსებს შორის გარკვეული უთანხმოებისა და შეუთავსებლობის მიზეზით განვითარებული. თუმცა 1991 წელს საქართველოს პოსტკომუნისტურმა ხელისუფლებამ, ეროვნულს რომ უწოდებენ დღეს, აფხაზებს (ეთნოსურ უმცირესობას) უმრავლესობის მანდატი მისცა აფხაზეთის უმაღლეს საბჭოში.

_ მაშინ ქართველები ერთმანეთში ვერ შეთანხმდნენ უმაღლეს საბჭოში მათი კვოტით წარსადგენ კანდიდატურებზე.

_ მინდა, ვახსენო ბატონი ჰამლეტ ჭიპაშვილი, რომელმაც არაერთხელ მოჰფინა შუქი, რა იყო ქართველების პრობლემა, რომ შემდგომ ვლადისლავ არძინბას უნდოდა მოლაპარაკება საქართველოსთან (ედუარდ შევარდნაძე უკვე ჩამოსული იყო), მაგრამ არ შედგა ეს შეხვედრა, რომელზეც უნდა განხილულიყო საქართველოში აფხაზეთის კონფედერაციული სუბიექტის სტატუსით დარჩენის საკითხი. მაშინ დიდ დანაშაულად და ერის ღალატად აღიქმებოდა ლაპარაკი საქართველოზე, როგორც ფედერაციაზე ან კონფედერაციაზე. ოპოზიცია შევარდნაძეს საშუალებას არ აძლევდა (შევარდნაძე კი მათ უთმობდა), რომ მიეღო გადამჭრელი ზომები, საქართველო ასიმეტრიულ ფედერაციად რომ ჩამოყალიბებულიყო და განსაკუთრებული ურთიერთობა ჰქონოდა აფხაზებთან და ოსებთან, გვეღიარებინა ისინი ჩვენი ფედერაციის ავტონომიურ სუბიექტებად.

_ რაც დღეს სანატრელად გვექცა.

_ დღევანდელ ვითარებაში ამაზე არც აფხაზები წამოვლენ და არც ოსები.

დავუბრუნდეთ უმაღლეს საბჭოში კვოტების საკითხს. აფხაზებისა და ქართველების გარდა იმ შემადგენლობაში გათვალისწინებული იყო 11 ადგილი ეროვნული უმცირესობებისთვის _ რუსებისთვის, სომხებისთვის, ბერძნებისთვის. ეს იქნებოდა ეთნიკურ პრინციპზე აგებული აფხაზეთის უმაღლესი საბჭო.

ახლა გეტყვით იმას, რაზეც დღეს არავინ ლაპარაკობს: რატომ იყო ეს 11 დეპუტატი ყოველთვის აფხაზების მხარეს.

ეს მოხდა იმიტომ, რომ ჩვენ ამ როყიო ქართული და ანტირუსული ნაციონალიზმით რუსეთი გამოვაცხადეთ დამპალ იმპერიად, რუსულ ენას შევუქმენით პრობლემები, 9 მაისის ზეიმი გავაუქმეთ და .. აფხაზეთში მცხოვრები რუსულენოვანი არაქართული მოსახლეობა აფხაზების მხარეს დადგა ცალსახად. და ჩვენ იქ ვებრძოდით არა მხოლოდ აფხაზებს, არამედ ყველა არაქართველს და ამის გამო აღმოვჩნდით უმცირესობაში. კი ვიყავით 48 პროცენტი, მაგრამ სხვა ეთნოსებთან შედარებით _ ნახევარზე ნაკლები. ყველას დავუპირისპირდით და, რაც მთავარია, აფხაზებს საშუალება მივეცით, რომ ჯერ საბჭოთა ცენტრი და შემდეგ ელცინის რუსეთიც მათ გვერდით დადგომოდა და კეთილგანწყობილი ნეიტრალიტეტი დაეკავებინა აფხაზეთის სასარგებლოდ.

ჩვენ დღეს სიხარულით ვამბობთ, რომ რუსეთს ვეომებოდით.

_ სააკაშვილმა 2008 წლის აგვისტოს ომში რუსეთზე საქართველოს გამარჯვება იზეიმა.

_ პოლიტიკური მაზოხიზმია, როცა არ გყავს ადეკვატური მოკავშირე და ყველაფერს აკეთებ საიმისოდ, რომ შენს მოწინააღმდეგეს ჰყავდეს ძლიერი მოკავშირე.

აშშ დღესაც არ არის საქართველოს მოკავშირე.

_ სამაგიეროდ პოლიტიკური პარტნიორია.

_ თქმა ყველაფრის შეიძლება.

_ ასლან ბჟანია, ალხაზ კვიცინია, რაულ ხაჯიმბადღევანდელ ვითარებაში ყველაზე გამორჩეულ პერსონებზე უნდა გთხოვოთ აზრის გამოთქმა.

_ შარშანდელ არჩევნებში ბჟანიას ნაცვლად კვიცინიას კანდიდატურა წამოაყენეს. ბჟანია მკურნალობდა მოსკოვში, გერმანიაში _ ძალიან მძიმედ იყო, თორემ იგი, როგორც ამბობენ, პირველივე ტურში გაიმარჯვებდა. როგორც ვიცი, მას ქართველების მიმართ ნორმალური დამოკიდებულება აქვს.

ხაჯიმბა ცოტა უფრო ხისტია. რუსი სამხედროები ამბობენ, რომ იგი უფრო თურქეთისკენ იხრებოდა, ამბობდა, რომ უნდა განვითარებულიყო თურქეთთან ურთიერთობა, ინვესტიციები იქიდან უნდა შემოსულიყო და ა.შ. ინტერნეტში ვნახე, რომ ხაჯიმბა არ არის აფხაზური გვარი, თურქეთიდან შემოსული ხაჯი-ოღლები არიან. მაგრამ, ასეა თუ ისე, ამ კაცმა 1992 წელს ქრისტიანობა მიიღო და მოინათლა. ამჟამად მართლმადიდებელი ქრისტიანია. ესეც ფაქტია.

_ ბატონო გულბაათ, როგორ ფიქრობთ, სრულად ვიყენებთ ჩვენი მხრიდან ყველა შესაძლებლობას აფხაზეთის პრობლემის მოსაგვარებლად? ხიბლში ხომ არ ვართ, რომ უცხოეთი გაგვიმთლიანებს საქართველოს?

_ გავიმეორებ იმას, რაც “საქართველო და მსოფლიოში” გამოქვეყნებულ ჩემს ინტერვიუში უკვე ვთქვი. ჩვენთვის დიდი კოზირი იყო ამ საქმეში ალექსანდრე ჭაჭიას პოტენციალის გამოყენება. ახლაც ვიმეორებ სიტყვა “გამოყენება”-ს. იმ კაცს შეიძლება სულაც არ აძლევს ხელს, დაარღვიოს თავისი პირადი ცხოვრება, შეწყვიტოს სამეცნიერო საქმიანობა და იაროს აფხაზებსა და რუსებს შორის და დიალოგი აწარმოოს, მაგრამ ვიცი, რომ საქართველოს გულისთვის იგი ამას გააკეთებს. ჩვენ არ ვაძლევთ ამის საშუალებას. გამოდიან ვიღაც სესიაშვილები, რაღაც სისულელეებს როშავენ, თურმე ჩვენ რაღაც ბერკეტები გვაქვს აფხაზებზე ზემოქმედების და ა.შ. რა ბერკეტები გვაქვს ჩვენ, განსაკუთრებით, მას შემდეგ, რაც სააკაშვილის გარეწრულმა და მოღალატურმა პოლიტიკამ დაგვაკარგვინა კოდორის ხეობა, სამაჩაბლოში ჩვენი ანკლავები _ ქურთა, თამარაშენი, ახალგორის ხეობა? რაც ჩვენი სტრატეგიული უპირატესობა იყო მოლაპარაკებების დროს. დღეს ჩვენ გვაქვს ყრუ საზღვარი შუაგულ ქართლში და მდინარე ენგურის გაყოლებაზე. ენგურჰესს სანახევროდ ვერ ვაკონტროლებთ. საქართველო ენერგეტიკულ შიმშილს განიცდის, აფხაზები უფასოდ იღებენ ელექტროენერგიას, ჩვენ კი ვიხდით უზარმაზარ თანხას.

თავს ვიწვალებთ, თან გვიხარია.

_ ბოლო შეკითხვა: აფხაზეთში ახალი არჩევნების შემდეგ პრობლემები, რომლებზეც ვილაპარაკეთ, შერბილდება მაინც?

_ სამოქალაქო ომი ნაკლებ სავარაუდოა. ეს არც ჩვენ გვაძლევს ხელს. ზოგი შეიძლება ფიქრობს, რომ რეალპოლიტიკიდან, მაკიაველიზმის პრინციპებიდან გამომდინარე, ჩვენთვის ეს კარგიც კი შეიძლება იყოს. არავითარ შემთხვევაში!

ჩვენ გვინდა, რომ აფხაზეთში იყოს ხალხის მიერ ნდობით აღჭურვილი ძლიერი ხელისუფლება, რომელიც უფრო თამამ ნაბიჯებს გადადგამს საქართველოსკენ. უნდა აღდგეს კომუნიკაცია, რაზეც თითქოს შეთანხმდნენ აბაშიძეკარასინის ფორმატში საქართველო და რუსეთი. შვეიცარული ფირმა მზად არის, რუსეთსაქართველოს საზღვარზე ნეიტრალური მონიტორინგის განსახორციელებლად აღდგეს სარკინიგზო მიმოსვლა რუსეთთან. ამით ვისარგებლებთ ყველანი, ამოისუნთქებს, როგორც საქართველოს, ასევე აფხაზეთის ეკონომიკა. შეიქმნება საფუძველი, რომ ადამიანებმა ნაკლებად იფიქრონ ომსა და ძალადობაზე, აღდგება სავაჭრო ურთიერთობები. მთავარია ნდობა.

_ და ეს შეიძლება მოხდეს, როცა აფხაზეთში ძლიერი ხელისუფლება იქნება არჩეული

_ დიახ, მაგრამ ვეჭვობ, რომ ქართულმა მხარემ ეს ადეკვატურად შეაფასოს, რადგან საქართველოში გაუთავებლად ვკინკლაობთ პროპორციულმაჟორიტარულ თემაზევის რაში აინტერესებს ნეტავი? კონსტიტუციაში გვიწერია, რომ უნდა გვქონდეს ორპალატიანი პარლამენტი, მაგრამ მას შემდეგ, როცა აღდგება ტერიტორიული მთლიანობა. რა სისულელეა ეს! კონსტიტუცია გაუპატიურებული გვაქვს: როგორ შეიძლება ძირითად კანონში ჩაიწეროს, რომ ნატოსა და ევროკავშირში გაერთიანება არის ჩვენი მიზანი. ასეთი პრიმიტივიზმი ცენტრალური აფრიკის ბანანის რესპუბლიკებისთვისაც კი უცხოა. .. დიპლომატები, ელჩები, ვენეციის კომისია ამას ისე შეჰყურებენ, თითქოს ეს ყველაფერი ნორმალურია.

გეკითხებით: ასეთ ვითარებაში ჩვენი ხელისუფლება შეძლებს საქართველოს გაერთიანებას? ძალიან მეეჭვება.

_ .., იმედი გადაიწურა?

_ იმედი აქეთა მხრიდან გადაიწურა, მაგრამ, ღმერთის წყალობით, დრო იცვლება. ჩვენს ხელისუფლებას ვერ დავაბრალებ, რომ განზრახ ცდილობს რუსეთის გამოწვევას და თვითონ არის პროვოკატორი. ეს უფრო ჰგავს შევარდნაძისდროინდელი ხელისუფლების უძალობას, რომელიც, ვთქვათ ასე, თავს არიდებდა ოპოზიციასთან დაპირისპირებას, მისი ყვირილისა და აურზაურის ერთგვარი შიშიც კი ჰქონდა.

მაგრამ დღევანდელი ლიდერები გულახდილად სასაუბროდ თუ დაგვისხდებიან, ჩვენზე უფრო ღიად და რადიკალურად ილაპარაკებენ, დაგვეთანხმებიან და მხარს დაგვიჭერენ. მაგრამ არ სურთ ამის საჯაროდ თქმა, დისკომფორტში საკუთარი თავის ჩაგდება. ასეთი უპრინციპობა და კონფორმიზმი არის ჩვენი მთავარი პრობლემა. თუ ამ ბარიერს გადავლახავთ, გარწმუნებთ, ყველაფერი ძალიან მალე დალაგდება.

ესაუბრა არმაზ სანებლიძე

P.S. ორიოდ დღის წინათ გავრცელდა ინფორმაცია, რომ რაულ ხაჯიმბა პრეზიდენტის თანამდებობიდან გადადგა. ახალი არჩევნები აფხაზეთში 22 მარტს დაინიშნა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here