მთავარი პოლიტიკა რა შეცდომებს უშვებს ხელისუფლება მაჩალიკაშვილის საქმეში?

რა შეცდომებს უშვებს ხელისუფლება მაჩალიკაშვილის საქმეში?

488
გააზიარეთ
რა შეცდომებს უშვებს ხელისუფლება მაჩალიკაშვილის საქმეში?

მთელი კვირის განმავლობაში საზოგადოება ცდილობდა, დაედგინა, რას უპირებს ხელისუფლება მალხაზ მაჩალიკაშვილს, მაგრამ ვერაფერი გაიგო. შეიქმნა შთაბეჭდილება, რომ სამართალდამცავები არა მხოლოდ იძიებენ კონკრეტულ საქმეს, არამედ აწარმოებენ პოლიტიკურ თამაშს, ამასთანავე, საინფორმაციო ომს და სამივე ამას, ჩვეულებისამებრ, არაპროფესიულად, არათანმიმდევრულად აკეთებენ. ალბათ, საჭიროა იმის დადგენა, რისთვის დასჭირდათ ეს.

7 მაისს სუს-მა გაავრცელა განცხადება “სისხლის სამართლის საქმეზე, რომელიც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტულ ცენტრში 2018 წლის 1 ივნისს დაიწყო და ამჟამადაც მიმდინარეობს ტერორისტული აქტის მომზადებისა და ტერორისტული მიზნით ცეცხლსასროლი იარაღის ან (და) ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტებზე, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 18, 323-ე და 323 პრიმა მუხლებით”. სუს-ის ინფორმაციით, “გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო ქალაქ თბილისში პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე საპროტესტო აქციაზე 2018 წლის 31 მაისს მალხაზ მაჩალიკაშვილის მიერ საჯაროდ გაკეთებული მუქარის შემცველი განცხადება, რომლის თანახმად იგი და მასთან მყოფი პირები, რომლებსაც, მალხაზ მაჩალიკაშვილის განცხადებით, ფიცი ჰქონდათ მიცემული, მზად იყვნენ, შეეღწიათ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შენობაში და თავი აეფეთქებინათ. გამოძიების ფარგლებში, ინფორმაციის გადამოწმებისა და მტკიცებულებათა მოპოვების მიზნით, შესაბამისი სასამართლო განჩინებების საფუძველზე განხორციელდა ფარული საგამოძიებო მოქმედებები, მათ შორის: სატელეფონო კომუნიკაციის ფარული მიყურადება და ჩაწერა, ფარული ვიდეო (აუდიო) ჩაწერა და ფოტოგადაღება. პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე ჩატარებული ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებული მტკიცებულებების თანახმად ცნობილი გახდა, რომ მალხაზ მაჩალიკაშვილს განზრახული ჰქონდა ტერორისტული აქტის ჩადენა. დანაშაულებრივი განზრახვის თანახმად, ტერორისტული აქტის ჩადენა იგეგმებოდა დედოფლისწყაროს რაიონის სოფელ ზემო მაჩხაანში, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილი პირველი მოადგილის, იოსებ გოგაშვილის მამის საფლავზე იოსებ გოგაშვილისა და მისი თანმხლები პირების მისვლის დროს, რასაც მოჰყვებოდა მათი და სხვა მოქალაქეთა სიცოცხლის ხელყოფა”.

ამ განცხადების შემდეგ ბევრმა ჩათვალა, რომ მალხაზ მაჩალიკაშვილსა და მის ძმისშვილ მორის მაჩალიკაშვილს დაუყონებლივ დააკავებდენ. მორის მაჩალიკაშვილს, სუს-ის ინფორმაციით, “უნდა დაედგინა იოსებ გოგაშვილის საცხოვრებელი მისამართები, გადაადგილების მარშრუტები” და ა.შ. სწორედ მას ესაუბრებოდა მალხაზ მაჩალიკაშვილი სუს-ის მიერ გამოქვეყნებულ ფარულ ჩანაწერში. საინტერესოა, რომ პარლამენტის ვიცესპიკერმა ირმა ინაშვილმა იმავე დღეს განაცხადა: თუ დღეს გავრცელებული ჩანაწერების ავთენტურობა დამტკიცდება და ეჭვქვეშ რომ იყოს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური განცხადებას არ გაავრცელებდა, მაშინ საქმე გვაქვს მძიმე დანაშაულთან. ეს მოულოდნელი არ იყო, რადგან საუბარია არაერთ ფაქტზე, რომელიც ხსნიდა და ადასტურებდა საქართველოში ტერორისტული ჯგუფის საქმიანობას. ვფიქრობ, მაჩალიკაშვილს დააკავებენ. ვფიქრობ, რომ პარლამენტის წინ კარვებიც მშვიდობიანად უნდა აიკეცოს”.

მაგრამ გავიდა რამდენიმე დღე და მაჩალიკაშვილი არ დააკავეს, არც ბრალი წარუდგინეს. 10 მაისს ის მოდულის შენობაში გამოკითხვაზე მივიდა, რომელიც დაახლოებით შვიდ საათს გაგრძელდა. იმავე დღეს პანკისის ხეობაში მისი მხარდამჭერი აქცია გაიმართა. შეიქმნა ფრიად უცნაური სიტუაცია: ერთი მხრივ, ხელისუფლების პირველი პირები, მათ შორის პრემიერმინისტრი, აცხადებდნენ, რომ “სუს-მა უმძიმესი დანაშაულის პრევენცია შეძლო”, მაგრამ, ამასთანავე, რამდენიმე დღის განმავლობაში მთავარი ფიგურანტისთვის ბრალი არ წარუდგენიათ, არ დაუკავებიათ. ბევრისთვის გაუგებარი შეიქნა, რისთვის დასჭირდა სუს-ს ფირის გამოქვეყნება და ამხელა სკანდალის ატეხვა. ამის გამო საზოგადოებაში კითხვები გაჩნდა: შეიძლება თუ არა საუბარი ტერორიზმზე და 323- მუხლზე, საერთოდ? არსებობს თუ არა ტერაქტის მომზადების დამაჯერებელი მტკიცებულებები, თუ საქმე მხოლოდ გამწარებული, შვილმკვდარი მამის ემოციურ მონოლოგთან გვაქვს?

ეჭვი ფართოდ და სწრაფად გავრცელდა. ამის მთავარი მიზეზია სამართალდამცავი ორგანოების (და ზოგადად, ხელისუფლების) დაბალი ავტორიტეტი და მოსახლეობის დიდი ნაწილის უნდობლობა მათ მიმართ.

ჩანაწერის ხმაურიანი გასაჯაროება შეიძლება მიუთითებდეს იმაზე, რომ ხელისუფლებას მალხაზ მაჩალიკაშვილის დისკრედიტაცია სურს. ამასთანავე, საზოგადოების ყურადღების გადატანა შვილის (სპეცრაზმელების მიერ მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის) საქმიდან მისი მამის, მალხაზ მაჩალიკაშვილის, საქმეზე. ეს ამ ეტაპზე ნაწილობრივ გამოუვიდა კიდეც, ვინაიდან “ქართულ ოცნებასთან” დაახლოებული პროპაგანდისტები მედიასა და სოცქსელებში შესაბამის მესიჯებს მთელი კვირის განმავლობაში ავრცელებდნენ. საგულისხმოა, რომ პანკისის ხეობაში ამ პროპაგანდამ შედეგი ვერ გამოიღო _ ადგილობრივებმა მალხაზ მაჩალიკაშვილს მხარდაჭერა გამოუცხადეს. საერთოდ, ბევრმა როდი შეამჩნია, რომ ბოლო თვეების განმავლობაში თემირლან მაჩალიკაშვილის მკვლელობის გამოძიება პანკისელი ქისტებისთვის ღირსების საქმედ იქცა, ისე, როგორც თავის დროზე თბილისელთა მნიშვნელოვანი ნაწილისთვის ღირსების საქმე გირგვლიანის მკვლელობის გამოძიება გახდა. იმას, რომ ეს საქმეები ერთმანეთისგან განსხვავდება, განხილულ კონტექსტში მნიშვნელობა არ აქვს.

ჩანაწერის გავრცელებიდან რამდენიმე დღეში ხელისუფლებამ საინფორმაციო ინიციატივა დაკარგა და ცხადი შეიქნა, _ მაჩალიკაშვილი რომც დაიჭიროს, მაინც მოუწევს თავის მართლების რეჟიმში გადასვლა.

ხელისუფლების საინფორმაციო კამპანია 100%-ით წარმატებული არ იყო. ამის მთავარი მიზეზი, სავარაუდოდ, ისაა, რომ ყველას როდი შეუძლია, სუს-ის უფროსის ყოფილ მოადგილე სოსო გოგაშვილში უდანაშაულო მსხვერპლი დაინახოს (ეს მკაფიოდ აისახა სოცქსელებში). გოგაშვილის სახელს უამრავი ბრალდება და ნეგატიური ინფორმაცია უკავშირდება. ყველას ახსოვს სიუჟეტები უძრავ ქონებაზე, რომელსაც მისი ნათესავები ფლობენ, ბრალდებები ხელისუფლების პოლიტიკური ოპონენტების შევიწროებაზე, ხოლო მალხაზ მაჩალიკაშვილი სწორედ მას ადანაშაულებს იმ ოპერაციის დაგეგმვაში, რომელსაც მისი შვილი ემსხვერპლა.

მნიშვნელოვანია, რომ ეს მოვლენები პანკისში მომხდარი არეულობის შემდეგ განვითარდა. ხელისუფლების გაუაზრებელ ქმედებებს ჰესის მშენებლობის მიმართ (“როგორც ჩანს, არასაკმარისი ანალიზი იყო გაკეთებული”, _ განაცხადა გასულ კვირას შს მინისტრმა გიორგი გახარიამ), მოჰყვა ადგილობრივი მცხოვრებლების ჯგუფური თავდასხმა პოლიციელებზე, რომლის შედეგად, ორივე მხრიდან რამდენიმე ათეული ადამიანი დაშავდა. ადგილობრივი მოსახლეობა კატეგორიულად მოითხოვდა, ამ მოვლენებში მონაწილე პირები არ დასჯილიყვნენ და შსს სიტუაციის შემდგომ გამწვავებას მოერიდა. ამის შემდეგ არაერთმა კომენტატორმა შენიშნა, რომ ხელისუფლება ამ კონკრეტულ ეპიზოდში დამარცხდა და გამორიცხული არ არის, რომ ამან “ქართული ოცნება” სიმბოლური რევანშის აუცილებლობაზე დააფიქრა. შესაძლოა, მალხაზ მაჩალიკაშვილის მისამართით (ამ ფორმით) გამოთქმული ბრალდებების უკან ეს ქვეტექსტიც იდგა.

კიდევ რამდენიმე მსგავსი ეპიზოდი და პანკისის ხეობაში მუდმივი დაძაბულობის კერა გაჩნდება. საინფორმაციო სივრცეში უკვე გაჩნდა საგულისხმო დაყოფა _ “ჩვენ _ ისინი”; კეთდება კომენტარები, რომლებშიც აქცენტი გადატანილია ეთნიკურ წარმომავლობაზე, რელიგიაზე და ა.შ. ეს ძალზე საშიში ტენდენციაა.

ხელისუფლებას, როგორც ჩანს, არ ძალუძს იმის გააზრება, რომ თემირლან მაჩალიკაშვილის საქმის “გადაგორება” და მეორე პლანზე გადაწევა არ გამოვა. მიუხედავად იმისა, რომ იმ აქციებს, რომლებსაც მამამისი მართავს, დიდი მასშტაბი არ აქვს (განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც მასში ზაზა სარალიძე არ მონაწილეობს), ის მაინც რჩება მნიშვნელოვან ფაქტორად, რომელიც გავლენას ახდენს პანკისის მცხოვრებთა დამოკიდებულებაზე ხელისუფლების მიმართ და მის იმიჯს ზიანს აყენებს.

ძნელი წარმოსადგენია, რამ შეიძლება შეცვალოს სიტუაცია უკეთესობისკენ საპარლამენტო და, ამასთანავე, საზოგადოებრივი კომისიის შექმნის გარდა (ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის გამოძიებამ აჩვენა, რომ ცალკე აღებული საპარლამენტო კომისია დამაკმაყოფილებელ შედეგს, სავარაუდოდ, ვერ მიაღწევს). ამისთვის საჭიროა პოლიტიკური ნება, რომელიც არა მხოლოდ ხელისუფლებას, არამედ, როგორც ჩანს, საზოგადოებასაც არ აქვს. ფიქსირდება მხოლოდ რაღაც ზოგადი სურვილები, რომლებიც გააზრებულ და თანმიმდევრულ მოქმედებას არ წარმოშობს.

ხელისუფლების პირველი პირები, როგორც ჩანს, აცნობიერებენ, რომ მოსახლეობა მათ შინაგან სისუსტეს გრძნობს და ნებისმიერ სიტუაციაში გამუდმებით იმეორებენ, რომყველა დამნაშავე პასუხს აგებს, კანონის მთელი სიმკაცრით დაისჯებადა .. ამ რიტუალურმა ფორმულებმა ძალა, დიდი ხანია, დაკარგა მას შემდეგ, რაც ძველი რეჟიმის ასობით წარმომადგენელი, რომლებიც ბიზნესმენებს ქონებას ართმევდნენ, არჩევნებს აყალბებდნენ თუ მომიტინგეებს სცემდნენ, არა მხოლოდ არ დაისაჯა, ხშირ შემთხვევაში დაწინაურდა კიდეც. ყველამ დაინახა, რომ უბრალო მოქალაქისთვის მოქმედებს ერთი კანონი, ხოლო ხელისუფლებასთან დაახლოებული პირებისთვის, მაგალითად, ოთარ ფარცხალაძისთვის _ მეორე. ასეთ ვითარებაში გამორიცხულია, მოქალაქეების უმრავლესობა სამართალდამცველებს “სიტყვაზე ენდოს”.

“ჩემიანებს _ ყველაფერი, დანარჩენებს _ კანონი” _ ამ ფრაზას ხან მუსოლინის მიაწერენ, ხან _ ფრანკოს. ეს არსებითად ფაშისტური პრინციპი, დიდი ხანია, დამკვიდრდა და, ვიდრე მას კანონის უზენაესობა არ შეცვლის, საქართველო ჩამორჩენილ, შეუმდგარ სახელმწიფოდ დარჩება.

დიმიტრი მონიავა

გააზიარეთ

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here