მთავარი საზოგადოება “რა სურს ხალხს და რას აქცევს ზურგს იგი”

“რა სურს ხალხს და რას აქცევს ზურგს იგი”

რატომ ანიჭებდა ილია განსაკუთრებულ მნიშვნელობას ხალხის ეკონომიკური და იურიდიული ურთიერთობების ამსახველი მონაცემების შეკრებას

48
გააზიარეთ
“რა სურს ხალხს და რას აქცევს ზურგს იგი”

რა სურს ხალხს და რას აქცევს ზურგს იგი” _ აი მთავარი საკითხი, რომელიც უპირველესია იმ საკითხთა შორის, რომლებიც სახელმწიფოს ძლიერებას განაპირობებს. “ხალხი, ფეხზეწამომდგარი, უფრო უკეთესი ღონეა სახელმწიფოსათვის, ვიდრე დავრდომილი და სულით და ხორცით გათახსირებული; მარტო გულმოგებული და ფეხგამაგრებული ხალხი უშრეტი წყაროა სახელმწიფოს სიმდიდრისა და ძალისა”, _ გვმოძღვრავს ერის მამა.

ილია შესანიშნავად იცნობდა ქართულ სოფელს, გლეხურ კულტურას, საერთოდ, უბრალო ადამიანებს. მიაჩნდა, რომ აუცილებელიაყველა შეგნებული ქართველისათვის, იცოდეს _ რაგვარ და რომელ ჩვეულებებს მისდევს მდაბიო ხალხი თავის ეკონომიკურ და იურდიულ ურთიერთობების შესახებ”.

ამ სფეროში მის მიერ გამოთქმულ გარკვეულ მოსაზრებებს აქტუალობა დღესაც არ დაუკარგავს. ილიამ ზუსტად იცის, როგორ იპოვოს ამა თუ იმ ეროვნული პრობლემის გასაღები და მოარგოს მას კონკრეტული ანალიტიკური მსჯელობა, განავითაროს აზრი, გაუნათოს გონება მკითხველს, დაუსახოს მიზანი, უჩვენოს ჰორიზონტი: “საჭიროა მოხელემ კარგად იცოდეს აქაურის ხალხის ვითარება, ჩვეულება, ტკივილი და სიხარული და ღონე ჰქონდეს, ხალხს უშუამავლოდ ელაპარაკოს”. ასეთი მოხელეები, მისი აზრით, სამართალწარმოებისასუთუოდ აუცილებელი პატივცემულია”.

რა ახდენს გავლენასხალხის გონებისა და ცნობიერების განვითარებაზედ, ეროვნულ წარმატებაზედ”?

სწორედ ამ თემას შევეხებით ამჯერად, მიუხედავად იმისა, რომ მსგავს საკითხებზე ფიქრისა და მსჯელობისაგან შორს დგანან დღეს სწორედ ისინი, ვისაც აქვს პრეტენზია და ამბიცია, რომ ხალხის ინტერესების სადარაჯოზე დგას და ხალხის გამო წამებულის მანტია აქვს მოსხმული

1887 წელს ილია ჭავჭავაძე აქვეყნებს საპროგრამო წერილსხალხის ჩვეულებათა შესწავლის შესახებ”.

ხალხის ჩვეულებათა შესწავლის შესახებ:

ამ ბოლო დროს ჩვენს განათლებულ საზოგადოებაში გაჩნდა ერთი საყურადღებო მოვლენა, რომელსაც დიდი გავლენა უნდა ჰქონდეს ხალხის გონებისა და ცნობიერების განვითარებაზედ, ეროვნულ წარმატებაზედ. ეს მოვლენა სახალხო ლექსების შეკრება და ბეჭდვაა ჩვენს ჟურნალ-გაზეთობაში. სამწუხაროდ, როგორც თითქმის ყოველთვის და ყველაფერში, სახალხო სიტყვიერების ნაწარმოების შეკრების შესახებაც ცალკერძი გატაცება ეტყობა ჩვენს საზოგადოებას. აქაოდა სახალხო პოეზიას დიდი მნიშვნელობა აქვსო ჩვენის მწერლობისათვის და მდაბიო ხალხის ესთეტიურის გემოვნებისა და აზროვნობის გასაცნობადაო, ხელი მოვკიდეთ მარტო ამ პოეზიის შეკრებას და სხვა საგნები-კი ხალხის ნაწარმოებისა სრულიად დავიწყებული გვაქვს. მდაბიო ხალხის გონებითი თუ სხვაგვარი საუნჯე მარტო იმის ლექსებში ანუ პოეზიაში როდი გამოიხატება, არა, ეს საუნჯე უხვად დათესილი და დარჩენილია ისეთს ნაწარმოებებში, რომელნიც სრულებით არ ეკუთვნიან პოეზიის სფეროს. ამ გვარია, მაგალითებრ, ხალხის ჩვეულებანი, რომელნიც შეეხებიან ეკონომიურს და იურიდიულ ცხოვრებას.

ყველას, ვისაც კი უცხოვრია მდაბიო ხალხში, ეცოდინება, რომ ხალხს თავისი საკუთარი ეკონომიური წესწყობილება და იურიდიული ჩვეულებანი აქვს, რომლითაც ხელმძღვანელობს, როცა საჭიროება ამას მოითხოვს. მამულის გაყიდვა და დაგირავება, საქონლის გაბარება მოსაშენებლად, ერთურთ შორის აღებმიცემობა, სხვადასხვა მცირე დანაშაულობის გასამართლება და ათასი ამგვარი მოვლენა, _ სულ ხალხის ჩვეულების ძალით სწარმოებს, ხალხის ადათზეა დაფუძნებული და ამ ადათს ემორჩილება. ჯერ ეხლაც, ხალხმა დაწერილის კანონისა არა იცის-რა და, სასოფლო სასამართლოში რომ მიხვიდეთ, შეიტყობთ, რომ სოფლის მსაჯულები ადათითა და ჩვეულებით ხელმძღანელობენ საქმის გადაწყვეტის დროს. მართალიც არის, მდაბიო ხალხის ეკონომიური და იურიდიული ცხოვრება ჯერჯერობით ისე ვიწროთ და მკვიდრად შემოფარგლული წრეა, რომელსაც მაგრე მალე და ადვილად დაწერილი კანონი ვერ დაარღვევს და ვერ შეუვა. ფრიად სასარგებლო უნდა იყოს ყველა შეგნებული ქართველისათვის იცოდეს, _ რაგვარ და რომელ ჩვეულებებს მისდევს მდაბიო ხალხი თავის ეკონომიურ და იურიდიულ ურთიერთობის შესახებ. ეს სფერო ცხოვრებისა მთელს სურათს გადაუშლის ჩვენს მოწინავე საზოგადოებას და ცხოვრების სურათი კიდევ დაგვანახებს ხალხის ავსა და კარგს, იმის შეხედულობას სამართალზედ, ერთურთს დამოკიდებულებაზედ და სხვა. სადაც მდაბიო ხალხის ცხოვრების შესწავლა ნამდვილ გზაზედ არის დაყენებული, სადაც შეგნებული აქვთ, თუ რა საუნჯეა დარჩენილი სხვადასხვა ჩვეულებებში, იქ მდაბიო ხალხის ყოველგვარ ჩვეულებას, ცხოვრების ყოველგვარ საგანს ჯეროვანს ყურადღებას აქცევენ და გამოუკვლეველად არაფერსა სტოვებენ. სწორედ ამგვარ შესწავლას და გამოკვლევას მოაქვს სასარგებლო და კეთილი ნაყოფი, მხოლოდ ამნაირის შესწავლით და გამოკვლევით შეიძლება ყოველმხრივ შევიგნოთ ხალხის წარსული და აწმყო, იმისი ავი და კარგი, იმისი წადილი, საჭიროება. სადაც ასე არ არის, იქ ყოველთვის შესაძლოა შევცდეთ და ვერ შევიტყოთ, _ რა სურს ხალხს და რას აქცევს ზურგს იგი.

“რა სურს ხალხს და რას აქცევს ზურგს იგი”

როგორც ზემოთ ვუჩვენეთ, ჩვენმა ინტელიგენციამ ხელი მოჰკიდა მარტოდ-მარტო სახალხო პოეზიის შეკრებას. ეს საკმაო არ არის. არა თუ საკმაო, იქნება ბევრჯერ მავნებელიც იყოს და ხალხის ცხოვრების შესახებ შეცდომაში შეგვიყვანოს ამ პოეზიამ. რისთვის, როგორ? _ გვკითხავს განცვიფრებული მკითხველი. აი რისთვის და როგორ: პოეზია, და მეტადრე სახალხო პოეზია, თქვენც მოგეხსენებათ, უფრო ფანტაზიის ნაყოფია და ფანტაზია კიდევ მაგრე-რიგად არ ეწყობა და არ ემორჩილება ზნეობით კანონის მოთხოვნილებას. ხშირად მდაბიო ხალხი, გატაცებული ფანტაზიის აღმაფრენით, დამღერის და დაჰხარის ისეთს საგანს და მოვლენას, რომელიც ძირეულად ეწინააღმდეგება ცხოვრების სიკეთესა და ცრუმორწმუნოებაზედ არის აშენებული. რასაკვირველია, მარტო პოეზიის მიხედვით დასკვნა და მსჯელობა ხალხის ცხოვრების საჭიროებაზედ და მის მოთხოვნილებაზედ შეცდომა იქნება და ამ შეცდომას საზარალო შედეგი უნდა მოჰყვეს. თუ ამ შემთხვევაში შეცდომის თავიდამ აცილება გვსურს, პოეტურ შეხედულობის გარდა ხალხის სხვა შეხედულობას და მსჯელობასაც ყური უნდა ვათხოვოთ, და ეს შეიძლება მხოლოდ მაშინ, როცა ხალხის ყველაგვარი ნაწარმოები შესწავლილი გვექნება. ჩვენი დედააზრი ეს არის: ხალხის ცხოვრება ყოველმხრივ და ჰარმონიულად უნდა შევისწავლოთ; იმის ყოველგვარი გონებითი ნაწარმოები უნდა შევკრიბოთ. ჩვენ ამ-ჟამად დავასახელეთ ნაწარმოები ორის სფეროდამ _ ეკონომიურის და იურიდიულის ცხოვრებიდამ. ეს იმიტომ, რომ ერთისა და მეორისაც შეკრება და შესწავლა ყველასათვის საადვილო საქმეა და უფრო ბეჯითობას და დაკვირვებას თხოულობს, ვიდრე სპეციალურს ცოდნასა და მომზადებას. ვინც ცოტაოდნად ნასწავლია და ხალხში ტრიალებს, ცხოვრობს, თვალყურს ადევნებს იმის ეკონომიურს და იურიდიულს ჩვეულებებს, ის ადვილად შენიშნავს ამ ჩვეულებებს და იმათი ქაღალდზედ გადმოღება ხომ უფრო ადვილი საქმეა. ერთის რომელისამე საგნის ამოჩემება, იმისი “მოდად” დაწესება და სხვა საგნების დავიწყება კარგი არადროს არ ყოფილა და არც ჩვენთვის იქნება.

სახალხო პოეზია კარგია, მაგრამ, როცა მარტო იმისი შეკრება იზიდავს მთელის ინტელიგენციის ყურადღებას, როცა ეს შეკრება “მოდად” ხდება, მაშინ საჭიროა, რომ სხვა საგნებისაკენაც მიიხედოს განათლებულმა საზოგადოებამ. საჭიროა, რომ ჩვენმა ნასწავლმა საზოგადოებამ ერთად თავი მოიყაროს, მოილაპარაკოს, ასწონ-დასწონოს ყოველიფერი ამ საგნის შესახებ და პროგრამა შეადგინოს ხალხის ზნეჩვეულებათა შეკრებისა და შესწავლისათვის. თუ ყველგან ამას მისდევენ, განა ჩვენთვის კი დრო არ არის?

“რა სურს ხალხს და რას აქცევს ზურგს იგი”

* * *

როგორც მეცნიერები მიიჩნევენ, ამ წერილით საფუძველი ჩაეყარა საქართველოში ეთნოგრაფიული მეცნიერების განვითარებას. ილია მოუწოდებდა თანამემამულეებს, შეეკრიბათ ხალხში შემორჩენილი საუნჯე, რომელიც, მწერლის აზრით, დიდ გავლენას მოახდენდა ხალხის გონებისა და ცნობიერების განვითარებაზედ, ეროვნულ წარმატებაზედ”. ილია შეაგონებს თანამემამულეებს, რომ კარგია ხალხური პოეტური ნაწარმოებების შეკრება და ჟურნალ-გაზეთებში დაბეჭდვა, მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ უნდა დავივიწყოთ “სხვა საგნები-კი ხალხის ნაწარმოებებისა”, რომლებიც “სრულიად დავიწყებული გვაქვს”. პირველ რიგში ის ხალხის ეკონომიკური და იურდიული ურთიერთობების ამსახველი მონაცემების შეკრებას გულისხმობდა: “ფრიად სასარგებლო უნდა იყოს ყველა შეგნებული ქართველისათვის იცოდეს _ რაგვარ და რომელ ჩვეულებებს მისდევს მდაბიო ხალხი თავის ეკონომიკურ და იურდიულ ურთიერთობების შესახებ. ეს სფერა ცხოვრებისა მთელს სურათს გადაუშლის ჩვენს მოწინავე საზოგადოებას და ცხოვრების სურათი კიდევ დაგვანახებს ხალხის ავსა და კარგს, იმის შეხედულებას სამართალზედ, ერთურთის დამოკიდებულებაზედ და სხვა”.

ილია დარწმუნებულია, რომ: სადაც მდაბიო ხალხის ცხოვრების შესწავლა ნამდვილ გზაზედ არის დაყენებული, სადაც შეგნებული აქვთ, თუ რა საუნჯეა დარჩენილი სხვადასხვა ჩვეულებებში, იქ მდაბიო ხალხის ყოველგვარ ჩვეულებას, ცხოვრებას ჯეროვანს ყურადღებას აქცევენ და გამოუკვლევლად არაფერსა სტოვებენ”. ილიამ იცოდა, რომ ხალხის მიერ შექმნილ ტრადიციებს, ეთნიკურ კულტურას მოწინავე ხალხები განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევენ, რადგან ამგვარ შეკრებასა და კვლევას “მოაქვს სასარგებლო და კეთილი ნაყოფი. მხოლოდ ამნაირის შესწავლით და გამოკლევით შეიძლება ყოველმხრივ შევიგნოთ ხალხის წარსული და აწმყო, იმისი ავი და კარგი, იმის წადილი, საჭიროება: სადაც ასე არ არის, იქ ყოველთვის შესაძლოა შევცდეთ და ვერ შევიტყოთ _ რა სურს ხალხს და რას აქცევს ზურგს იგი”.

ილია მოუწოდებდა “ნასწავლ საზოგადოებას”: “ხალხის ცხოვრება ყოველმხრივ და ჰარმონიულად უნდა შევისწავლოთ; იმის ყოველგვარი გონებით ნაწარმოები უნდა შევკრიბოთ”. ხოლო საისტორიო წყაროებში დადასტურებული მთელი რიგი მოვლენების აღდგენა ეთნოგრაფიული ფაქტების საშუალებით უნდა მომხდარიყო, განსაკუთრებით კი ხალხში შემონახული იმ ტრადიციების საშუალებით, რომლებიც სამეურნეო-ეკონომიკურ, სოციალურ და სარწმუნოებრივ საკითხებს ეხებოდა. ილია ჭავჭავაძემ შეკრიბა განათლებული ადამიანები და დაავალა საქართველოს ამა თუ იმ ისტორიულ-ეთნოგრაფიულ მხარეში ეთნოგრაფიული მასალების შეკრება. ესენი იყვნენ: ვაჟა-ფშაველა, (წერდა შესანიშნავ წერილებს ფშავისა და ხევსურეთის შესახებ), ნიკო ხიზანიშვილი (აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთის შესახებ), ალექსანდრე ყაზბეგი (მოხევეების ეთნოგრაფიული ყოფის შესახებ აქვეყნებდა ეთნოგრაფიულ ნარკვევებს), ნიკოლოზ აბაზაძე (შემოგვინახა ეთნოგრაფიული რეალიები ქართლის შესახებ), დიმიტრი და მოსე ჯანაშვილები (საინგილოს შესახებ მასალებს კრებდნენ), ზაქარია გულისაშვილი (კახეთში), ივანე გვარამაძე (სამცხე-ჯავახეთში), თედო სახოკია, ნიკო ჯანაშია (აფხაზეთში, სამეგრელოში, გურიასა და აჭარაში), ბესარიონ ნიჟარაძე (სვანეთში). ასე რომ, ილია ჭავჭავაძე XIX საუკუნის 70-იანი წლებიდან საქართველოში ეთნოლოგიური კვლევის ორგანიზატორი გახლდათ.

“რა სურს ხალხს და რას აქცევს ზურგს იგი”

ქვეყნის წინსვლისათვის ილიას აუცილებლად მიაჩნდა პროგრესული იდეების დანერგვა, თუმცა მოითხოვდა საუკუნეების განმავლობაში ჩამოყალიბებული ტრადიციებისთვის ანგარიშის გაწევას, მათ დაცვას, რადგან ისინი ქართველმა ხალხმა შექმნა.

რაც შეეხება ქართველი ერის გადარჩენის პრობლემას, ამ საკითხის გადასაწყვეტად ილიასთვის მთავარი იყო ეკონომიკური წყობის, მიწათმოქმედების, მიწათმფლობელობისა და მიწათსარგებლობის კვლევა (გუთნისა და ხმლის ერთობლიობა), რაშიც ისტორიულ-ეთნოგრაფიულ ასპექტებს გულისხმობდა. ამიტომაც მისი ხელდასხმით საქართველოს სხვადასხვა ისტორიულ-ეთნოგრაფიულ მხარეში დაგზავნილ სწავლულებს სწორედ აღნიშნული მოვლენის აღნუსხვა ევალებოდათ.

მართალია, ილია ჭავჭავაძე წერდა ქართველთა წარსულზე, მაგრამ მისთვის მთავარი მაინც ქვეყნის მომავალი, ქართველი ხალხის გადარჩენის საკითხი იყო. ეს პრობლემა, რომელიც ილიას დროს აქტუალური იყო, დღესაც აქტუალურია. ამ საკითხს მიუძღვნა მან საყოველთაოდ ცნობილი პუბლიკაცია “რა გითხრათ? რით გაგახაროთ?” თითქოს დღევანდელ ქართველებს მიმართავს: “ტყე-მინდორი, მთა-ბარი, მიწა-წყალი, ჰავა-ჰაერი იმისთანა გვაქვს, რომ რა გინდა სულო და გულო, არ მოიხვეჭო, არ იშოვო, არ გამოიყენო. აქ ჩიტის რძეს რომ იტყვიან, ისიც იშოვება, ოღონდ ხელი გასძარ, გაისარჯე, იმხნევე, მუცელსა და გულთა-თქმას ბატონად ნუ გაიხდი. იცოდე, დღეს მძლეთა-მძლეა გარჯა, შრომა და ნაშრომის გაფრთხილება, შენახვა, პატრონობა, გამოზოგვა საჭიროებისამებრ. ვართ-კი ასეთნი?.. რა გითხრათ? რით გაგახაროთ?”. დიახ, წარსულში თუ ვაჟკაცობამ, ხმალმა გვიხსნა, რომელსაც ქართველები თავად ჭედავდნენ, ილია თანამემამულეებს მოუწოდებს, რომ “წავიდა ის დრო: დაჩლუნგდა ხმალი, გაუქმდა ვაჟკაცობა. ეხლა ხმალი თაროზე უნდა შევდვათ, აღარაფრის მაქნისია; ეხლა ან ადლი უნდა გვეჭიროს ხელში, ან გუთანი, ან ჩარხი ქარხნისა, ან მართულობა მანქანისა. ეხლა … ვაჟკაცობა უნდა შრომისა, რომ ოფლი ჰღვაროს”. იქვე მწერალი იმასაც გვეუბნება, რომ ხმლით მოსულმა ვერა დაგვაკლორა _ შრომით და გარჯით, ცოდნით და ხერხით მოსულიკი თან გაგვიტანს, ფეხქვეშიდან მიწას გამოგვაცლის, სახელს გაგვიქრობს, გაგვიწყვეტს, სახსენებელი ქართველისა ამოიკვეთება, და ჩვენს მშვენიერს ქვეყანას, როგორც უპატრონო საყდარს, სხვანი დაეპატრონებიან. შრომასა და გარჯას, ცოდნასა და ხერხს ვეღარავინღა გაუძლებს, თუ შრომა და გარჯა, ცოდნა და ხერხი წინ არ მივაგებეთ, წინ არ დავახვედრეთ, წინ არ დავუყენეთ. ვართ კი ყოველ ამისათვის მზად? ან გვეტყობა რაშიმე, რომ ეს ყოველივე ვიცით და ვემზადებით?.. რა გითხრათ? რით გაგახაროთ?”.

შეიძლება ვინმემ იკითხოს: რა კავშირშია ყოველივე ზემოთქმული ეთნოლოგიასთან? _ ეთნოლოგიის ერთ-ერთი აქტუალური საკითხი ერის გადარჩენის პრობლემაა და ეთნოლოგია მხოლოდ წარსულში შექმილი ტრადიციებისა და წეს-ჩვეულებების შემსწავლელი მეცნიერება არაა. ის თანამედროვეობასაც სწავლობს, ძველსა და ახალ ყოფას მჭიდრო ურთიერთკავშირში განიხილავს.

ილია ჭავჭავაძემ ერთ-ერთმა პირველმა აღნიშნა, რომ ქართველი ერის ძირითად სამეურნეო საქმიანობას მიწათმოქმედება წარმოადგენდა, ჩვენს წინაპრებს მხოლოდ ვაჭრობისთვის რომ მიეყოთ ხელი, დაიქსაქსებოდნენ და ეროვნული კონსოლიდაცია შეუძლებელი იქნებოდა: მარტო ვაჭრობაზე მიქცეული ერი დარღვეულია, გაქსუებული, გაფანტულია”, ქართველები კი სწორედ მიწაზე მიჯაჭვულობამ გადაარჩინა. ახლა რას იტყოდა ერის მამა, ახლა, როცა ნახევარი საქართველო უცხოეთშია გადახვეწილი აქ დატოვებული ოჯახის გამოსაკვებად, როცა მომრავლდა გამოკეტილი სახლები და ნასახლარები?! დროა გამოფხიზლების, თვალზე გადაკრული ლიბრის მოშორების და შრომის, მუხლჩაუხრელი შრომის, რომელიც არავისგან გვესწავლება; მივხედოთ სახნავსათესს, ველმინდვრებსამ ჩვენს ღვთივკურთხეულ მიწაზე ხომ თითქმის ყველაფერი მოდის, რაც კი უფალს ადამიანის არსებობისთვის შეუქმნია. და საკუთარ თავს ჩვენვე რომ უნდა ვუპატრონოთ, ეს ხომ ცხადზე უცხადესია.

რუბრიკას უძღვება დარეჯან ანდრიაძე

გააზიარეთ

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here