ამერიკელი მეცნიერების სენსაციური ჰიპოთეზა, რომ არსებობს კავშირი “კოვიდ-19”-ით გამოწვეულ სიკვდილიანობასა და ტუბერკულოზის საწინააღმდეგო აცრებს შორის, რუსეთის ფედერალური სამედიცინო–ბიოლოგიური სააგენტოს ხელმძღვანელმა ვერონიკა სკვორცოვამ დაადასტურა. თუ ეს ასეა, გამოდის, რომ პოსტსაბჭოთა ქვეყნების, მათ შორის, საქართველოს მოსახლეობა შედარებით დაცულია კორონავირუსისგან, ვიდრე, მაგალითად, ამერიკელები და იტალიელები. რატომ თქვეს უარი დასავლეთის ქვეყნებმა “ბე–ცე–ჟე”-ს გამოყენებაზე, სოცბანაკის სახელმწიფოებმა კი არა? და როგორ მუშაობს ეს?
სპეციალისტების კვლევების შედეგების მიხედვით, კორონავირუსით ინფიცირებულთა შორის სიკვდილიანობის მაჩვენებელი გაცილებით დაბალია იმ ქვეყნებში, რომლებშიც ახალშობილებს აუცილებლად ცრიდნენ ტუბერკულოზზე.
ტუბერკულოზის საწინააღმდეგო ვაქცინა მსოფლიოში ერთადერთია _ საუკუნის წინათ სინჯარაში გამოყვანილ ვაქცინას ასე ჰქვია “ბე–ცე–ჟე”, ანუ კალმეტ–გერენის ბაცილა, რომელსაც ასე ეწოდა აღმომჩენთა პატივსაცემად. რამდენიმე წლის წინათ აშშ–ში თითქოს შექმნეს ახალი ვაქცინა და წარმატებით გამოსცადეს თაგვებზე, მაგრამ ადამიანებზე მასობრივ გამოყენებამდე საქმე არ მისულა.
აღსანიშნავია, რომ არსებობს “ბე-ცე-ჟე”-ს სხვადასხვა შტამი, მათ შორის ყველაზე გავრცელებულია საბავშვო, საბჭოთა კავშირსა და რუსეთში კი იყენებდნენ და იყენებენ საკუთარს, უფრო ეფექტიანს, ქმედითს. ამის აღნიშვნა აუცილებელია. ევრომაიდნის შემდეგ უკრაინამ შეწყვიტა რუსული ვაქცინის შესყიდვა, შედეგად დღეს იქ ეპიდემიური ვითარება კრიტიკულია და სახიფათოა მისი მეზობელი ქვეყნებისთვისაც. დროთა განმავლობაში უკრაინა გადავიდა დანიურ შტამზე, რომელსაც ბევრი გართულება ახასიათებს, თუმცა თვითონ დანიაში ვაქცინის წინააღმდეგი ცოტაა, რადგან მასობრივი ვაქცინაცია არ ტარდება.
დავუბრუნდეთ რუსეთის ფედერალური სამედიცინო-ბიოლოგიური სააგენტოს ხელმძღვანელ ვერონიკა სკვორცოვას განცხადებას. ჩანს, რომ ის კარგად იცნობს კვლევას ტეხასის უნივერსიტეტის მეცნიერებისა, რომლებმაც “კოვიდ-19”-ის პანდემიის შუალედური შედეგები გააანალიზეს 178 ქვეყანაში. აღმოჩნდა, რომ იქ, სადაც “ბე–ცე–ჟე”-ს აუცილებელ აცრაზე, დიდი ხანია, უარი თქვეს, რამდენჯერმე მეტია ინფიცირებულთა რაოდენობა და გარდაცვალების შემთხვევები.
“ჩვენ არ ველოდებოდით ასეთ დიდ სხვაობას”, _ განაცხადა ერთ-ერთმა მკვლევარმა.
აქვე აღსანიშნავია, რომ კორონავირუსით გამოწვეულ სიკვდილიანობასა და ტუბერკულოზის საწინააღმდეგო აცრებს შორის კავშირი ჯერ მხოლოდ ჰიპოთეზაა, მაგრამ შეუძლებელია იმ ეპიდემიოლოგიური კონტრასტის იგნორირება, რომელიც თვალშისაცემია, როგორც მსოფლიოში, ისე ერთი ქვეყნის მასშტაბით.
პანდემიის მთავარ კერებში _ აშშ-ში, იტალიასა და ესპანეთში _ აუცილებელი არ არის “ბე-ცე-ჟე”-ს აცრა, არც გერმანიაში, რომელიც ინფიცირებულთა რაოდენობით მეოთხე ადგილზეა, მაგრამ ყოფილი გფრ-ის მიწებზე (ასე ჰქვია გერმანიაში მხარეებს), სადაც 1975 წელს გააუქმეს ტუბერკულოზის საწინააღმდეგო აცრები ბავშვებისთვის, ინფიცირებულთა და გარდაცვლილთა რაოდენობა გაცილებით მეტია, ყოფილი გდრ-ის მოსახლეობასთან შედარებით, სადაც “ბე-ცე-ჟე”-ს აცრებს ატარებდნენ 1990-იანი წლების ბოლომდე.
ის, რომ ტუბერკულოზისგან შეძენილი იმუნიტეტი მუშაობს კორონავირუს SARS-2-ის შემთხვევაშიც, სპეციალისტისთვის პარადოქსულია. როცა ეს ჰიპოთეზა პირველად წამოაყენეს (სხვათა შორის ამერიკელებმა), ბევრმა ექსპერტმა, მათ შორის რუსმაც, არ დაიჯერა, თუმცა, რა თქმა უნდა, ამ თეორიას კვლევა და დამტკიცება სჭირდება.
ვირუსები და ბაქტერიები “ნათესავები” არ არიან, პირიქით _ პრინციპულად განსხვავებული სიცოცხლის ფორმებს წარმოადგენენ. ზოგიერთი ვირუსი მიზანმიმართულად აზიანებს ბაქტერიებს. ისინი უჯრედოვან სისტემას “ატყუებენ” სპეციალური ცილით, რათა შიგნით შეაღწიონ, გამრავლდნენ და უკან გამოვიდნენ. ეს ცილა, როგორც გასაღები, უნივერსალური არ არის _ მას მხოლოდ განსაზღვრული უჯრედების “მოტყუება” შეუძლია ორგანიზმებში. კორონავირუსისთვის, რომელიც სრულიად პლანეტას მოედო, ეს არის კუჭისა და ფილტვების უჯრედები.
სულ სხვაა ტუბერკულოზის მიკრობაქტერიები, რომელთა შორისაც ყველაზე ცნობილია კოხის ჩხირები. მათ შეუძლია დააზიანოს, პრაქტიკულად, ნებისმიერი ორგანო, თუ იქნება საჭირო გარემო. უფრო მეტიც _ ადამიანი შეიძლება დაინფიცირდეს მიკრობაქტერიებით არა მხოლოდ ადამიანებისგან, არამედ ფრინველებისგან, გველებისგან და აკვარიუმის თევზებისგანაც კი. მართალია, თევზის მიკრობაქტერია ადამიანის ორგანიზმში მოხვედრის შემდეგ სწრაფად კვდება ტემპერატურული სხვაობის გამო, მაგრამ ასეთი ინფიცირება გასაკვირი არ არის.
თუ ვირუსები პრიმიტიულები არიან და კვდებიან გარე ზემოქმედების შედეგად, ბაქტერიები უკეთესად ორგანიზებულები არიან და უფრო დიდხანს ცოცხლობენ.
კორონავირუსი რაიმე ზედაპირზე მოხვედრიდან რამდენიმე წუთის, დიდი–დიდი, რამდენიმე საათის შემდეგ კარგავს ვირულენტურობას (დაინფიცირების უნარს), განსაკუთრებით სიცხეში ან მაღალ უარყოფით ტემპერატურაზე, კოხის ჩხირს კი ამისთვის თვეები და წლებიც კი სჭირდება, ის წუთის განმავლობაში ცოცხლობს ადუღებულ წყალში ან ქლორის ნაერთში, ყინულში კი _ საუკუნეების განმავლობაში.
ადამიანის ორგანიზმში კოხის ჩხირი შეიძლება იყოს ამ ადამიანის სიცოცხლის ბოლომდე და არც კი გამოვლინდეს, რადგან ტოქსინებს არ გამოყოფს. სპეციალისტების აზრით, ტუბერკულოზის მიკრობაქტერიებით დედამიწის მოსახლეობის მესამედია ინფიცირებული, მაგრამ მხოლოდ ყოველ მეათეს შეიძლება გადაუვიდეს დახურული სტადია ღია სტადიაში _ იმ ტუბერკულოზში, როცა ბაქტერიები აქტიურად მრავლდებიან, პაციენტი კი გადამდებია გარშემომყოფთათვის. ტუბერკულოზის ღია ფორმისგან ადამიანის განკურნება რთულია, მაგრამ შესაძლებელი, მიკრობაქტერიების ორგანიზმში მთლიანად განადგურება კი შეუძლებელია.
“ბე-ცე-ჟე”-ს არსით ძროხის ტუბერკულოზის შტამის ვარიანტია, გამოზრდილი სპეციალურ გარემოში. შედეგად მან დაკარგა პათოგენურობა, მაგრამ მაინც შეუძლია ე.წ. უჯრედოვანი იმუნიტეტის პროვოცირება _ ისევე, როგორც კოხის ჩხირის შემთხვევაში. შედეგად, ადამიანი მაინც დასნებოვნდება, მაგრამ არ მოხდება ბაქტერიების უკონტროლო გამრავლება და არ განვითარდება ტუბერკულოზის ღია ფორმა.
განსაკუთრებით სახიფათოა ის ბავშვებისთვის. ტუბერკულოზურ მენინგიტს შეუძლია რამდენიმე საათში გამოასალმოს ადამიანი სიცოცხლეს. აი ამიტომ არის საჭირო “ბე–ცე–ჟე”, რომელსაც ადრე თითქმის ყველას უკეთებდნენ, საქართველოსა და პოსტსაბჭოთა ქვეყნების უმრავლესობაში კი დღესაც უკეთებენ.
ამ ვაქცინასა და კორონავირუსის მიმართ ორგანიზმის მედეგობას შორის სავარაუდო კავშირს ხსნიან იმით, რომ SARS-2-სა და კოხის ჩხირს შორის არის რაღაც საერთო _ ისინი უჯრედების პათოგენებს წარმოადგენენ. დიდი ალბათობით, “ბე–ცე–ჟე”-ს მიერ გამოწვეული მიკრობაქტერიების საწინააღმდეგო უჯრედოვანი იმუნიტეტი შეეწინააღმდეგება, აგრეთვე, ვირუსის შეჭრას, მაგრამ ეს, კიდევ ვიმეორებთ, კვლევებით უნდა დამტკიცდეს.
“ბე-ცე-ჟე”-სა და კორონავირუსს შორის სავარაუდო კავშირში საინტერესოა ის, რომ უჯრედოვანი იმუნიტეტის მოქმედების ვადა 15 წელია, მაგრამ ეს დრო საკმარისია იმისთვის, რომ ორგანიზმმა გადაიტანოს მიკრობაქტერიების გამრავლების სახიფათო სტადია. კორონავირუსს კი ყველაზე ნაკლებ წინააღმდეგობას უწევენ ხანდაზმული ადამიანები.
საბოლოო ჯამში, თუ ურთიერთკავშირი დადგინდება, ეს იქნება უკვე მეორე ტუბერკულოზური ფაქტორი, რომლის გამოც პოსტსაბჭოთა ქვეყნები, უწინარესად, რუსეთი, შედარებით მომზადებული შეხვდა პანდემიას. პირველი ფაქტორია ფილტვების ხელოვნური ვენტილაციის აპარატებით უზრუნველყოფა. ეს აპარატები იტალიაში ყოველ 100 ათას კაცზე 8 ერთეულია, ბრიტანეთში _ 13, აშშ–ში _ 19, რუსეთში _ 27. და ეს ტუბერკულოზის გამო.
ტუბერკულოზის ახალი ვაქცინის შექმნა მსოფლიო მეცნიერების მთავარ პრიორიტეტებს შორისაა, მაგრამ ამჟამად, გასაგები მიზეზების გამო, პრიორიტეტები შეიცვალა _ წინა პლანზე წამოიწია “კოვიდ-19”-მა, რომლის ვაქცინის შექმნასაც შემოდგომისთვის ვარაუდობენ.
Vz.ru–ზე გამოქვეყნებული მასალის მიხედვით მოამზადა ნიკა კორინთელმა