მთავარი საზოგადოება რა ეშველება მიწის იმ ფართობებს, რომლებიც უკვე გაყიდულია? ან იმ მიწებს, რომლებზეც...

რა ეშველება მიწის იმ ფართობებს, რომლებიც უკვე გაყიდულია? ან იმ მიწებს, რომლებზეც უკვე დასახლდნენ უცხოელები?

2085
გააზიარეთ
მიწა

ილია ჭავჭავაძემ თავისი შემოქმედებითა და შრომით დაგვანახვა, რა უნდა ვაკეთოთ ქვეყნის აღორძინებისა და შემდგომი სრულყოფისთვის, ხოლო ეკონომიკური აღორძინებაგაძლიერებისა და წინსვლის საქმეში უპირატესობას სოფლის მეურნეობას ანიჭებდა, ღრმად სწამდა საქართველოს მრავალდარგოვანი სოფლის მეურნეობის პროდუქტიულობისა და კონკურენტუნარიანობის. ილიამ იცოდა, რომ სოფლის მეურნეობის აღორძინებას ფინანსური რესურსები სჭირდებოდა.

ამასთანავე, უნდა გადაჭრილიყო ერისთვის უმნიშვნელოვანესი _ “მიწის ქართველთა ხელში დარჩომისამოცანა. მკვიდრი მიწათმოქმედი _ ქართველი გლეხი უნდა დამკვიდრებულიყო იმ მიწაზე, რომელსაც იგი ამუშავებდა და რომელიც საქართველოს ტერიტორიას მოიცავდა.

მიწის ქართველთა ხელში დარჩომისსაკითხი განსაკუთრებული სიმწვავით დაისვა XXI საუკუნის საქართველოშიც.

დღეს, როცა ჭილყვავივით შემოგვესივნენ დოლარებით ჯიბეგატენილი ურჯულონი, ფულს დახარბებული სახელმწიფო მოხელეები კი უშურველად არიგებენ მთას, ტყეს, მდელოს, სავარგულს _ ყველაფერს, რაც სიცოცხლის ფასად დაიცვა და შეგვინარჩუნა ჩვენმა მამაპაპამ, ქართული მიწა შაგრენის ტყავიით პატარავდება. “რაკი საქართველოსა და სხვა ქვეყნის მოქალაქეები ბინის შეძენისას თანაბარი უფლებებით სარგებლობენ, უცხოელთა დაინტერესება დიდია _ მყიდველთა 80% უცხოელია. ჩამოდიან რუსეთიდან, ბელარუსიდან, უკრაინიდან, ყაზახეთიდან, ასევე, ევროპის ქვეყნებიდან და საუდის არაბეთიდან. ყველა მსურველს აქვს საშუალება, ბინა შეიძინოს ყიდვაგაყიდვის უმარტივესი წესით”, _ ამ ინფორმაციას კომპანიარეალ პალასისდირექტორი ედნარ ხიმშიაშვილი თავმოსაწონებლად აწვდის ერთერთ გამოცემას და თავის სიტყვებში საგანგაშოს ვერაფერს ხედავს, ვერც ზოგიერთი პოლიტიკოსი, სამწუხაროდ. სასოფლოსამეურნეო დანიშნულების მიწის უცხოელებზე მიყიდვის საკითხი კარგა ხანს იდგა დღის წესრიგში და ახლახან, როგორც იქნა, გადაწყდა, რომ უცხოეთის მოქალაქეებსა და მოქალაქეობის არმქონე პირებზე სასოფლოსამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრებაში გადაცემა უნდა აიკრძალოს.

მაგრამ რა ეშველება მიწის იმ ფართობებს, რომლებიც უკვე გაყიდულია? ან იმ მიწებს, რომლებზეც უკვე დასახლდნენ უცხოელები? რა ეშველება იმას, რომ მშენებარე თუ ახალაშენებულ კორპუსებში ბინების ლამის 80 პროცენტს უცხოელები ყიდულობენ?

რა ეშველება ქვეყანას, როცათავი და ბოლო ხალხის ცხოვრებისა, საზრდოებისა, სიმდიდრისამის ხელში აღარ არის?

აი კიდევ ერთი წყევლაკრულვიანი საკითხავი.

ილია ჭავჭაბაძის აზრით, “სოფლის მეურნეობას, ადგილ-მამულის პატრონობის წარმოებას დიდი მნიშვნელობა აქვს ხალხის სიმდიდრისათვის ყველგან და ჩვენში უფრო განსაკუთრებით იმიტომ, რომ ჩვენში სხვა თვალსაჩინო ეკონომიური წარმოება არა არის რა, თვინიერ სოფლის მეურნეობის წარმოებისა. …ხალხის სიმდიდრეზედ კიდევ დაფუძნებულია ყოველის მთავრობის სულიერი და ხორციელი კეთილდღეობა. აქედამ ადვილად მისახდომია, რომ მთელს ევროპაში ყოველის ხალხის მთავრობას დიდი ყურადღება, დიდი ზრუნვა აქვს მიქცეული თვისის ხალხის სოფლის მეურნეობაზედ და დიდ ფულსაც ხარჯვენ, რომ მაგ უმთავრესს წყაროს ხალხის სიმდიდრისას ფართო, რიგიანი და შეუფერხებელი დენა ჰქონდეს”.

“ჩვენებური გლეხი ბინადარი კაცია, საცა დაბადებულა, იქ მკვიდრად ფეხ-მოკიდებულია და ღრმად ფესვგადგმული. იგი თავის მამა-პაპეულ ბინაზედ დამოკიდებულია მარტო საეკონომიო ანგარიშით კი არა, არამედ სულითაც და გულითაც; ესე იგი ზნეობითაც შემსჭვალულია. მისი სოფელი სამკვიდროა, თვითონ “მკვიდრია” თავის სოფლისა და სხვა თავ-მოსაწონებელი სახელი არ იცის”. სწორედ ამიტომ მიაჩნდა ილიას სოფლის მეურნეობა ეროვნული ცხოვრების აღორძინების პროგრამის ეკონომიკურ საძირკვლად.

ერის მოძღვარმა უპირველესი ზრუნვისა და დაცვის ობიექტად მიწათმოქმედება აღიარა: ერთი უდიდესი წყარო სიმდიდრისა, უფრო მტკიცე და საიმედო ხვნათესვაა, მიწათმოქმედებაა ყოველგვარი, იმიტომ, რომ ამ მრეწველობის ნაამაგარი შეადგენს უპირველეს საჭიროებას ადამიანის ცხოვრებისას”.

სასოფლო-სამეურნეო წარმოების რაციონალური გაძღოლა ილიას ვერ წარმოედგინა ადგილობრივ მიწათმოქმედთა მიერ თანამედროვე ტექნოლოგიური მიღწევების ათვისების გარეშე. მას არა ერთხელ შეუსყიდია გერმანიიდან თუ საფრანგეთიდან უახლესი მოდიფიკაციის მანქანა-იარაღები საკუთარ მამულში გამოსაყენებლად, მაგრამ კვალიფიციური მუშახელის არარსებობის გამო ეს ვერ მოახერხა.

ილია ჭავჭავაძე საქართველოში მრავალდარგოვანი, ფართოდ სპეციალიზებული სოფლის მეურნეობის განვითარების აუცილებლობაზე საუბრობდა. ილიას აზრით, დარგობრივ სპეციალიზაციას უნდა ეპასუხა საშინაო და საგარეო ბაზრის მოთხოვნებისთვის: ამ ეკონომიურ გზაზე ჩვენი საქართველო რომ დადგეს, ჩვენმა მიწათმოქმედებამ რომ ეს ახალი გზა და მიმართულება ირჩიოს, რუსეთისათვის ის ამზადოს, რაც რუსეთს არ აქვს, და იქიდამ ის ჰზიდოს, რაც რუსეთს ვერ კი გაუსაღებია, _ სახელმწიფო ინტერესის თვალითაც კი მეტად სახეიროა რუსეთისთვისაც”.

ილიას მოსაზრება რუსეთთან პარტნიორობის შესახებ ყურადსაღებია თუნდაც იმიტომ, რომ იგი კარგად იცნობდა რუსეთის ბაზარს, ქვეყნის მასშტაბსა და შესაძლებლობებს და დარწმუნებული იყო, რომ ჩრდილოეთის ბაზარზე ქართული პროდუქციის შეღწევა საქართველოს ეკონომიკასა და პრესტიჟს წაადგებოდა. ფაქტია, რომ რუსეთ-საქართველოს შორის არსებული სავაჭრო კავშირების მოშლამ საქართველოს ეკონომიკას უდიდესი ზიანი მიაყენა.

ყურადსაღები მოსაზრება გამოთქვა ილია ჭავჭავაძემ თავის წერილში კავკასიის სასოფლო მეურნეობის საზოგადოების შესახებ. ევროპის მოწინავე ქვეყნების (საფრანგეთი, ჰოლანდია, ბელგია, გერმანია) გამოცდილების მიმოხილვის შემდეგ ის ასკვნის: მთავრობას იმისთანა წყობილება უნდა ჰქონდეს, რომ ერთის გზით თავისი ხალხის მეურნეობის ნამდვილს, უტყუარს და აუცილებელ საჭიროებას დღემუდამ ჰგრძნობდეს, და მეორეს გზით _ მზად იყოს, ფულით, ცოდნით, რჩევით დაუყოვნებლივ შემწეობა მიაშველოს იქ მაინც, საცა კერძო პირთა შეძლება ვერ გაწვდება”.

ერის განმანათლებელი ცდილობდა, ევროპული გამოცდილების მაგალითზე ჩვენშიც დანერგილიყო ამხანაგობათა (კოოპერატივები) ჩამოყალიბების ტენდენცია. ილია მიესალმა თელავის თავადაზნაურთა მიერ შექმნილ “კახეთის სოფლის მეურნეთა კავშირის” შექმნას, მოიწონა მისი წესდების პროექტი და გამოთქვა იმედი, რომ “კავშირი” ბევრ სასიკეთო საქმეს გააკეთებდა: “ეს იმისთანა საქმეა, რომელიც საუკუნოდ სახსოვრად გახდის იმის სახელს, ვინც ამ საქმეს მესვეურობას და მეთაურობას გაუწევს. ესეც უნდა იცოდეს თავადაზნაურობამ, რომ აქ მცირეოდენის გაწირვა და გაცემა დიდის სიკეთის მომავლინებელია ყველასათვის ერთად და სათითაოდ ცალკე, და ყოველი დაზოგვა და არგაცემა დაკარგვაა”.

ილია ხედავდა, რომ “ერთადერთი ღონე ჩვენის ქონების გაძლიერებისა ჯერ ხანად მარტო მოწათმოქმედებაა ჩვენში”. “…თელავის თავად-აზნაურობას ეს საჭიროება უგრძვნია და საგნად შემდგარ ამხანაგობისა დაუდვია განკარგება და გაძლიერება მიწათმოქმედებისა.

განკარგება და გაძლიერება სწორედ იმ მხარეს უნდა მიექცეს, რომ

მიწათმოქმედებას ჩვენში სხვა გზა და მიმართულება აუჩინონ, გაუმრავალგვარონ კულტურა ჰავისა და მიწის შესაფერად, ყოველივე ახლად შემოსაღები საჭირნახულო შეუწონონ საშინაო და საგარეო ბაზრის მოთხოვნილებას, ძვირფასი რამ ჭირნახული დაუდვან საგნად მიწისმომქმედს და იეფის ფასის ჭირნახულზე ხელი ააღებინონ, ან გაუადვილონ ხარჯი და მუშაობა”.

ილია ხაზგასმით აღნიშნავდა:

ჩვენი ძალღონე, ჩვენის ცხოვრების და ვინაობის ბურჯი, ჩვენი მკვიდრი და უტყუარი შემნახველი, ჩვენი სიკეთე და სიმდიდრე, _ მიწა და გუთანია.

რომელს ერსაც ეს ორი საგანი ხელთ შერჩენია, იმას თავი იმოდენად კიდევ შეუნახავს, რომ შეუძლიან თავმოწონებით სთქვას: მე ერი ვარ და მკვიდრი ბინა მაქვს სადღეისოდაც და სამერმისოდაც. სხვა ყოველივე ფუჭია და წარმავალი, ვერც ერის ვინაობას დაედება საძირკვლად, და ვერც ერთი ჯიშის, ერთის სისხლისა და ხორცის ადამიანთ თავს ერთად მოუყრის და ვერც ერად შეჰქმნის. საქმე მიწაა და გუთანი. …ისტორია მარტო იმ ერს ეკითხება, რომელსაც მიწაზედ ფეხი უდგას და ხელი გუთანს უვლია.

თავდაპირველი შემომქმედი ეროვნობისა და ერის სიმდიდრისა მხოლოდ გუთანი და მიწა ყოფილა და იქნება კიდეც. რადგანაც ისტორიას და ჩვენთა მამაპაპათა მხნეობას და თავგანწირვას ეს ორი ძვირფასი განძი ჩვენთვის შეურჩენია, რადგანაც საპოლიტიკო და საეკონომიო ყოფაცხოვრება ამ ორის საგნით სულდგმულობს, ამიტომაც ყოველი წარმატება, ყოველი წინ წადგმული ბიჯი ამ ორ საგნის მიმართ, ჩვენთვის დიდის ყურადღების ღირსი უნდა იყოს”.

ილიას მიზანი იყო, გლეხს შეეგნო ცოდნისა და დაგროვილი გამოცდილების შეძენის აუცილებლობა, ზიარებოდა მეცნიერების თანამედროვე მიღწევებს მიწათმოქმედებასა და მეცხოველეობაში, განმტკიცებოდა რწმენა, რომ მხოლოდ იგია ჭეშმარიტი პატრონი და გამგებელი წილხვედრი მიწისა. ილია ბრძანებდა: “განათლება, სწავლა, ცოდნა _ აი ერთადერთი საშუალება, რომელსაც შეუძლიან წამალი დასდოს ჩვენს ცხოვრებასყველა, ვინც კი მეცნიერებით და ცოდნით შეიარაღებულია, ყველა საჭიროა ახლა, თუ ნამდვილად გული გვტკივა ხალხისათვისერთი უმთავრესი სახსარი ცოდნის შეძენისა სამეურნეო სკოლაა. ამგვარის სკოლების გამართვა ჩვენში აუცილებელი საჭიროებაა”.

ილიამ იცოდა, რომ სოფლის მეურნეობის აღორძინებას ფინანსური რესურსები სჭირდებოდა. ამასთანავე, უნდა გადაჭრილიყო ერისათვის უმნიშვნელოვანესი _ “მიწის ქართველთა ხელში დარჩომის” ამოცანა. მკვიდრი მიწათმოქმედი უნდა დამკვიდრებულიყო იმ მიწაზე, რომელსაც იგი ამუშავებდა და რომელიც საქართველოს ტერიტორიას მოიცავდა.

დღესაც არ დაუკარგავს აქტუალობა დიდი საზოგადო მოღვაწის პუბლიკაციებს ქვეყანაში პურეულის მოვლა-მოყვანის, ტყის, ტექნიკური კულტურების გაშენების, სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის გამოყენების, მელიორაციის და სხვა პრობლემური საკითხების შესახებ. საინტერესო და დღესაც აქტუალურია ილია ჭავჭავაძის თვალთახედვა მთის პრობლემების მოგვარებაზეც. მას ღრმად სწამდა, რომ საქართველოს მთიანეთში მეცხოველეობის განვითარება ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი სასიცოცხლო არტერიის _ მთიანეთის აღორძინების უპირველესი პირობა იქნებოდა.

სოციალურ-ეკონომიკურ ცხოვრებაში წარმოების (კერძოდ, მიწათმოქმედების) და ვაჭრობის სფეროების მნიშვნელობის გააზრება-ანალიზის საფუძველზე წმ. ილია მართალი ასკვნის:

“ვაჭრობაც, რასაკვირველია, საჭიროა ერის ცხოვრებისათვის, იმოდენად, რამოდენადაც იგი ეზიდება საქონელს იქიდამ, საცა მეტია, იქ, _ საცა უჭირთ და ამ გზით შველის სიმდიდრის მოფენას და მორიგებას ყოველგან. ხოლო ვაჭრობა, წესიერადაც გაწყობილი, ამის მეტს სამსახურს ვერ გაუწევს ადამიანსა

და ბუნებითად იმისთანა რამ არის, რომ ერთს ბინაზედ არ აყენებს კაცს; საცა გამორჩომაა და ხეირი, იქ არის იმისი მამული, იმისი მიწა-წყალი. ამიტომაც ერი, მარტო ვაჭრობაზედ მიქცეული, დარღვეულია, გაქსუებული, გაფანტული. …ამისთანა ერს აუცილებელ ბედად ის უწერია, რომ სხვის კედლად უნდა იყოს, სხვა ერს შეეხიზნოს, სხვისით იცხოვროს. ამიტომაც საპოლიტიკო მოქმედებისათვის იგი ღონე-მოკლებულია, ერად ყოფნობისათვის ნიადაგი არა აქვს და ხელცარიელია, თუნდაც ჯიბეები ოქროებით ჰქონდეს გატენილი.

ამისთანა ერის ეკონომიური ყოფა-ცხოვრებაც იმ ერზედ არის დამოკიდებული, რომელსაც შეჰკედლებია და რომელსაც ხელთ უპყრია მიწა და გუთანი, იმიტომ _ რომ ვაჭრობა არა ჰქმნის სიმდიდრესა; მას მარტო ერთის ადგილიდამ მოჭარბებული სიმდიდრე გადააქვს მეორე ადგილას, საცა ნაკლებია, და ამ გადატანგადმოტანაში თავის გასამრჯელოდ დოიაქს იღებს იქიდამაც _ საიდამაც გადააქვს და იქიდამაც _ საცა მიაქვს. ამ სახით, ვაჭრობა არც ერის სიმდიდრის გაძლიერებაში არის თვითმომქმედი მონაწილე, მაშასადამე, იგი,  როგორც საპოლიტიკო, ისეც საეკონომიო საქმეებში, მუდამ სხვის მაყურებელია, სხვის პირში მაცქერალი, და ნამდვილ განათლებულ ვაჭარს ყოველთვის წინ გამოსახული ისა აქვს, რომ მისი კეთილდღეობა იმ ერის ბედთან არის შეხორცებული, რომელსაც შეჰხიზნებია. ამიტომაც იგი არ ერიდება და თავისად მიაჩნია იმ ერის ჭირიცა და ლხინიცა”.

დასასრულ, ისევ დიდ მოძღვარს მოვუხმოთ: “დღევანდელ ცხოვრებაში სუფრის თავში ის ერი დაჯდება, ვინც ირჯება, ვინც მუდამ შრომობს, ვინც ცდილობს, ეკონომიურად წელში გაიმართოს”.

ქართული სახელმწიფოს აღმშენებლობის ილიასეულ პროგრამას გვთავაზობს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმიდესი და უნეტარესი ილია მეორე: საქართველო მხოლოდ მაშინ გადარჩება და დაიმკვიდრებს ღირსეულ ადგილს მსოფლიოში, თუ ის თავის ტრადიციებზე დაყრდნობით შექმნის თანამედროვე ტექნოლოგიებსა და მიღწევებზე დაფუძნებულ ქართულ სახელმწიფოს.… საერთაშორისო ბაზარს უნდა შევთავაზოთ ეკოლოგიურად სუფთა სოფლის მეურნეობის პროდუქცია, რომლის საწარმოო ბაზა საქართველოს მთელი მთა და მთისწინეთია. ეს დიდ მოგებას მოუტანს ხალხს და ააღორძინებს ქართულ სოფელს”.

დაბოლოს, შევახსენებთ მავანთ ბიბლიის მრავლისმომცველ, დღევანდელი საქართველოსთვის უაღრესად აქტუალურ გაფრთხილებაშეგონებას: “შენი მამაპაპის გავლებულ მიჯნას ნუ შეცვლი” (იგავ. 22,28).

რუბრიკას უძღვება

დარეჯან ანდრიაძე

3 COMMENTS

  1. უცხოტომელებს უნდა მივაწვდინოთ ხმა და გავაგებინოთ მკაფიოდ, რომ საქართველოს კონსტიტუციით აკრძალულია საქართველოს ტერიტორიის გასხვისება (მუხლი მე-2), რომ დანაშაულს ჩადიან მყიდველიცა და გამყიდველიც, რომ მოხდება მათ მიერ უკანონოდ შეძენილი მიწების კანონიერად კონფისკაცია და მიეცემიან პასუხისგებაში! მყიდველიცა და გამყიდველიც!

  2. რა ეშველება და რატომღაც მგონია სახელმწიფომ 2007 წლიდან დღემდე მიწა კაპიკებში მიყიდა ოფიციალურად და არაოფიციალურად კი ალბათ მილიონები აიღო რატომღაც მჯერავს, ამიტომ მოხდეს გადახედვა და რაც ოფიციალურად გადაიხადეს ის უკან უნდა დაუბრუნოს სახელმწიფომ გამოისყიდოს და იჯარით გასცეს ვისზედაც უნდა იმ პირობით რომ დაასაქმებს ადგილობრივ მოსახლეობას და იჯარის ვადის გასვლის შემდეგ სახელმწიფომ უნდა დაიტოვოს შესაძლებლობა რომ პირობების არშესრულების შემთხვევაში მიწა დაუბრუნდება სახელმწიფოს და ვადაზე ადრე შეწყვეტს ურთიერთობას პირობის დამრღვევთან.. ასევე პიროვნება რომელიც უარს იტყვის საქართველოს მოქალაქეობაზე იმას უფლება არ უნდა ქონდეს გადაყიდოს სხვა უცხოელ მოქალაქეზე მიწის ნაკვეთი…

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here