Home რუბრიკები საზოგადოება რა არის კანონი და რისთვის არსებობს იგი, თუ ქვეყანასა და ხალხს წინსვლაში...

რა არის კანონი და რისთვის არსებობს იგი, თუ ქვეყანასა და ხალხს წინსვლაში არ დაეხმარება?!

5560
აქცია

 ამ კითხვას ილია ჭავჭავაძემ პასუხი გასცა წერილშიცხოვრება და კანონი”. ქვეყანაში, სადაცკაცთა უფლება და მოვალეობა, ძნელად გასარჩევია და არ არის საყოველთაოდ განსაზღვრული ცხადად და უცილოდ, იქ ხალხის წარმატება და კეთილდღეობა, თუ ყოველდღე უკან არ იწევს, შეფერხებული ხომ არის და არის”, _ ამბობს ერის მამა. “კაცს მაგოდენად ვერა შველის თურმე ვერც სიკეთე ჰაერისა, ვერც სიმსუქნე მიწისა, ვერც შეძლება ყოველგვარის წარმოებისა, თუკი კაცთა შორის კეთილად დადგენილი და ცხადად განსაზღვრული არ არის ურთიერთშორისი უფლება და მოვალეობაო”, _ ასეთია მისი დასკვნა.

ამა თუ იმ კანონის შეცვლა, კორექტირება ან სრულიად ახლის მიღება დღეს ისე აქტუალური თემაა, რომ ყველა ტელევიზიაში საეთერო დროის დიდი ნაწილი ამ საკითხს ეთმობა, სოციალურ ქსელებში გაცხარებული კამათობენ, მწვავე წერილები იბეჭდება პერიოდულ გამოცემებში. ერთი სიტყვით, მასმედია ბრძოლის ველად გადაიქცა _ გვიკიჟინებენ, რომ საქართველოში გრძელდება ქალთა დისკრიმინაცია, ბავშვთა უფლებების დარღვევა, გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა და რომ რასიზმი, ქსენოფობია, ჰომოფობია დღემდე ქართული რეალობის ნაწილია.

რა თქმა უნდა, სახელმწიფოს უპირველესი მოვალეობა ადამიანის უფლებების აღიარება და დაცვაა; ადამიანები იბადებიან თანასწორუფლებიანები და თითოეულ ჩვენგანს აქვს რელიგიის, მრწამსის, სიცოცხლის და პირადი ხელშეუხებლობის უფლება, მაგრამ ყოველ ადამიანს ხომ, ასევე, ეკისრება უდიდესი მოვალეობა და პასუხისმგებლობა ერისა და ქვეყნის წინაშე!

მოქმედ კანონთა უვარგისობა თუ სიკეთე თვით ხალხის ბრალია, იმიტომ, რომ თავი და ბოლო კანონებისა თვით ხალხიაო, _ მისაღებია თუ არა ეს აზრი, ამაზე ილია პასუხისგან თავს იკავებს, მაგრამ ამბობს, რომ იმ ქვეყანაში, რომელშიც კანონი არ კანონობს ან ვერაფერი შვილი კანონები აქვთ, ცხოვრება არათუ წინ მიდის, არამედ უკან იხევს და ამის მაგალითი ჩვენი ქვეყანააო.

გენიშნა, მკითხველო? _ უკან იხევსო

ალბათ, უპირველესად, გაგახსენდათ კანონი ლიბერლიზაციის შესახებ, ნარკოტიკების ლეგალიზებისა და მოხმარების დაკანონების მოთხოვნა და უამრავიწვრილმანიშესწორება ამა თუ იმ კანონის ამა თუ იმ მუხლში, რომლებიც არა მხოლოდ აზარალებს ჩვენს ქვეყანას, საფრთხეს უქმნის ქართველი ერის არსებობასაც.

მაშ, რა არის კანონი და რისთვის არსებობს იგი, თუ ქვეყანასა და ხალხს წინსვლაში არ დაეხმარება?

აი კიდევ ერთი წყევლაკრულვიანი საკითხავი.

ცხოვრება და კანონი

 რაც უნდა მდიდარი ქვეყანა უნდა იყოს ბუნებით, თუ იქ ჩემი და შენი, ესე იგი, კაცთა უფლება და მოვალეობა, ძნელად გასარჩევია და არ არის საყოველთაოდ განსაზღვრული ცხადად და უცილოდ, იქ ხალხის წარმატება და კეთილდღეობა, თუ ყოველდღე უკან არ იწევს, შეფერხებული ხომ არის და არის. თუ იმისთანა კაცი, როგორც ბისმარკი, რომელიც თავისუფლების დიდი მომხრე მაინდამაინც არ არის, ისე იღვწოდა თვითმმართველობისათვის, მერე იმ ქვეყნების შესახებ, რომელთაც გერმანიის მორჩილება არამცთუ უნდოდათ, არამედ ეთაკილებოდათ, თუ ამისთანა რკინის გულისა და მარჯვენის კაცი, როგორც ბისმარკი, სხვა გზით ვერ ახერხებდა ურჩის ხალხის გულის მოგებას. თუ არ თვითმართველობის მინიჭებითა. სხვას რაღა ეთქმის, ბუნებამ, რაც უნდა სიმდიდრით მორთოს რომელიმე მხარე, ანუ ქვეყანა, რაც უნდა მრთელი ჰავა მისცეს ადამიანს საცხოვრებლად და ნაყოფიერი მიწა საზრდოებისათვის, მაინცდამაინც ხალხთა კეთილდღეობას სხვა მხრითაც ხელის შეწყობა სდომებია. კაცს მაგოდენად ვერა შველის თურმე ვერც სიკეთე ჰაერისა, ვერც სიმსუქნე მიწისა, ვერც შეძლება ყოველგვარის წარმოებისა, თუკი კაცთა შორის კეთილად დადგენილი და ცხადად განსაზღვრული არ არის ურთიერთშორისი უფლება და მოვალეობა.

კაცთა კმაყოფილებისათვის, ხალხთა კეთილდღეობისათვის, ეს უკანასკნელი უფრო აუცილებლად საჭიროა, ვიდრე სხვა რამე ქვეყნიერობაზედ. მთიულსა შოტლანდიისას გარს ახვევია გულდახურული, ღარიბი ბუნება. იგი დიდის შრომითა და ღვაწლით ართმევს ბუნებას იმ თითო ლუკმაპურს, რომელსაც აწვდის თვის ჯალაბს საზრდოებისათვის. იგი თავგადადებით, თავგამომეტებით დღედაღამ ებრძვის ბუნებას და ყოველი ესრეთ მოპოებული ლუკმაპური ძლევამოსილებაა მისის მხნეობისა, რომისმოყვარეობისა. თუმცა ესრეთ აღამებს იგი დღეს და ათენებს ღამეს, მაგრამ იგი უფრო ბედნიერია და კმაყოფილი, ვიდრე სპარსელი, რომლისთვისაც ბედს შემოუფარგლავს უკეთესი ქვეყანა კაცთა საცხოვრებლად და საზრდოებისათვის. ერთი არის თავმომწონე, გამბედავი, თავისუფალი, მედგარი და გულდაგული კაცი, მეორე არის გულჩათუთქვილი, ილაჯგაწყვეტილი, ფრთხალი და გათელილი. ერთი იმედით აღსავსე სულ წინ იყურება და ყოველი მისი ფეხის წინ წადგმა ძლევამოსილობაა ხვალისათვის, მეორე სასოწარკვეთილია, შიშით სულ უკან იყურება და გუშინდელს, მშვიდობით გატარებულს დღეს ატრულობს და არა სწამს ხვალე.

ერთი სულით თუ ხორცით ყოველდღე წარმატებაშია, თუმცა ღარიბი ბუნება ახვევია, მეორე სულითაც და ხორცითაც დალევაშია, თუმცა მის გარე ბუნება უხვია და მდიდარი.

რა არის ამისი მიზეზი?

ის არის, რომ ბედნიერმა შოტლანდიელმა იცის, “ჩემი აქ თავდებაო და სხვისა აქ იწყებაო”, უბედურს სპარსელს კი არც თავისი გაეგება და არც სხვისა. რაც სხვისაა, ჩემი მოვალეობაა, რაც ჩემია, ეგ ჩემი უფლებაა. უფლება და მოვალეობა, რომელნიც არიან პირველნი და უკანასკნელნი საგანნი ურთიერთშორის განწყობილებისა, აიდგინება და განისაზღვრება მხოლოდ ხალხის კანონთმდებლობის ძალითა და ნიჭითა. ამ მხრით, რასაკვირველია, საბუთი აქვსთ მათ, ვინც ამბობენ, რომ მომქმედთა კანონთა უვარგისობა, თუ სიკეთე, თითონ ხალხის ბრალიაო, იმიტომ რომ თავი და ბოლო კანონებისა თვით ხალხიაო. რამოდენად მისაღებია ეს საბუთი, ჩვენ მაგის გამოძიებას არ შევუდგებით; ჩვენ მარტო ის გვინდოდა გვეთქვა, რომ რაც უნდა მდიდარი ქვეყანა იყოს ბუნებით, თუ იქ ჩემი და შენი, ესე იგი კაცთა უფლება და მოვალეობა, ძნელად გასარჩევია და არ არის საყოველთაოდ განსაზღვრული ცხადად და უცილოდ, იქ ხალხის წარმატება და კეთილდღეობა, თუ ყოველდღე უკან არ იწევს, შეფერხებული ხომ არის და არის. ამისი მაგალითი თვით ჩვენი ქვეყანაა.

დასასრული შემდეგ ნომერში

რუბრიკას უძღვება დარეჯან ანდრიაძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here