Home რუბრიკები პოლიტიკა რატომ შეუქმნა ხელისუფლებამ პრობლემა საკუთარ თავს?

რატომ შეუქმნა ხელისუფლებამ პრობლემა საკუთარ თავს?

3661
ხელისუფლება

ორი კვირა გრძელდება 51- სკოლის მოსწავლეების მკვლელობთ გამოწვეული კრიზისი. “ქართული ოცნებახელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ერთერთი სერიოზული გამოწვევის წინაშე დგას. მას შემდეგ, რაც ზაზა სარალიძემ მოქალაქეებს მისი მოთხოვნების მხარდაჭერისკენ მოუწოდა, 31 მაისს რუსთაველზე ხალხმრავალი საპროტესტო აქცია გაიმართა, რომელმაც მმართველი პარტია დააფრთხო. ამაზე მიუთითებს ინსაიდერების ინფორმაცია, ხელისუფლების პირველი პირების ქცევის ნიუანსები და მათ მიერ გადადგმული ნაბიჯები.

კომენტატორების უმრავლესობა მიიჩნევს, რომ მთავარი პროკურორის, ირაკლი შოთაძის, გადადგომა არსებითად “ბარტყის გადმოგდებას” ჰგავდა და მიზანი გაღიზიანებული მოქალაქეების დამშვიდება იყო. ამავე კონტექსტში ისინი განიხილავენ მირზა სუბელიანის დაპატიმრებასაც (ამას ზაზა სარალიძე ჯერ კიდევ კრიზისის დაწყებამდე მოითხოვდა).

მიხეილ სააკაშვილის მიერ დამკვიდრებული მანკიერი ღირებულებების სისტემაში მაღალჩინოსნის გადადგომა ხელისუფლების სისუსტის გამოვლენას ნიშნავდა. ძველი რეჟიმი აღარ არსებობს, მაგრამ ეს თვალსაზრისი კვლავ ფართოდ არის გავრცელებული. შესაბამისად, ხელისუფლება არა მხოლოდ მუშაობდა კრიზისის ლოკალიზების მიმართულებით, არამედ ცდილობდა, ეჩვენებინა, რომ შოთაძის გადადგომა, უკანდახევა კი არა, პასუხისმგებლობისა და კეთილი ნების გამოვლენაა.

ეს დამოკიდებულება გამოვლინდა თეა წულუკიანის გადადგომის მოთხოვნისას. ერთი მხრივ, ეჭვგარეშეა, რომ პროკურატურის ცუდი მუშაობა დღის წესრიგში იუსტიციის მინისტრის პასუხისმგებლობის საკითხსაც აყენებს, მაგრამ, მეორე მხრივ, თუ ის შოთაძის შემდეგ დაუყონებლივ გადადგებოდა, ივანიშვილის ოპონენტები, სავარაუდოდ, იტყოდნენ, რომ ხელისუფლება ჩამოშლის სტადიაშია და მას გაცილებით რადიკალურ მოთხოვნებს წაუყენებდნენ. ზოგადად კი, ის, რომ მაღალჩინოსნების გადადგომის პრობლემა მხოლოდუკან დაიხიაარ დაიხიასკონტექსტში განიხილება, დაბალი პოლიტიკური კულტურის მაჩვენებელია.

ხელისუფლების ერთ-ერთი პრობლემა ისაა, რომ კრიზისი მაშინ დაიწყო, როდესაც პრემიერმა კვირიკაშვილმა და მისი კაბინეტის ნაწილმა საიმიჯო რესურსი თითქმის სრულად ამოწურა. ნახევარი წელიწადია, გრძელდება ინტენსიური საუბრები პრემიერმინისტრის შეცვლაზე, ხოლო მოსახლეობის გაღიზიანება მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობითა და მთავრობის უნიათობით აშკარად გაიზარდა. ამას დაემატა საკადრო ცვლილებების მოლოდინი, რომელიც საჯარო პოლიტიკაში ბიძინა ივანიშვილის დაბრუნებას დაუკავშირდა. კრიზისმა სწორედ იმ მომენტში იფეთქა, როდესაც მთავრობას, 2012 წლიდან მოყოლებული, სავარაუდოდ, ყველაზე დაბალი “ნდობის კრედიტი” ჰქონდა.

ხელისუფლებამ ნაცადი პროპაგანდისტული ილეთი გამოიყენა და 31 მაისის აქციის შემდეგ შეეცადა, მისი ორგანიზატორები “ნაციონალურ მოძრაობასთან” დაეკავშირებინა, მით უმეტეს, რომ საბაბი ამისთვის, მაგალითად, ზვიად კუპრავას შემთხვევაში, ნამდვილად არსებობდა. ამან გარკვეული შედეგი გამოიღო _ 1 და 2 ივნისის აქციებზე აშკარად იკლო იმ მოქალაქეების რაოდენობამ, რომლებიც მიუღებლად მიიჩნევენ ნებისმიერი სახის თანამშრომლობას “ნაცმოძრაობასთან” (ბევრმა მათგანმა შესაბამისი პოზიცია სოცქსელებში გამოხატა). 3 ივნისს კი, როდესაც “ნაცმოძრაობა” და მისი სატელიტები ღიად შეუერთდნენ პარლამენტის წინ გამართულ აქციას, მან არსებითად პარტიული ღონისძიების ხასიათი მიიღო. ის ძალზე მცირერიცხოვანი გამოდგა, ისევე, როგორც 10 ივნისის აქცია. იმ დღეს, 31 მაისისგან განსხვავებით, ხელისუფლებას, სავარაუდოდ, არ უნერვიულია. მომიტინგეთა რაოდენობა მასზე შთაბეჭდილების მოსახდენად აშკარად არასაკმარისი იყო.

პარადოქსია, მაგრამ, შესაძლოა, “ქართულ ოცნებასხელს აძლევდა, 10 ივნისს ქუჩაში შედარებით მეტი ნაციონალი გამოსულიყო. ეს შესაძლებლობას მისცემდა, ის პროპაგანდისტული მოდელები გაეცოცხლებინა, რომლებმაც 2016 წელს წინასაარჩევნო პერიოდში წარმატება მოუტანა. მაშინ ხელისუფლება მიუთითებდა ნაციონალების რევანშისა და სააკაშვილის რეჟიმის რესტავრაციის საფრთხეზე და ამით ეწეოდა იმ ამომრჩევლების მობილიზებას, რომლებისთვისაც “ქართული ოცნება” გაცილებით ნაკლები ბოროტებაა, ვიდრე “ნაციონალური მოძრაობა”.

სააკაშვილის პარტია, თავის მხრივ, ცდილობდა, სიტუაცია ისე წარმოეჩინა, თითქოს ის მხოლოდ უერთდება სამოქალაქო აქტივისტების მიერ ორგანიზებულ აქციებს და არავითარ შემთხვევაში არ მართავს მათ. ეს შესაძლებლობას აძლევდა მთელ რიგ მოღვაწეებს, რომლებიც, სააკაშვილის მიმართ სიმპათიის მიუხედავად, თავს არიდებენ მასთან პირდაპირი კავშირის გამოხატვას, აქციებში აქტიური მონაწილეობა მიეღოთ.

“ევროპულმა საქართველომ” სხვა ტაქტიკა აირჩია და კონცენტრირება საპარლამენტო კომისიის შექმნაზე მოახდინა, რომელიც სარალიძის საქმეზე იმუშავებს. ამ კომისიის თავმჯდომარე სერგი კაპანაძე და წევრების უმრავლესობა “ევროქართველია”. ხელისუფლების თანხმობას კომისიის შექმნაზე, სავარაუდოდ, ორი მოტივი ამყარებდა: 31 მაისის აქციის შემდეგ უარის თქმა საზოგადოებაზე საკმაოდ ცუდ შთაბეჭდილებას მოახდენდა. ამასთანავე, საინფორმაციო ომის კონტექსტში, კომისიის მუშაობა ქუჩის რადიკალური აქციების ერთგვარ ალტერნატივას ქმნის (“კონსტრუქციული” ოპონირება “დესტრუქციულის” ნაცვლად). უმრავლესობის დეპუტატებს არ გაუმახვილებიათ ყურადღება იმაზე, რომ ევროპული საქართველოსწევრები და მათი გულშემატკივრები ლამის ღიად აცხადებენ, რომ კომისიას ხელისუფლების შესასუსტებლად გამოიყენებენ.

ზოგიერთი ავტორი ხაზს უსვამს იმას, რომ ნაცმოძრაობასადაევროპულ საქართველოსკრიზისის მიმართ განსხვავებული მიდგომა აქვთ, ხოლო ბოკერია და უგულავა სააკაშვილის რევოლუციურ გეგმებს საშიშ ავანტიურად თვლიან, მაგრამ ამ ორი პარტიის წარმომადგენელთა კამათი და დაპირისპირება არ გამორიცხავს ერთობლივი ინტერესის არსებობას. ორივეს ხელისუფლების დასუსტება აძლევს ხელს და რეალურად ისინი ერთ საქმეს აკეთებენ, როდესაც ნაციონალები მთავრობას ქუჩიდანაწვებიან”, ხოლოევროქართველები” _ საპარლამენტო კომისიიდან (ამ პარტიამ 10 ივნისის აქციაში მონაწილეობაზე უარი თქვა).

ძალები არათანაბარია და იმ შემთხვევაშიც კი, თუ კრიზისის პირველ დღეებში წულუკიანი ან თუნდაც კვირიკაშვილი დაუყონებლივ გადადგებოდა, ეს ხელისუფლებას “დომინოს პრინციპით”, სავარაუდოდ, არ დაშლიდა. არც “ნაცმოძრაობას”, არც რომელიმე სხვა პარტიას (ან თუნდაც ჰიპოთეტურ კოალიციას), ოპოზიციის მკვეთრი დასუსტების პირობებში, არ აქვთ საკმარისი რესურსი იმისთვის, რომ “ქართულ ოცნებას” ხელისუფლება გამოჰგლიჯონ. თანაც ამას უამრავი მოქალაქე შეეწინააღმდეგება, არა იმიტომ, რომ ივანიშვილი უყვართ, არამედ იმიტომ, რომ სააკაშვილი სძულთ.

აქ გაცილებით მნიშვნელოვანია სხვა პრობლემა: თუ ხელისუფლება მოახერხებს და ისევე, როგორც 2016-ში, პროცესს “ოცნება”-”ნაცმოძრაობის” დაპირისპირების ჩარჩოში მოაქცევს, საზოგადოება სწრაფად დაივიწყებს ტემპერატურის აწევის მიზეზებს, უპირველესად კი, პროკურატურის ცუდ მუშაობას. 2013-14 წლებში სამართლიანობის აღდგენის ნელ ტემპს ხელისუფლება სწორედ პროკურატურის შეზღუდული შესაძლებლობებით ხსნიდა და პროტესტს ამის გამო მხოლოდ საზოგადოების მცირე ნაწილი გამოთქვამდა. ძველი ქართული ტრადიციის შესაბამისად, შემდეგ ისიც დაიღალა და დამშვიდდა, ხოლო სააკაშვილის რეჟიმისგან დაზარალებული ადამიანები საკუთარი პრობლემების პირისპირ დარჩნენ. თითქმის არავინ მოითხოვა პროკურატურის სწრაფი და რადიკალური რეფორმა, არ მოუწყო ახალ ხელისუფლებას ხმაურიანი აქცია და შედეგიც აშკარაა. ის, რომ პროკურატურამ კარგად ვერ იმუშავა სარალიძედადუნაშვილის საქმეში, იმის გამოც მოხდა, რომ ხელისუფლების შეცვლის შემდეგ ამ უწყების გაწმენდა და რეორგანიზაცია თითქმის არავის მოუთხოვია. ამის გარეშე კი ცალკე აღებული კბილაშვილი, ფარცხალაძე, შოთაძე ან ნებისმიერი სხვა განსაკუთრებულს ვერაფერს შეცვლის, თუნდაც ამის სურვილი ჰქონდეს.

ბოლო პერიოდში ნათლად გამოჩნდა, რომ ხელისუფლება პრობლემაზე მხოლოდ მაშინ რეაგირებს, როდესაც ის, ექიმების თქმის არ იყოს, ტერმინალურ სტადიაშია. მეტროს მემანქანეთა გაფიცვა ლოკალური, მაგრამ საგულისხმო მაგალითია. ისინი ხელფასების მომატებას საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში ითხოვდნენ, საბოლოოდ კი გაფიცვა დააანონსეს. სასამართლომ ის ერთი თვით გადაავადა, შემდეგ საერთოდ აკრძალა. ამან მემანქანეები კიდევ უფრო გააღიზიანა. მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ხელისუფლებას თითქმის არაფერი გაუკეთებია პრობლემის მოსაგვარებლად _ არც ხელფასები გაუზრდია, არც მემანქანეების დარწმუნება უცდია, გაფიცვა არ მოეწყოთ. საბოლოოდ, მან მიიღო გაფიცვა და კოშმარული სიტუაცია თბილისის გზებზე. თითქმის იგივე შეიძლება ითქვას 51-ე სკოლის მოსწავლეების მკვლელობის საქმეზეც _ ზაზა სარალიძე გამოძიების ხარვეზებზე თვეების განმავლობაში საჯაროდ საუბრობდა. ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ პროცესი ცუდად ვითარდება, სხვა წყაროებიდანაც შემოდიოდა, მაგრამ, როგორც ჩანს, ხელისუფლების მაღალ ეშელონებში ჩათვალეს, რომ მათი ხელქვეითები ყველაფერს მოაგვარებდნენ.

დღეს მაღალჩინოსნები საუბრობენ იმაზე, რომ სასკოლო ექსკურსიების ორგანიზება ახალ, გამკაცრებულ სტანდარტებს უნდა დაექვემდებაროს. ვინ უშლიდა ხელს, ეს გომბორის 9 ივნისის ტრაგედიამდე რომ გაეკეთებინათ, რომლის დროსაც საექსკურსიო მიკროავტობუსის ავარიას ოთხი ადამიანის, მათ შორის ორი ბავშვის, სიცოცხლე ემსხვერპლა? ხელისუფლება მხოლოდ რეაგირებს გამოწვევებზე, თანაც მხოლოდ მაშინ, როდესაც ისინი ტრაგიკულ ან მისთვის საშიშ ხასიათს იძენს და პრევენციის მიმართულებით თითქმის არაფერს აკეთებს.

როგორც ჩანს, ტოტალურმა უპირატესობამ ოპონენტებზე “ქართული ოცნების” მესვეურებს სიფრთხილე და განსჯის უნარი დააკარგვინა. შესაძლოა, ისინი ვერ აცნობიერებენ, რომ ის რესურსები, რომელიც დღეს უზარმაზარი ჰგონიათ, სინამდვილეში ძალზე მცირეა და თუნდაც ლოკალური პრობლემა, რამდენიმე ნეგატიური ფაქტორის თანხვედრის შემთხვევაში, შეიძლება მათთვის დამღუპველი აღმოჩნდეს. ის, რაც ახლახან მოხდა სომხეთში, თავისუფლად შეიძლება საქართველოშიც განმეორდეს, მიუხედავად იმისა, რომ ივანიშვილის ხელისუფლება თავს თითქოს მშვენივრად გრძნობს.

დიმიტრი მონიავა

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here