Home რუბრიკები სამართალი რატომ ფიქრობს იუსტიციის სამინისტრო, რომ 300 კაცისთვის სამყოფი ნარკოტიკის ქონა არ უნდა...

რატომ ფიქრობს იუსტიციის სამინისტრო, რომ 300 კაცისთვის სამყოფი ნარკოტიკის ქონა არ უნდა ისჯებოდეს?!

2427
მარიხუანა

გასულ კვირას თბილისში საზარელი ავარია მოხდა. აღმაშენებლის ხეივანის გზატკეცილზე დედაშვილს ავტომობილი დაეჯახა და 11 წლის გოგონა ადგილზე მოკლა, უმძიმეს მდგომარეობაში მყოფი დედა კი დღემდე მკურნალობის კურსს გადის. დამნაშავე მძღოლი შინაგან საქმეთა სამინისტრომ დააკავა და მას ნარკოტიკული თრობა დაუდგინდა, ანუ, უფრო გასაგებად რომ ვთქვათ, დამნაშავე კაიფში იყო. მის კაიფს კი 11 წლის ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა.

როგორც ჩანს, ეს შემთხვევაც არ შეიქნა საბაბი იმისა, რომ, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებიდან გამომდინარე, იუსტიციის სამინისტროს ცვლილებები მოემზადებინა და პარლამენტისთვის წარედგინა. უფრო კონკრეტულად კი, მთავრობამ პარლამენტს ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ კანონში ცვლილებების პროექტი წარუდგინა. კანაფის შემთხვევაში, დიდი ოდენობა იქნება 140 გრამი, 50 გრამის ნაცვლად, განსაკუთრებით დიდი ოდენობა _ 1 000 გრამი, 250 გრამის ნაცვლად; მარიხუანის შემთხვევაში, გამომშრალი დიდი ოდენობა იქნება _ 70 გრამი, 50 გრამის ნაცვლად, ნედლი დიდი ოდენობა _ 140 გრამი, 100 გრამის ნაცვლად. კანაფისა და მარიხუანის კანონით დადგენილი მცირე ოდენობები უცვლელი რჩება. არ იცვლება გამომშრალი და ნედლი მარიხუანის განსაკუთრებით დიდი ოდენობები.

ანუ, რა გამოდის? ვიღაცას, ნებისმიერს, თუ მოესურვება, ველური კანაფისგან .. მანაგუა მოხარშოს და იკაიფოს, თამამად შეუძლია, სასწორით ხელში წავიდეს, ბალახი მოკრიფოს, აწონოს და ერთი კილოგრამი კანაფი მშვიდად მიიტანოს სახლში, არავინ არაფერს ეტყვის. ყოველდღიურად რომ ასე იაროს, “მანაგუისიმდენ დოზას გააკეთებს, მთელ უბანს ეყოფა. გამომშრალი მარიხუანის შემთხვევაში კიდევ უფრო საინტერესო რამეს ვაწყდებით: ერთი ასანთის კოლოფი გამომშრალი მარიხუანა დაახლოებით 4-5 გრამს იწონის, ანუ 70 გრამი გამომშრალი მარიხუანა დაახლოებით 15 კოლოფია. 15 ასანთის კოლოფი მარიხუანა, თუ ხარისხიანია, დაახლოებით 300 კაცს ეყოფა და… რატომ ფიქრობს იუსტიციის სამინისტრო, რომ 300 კაცისთვის სამყოფი ნარკოტიკის ქონა არ უნდა ისჯებოდეს, ნამდვილად ვერ გეტყვით.

ესეც არ იყოს, ვინმემ იცის, როგორ უნდა მოიქცეს პატრული, მაგალითად, ავტომობილის გაჩერებისას, თუ ეჭვი შეეპარება, რომ მძღოლი ნარკოტიკული თრობის ქვეშაა, ანუ პოტენციური ქილერია? ჩასასუნთქი აპარატი ამას ვერ გამოავლენს, შესაბამისად, მძღოლი გადასაყვანი იქნება და მან ანალიზი უნდა ჩააბაროს. მარიხუანის მოხმარების ერთ-ერთი დამახასიათებელი ნიშანი თვალების სიწითლეა და ღამენათევი მძღოლი შეიძლება ისე მოხვდეს ნარკოცენტრში, რომ გონს მოსვლაც ვერ მოასწროს.

აქეთ საკონსტიტუციო სასამართლო და იქით იუსტიციის სამინისტრო ზურგს იმით იმაგრებს, რომ მსოფლიო პრაქტიკაზე მიგვითითებს. უფრო მეტიც, ამ უწყებების წარმომადგენლებმა პირად საუბარში გვითხრეს, ცოტა ხნის წინათ არგენტინის პარლამენტმა მარიხუანის არათუ მოხმარებას, არამედ გაშენებას დაუჭირა მხარიო. არგენტინის პარლამენტის ოფიციალურ გვერდზე კი წერია: “მძიმე ავადმყოფობისას მოქალაქეებს მარიხუანის მიღების საშუალება ექნებათ მხოლოდ სამედიცინო მიზნით. გარდა ამისა, პარლამენტის გადაწყვეტილებით, არგენტინაში სამკურნალო მიზნით მარიხუანის გაშენება ნებადართული იქნება”.

არგენტინაში მარიხუანა სამედიცინო თვალსაზრისით დაუშვეს. ის, რომ კანაფის ზეთი სასარგებლოა და საქართველოშიც იყიდება, არავინ დავობს. არგენტინელ პარლამენტარებს აზრად არ მოსვლიათ, დაეწერათ, მარიხუანა კაიფისთვის მიიღონ ჩვენმა მოქალაქეებმა და მერე საჭესთან მსხდომებმა ბავშვები დახოცონო

როგორც კულუარებში ამბობენ, თვითმმართველობის არჩევნების წინ მარიხუანის ამ დოზით ლეგალიზება, მმართველი გუნდის აზრით, ახალგაზრდების გააქტიურებას გამოიწვევს. უფრო მეტიც, არ გამორიცხავენ, რომ კანონით დადგენილი დოზები საარჩევნო შტაბებში, უბრალოდ, მაგიდაზე ეყაროს და ნებისმიერმა მსურველმა შეძლოს მარიხუანის მოხმარება. შედეგად, გაბრუებულ საზოგადოებაზე ზემოქმედებაც უფრო ადვილია და ახალგაზრდების მოხიბვლაც _ საარჩევნო შტაბში პლანი იშოვება, ძმაო…

სხვა, აბა, რა გითხრათ? ერთ-ერთმა ნაცნობმა პოლიციელმა თქვა, აღარ ღირს ორგანოში მუშაობა, ნარკომანს თუ არ დავიჭერ, კაიფში თუ კაცი იქნება და ვერ შევეხები, მაშინ ქურდობაც ლეგალიზებული გახადონ. იმავე პოლიციელმა ისიც თქვა, ერთი ასანთის კოლოფი მარიხუანა ას ლარზე მეტი ღირს და რატომ არის ორი ათასი ლარის ღირებულების ნარკოტიკი ლეგალიზებული, ვინმემ ამიხსნას. თუ ასეა, მაშინ ორი აბი სუბოტექსის ქონაც დაუშვან, ორი ათას ლარზე მეტი არც ეგ ღირს და, რაც მთავარია, სუბოტექსით თრობა და მარიხუანით კაიფი ერთმანეთისგან დიდად არ განსხვავდებაო.

ბესო ბარბაქაძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here