Home რუბრიკები საზოგადოება “რატომ იყო რევოლუციამდელი ბავშვი გონებაჩლუნგი”

“რატომ იყო რევოლუციამდელი ბავშვი გონებაჩლუნგი”

2075
ეროსი მანჯგალაძე და იპოლიტე ხვიჩია. კადრი ფილმიდან

ძნელად თუ მოიძებნება საქართველოში ადამიანი, ამ ფრაზის წარმომავლობა არ იცოდეს ან მისი დასრულება არ შეეძლოს. მართლაც, დაუვიწყარია ქართული კლასიკური იუმორის შედევრის _ “თოჯინები იცინიანპერსონაჟის, მელიტონ ბელთაძის, ოჯახში გაშლილი სუფრა, ამ სუფრის თამადის, სათამაშოების ფაბრიკის დირექტორის, მიერ წარმოთქმული ეს ფრაზა და მელიტონის რეაქცია, ფრაზის მოულოდნელი დასასრულის გაგონებაზე მეგობარსშემთხვევითრომ აბიჯებს ფეხზე და თავისი პროდუქციის რეკლამირებას რომ აწყვეტინებს.

“რატომ იყო რევოლუციამდელი ბავშვი გონებაჩლუნგი?” მართალი ბრძანდებით: “იმიტომ, რომ მას არ ჰქონდა სათამაშო”. მაგრამ დღეს არც სათამაშოდ გვაქვს საქმე და, მადლობა ღმერთს, არც ოქტომბრის სოციალისტური რევოლუციის მსგავსი რამ გვემუქრება. მაშ, რამ მოგაგონაო? _ იკითხავთ, ალბათ. იმან, ჩემო მეგობარო, რომ მეც “რევოლუციაზე” მინდა მოგახსენოთ. “რევოლუციაზე”, რომლის კონტურები ჯერ კიდევ მაშინ გამოიკვეთა, როდესაც დამოუკიდებლობა მოვიპოვეთ და განვითარების ევროპული გზა ავირჩიეთ. დავადექით კიდეც ამ გზას, მაგრამ, სამწუხაროდ, ძალიან ცუდი სტარტი ავიღეთ: არასტაბილური სისტემით, მთავრობასა და ხალხს შორის ჩატეხილი ხიდით, სულიერად გაღატაკებული “ხალხის რჩეული” ნაწილითა და ლუკმაპურის საშოვარზე გადაგებული მასით, გათითოკაცებული გავუყევით გზას და საერთო მიზნისკენ მიმავალი ერთ მუშტად შეკრული ერი ამ გზაზე ჯერჯერობით არ ჩანს, არც გამოჩნდება, სანამ “რევოლუცია” არ მოხდება თითოეული ჩვენგანის ცნობიერებაში, ჩვენს მენტალიტეტში, ჩვენს განათლების სისტემაში. ჩემი ოცნება და ჩემი სათქმელიც სწორედ ეს არის.

საუკუნის თითქმის ორი მესამედი მოვიტოვე უკან. დღითიდღე მცირდება შანსები და მძაფრდება შიში იმისა, რომ საწადელს ვერ მივაღწევთ, ამიტომ მივეცი გასაქანი ჩემს ფანტაზიას და ჩემს წარმოსახვაში ოცნება რეალობად ვაქციე: “რევოლუცია” მოხდა. განათლებულმა ქართველმა ერმა ღირსეულად განვლო სანუკვარი მიზნისკენ მიმავალი გზა და ამაყად შეაბიჯა საოცნებო ევროპულ ოჯახში.

ამ მოვლენის აღსანიშნავად ზღაპრული “მომავლის სუფრა” გავშალე და ჩემთვის ყველაზე ძვირფასი და საყვარელი ხალხი სტუმრად მოვიწვიე. ბატონი მელიტონი უცხოელ სტუმრებში დაფუსფუსებს. ეტყობა, ჩვენი სტუმართმოყვარეობით იწონებს თავს ან ქართული სუფრის ადათ-წესებში ათვითცნობიერებს უცხოელებს. მისი განუყრელი მეგობარიც აქ არის, ოღონდ ამჯერად არა “სათამაშოების ფაბრიკის დირექტორის”, არამედ “განათლების მინისტრის” რანგში.

ბატონ “მინისტრს”, აბა, თამადობას ვინ დაუკავებდა. ჰოდა, როგორც კი სუფრა დალოცა, სასმისი შეავსო, “ჩვენი რევოლუციონერი ახალგაზრდების სადღეგრძელოაო”, _ ბრძანა, რატომღაც მე გადმომხედა და ალავერდს ჩემთან გადმოვიდა. ეს ჟესტი და აქცენტის “რევოლუციაზე” გაკეთება ცუდად მენიშნა. უსიამოვნო წინათგრძნობა დამეუფლა. დარწმუნებული ვიყავი, თუ სადღეგრძელოს თავისი პირმშო ფრაზით დაიწყებდა, ფრაზის დასასრული კარგს არაფერს მიქადდა. უკვე, როგორც “განათლების მინისტრი”, შანსს ხელიდან არ გაუშვებდა დარევოლუციონერი ახალგაზრდებისრეკლამირების მიზნით, ჩვენ და ჩვენი დროის ახალგაზრდებს ცუდად გადმოგვწვდებოდა.

მელიტონმაც იგრძნო საფრთხე, თამადის გვერდით აიტუზა და მისთვის “ჩვეული რეაქციისთვის” მოემზადა. გულზე მომეშვა. უსიამოვნო განცდებმა გამიარა და ჩემს თავს ჩავეკითხე: რატომ შეშფოთდი ასე? რატომ გგონია, რომ ჩვენ და ჩვენი დროის ახალგაზრდები “მომავლის სუფრის” თამადის დასაცინი გავხდებით? წამიერად სინამდვილეს დავუბრუნდი, ჩვენს რელობას გადავავლე თვალი და ჩემი შეშფოთების მიზეზებს დავუწყე ძებნა. დიდხანს არ მიძებნია. ყველაფერი თვალნათლივ ჩანდა _ მიზეზები საკმარისზე მეტი იყო.

სწორედ ამ მიზეზებზე მინდა გესაუბროთ და მათი აღმოფხვრის გზებზე ჩემი მოსაზრებები გაგიზიაროთ, შემდეგ კი კვლავ “მომავლის სუფრას” დავუბრუნდეთ და თამადას ბოლომდე მოვუსმინოთ. საინტერესოა, როგორ დაასრულებს ამჯერად თავის პირმშო ფრაზას ბატონი თამადა. გავიგოთ, რა წარმოდგენა აქვს მას ჩვენზე და ჩვენი დროის ახალგაზრდებზე.

თქვენი ნებართვით, ჩემ მიერ მოძიებულ მიზეზთაგან უმთავრესით დავიწყებ და ერთ ლოგიკურ კითხვას დავსვამ, სავარაუდო პასუხებთან ერთად:

რატომ გაძლიერდა ასე, განსაკუთრებით ბოლო წლებში, .. რეპეტიტორობის ინსტიტუტი, ანუ რატომ ემზადებიან ჩვენი სკოლის მოსწავლეები და აბიტურიენტები კერძო რეპეტიტორებთან და სასწავლო ცენტრებში ასე ინტენსიურად? რა არის ამის მიზეზი? ის ხომ არა, რომ იქ მოსწავლეთა რაოდენობა მაქსიმალურად შეზღუდულია და, შესაბამისად, მათთან ინდივიდუალური მუშაობის მეტი შესაძლებლობაა? ან ის ხომ არა, რომ იქ უფრო სრულყოფილი სასწავლო პროგრამები და სახელმძღვანელოები აქვთ და, შესაბამისად, სწავლების ხარისხიც მაღალია? ან ისიც ხომ არა, რომ იქ დასაქმებულ მასწავლებლებს, სკოლის მასწავლებლებთან შედარებით, უფრო მაღალი ანაზღაურება აქვთ და, შესაბამისად, მეტი პასუხისმგებლობა მოსწავლეებისა და მათი მშობლების წინაშე? და თუ ესაა მიზეზი, მაშინ რატომ არ შეიძლება, რომ სკოლის მასწავლებლებსაც შევუქმნათ, ანალოგიური თუ არა, მათთან მიახლოებული პირობები მაინც? როგორ უნდა მოსთხოვო სწავლების მაღალი ხარისხი დაბალი ანაზღაურების მქონე, არასრულყოფილი სასწავლო პროგრამებითა და სახელმძღვანელოებით თავგზააბნეულ მასწავლებელს, რომელსაც კლასში 30-35 მოსწავლე უზის?

მსგავსი რამ არც ერთ ევროპულ ქვეყანაში არ ხდება. ევროპელობის პრეტენზია ყველას გვაქვს, მაგრამ არავინ ფიქრობს, საით მიგვაქანებს ჩვენი განათლების სისტემის მატარებელი. ევროპისკენ რომ არა, ეს ცხადზე ცხადია. და, თუ დროულად არ გამოჩნდა ისმეისრე”, რომელიც ჩვენი სისტემის მატარებელს ევროპულ რელსებზე გადაიყვანს, უფსკრულში გადავიჩეხებით.

როგორ მიაღწიეს ევროპის მოწინავე ქვეყნებმა განათლების სისტემის სრულყოფას და როგორ მოვახერხოთ ეს ჩვენ მწირი ბიუჯეტის, მავანთა მიერ გაძარცვული მატერიალურ-ტექნიკური ბაზისა და არც ისე სახარბიელო ინტელექტუალური რესურსების პირობებში?

განათლების სისტემის სრულყოფის ერთერთი გადამწყვეტი ფაქტორი პროფესიონალური ინტელექტუალური ბაზის არსებობაა. ეს კი ნიშნავს, რომ სასწავლო დაწესებულებებში მხოლოდ პროფესიონალი მასწავლებლები უნდა მუშაობდნენ. მართალია, ჩვენც გვყავს პროფესიონალი და გამოცდილი მასწავლებლები, მაგრამ მათი რაოდენობა იმდენად მცირეა, რომ ვერ უზრუნველყოფენ სწავლების მაღალ ხარისხს. აბა, რა ხარისხზე შეიძლება საუბარი მაშინ, როდესაც მასწავლებელთა 70% სასერტიფიკაციო გამოცდებს ვერ აბარებს?! ამ უბედურებას ისიც ემატება, რომ განათლების სამინისტრო ყოველნაირად ცდილობს მასწავლებლის დისკრედიტაციას, მისი პრესტიჟის დაცემას და ამას ახერხებს კიდეც სხვადასხვა გზით: ბიუროკრატიულ აპარატში მისი ჩართვით დაწყებული, არასრულყოფილი სასწავლო პროგრამებითა და სახელმძღვანელოებით გაგრძელებული და პროფესიული განვითარების უკუღმართი სქემით დამთავრებული. არ ფუნქციონირებს მასწავლებელთა დახელოვნების ინსტიტუტი, არ ხდება პროფესიონალი მასწავლებლების გამოცდილების გაზიარება, არ ტარდება ლექციასემინარები სასერტიფიკაციო გამოცდებისთვის მოსამზადებლად და მასწავლებლებს კერძო რეპეტიტორებთან უწევთ კონსულტაციების გავლა სოლიდური თანხის სანაცვლოდ, რისი საშუალებაც უმრავლესობას არ აქვს. მოკლედ, მასწავლებელი ბედის ანაბარაა მიტოვებული და მხოლოდ მაშინ ახსენდებათ, როდესაც არჩევნები ახლოვდება, თანაც მხოლოდ ისინი, რომელთა კოორდინატორული გამოცდილება სჭირდებათ ხმების მოსაგროვებლად. არაპოლიტიზებული მასწავლებელი კი, როგორი დონის პროფესიონალიც უნდა იყოს, განწირულია. ეს კი არა მხოლოდ განათლების სისტემის, არამედ სრულიად ქვეყნის უბედურებაა და, თუ დროზე არ გამოჩნდა კაცი, რომელიც ამ უბედურებას თავიდან აგვაცილებს და ჩვენს ინტელექტუალურ ბაზას მაღალი დონის პროფესიონალებით დააკომპლექტებს, სისტემაც განწირულია და ქვეყანაც. ევროპული ქვეყნების გამოცდილებით, განათლების სისტემის სრულყოფის გზაზე ერთერთი ძირითადი ფაქტორი არის სახელმწიფოს სწორი კურსი და სახელმწიფო პროგრამა, რომლის თემატიკის დაცვა სავალდებულოა სახელმძღვანელოების ავტორთა ნებისმიერი ჯგუფისთვის.

რა ხდება ამ დროს ჩვენს სკოლებში და სასკოლო სახელმძღვანელოებში? კარგი არაფერი. მეტიც: საგანგაშო მდგომარეობაა.

სკოლების ნაწილი მათემატიკის კურსს ვეფხვაძის, ხოლო ნაწილი წილოსანის ავტორობით გამოცემული სახელმძღვანელოებით გადის. ამ ავტორთა ჯგუფებს კი ისე აქვთ არეულ-დარეული თემატიკა, რომ სახელმძღვანელოებში მათი რიგითობის ძირეული განსხვავების გამო რომელიმე კონკრეტულ თემას სხვადასხვა სკოლაში სხვადასხვა პერიოდში და სხვადასხვა ინტენსივობით გადიან, ამიტომ სახელმძღვანელოს გამოცვლა ან სხვა სკოლაში გადასვლა, თითქმის კატასტროფის ტოლფასია მოსწავლისთვის. დიდია ალბათობა იმისა, რომ მოსწავლე საერთოდ ამოვარდეს მათემატიკის მთლიანი კურსიდან და ისე დაასრულოს სწავლა, რომ რიგ ფუნდამენტურ საკითხებზე საერთოდ წარმოდგენაც არ ჰქონდეს.

ყველა პროფესიონალი მასწავლებელი დამეთანხმება, რომ წილოსანის გამოცემები უფრო დამხმარე სახელმძღვანელოებია, ვიდრე სასწავლო, ვეფხვაძის გამოცემები კი ვერავითარ კრიტიკას ვერ უძლებს. ამ პრობლემას შედარებით იოლად გადავჭრიდით, სხვა საგნებში კარგად რომ იყოს საქმე, მაგრამ, სამწუხაროდ, ყველა დისციპლინაში ანალოგიური მდგომარეობაა. მოკლედ, დღეს არსებული სახელმძღვანელოებით ევროპამდე ვერ მივალთ და ჩვენი სისტემის ჩავარდნის ერთ-ერთი მიზეზიც სწორედ ეს იქნება.

წარუმატებელი სტარტის ფინიში წარმატებული რომ არ იქნებოდა, ამაში ეჭვი არასოდეს შემპარვია, მაგრამ იქნებ შევცდი და განათლების სისტემაა გამონაკლისი? მოდი, შევიდეთ ნებისმიერ სკოლაში და ვნახოთ, რა ხდება დამამთავრებელ კლასებში. სჯობდა, არ შევსულიყავით. რა ვნახეთ სკოლების უმრავლესობაში? _ სანახევროდ შევსებული კლასები, არანაირი დისციპლინა, არანაირი პროგრამა, არანაირი სისტემა, ცოდნის შეძენაზე ხომ, საერთოდ, საუბარი ზედმეტია. მოკლედ, სრული განუკითხაობაა.

ამიტომაც ზეიმობს “რეპეტიტორობის ინსტიტუტი”. ზეიმობს, რადგან ჩვენივე უნიათობის გამო ჩვენი სკოლის მოსწავლეთა უმრავლესობა მათი კონტინგენტი ხდება. მოზარდები კი ოქროს წლებს კარგავენ. ვინ აკეთებს ამას? ეს ჩვენი “ვაირეფორმატორები”, ჩვენი “რევოლუციამდელი” სისტემის კურსდამთავრებულები არიან.

ჩემი ნება რომ ყოფილიყო, სასწრაფოდ აღვადგენდი მასწავლებელთა დახელოვნების ინსტიტუტებს და მასწავლებელთა გადამზადებას (5-წლიანი ინტერვალით) სავალდებულოს გავხდიდი. დღევანდელი დაბალი დონის სახელმძღვანელოებს პროფესიონალურ დონეზე შედგენილი, სწორი თემატური კურსისა და ერთიანი სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში მოქცეული სახელმძღვანელოებით შევცვლიდი. მეათე კლასის სარეკომენდაციო გამოცდებს უმკაცრესად ჩავატარებდი, რათა მათი ჩაბარება მხოლოდ ღირსეულებს შეძლებოდათ. ამით “ძალად ნასწავლთა” რაოდენობასაც საგრძნობლად შევამცირებდი და სწავლების ხარისხსაც ავამაღლებდი. დამამთავრებელი კლასებისთვის კი სპეციალურ პროგრამას შევადგენდი და დარჩენილ სასწავლო წლებს სპეციალობების მიხედვით ეროვნული გამოცდებისათვის მზადებას მოვახმარდი. ამით ჩვენს მოსწავლეებს კერძო რეპეტიტორებისა და სასწავლო ცენტრებისკენ მიმავალ გზას გადავუკეტავდი. სარეკომენდაციო გამოცდებზე წარუმატებლობის შემთხვევაში, ცხრა კლასის დამთავრების დამადასტურებელ დოკუმენტს გავცემდი და რეკომენდაციას პროფტექნიკურ ან მის მსგავს სასწავლებლებში სწავლის გაგრძელებაზე გავუწევდი. მსურველებს კი საწარმოებში ან ფაბრიკა-ქარხნებში შეგირდებად მუშაობის უფლებას მივცემდი. ამით დასაქმების პრობლემასაც მოვხსნიდი და უსაქმური ახალგაზრდების რაოდენობასაც საგრძნობლად შევამცირებდი.

ეს ყველაფერი კარგია, მაგრამ სად გვაქვს ან მასწავლებელთა გადამზადებისთვის საჭირო თანხები, ან ამდენი საწარმო და ფაბრიკაქარხანაო, _ იკითხავთ, ალბათ. მართალი ბრძანდებით! არაფერი ჩვენ არ გვაქვს, მაგრამ, იცით, რატომ?

იმიტომ, რომ ეს ჩვენირჩეული პარლამეტარებიდა სახელმწიფო მოხელეები, რომელთა უმრავლესობას სკოლის ბიუჯეტზე მეტი ხელფასები და დანამატები აქვთ; ეს ხალხისთვის წართმეული ანაბრებით გამდიდრებულიწარმატებული ბიზნესმენებიდასაეჭვო მილიონერები”, ჩვენირევოლუციამდელისისტემის კურსდამთავრებულები არიან. მათ ბიზნესის მატერიალერი მხარე აინტერესებთ მხოლოდ და წარმოდგენა არ აქვთ მის მთავარ, სულიერ მხარეზე.

ვერც ილია შეიცნეს და ვერც აკაკი. არ იციან, რომ ყველაზე დიდი და ყველაზე ძვირფასი კაპიტალი სულიერი სიმდიდრეა. ქვეყნის სულიერი სიმდიდრე კი მისი მომავალი თაობა და მისი განათლებაა. ეს რომ იცოდნენ, მაშინ კაპიტალს მხოლოდ სუპერმარკეტებსა და ბენზინგასამართ სადგურებში კი არ დააბანდებდნენ, არამედ ნაწილს მაინც განათლების სისტემას მოახმარდნენ. ევროპული დონის ბაგა-ბაღებს, სკოლებს, პროფტექნიკურ სასწავლებლებს, საწარმოებსა და ფაბრიკა-ქარხნებს გახსნიდნენ და, მატერიალურთან ერთად, სულიერ სიმდიდრესაც დააგროვებდნენ. არ იციან იმიტომ, რომ არ გვისწავლებია და ვერც ვასწავლით მანამ, სანამ ჩვენზე ჭკვიან და გამოცდილ ხალხს არ მოვუსმენთ და მათგან არ ვისწავლით. დროა, გონს მოვეგოთ, თორემრევოლუციამდელი ბავშვებისდონეზე კარგა ხნით დავრჩებით დამომავლის სუფრისთამადის დასაცინი გავხდებით. ღირსიც ვიქნებით, რადგან თავის დროზე ყველას თავისი ადგილი არ მივუჩინეთ და ერის დაჩლუნგების საშუალება მივეცით.        

სიტყვა გამიგრძელდა, მაგრამ არ შემეძლო ჩემი გულისტკივილი არ გამეზიარებინა თქვენთვის. ახლა კი “მომავლის სუფრას” დავუბრუნდეთ და ბატონ თამადას მოვუსმინოთ. მაშ, “რატომ იყო რევოლუციამდელი ბავშვი გონება და თავგზააბნეული”? _ თავის სტილთან შედარებით უფრო ტაქტიანად კითხულობს უკვე “განათლების მინისტრის” რანგში მოწვეული თამადა და თავადვე სცემს პასუხს: იმიტომ, რომ მას არ ჰქონდა ნორმალური ბავშვობა; იმიტომ, რომ მას არ მისცეს ნორმალური განათლება; იმიტომ, რომ მან დაკარგა ძვირფასი წლები; იმიტომ, რომ მას არ ჰქონდა არავითარი პერსპექტივა; იმიტომ, რომ… ისევ მელიტონმა მიშველა _ აზარტში შესულ თამადას “შემთხვევით” ფეხზე დააბიჯა და მონოლოგი შეაწყვეტინა, თორემ ეს კაცი ნამდვილად არ აპირებდა გაჩერებას და, მიზეზების ჩამოთვლა რომ არ გაუჭირდებოდა, ეს ჩვენც კარგად ვიცით. ალბათ, იმის მიზეზებსაც ჩამოთვლიდა, რატომ ვერ გადავწყვიტეთ უმუშევრობის პრობლემა და რატომ მომრავლდნენ უსაქმური ახალგაზრდები ქუჩებსა თუ სათამაშო კლუბებში; რატომ იძაბება ასე კრიმინოგენური სიტუაცია და რატომ იზრდება დანაშაულთა რიცხვი ახალგაზრდებში; რატომ გაიდგა ასე ფესვები ნარკომანიამ და რატომ იმატა პროსტიტუციამ არასრულწლოვანთა შორის; რატომ არის, რომ ვერც ერთი მთავრობა ვერ ამართლებს ხალხის ნდობას და მხოლოდ საკუთარ კეთილდღეობაზე ფიქრობს.

დარწმუნებული ვარ, იმასაც მეტყოდა, რომ ყოველივე ამაში არა მხოლოდ ჩვენი განათლების სისტემა, არამედ ჩვენი მენტალიტეტი და ცნობიერებაც არის დამნაშავე. რატომ? იმიტომ, რომ რატომღაც გვრცხვენია, როდესაც ჩვენი შვილი პრესტიჟულ საბავშვო ბაღში არ დადის და პრესტიჟულ სკოლას არ ამთავრებს; გვრცხვენია, როდესაც პრესტიჟულ უმაღლეს სასწავლებელში ვერ ხვდება და პრესტიჟულ შემოსავლიან სამსახურს ვერ შოულობს. სამაგიეროდ არ გვრცხვენია, რომ ორდიპლომიანი “ტაქსის” მძღოლებიც გვყავს და უდიპლომო მინისტრებიც; წითელდიპლომიანი ელიავას ბაზრობის ინდმეწარმეებიც გვყავს და უვიცი კანონმდებლებიც; ნაგვის ბუნკერებში მძრომი მოქალაქეებიც გვყავს და ბიუჯეტში მძრომი მაღალჩინოსნებიც; არც იმის გვრცხვენია, რომ 99% გაღატაკებული ამომრჩევლებიც გვყავს და 1% “ხალხის რჩეული” მილიონერი; და არც იმის, რომ მოხუცთა თავშესაფარში მიტოვებული მშობლებიც გვყავს და სხვისი მოხუცების მოსავლელად ქვეყნიდან გაქცეული შვილებიც.

წელამდე ჭაობში ვართ ჩაფლული და მშველელიც არ ჩანს. ისევ ჩვენ უნდა ვუშველოთ ჩვენს ქვეყანას. რევოლუცია უნდა მოხდეს ჩვენი ერის ცნობიერებაში, თითოეულ ჩვენგანში, ჩვენს მენტალიტეტში, ჩვენს განათლების სისტემაში, თორემ, რაც უფრო მეტ ხანს დავრჩებით ასე და გავძალიანდებით, მით უფრო ღრმად ჩავეფლობით.

ძალიან მინდა, ამ ჭაობიდან ამოსვლა შეძლოს ქართველმა ერმა. ძალიან მინდა, ჩემს საოცნებო “რევოლუციას” მოვესწრო. “მომავლის სუფრა” რეალობაში გავშალო და ამაყად შევსვა ჩვენი “რევოლუციონერი” ახალგაზრდების სადღეგრძელო, მომავალი თაობა დავლოცო, გამთლიანებულ, გაბრწყინებულ და განათლებულ საქართველოში ცხოვრება ვუსურვო.

მოვესწრები, ალბათ!..

პატივისცემით, ორმოცდახუთწლიანი პედაგოგიური გამოცდილების მქონე მათემატიკის მეთოდისტი

ავთანდილ კიკვაძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here