მთავარი პოლიტიკა რატომ იყო რევოლუციამდელი “რუსთავი 2” გონებაჩლუნგი?

რატომ იყო რევოლუციამდელი “რუსთავი 2” გონებაჩლუნგი?

776
გააზიარეთ
რატომ იყო რევოლუციამდელი “რუსთავი 2” გონებაჩლუნგი?

ეს, უბრალოდ, იმ სიტყვების პერიფრაზია, რომლებსაც ერთი ცნობილი ქართული ფილმის გმირი ამბობს, თორემ, სინამდვილეში, რევოლუციამდელი ტელეკომპანიარუსთავი 2” ზუსტად ისეთივე ცილისმწამებელი, შანტაჟისტი და პოლიტიკურად ანგაჟირებული ანტიტელევიზია იყო, როგორც ნაცების მმართველობის პერიოდში და მის შემდეგ. მხოლოდ ძალიან გულუბრყვილო მაყურებელს შეიძლება მოეჩვენოს, რომრუსთავი 2”-ის აშკარად ტენდენციური და სულელური სიუჟეტები უცოდინარობისა და გონებაჩლუნგობის შედეგია, უმეტესობამ კი კარგად იცის _ “რუსთავი 2”-ელი ჟურნალისტების ასეთ საქციელს მხოლოდ დიდძალი ფული, პოლიტიკური დაკვეთა და შუბლის ძარღვის გაწყვეტა განაპირობებს.

ჭკვიანი ადამიანისთვის “რუსთავი 2”-ის ერთი სიუჟეტის ნახვაც კი საკმარისია, რომ მიხვდეს, რასთან აქვს საქმე. ოღონდ ბოლო პერიოდში ფართოდ გავრცელებულ ტენდენციას მინდა მივაპყრო ყურადღება _ საკმაოდ ჭკვიანი ადამიანებიც კი სხვადასხვა ტელეეთერში ამ თემაზე საუბრისას გამოთქვამენ აზრს, რომ “რუსთავი 2” სწორედ ე.წ. ვარდების რევოლუციის შემდეგ, 2003 წლიდან “გაფუჭდა”, თორემ მანამდე ძალიან კარგი და ობიექტური ტელევიზია იყო. ამ ადამიანების აზრით, “ნაციონალური მოძრაობის” ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, ვინაიდან ეს პოლიტიკური ძალა მფარველობდა “რუსთავი 2”-ს, ამ ტელეკომპანიის ჟურნალისტებს თავში აუვარდათ და მიკერძოებულები გახდნენ. რევოლუციამდელი “რუსთავი 2” კი თურმე სამართლიანი ჟურნალისტიკის ეტალონი ყოფილა.

მინდა ასეთ ადამიანებზე ვთქვა: ისინი ან ძალიან ზედაპირულად უყურებენ საერთო სურათს, ან ძალიან მოკლე მახსოვრობა აქვთ, ან კიდევ, უბრალოდ, განზრახ და ანგარებით ავრცელებენ “რუსთავი 2”-ისთვის, ფაქტობრივად, ნაცებისთვის სასურველ ნარატივს ამ ტელევიზიის ოდესღაც “კარგობის” შესახებ, რაც უტიფარი ტყუილია. სინამდვილეში რუსთავი 2” რევოლუციამდეც ზუსტად ისეთივეგონებაჩლუნგი”, ანუ უტიფარი და უსირცხვილო, ყველანაირი სიბინძურის მკადრებელი ტელევიზია იყო, როგორც რევოლუციის შემდეგ და ახლაც.

უმარტივესი კითხვა “რევოლუციამდელი რუსთავი 2”-ის აპოლოგეტებს: მიპასუხეთ, როდის იყო ეს ტელევიზიაჟურნალისტური სტანდარტების ეტალონი”? _ ასაკოვან კაცს, სატყეო დეპარტამენტის ყოფილ უფროს შოთა მეფარიძეს ყოველ მეორე დღეს კერძო საკუთრებაში რომ უვარდებოდნენ? საბოლოოდ არავის უნახავს არანაირი დოკუმენტი შოთა მეფარიძის მექრთამეობისა და ტყის უკანონოდ ჩეხვა-გაყიდვისა. “ნაცმოძრაობის” ხელისუფლებაში ყოფნის 9 წლის განმავლობაშიც ვერაფერი ამოუქექეს, სამაგიეროდ ხნიერ კაცს ინფარქტი დამართეს და შეიწირეს კიდეც. ეს არის თქვენთვის სამაგალითო ტელევიზია?!

იქნებ მაშინ იყო “რუსთავი 2” კარგი, როდესაც მისი ჟურნალისტები რკინიგზის დეპარტამენტის ყოფილ უფროს აკაკი ჩხაიძეს უვარდებოდნენ კაბინეტში და უტიფრად მოითხოვდნენ, რომ რკინიგზის საფინანსო განყოფილებას მათთვის მიეცა ის დოკუმენტაცია, რომლის ნახვის უფლება, შესაბამისი სპეციალური სამსახურების გარდა, არავის აქვს? იქნებ ეს იყო “ძალიან მაგარი” ჟურნალისტიკის ნიმუში თქვენთვის?

შესაძლოა, ის ამბავი მოგეწონათ ძალიან, კულტურის ყოფილ მინისტრ ვალერი ასათიანს სატანისტური რიტუალების ჩატარება და ორი ადამიანის მკვლელობა და მათი დანაწევრებული გვამების დაწვა რომ დააბრალეს. მოგვიანებით იმ პატიმარმა, რომელსაც მაშინ “რუსთავი 2”-მა ეს ათქმევინა, აღიარა, რომ ეს ცილისწამება ყურადღების მიქცევის მიზნით მოიგონა, “რუსთავი 2”-ს კი ვალერი ასათიანისთვის ბოდიშიც არ მოუხდია. კიდევ უამრავი მსგავსი ფაქტის გახსენება შეიძლება. ეს არის თქვენთვის “კარგი რუსთავი 2”?

თუ არა, მაშ, რატომ ამბობთ სისულელეს, რომ ეს სამარცხვინო ტელევიზია თუნდაც ერთი დღით ან ერთი საათით მაინც კარგი ტელევიზია იყო და იქ პროფესიონალები მუშაობდნენ (პროფესიონალი პროვოკატორები, ყალბისმქნელები და “შემვარდნელები” კი, მაგრამ პროფესიონალი ჟურნალისტები?!)? რატომ არც ერთ “პროფესიონალს” არ მოუვიდა აზრად, რომ გაეპროტესტებინა ასეთი საზიზღარი ცისლიმწამებლური სიუჟეტები იმ ტელევიზიაში, რომელშიც მუშაობდა?

აქ მიზეზი სხვა რამაა _ იმხანად ედუარდ შევარდნაძის ხელისუფლება ხალხს მოყირჭებული ჰქონდა და, ასე ვთქვათ, “უსწორდებოდა” მისი მინისტრების ლანძღვა-თათხვა, დიდი ენთუზიაზმით იჯერებდნენ მათ წინააღმდეგ წამოყენებულ ყველა ბრალდებას, სრულიად დაუსაბუთებელსა და აბსურდულსაც კი.

აი, ამით სარგებლობდა ბოროტად ეგ თქვენი “კარგი” “რუსთავი 2” და, როგორც ჩანს, თქვენ, უბრალოდ, “განწყობა” გაქვთ დამახსოვრებული და არა რეალური ფაქტები.

თქვენს განწყობაში “რუსთავი 2” “ცუდებს ებრძოდა” (მერე რა, რომ პროვოკაციებითა და ყალბისქმნით) და თქვენ ეს უპირობოდ “კარგი ტელევიზიის” კრიტერიუმად მიგაჩნიათ. სინამდვილეში კი, უსამართლობა, ცილისწამება, შანტაჟი, პროვოკაცია ყოვლად მიუღებელია კარგი ტელევიზიისთვის, როგორც არ უნდა მოგწონდეს ის მთავრობა, რომელსაც ვითომ “ებრძვი” (ბრჭყალები იმიტომ, რომ სინამდვილეში “რუსთავი 2”-ს სახელისუფლო “კრიშა” არასოდეს აკლდა). აღარავისთვის არის საიდუმლო, რომ “რუსთავი 2”-ის დაარსებასა და შემდეგ “გაქაჩვაში” უდიდესი წვლილი შეიტანა აწ გარდაცვლილმა ზურაბ ჟვანიამ, რომელიც იმხანად საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე და ქვეყნაში ერთ-ერთი გავლენიანი პოლიტიკოსი იყო. ამ ტელევიზიაზე იმთავითვე (სანამ ბოლომდე ჯიბეში ჩაიდებდა) უდიდესი გავლენა ჰქონდა ქვეყნის მაშინდელი მმართველი პარტიის _ “მოქალაქეთა კავშირის” საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერსა და შემდგომ შევარდნაძის მინისტრთა კაბინეტის იუსტიციის მინისტრს _ მიხეილ სააკაშვილს.

მაშ, მიპასუხეთ: რანაირად იყო “რუსთავი 2” ხელისუფლებების წინააღმდეგ მებრძოლი “ხალხის ტელევიზია”? არა, ბატონებო, ის ყოველთვის იყო ყველაზე ბინძური მეძავი ტელევიზია, რომელსაც სახელისუფლო წრეები “კრიშავდნენ”, უბრალოდ, ხან ერთ სახელისუფლო ფრთას მიეყიდებოდა, ხან _ მეორეს; ხან ერთი სახელისუფლო ფრთა ატრიალებდა თავის ჭკუაზე, ხან _ მეორე. შესაბამისად, “რუსთავი 2” ხალხის გვერდით კი არ იდგა მთავრობების წინააღმდეგ, არამედ სამთავრობო ინტრიგების ხლართვას ემსახურებოდა და უბინძურეს დაკვეთებს ასრულებდა ყოველთვის.

მაშინდელ ჟურნალისტებს ისიც კარგად ემახსოვრებათ, რომ მინისტრები პრესკონფერენციებსა და ბრიფინგებსაც კი არ იწყებდნენ, სანამ “რუსთავი 2”-ის ჯგუფი არ მივიდოდა. პირადად ვარ შემსწრე არაერთხელ, რომ, დავუშვათ, 11 საათზე დანიშნული საგანგებო ბრიფინგი ამა თუ იმ უწყებაში საათნახევრიანი დაგვიანებით დაწყებულა, რადგან “რუსთავი 2” გადამღები ჯგუფის გამოგზავნას ვერ ახერხებდა. რატომ არ ხდებოდა იგივე სხვა ტელევიზიების მიმართ? თვითრუსთავი 2”-ელებიც ყოველგვარი ადამიანური და პროფესიული ეთიკის უგულებელყოფით ძალიან უტიფრად სარგებლობდნენ ამ სამთავრობო პრივილეგიებით და ყოველთვის ზემოდან უყურებდნენ კოლეგებს

სხვათა შორის, სწორედ ამ დღეებში ერთ-ერთ ტელეარხზე საქართველოს პარლამენტის ყოფილ თავმჯდომარე დავით უსუფაშვილს დაუსვა კითხვა ჟურნალისტმა “რუსთავი 2”-ის დაარსების დეტალების შესახებ. უსუფაშვილმა, რომელიც იმ წლებში აწ უკვე კარგად ცნობილი სოროსული ორგანიზაცია “საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” თავმჯდომარე იყო, ასეთი პასუხი გასცა: მე მახსოვს, როგორ ჩამოვიდა რუსთავიდან მაშინ ეროსი კიწმარიშვილი და მოვიდა სწორედ ჩვენთან _ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში, ტელევიზიის დაარსების საკითხებთან დაკავშირებით. იქ შედგა ყველა საჭირო კონსულტაცია, შეხვედრები და საბოლოოდ დაარსდარუსთავი 2”. დამეთანხმებით, უსუფაშვილის პასუხი საკმაოდ ბუნდოვანია და ფაქტია, რომ ყოფილი “რესპუბლიკელ-სოროსელი” რაღაცას მალავს და ბოლომდე არ ამბობს. თუმცა მთავარი კითხვის დასმა მაინც შეიძლება: რა უნდოდა თავისუფალი და დამოუკიდებელი მედიასაშუალების, ტელევიზიის დაარსების მსურველ ეროსი კიწმარიშვილს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში? რომელი კომუნიკაციების მარეგულირებელი ეგ იყო? ან მითხარით, თუ იცით რომელიმე სხვა ტელევიზია და მედიასაშუალება, რომელიც ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში საჭირო ხალხთან “შეხვედრებისა და კონსულტაციების” შედეგად დაარსდა?

საყურადღებოა კიდევ ერთი მომენტი _ დავით უსუფაშვილმა ახსენა “ნაცების” ხელისუფლების ყოფილი თავდაცვის მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი, რომელიც იმხანად ასევე ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წევრი გახლდათ. ირაკლი ოქრუაშვილთან მე მაკავშირებს ის წლები, როდესაც საქართველოს კონსტიტუციასკერასინკაზეგამთბარი ხელებით ვწერდით”, _ განაცხადა უსუფაშვილმა. მოგეხსენებათ, მოგვიანებით ირაკლი ოქრუაშვილის სახელი ასევე მჭიდროდ დაუკავშირდა “რუსთავი 2”-ს. დავსვათ კიდევ ერთი შეკითხვა: კი მაგრამ, ვინ იყვნენ ეს ადამიანები? გინდაც უსუფაშვილი, გინდაც ოქრუაშვილი და სხვები _ ბოკერია, ხიდაშელი და ასე შემდეგ, რომელთა წლოვანება იმხანად 20-25 წელს არ აღემატებოდა, რა დამსახურებისა და რომელი გამოცდილების გამო აწერინებდნენ მათ საქართველოს კონსტიტუციას, აარსებინებდნენ ტელევიზიებს, აბარებდნენ ქვეყნის ბედს?! ფაქტია: ესენი არიან სპეცსამსახურების (უცხოური) მიერ გარკვეული ნიშნით შერჩეული ჯგუფები, რომელთა ხელშიც იყო იმთავითვერუსთავი 2” და ჯერ კიდეც ბევრ რამეში გაუთვითცნობიერებელი ქართველი საზოგადოებაც დაუღეჭავად ყლაპავდა ყველა იმ ბინძურ დაკვეთას, რომლებსაც ეს მედიასაშუალება უტიფრად ასრულებდა.

უკვე ე.წ. ვარდების რევოლუციის შემდეგ, 2012 წლის მოვლენებამდე, “რუსთავი 2”, ტელევიზია კი არა, მთავრობის ნასუფრალი მაგიდის გადასაწმენდი ჩვარი რომ იყო, ამაზე “გულწრფელობის” ხასიათზე დამდგარმა ირაკლი ოქრუაშვილმაც ილაპარაკა ინგა გრიგოლიას გადაცემაში და ეს “ნიჭიერი იურისტი” იმდენსაც ვერ მიხვდა, რომ ტელევიზია ჩვენ წამოვიღეთ”, “როცა მოითხოვეს, მე ვუთხარი: ტელევზია მიეცითდა სხვა მსგავსი “მაფიოზური” ტერმინებით საუბარი, ფაქტობრივად, აღიარებითი ჩვენება იყო იმის დასტურად, “რუსთავი 2”-ს და ყველა დანარჩენ მედიასაშუალებასაც თავის ჭკუაზე როგორ ატრიალებდა იმჟამინდელი თავდაცვის მინისტრი და მისი “შეფი” მიხეილ სააკაშვილი.

სხვათა შორის, არც “თავისუფალ ჟურნალისტ” ინგა გრიგოლიას ჰქონია მძფრი რეაქცია და მაშინ, როდესაც თავდაცვის ყოფილი მინისტრი “წავიღეთ, წამოვიღეთ, მივეცით, გამოვართვით”-ო, ყვებოდა “რუსთავი 2”-ზე, თითქოს ეს, ტელევიზია კი არა, სათამაშო ნივთი იყო, ინგა გრიგოლიამ მხოლოდ ორჯერ, მოკრძალებით წამოიკნავლა: ბატონო ირაკლი, არ გეჩვენებათ, რომ, ცოტა არ იყოს, არაადეკვატური ტერმინებით საუბრობთ?” ყველამ ვიცით, “ქართული ოცნების” რომელიმე მინისტრს რომ ეთქვა, “ტელევიზია წავიღე-წამოვიღეო,” რა ისტერიკასაც მოუწყობდა მას ეთერში “თავისუფალი ჟურნალისტი” გრიგოლია… სხვათა შორის, “გრიგოლია და კომპანია” იმ შემთხვევაშიც ატეხდნენ “მედიაისტერიკას”, რომელიმე ტელევიზიის გენერალურ დირექტორად “ქართულ ოცნებას” რომ დაენიშნა ყოფილი პროკურორი. “რა ესაქმება პროკურორს მედიაში?” _ თვალების დაქაჩვით დასვამდა კითხვას ინგა…

ახლა კი სხედან პატივცემული “ექსპერტები” და თვალში ნაცარს გვაყრიან, თითქოს 2003 წლამდე “რუსთავი 2” არ იყო უსირცხვილო, ბინძური და ყველაფრის მკადრებელი ტელევიზია და ის ასეთად მხოლოდ 2003 წლის შემდეგ აქციეს ხელისუფლებაში მოსულმა ნაცებმა…

სანამ ყველა ფაქტს სწორად არ შევაფასებთ, ყველაფერს თავის სახელს არ დავარქმევთ და მომავალ თაობას სიმართლეს არ ვეტყვით, ჩვენი ქვეყანა სახელმწიფოს ვერასდროს დაემსგავსება!

ბაკურ სვანიძე

გააზიარეთ

1 COMMENT

  1. გეტანხმებით,ბატონო ბაკურ! ნახევარსიმართლე ტყუილზე უარესია.

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here