მთავარი პოლიტიკა რატომ იკლავენ არასამთავრობოები თავს ნაციონალების გამო?

რატომ იკლავენ არასამთავრობოები თავს ნაციონალების გამო?

755
გააზიარეთ
რატომ იკლავენ არასამთავრობოები თავს ნაციონალების გამო?

რამდენიმე დღის წინათ ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე თამაზ ფაცაციამ სოციალურ ქსელში შემდეგი შინაარსის პოსტი გამოაქვეყნა: “თინა ბოკუჩავამ ისეთი განათლებული ვარო, მიშამ პირდაპირ პარლამენტშიდამამთავრებინა”, ბოდიში, გამათავებინაო უნივერსიტეტიო” (სტილი დაცულია). ამის შემდეგ ფაცაცია სექსისტურ და შეურაცხმყოფელ განცხადებაში დაადანაშაულეს, ქალთა უფლებების დამცველი ორგანიზაციის შეფის, ბაია პატარაიას, ხელმძღვანელობით პრესკონფერენციაც გამართეს და ფაცაციას საკრებულოდან გარიცხვაც კი მოითხოვეს. საზოგადოდ, ნებისმიერ განცხადებას, რომელიც ადამიანს შეურაცხყოფს, ვემიჯნებით და ვგმობთ, მაგრამ

საქართველოს პრეზიდენტს, ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის დირექტორმა ნიკა გვარამიამ ტელეეთერში დედა აგინა და სხვა შეურაცხმყოფელი ფრაზითაც მოიხსენია, აგენტობაშიც დაადანაშაულა და აკადრა ყველაფერი, რისი კადრებაც, უბრალოდ, არ შეიძლებოდა. ჰოდა, არ გვახსოვს, გვარამიას ამ განცხადებების შემდეგ პატარაია (ან რომელიმე არასამთავრობო) აღშფოთებულიყო: ტელეკომპანიის დირექტორი ქალს ლანძღავსო. როცა ოპოზიცია უშვერი სიტყვებით ილანძღება, არასამთავრობოები დუმან, ხოლო, როცა ხელისუფლების წარმომადგენელი იმავეს გაიმეორებს, მაშინვე წაესევიან ხოლმე და ამუნათებენ.

ეს არის კონკრეტული ადამიანებისა და კონკრეტული არასამთავრობო ორგანიზაციების პოზიცია. ისინი, ერთი შეხედვით, დამოუკიდებლები არიან, მაგრამ ეს მხოლოდ ერთი შეხედვით, რადგან, რეალურად ნაციონალების მხარეს იდგნენ, როცა ისინი ხელისუფლებაში იყვნენ და მათ მხარეს არიან ახლაც, როცა ოპოზიციაში არიან. ალბათ, საინტერესოა, რატომ იკლავენ არასამთავრობოები თავს ნაციონალების გამო.

საქმე ის არის, რომ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ “ნაციონალურ მოძრაობას” ევროპელმა და ამერიკელმა პატრონებმა უბრძანეს არასამთავრობო სექტორის გაძლიერება. შესაბამისად, მათაც შექმნეს სატელიტი ორგანიზაციები, ოფიციალურად დამოუკიდებელი არასამთავრობოები, რეალურად კი ნაციონალებზე დამოკიდებულ-ჩამოკიდებული ორგანიზაციები. სწორედ ნაციონალების ხელისუფლებაში ყოფნისას მათი გადაწყვეტილებით ხდებოდა კონკრეტული ორგანიზაციებისთვის გრანტების გაცემა, მათი მეშვეობით გადიოდა ნებისმიერი თანხა და ხშირად არცთუ მცირე “ატკატების” სახით უკან ბრუნდებოდა. არასამთავრობოებს ვინ ჩივის, როცა ძალიან გაუჭირდათ, ნაციონალებმა ისიც კი დაამტკიცეს, რომ ომბუდსმენის ინსტიტუტი მათი იყო და უფლებადამცველი გიორგი ტუღუში სასჯელაღსრულების მინისტრად დანიშნეს, _ აქაოდა, ნეიტრალური კაცი მიხედავს ყველაზე მძიმე სფეროსო, მაგრამ, როგორც კი ოპოზიციაში გადავიდნენ, ტუღუშმა დატოვა თანამდებობა და მათი პარტიის წევრი გახდა.

საზოგადოდ, მსოფლიოში დემოკრატიული ინსტიტუტები არასამთავრობო ორგანიზაციებს დიდ ყურადღებას უთმობენ და მათ რეკომენდაციებს ითვალისწინებენ. 2012 წლის შემდეგ საქართველოში არსებული არასამთავრობო სექტორი საერთაშორისო ორგანიზაციებში მხოლოდ უარყოფით დასკვნებს გზავნის, სიტუაციას შეგნებულად ამძიმებს და თითს ხელისუფლებისკენ იშვერს. და ეს ხდება მაშინ, როცა ხელისუფლების რომელიმე წარმომადგენელს რაიმე წამოსცდება, მაგრამ ხმას არ იღებენ, როცა ოპოზიცია იმავეს ან უფრო უარესს აკეთებს. ერთი წამით წარმოიდგინეთ, რა მოხდებოდა, ვინმეს ნიკა გვარამიასთვის იგივე რომ ეთქვა, რასაც ის ბიძინა ივანიშვილის ან სალომე ზურაბიშვილის მისამართით ამბობს. მაშინვე ატყდებოდა ისტერიკა, რომ დამოუკიდებელ მედიას უტევენ, რომ ეს სიტყვის თავისუფლების შეზღუდვაა; შეიქმნებოდა ჯგუფი ნიკა გვარამიას დასაცავად და მის სახლთან პატრულირებასაც კი დაიწყებდნენ, _ ემანდ აქოჩრილი თავიდან ღერი თმა არ ჩამოუვარდესო. ეს არის მწარე რეალობა, რომელშიც ვცხოვრობთ, თუმცა…

ხელისუფლების მინუსია ის, რომ ვერ გააძლიერა დამოუკიდებელი არასამთავრობო სექტორი. ამის მცდელობა ჰქონდა ივანიშვილს, როცა ორგანიზაცია “მოქალაქე” შექმნა, მაგრამ ეს იდეა ჩანასახშივე მკვდარი იყო, რადგან ნათლად ჩანდა, ივანიშვილს გაუჭირდებოდა თავისივე შექმნილი გუნდის კრიტიკა. ასეც მოხდა: “მოქალაქე”, პრაქტიკულად, აღარ არსებობს და მის ფონზე ჩაიყლაპა ყველა არასამთავრობო, რომლებსაც დამოუკიდებლობის პრეტენზია ჰქონდათ.

სამაგიეროდ, უფრო გაძლიერდნენ ისინი, ვისაც წინა ხელისუფლება აფინანსებდა. წინა ხელისუფლების მიერ პიარში დახარჯული მილიონობით ლარი დღესაც მუშაობს და ის ორგანიზაციები, რომლებსაც ფულს ურიცხავდნენ, დღესაც აქტიურად განაგრძობენ ნაციონალების საქმიანობის პროპაგანდას საერთაშორისო მასშტაბით, რადგან ზუსტად იციან, მათი დაბრუნების შემთხვევაში, მილიონები ისევ მათი ყულაბისკენ დაიძვრება. უცნაურია, მაგრამ ფაქტი _ ხელისუფლებაში მოსვლის დღიდანქართული ოცნებისლიდერები ერთხმად ამბობენ, რომ არ უვარგათ პიარი, რომ ბევრ რამეს აკეთებენ, მაგრამ გაკეთებული საქმეები, საერთაშორისო დონემდე კი არა, ხალხამდეც ვერ მიაქვთ. ჰოდა, ამ 7 წელიწადში არ გამოჩნდა არავინ და არაფერი, ვინც ამ ყველაფერს თავს დაადგამდა, ვინც მიხედავდა, გააკონტროლებდა. ყველაფერი თვითდინებაზეა მიშვებული, დაახლოებით ისე, როგორც ეროვნული ვალუტა, რომელზეც ივანიშვილმა განაცხადა: თავისუფალ ცურვაშია და ნუ გიკვირთ მისი რყევებიო. ასე თავისუფალ ცურვაშია არასამთავრობო სექტორიც ხელისუფლების მხრიდან და რყევებიც აშკარაა, თუმცა, ვალუტისგან განსხვავებით, ეს რყევები ხელისუფლების გაოცებას იწვევს.

ნამდვილად არ ვაპირებთ იმის მტკიცებას, რომ ქვეყანაში ყველაფერი დალაგებულია, თუმცა ის აპოკალიფსი, რომელსაც ოპოზიცია და არასამთავრობო სექტორი ხატავს, ნამდვილად არ არის რეალობასთან ახლოს. ახლაც, წინასაარჩევნოდ, არასამთავრობო სპექტრი ოპოზიციის მხარეს იყო და ეს მაშინ, როცა მან ნეიტრალიტეტი უნდა დაიცვას. არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები, რომლებიც დამკვირვებლებად მუშაობდნენ უბნებზე, მხარს დაუფარავად უჭერდნენ ოპოზიციას. იყო ასეთი შემთხვევაც, როცა საპრეზიდენტო არჩევნებზე, ერთ-ერთ უბანზე ხმების დათვლის შემდეგ დამკვირვებელმა დარეკა და სიხარულით ამცნო: მოვიგეთ! იმ უბანზე მაშინ გრიგოლ ვაშაძემ გაიმარჯვა, არასამთავრობოს წარმომადგენელს კი ბეიჯზე “საია” ეწერა.

ისიც ვთქვათ, რომ იგივე საია უფასო იურიდიულ მომსახურებას სთავაზობს ყველას, ვინც ხელისუფლების წინააღმდეგ მიდის და არასდროს ეხმარება მათ, ვინც ხელისუფლებას უჭერს მხარს. ამიტომ საქართველოში მოქმედ არასამთავრობოებს თავისუფლად შეუძლიათ, სახელი გადაირქვან დანაციონალური მოძრაობისდანამატებად დარეგისტრირდნენ. არაერთი შემთხვევა ყოფილა, რომ განსაკუთრებით გამორჩეული და აგრესიული არასამთავრობოების ბოსები ნაციონალებს ხელისუფლებაში წაუყვანიათ ან პარლამენტში დაუსვამთ საპარლამენტო სიით. სწორედ სიით, რადგან რეალურად, ამომრჩეველს არასამთავრობოები არ მოსწონს და მათ ხმას არასდროს აძლევს.

ხელისუფლებისთვის რჩევის მიცემას არ ვაპირებ, რადგან ის, ძირითადად, ინსტიქტით მოქმედებს, მაგრამ ძალიან კარგი იქნება, თუ სწორედ ხელისუფლება დაარქმევს ყველას და ყველაფერს თავის სახელს. კარგი იქნება, თუ იგივე ფაცაცია (რომელმაც შეტევას ვერ გაუძლო და პოსტი წაშალა) გამოვა და მარტივად იკითხავს: რატომ არ იცავენ ქალთა უფლებების დამცველი ორგანიზაციები ქვეყნის პირველ პირს? კარგი იქნება, თუ სახელმწიფო აუდიტი, რომელიც სწავლობს საჯარო სამსახურების ფინანსურ საქმიანობას, შეისწავლის და გამოაქვეყნებს არასამთავრობო ორგანიზაციების შემოსავლებსა და მათ საქმიანობას. იქ გამოჩნდება, რა ოდენობის თანხები ერიცხებათ ჩვენს ლანძღვაში არასამთავრობოებს, რა შემოსავლებს იღებენ და რამდენი ათასი ლარი აქვთ ხელფასად დანიშნული. ჰო, ათასობით ლარი, რომელსაც ისინი ყოველთვიურად იღებენ და ამ ლარების გამო რეალობის განცდა დაკარგული აქვთ. მათთვის მთავარი ის არის, რომ ზედაპირზე იტივტივონ, ყოველთვის ხმა აღიმაღლონ, ოღონდ არა ოპოზიციის, არამედ ხელისუფლების წინააღმდეგ. ახლაც, ჩატარებულ არჩევნებზე, ყველაზე მეტი საჩივარი სწორედ არასამთავრობოების მხრიდან დაიწერება და მსოფლიოს საერთაშორისო ინსტიტუტებმაც რომ აღიარონ არჩევნების სწორად და კარგად ჩატარება, ისინი მაინც არ აღიარებენ. ეს იმიტომ, რომ სურთ, ხელისუფლებაში მათი შემქმნელები დაბრუნდნენ, რათა ფრთები უფრო ფართოდ გაშალონ და ხელფასს, კიდევ რამდენიმე ათასი თუ არა, რამდენიმე ასეული ლარი მაინც დაუმატონ.

აქვე გეტყვით, რომ არჩევნებზე დარეგისტრირებულია 49 არასამთავრობო ორგანიზაცია, თითო უბანზე მათ თითო კაცის ყოლის უფლება აქვთ. ამას დაუმატეთ გაერთიანებულ ოპოზიციაში შემავალი 11 პარტია თავისი თითო დამკვირვებლით და გამოვა, რომ მხოლოდ ერთ უბანზე ოპოზიციას 60 კაცის მობილიზება შეუძლია. ეს მაშინ, როცა იგივე არასამთავრობო ორგანიზაციები ბოლო ხმაზე გაჰკივიან: არჩევნების დღეს ხელისუფლებას უბნებზე სამი კაცის ყოლის უფლება აქვს, რაც არასამართლიანიაო. ანუ, მათი 60-ის წინააღმდეგ ხელისუფლების 3 კაცი არასამართლიანად ჩანს. ასეთი სამართლით ცხოვრობდნენ ისინი წინა ხელისუფლების პერიოდში და ასეთი სამართლის დაბრუნება უნდათ ახლაც.

ბესო ბარბაქაძე

გააზიარეთ

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here