Home რუბრიკები პოლიტიკა რატომ თვლიან ამერიკა და ევროპა საქართველოს ვირად და რატომ ვერ უბედავს ვირი...

რატომ თვლიან ამერიკა და ევროპა საქართველოს ვირად და რატომ ვერ უბედავს ვირი პატრონს წიხლს

შტატებს ფეხებზე ჰკიდია, ვის ვეძებთ, ვის მივუსჯით. ამერიკელები წყვეტენ, ვინ უნდა იჯდეს ციხეში და ვინ იყოს თავისუფალი

437
რატომ თვლიან ამერიკა და ევროპა საქართველოს ვირად და რატომ ვერ უბედავს ვირი პატრონს წიხლს

საქართველოს საშინაო თუ საგარეო პოლიტიკის ბედი ამერიკაში რომ წყდება, ყველა მივეჩვიეთ. თუმცა, რაღა საშინაო და საგარეო პოლიტიკის, ამერიკა იმასაც გვითითებს, მოსამართლეები როდის უნდა დავნიშნოთ, რა კანონი მივიღოთ, არჩევნებზე რამდენპროცენტიანი ბარიერი გადალახოს მმართველმა ძალამ და როგორ უნდა მოიქცეს ოპოზიცია. მოკლედ, ყველაფერს შტატები წყვეტს და რა გასაკვირია, პოლიტიკოსები კონსულტაციებისთვის ოკეანის გაღმა რომ დაფრინავენ. არ აქვს მნიშვნელობა, ოპოზიციაა თუ ხელისუფლება, ყველა ამერიკაში მიდის, იქ იღებს მითითებებს და შემდეგ იქ შედგენილი დღის წესრიგის მორგებას საქართველოზე ცდილობს.

ამერიკულმა კანონებმა და სამართალმა როგორც გაამართლა, კი ვხედავთ და რატომ ჰგონია ვინმეს, რომ გასული 30 წლის მსგავსი არ იქნება მომდევნო 30 წელიც, ვერ გეტყვით. ვირს ჯოხით ცხვირთან ბალახს რომ დაუკიდებენ, ზურგზე შეაჯდებიან და ამ ბალახს გამოკიდებული ვირიც რომ თავდაუზოგავად გარბის, სწორედ ასეთ მდგომარეობაში ვართ. ჯოხზე დაკიდებული ბალახი ნატო და ევროკავშირია, ზურგზე კი გვაზის ყველა, ვისაც არ ეზარება, და, რაც უნდა გამრჯე და მუყაითი იყოს ვირი, ბალახს ვერასდროს ვერ მისწვდება.

შევეცდებით, დასაბუთებულად აგიხსნათ, რატომ თვლის ამერიკა და ევროპა საქართველოს ვირად და რატომ ვერ უბედავს ვირი პატრონს წიხლს. გასულ კვირაში, ქართველი პოლიტიკოსების მთავარი სასაუბრო თემა იყო, შეხვდა თუ არა გიორგი გახარია ამერიკაში მიხეილ სააკაშვილს. როგორც გაირკვა, ექსპრემიერი და ექსპრეზიდენტი ერთსა და იმავე სასტუმროში იყვნენ გაჩერებული და მმართველი გუნდის ლიდერთათვის ეს საკმარისი აღმოჩნდა იმისთვის, რომ შეთქმულების თეორია აეგო. ოპოზიცია კი ამბობდა, ეს ყველაფერი შემთხვევითია, შეხვედრის სურვილი რომ ჰქონოდათ, სხვა ადგილსაც ნახავდნენო. ისე, მრავალმილიონიან ქალაქში ერთსა და იმავე სასტუმროში რომ აღმოჩნდები, ან შემთხვევითობაა, ან “ქართულ ჯიგრულ პონტში მოსულა”, ან კიდევ ყველაზე საუკეთესო _ კარგად გათვლილი პროვოკაციაა. თუმცა, ჩვენთვის მთავარი ის კი არ არის, გადაიკვეთა თუ არა გახარიასა და სააკაშვილის გზები ამერიკაში, არამედ ის, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი შტატებშია.

“2018 წლის 28 ივნისს თბილისის საქალაქო სასამართლომ ვალერი გელაშვილის ცემის ფაქტზე ბრალდებული მიხეილ სააკაშვილის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი დაადგინა და მას სასჯელის სახედ და ზომად 8 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა. მასვე 3 წლის ვადით ჩამოერთვა დანიშვნითი თანამდებობის დაკავების უფლება სახელწიფო სამსახურში და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოში. “ამნისტიის შესახებსაქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის გამოყენებით, დანიშნული სასჯელი შემცირდა 1/4-ით და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, სასჯელის სახედ და ზომად ბრალდებულს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა, ხოლო თანამდებობის დაკავების უფლება სახელწიფო სამსახურსა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოში ჩამოერთვა 2 წლითა და 3 თვით”, _ ეს არის ქართული სასამართლოს ერთ-ერთი გადაწყვეტილება, რომლის მიხედვით მიხეილ სააკაშვილი დამნაშავედ არის ცნობილი და მისჯილი აქვს პატიმრობა. ამ განაჩენის გარდა, კიდევ არაერთი განაჩენია, რომელთა მიხედვით, სააკაშვილს ქართული ციხის კედლების ხეხვა დიდი ხნის განმავლობაში მოუწევს. ლოგიკურია, რომ სასჯელის გამოცხადების შემდეგ სააკაშვილზე საერთაშორისო ძებნა გამოცხადდა, მაგრამ ამას ხელი არ შეუშლია უკრაინისთვის, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი ჯერ გუბერნატორად დაენიშნა, შემდეგ კი ახალი თანამდებობა ებოძებინა. ეს ის უკრაინაა, რომლის მაღალჩინოსნებთან საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები ოფიციალური ვიზიტით დადიან, ოფიციალურ შეხვედრებს მართავენ და უხერხულობას არ უქმნით ის ფაქტი, რომ ქართული სასამართლოს მიერ ციხეში გაშვებული და ქართული პროკურატურის მიერ ძებნილი სააკაშვილი თანამდებობაზე უზით.

შევეშვათ უჯრაინას და ამერიკაზე ვთქვათ. კელი დეგნანმა გასული კვირის განმავლობაში არაერთხელ გაიმეორა, რომ საქართველოს პარლამენტმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლეების დანიშვნის პროცესი უნდა შეაჩეროს და მხოლოდ მას შემდეგ უნდა განაახლოს, როცა პარლამენტი შარლ მიშელის დოკუმენტს მიიღებს. ამ განცხადებით დეგნანი, პირდაპირ თუ ირიბად, უნდობლობას უცხადებს როგორც მოსამართლეთა შერჩევის პროცესს, ისე ქართული საკანონმდებლო ორგანოს ობიექტურობას. თუმცა, მთავარი ესეც არ არის.

ამერიკელები მუდმივად გვიმეორებენ, რომ საქართველო მაშინ განვითარდება, როცა კანონი იქნება უზენაესი და ყველასთვის ერთი. შესაბამისად, მათი მტკიცებით, ერი და ბერი ერთნაირად უნდა გასამართლდეს, თუ დანაშაულს ჩაიდენს და, რაღა თქმა უნდა, ამ მიდგომაში ჩვენც ვეთანხმებით, მაგრამ რა ვუყოთ მიხეილ სააკაშვილს, რომელსაც მისჯილი აქვს, რომელიც იძებნება და ამერიკაში (ევროპის გავლით) ძალიან მშვიდად გრძნობს თავს. ევროპის არც ერთ ქვეყანას აზრადაც არ მოსვლია, სააკაშვილისთვის ბორკილები დაედო და საქართველოში მისი ექსტრადირება მოეხდინა. მეტსაც გეტყვით, რამდენიც უნდა ამტკიცოს შს ყოფილმა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა, სააკაშვილის ექსტრადაციაზე უარი არ მითქვამსო, ფაქტია: რამდენიმე წლის წინათ გავრცელებული ჩანაწერი, რომელშიც მღებრიშვილს უკრაინიდან სააკაშვილის ექსტრადიციას სთავაზობენ, ის კი კატეგორიულ უარს ამბობს, რეალობასთან ძალიან ახლოს არის. სხვა საქმეა, რატომ არ სურს ხელისუფლებას სააკაშვილის ჩამოყვანა და ციხეში ჩასმა, მაგრამ სულ სხვა საკითხია, რატომ უშვებს ქვეყანაში საქართველოს მიერ ძებნილ პირს ამერიკა. თანაც, არამხოლოდ უშვებს, არამედ მას ხვდებიან კონგრესმენები, სენატორები

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო რომ იწონებს თავს, რატომ არ გზავნის საპროტესტო ნოტას ამერიკაში, რატომ არ აფარებს სახეზე იმავე ნოტას ქალბატონ დეგნანს, ჩვენ მიერ ძებნილ პირს რატომ არ აკავებთო? თავმოყვარე სახელმწიფო, წესით, ასე უნდა იქცეოდეს, მაგრამ სადღაა თავმოყვარეობა, როცა რომელიღაც ქვეყნის ელჩი ან ელჩები დღის წესრიგს გიწესებენ?! რა გამოდის? სახელმწიფო, რომელიც უპირველეს სტრატეგიულ პარტნიორად და მოკავშირედ გვყავს, რომელსაც მთავარ მეგობრად ვთვლით, არ აკავებს არათუ ძებნილს, არამედ პირს, რომელსაც მისჯილი აქვს. მოდი, მოვლენებს მეორე მხრიდან შევხედოთ _ საქართველოში რომ ჩამოვიდეს ამერიკის მიერ ძებნილი პიროვნება (ვინც არ უნდა იყოს) და ამერიკელებმა საქართველოს ხელისუფლებას მისი დაკავება მოსთხოვონ, რა მოხდება? ჩატარდება საქართველოს ისტორიაში ყველაზე მასშტაბური სპეცოპერაცია, გაშუქდება ყველა არხზე, დაკავებულს ზარზეიმით და შუბლის მიწაზე ცემით გადასცემენ ამერიკელებს და თავსაც მოიწონებენ. და რატომ არ ხდება იგივე ჩვენ შემთხვევაში? შტატებს ფეხებზე ჰკიდია, ვის ვეძებთ, ვის ვუსჯით, ისინი წყვეტენ, ვინ უნდა იჯდეს ციხეში და ვინ იყოს თავისუფალი. ნიკა მელიას ისტორია გაიხსენეთ, რომელიც ხელების გადაგრეხვით გამოაშვებინეს გარეთ და შემდეგ უმასპინძლეს კიდეც. არადა, მელიას ბრალი “საპონის მოპარვაში” კი არა, სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაში ედებოდა, მაგრამ ეს ბრალდება არაფერია ამერიკის სურვილთან შედარებით.

ისე არ გეგონოთ, მხოლოდ ამერიკას ვერჩოდეთ. სააკაშვილი მოგზაურობს ევროპაში, ცხოვრობს უკრაინაში, იმ უკრაინაში, რომლის ეროვნულ ნაკრებსაც ევროპის ჩემპიონატზე გულშემატკივრობს ბევრი ქართველი და მათი 1/8 ფინალში გასვლა მხოლოდ იმიტომ უხარიათ, რომ ამ ეტაპამდე ვერ მივიდა რუსეთის ნაკრები. არადა, დედამიწის ზურგზე სწორედ რუსეთია ერთადერთი ქვეყანა, რომელშიც საქართველოს მიერ ძებნილი სააკაშვილი ვერ ჩადის, რადგან ზუსტად იცის, დააკავებენ და საქართველოს გადმოსცემენ. ჰო, ამ მოცემულობის მიუხედავად, რუსეთი უპირველესი მტერია და ამერიკა და უკრაინა _ მოკავშირეები. სასაცილოც აღარ არის ეს ყველაფერი, არც სატირალი. ამ მაგალითზე ნათლად ჩანს, რომ ამერიკას, ევროპას _ ყველას სულ არ აინტერესებს, ვის ან რას ეძებს საქართველო. თუნდაც იმ მაგალითზე, რომელიც ზემოთ მოგიყვანეთ, იმავე “ცივილიზებული” სამყაროსთვის ადამიანის უფლებები უბრალო სიტყვებია, თორემ როგორ შეიძლება გაამართლო ადამიანი, რომლის ბრძანებით ვალერი გელაშვილი ისე გალახეს, მისი ცნობა შეუძლებელი იყო.

ამიტომ არის, რომ საქართველოში პოლიტიკური ლიდერები საკუთარ თავს ყველაფრის უფლებას აძლევენ. მათ ზუსტად იციან, რომ საჭირო დროს ამერიკიდან ან ევროპიდან ვინმე დარეკავს და მას პასუხისგებაში, უბრალოდ, არ მისცემენ. შედეგად, შერჩება ცემაც, წამებაც, მკვლელობაც კი… ჰო, მკვლელობაც, რადგან სწორედ მკვლელობაში ეჭვმიტანილი გიორგი რურუა გამოაშვებინა დასავლეთმა საქართველოს ხელისუფლებას.

მარიონეტების თეატრი რეზო გაბრიაძემ დააარსაო და ოფიციალურად ეს მართლაც ასეა, მაგრამ 30 წელია, სწორედ მარიონეტების თეატრის წარმოდგენებს ვუყურებთ და ახლა ის არის საინტერესო, ამ მარიონეტების სამართავი ძაფები დასავლელ პოლიტიკოსებს თითებზე ჰკიდიათ თუ სხვაგან…

ბესო ბარბაქაძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here