მთავარი პოლიტიკა რატომ ვერ ეღირსა საქართველოს პრეზიდენტის “მამობრივი” ტიპი

რატომ ვერ ეღირსა საქართველოს პრეზიდენტის “მამობრივი” ტიპი

502
გააზიარეთ
ზვიად გამსახურდია

საქართველო და მსოფლიოსწინა ნომერში გამოქვეყნებულ სტატიაში ყაზახეთის სახელმწიფოებრობისთვის პრეზიდენტის ინსტიტუტის და, კერძოდ, ნურსულთან ნაზარბაევის მნიშვნელობასა და ღვაწლზე მქონდა საუბარი. რედაქციამ მთხოვა, ეს თემა საქართველოს მიმართ გარკვეულწილად განმევრცო და შემევსო. ამ თხოვნას სიამოვნებით ვასრულებ. აქვე აღვნიშნავ, რომ ქვემოთ წარმოდგენილი მსჯელობა მხოლოდ საკითხის ერთგვარი დასმა იქნება, შემდგომი პოლიტოლოგიური კვლევების აუცილებლობით. იმედია, საქართველოში გაჩნდება მოთხოვნა მეცნიერულ კვლევებზე, თუმცა, სამწუხაროდ, ჯერ ამისგანაც შორს ვართ.

ნაზარბაევის შესახებ აღვნიშნე, რომ იგი არის პრეზიდენტის “მამობრივი” ტიპი, რომლის მსგავსიც ჩვენს საპრეზიდენტო ისტორიაში, 1991 წლიდან დღემდე, ან თუნდაც 1918-1921 წლების რესპუბლიკა რომ ავიღოთ, არ გვყოლია. არადა, ქართველობა, თავისი ხანგრძლივი ისტორიის განმავლობაში, ბაგრატოვანთა მონარქიას სწორედ ასეთ “მამობრივ” მოვლენად აღიქვამდა და ქართული ბატონყმობაც, ამ მოვლენასთან დაკავშირებული ყველა სიმახინჯის (მაგ., ტყვის სყიდვის) მიუხედავად, ერთგვარ მამაშვილურ ურთიერთობად აღიქმებოდა ბატონსა და ყმას შორის. აქვე აღვნიშნავ, რომ პრეზიდენტის “მამობრივი ტიპი” სახელდახელოდ მოვიგონე საგაზეთო სტატისთვის, მეცნიერული სიღრმის გარეშე, მაგრამ ეს ტერმინიც ერთგვარად ამ ისტორიულ რეალობას ასახავს. მონარქს არა მხოლოდ საქართველოში აღიქვამდნენ “მამად”; მაგალითად, რუსეთშიც მეფეს, იმპერატორს, არაოფიციალურად “მამად” მოიხსენიებდნენ (Царъ-батюшка). მონარქიის არქონის პირობებში ქართველობისთვის წმინდანი-განმანათლებელი ილია ჭავჭავაძეა (ილია მართალი) მიჩნეული ერის მამად, ხოლო დღეს ერზე მოამაგე სულიერი მამა მისი უწმინდესობა, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე გახლავთ. თუმცა წმ. ილია მართალი თავის დროზე ისევ ქართველებმა მოკლეს და მისი ღვაწლი ქართველებს ერის კიდევ ერთმა უდიდესმა შვილმა, დღეს თავის სამშობლოში ძეგლწართმეულმა იოსებ სტალინმა შეახსენა, ხოლო პატრიარქი, გამომდინარე ეკლესიისა და სახელმწიფოს ერთმანეთისგან კონსტიტუციური გამიჯვნისა, არ ფლობს პოლიტიკაზე ზემოქმედებისთვის აუცილებელ ყველა ბერკეტს.

ედუარდ შევარდნაძე

პრეზიდენტის თანამდებობა ბურჟუაზიული ეპოქის, მონარქიულ წყობილებას დაპირისპირებული რესპუბლიკური სისტემის ნაყოფს წარმოადგენს. რესპუბლიკა, ახალი ეპოქის ნაციონალური სახელმწიფო, სახალხო სუვერენიტეტის იდეა, “მოქალაქე”, ნაცვლად ქვეშევრდომისა… ამ კონტექსტში პრეზიდენტი ვერ იქნება “მამა”, როგორც მირონცხებული მეფე იყო თავისი ხალხისთვის. მაგრამ, თუკი პრეზიდენტს აღვიქვამთ არა მხოლოდ “დაქირავებულ პოლიტიკოსად”, რომელმაც უნდა შეასრულოს “სოციალური დაკვეთა”, არამედ ერის ლიდერად, მაშინ, “ქარიზმასთან” ერთად, შესაძლებელია, მასთან “მზრუნველი მამის” არქეტიპის დაკავშირება. საინტერესოა, რომ ბრიტანულ მონარქიასთან ბრძოლის შედეგად წარმოშობილი ამერიკის შეერთებული შტატების დამაარსებლები, შემდეგ კი პრეზიდენტები _ ვაშინგტონი, ადამსი, ჯეფერსონი, მედისონი და სხვ. ისტორიაში შეერთებული შტატების “მამა-დამაარსებლებად” შევიდნენ.

არსებობს ერისა და სახელმწიფოს მითოლოგიზებული და დემითოლოგიზებული ცნებები. თუკი ევროპა მთლიანად დემითოლოგიზებულია, საქართველო, პირიქით, ინარჩუნებს მითოლოგიზებული საზოგადოების ყველა ნიშან-თვისებას, რაც თავის თავში ისტორიასა და ტრადიციებზე უფრო დიდი აქცენტის გაკეთებას ნიშნავს. ეს აქცენტი ზოგჯერ ძალზე ჭარბად არის კიდეც გამოხატული. შესაძლოა, რომ სწორედ ამ გარემოებიდან გამომდინარეობს ჩვენში ძლიერ ლიდერზე მოთხოვნა, რასაც, განსხვავებით დასავლეთის ძლიერი ლიდერებისაგან (დემითოლოგიზებულ საზოგადოებაშიც არის მოთხოვნა ძლიერ ლიდერებზე), გადამეტებული ემოციური ფონი ახლავს, მაგრამ ძლიერ ლიდერთან დაკავშირებული მოლოდინი კრახით სრულდება ნომინალური დამოუკიდებლობის თითქმის უკვე სამი ათეული წლის განმავლობაში. ვერც ერთი პრეზიდენტი ვერ გადაიქცა “მამობრივი ტიპის” მზრუნველ მმართველად, კონსენსუსისა და თანხმობის წყაროდ, ყველა მხარისთვის, მხარდამჭერებისთვისაც და ოპოზიციისთვისაც, მისაღებ ავტორიტეტულ ლიდერად.

მიხეილ სააკაშვილი

1991 წელს საქართველომ, ისევე, როგორც დანგრევის პირას მისული საბჭოთა კავშირის რესპუბლიკების უმრავლესობამ, საპრეზიდენტო მოდელს დაუჭირა მხარი, ამ ბუჟუაზიული ტერმინის ჩათვლით. საბჭოთა კავშირსა და სოციალისტური ბანაკის უდიდეს ნაწილში არ იყვნენ “პრეზიდენტები”, სახელმწიფოს მეთაურის აღმნიშვნელი სხვა ტერმინები გამოიყენებოდა და სხვა თანამდებობები არსებობდა. მაშასადამე, საქართველომ, დამოუკიდებლობის პირობებში, მიიღო ეს დასავლურ-ბურჟუაზიული ტერმინი. 1992 წელს, გამომდინარე იქიდან, რომ გამსახურდიას დამხობის შედეგად პრეზიდენტის პოსტმა თურმე “ვერ გაამართლა”, ეს ტერმინი დროებით ქრება საქართველოს პოლიტიკური რეალობიდან, შინ დაბრუნებული შევარდნაძე, ქართული შესატყვისით, “სახელმწიფოს მეთაურად” იწოდება, მაგრამ 1995 წლის კონსტიტუციის თანახმად, ისევ აღდგა პრეზიდენტის ცნებაც და ინსტიტუტიც, რადგან შევარდნაძე ყველაფერს “გააკეთილშობილებდა”, რასაც შეეხებოდა.

სააკაშვილის უკიდურესად ძლიერი საპრეზიდენტო მოდელი, მისი მმართველობის დასრულების შემდეგ თვით სააკაშვილის პრეზიდენტობის ბოლო ეტაპზე განხორციელებული საკონსტიტუციო ცვლილებების საფუძველზე გარდაიქმნა ნახევრადსაპრეზიდენტო მოდელად. დღეს კი, როგორც ცნობილია, უკანასკნელად მოხდა საყოველთაო-სახალხო გზით პრეზიდენტის არჩევა და 2022 წლიდან ეს თანამდებობა უმნიშვნელო ხდება. ნაწილობრივ შეიძლება ვამტკიცოთ, რომ სააკაშვილმა ნებაყოფლობით გაიმეორა 1992 წელს გამსახურდიას შემდეგ შექმნილი ვითარება, როდესაც ძლიერ საპრეზიდენტო მოდელზე ითქვა უარი. ხალხიც შედარებით იოლად შეელია ძლიერი პრეზიდენტის ინსტიტუტს, ალბათ, იმიტომაც, რომ ვერ ეღირსა თან ძლიერი და თან “მამობრივი”, ანუ მზრუნველი ტიპის პრეზიდენტს, ერის ლიდერს.

გიორგი მარგველაშვილი

ქართული სპეციფიკა საკმაოდ მკაფიო ხასიათისაა. იკვეთება ერთგვარი ციკლურობა და კორელაციები. კერძოდ, ყოველი ახალი ლიდერის მოსვლას თან ახლავს დიდი საერთო-სახალხო აღტკინება, რომელიც მალევე ნელდება და იმედგაცრუება და აპათია ისადგურებს. ასე იყო პირველი პრეზიდენტის ჟამს. დიდი ენთუზიაზმით პრეზიდენტად მოსული ეროვნული ლიდერი შეცდომას შეცდომაზე უშვებს და გაპრეზიდენტებიდან სულ რამდენიმე თვეში ამხობს საკუთარი გარემოცვა დაშლილი “მრგვალი მაგიდიდან”. რომ არა საზოგადოების ნაწილში პრეზიდენტით იმედგაცრუება, ეს შეუძლებელი იქნებოდა. რუსეთისკენ თითის გაშვერა თავის მოტყუებაა. დაშლილი საბჭოთა კავშირის პერიფერიაზე დარჩენილი რუსული გარნიზონები იარაღს ჰყიდდნენ როგორც ერთ, ისე მეორე დაპირისპირებულ მხარეზე, ხოლო თბილისის ქუჩებში ხალხმრავალი მიტინგები ეწყობოდა, როგორც პრეზიდენტის მხარდამჭერების, ისე მისი მოწინააღმდეგეების მიერ. შინაარსით ანტიეროვნული, მაგრამ ფორმით საკმაოდ მსგავსი მოვლენა იყო სააკაშვილის მმართველობა. სააკაშვილი მართლაც საერთო-სახალხო ენთუზიაზმის ტალღაზე მოვიდა, მაგრამ ხალხის ნდობა მის მიმართ მალევე შეიცვალა უნდობლობით. შეიძლება ითქვას, რომ 2006-2007 წლების მიჯნაზე სააკაშვილის პოპულარობა მკვეთრად შემცირდა საკუთარი შეცდომებისა და არასწორი კურსის გამო, რამაც შესაძლებელი გახადა 2007 წლის ნოემბრის ხალხმრავალი აქციების დაწყება მისი გადადგომის მოთხოვნით. ამ მომენტიდან მისი მმართველობის დასრულებამდე 2012-2013 წლებში, სააკაშვილის ხელისუფლება მუდმივი წნეხის ქვეშ იყო საზოგადოების მხრიდან და მართვის სადავეებს მხოლოდ რეპრესიული მეთოდებით ინარჩუნებდა. 2008 წლის დანაშაულებრივი ომიც ამ კონტექსტში ჯდება _ როგორც პირველი პრეზიდენტის დროს მიდიოდა “სუკის აგენტების” მუდმივი “მხილება”, სააკაშვილმა, თვითონ რუსეთის აგენტის დისშვილმა, “რუსეთის აგენტებზე” ნადირობა გამოაცხადა (ბიძამისის გამოკლებით).

სააკაშვილმა მოახერხა და შეკრიბა რაღაც რაოდენობა ადამიანებისა, რომლებიც მისი ფანატიკური მომხრები არიან და მას აღმერთებენ. გამსახურდიას დროსაც ჩამოყალიბდა მისი მომხრეების კატეგორია, რომელიც თავისი ლიდერის მიმართ ოდნავ კრიტიკასაც დიდი აგრესიით ხვდებოდა. უნდა ითქვას, რომ, თუ გამსახურდიას დროს ეს პროცესი სპონტანური იყო, სააკაშვილმა ხელოვნურად შექმნა თავის მიმართ უკრიტიკოდ განწყობილი ფანატიკოსების მასა, ამ მასაში მრავალი მეგი გოცირიძეა, 1990-იანების დასაწყისის კარვის ქალების მსგავსად.

გამსახურდიას შემდეგ მოვიდა განსხვავებული ტიპის ლიდერი, ისევე, როგორც სააკაშვილის შემდეგ მოვიდა წინამორბედისგან განსხვავებული ტიპის ლიდერი _ შევარდნაძე და ივანიშვილი ერთმანეთს ჰგვანან გარეგნული სიდინჯით, საქმიანი მანერით, სოლიდურობის იმიჯმოსილობით. შევარდნაძესა და ივანიშვილს, განსხვავებით გამსახურდიასა და სააკაშვილისაგან, ასე ვთქვათ, ნაკლები ხმაური ახლავს, მათი მომხრეები ნაკლებ ეგზალტირებულნი არიან. თუმცა, ისიც შეიძლება აღვნიშნო, რომ რეალურად, შევარდნაძეს, გარკვეული ხნის შემდეგ, თითქმის აღარ დარჩა მომხრეები ხალხში და ძალაუფლებას იგი იმით ინარჩუნებდა, რომ რეალური ოპოზიცია, მასზე უკეთესი, არ ჰყავდა, სანამ სააკაშვილმა არ დაამხო იგი. ასევეა ივანიშვილიც _ იგი საზოგადოებას აშანტაჟებს “ნაციონალური მოძრაობით”, რომ, თუ არა ის, მოვა ისევ სააკაშვილი, “გიჟი მიშა”. იმის თქმა მსურს, რომ ივანიშვილსაც არ დარჩა ხალხში რეალური მომხრეები. მით უმეტეს, არ ჰყავს ფანატიკური მომხრეების ყურადსაღები რაოდენობა, რომლებიც თავიანთი პოლიტიკური კერპის კრიტიკის გამო ოპონენტებს “თვალებს დათხრიან”.

მაგრამ მათაც აქვთ საერთო პირველ და მესამე პრეზიდენტებთან _ ეს არის ანტირუსული კურსი. შევარდნაძესაც და ივანიშვილსაც რუსეთთან შედარებით უკეთესი ურთიერთობები ჰქონდათ, ვიდრე გამსახურდიასა და სააკაშვილს, მაგრამ არსებითად უფრო მძიმე და სიღრმისეული დაპირისპირება გრძელდებოდა და გრძელდება მეზობელ სახელმწიფოსთან, რომელიც ჩვენი ძალისხმევით მოვიკიდეთ მტრად და ვაქციეთ “ოკუპანტად”, თუმცა ეს მტრობაც არ არის რუსეთის მხრიდან ბოლომდე თანამიმდევრული მტრობა (რაც ლოგიკით უნდა მიგვეღო) და ეკონომიკური თვალსაზრისით ისევ რუსეთია ჩვენი გადამრჩენი, როგორც შევარდნაძის დროს გადაგვარჩინა. შეიძლება ეს პარადოქსია, მაგრამ ფაქტი ფაქტად რჩება (შეხსენებისთვის: რუსული შრომისა და გასაღების ბაზარი, უდიდესი წილი ფულად გადმორიცხვებში, ტურისტების უზარმაზარი ნაკადი…).

აი ეს კორელაციები და ციკლები მინდოდა გამომეყო საქართველოს ბოლო ოთხი ლიდერის მმართველობას შორის (არ დამვიწყებია, რომ ივანიშვილს პრეზიდენტის თანამდებობა არ ეკავა, მაგრამ რეალურად იგი იყო და არის ლიდერი, პრეზიდენტზე მეტი). ვიცი, რომ ეს არის ჯერ კიდევ საკამათო და დასამუშავებელი ფორმულირებები, მაგრამ დაფიქრება მაინც გვმართებს. რატომ ვერ იქცა ვერც ერთი პრეზიდნეტი საყოველთაო, “მამობრივლიდერად, რთული სათქმელია და ერთერთი მიზეზი ამისა, ალბათ, საზოგადოების მიამიტობა, მოუთმენლობა და სხვა ნეგატიური თვისებებია, ამ ლიდერების სისუსტეებთან ერთად. მაგრამ, გამომდინარე ზემოთ ასახული კორელაციებიდან და ციკლებიდან, სავსებით შესაძლებელია, რომ ფლეგმატური ივანიშვილისა და უსახურუნიათოოცნებისგანგადაღლილ საზოგადოებას ისევ მოსწყურდება ქარიზმული ლიდერი, ოღონდ უმრავლესობისთვის ეს ლიდერი ვერ იქნება სააკაშვილი (ეს ამ ბოლო არჩევნებმაც დაამტკიცა). შესაბამისად, საზოგადოება ახალი, ქარიზმული, მაგრამ უფრო დაბალანსებული ლიდერის მოლოდინშია, რომელიც, სხვა საკითხებთან ერთად, გადახედავს რუსეთის მიმართ აღებული კონფრონტაციის კურსს, მაგრამ, საპრეზიდენტო სისტემიდან საპარლამენტოზე გადასვლის გამო, შესაძლოა, ციკლის ნაცვლად მივიღოთ ახალი, სამწუხაროდ, ქაოსური და გაუთვალისწინებელი შედეგი.

გულბაათ რცხილაძე

გააზიარეთ

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here