Home რუბრიკები პოლიტიკა რატომ დავეძებთ პატრონს?

რატომ დავეძებთ პატრონს?

3167
მაიკ პენსი

ქვეყანას პატრონი არ ჰყავს”, _ ეს საქართველოში შექმნილი მძიმე მდგომარეობის ერთერთი ყველაზე გავრცელებული აღწერაა. ქართული საზოგადოებრივი აზრის და, შესაბამისად, პოლიტიკის ცენტრალურ იდეას კარგი პატრონის ძებნა წარმოადგენს. ჩვენ ძალიან იშვიათად ვაღიარებთ იმას, რომ სწორედ ესაა პრობლემების პირველწყარო.

ათწლეულების განმავლობაში საქმე გვქონდა სახელმწიფოსთან, რომელიც მოქალაქეთა ცხოვრების თითქმის ყველა ასპექტს არეგულირებდა. წარმოდგენა სახელმწიფოს როლზე საზოგადოების დიდ ნაწილში თითქმის ისეთივეა, როგორიც საბჭოთა პერიოდში იყო. მის ფარგლებში ხელისუფლება უნდა ეპყრობოდეს მოქალაქეს დაახლოებით ისე, როგორც მშობელი შვილს: კვებავდეს მას, იცავდეს, მკურნალობდეს, ართობდეს, “სწორი გზით” მიჰყავდეს და ა.შ.

ეს დამოკიდებულება შენარჩუნდა, მიუხედავად იმისა, რომ ახალ სახელმწიფოს შეუდარებლად ნაკლები რესურსი აქვს. მთავარი როლი ამაში უმძიმესმა ტრავმამ შეასრულა, რომელიც ქართველმა საზოგადოებამ 90-იანი წლების დასაწყისში მიიღო. პირობითმა “ბავშვმა” დამოუკიდებლად ორიოდე ნაბიჯი გადადგა და ძირს დაენარცხა. როდესაც გონს მოეგო, იგრძნო ტკივილი და შიმშილი, გარშემო მხოლოდ გაძარცვული ქვეყნის ნანგრევები დაინახა, ატირდა და დაკარგული უფროსის – პატრონის ძიება დაიწყო. ის ხედავდა მას მმართველებში თუ ოპოზიციონერ პრეტენდენტებში, უცხო ქვეყნების მთავრობებში, მაგრამ არა საკუთარ თავში. ელიტამ მიიღო მისთვის მომგებიანი როლური თამაში და იმ პერიოდიდან მოყოლებული ნებისმიერი წინასაარჩევნო ლოზუნგი თუ პროგრამა მთლიანობაში ერთ იდეამდე დადის: “მე კარგი პატრონი ვიქნები”. ბუნებრივია, რაც უფრო ფართოა სახელმწიფოს პასუხისმგებლობის ზონა, მით უფრო დიდია მმართველი ელიტის გავლენა.

ჩვენ ვატყუებთ საკუთარ თავს, როდესაც ვამბობთ, რომ სააკაშვილის რეჟიმი დაემხო იმიტომ, რომ მოსახლეობის უმრავლესობა დემოკრატიისა და ღირსების დაცვის იდეების გარშემო გაერთიანდა. სინამდვილეში, ასე მოიქცა მხოლოდ მცირე ნაწილი, რომელიც ვერ მოიშორებდა იმ ჭირს, რადგან (თუნდაც გაყალბება არ ყოფილიყო) ამომრჩეველთა საკმარისი რაოდენობის მობილიზებას ვერ მოახერხებდა. ძირითადი მასა სააკაშვილის წინააღმდეგ მხოლოდ მას შემდეგ წავიდა, როცა ბიძინა ივანიშვილში ახალი, უკეთესი პატრონი დაინახა.

თუ ჩვენ გავაანალიზებთ პრეტენზიებს ივანიშვილის მიმართ, ვნახავთ, რომ პოლიტიკური ხასიათი მხოლოდ მცირე ნაწილს აქვს, დანარჩენი კი, არსებითად, წარმოადგენს სხვაობის გამოხატვას იდეალური პატრონის წარმოსახვით სახესა და რეალურ ივანიშვილს შორის. სწორედ აქედან იწყება მმართველი რეჟიმების უარყოფა, ახალი პატრონის ძებნა, შემდეგ _ იმედგაცრუება, ისევ უარყოფა და ა.შ.

ხელისუფლება თვითმმართველობას ზღუდავს _ წინააღმდეგ თითქმის არავინ გამოდის (რაც თავისთავად ნონსენსია) ოპოზიციონერებისა და არასამთავრობოების მცირე ნაწილის გარდა, რომელთა აბსოლუტურ უმრავლესობას, თავის მხრივ, ამოძრავებს საკუთარი ინტერესები და არა თვითმმართველობის დაცვის სურვილი. პრობლემა ისაა, რომ თვითმმართველობა საქართველოში, როგორც წესი, არ ასოცირდება დამოუკიდებელ ცხოვრებასთან და საკუთარი პრობლემების გადაწყვეტასთან, არამედ გაუმაძღარი, ყველა მთავრობაზე მორგებული, პარაზიტი ჩინოვნიკების კიდევ ერთ, დამატებით რგოლთან. ზოგადად კი, თვითმმართველობის იდეა შეიძლება გაიაზროს მხოლოდ ზრდასრულმა ადამიანმა, ინფანტილურ მოზარდს ის არ სჭირდება, მეტიც _ ეშინია მისი, რადგან საკუთარ თავზე პასუხისმგებლობას აკისრებს.

სააკაშვილის რეჟიმი ცდილობდა, ცხოვრების ყველა სფერო გაეკონტროლებინა, ფასადების ფერით დაწყებული ფილმის “აგვისტოს ხუთი დღე” სცენარით დამთავრებული _ მისი ბუნება გამორიცხავდა მისგან დამოუკიდებელი პროცესების არსებობას, მაშინაც კი, როდესაც ისინი არანაირ საფრთხეს არ შეიცავდა. მიხეილ სააკაშვილს აკრიტიკებდნენ იმის გამო, რომ ის არასწორ გადაწყვეტილებებს იღებდა, ხოცავდა და აწამებდა ადამიანებს, მაგრამ თითქმის არასოდეს იმისთვის, რომ მიძვრებოდა იქ, სადაც ხელისუფლებას არაფერი ესაქმება. ბიძინა ივანიშვილი გაცილებით ფრთხილად მოქმედებს, მაგრამ არც დღევანდელ საქართველოში არსებობს სფერო, რომელსაც ხელისუფლება არ აკონტროლებს, არ ცდილობს, გაატაროს არა იდეებზე, არამედ მაღალჩინოსნების ინტერესებზე დაფუძნებული პოლიტიკა. შეუძლებელია, საქართველოში გააკეთო რაიმე მასშტაბური ისე, რომ ეს ინტერესები სათვალავში არ მიიღო, ამაში არაერთი ბიზნესმენი თუ სხვა სფეროში მოღვაწე მოქალაქე დარწმუნდა.

იმისათვის, რომ საქართველოში ოდესმე ნამდვილი რევოლუცია მოხდეს და დაიწყოს ახალი, ღირსეული ცხოვრება, საზოგადოებადიდი პატრონისიდეის წინააღმდეგ უნდა წავიდეს. ეს ისეთივე მასშტაბის ფსიქოლოგიურ გადატრიალებასა და ღირებულებების გადაფასებას მოითხოვს, როგორც მოზარდის გადაწყვეტილება, დამოუკიდებელი ცხოვრება დაიწყოს.

ხელისუფლება უნდა უზრუნველყოფდეს უსაფრთხოებას, კანონის უზენაესობის პრინციპის დაცვას და რიგი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სოციალური პროგრამების რეალიზებას _ სულ ეს არის. ხელისუფლება, რომელიც ამ ჩარჩოდან გადის, უნდა განიხილებოდეს, როგორც საშიში ბოროტმოქმედი იმ შემთხვევაშიც კი, თუ მას საუკეთესო სურვილები ამოძრავებს.

როდესაც ვწუხვართ იმის გამო, რომ მდიდარი წარსულისა და დამოუკიდებელი სახელმწიფოს ფორმალური არსებობის მიუხედავად, უცხოელები სათანადო პატივისცემით არ გვეპყრობიან, უნდა გავითვალისწინოთ, რომ ისინი გრძნობენ ჩვენს ინფანტილურობას და შინაგან სისუსტეს, რომელიც, მათ შორის, ე.წ. გარე რეფერენციაში ვლინდება. ჩვენ მუდამ ვფიქრობთ იმაზე, მოეწონება თუ არა ის, რასაც ვაკეთებთ, უცხოელებს, პირობითუფროსებსდა საკუთარი წარმატებაწარუმატებლობის მთავარ კრიტერიუმად მათ რეაქციას განვიხილავთ.

ინფანტილური საზოგადოება ვერასოდეს მოიგებს ომს და ვერ დაამარცხებს სიღარიბეს, სამართლიანი დემოკრატიული სახელმწიფოს შექმნაზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტია.

ქართული პოლიტიკა არსებითად წარმოადგენს არენას, რომელზეც სხვადასხვა რანგისა და კალიბრის პატრონები ერთმანეთს ეჯიბრებიან, ალიანსებს ქმნიან, გავლენის სფეროებს ინაწილებენ. “ჩვეულებრივ მოქალაქესაც” შეუძლია ჩაერთოს ამ პროცესში, თუ ერთ-ერთი მათგანის ამალაში “ჩაეწერება” და მოიქცევა ისე, როგორც ვასალი ფეოდალურ ხანაში; სხვა პოლიტიკა საქართველოში არ არსებობს.

თანამედროვე საქართველოს მთავარი ტრაგედია, ალბათ, იმაში მდგომარეობს, რომ მან მიიღო ფორმალური დამოუკიდებლობა უფრო ადრე, ვიდრე საზოგადოების წევრთა უმრავლესობამ შინაგანი დამოუკიდებლობა მოიპოვა და გადაწყვიტა, რომ ამიერიდან საკუთარ თავზე პასუხს თვითონ აგებს. სწორედ ამ მომენტში დაიბადა ფენომენი, რომელსაც პირობითად შეიძლება “ილუზორული დამოუკიდებლობა” ვუწოდოთ. როდესაც ახალი სიმბოლოების სიუხვემ (დროშა იქნებოდა თუ სხვა) მიგვიყვანა დასკვნამდე, რომ ბრძოლა დამოუკიდებლობისთვის წარმატებით დაგვირგვინდა მაშინ, როდესაც ის რეალურად არ დაწყებულა.

იმის მტკიცება, რომ ამ პრობლემების დაძლევა იოლად შეიძლება, ძალიან დიდი უსინდისობაა. პოლიტიკოსები ამას რეგულარულად აკეთებენ, მაშინ როდესაც საქმე გვაქვს არა ცუდი ლიდერის ან პოლიტიკის პრობლემასთან (ეს შედეგია და არა მიზეზი), არამედ არასაკმარისი განვითარების პრობლემასთან, რომლის გამოსწორებას, მონდომების გარდა (რომელიც ან არსებობს ან არა), დრო სჭირდება. საქართველოს ჩამორჩენა დაიწყო საუკუნეების წინათ, მონღოლებისა და თემურ ლენგის შემოსევების შემდეგ და მან “ექსტერნად” უნდა გაიაროს, გაიაზროს და განიცადოს ყველაფერი კაცობრიობის გამოცდილებიდან, რაც თავის დროზე “გამოტოვა”. არჩევანი დემოკრატიისა და დამოუკიდებელი ცხოვრების სასარგებლოდ შეიძლება გაკეთდეს მხოლოდ გამოცდილებაზე და არა აბსტრაქტულ მსჯელობაზე დაყრდნობით, ამას კი დრო სჭირდება. ჩვენ, სამწუხაროდ, ჯერ არ მივსულვართ იმ მდგომარეობამდე, რომელსაც იმანუელ კანტი კაცობრიობის მიმართ “ზრდასრულს” უწოდებდა, და ამას შეიძლება რამდენიმე თაობის გამოცვლა დასჭირდეს. თუმცა იმედისმომცემია ის, რომ ახალგაზრდების ნაწილი ზიზღით უყურებს თანამედროვე ქართულ პოლიტიკას და აცნობიერებს, რომ XXI საუკუნეში მზრუნველი პატრონის თუ ფეოდალური სიუზერენის მუდმივ ძიებაში არის რაღაც უკიდურესად პათოლოგიური.

ზვიადი, ედუარდი, მიშა, ბიძინა… კიდევ რას შეიცავს ბოლო სამი ათწლეულის განმავლობაში შეძენილი გამოცდილება, ამ ჩამონათვალის გარდა? რას ვხედავთ ამის იქით? რა გვაქვს აქტივში? ასი წლის შემდეგ იმ მოვლენებისგან, რომლებიც უაღრესად მნიშვნელოვნად მიგვაჩნდა, საუკეთესო შემთხვევაში, ისტორიის სახელმძღვანელოში რამდენიმე სტრიქონი დარჩება. მნიშვნელობა ექნება არა იმას, რა დაგვემართა, არამედ მხოლოდ იმას, რა გავიაზრეთ და როგორ შევიცვალეთ, რადგან ეს მომავალ თაობებს შესაძლებლობას მისცემს, განვითარების ახალ საფეხურზე გადავიდნენ. რით განვსხვავდებით 90-იანების მოქალაქეებისგან, რომლებიც კითხულობდნენ: “ვის გავყვეთ?” (და მიიღეს ჯაბა იოსელიანის პასუხი “ტრამვაის გაყევით”). განა დღეს ნაკლებად დაბნეულები ვართ? კაცმა რომ თქვას, ამ წლების განმავლობაში საქართველოში ძალიან ბევრი რამ მოხდა, მაგრამ თითქმის არაფერი შეცვლილა.

საქართველოს პრობლემებს ვერ გადაწყვეტს ვერც ფული, ვერც შეიარაღება ან ძლიერი მოკავშირეები და მითუმეტეს უბადრუკი პოლიტიკური ელიტა, არამედ – მხოლოდ თავისუფალი მოქალაქე, რომელსაც საკუთარი ძალების იმედი აქვს. ქვეყნის დახსნას დაუსრულებელი კოშმარისგან მხოლოდ ასეთი მოქალაქეებისგან შემდგარი საზოგადოება თუ მოახერხებს, მაგრამ უბედურება ისაა, რომ მის მოახლოებულ დაბადებაზე არაფერი მიანიშნებს.

დიმიტრი მონიავა

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here