მთავარი პოლიტიკა რატომ გვაძალებს დასავლეთი კოალიციური მთავრობის შექმნას და რატომ გვიკრძალავს რუსეთთან ერთი ერთზე...

რატომ გვაძალებს დასავლეთი კოალიციური მთავრობის შექმნას და რატომ გვიკრძალავს რუსეთთან ერთი ერთზე ლაპარაკს

784
გააზიარეთ
რატომ გვაძალებს დასავლეთი კოალიციური მთავრობის შექმნას და რატომ გვიკრძალავს რუსეთთან ერთი ერთზე ლაპარაკს

ქართულმა ოცნებამსაარჩევნო სიის პირველი ოცეული წარმოადგინა. ვერც აქამდე ვხვდებოდით და ვერც მომავალში მივხვდებით, რატომ არის საქართველოში მიღებული, რომ წარმატებული (ან მეტნაკლებად წარმატებული) სპორტსმენი, მსახიობი, მომღერალი თუ, უბრალოდ, “კაი ტიპიპარლამენტში უნდა ვიხილოთ. რა საერთო აქვთ მათ კანონმდებლობასთან, არავინ იცის, მაგრამ წლების განმავლობაში ასე იყო, ასე არის და, საქმეს ისეთი პირი უჩანს, ასეც იქნება.

ოცეულის პრეზენტაციას “ბლუმბერგმა” ქართული ეროვნული ვალუტის გაუფასურება ისე “საყვარლად” დაამთხვია, რომ აღარც კი ვიცოდით, გაოცება მმართველი ძალის პირველი ოცეულის გაცნობით გამოგვეხატა თუ “ბლუმბერგის” “საჩუქრით”. ახლა იმის თქმა, რომ ლარის გაუფასურება და სიის წარდგენა ერთმანეთს დაემთხვა, სისულელეა. სწორედ რომ სისულელე, რადგან არავინ მალავს, რომ დასავლეთი საქართველოს მოქმედ ხელისუფლებას ჯიუტად სთხოვს კოალიციური მთავრობის შექმნას. ისიც არ იყო შემთხვევითი, საკონსტიტუციო ცვლილებასთან ერთად (საარჩევნო სისტემა 120/30-ზე) .. ჩამკეტიც რომ მიიღეს და ვერც ერთი პარტია დამოუკიდებლად ვერ დააკომპლექტებს მთავრობას, თუ არჩევნებზე ხმების 40%-ზე მეტს ვერ მიიღებს. სწორედ ამ 40%-ს ითხოვს დასავლეთი “ქართული ოცნებისგან” და კოალიციური მთავრობის შექმნისკენ მოუწოდებს. თავის მხრივ, ოპოზიცია ერთ ხმაში გაჰკივის, რომ დღეს საქართველოში არ არსებობს პოლიტიკური ძალა, რომელიც 40%-ზე მეტის მოგროვებას შეძლებს. ანუ, მათ დასავლეთის პათოსი კარგად იციან და მასთან ერთად ერთ ხმაში მღერიან. იმას კი არავინ ამბობს, ამომრჩეველმა რომელიმე პარტიას 50%-იანი მხარდაჭერა რომ გამოუცხადოს, მაშინ რა ხდება? ხმები უნდა გაყალბდეს რომელიმე პარტიის საზიანოდ? ანუ, ამომრჩევლის არჩევანი უნდა უგულებელყოს ხელისუფლებამ? არ არის ეს ჩვენთვის უცხო ხილი, ასე იყო პროპორციულ სისტემაზე გადასვლის დროსაც, როცა ხალხს არავინ არაფერი ჰკითხა და კონსტიტუცია ხელების გადაგრეხვით შეიცვალა. ხელების გადაგრეხვა იყო ის, რომ კონსტიტუციის ცვლილებამდე ორი კვირით ადრე ცალკე კახა კალაძე ამბობდა, ცალკე ირაკლი კობახიძე და ცალკე კიდევ არჩილ თალაკვაძე, შეთანხმება ვერ მოხდა, შესაბამისად, კონსტიტუცია აღარ გადაიხედება, რადგან იმავე კონსტიტუციით აღარ გვაქვს ამის უფლებაო. თუმცა, დასავლეთის ზეწოლის შემდეგ, კონსტიტუციასაც გადახედეს და თავზეც გადაგვახიეს ისე, რომ ამომრჩეველს არაფერი ჰკითხეს.

ისევ ლარის გაუფასურებას დავუბრუნდეთ. უკვე მერამდენედ, ვალუტის გაუფასურების შემდგომ ავანსცენაზე ეროვნული ბანკი გამოდის, ყიდის ასე 20-30 მილიონ დოლარს და კურსს ხელოვნურად იჭერს. უცხოური ვალუტის იტერვენცია ეროვნულს დროებით ამყარებს, შემდეგ კი კვლავ იმავე წრეზე მივდივართ. ასე გაგრძელება დაუსრულებლად რომ არ შეიძლება, ეროვნულ ბანკში კარგად იციან, მსხვილმა ბიზნესმენებმა ხომ იციან და იციან. ამიტომაც იყო, “ვისოლი ჯგუფის” ხელმძღვანელმა ლევან ფხაკაძემ სათქმელი ძალიან ფრთხილად, მაგრამ მაინც თქვა: ჩვენს ძირითად სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებსა და რეგიონში ძალიან რთული ვითარებაა. ეროვნული ვალუტის კურსი ბევრგანაა დაცემული. ამ ყველაფრისა და პანდემიის ფონზე, ვფიქრობ, ლარი ინარჩუნებს სტაბილურობას. მისასალმებელია ის, რომ ეროვნული ბანკი აქტიურია სავალუტო ბაზარზე და ახორციელებს სავალუტო ინტერვენციებს. ზოგადად, მხოლოდ სავალუტო ინტერვენციების გამოყენებით ვერასდროს მიიღწევა კურსის სტაბილურობა. კურსის სტაბილურობას სხვა ფუნდამენტური ხასიათის ფაქტორები განაპირობებს და არა სავალუტო ინტერვენციები. თუმცა, არის პერიოდები, როდესაც აუცილებელი ხდება ცენტრალური ბანკების აქტიური ჩარევა სავალუტო ბაზარზე და ინტერვენციების განხორციელება”.

ლევან ფხაკაძის პოზიცია გასაგებია, ის მეტს ვერ იტყვის და არ იტყვის, რადგან ბიზნესმენთა განცხადებები ხშირად მათ ბიზნესზე მყისიერად აისახება, მაგრამ ფაქტია: რეალობა ბიზნესმენებს არ მოსწონთ, არ მალავენ, რომ რაღაც შესაცვლელია და ის რაღაც უცხოური ინვესტიციების დიდი ოდენობით შემოსვლაა.

აი, უცხოური ინვესტიციები თითქოს აქილევსის ქუსლად ექცა ბოლო პერიოდში ხელისუფლებას. რამდენიც უნდა ვატრიალოთ, მივდივართ იქამდე, რომ მსხვილ უცხოელ ინვესტორებს საქართველო, უბრალოდ, აღარ აინტერესებთ. ამის მიზეზი შეიძლება ბევრი რამ იყოს, მაგრამ მთავარია ის, რომ ჩვენთან არასტაბილური პოლიტიკური გარემოა. ქვეყანაში არასტაბილური პოლიტიკური გარემოს შექმნას კი დასავლეთი აქტიურად უწყობს ხელს. სხვაგვარად, არ ჩაერეოდა საქართველოს კონსტიტუციის ცვლილებაში და არ იქნებოდა მოწოდება, რომ წელს აუცილებლად კოალიციური მთავრობა უნდა გვყავდეს. მით უმეტეს, იმ ფონზე, რომ კოალიციურმა მთავრობამ არც განვითარებულ ქვეყნებში გაამართლა, მაგალითად, იტალიაში, ისრაელში, არც ნახევრად განვითარებულში _ საბერძნეთში, უნგრეთში, მოლდოვაში. მაგრამ, ამის მიუხედავად, სწორედ კოალიციურ მთავრობას გვაძალებენ და ყოველგვარი შელამაზების გარეშე ვიტყვით, რომ სამთავრობო კოალიცია გაზაფხულზე რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებამდე მიგვიყვანს. ისევ უკუღმა დატრიალდება ბედის ბორბალი და ისევ იმ წრეზე წავალთ, რომელზეც, აგერ მერამდენე წელია, დავდივართ და, როგორც კი ბოლო გამოუჩნდება, მაშინვე თავში გვირტყამენ.

ისევ უცხოურ ინვესტიციებს დავუბრუნდეთ. თუ გახსოვთ, რამდენიმე თვის წინათ ბიძინა ივანიშვლმა თქვა, წყალტუბო უნდა განვაახლოო და პარალელურად, ინვესტორების ძიებაც დაიწყო. წყალტუბოთი ერთერთი მსხვილი რუსული კომპანია დაინტერესდა და ატყდა ერთი ამბავი, _ ხედავთ, ხელისუფლება რუსებზე მიწას ყიდისო. მიწის გაყიდვა ისეთი უნდა, ნაციონალებმა რომ მოახერხეს და დღეს ასეულობით ჰექტარი არაბებისა თუ ირანელების ხელში რომაა. ესეც არ იყოს, სწორედ ნაციონალების მმართველობის პერიოდში შემოვიდნენ რუსული კომპანიები საქართველოში, თბილისის წყალი და ელექტროსისტემა შეიძინეს და საყვედურიც არავის დასცდენია, _ სტრატეგიული ობიექტები რუსებს რატომ მიჰყიდეთო. ვერც იმას ვიხსენებთ, რომ იმ ობიექტების მფლობელებს საბოტაჟი მოეწყოთ ქვეყნისთვის, პირიქით _ ბიზნესს ავითარებდნენ და მუშაობდნენ მშვიდად. აი, რატომ არის ახლა საშიში რუსი ინვესტორი, სხვა საკითხია. იმიტომ ხომ არა, რომ მათ შეიძლება ხარისხიანად გააკეთონ, შეიძლება მოგვეწონოს და მერე ვიღაცას ისიც წამოსცდეს, _ რუსული ფირმა კარგიაო. არა, აუცილებლად ჩინელი, ირანელი ან არაბი ინვესტორი უნდა შემოვიდეს (ევროპელები ცოცხალი თავით არ მოდიან) და მათ უნდა გავაკეთებინოთ, ასე უფრო კარგია. თუმცა, პანდემიის პირობებში, აღარც მათ აქვთ შემოსვლის სურვილი და, საერთოდ, ისე ვრჩებით. რუსი ინვესტორების შემოსვლასა და წყალტუბოს განახლებას ის არ სჯობია, ჩამოშლილ კედლებსა და გაუკაცრიელებულ სასტუმროებს ვუყუროთ, ადგილობრივებს შემოსავალი არ ჰქონდეთ და დასასვენებლად ქართველებმა არ ვიაროთ ძველ კურორტზე, რომლის წყლების სიკეთე ჩვენს მშობლებს დღემდე ტკბილად ახსოვთ?!

ისე, ყველაფერზე, რაც რუსეთთან არის დაკავშირებული, უარი რომ ვთქვათ, ზუსტად 24 საათში უპუროდ დავრჩებით. მერე, სანამ მწვანეა ბალახი, ვძოვოთ, როცა გახმება, თივაზე გადავიდეთ და ვიყოთ მშივრები, მაგრამ ამაყები, არ მივიღოთ არაფერი რუსული, დავემონოთ დასავლეთს და ასე განვაგრძოთ მანამ, სანამ ერთი კილო პურის გულისთვის კაცის მოკვლის სურვილი არ გაუჩნდება ნახევარ ქვეყანას.

ისე, როცა საქართველო რუსულ ინვესტიციებზე ამბობს უარს, ასევე რატომ არ იქცევიან გერმანია, საფრანგეთი, ესპანეთი და რატომ მუშაობენ რუსული ფირმები ბებერი კონტინენტის სხვადასხვა ქვეყანაში წარმატებით? რატომ აშენებინებენ რუსებს ქარხნებს მაგალითად, გერმანიაში ან საფრანგეთში და რატომ გვიშლიან ევროპელები ჩვენ ამის გაკეთებას? არ შეიძლება, ჩვენთანაც ააშენონ ქარხანა რუსებმა? მიზეზი ერთადერთია _ ნებისმიერი ურთიერთობა რუსეთთან საბოლოოდ მიგვიყვანს იქამდე, რომ საქართველო, შესაძლოა, რუსეთთან პირისპირ სასაუბროდ დარჩეს, სხვების გარეშე და ეს იქნება პირველი ნაბიჯი იმისკენ, რომ ორმა სახელმწიფომ ტერიტორიებზეც დაილაპარაკოს, ეკონომიკაზეც, ფრენების აღდგენაზეც და, საზოგადად, ურთიერთობებზე. რუსეთმა და საქართველომ შეთანხმებას რომ მიაღწიონ, გამოვა, რომ დასავლეთს ამდენი წლის განმავლობაში ერთსა და იმავე წრეზე მხოლოდ თავისი ინტერესების გამო დავყავდით და საქართველო, როგორც ტერიტორია, მათი კონტროლიდან გავა. სწორედ ტერიტორიისა და სტრატეგიული მდებარეობის გამო აქვს საქართველოს ფასი, თორემ, ქართველი ხალხი არავის რომ არ ადარდებს, არაერთხელ გამოჩნდა და მომავალშიც ბევრჯერ გამოჩნდება. კიდევ ვიმეორებთ: საქართველო არ უნდა იყოს არც ერთი ქვეყნის ვასალი; ყველას უნდა ესაუბროს, როგორც თანასწორი და, რაც მთავარია, ამის უფლება უნდა ჰქონდეს, თანასწორობის უფლება, რომელიც ახლა წართმეული აქვს.

ბესო ბარბაქაძე

გააზიარეთ

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here