Home რუბრიკები საზოგადოება რატომ არ არის დღევანდელი სკოლა “სწავლა ცოდნაზე შეყენებული და გაჩერებული”

რატომ არ არის დღევანდელი სკოლა “სწავლა ცოდნაზე შეყენებული და გაჩერებული”

1447
რატომ არ არის დღევანდელი სკოლა “სწავლა ცოდნაზე შეყენებული და გაჩერებული”

ვიღაცებს ძალიან სჭირდებათ გამოთაყვანებული, გადაგვარებული ადამიანები, რადგან ბრბოს მართვა გაცილებით ადვილია, ვიდრე განათლებული, ჭკვიანი საზოგადოებისა

როგორი იქნება 2020-2021 სასწავლო წელი _ ამ საკითხზე ჯერჯერობით მხოლოდ მითქმამოთქმაა, რომელიც გარკვეულწილად, ალბათ, მაინც იძლევა შეშფოთების მიზეზს, რადგან განათლების მესვეურთ და ხელისუფლებასაც რატომღაც ძალიან მოეწონათ .. ონლაინგაკვეთილები და ჭკუაშიც დაუჯდათ ამ მეთოდის კვლავაც გამოყენება. თავის წერილებში განათლებისა და აღზრდის თაობაზე ილია აანალიზებს მსოფლიოში ცნობილ მეცნიერთა თვალსაზრისსა და შეხედულებებს პედაგოგიკის საკითხებზე, რომელთა მართებულობა თუ უვარგისობა დრომ და პრაქტიკამ დაამტკიცა. ილიას აზრით, “ვიტტორინომ, ვერჟერიომ და ვეჯიომ _ ამ სამმა მესვეურმა ახალის პედაგოგიისამ, გზა გაუხსნა პედაგოგიასა და მათმა თეორიამ ახალის მოძღვრებისამ დიდი ზემოქმედება იქონია შემდგომებზედ”, ამიტომაც მიაჩნია ერის მამას მათი აზრის გათვალისწინება აუცილებლად თანამედროვე სკოლის წარმატების საქმეში და ამიტომაც მიუძღვნა ამ საკითხს ვრცელი წერილები. საინტერესო კი ის არის, რომ ის რჩევები და წინადადებები, რომლებსაც დიდი ილია ასწლეულზე მეტი ხნის წინათ იძლეოდა, არც დღეს აწყენდა ჩვენს ბედკრულ განათლების სისტემას, რომლის მესვეურებმაც დისტანციური სწავლების სიკარგეზე საუბრებით ყურები გამოგვიჭედეს.

ილიას აზრით, სკოლამ ბავშვს იმთავითვე უნდა ჩაუნერგოს უფლის სიყვარული და რწმენა იმისა, რომღვთისათვის საცნაურია არამცთუ საქმენი ადამიანისა, არამედ გულის ზრახვანიცა. როცა ამ გზით სული და გული მოწაფისა საკმაოდ მომზადებული იქნება, მაშინ მეცნიერების სწავლებასაც უნდა შეუდგნენო”. და ბოლოს: სკოლამ უნდა განუვითაროს მოზარდს გრძნობა მოვალეობისა და ასწავლოს, როგორ უნდა მოექცეს და მოეპყრას სხვა ადამიანს. ილია მატტეო ვეჯიოს იმოწმებს და აღნიშნავს, რომწესიერად და მართალის გზით განვითარება და წარმატება სულისა და ხორცისა, ჩანერგვა ბავშვის გულში კარგის მაგალითების შემწეობით კეთილმომქმედის ზნისა და ხასიათისა უნდა იყოს ერთადერთი საგანი აღზრდისა”.

მაშ ასე, მივყვეთ ილიას პუბლიკაციებს:

თითონ სწავლა და ცოდნა, რომელსაც სკოლა იძლევა, ისე უნდა იყოს გაანგარიშებული და შერჩეული, რომ ზნეხასიათის წვრთნას, ამ ერთადერთს საგანს თვისას, გაუძღვეს და ემსახურებოდეს. სწავლა-ცოდნის ძლევა მარტო იმ აზრით, რომ კაცი სწავლული და მცოდნე იყოსო, ამაო და ბოლო-მოუბმელი წადილია სკოლისა. დღეს ყველასაგან ცხადად დანახულია, რომ ვერც ერთი სკოლა, თუნდაც უნივერსიტეტი, იმოდენა სავსებით ცოდნას ვერ იძლევა, რომ კაცი მართლა მეცნიერი და სწავლული იყოს, ამ სწავლაცოდნაზე შეყენებული და გაჩერებული.

ეს ამბავი მით უფრო საბუთად სახმარია, რომ ეხლანდელი სკოლა, თუნდაც უნივერსიტეტი, მარტო სწავლა-ცოდნის შეძენაზეა მიმართული და აგებული და სხვა არაფრისათვის არ აცლის არც მასწავლებელს, არც მოსწავლესა. სკოლამ ისე უნდა ამზადოს და სწურთვნოს, რომ კაცს ღონე, ხერხი და წყურვილი ჰქონდეს ერთ რადმე ყოფნისა ქვეყნის სასარგებლოდ; ღონე, ხერხი და წყურვილი ჰქონდეს, პატიოსანი რამ საგანი ცხოვრებისა იქონიოს; ღონე, ხერხი და წყურვილი ჰქონდეს, ყოველ ამისათვის მოიპოვოს შესაფერისი სწავლაცოდნა. ეგრე მოწყურებული, გაღონიერებული და ხერხიანი კაცი არავითარს სიძნელეს საქმისას არ შეუშინდება, არ შეუდრკება და ზნეხასიათობაც ეს არის.

ეხლანდელი სკოლა კი სულ სხვა საგანს მისდევს და ეს ზნეხასიათის წვრთნა თავმინებებულია. ეხლანდელი სკოლა მარტო იმის ცდაშია, რომ პატარა ბავშვის თავში, რაც შესაძლოა, ბევრი ცოდნა დასტიოს, ყმაწვილს ბევრი რამ ასწავლოს მარტო ცოდნისა და სწავლისათვის და არა კაცის გაადამიანებისათვის, ამიტომაც არც კაცად ღა ვარგობენ ეხლანდელი ყმაწვილები და არც იმათის სწავლაცოდნიდამ გამოდის რამ. ამიტომაც სკოლაში მიღებული სწავლა-ცოდნა მეტი ბარგია იმათთვის და არც-კი ენანებათ, რომ ცხოვრების გზაზედ ეს ბარგი დღე-და-დღე ეკარგებათ, როგორც მეტი რამ.

დღევანდელს დღეს ადვილად შესაძლოა შეჰხვდეთ, – კაცი ცოდნით ერთი იყოს, მოქმედებით და ცხოვრებითკი სრულებით სხვა. ეს იმიტომ არის, რომ დედააზრნი, სკოლაში სწავლაცოდნით გამორკვეულნი, მარტო ფორმალურად არიან მიღებულნი და არა მათის შინაგანის აზრითა, არა მათის ბუნებურის შინაარსითა. ...ჯერ ძველ დროშივე სცოდნიათ, რომ სწავლა-ცოდნა სკოლაში ზნე-ხასიათის საწურთვნელ ღონედ უნდა იხმარებოდეს და არა იქმნას მარტო თავის-თავად სანუგბარი რამ, თავის-თავად სანატრელი. ამ აზრმა ძველის დროისამ უფრო მეტის გარკვევით, უფრო მეტის სიცხადით თავი გამოიჩინა საშუალო საუკუნოებში, საკუთრივ მაშინ, როცა ეგრეთწოდებულს სქოლასტიკას საძირკველი შეერყა და მოძღვრება “ჰუმანობისა” წამოდგა ფეხზედ. ეს ხანა ისტორიისა გამოჩენილია მით, რომ ადამიანის ჭკვა-გონება დიდად გაძლიერდა, მრავალი რამ შეიგნო და ისწავლა ბერძნებისა და რომაელების მწერალთა ნაწერებისაგან და მრავალი რამ აღმოაჩინა. ყველაზედ უდიდესი აღმონაჩენი ამ დროისა, _ მიშლესი არ იყოს, _ ადამიანია, ესე იგი, ამ საუკუნემ ახალის თვალით მიახედა კაცობრიობა ადამიანის ღირსებაზედ და იმის არსებობის საგანზედა.

“ჰუმანობის მოძღვრება იმაში მდგომარეობსო, – ამბობს ერთი მწერალი: _ რომ ადამიანი შეჰხაროდეს ცხოვრებას, ელინებრ სიხარულის თვალით უყურებდეს; იმაში მდგომარეობს, რომ კაცის ადამიანური ღირსება ღრმად პატივცემულ იყოს და არანაკლებ ღრმადვე ჩანერგული რწმენა გვქონდეს, რომ ყოველი ღონე და ნიჭი ადამიანის ბუნებისა აუცილებლად საჭიროა განვითარებულ და წარმატებულ იქმნას ერთიანად და გამოუკლებლივ”.

ეს პატივისცემა ადამიანის ღირსებისა დაიწერა თავის დროშაზედ ჰუმანობის მოძღვრებამ და ეს მოძღვრება გარკვევით გამოსთქვა მაშინ ერთმა იტალიელმა ჰუმანისტმა პიკოდელამირანდოლამ 1486 წელსა. ამ პიკოს სიტყვით, _ აი რას უბრძანებს ღმერთი პირველს კაცს ადამსა:

მე შენთვის, ადამო, არავითარი სამუდამო ბინა და სადგური არ მომიცია, არავითარი სამუდამო და უცვალებელი საქმე არ ამიჩენია. ეს იმისთვის, რომ საცა შენ გიამოს, იქ იცხოვრო, რაც გინდოდეს, ის საქმე აიჩინო. მე შენ არც სასიკვდილოდ გამიჩენიხარ, არც უკვდავად დამინიშვნიხარ. ეს იმისათვის, რომ შენ თითონ იყო შენის თავის მკეთებელი და ისეთი სახე მიიღო, როგორიც შენ თითონა გსურს: შენ შეგიძლიან პირუტყვამდინაც ძირს ჩამოხვიდე და ანგელოზამდინაც ზე ახვიდე”.

კაცმა რომ ჩაიხედოს ამ სტრიქონებში და ამასთან უნარიცა ჰქონდეს, გამოსარკვევი გამოარკვიოს და დასანახავი დაინახოს, ჩვენთან ერთად იტყვის, რომ ამაზედ მარტივად და ამაზედ ნათლად ძნელია კაცმა გამოსთქვას-ღა, როგორც ადამიანის არსებობის საგანი, ისეც ადამიანის ღირსება. ჯერ ეს პიკოს სიტყვა არ იყო თქმული, როცა იტალიაში დაიძრა აზრი, რომ სკოლა აგებულ იქმნას ჰუმანობის მოძღვრების მიხედვითა. ამისი პირველი მესვეური იყო პადუელი ჰუმანისტი ვიტტორინო დეფელტრე, რომელიც ახალის პედაგოგიის მამად ითვლება დღესაც…

“ივერიის” ?92-96 მეთაურების საგნად ავიღეთ ეხლანდელის სკოლის ვითარება საზოგადოდ და ვსთქვით, რომ ერთი უდიდესი ნაკლულოვანება ის არის, რომ ეხლანდელს სკოლას აზრადა აქვს, რაც შეიძლება ბევრი სწავლა-ცოდნა შესძინოს მოსწავლესა და ზნე-ხასიათის წურთვნას-კი თითქმის სრულიად უყურადღებოდ სტოვებს. ამ სწავლა-ცოდნასაც ისეთის დიდის საწყაოთი იძლევა, რომ მოსწავლე ძლივძლიობით ასდის, სულით და ხორცით იქანცება, არაქათი უწყდება და ბოლოს გამრჯელ, მხნე, სულითა და ხორცით ღონიერ ადამიანის მაგიერ უძლური, უღონო და ჯანგალეული კაცი გამოდის სკოლიდამ. ამ-სახით, ეხლანდელი სკოლა მიმართულია მარტო გონების აღტაცებაზედ და სხვა მხარეს ადამიანის ბუნებისას არამცთუ ჰშველის, არამედ სჩაგრავს და ჰხუთავს. ეს შეჰნიშნეს მეცნიერთა და კაცთმოყვარეობით გამსჭვალულებმა ამ დიდის შეცდომის გასწორება მოისურვეს. დედააზრი ეხლანდელის პედაგოგიის მიმართულებისა იგია, რომ ადამიანი უნდა იწურთნებოდეს სკოლაში ყოველ მხრივ: გონებით, ზნეხასიათით, სულით და ხორცით და არც ერთი ამათგანი არ უნდა შეეწიროს მეორეს. ეს დედა-აზრი, რომელსაც ეხლანდელი მეცნიერნი ჰლამობენ დაუდვან სკოლას, ახალი ამბავი არ არის. მაგ დედა-აზრის სათავე ჯერ კიდევ საშუალ-საუკუნოებში მოიპოვება, სახელდობრ, ეგრეთ-წოდებულ “განახლების ეპოქაში”, როცა თავი იჩინა ჰუმანობის მოძღვრებამა.

პირველი კაცი, რომელმაც ჰუმანობის მოძღვრებაზე ააგო სკოლა, იყო იტალიელი ვიტტორინო დეფელტრე. ამ კაცის მოკლე ისტორია და იმისი საპედაგოგიო საფუძველი უკვე მოვახსენეთ მკითხველს “ივერიის” ?96-ში. ეს მამამთავარი პედაგოგიისა ისე აღსრულდა, რომ ერთი სტრიქონიც არ დაუწერია ახალ პედაგოგიის შესახებ. იგი მარტო საქმით მოქმედობდა და ამბობდა, რომ კარგად მოქმედება სჯობს კარგად წერასაო. ხოლო იმისი საქმით მოძღვრება უნაყოფოდ არ დარჩა. იმის დროს სცხოვრობდა ორი სხვა მეცნიერი, პადუის პროფესორი პაოლო ვერჟერიო და რომის პედაგოგი მატტეო ვეჯიო. ვიტტორინოსაგან საქმით მოძღვრებულნი საფუძველნი ახალის პედაგოგიისა ამათ სამეცნიერო წესსა და რიგში ჩააგდეს და თვითეულმა მათგანმა საკმაოდ გამოჩენილი თხზულება დასწერა. ამ-სახით, ეს ორი კაცი შეიქმნა მეცნიერულად დამფუძნებელი ახალის პედაგოგიისა. ამათი ნაშრომი იმითია გამოჩენილი, რომ თვალსაჩინოდ, თვალნათლად გამოთქმულია დედა-აზრნი ახალის საპედაგოგიო სისტემისა, წარმომდგარნი ჰუმანობის მოძღვრებისაგან. ვერჟერიო თავის თხზულებაში სკოლის საფუძვლად სდებდა ამ ოთხს დედააზრსა:

) საგანი აღზრდისა ის არის, რომ თავის რიგსა და წესზედ წარმატებულ იქმნას ყოველნი ძალნი და ნიჭნი ადამიანისა, როგორც გონებითნი, ისე ზნეობითნი, როგორც სულიერნი, ისე ხორციელნი.

) სწავლებაში უნდა სახეში მიღებულ იქმნას არა მარტო ასაკი და წლოვანება მოწაფისა, არამედ მისნი განსაკუთრებულნი ზნენი და თვისებანი.

) ყველაზედ უკეთესი ღონე ის არის, რომ მოწაფეს წინ გადუშალოს ოსტატმა ცხოვრება დიდბუნებოვანთა კაცთა, რომელნიც ასე ბევრნი მოიპოვებიან ძველს დროში.

) სწავლაცოდნა და ერთობ განათლება უნდა დაფუძნებული იყოს თავისუფალ მეცნიერებათა შესწავლაზედ.

ამ მეცნიერებათა სათავეში სდგას ფილოსოფია, რომელიც ადამიანს გონებითად თავისუფალს ჰხდის. მას მოსდევს მეცნიერება მჭერმეტყველებისა, რომელიც ასწავლის კაცს აზრის ნათლადა და ლამაზად გამოთქმას. მერე მოდის ბუნებისმეტყველება, რომელიც გვაგებინებს ჰარმონიას ყოველ მისას, რაც არსებობს, და ბოლოს ისტორია, რომელიც მოგვითხრობს სვლას და განვითარებას მეცნიერებისას და მრავალს სასარგებლო მაგალითს თვალწინ გვიყენებს.

როცა ვერჟერიო ამაებზედ ლაპარაკობს, ბევრს ეხლანდელ დროისათვისაც სასურველს აზრსა და ჭეშმარიტებას ამბობს. მაგალითებრ, იგი ამბობს, რომ ჭკუაგონება მოწაფისა უფრო წარმატებაში შედის მაშინ, როცა ერთს რომელსამე თხზულებას საფუძვლიანად ისწავლის, ვიდრე მაშინ, როცა ხელდახელ და გაკვრით გადააბულბულებს მრავალსაო. გადამეტებული ცოდნა წვრილმანებისა მეტის მეტად ამძიმებს მოწაფის გონებასა, ჰქანცავს და ჰღალავს ყმაწვილსა იქამდე, რომ ბოლოს და ბოლოს სამუდამოდ აუძლურებს და ასუსტებს. როგორც უწესურობა, ისე მეტისმეტი მკაცრი წესიერება (დისციპლინა) სკოლაში ერთნაირად მავნებელიაო. პირველ შემთხვევაში სული და გული, ერთობ ბუნება და გუნება მოწაფისა აღვირაშვებულია, გაქსუებულია, მოწაფეს ეკარგება ღონე თავდაჭერისა და უნარი, ხალისი გარჯისა და შრომისაო; მეორე შემთხვევაში გატანჯული და დაშინებული მოწაფე ყოველს მხნეობასა ჰკარგავს, ნიჭი თაოსნობისა და თვითმოქმედობისა უკვდება, იმიტომ რომ, ვისაც ყველაფრისა ეშინიან, ის უღონოა, რაიმე საქმეს შეუდგეს თავისითაო.

უფრო მეტის საბუთიანობით და სისტემით გამოჩენილია მეორე მეცნიერის ვეჯიოს თხზულებაო, ამბობს ავტორი, რომლის თხზულებიდამაც ამოვკრიბეთ ჩვენ როგორც ეს ცნობანი, ისეც წინანდელნი. ეს მისი თხზულება ახალი პედაგოგია არისო, _ ამბობს იგი ავტორი, _ და ბავშვის აღზრდას დაბადების დღიდანვე თანა სდევსო. ვეჯიო მთელის თავის ძალ-ღონით ეწინააღმდეგება იმ ჩვეულებას, რომ შვილებს ძიძას აზრდევინებენ და ცხარედ იღვწის, რომ დედამ თითონ აწოვოს შვილსა. წესიერად და მართალის გზით განვითარება და წარმატება სულისა და ხორცისა, ჩანერგვა ბავშვის გულში კარგის მაგალითების შემწეობით კეთილმომქმედის ზნისა და ხასიათისა უნდა იყოს, ვეჯიოს აზრით, ერთადერთი საგანი აღზრდისა. ვეჯიოც, როგორც ვერჟერიო, იმ აზრზეც სდგას, რომ აღზრდაში სახეში უნდა იქონიონ არამც-თუ მარტო ასაკი მოწაფისა, არამედ მისნი განსაკუთრებულნი ზნენი და თვისებანი, ხოლო ვეჯიო ამ საგანზედ უფრო ვრცლად ლაპარაკობს. იგი ამბობს, რომ სხვადასხვაა ბუნება სხვადასხვა ბავშვისაო. ეს სხვადასხვაობა ბავშვთა ბუნებისა იმოდენად ძლიერია, რომ უფრო ადვილია მზეს შეაცვლევინოს გზა, ვიდრე დაბადებით თანდაყოლილნი მიდრეკილებანი ბავშვისა შეიცვალოსო. ამ სხვადასხვაობას უნდა შეეფეროს სხვადასხვა ღონისძიებაც აღზრდისაო. მკვირცხლს და თამამს ბავშვს სხვარიგად უნდა მოექცნენ, ვიდრე კდემარეს, მორცხვსა და აზიზს ყმაწვილსაო. ესევე უნდა იქონიონ სახეში ჭკუაგონების აღზრდაშიაცაო. ამიტომაც ვეჯიო დედ-მამებს არ ურჩევს, შვილები იმისთანა სკოლაში აძლიონ, საცა ბევრი ყმაწვილები არიან, იმიტომ რომ თვით უკეთესი ოსტატიც-კი ამ შემთხვევაში უღონო იქნება, თვითოეულს ბავშვს ცალკე ადევნოს თვალი და თვითოეულის განსაკუთრებულს ბუნებას და გონებას ცალკე შეურჩიოს გზა გონების გახსნისა და ზნე-ხასიათის წურთვნისა. აი ეს სამნი _ ვიტტორინო, ვერჟერიო და ვეჯიო, არიან პირველნი მესვეურნი ახალის პედაგოგიისა და ამ სახით, იგი დედა-აზრნი, რომელნიც დღეს გაღვიძებულნი არიან მეცნიერთაგან, მომდინარეობენ ჯერ კიდევ მეთხუთმეტე საუკუნიდამ. განსხვავება მარტო იმაშია, რომ ეხლა ეგ აზრნი უფრო მეტის სავსებით, მეტის გარკვევით, მეტის მეცნიერებით და გამოცდილებით შემუშავებულნი, განვითარებულნი არიან და დასაბუთებულნიცა.

ვიტტორინომ, ვერჟერიომ და ვეჯიომ _ ამ, როგორცა ვსთქვით, სამმა მესვეურმა ახალის პედაგოგიისამ, გზა გაუხსნა პედაგოგიასა და მათმა თეორიამ ახალის მოძღვრებისამ დიდი ზემოქმედება იქონია შემდგომებზედ. სახელოვანი დეზიდერი ერაზმი როტტერდამელი, რომელიც დაიბადა 1467 წელსა და გარდაიცვალა 1536 წელს, ერთი იმათგანი იყო, რომელთაც ბოლოს და-ბოლოს სრულად დაჰფუშეს ძველი სქოლასტიკური სისტემა სკოლისა და ახალი საფუძველი დაუდვეს, ჰუმანობის მოძღვრებაზედ აგებული. საპედაგოგიო აზრნი ერაზმისა იმითი არიან განსაკუთრებით შესანიშნავი, რომ ერაზმი აღმატებულის სასოებით თაყვანსა სცემს ბავშვსა და ამ სასოებისაგან შეპყრობილი იძლევა სარჩიელს ბავშვის წურთვნისას და აღზრდისას. ბავშვიო, ამბობს იგი, წმინდა ტაძარია სულისწმინდისა და სიფრთხილითა და სიყვარულით უნდა მოექცნენო. იგი არ ეთანხმება ვეჯიოს, რომელიც ბავშვის ბუნებურს მიდრეკილებას მეტის-მეტს მნიშვნელობას აძლევდა, ერაზმი, პირიქით, ამტკიცებს, რომ აღზრდას და წურთვნას შეუძლიან სრულად გარდაჰქმნას ბავშვიო. საქმე იმაშიაო, რომ ამ აღზრდამა და წურთვნამ ბავშვი ჩაიგდოს ხელში პირველ ხანშივე, ნორჩობაშივე და ყოველს მის ფეხის გადადგმას უწინამძღვროსო.

ერაზმის აზრით, ბავშვმა შემდეგი კიბე უნდა აიაროს აღზრდისა და წურთვნის დროსაო: ჯერ პირველად ყმაწვილის ნორჩს და მალე შემთვისებელს გულში უნდა ჩანერგილ იქმნას ფესვი სათნოებისა, სიყვარული შემოქმედისა და რწმენა მისი, რომ ღვთისათვის საცნაურია არამცთუ საქმენი ადამიანისა, არამედ გულის ზრახვანიცა. როცა ამ გზით სული და გული მოწაფისა საკმაოდ მომზადებული იქნება, მაშინ მეცნიერების სწავლებასაც უნდა შეუდგნენ და ბოლოს ხომ უნდა განუვითარონ გრძნობა მოვალეობისა და ასწავლონ, როგორ უნდა მოექცეს და მოეპყრას თავის მსგავს ადამიანსაო. ყმაწვილის სწავლება უნდა დაიწყონ, ერაზმის აზრით, შვიდ, ანუ რვა წლიდამ, იმისდა მიხედვით, თუ სულით და ხორცით რა ღონისაა ყმაწვილი, რადგანაც ამ ხანში ბავშვს გართობა და თამაშობა უყვარს, ამიტომ საჭიროა სწავლა და წურთვნა ისე მოეწყოსო, რომ ბავშვმა სწავლება წვალებად არ მიიჩნიოსო. იმაზედ უარესი არა არისრა, რომ ბავშვმა მოიძულოს სწავლაცოდნა, ვიდრე შეიგნებდეს ერთისა და მეორის სიკეთესაო. ერაზმი ოსტატისაგან ბევრს რასმე ჰთხოულობს. თუ ოსტატს ჰსურსო, რომ საქმე ემარჯვოს და კეთილად იმოქმედოს ბავშზედა, აუარებელი ცოდნა უნდა ჰქონდესო, ოსტატმა თითქმის ყველაფერი უნდა ზედმიწევნით იცოდესო. “თქვენ მეტყვითო, ამბობს ერაზმი, რომ მე დიდს ტვირთსა ვსდებ ოსტატსაო. მართალია ეგ, მაგრამ ერთს რომ დიდს ტვირთსა ვკიდებ, ამით სხვა მრავალს ვუსუბუქებ ტვირთსაო. მე მსურსო, რომ ოსტატს გავლილი ჰქონდეს მთელი სივრცე კაცთა მეცნიერებისა, იმიტომ, რომ მოწაფეებს აღარ დასჭირდეს თითონ ჰქმნან ეგევეო”. ხოლო ესეც საკმაო არ არის, ერაზმის აზრით ოსტატისათვის: იგი უნდა იყოს “მაღალის ზნეობის კაცი, უნდა იცოდეს, როგორ მოექცეს ბავშვსა, უნდა შემძლებელი იყოს, მოიპოვოს სიყვარული და პატივისცემა ყმაწვილისაო, პირველი თავმდები ბავშის აღზრდის მარჯვედ მსვლელობისა სიყვარულია მოწაფისა ოსტატის მიმართო”, _ ამბობს ერაზმი. ერაზმი ძალიან ეურჩება, ძალიან ჰკიცხავს, თუ გასაკვეთი ხანგრძლივია სასწავლებელში. ხანგრძლივად სვლა გასაკვეთებისა ჰღალავსო შეგირდის გულისყურს, ქანცს ულევს ყმაწვილსა და სულიერად თუ ხორციელად სჩაგრავსო. ამიტომ რჩევას იძლევა, რომ რაც შეიძლება მალ-მალე უნდა იცვლებოდეს ხოლმე საშრომელი ბავშისაო; სწავლა, შესვენება, სეირნობა და გართობა ერთმანეთში რიგრიგად ჩართული უნდა იქმნასო. ვეჯიოსებრ, ერაზმი სამჯობინარად ჰხედავს იმისთანა სკოლას, საცა მოწაფენი ბევრნი არ არიან. ცოტა შეგირდებიანი სკოლა ჯობია, როგორც შინ აღზდასა, ისე ბევრშეგირდებიან სკოლასაო. შინ რომ იზრდება ყმაწვილი, თვალწინ არავინა ჰყავსო, რომ უპირატესობისა და ჯობნობისათვის შეეჯიბროს ვისმე, და შეჯიბრება კი ამ შემთხვევაში დიდი ღონეა ბავშის წარმატებისთვისაო. ბევრ-შეგირდებაინ სკოლაში ხომ ოსტატი უღონოა თვითოეულ ბავშის ბუნებას ცალკე ადევნოს თვალყურიო.

…ყველამ იცის ეხლანდელის სკოლის ნაკლუვანება და საკულაოდ არა ერთი და ორი ცვლილება და შევსება მოელის ეხლანდელს სკოლასა. ვინატრით, რომ შემცველთა და შემავსებელთა ხანდისხან ყური ათხოვონ ისტორიას, ზოგჯერ უკანაც მიიხედონ და ზოგიერთი რამ შეითვისონ იმ დიდ-ბუნებოვან ჰუმანისტებ-პედაგოგებთან, რომელთაც უმოძღვრეს კაცობრიობას ბევრი რამ მოზარდის თაობის საკეთილდღეოდ და საბედნიეროდ”.

1888 .

P.S. დღევანდელი სკოლის მესვეურთაც არ აწყენდათ, “ხანდისხან ყური ათხოვონ ისტორიას, ზოგჯერ უკანაც მიიხედონ”, რადგანაც ამაზეა დამოკიდებული არა მხოლოდ მოზარდი თაობის კეთილდღეობა და ბედნიერება, არამედ ქვეყნის ძლიერებაც. ილიაც სწორედ იმას ქადაგებდა, რომ სკოლა მხოლოდ ცოდნისა და სწავლისთვის არ არსებობს, არამედკაცის გაადამიანებისათვისო”.

დღეს კი რა გამოდის? ბავშვს, რომელიც დიდ პედაგოგებს სულიწმიდის ტაძრად მიაჩნდათ და მის მიმართ სიფრთხილით დამოკიდებულებას უსვამდნენ ხაზს, უპირველესად, სანამ სწავლაგანათლებას შევუდგებით, თურმე უნდა ჩავაგონთ, რომ ის ბუნებამ კი არ შექმნა ან ქალად, ან კაცად, არამედ თვითონ უნდა გადაწყვიტოს, რომელი იქნება ამ ორიდანამას კაცის გაადამიანებას კი არა, გაპირუტყვებასაც ვერ დავარქმევთ. მოზარდი თაობისთვის მსგავსი აბსურდების ქადაგება კი სადამდეც მიიყვანს კაცობრიობას, დიდი ტვინის ჭყლეტა არ სჭირდება. როგორც ჩანს, ვიღაცებს ძალიან სჭირდებათ გამოთაყვანებული, გადაგვარებული ადამიანები, რადგან ბრბოს მართვა გაცილებით ადვილია, ვიდრე განათლებული, ჭკვიანი საზოგადოებისა.

რუბრიკას უძღვება დარეჯან ანდრიაძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here