Home რუბრიკები საზოგადოება რას წარმოადგენს დღეს საქართველო მსოფლიოს თვალში?

რას წარმოადგენს დღეს საქართველო მსოფლიოს თვალში?

2021
რას წარმოადგენს დღეს საქართველო მსოფლიოს თვალში?

საქართველო არის მნიშვნელოვანი სახელმწიფო მნიშვნელოვან რეგიონში, სადაც ევროპის უსაფრთხოების ძალიან ბევრი მტკივნეული ნერვი მდებარეობს

დღეს ხშირად საუბრობენ, რომ კორონავირუსის პანდემიის შემდეგ კაცობრიობა სულ სხვა, გაცილებით უკეთეს მსოფლიოს მიიღებს. და ეს იმედიანად განაწყობს ამ რთულ მდგომარეობაში ჩავარდნილ ადამიანებს. საინტერესოა, ამ ახალ წესრიგში რა ახალი შესაძლებლობები მიეცემა საქართველოს და როგორ გამოიყენებს მათ.

და საერთოდ, რას წარმოადგენს დღეს საქართველო მსოფლიოს თვალში?

ფაქტია, რომ ჩვენი ჯანდაცვის სამინისტროს პოლიტიკა და, საერთოდ, ქვეყნის პოლიტიკა წარმატებული გამოდგა კოვიდის მართვაში. ამ პატარა საქართველომ მსოფლიო გააკვირვა, თავისი შეზღუდული რესურსით რომ შეძლო სხვა ქვეყნებზე უკეთ ამ გამოწვევასთან გამკლავება. “ნაციონალური მოძრაობისადა მისი განაყოფების უდიდესი ძალისხმევის მიუხედავად, სამართალმა პური ჭამა და საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმაც კი აღიარა, რომ ეს ჩვენიმტკიცე პოლიტიკური ნების, მაღალპროფესიული სამედიცინო პერსონალისა და მაღალი შეგნების მქონე მოსახლეობის წყალობითმოხერხდა. ამ ფონზე ნაცები სასოწარკვეთილებიდანიხსნასამშობლოში არაერთგზის გასამართლებული მიხეილ სააკაშვილის დანიშვნამ უკრაინაში ერთერთ თანამდებობაზე. რამდენად მეგობრულია უკრაინელ ხელისუფალთა ეს ნაბიჯი, საკითხავიც აღარ არის, მაგრამ საქართველოს მთავრობა უკრაინიდან ელჩის გამოწვევას მაინც არ აპირებს, მასთან კონსულტაციები კი იმ მიზნით, რომ პოლიტიკურმა ავანტიურისტებმა ეჭვქვეშ არ დააყენონ საქართველოსა და უკრაინის ურთიერთთანამშრომლობა, აუცილებლად მიიჩნია. უკვე საუბრობენ იმაზეც, რომ ელჩი თეიმურაზ შარაშენიძე კიევში დაბრუნების შემდეგ უკრაინულ მხარეს პროტესტის ნოტას გადასცემს. საქართველოს პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამ კი ჟურნალისტების კითხვას უკრაინის მაღალი თანამდებობის პირების განცხადებებზე, რომ სააკაშვილის დანიშვნა მათი ქვეყნის საშინაო საქმეა, ასე უპასუხა: “როგორ დააკავებენ მიხეილ სააკაშვილს იმისგან, რომ მან საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევისგან თავი შეიკავოს, ეს ძალიან მაინტერესებს და ამას დავაკვირდებითო”.

ურიგო არ იქნება, იმასაც თუ ჩაუკვირდება ჩვენი ხელისუფლება, რამდენად გამოხატავს ამ ნაბიჯით უკრაინა საქართველოსადმი პატივისცემას, რა ფასი აქვს მის თვალში საქართველოს ხელისუფლებას. ბატონი გახარია რომ ამას გააკეთებს, ეჭვიც არ გვეპარება, მაგრამ საქმე ის არის, მისცემენ თუ არა ამის უფლებას ჩვენისტრატეგიული პარტნიორები”.

ჩვენ სხვისთვის ვართ რამე თუ არა?”

ეს არის კითხვა, რომელზეც სწორი პასუხი ახლაც, ისევე, როგორც ილიას ეპოქაში, განსაზღვრავს ჩვენს აწმყოსა და მომავალს, რადგან, როგორც ილია ამბობს, ეს მიწისყელი, რომელსაც კავკასიას ეძახიან, რომელიც აზიისა და ევროპის კარად ყოფილა უწინ და რომლის დაპყრობისათვის ბევრი სხვადასხვა ხალხის სისხლი დაღვრილა, მაინც ისევ კარად დარჩა და ხალხთა შორის შუღლისა და ცილების მიზეზად”.

და მთელს ამ დავიდარაბას ილია ერთ-ერთ მის მიმოხილვაში ასე გადმოგვცემს:

რას წარმოადგენს დღეს საქართველო მსოფლიოს თვალში?

“ბალკანეთის ნახევარკუნძულზედ აღმოსავლეთის საქმეს ბერლინის ხელშეკრულობით წვერი შემოერღვა, როგორც პაჭიჭს, და რაკი წვერი შემოერღვა, ბოლომდინ რღვევით უნდა წავიდეს. ჩვენ აქ რა შუაში ვართო, იტყვის მკითხველი. ეს პატარა ქვეყანა, რომელსაც ამიერ-კავკასიას ეძახიან და სადაც უპირატესობა ყოველისფრით ქართველობას უპყრია, დღეს იმ ქვეყნად შეიქმნა, რომელშიაც, ბერლინის ხელშეკრულების შემდეგ, გამოიკვანძა დიდი კვანძი აღმოსავლეთის საქმისა. ჩვენის ფიქრით, ეხლა აღმოსავლეთის საქმემ, აქამომდე სლავიანებზე გაჩერებულმა, აქეთ, აზიაში გადმოიწია და რუსეთი და ინგლისი _ ეს ორი დაუძინებელი მეტოქე აზიაში მფლობელობისათვის _ აქ, აზიაში, დაეჯახებიან ერთმანეთს და ბოლოს საქმე იქამდის მივა, რომ მაგ საქმის კვანძი აქ უნდა გაიხსნას. რით გაიხსნება ეს კვანძი, ხმლით გაჰკვეთენ თუ საცივილიზაციო ღონისძიებითა, – ამისი გადაწყვეტილად თქმა ძნელია წინათვე. ამას კი ვიტყვით, რომ პირველი ნიშნები ინგლისის მხრით საცივილიზაციო ღონისძიების ხმარებას მოასწავებს. ჩვენ ამით იმისი თქმა კი არ გვინდა, რომ ეგ ინგლისს მოსდიოდეს სხვისა თუ ჩვენის სიყვარულით და ტრფიალებითა, _ აქ ინგლისი თავის საკუთარის სარგებლობისათვის იღვაწებს. და რადგანაც ერთის ჭეშმარიტი და უცოდველი სარგებლობა მარტო იმაზეა დამყარებული, რომ მეორეც კარგად იყოს, ამიტომაც ინგლისი, რომლის საქმენი ხალხის თვითმოქმედებით იმართებიან, ეცდება, თავისი ჭეშმარიტი სარგებლობა ჭეშმარიტს საძირკველზედ ამოიყვანოს, ესე იგი, ეცდება ძალაუნებურად იმათ კარგამყოფობასაც, ვინც მას აზიაში ბინადრად დახვდება. ჩვენ აქ საპოლიტიკო სიგელს არ ვწერთ, და ამიტომაც ჩვენ ესე გაკვრით ვლაპარაკობთ ამ საგანზედა და ჩვენს მკითხველს ჩვენს ამონაფიქრებს ვაუწყებთ სმენისა და გაგონებისათვის. ჩვენ არ გვინდოდა, როგორც ლიტონს მემატიანეს, შეგვენიშნა, რომ აზია საერთოდ და ჩვენ თითონ საკუთრივ ვართ საჭირონი არამც თუ ჩვენის თავისათვის მხოლოდ, არამედ სხვისათვისაც, თუმცა ბევრი რამ შეიცვალა ქვეყნიერობაზედ ამ ხუთასექვსას წელიწადში, მაგრამ ეს მიწისყელი, რომელსაც კავკასიას ეძახიან, რომელიც აზიისა და ევროპის კარად ყოფილა უწინ და რომლის დაპყრობისათვის ბევრი სხვადასხვა ხალხის სისხლი დაღვრილა, მაინც ისევ კარად დარჩა და ხალხთა შორის შუღლისა და ცილების მიზეზად იქნება კიდეც”.

მაგრამ რამდენად ვართ საჭირონი დღეს “არამც თუ ჩვენის თავისათვის მხოლოდ, არამედ სხვისათვისაც”? ფაქტია, რომ საჭირონი ვართ, რადგან საქართველო არის მნიშვნელოვანი სახელმწიფო მნიშვნელოვან რეგიონში, სადაც ევროპის უსაფრთხოების ძალიან ბევრი მტკივნეული ნერვი მდებარეობს; მაგრამ ცუდია, რომ თავიანთ თანასწორად კი არ მიგვიჩნევენ, მხოლოდ ზემოდან დაგვცქერიან, გვიყენებენ და გვიდგენენ წესებს, რომლებსაც არ უნდა გადავუხვიოთ მათთან “თანამშრომლობისას”.

რა იგულისხმება ამ თანამშრომლობაში?

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო თავის საიტზე გვაუწყებს, რომ საქართველოს მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს საერთაშორისო ტერორიზმთან და ტრანსნაციონალურ ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის, ენერგეტიკული უსაფრთხოების, შეიარაღებაზე კონტროლისა და გაუვრცელებლობის უზრუნველყოფის საქმეში. საქართველო იზიარებს არამხოლოდ ევროატლანტიკური თანამეგობრობის ფასეულობათა ერთიან სისტემას, არამედ კოლექტიური თავდაცვის პრინციპსაცო.

ეს ყველაფერი კარგი, მაგრამ სად ვართ აქ ჩვენ _ საქართველო, ტერიტორიებშემოძარცვული სახელმწიფო? თუ სახსენებელი არ არის საკუთარი პრობლემები მაშინ, როდესაც საერთაშორისო უსაფრთხოების გაძლიერების მიზნით ვიღვწით ავღანეთში “მტკიცე მხარდაჭერის” მისიაში? ან ევროკავშირთან კონსულტაციებით ძალისხმევას არ ვიშურებთ ევროკავშირის საერთო უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის (ჩშDP) ფარგლებში თანამშრომლობის განვითარების მიზნით? ან გაეროს სამშვიდობო ოპერაციებში რომ უზრუნველვყოფთ საქართველოს სამხედრო და სამოქალაქო პირების მონაწილეობას? ან ეუთოს ორგანიზაციის საქმიანობის ყველა სფეროში რომ ვაქტიურობთ?..

აი პასუხიც კითხვაზე: “ჩვენ სხვისთვის ვართ რამე თუ არა?”, მაგრამ გონიერი ქართველი მაინც არ მოისვენებს და იკითხავს: ისინი რაღა არიან ჩვენთვისო?

როგორ თუ რა?! ასე და ამრიგად, გვყავს მთავარი პარტნიორები: ნატო, ევროკავშირი, გაერო, ეუთო, სუამი, აშშ…

განა ეს ცოტაა?!

ხელისუფალთ არ ეცოტავებათ, უბრალო მოკვდავს, რიგით მოქალაქეს კი “ამბიციები” არ უნდა ჰქონდეს.

ვიცი, ბევრ ქართველს სტკივა გული იმის გამო, რომ “ცხოვრება ძირს მიდის თავისთვის. ზემოდამ დაჰფარფარებს აჭრელებული ქაღალდი, საცა სუფევს კანონი, და შუაში კი ცარიელია. ამ ცარიელში დახტიან, ცხოვრების ზემოთ და კანონქვეშ, ჩვენი მოხელეები”, მაგრამ ამის წამალიც არსებობს. თუ ილიას დავუჯერებთ, ამის უებარი წამალი ცოდნაა, განათლება, რომლის წყალობითაც შესაძლებელია საზოგადოებისთვის საჭირო, პროგრესისკენ მიმართული ცვლილებების დასახვა; შესაძლებელი ხდება საზოგადო საქმისთვის ადამიანთა მობილიზაცია; საერთო ინტერესებზე ორიენტირებული საზოგადოების ფორმირება; თითოეული პიროვნების უფლებებისა და თავისუფლების დაცვა.

პიროვნებას ილია უდიდესი ვალდებულებებით აღჭურვავს. ეს არის, ცხადია, ვალდებულებები საზოგადოების წინაშე, უწინარესად კი, საკუთარი შინაგანი სამყაროს, სულიერების, საკუთარი ზნეობის წინაშე, რომელთა გაცნობიერებითა და შესრულებით არის შესაძლებელი ყველა სხვა ვალდებულებისა და მისიის შესრულება. ამგვარი მიზნები ერთჯერადი ღონისძიებით არ მიიღწევა, მათ რეალიზაციას მუდმივი მუშაობა, მუდმივი მოძრაობა, პროგრესისკენ მუდმივი სწრაფვა სჭირდება. პიროვნებისა თუ საზოგადოების განვითარება შეწყდება იმ მომენტში, როცა შეწყდება სიახლისკენ, განვითრებისკენ, გაუმჯობესებისკენ სვლა.

იქ, სადაც პიროვნებას აქვს უფლება,- მიიღოს ცოდნა, შეიქმნას კეთილდღეობა, იშრომოს საკუთარი თავის და ოჯახის სასიკეთოდ, ჰქონდეს რწმენის თავისუფლება, ჰქონდეს საკუთარი მსოფლმხედველობის შემუშავებისა და მისი გამოხატვის უფლება, საჭირო დროს იპოვოს სამართალი, ჰქონდეს ინიციატივის გამოვლენის უფლება და საშუალება, გრძნობს, რომ დაცულია მისი უფლებები, თავად იწყებს სხვათა უფლებების გათვალისწინებასა და საზოგადოების ინტერსების დაცვას. გვექნება ოდესმე ასეთი სახელმწიფო? ის, რომ განსაცდელის ჟამს შეგვიძლია ძმობა, ერთმანეთის შველა და გატანა, არ არის საკმარისი. პირველ ხანებში კორონამ ისე მოგვაწესრიგა, გაგვაერთიანა ერი, ბერი და ხელისუფლება, რომ ჩვენ თვითონვე გვიკვირდა.

მაგრამ წინააღმდეგობათა დაძლევის შემდეგ, ჩვეულებისამებრ, ამ ყველაფერს, მგონი, ყავლი გასდის და ისევ სიზიფეს ლოდის თრევა მოგვიწევს… მთავრობა ვახსენეთ და როგორი უნდა იყოს ის? ისევ ილიას მოვუსმინოთ:

მთავრობას რით იცნობს ხალხი?”

“ღირსება და სიკეთე რომელიმე მთავრობისა, ხალხისაგან ცნობილი და აღიარებული, სთესავს ხალხში იმ სიყვარულის თესლს, რომელიც მეტად სანატრელი უნდა იყოს ცნობიერად მომართულ და მიმართულ სახელმწიფოსათვის; და მარტო ეს სიყვარულია სათავედ ყოველ იმისა, რაც კი შეადგენს სახელმწიფოს ძალასა და ღონეს, იმიტომ, რომ მარტო სიყვარულით აღფრთოვანებული ხალხია საიმედო ყოველს განსაცდელში, რაც-კი სახელმწიფოს ისტორიის გზაზედ შეემთხვევა ხოლმე, მარტო სიყვარულით გულგამთბარს ხალხს შეუძლიან სიცოცხლისა და ქონების გაწირვა სახელმწიფო კეთილდღეობისათვის, მარტო სიყვარულით გაძლიერებულის ხალხით შეიძლება იმისთანა სასწაულები მოახდინოს სახელმწიფომ, რომლის მაგალითები ბევრია ისტორიაში და რომელიც დღესაც გვიკვირს და გვაოცებს. საცა ეს სიყვარული არ არის, ის სახელმწიფო ფუღუროა, ფუყეა, ერთი ლაზათიანის ქარის შემობერვა და იმისი გადამსხვრევა ერთია… უმაღლესი სფერა მთავრობისა საზოგადოდ მეტად მიუწვდომელია ხალხის თვალისათვის. ისე შორსა სდგას იგი ხალხზედ, ისე იშვიათად დაენახვება ხოლმე ხალხის თვალს, რომ ძნელად თუ ხალხი მას პირისპირ გაიცნობს, და თუნდ ძალიან კარგიც იყოს, მისი სიკარგე, მინამ ხალხამდე ჩავა, მრავალ ხელში გაივლის ხოლმე და ამის გამო ვინ იცის, რა სახით ეჩვენება. თითონ ხალხიც საზოგადოდ, და დაბალი საკუთრივ, ისე მომწყვდეულია თავის ვიწრო ავკარგიანობაში, მისი ყოველდღიური საჭიროება ზედგამობმულია ისეთს წვრილმანს საგანზედ, რომ ძნელად თუ მიეცემა მიზეზი, პირისპირ შეხვდეს მთავრობას და მით იხელთოს შემთხვევა მისი ავკარგიანობა აუწყოს. ყველგან უმაღლეს მთავრობის და ხალხის შორის სდგას ხოლმე მთელი რაზმი მოხელეებისა, რომელნიც მახლობელნი გამომთქმელნი არიან უმაღლესის მთავრობის წადილისა, მიმართულებისა და ავკარგიანობისა, ხალხი თუ იცნობს მთავრობას, ამ მოხელეებით იცნობს, რადგანაც იგინი არიან მისდა მახლობლად, მათ უდგათ მის ცხოვრების დირეზედ ფეხი, იგინი განაგებენ ყოველდღეს მის ავსა და კარგსა და ყოველდღე თვალწინ ტრიალებენ. უმაღლესი მთავრობა თუნდ კარგიც იყოს, შესაძლოა მოხელეების წყალობით ხალხმა აითვალწუნოს იგი უმაღლესი მთავრობა და იმდენად დაფრთხეს, რომ მამა-პაპეული ბინაც მოიშალოს და ცხრა მთას იქით გადავარდეს, ოღონდ თავი ცოცხალი დააღწიოს. ამიტომაც კეთილად, გონიერად და ცნობიერად აგება ხალხის მახლობელ მმართველობისა, კაი კაცების შერჩევა, _ შეადგენს ერთს იმისთანა უპირველეს და აუცილებელს საჭიროებას, ურომლისოდაც მთავრობა მთავრობა კი არ არის, წეწვაგლეჯაა, ზედმისევაა, თავზარია ხალხისათვის. ამის შემდეგ ნუღარ ჰკვირობთ, რომ დღეს, მეცხრამეტე საუკუნეში, რამოდენიმე მაგალითი ვნახეთ ხალხის მამა-პაპეულ ბინიდამ აყრისა და გარდახვეწისა… დეე, ამაზედ ჩვენს შემდეგი ისტორიკოსი განცვიფრდეს, ჩვენ კი ეს გულის-ტკივილით შევნიშნოთ და შევიტანოთ ჩვენს მატიანეში… ზევითა ვსთქვით, რომ ხალხის მახლობელნი მოხელენი პირველსახენი არიან უმაღლესის მთავრობისა, იგინი არიან მაგ მთავრობის წადილისა და მიმართულების გამომთქმელნი. აქედამ ცხადია, რამოდენად გულით და ჭკუით განვითარებულნი უნდა იყვნენ ის მოხელენი, რომ მათაც, _ როგორც ერთგვარ ძალთა სახელმწიფო წყობისათა, _ გააგნებინონ ხალხს გზა საზოგადო ცხოვრებისა, თვალი აუხილონ იმ საგანზედ, რომელიც ყოველს წყობას ადამიანისას მისაღწევად დანიშნული უნდა ჰქონდეს საყოველთაო საკეთილოდ; მათ უნდა ამცნონ ის საყოველთაო საკეთილო საგანი, რომლისაკენაც უნდა მიიზიდებოდეს ყოვლის ძალითა და ღონით ყოველივე სახელმწიფო, თუ მართლა სახელმწიფოა საქმით და არა მარტო სახელითა. ამ მხრით, მოხელეობა მმართველობისა მარტო მშვიდობიანობის მცველი კი არ არის, მარტო დარაჯი კი არ არის, არამედ მწვრთნელიც უნდა იყოს ხალხისა, მასთან ერთად ჩაბმული და ერთად მოღვაწე. უნდა იყოსმეთქი, და არის თუ არა, _ ეგ ღმერთმა იცის”.

რას წარმოადგენს დღეს საქართველო მსოფლიოს თვალში?

“ხალხის მახლობლად მყოფი მთავრობითი ორღანო ორგვარია: პოლიცია და სამმართველო. ამათ უჭირავთ უპირატესი ადგილი ჩვენს ცხოვრებაში და ამაზეა დამოკიდებული ჩვენში ხალხის გულის მოგებაც, ხალხის გულის აყრაც და იმ დანიშნულების აღსრულებაც, რომელიც ზევით აღვნიშნეთ. ამიტომაც აშკარაა, რა არის საჭირო აქაურ მოხელეებისათვის გარდა საზოგადო თვისებისა, სახელდობრ, ჭკუისა და ზნეობის სიმაღლისა. საჭიროა, მოხელემ კარგად იცოდეს აქაურის ხალხის ვითარება, ჩვეულება, ტკივილი და სიხარული და ღონე ჰქონდეს, ხალხს უშუამავლოდ ელაპარაკოს. ჩვენდა სამწუხაროდ, ეს დავიწყებულია დღევანდლამდე ჩვენში და თითქმის უარყოფილიც. ხალხის სამართლის გამძღოლს, ხალხის სამართლის აღმადგენელს და დამდგენელს რომ კაცმა ენა მოსჭრას და ყური დაუხშოს, _ რაღას უნდა გამოელოდეთ მისგან კარგს და კეთილს, თუნდა სხვაში ყოველფერში ციდამ ჩამოსულიც იყოს. მოსამართლეს რომ თავის ყურით არ ესმოდეს მოჩივარის საჩივარი და გულისტკივილი, რა მოსამართლეა? მოსამართლემ რომ თავის ყურით არ მოისმინოს მოწმის ჩვენება, საცა ხშირად ერთი სიტყვა, ასე თუ ისე გამოთქმული, უფრო დიდის და ცხოველის ნათელით მოჰფენს ყოველს საქმის გარემოებას, ვიდრე მთელი ლაქლაქი უვიცისა და ბრიყვის მთარგმნელისა, _ ის რა მოსამართლეა? მოხელე, რომელსაც მე ჩემსას ვერ გავაგებინებ და ის თავისას, _ ის რა ჩემი მომვლელია? აქ მარტო სახეა და არა სული და ხორცი. ამ უენობას დაუმატეთ ისიც, რომ ხშირად სრულიად უცხო კაცია მოსამართლედ თუ მოხელედ, სრულიად უცნობი ჩვენის ჩვეულებისა, ჩვენის მიდრეკილებისა, ზნეობისა, ჭირისა თუ ლხინისა, და მაშინ ცხადი იქნება, რათ ძე მიაჩნია ხალხს ჭირად, როცა საქმე ან სამოხელოდ, ან სასამართლოდ გაუხდება ხოლმე. მაშინ ცხადი იქნება, რათ იმდურება ხალხი და რათ არის კანონზედ და მმართველობაზედაც გულდაწყვეტილი და გულაყრილი. შორს რათ მივალთ! აი, ცხენების ჩუქება ავიღოთ თუნდა მაგალითად. ჩუქება ხომ კეთილი საქმეა, მაგრამ აქაც კი ხალხი დაფრთხა, ნამეტნავად, საცა მაზრის უფროსად უენო კაცი იჯდა, დაფრთხა, არ მიეკარა ცხენებს, რადგან ეს მთავრობის წყალობა სულ სხვაფრად დაანახვეს ხალხსა, _ კაცი არ იყო. კაცი, რომ ხალხისათვის წყალობა წყალობად გამოესახა და პირდაპირ აეხსნა მთავრობის განზრახვა. რამდენი ბოროტმოქმედება მოჰყვა ამ განზრახვით კეთილს საქმეს, მკითხველმა ზოგი იცის ჩვენებურ გაზეთიდამ და ზოგი კი დავიწყებას მიეცა, როგორც სხვა რამ მრავალი. როცა მოხელეები იმ ჯურიდამ ამორჩეულნი არიან, რომელიც სრულიად უცნობია ხალხისა, მისის ცხოვრებისა, სრულიად უცოდინარი ენისა, _ ამას აუცილებლად ის მოსდევს, რომ მათ ხალხისა არა გაეგებათ რა და ხალხს კიდევ მათი. არიან ესე, ხშირად ერთი აღმა მიდის და მეორე დაღმა, უყურებენ ერთმანეთს და ჰკვირობენ, ან მე რად უნდივარ ამასაო, ან მე იგი რად მინდაო, ეს ჩემთვის მუნჯი და ყრუიაო, მე _ იმისათვისაო; და თუ მოხელე კაი კაცია, მარტო იმას ფიქრობს, რომ არა ვავნო რა ხალხსაო, და ხალხი კიდევ იმოდენად არის ხოლმე მადლობელი მოხელისა, რამოდენადაც იგი უფრო ნაკლებ მავნებელია. ამისთანა ყოფაში სხვა საწყაოთი მიდგომა შეუძლებელია: მმართველობას სიკეთის უპირატესი ღონე ჩამორთმეული აქვს, სახელდობრ ენა და ყური…

მრავალ-სახისა და მრავალ-გვარი საჭიროება ხალხისა, რაც მის ყოველდღიურ ცხოვრების დენაში აღმოჩნდება ხოლმე, და აქედამ წარმომდგარი ვითარება, რომელიც ზოგჯერ კანონმდებლობის ღვაწლსა თხოულობს და რომელიც ყოველთვის საჭიროებს ყურადღებით გასინჯვას და გულმტკივნეულს შეწყნარებას, _ რჩებიან არამც თუ უყურადღებოდ, არამედ იქავე სულსა ლევენ, საცა იბადებიან, რადგანაც მთავრობის აგენტი ყრუა და მუნჯი უენობის გამო. სულს ლევენმეთქი და ამით გულსა სწყვეტენ ხალხსაც, და თითონ მთავრობასაც ხელიდამ აცლიან იმ ძვირფასს მასალას, რომელზედაც დამყარებული უნდა იყოს ყოველივე მისი განკარგულება და კანონმდებლობა. ამიტომაც ჩვენში კანონი თუ იბადება, ოთხ კედელ შუა იბადება და ზოგჯერ ისე მოუხდება ხოლმე ჩვენს ცხოვრებას, როგორც კაცს სხვის ტანზედ შეკერილი ტანისამოსი. ეს არის, ჩვენის ფიქრით, იმ ყოფის მიზეზი, რომ ჩვენი ცხოვრება ძირს მიდის თავისთვის, ზემოდამ დაჰფარფარებს აჭრელებული ქაღალდი, საცა სუფევს კანონი, და შუაში კი ცარიელია. ამ ცარიელში დახტიან, ცხოვრების ზემოთ და კანონქვეშ, ჩვენი მოხელეები. ხალხი მათ ერიდება და ხალხს ისინი ერიდებიან”.

რუბრიკას უძღვება დარეჯან ანდრიაძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here