მთავარი პოლიტიკა რას შეცვლის შესაკრებთა გადანაცვლება?

რას შეცვლის შესაკრებთა გადანაცვლება?

1228
გააზიარეთ
მამუკა ბახტაძე, გიორგი გახარია

მინისტრთა კაბინეტის სტრუქტურასა და პერსონალურ შემადგენლობაში მნიშვნელოვანი ცვლილებები მოხდა. კარგია მომხდარი, ცუდი თუ არაფრისმომცემი, ამაზე საზოგადოებაში აზრთა სხვაობაა.

ერთი შეხედვით, ოპტიმიზაცია დადებითი მოვლენაა, რადგან, თეორიულად მაინც, ხარჯებისა და გაბერილი შტატების შემცირების შესაძლებლობას იძლევა, მაგრამ გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს დაშლამ სერიოზული კრიტიკა გამოიწვია. მიუხედავად იმისა, რომ მთლიანობაში სამინისტრო თავის ფუნქციებს ჯეროვნად ვერ ასრულებდა, ის მაინც რჩებოდა მნიშვნელოვან ინსტრუმენტად ქვეყანაში, რომლის ეკოლოგიური პრობლემები წლიდან წლამდე მძიმდება. ის, რომ ბუნებრივი რესურსების კომპონენტი ეკონომიკის სამინისტროს შეუერთდა, რეალურად შეიძლება ნიშნავდეს იმას, რომ ამიერიდან მსხვილ ბიზნესს ეკოლოგიური ნორმების დარღვევისთვის პრობლემები აღარ შეექმნება (პრინციპში, საგრძნობ დისკომფორტს არც ადრე განიცდიდა).

საგარეო დაზვერვის შერწყმა უსაფრთხოების სამსახურთან პატარა და ღარიბი ქვეყნისთვის თითქოს ლოგიკურია, მაგრამ ამ შემთხვევაში კონტექსტი უნდა გავითვალისწინოთ. უსაფრთხოების სამსახური დღეს რეჟიმის სტაბილურობის შენარჩუნებაზე მუშაობს. შესაბამისად, გამორიცხული არაა, რომ სუს-ი გამოიყენებს საგარეო დაზვერვის რესურსებს, უპირველესად კი _ კადრებს, რათა პოლიტიკური პოლიცია გააძლიეროს, რომელიც ფორმალურად არ არსებობს, თუმცა სავსებით რეალურია. არადა, ჯერ კიდევ ათწლეულების წინათ გაირკვა, რომ მზვერავის დასაქმება ოხრანკასა თუ გესტაპოში დაახლოებით იგივეა, რაც მიკროსკოპით ლურსმნის დაჭედება.

საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს გამოყოფა შინაგან საქმეთა სამინისტროსგან ადრეც განიხილებოდა და ამ იდეას საკმაოდ დამაჯერებელი არგუმენტები ამყარებს, მაგრამ მისი შეერთება კრიზისის მართვის საბჭოსთან, უშიშროების საბჭოს გაუქმების ფონზე, ნიშნავს იმას, რომ ქვეყანა რჩება ორგანოს გარეშე, რომელიც უსაფრთხოების მიმართ სტრატეგიულ საკითხებზე იმუშავებს. ეს შეიძლება გააკეთოს ან დივერსანტმა, ან დილეტანტმა, რომელსაც, უბრალოდ, არ ესმის, როგორ ფუნქციონირებს სახელმწიფო, თუნდაც ისეთი არასრულყოფილი, როგორიცაა თანამედროვე საქართველო. დაგეგმილი ცვლილებები შეიძლება იქცეს ყველაზე სერიოზული დარტყმად ქვეყნის უსაფრთხოებისთვის 2008 წლის შემდეგ.

ეკონომიკის სუპერსამინისტროს შექმნა, რომელმაც ამიერიდან ენერგეტიკასა და ბუნებრივ რესურსებსაც უნდა უპატრონოს, პერსონალური საკითხის მიმართ უნდა განვიხილოთ. ამ ცვლილებების შემდეგ პირველი ვიცეპრემიერი დიმიტრი ქუმსიშვილი თითქმის “ჩრდილოვანი პრემიერმინისტრი” გახდება, ყოველ შემთხვევაში გააკონტროლებს ყველაფერს, რაც საქართველოში რამდენადმე მსხვილი ბიზნესის წარმოებას ეხება. მისი ფარული დაპირისპირება კვირიკაშვილთან, რომელზეც ძალიან ცოტას საუბრობენ, და ინტრიგები ივანიშვილის კარზე ამ ეტაპზე, როგორც ჩანს, ქუმსიშვილის გამარჯვებით დასრულდა. ამასთანავე, გაჩნდა საფუძველი, რომ კვირიკაშვილის დაღმასვლის დაწყებაზე ვისაუბროთ. მართალია, ახლო მომავალში ის კვლავინდებურად უხელმძღვანელებს მთავრობას, შემდგომ კი შეიძლება მეტად საპატიო პოსტი დაიკავოს, მაგრამ სულ უფრო მეტი ფაქტი მიუთითებს იმაზე, რომ ის ვერ ჩამოყალიბდა ძლიერ მოთამაშედ, რომელსაც ერთგული გუნდის შექმნა და პოზიციების მუდმივი გაძლიერება ძალუძს. ის რჩება გავლენიან ფიგურად, რომელსაც შეუძლია ძველი მეგობრები დააწინაუროს და გარკვეულ საკითხებში თავისი გაიტანოს, თუმცა მისი გავლენის სფერო ახლო მომავალში, სავარაუდოდ, შაგრენის ტყავივით სულ უფრო ვიწრო გახდება. არაერთმა კომენტატრომა აღნიშნა, რომ ბოლო ცვლილებები კარგია ივანიშვილისთვის, ქუმსიშვილისთვის, რაღაც გაგებით, გახარიასთვის და მღებრიშვილისთვისაც კი (ყველა ელოდა, რომ დაშვებული შეცდომებიდან გამომდინარე, მას, უბრალოდ, გააგდებდნენ, მას კი ახალი სტრუქტურა ჩააბარეს), მაგრამ არავის უთქვამს, რომ ის კარგი იყო კვირიკაშვილისთვის.

კახი კალაძის გავლენა მთავრობაში, ერთი შეხედვით, შემცირდა, მას შემდეგ, რაც გაუქმდა ენერგეტიკის, აგრეთვე, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო და დაიწყო მასზე დამოკიდებული კადრების გადასვლა თბილისის მერიაში, თუმცა კალაძის გუნდის ნაწილი სამინისტროებში დარჩება, ისევე, როგორც მისი ფრაქცია პარლამენტსა და მმართველ პარტიაში (მერე რა, რომ ოფიციალურად გაფორმებული არაა). კალაძეს აღარ ეკისრება პასუხისმგებლობა აღმასრულებელი ხელისუფლების მოქმედებაზე, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მასზე არანაირი გავლენა არ ექნება. საერთოდ, ქალაქისა და ქვეყნის აღმასრულებელი ხელისუფლება ერთმანეთისგან იზოლირებული არააპოლიტიკური თუ ბიზნესინეტერესებისსაცეცებიერთიდან მეორეში თავისუფლად გადადის და ერთმანეთს ერწყმის. მარტივად რომ ვთქვათ, კალაძე და მისი გარემოცვა მერიაში არ ჩაიკეტება. ვინაიდან თბილისის მერად არჩევის შემდეგ მისი გავლენა, სავარაუდოდ, იმდენად გაიზრდება, რომ შეიძლება მთელი სისტემის დისბალანსი გამოიწვიოს, განსაკუთრებული მნიშვნელობა მიენიჭება იმ უწყებებს, რომელთაც შეეძლებათ, საჭიროების შემთხვევაში, შეზღუდონ კალაძის, ქუმსიშვილისა თუ ნებისმიერი სხვა გავლენიანიმეოცნებისამბიციები.

ამ კონტექსტში მნიშვნელოვანია ორი ფიგურა: გიორგი გახარია და მამუკა ბახტაძე, რომლებიც შინაგან საქმეთა მინისტრად და ფინანსთა მინისტრად წარადგინეს. გახარია ბიძინა ივანიშვილთან დაახლოებულ პირად მოიაზრება. ბახტაძე კი პირველი პირისგან შედარებით შორს დგას, თუმცა, დიდი ალბათობით, მხოლოდ მისი დირექტივებით იხელმძღვანელებს. ორივე გადაწყვეტილებაქართული ოცნებისამბიციურ ლიდერებზე ივანიშვილის კონტროლის გაძლიერებას და, შესაძლოა, გამკაცრებასაც მოასწავებდეს.

მამუკა ბახტაძემ რკინიგზის ხელმძღვანელის პოსტზე, რბილად რომ ვთქვათ, ვერ გაიბრწყინა, თუმცა საზოგადოების უდიდესი ნაწილი ამით არ დაინტერესებულა, რადგან ტრადიციულად მოსაწყენად მიიჩნევს მაჩვენებლების შედარებას და ციფრების გადამოწმებას. ამასთანავე, რკინიგზის მუშაობას ხშირად ნაციონალები აკრიტიკებდნენ, ხოლო მათ, საკუთარი ამომრჩევლის გარდა, დანაშაულებრივი წარსულის გამო, პრაქტიკულად არავინ უსმენს.

საინტერესოა, რომ ბახტაძე გახდება მეორე მინისტრი, რომელმაც თავის დროზე “ნაციონალურ მოძრაობას” ფული შესწირა _ 20 ათასი ლარი 2012 წლის 2 აგვისტოს (ზურაბ ალავიძემ კი _ 35 ათასი ლარი იმავე წლის 30 ივლისს). ცხადია, არსებობს უამრავი არგუმენტი: “დრო იყო ასეთი”, “აბა, რა უნდა ექნა”, “აიძულესდა .., რომლებიც მსგავსი ნაბიჯების გამართლებას ემსახურება, თუმცა, ალბათ, აშკარაა, რომ პრინციპული ადამიანი დანაშაულებრივ რეჟიმს ფულს არ ჩაურიცხავს, ეს შეიძლება მხოლოდ მისმა მხარდამჭერმა ან უნებისყოფო კონფორმისტმა გააკეთოს. ბიძინა ივანიშვილი, როგორც ჩანს, სწორედ მათ აწინაურებს, რადგან მათი მართვა გაცილებით იოლია.

გახარიას შემთხვევაში სახეზეა გარკვეული ინტრიგა: შეძლებს თუ არა ის, დაიმორჩილოს სისტემა ისე, რომ მონსტრად არ იქცეს და, ამავე დროს, მართვის სადავეები ხელიდან არ გაუშვას, როგორც ეს არაერთ მის წინამორბედს მოუვიდა. მას სისტემაში მუშაობის გამოცდილება არ აქვს, შესაბამისად, მის სპეციფიკაზე შეიძლება მხოლოდ ზოგადი წარმოდგენა ჰქონდეს, თუმცა მისმა წინამორბედებმა, ავად თუ კარგად, დაუქვემდებარეს შსს ახალი ხელისუფლების კონტროლს და სხვადასხვა გავლენიანი ჯგუფის ინტერესები მეტ-ნაკლებად დააბალანსეს. ასე რომ, ამ ეტაპზე მოულოდნელი რყევების ალბათობა მინიმალურია, მითუმეტეს, თუ გახარია მკვეთრ ნაბიჯებს არ გადადგამს.

განათლების ახალ მინისტრზე ძალიან ცოტაა ცნობილი, თუმცა მას ნებისმიერ შემთხვევაში განიხილავენ უკეთეს ვარიანტად, ვიდრე იმ თვითმავალ გაუგებრობას, რომელიც კვირიკაშვილმა გასული წლის ივნისში დააწინაურა. შესაძლოა, ამ გარემოების, აგრეთვე, კოლეგებისა და სტუდენტების დადებითი გამოხმაურების გამო, საზოგადოების უმრავლესობა მიხეილ ჩხენკელს პოზიტიურ მოლოდინებს უკავშირებს. თუმცა საქართველოს უახლესმა ისტორიამ არაერთგზის დაადასტურა, რომ კარგი ლექტორი ან სპეციალისტი ყოველთვის როდი ახერხებს, კარგი მინისტრი გახდეს. ასე რომ, ალბათ, უმჯობესი იქნება, ჩხენკელს დაახლოებით ასი დღის შემდეგ დავუბრუნდეთ. გარკვეული დრო დასჭირდება იმ ცვლილებების გაანალიზებასაც, რომლებიც სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და გარემოს დაცვის სამინისტროს ნაწილის შერწყმის შედეგად, აგრეთვე, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს “სპორტული კომპონენტის” კულტურის სამინისტროში ინტეგრაციის შედეგად მოხდება. ჯერჯერობით გასაგები მხოლოდ ისაა, რომ (როგორც სოციალურ ქსელებში ხუმრობენ) კულტურის მინისტრი ფიზკულტურის მინისტრიც გახდება.

მთლიანობაში, ოპტიმიზაცია დადებითი მოვლენაა, მაგრამ ზოგიერთმა გადაწყვეტილებამ, განსაკუთრებით უსაფრთხოებისა და ეკოლოგიის სფეროში, მომავალში შეიძლება სტრატეგიული ხასიათის პრობლემები შექმნას. ამასთანავე, კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ბიძინა ივანიშვილის მიერ გატარებული პოლიტიკა (მათ შორის, საკადრო) საზოგადოებისთვის სულ უფრო გაუმჭვირვალი ხდება. მის უდიდეს ნაწილს არ ესმის, რატომ, რა კრიტერიუმებზე დაყრდნობით აწინაურებენ ან ხსნიან ამა თუ იმ პერსონას, არაფერი იცის ლობისტურ თუ ნათესაურ ინტრიგებზე “შუშის სასახლეში”, ვერ გაუგია, რა წესებით მიდის თამაში და როგორ მუშაობს სოციალური ლიფტი ზედა სართულებზე. ეს ბუნებრივად ზრდის გაღიზიანებას და ხელისუფლების შეცვლის სურვილს, მითუმეტეს, რომ მისთვის დამახასიათებელი ნეპოტიზმი და კლანურობა XXI საუკუნეში ფრიად უადგილოდ გამოიყურება.

დიმიტრი მონიავა

1 COMMENT

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here