Home რუბრიკები საზოგადოება რას უსურვებთ საქართველოს 2022 წელს

რას უსურვებთ საქართველოს 2022 წელს

290

საქართველო და მსოფლიოსწინასაახალწლო ნომერში მიზანშეწონილად ჩავთვალეთ, ჩვენი ხშირი სტუმრებისგან მოგვესმინა ის სურვილები, რომლებიც სწრაფადაა შესასრულებელი, რათა საქართველომ, როგორც უძველესმა ქვეყანამ, თავისი სახე დაიბრუნოს. 2022 წელს გვილოცავენ პოლიტოლოგი რევაზ კილასონია და სოციალურ მეცნიერებათა დოქტორი ხათუნა საგინაშვილი.

მინდა, დამოუკიდებელი, სუვერენული და დინამიური იყვნენ მთავრობის წევრები თავიანთ გადაწყვეტილებებში, ქმედებებში

რევაზ კილასონია, პოლიტოლოგი:

_ ვისურვებ, რომ ამ ქვეყნის ხელისუფლებისათვის 2022 ყოფილიყოს დამოუკიდებლობის წელიწადი. მინდა, დამოუკიდებელი, სუვერენული და დინამიურნი იყვნენ მთავრობის წევრები თავიანთ გადაწყვეტილებებში, ქმედებებში. ძალიან გულით მინდა, ის მოლოდინები, რომლებიც საქართველოს მოსახლეობას, უკვე 30 წელიწადია, აქვს, 2022-ში გამართლებოდეთ.

მოლოდინები ნამდვილად დიდია და მნიშვნელოვანი, პრობლემები კი _ ულევი. გამოსასწორებელია ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობა, უფრო ზუსტად, ჯერ არარსებული ეკონომიკის საფუძვლის ჩაყრა. იმპორტექსპორტის პრობლემის მოგვარება, სოფლის მეურნეობის დარგის გაცოცხლება და განვითარება.

ვუსურვებ ჩვენს ქვეყანას, მომავალ წელს ჰქონოდეს გრძელვადიანი პოლიტიკური სტაბილურობა, გეოსტრაგეტიული მშვიდობა რეგიონში, ისეთი, რომ მუდმივად ომის საფრთხე არ გვემუქრებოდეს. ვისურვებდი, რეგიონშიც და ჩვენს ქვეყანაშიც არსებული დაძაბულობის კერები აღმოიფხვრას იმ ქვეყნების დახმარებით, რომელთაც ამის ძალა შესწევთ. მინდა, გაფორმდეს საქართველოსთვის საკეთილდღეო რაც შეიძლება ბევრი შეთანხმება, მოსახლეობა არ იყოს მერყევ გარემოში, რადგან არასტაბილურობა ქვეყანას განვითარების საშუალებას არ აძლევს.

30 წელიწადია, არ გვაქვს სიმშვიდე არც პოლიტიკაში, არც ეკონომიკაში, ამიტომ ვისურვებ 2022 წელს გრძელვადიან სტაბილურ გარემოს, ისეთს არა, 4-5 წელიწადის გადაგორებაზე გათვლილ-დაგეგმილს, როგორც ამას დღემდე აკეთებენ, არამედ მრავაწლიან, გარანტირებულ სტაბილურობას. არ მინდა 2022 წელსაც იყოს ფარისევლურ აზრთა ფრიალი, ყოველთვიურად სხვადასხვა ვერსიის შემოთავაზება, წინ ვერ წავალთ ასეთი აპათიური მდგომარეობით.

2022 წელს მინდა მქონდეს იმედი იმისა, რომ საქართველოში ახალი პოლიტიკური ძალები გაჩნდებიან, ეს თითქოს დაიწყო კიდეც… მომწონს და მინდა, მომავალ წელსაც გაგრძელდეს აზარტული თამაშების წინააღმდეგ დაწყებული ცვლილებები, რადგან ეს აზარტი ღუპავს ჩვენი ქვეყნის მომავალ თაობებს. აღარ მინდა სასოწარკვეთილი ჩვენი მოქალაქე ნაადრევად ტოვებდეს ამ ქვეყანას; მინდა, საქართველოდან წასული ემიგრანტები დაუბრუნდნენ სამშობლოს. ყველა სიკეთე მემეტება ჩვენი ქვეყნისთვის _ იმედი არ დავკარგოთ, ბრძოლის ჟინი გვქონდეს და ხელისუფლება იყოს დამოუკიდებელი თავის გადაწყვეტილებებში, გადაწყვეტილებებში, რომლებიც ქართველი ხალხის სასიკეთოდ იქნება მიმართული. საქართველო იურიდიულად სუვერენული ქვეყანაა, საუკუნეობრივი სახელმწიფოებრიობის ქვეყანაა და მთავრობამ ეს უნდა გაიგოს. საქართველო ყველა იმ ქვეყანაზე ხნიერია, რომლებიც დირექტივებს გვაძლევენ და სწორედ ეს მინდა, რომ მსოფლიომ დაინახოს; მინდა ისეთი ქვეყანა გავხდეთ, პატივს გვცემდეს დიდი და პატარა.

მინდა, მალე დაუდგეს ჩვენს ერს ისეთი ცხოვრება, როგორიც თვითკმარ ქვეყნებს აქვთ, ისეთი, რომ ხალხს არ აინტერესებდეს პოლიტიკა

ხათუნა საგინაშვილი, სოციალურ მეცნიერებათა დოქტორი:

_ მალე ახალი წელი დადგება. ამ საგიჟეთიდან გამომდინარე, რომელშიც გვაცხოვრეს 2021 წლის განმავლობაში, ჩემს ხალხს სიმშვიდეს ვუსურვებ. როგორც მორწმუნე ადამიანი, სულისა და ხორცის სიმრთელე მინდა ჰქონდეს ყველა ქართველს. სულიერი ავადობა მატერიალურში გადაიზრდება ხოლმე და ეს ჩანს კიდეც. როცა ადამიანი უფალს დაშორებულია, მოვლენების ადეკვატური აღქმა არ აქვს, შავი და თეთრი ერევა ერთმანეთში.

ჩვენი საუბარი მაინც პოლიტიკისკენ მიდის და ამიტომ “ნაციონალური მოძრაობის” წევრების ქმედებებს მოვიხმობ, როდესაც უფლისგან შორს მყოფ ადამიანებზე ვსაუბრობ. როგორც სექტანტებს ვერ გააგებინებ ვერაფერს და აღრეული აქვთ ყველაფერი, ისე არიან ნაცებიც. მათ უჭირთ იმის დაჯერება, რომ მიშა აღმაშენებელი კი არა, დამანგრეველდამღუპველია. ქრისტეს დაშორებული ადამიანი ვერ ხვდება, რომ უფალი არის ნათელი ამა სოფლისა. ის მადლს მოკლებულია, ამიტომ უჭირს ამა თუ იმ მოვლენის სწორი შეფასება. ჩემს ერს სულის სიმრთელეს ვუსურვებ, რომელიც ღმერთთან ახლოს ყოფნით არის შესაძლებელი.

რაც შეეხება საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებას, როგორც ამ ქვეყნის გულშემატკივარი, ვისურვებ, მალე დაუდგეს ჩვენს ერს ისეთი ყოფა, როგორიც თვითკმარ ქვეყნებს აქვთ, ისეთი, რომ ხალხს არ აინტერესებდეს პოლიტიკა. მინდა, ჩვენს ხელისუფლებას მხოლოდ არჩვენებიდან არჩევნებამდე ახსენდებოდეს კი არა, არჩევნებიდან არჩევნებამდე სულ ახსოვდეს ხალხი. მინდა, ჩვენს ხალხს თავისი საქმე ჰქონდეს, მაგრამ, რადგანაც ასეთი ფუფუნებისგან შორსა ვართ და პოლიტიკური ციებ-ცხელება ყოველდღიური ყოფაა, ვისურვებ პოლიტიკური ცირკის დასრულებას. ცირკი კი არა, ზოოპარკი გვაქვს, რომელიც, 30 წელიწადია, არ მთავრდება.

აღარ მინდა ქართულ პოლიტიკაში ერთი და იმავე სახეების დანახვა, რომლებიც პარტიიდან პარტიაში დარბიან და ახალს ვერაფერს სთავაზობენ ხალხს, მხოლოდ შოუებს დგამენ. მინდა ვიხილო პროგრამა, როგორ დაიძლიოს ეკონომიკური სიდუხჭირე, როგორ გამოვიდეს ჩვენი ქვეყანა ვასალის მდგომარეობიდან. აღარ მინდა მომავალ წელსაც ვიხილო პოლიტიკოსები, რომლებიც ჭაობში ტივტივს ცდილობენ.

საქართველო არ არის განვითარების გზაზე მდგარი ქვეყანა. ამაში დიდი წვლილი მიუძღვით ტელევიზიებს და შემდეგ უკვე დაპირისპირებულ ძალებს. ამის ხილვაც აღარ მინდა მომავალ წელს. მინდა, რეალობაში ვიცხოვროთ.

არ მინდა საგარეო ვალი იზრდებოდეს, მინდა ქვეყნის ეკონომიკა ფახზე დადგეს, განვითარდეს ისეთი დარგები, რომლებიც დოვლათს შექმნის. მინდა, დასაქმებული იყოს ნიჭიერი ადამიანი ისე, რომ ნათესავის დახმარება არ დასჭირდეს. უიმედობა აღარ მინდა, აღარ მინდა ნიჰილიზმი, აღარ მინდა ვუყურო ქართველს, რომელიც თვითგადარჩენაზე ზრუნავს. მინდა, იმედი გაჩნდეს და ხვალინდელ დღეზე სიხარულით ფიქრობდეს ქართველი. კიდევ ერთხელ ვიტყვი, სულის სიმრთელე გვქონდეს, განვასხვავოთ ცუდი და კარგი ერთმანეთისგან და ქამელეონივით კანგამოცვლილი პოლიტიკოსების უარყოფა შევძლოთ.

მინდა, პოლიტიკურ ასპარეზზე მოხდეს დიდი გარდატეხა, გამოჩნდნენ ისეთი პატრიოტული, ეროვნული ძალები, რომლებიც საქართველოზე და ხალხზე იფიქრებენ. ვისურვებდი პოლიტიკაში მოვიდნენ დამოუკიდებელი სულის მქონე ადამიანები, რომელთაც ერთდერთ საზრუნავად სამშობლო ექნებათ. მინდა, პოლიტიკაში იმათი დარი ხალხი ვიხილო, რომელთა თავდადებამაც სამშობლო, რწმენა და ეროვნება შეგვინარჩუნა.

ისეთი საქართველო მინდა ვიხილო მომავალ წელს, სკოლაში რომ უწინ გვასწავლიდნენ; ხევისბერი გოჩები მინდა და არა ისენი, ღალატი რომ პროფესიად აქვთ გახდილი. უვერცხლო მთავრობას ვუსურვებ საქართველოს და არა იმათ, ფეშენებელური სახლების მშენებლობა რომ აქვთ პრიორიტეტად, ერთ წელიწადში აგარაკებისა და ბინების შესაძენი ფულის შოვნა რომაა მათი მთავარი მიზანი…

გამჭრიახ და შორმხედველ პატრიოტებს გისურვებთ, ღვთის მოშიშ წინამძღოლებს და არა სულმოკლე ხელმოცარულებს. არჩევანის საშუალება როცა გვეძლევა, ხშირად ბარაბას გზას ვირჩევთ, ნაცვლად იმისა, რომ უფლის გზა ავირჩიოთ და ეს ბევრჯერ ვიხილეთ, სამწუხაროდ.

მინდა, კონსერვატიული მრწამსის, თავმოყვარე ადამიანების სერიოზული ძალა ჩამოყალიბდეს მომავალ წელს, ისეთის, რომელიც სერიოზულ განაცხადს გააკეთებს პოლიტიკაში და ამ ორპოლუსიან საგიჟეთს დაასრულებს _ მინდა, სინათლე ვიხილო გვირაბის ბოლოს. სურვილი მაქვს, შეიქმნას თავდადებული ადამიანებისგან შემდგარი ერთიანი კონსერვატიული ფრონტი, რომლებიც არც ერთი გარეშე ძალას არ მოუხრის ქედს.

იქმნება ძალები, მაგრამ ისეთი დიდი ამბიციები უჩნდებათ, რომ მათ მიერ გაცხადებული, დეკლარირებული კონსერვატიზმი სამყაროსთან დისონანსშია. ძალიან ბევრი მათგანი ამპარტავანია, სამყაროს ჭიპად წარმოუდგენია თავი და სურს, მის გარშემო იტრიალოს ქვეყანამ. ისინი ვერ ახერხებენ ერთმანეთთან შეთანხმებას, გაერთიანებას. საქართველოს ვუსურვებ კონსერვატიული სულისკვეთების ადამიანების შინაგან თავმდაბლობაზე დაფუძნებულ ერთობას.

მსოფლიოს პოლიტიკურ ისტებლიშმენტს არ სჭირდება დამოუკიდებელი ადამიანი, მათ სურთ დამოკიდებულები, აქეზებენ დისკრედიტებულებს… მართული ადამიანები სჭირდებათ, რათა ადვილად წაიყვანონ იქით, საითაც თავად ჩათვლიან საჭიროდ. ჩვენ, კონსერვატორებს, არ გვაქვს საჯარო სივრცეები ჩვენი აზრების გასავრცელებლად, ამიტომ ვისურვებ მომავალ, 2022 წელს კონსერვატორებს მოეპოვებინოთ ფართო გასაქანი მედიასივრცეში.მინდა, ნამდვილი, მორწმუნე, თავმდაბალი ადამიანების წელიწადი დადგეს; მინდა, ყველამ საკუთარი თვალიდან დირე ამოიღოს, ამბიციები დათმოს, საზოგადეობის დაკვეთას უსმინოს და მერე ყველაფერი კარგად იქნება. მსურს, ახალი, საღად მოაზროვნე ძალა გამოჩნდეს, გარეშე ძალები რომ ვერაფერს დააკლებენ, ისეთი

მოამზადა

ეკა ნასყიდაშვილმა

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here