Home რუბრიკები პოლიტიკა რას უნდა ელოდოს საქართველო ნატოს სამიტისა და ტრამპი-პუტინის შეხვედრისგან

რას უნდა ელოდოს საქართველო ნატოს სამიტისა და ტრამპი-პუტინის შეხვედრისგან

3621
პუტინი ტრამპი

2018 წლის 8 თებერვალს თბილისში, სასტუმრორუმსში”, გაიმართა შეხვედრა, რომელზეც ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსა და კვლევითი ორგანიზაცია Heritage Fundation-ის წარმომადგენლებმა საქართველოს ხელისუფლებას ნატოში შესვლა აფხაზეთისა და სამაჩაბლოს გარეშე შესთავაზეს. ეს ის Heritage Fundation-ია, რომლის ხელმძღვანელი უილიამ ბრაუდერი რუსეთში დაპატიმრებას ძლივს გადაურჩა ქვეყნის წინააღმდეგ ძირგამომთხრელი საქმიანობისთვის და მასზე ინტერპოლით საერთაშორისო ძებნაა გამოცხადებული. შეხვედრას ესწრებოდნენ აშშის ყოფილი ელჩი იან კელი, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე, “ქართული ოცნების”, “ნაციონალური მოძრაობისადაევროპული საქართველოსლიდერები.

შეხვედრამდე ორგანიზაცია Heritage Fundation-მა გამოაქვეყნა ანგარიში, რომლის ავტორი ლუკ კოფი ამბობს, რომ საქართველოს ნატოში შესვლა შეერთებული შტატების ინტერესებშია. ავტორი გამოვიდა იდეით, რომ საქართველო უნდა გახდეს ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრი და განიხილა პირობა, რომლის მიხედვით კოლექტიური თავდაცვის შესახებ ნატოს მეხუთე მუხლი არ გავრცელდებოდა ოკუპირებულ ტერიტორიებზე, სანამ ეს კონფლიქტები მშვიდობიანად არ მოგვარდება. კოფიმ ასევე თქვა: საქართველოს ოფიციალური პირები პირად საუბრებში აცხადებენ, რომ მოხარული იქნებიან, დათანხმდნენ ნატოს წევრობას კომპრომისის საფუძველზე”. ლუკ კოფი მანამდე წერდა, რომ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები კულუარებში სიხარულით აცხადებენ თანხმობას დაკარგული ტერიტორიების გარეშე საქართველოს ნატოში შესვლაზეო, რაც მოგვიანებით დადასტურდა კიდეც. ამერიკაში ვიზიტის დასრულების შემდეგ საქართველოს უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს სპიკერმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა: მზად ვართ, განვიხილოთ ნებისმიერი ინიციატივა, რომელიც დააჩქარებს ჩვენს შესვლას ნატოში”.

მას შემდეგ საქართველოს ხელისუფლება სულმოუთქმელად ელოდება ნატოს სამიტს და ეს დღეც მოახლოვდა _ ამა წლის 11-12 ივლისს ბრიუსელში ნატოს სამიტი გაიმართება. თუმცა, როგორც გაირკვა, სამიტზე საუბარი არ იქნება ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გაფართოებაზე. ნატოს სამიტის მთავარი თემა კოლექტიური თავდაცვა და იმ საფრთხეების მოგერიებაა, რომელიც უკვე გაუჩნდა ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს.

ნატოს სამიტის დღის წესრიგი ცნობილია, იქ ხაზგასმული არ არის საქართველოსთვის მაპ-ის მინიჭების საკითხი, მაგრამ ჩვენი ქვეყნის პირველ პირებს მაინც დიდი მოლოდინი აქვთ.

“ჩვენთვის მნიშვნელოვანია საქართველოს მხარდამჭერი გზავნილების მიღება. ნატოს სამიტზე ჩვენი მოლოდინი არის ოპტიმისტური. ჩვენ აქტიურად ვართ ჩართული ნატოსთან თანამშრომლობის პროცესში, არაერთი ინიციატივა ხორციელდება ნატოსთან თანამშრომლობით, რაც, ბუნებრივია, აძლიერებს ჩვენს შესაძლებლობებს და ჩვენ მოთმინებით დაველოდებით თითოეულ იმ ნაბიჯს, რომელიც არის დაკავშირებული ნატოში საქართველოს სრულფასოვან ინტეგრაციასთან. ამ კუთხით ჩვენი პოლიტიკა იქნება თანმიმდევრული და მიზანმიმართული”, _ განაცხადა ირაკლი კობახიძემ. მას ამის თქმის საშუალებას ნატოს გენერალური მდივნის _ იენს სტოლტენბერგის განცხადება აძლევს. “საქართველოსა და უკრაინის ქვეყნების წევრობის საკითხს ნატო-ს 29 წევრი ქვეყანა გადაწყვეტს. არავის საქმე არ არის, შეეცადოს ჩაერიოს ამ პროცესში ან რამენაირად ვეტო დაადოს. მიუღებელია, რომ რუსეთი თავისი გავლენის სფეროებს აყალიბებდეს და წყვეტდეს, თუ რა უნდა მოიმოქმედონ მისმა მეზობლებმა. ნატომ ადაპტირება უნდა მოახდინოს განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, როდესაც რუსეთი უზარმაზარ ინვესტიციებს დებს თანამედროვე აღჭურვილობაში და სამხედრო ძალის გამოყენება სურს თავისი მეზობლების წინააღმდეგ. ჩვენ ეს საქართველოში ვიხილეთ, ჩვენ დღეს ამას უკრაინაში ვხედავთ”, _ განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.

ჩვენ მხარს გიჭერთ. საქართველოს შემთხვევაში იყო პარტიული ხელმძღვანელობის ცვლილებები, სამთავრობო ცვლილებები, მაგრამ, რაც არ იცვლება, ეს არის საქართველოს ურყევი სურვილი _ გახდეს ევროპის ნაწილი და, რა თქმა უნდა, ჩვენ გვსურს, ეს ამბიცია იყოს რეალიზებული”, _ ეს კი კონგრესმენ დევიდ ფრაისის განცხადებაა.

აღსანიშნავია, რომ ნატოს სამიტიდან რამდენიმე დღეში, 16 ივლისს, აშშ-ისა და რუსეთის ლიდერები _ დონალდ ტრამპი და ვლადიმერ პუტინი შეხვდებიან ერთმანეთს.

თუ რას უნდა ელოდოს ჩვენი ქვეყანა ნატოს სამიტისა და ტრამპიპუტინის შეხვედრიდან, “საქართველო და მსოფლიოსთავიანთ თვალსაზრისს ქართველი პოლიტოლოგები უზიარებენ.

სოსო ცინცაძე
სოსო ცინცაძე

ყველაფერი დარჩება მითადნატოს სამიტზე საუბრის თემა საქართველო არ იქნება

სოსო ცინცაძე, პოლიტოლოგი:

_ სამიტზე არავითარი გარღვევა არ არის მოსალოდნელი, შესაძლოა, განწყობები შეიცვალოს. ევროპელი ლიდერები შიშობენ, რომ ამიერიკის პრეზიდენტის მოთხოვნები გაიზრდება, განმტკიცდება, მაგალითად, ისეთი, როგორიც არის ქვეყნების მთლიანი შიგა პროდუქტიდან ნატოს ბიუჯეტში გადასახადის გადახდის მოთხოვნა. მიუხედავად იმისა, რომ ნატოს სამიტი ვლადიმერ პუტინისა და დონალდ ტრამპის შეხვედრის წინ გაიმართება, მაინც არ მგონია, რომ ნატოს გაფართოებაზე იყოს საუბარი და საქართველო ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში შეიყვანონ. რუსეთისა და ამერიკის პრეზიდენტები კი ამ თემაზე ნამდვილად არ ისაუბრებენ. მეტიც, შესაძლოა, ვლადიმერ პუტინმა დონალდ ტრამპს პირობაც კი ჩამოართვას, რომ აღმოსავლეთით არ გაფართოვდეს… ნატოს სამიტზე საუბრის თემა საქართველო არ იქნება.

ჩვენს ხელისუფლებას იმედი გაუცრუვდება, რადგან ევროპელი დიპლომატების საშინაო დავალება საქართველოს წახალისებაა, ვითომ მიღწეული წარმატებების გამო ნატოსაკენ მიმავალ გზაზე, მაგრამ ეს არაფრის გარანტია არ არის. ყველაფერი დარჩება მითად, რომ საქართველო ოდესღაც გახდება ნატოს წევრი

_ ქართველი პოლიტიკოსები წლის დასაწყისში ლუკ კოფიმ წააქეზა. მან ისინი დაარწმუნა, რომ მე-5 პუნქტის არამუშავების შემთხვევაში, ჩვენ ნატოს წევრები გავხდებოდით. დღეს ჩვენი დიპლომატები მართლაც არიან იმის მოლოდინში, რომ ამ კუთხით დიდი გარღვევა მოხდება.

_ ნატოში ჩვენს ინტეგრაციას მხოლოდ ვაშინგტონი არ წყვეტს. რეალობა უკვე ისეთია, რომ ჩერნოგორიასაც შეუძლია დაბლოკოს საქართველოს ნატოში შესვლა. ის 29-ე ქვეყანაა და ამის უფლება აქვს.

სიმართლე გითხართ, არასოდეს მომისმენია დონალდ ტრამპისგან, მაიკ პომპეოსგან, ჯონ ბოლტონისგან არც ერთი განცხადება, რომლითაც თბილისი და კიევი თავს დაიმშვიდებენ და იფიქრებენ, რომ ნატოში გარანტირებული აქვთ ადგილი, პერსპექტივაც კი არ არის ამის. ვისმენთ მადლობებს პარტნიორობაზე, გაწეულ სამსახურზე, შესრულებულ დავალებებზე, მაგრამ რეალური ნაბიჯი არ ჩანს.

არა მგონია, რომ საფრანგეთმა და გერმანიამ, რომლებსაც ყელში ამოუვიდათ უკანონო ქართველი მიგრანტები და კანონიერი ქურდები, მხარი დაგვიჭირონ ნატოში ინტეგრაციის საქმეში. ისინი თანახმანი არასოდეს იქნებიან.

_ იენს სტოლტენბერგს აქვს იმედი. ის თვლის, რომ შესაძლოა, საქართველო ნატოს წევრი გახდეს

_ სამიტზე საქართველოს მადლობას ეტყვიან, რომ ქართველი ჯარისკაცები ავღანეთსა და ერაყში იბრძვიან, შესაძლოა, ამას ფინანსური ან სხვა სახის დახმარებაც მოჰყვეს, მაგრამ ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში შესვლის პერსპექტივაზე, რაც ჩვენ გვაინტერესებს, კრინტს არავინ დაძრავს. სტოლტენბერგი იტყვის, რომ მესამე სახელმწიფოს არავინ არაფერს ეკითხება, განსაკუთრებით, თუ ეს სახელმწიფო არ არის ნატოს წევრიო, მაგრამ არც ეს ნიშნავს არაფერს.

ევროპის საბჭოს თავმჯდომარე დონალდ ტუსკი წერს: თუ ისეთი მეგობრები გყავთ, როგორიც ამერიკაა, მაშინ მტრებს რაღა უნდა მოსთხოვოთ?!” დღეს ევროპაში ძალიან სრიოზულად არიან გაღიზიანებული დონალდ ტრამპზე.

ამერიკის პრეზიდენტს თითქმის მუხლებზე დაჩოქილი ემუდარებოდა მისი გარემოცვა, რომ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინისთვის ხელახალი გაპრეზიდენტება არ მიელოცა, მაგრამ ტრამპმა მაინც მიულოცა. ასეთივე სიტუაციაა დღესაც: მთელი ევრობიუროკრატია გაოცებული და შეშფოთებულია ამერიკის პრეზიდენტის საქციელით, განსაკუთრებით, კანადაში გამართული დიდი შვიდეულის სამიტის შემდეგ.

ტრამპს სურს, კარგი გარიგება გამოუვიდეს რუსეთის პრეზიდენტთან და ამისთვის ყველაფერს აკეთებს, მაგრამ, ამერიკის ახალი კანონმდებლობით, ტრამპს უფლება არ აქვს, ერთპიროვნული გადაწყვეტილება მიიღოს სანქციების საკითხზე.

ამერიკის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ნატოს ანაქრონიზმად მოიხსენიებს. ნატოს ამერიკელები ინახავენ და სწორედ ამიტომ მოითხოვს ტრამპი, რომ გადასახადი გადაიხადონ _ მთლიანი შიდა პროდუქტის ორი პროცენტი, რასაც ნატოში შემავალი ქვეყნები ვერასოდეს შეძლებენ, მაგალითად, ჩერნოგორია ამ თანხას ვერასოდეს გადაიხდის.

მოკლედ, დიდი არეულობაა ევროპაში და ამ მხრივ გარღვევა არ იქნება.

რუსეთსა და ამერიკას ერთმანეთთან ასეთი ცუდი ურთიერთობა, დიდი ხანია, არ ჰქონიათ და ეს შეიძლება შეიცვალოს, მაგრამ დასაფიქრებელია ის, ამ ორ დიდ სახელმწიფოს შორის კლიმატის დათბობას რა მოჰყვება, განსაკუთრებით _ ჩვენი მისამართით.

დიდი როლი ეკისრება ქართულ დიპლომატიას, მაგრამ, სამწუხაროდ, დღეს ვერ ვხედავ, რომ ქართველი დიპლომატები რეალობას ადეკვატურად აღიქვამდნენ, ისინი მზად არ არიან ახალი გამოწვევების მისაღებად, განსაკუთრებით, პუტინიტრამპის შეხვედრის შემდეგ რაც მოხდება. ღმერთმა ქნას, ვცდებოდე და შეძლონ რეალობის აღქმა.

_ 2008 წლის აგვისტოს ომის ათ წლისთავზე ევროპელებმა გამოსცეს რეზოლუცია, რომელზეც ჩვენი ხელისუფლების წარმომადგენლებმა განაცხადეს: დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიას არ ახსოვს მსგავსი რეზოლუციაო, მაგრამ რეზოლუციას რუსეთის მხრიდან საზღვრის გადმოწევა რომ მოჰყვა, ამაზე არაფერი უთქვამთრეზოლუციები თუ ასეთი მნიშვნელოვანია და სასიკეთო, ტერიტორიებს რატომ ვკარგავთ?!

_ საზღვრის ყოველი გადმოწევა არის რუსეთის პასუხი ევროპის, ევროსაბჭოს, ევროკავშირის რეზოლუციებსა და სანქციებზე. რუსეთი ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ქართველი საზოგადოება დაარწმუნოს იმაში, რომ ევროპის იმედზე ყოფნა არაფრის მომცემია, რომ უცხოელ მეგობრებს, მხოლოდ რეზოლუციების წერა შეუძლიათ, მაგრამ ჩვენ ეს ვერ გავიგეთ.

საქმე ის არის, რომ ჩვენ თავს ძალად ვიბრიყვებთ. ჩვენმა პოლიტიკოსებმა კარგად იციან ევროსაბჭოსა და ევროკავშირის რეზოლუციების ფასი, მაგრამ, როდესაც ყოფილი მინისტრი, ჯანელიძე, გამოვიდა და თქვა: მსგავსი რეზოლუცია “კაცობრიობას” არ უნახავსო, მან ამით თავისი ხელფასი გაამართლა. გამოდის მინისტრის მოადგილე ზანკალიანი და ამბობს, რომ “ტატუნაშვილის სია” თუ რაღაც მსოფლიოს გავაცანითო, ძალიან კარგად იცის, რომ შედეგი ნული იქნება, მაგრამ რა ჰქნას?! თანამდებობა აქვს. ჩვენი დიპლომატები რიგით მოხელეებად იქცნენ.

_ და მაინც, რას ელოდებით პუტინიტრამპის შეხვედრისგან?

_ ევროპასა და ამერიკას შორის სავაჭრო ომი არ უნდა დაიწყოს, რომელიც პოლიტიკური ურთიერთობის გაფუჭებაში გადაიზრდება, ამას კი რა მოჰყვება, არავინ იცის. მოკლედ, ამ ორი ზესახელმწიფოს ლიდერების შეხვედრის შემდეგ მსოფლიო სერიოზული გამოწვევების წინაშე დადგება, რაც ჩვენთვის, პატარა ქვეყნისთვის, დიდი გაკვეთილი იქნება. იქნებ მერე მაინც მიხვდეს ხელისუფლება, რა აქვს გასაკეთებელი; იქნებ მიხვდეს, რომ მხოლოდ განცხადებები საკმარისი არ არის.

თამარ კიკნაძე
თამარ კიკნაძე

თუ საქართველოს ნატოში მიიღებენ, ცუდ მდგომარეობაში აღმოვჩნდებით

თამარ კიკნაძე, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ლექტორი, პროფესორი:

_ ევროპასა და ამერიკას შორის დაძაბული ურთიერთობაა, სავაჭრო ომი აქვთ და პოლიტიკურ ჩიხშიც შევიდნენ. დონალდ ტრამპმა რადიკალურად შეცვალა თავისი პოზიცია და უკვე დემონსტრაციულად აღიარებს, რომ რუსეთთან კარგი ურთიერთობა სურს. ტრამპმა უპრეცენდენტო რამ ჩაიდინა კანადაში გამართულ დიდი შვიდეულის სამიტზე, როდესაც კომუნიკეს ხელი არ მოაწერა.

ამერიკის პრეზიდენტს რთული ურთიერთობა აქვს გაერთიანებული სამეფოს პრემიერმინისტრ ტერეზა მეისთან, აკრიტიკებს გერმანიის კანცლერს; ტრამპს მიაჩნია, რომ ანგელა მერკელი მიგრანტების ევროპაში შეშვებით საქმეს აფუჭებს.

დონალდ ტრამპისთვის რუსეთი მიმზიდველი პარტნიორია. რუსეთი ეკონომიკურად ძალიან ძლიერი არ არის, ის სამხედრო თვალსაზრისით არის ძლიერი ქვეყანა, ამიტომ რუსეთზე იქნება დიდი მოთხოვნა, როგორც ევროპის, ასევე ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან. გარდა ამისა, ამერიკელებს ხელს არ აძლევთ ჩინეთისა და რუსეთის მჭიდრო ურთიერთობა, თუმცა რუსეთისთვის ჩინეთთან ურთიერთობა უფრო ადვილია, რადგან იმ პირობებს არ უყენებს, რომლებსაც დასავლეთი. ვგულისხმობ, გეებისა და ლესბოსელების დაცვას, არ ესაუბრება ყირიმის პრობლემაზე…

ტრამპი და პუტინი ისაუბრებენ სირიასა და უკრაინაზე. დეკლარირებული არ არის, მაგრამ ისაუბრებენ, ალბათ, კავკასიაზეც. საქართველო მნიშვნელოვანი სატრანზიტო გზაა და გვერდს ვერ აუვლიან.

არ მესმის ქართველების გადამეტებული მოლოდინის…

_ თქვენი სიტყვების მოსმენა ნამდვილად არ მოეწონებათ ქართველ დიპლომატებს, რადგან ამ წლის დასაწყისიდანვე დიდი იმედი აქვთ ამ სამიტის, ისინი იმედოვნებენ, რომ საქართველოს ნატოში ინტეგრაციის კუთხით სერიოზული ნაბიჯი გადაიდგმება _ მაპს მივიღებთ

_ რუსეთი არ დათმობს კავკასიის რეგიონს. არა მგონია, ეს მოხდეს, მაგრამ ზუსტად ვიცი, რომ საქართველო კიდევ ერთხელ ჩაიყენებს თავს ცუდ მდგომარეობაში.

_ რას ნიშნავს, ცუდ მდგომარეობაში ჩაიყენებს თავს?

_ საფრთხეს ნიშნავს. თუ საქართველოს ნატოში მიიღებენ, ცუდ მდგომარეობაში აღმოვჩნდებით. 2008 წელს რუსებმა ჩვენი ტერიტორიები იმიტომ დაიკავეს, რომ სტრატეგიულად მნიშვნელოვანი იყო მათთვის და თავიანთი ბაზები განალაგეს.

არ მგონია, რომ დასავლეთის ქვეყნები დათანხმდნენ საქართველოს ნატოში ინტეგრაციას, რადგან მოსალოდნელ საფრთხეს ძალიან კარგად ხედავენ და გრძნობენ. საქართველოს ნატოში მიღებაზე საუბარი ევროპის ქვეყნებს დიპლომატიური ვაჭრობის პროცესში სჭირდებათ. ისინი ცდილობენ რუსეთთან ურთიერთობების დალაგებას, მათ შორის საქართველოს ხარჯზეც. ტრამპიპუტინის შეხვედრას მოუთმენლად ელიან.

განსაკუთრებით დაბნეულები არიან ევროპელები, რადგან ამერიკის პრეზიდენტის განცხადებები მათ შეშფოთებას იწვევს. გახსოვთ, ალბათ, ტრამპმა ყირიმზე რომ თქვა: “ყირიმი რუსეთის ტერიტორიაა.”

რუსეთი არის ქვეყანა, რომელსაც საჭიროა, ანგარიში გაუწიო.

_ ევროპელები ჩვენს პოლიტიკოსებს არწმუნებენ, რომ ვალდებულები არ არიან, ანგარიში გაუწიონ რუსეთს

_ სტოლტენბერგმა რაც უნდა გითხრას, მოგეთხოვება, რომ ჭკუა იქონიო. პოლიტიკაში უნივერსალური წესია: რაღაც ნაბიჯს რომ დგამ, უნდა გაითვალისწინო მოსალოდნელი საფრთხეები და საკუთარი თავი და ქვეყანა იმ ქვეყნების ადგილას დააყენო; იფიქრო, მოცემულ სიტუაციაში, ვინ როგორ რეაქციას მოახდენს, ამ შემთხვევაში, ყველამ რუსეთი უნდა წარმოიდგინოს. არა მგონია, რუსეთმა, პუტინმა კავკასია დათმოს.

თვით ნატოს აქვს სერიოზული პრობლემები. ტრამპი ნატოს წევრ სახელმწიფოებს მთლიანი შიდა პროდუქტიდან 2 პროცენტის გადახდას სთხოვს ნატოს ბიუჯეტში, რასაც უსიამოვნებები მოჰყვა.

_ ამ სამიტის შემდეგ, თუკი ჩვენი პოლიტიკოსების მოლოდინი მართლაც არ გამართლდა, როგორ ფიქრობთ, რა გზას უნდა დაადგნენ? კვლავ განაგრძონ ნატოსკენ სწრაფვა?

_ მსოფლიო ახალი წესრიგის შექმნის პროცესშია. საქართველომ ამას ალღო უნდა აუღოს. ხელისუფლებაში რა ხდება, არ ვიცი. ვხედავ, რომ, სააკაშვილის პერიოდში რაც იყო, ისეთი კატაკლიზმები არ ხდება.

_ ნატოს სამიტის ან პუტინიტრამპის შეხვედრის შემდეგ რაიმე უარესობას თუ ელოდებით ჩვენი ქვეყნის მისამართით?

_ გააჩნია, უარესობას რას უწოდებთ…

_ ჩვენი ხელისუფლებისთვის უარესობა იქნება, საბოლოოდ ნატოს წევრობის იმედი თუ გადაეწურება.

_ საქართველომ რუსეთთან ურთიერთობა უნდა მოაგვაროს, გვინდა _ არ გვინდა, ის ჩვენი მეზობელია. რაც შეეხება დასავლეთს, მას საკუთარი პრობლემები აქვს, საკუთარი ხედვები პოლიტიკაში. სიტყვით კი გვიჭერენ მხარს, მაგრამ სინამდვილეში არის კი საქართველოს კეთილდღეობა მათი ზრუნვის საგანი? ჩვენ თვითონ უნდა მივხედოთ საკუთარ თავს.

არ შეიძლება ქვეყანამ რადიკალური ნაბიჯები გადადგას და თავისი მდგომარეობა გაიუარესოს. ჩვენ პატარა ქვეყანა ვართ, ამიტომ მსოფლიოში მიმდინარე პროცესების პულსზე უნდა გვედოს ხელი და ისე ვიქცეოდეთ, როგორც საჭიროა, როგორც უკეთესია.

ხელისუფლებას ურჩევნია, საშინაო პრობლემებს მიხედოს. ცუდი მდგომარეობა გვაქვს დემოგრაფიული თავსაზრისით, ეკონომიკურით და სხვ. მსოფიოში ყველგან ცუდი მდგომარეობაა, მაგრამ შესაძლებელია, გამოსავალი ქვეყანამ თავისით გამოძებნოს და თავიდან აირიდოს უცხო ქვეყნის გავლენა. სამწუხაროდ, ჩვენი საშინაო პრობლემები გადაბმულია საგარეო პრობლემებზე, რაც იმას ნიშნავს, რომ საგარეო პოლიტიკაში ვერ აკეთებენ საქმეს ისე, რომ შიგნით არ აერიოთ, საშინაო პრობლემები კიდევ იმისთვის უნდა მოაგვარო, რომ საგარეო საქმე წარმატებით აწარმოო. ეს ერთმანეთზე მიბმული პროცესებია, მაგრამ ჩვენს ხელისუფლებას ეს არ ესმის. ვისურვებდი, მეტი გონიერებით მოეკიდონ საქმეს და ქვეყნისთვის სასიკეთოდ იაზროვნონ.

მოამზადა ეკა ნასყიდაშვილმა

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here