მთავარი პოლიტიკა რას მოგვიტანს ოპოზიციის კრახი?

რას მოგვიტანს ოპოზიციის კრახი?

990
გააზიარეთ
მიღებული ხმების რაოდენობა

ადგილობრივი არჩევნებიქართული ოცნებისშთამბეჭდავი გამარჯვებით დასრულდა. კიდევ ერთხელ ცხადი გახდა, რომ დაქსაქსულ, დასუსტებულ ოპოზიციას ამ ეტაპზე არათუ ხელისუფლების შეცვლა, არამედ არჩევნებში რამდენადმე იმედისმომცემი შედეგის მიღწევაც არ შეუძლია.

საბჭოთა მარშალმა კირილ მოსკალენკომ ერთხელ თქვა: “როდესაც ფრონტის ერთ კილომეტრზე 200 ქვემეხი მოდის, მოწინააღმდეგეზე კითხვებს არ სვამენ”. დაახლოებით ასეა ჩვენი საქმეც _ როდესაც (თბილისის მერის არჩევნებში) სახელისუფლო პარტიის კანდიდატი თითქმის სამჯერ მეტ ხმას იღებს, ვიდრე მეორე ადგილზე გასული, საუბარი ოპოზიციის პერსპექტივებზე ძალზე ძნელია, თუმცა მისი დაწყება, ალბათ, მაინც ღირს.

მისი გაძლიერების ალბათობა ამ ეტაპზე საკმაოდ მცირეა. ის პირობითად შეიძლება “ნაციონალურ” და “არანაციონალურ” ბანაკებად დავყოთ. პირველს მიეკუთვნებიან “ნაცმოძრაობა”, “ევროპული საქართველო” და ძველი სახელისუფლო პარტიის სხვა მცირე ნამსხვრევები. ისინი იბრძვიან ოდესღაც ერთიანი ელექტორატის განაწილებისთვის, რომელიც ნელ-ნელა მცირდება, მაგრამ კვლავინდებურად სასურველ პრიზს წარმოადგენს. ამ იზოლირებული ნიშის ფარგლებს გარეთ გავლენის გაფართოების პრატიკული შანსი ჩამოთვლილ პარტიებს თითქმის არ აქვთ და მთავარ როლს ამაში სააკაშვილის რეჟიმის დანაშაულებრივი წარსული ასრულებს. ის უზრუნველყოფს ამ პოლიტიკური ძალების იზოლაციას და გამორიცხავს მათ დაახლოებას სხვა ოპოზიციურ ძალებთან. თუ (მაგალითად, თორემ რეალურად ეს თავში არ მოუვათ) პატრიოტთა ალიანსი” “ნაცმოძრაობასთანითანამშრომლებს, ალბათ, ამომრჩევლების 99%- დაკარგავს.

ოპოზიციის ორი ბანაკის წარმომადგენლები ერთმანეთს შიშითა და სიძულვილით უყურებენ, მეტიც _ ხშირ შემთხვევაში, ერთმანეთს პოლიტიკური პროცესის ლეგიტიმურ მონაწილეებად არ აღიარებენ. ამასთანავე, ორივე ბანაკში სასტიკი კონკურენცია მიმდინარეობს. ეს ოპოზიციური ძალების გაერთიანებას გამორიცხავს, მითუმეტეს, რომ ჰორიზონტზე ამ ეტაპზე არ ჩანს ივანიშვილის მსგავსი ფიგურა, რომლის კაპიტალი ოპოზიციას წინააღმდეგობების დაძლევაში დაეხმარება.

ახალმა ხელისუფლებამ გაითვალისწინა შევარდნაძისა და სააკაშვილის შეცდომები და პოლიტიკურ რუკაზე იზოლირებული “წარსულის ანკლავი” შეინარჩუნა, “ნაცმოძრაობისა” და მისი ნამსხვრევების სახით, რომელიც ოპოზიციის გაერთიანებასა და გაძლიერებას შეუძლებელს ხდის. შედეგი, რომ იტყვიან, ტაბლოზეა (თუნდაც თბილისის მაგალითი ავიღოთ): ელისაშვილი _ 17,48%, უდუმაშვილი _ 16,59%, ხოშტარია _ 7,11%, ინაშვილი _ 3,02%, ვაშაძე _ 1,95%, კუკავა _ 1,25% (დანარჩენები 1%-ს ქვემოთ). ამ ამომრჩევლების კონსოლიდირება დღევანდელ სიტუაციაში პრაქტიკულად შეუძლებელია.

ზოგიერთი კომენტატორი ალეკო ელისაშვილისგან უფრო შთამბეჭდავ შედეგს ელოდა. ერთ-ერთმა ის ემანუელ მაკრონსაც კი შეადარა, რადგან ის (ფორმალური თვალსაზრისით) ძველი სისტემის ნაწილს არ წარმოადგენდა და ავანსცენაზე “ხანდაზმული” პარტიების კრიზისის ფონზე გამოვიდა, მაგრამ საქმე ისაა, რომ მაკრონის აღმასვლა გამყარებული იყო ძალიან სერიოზული ფინანსებით და ერთ-ერთი ყველაზე გააზრებული, დახვეწილი წინასაარჩევნო სტრატეგიით ევროპის უახლეს ისტორიაში, რომელიც ათეულობით პროფესიონალის მონაწილეობით შეიქმნა. ელისაშვილს მსგავსი არაფერი ჰქონდა, მხოლოდ _ “ტფილისის ჰამქარსა” და ტელევიზიაში შექმნილი იმიჯი და რამდენიმე ინტუიციური მიგნება.

როდესაც საშუალო ამომრჩეველი ვერ ხედავს რეალურ ალტერნატივას, ის ირჩევს სტაბილურობას (მიუხედავად იმისა, ხელისუფლებას მისცა ხმა თუ სახლში დარჩა _ მთავარია, რომ ოპოზიციამ მისი ხმა ვერ მიიღო). ქართულ ოცნებაზეგანაწყენებული მოქალაქეების ნაწილმა, უბრალოდ, ვერ დაინახა ელისაშვილში რეალური(!) ალტერნატივა. წარმოვიდგინოთ, რომ მან არჩევნები მოიგო და მოუწია მუშაობა საკრებულოსთან, სადაც ზისქართული ოცნების” 40 დეპუტატი, 5 ნაციონალი, 3 “ევროქართველიდა 2 “პატრიოტი”, ამასთანავე, არ ჰყავს საკმარისად წარმომადგენლობითი და კომპეტენტური გუნდი ქალაქის აღმასრულებელი სტრუქტურების წარმატებული გაკონტროლებისთვის (არათუ რეფორმირებისთვის). ასეთ სიტუაციაში მას დარჩებოდა ორი გზა _ გამხდარიყო სისტემის მარიონეტი ან მისი რევოლუციური დესტაბილიზება მოეხდინა, რისთვის საკმარისი ძალა არ აქვს. გასაკვირი არაა, რომ ასეთი პერსპექტივის გათვალისწინებით, ამომრჩვლების მნიშვნელოვანმა ნაწილმა მისი მხარდაჭერისგან თავი შეიკავა, ნაწილი კი, ზედმეტი ფიქრის გარეშე, უბრალოდ, “სიტყვაზე არ ენდო”.

მიუხედავად ამისა, ელისაშვილის პოლიტიკური კარიერა დასრულებული არ არის, თუმცა, რესურსების სიმცირის გამო, ნაკლებად სავარაუდოა, მან ხელი ოპოზიციის გაერთიანებას შეუწყოს, უფრო _ პირიქით. იგივე შეიძლება ითქვას მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებში გიორგი მარგველაშვილის ამბიციებზეც, – ფორმალურად დამოუკიდებელი, მაგრამ არასაკმარისად ძლიერი კანდიდატი არა ოპოზიციის გაძლიერებაზე, არამედ მის შემდგომ ფრაგმენტაციასა და მარცხზე იმუშავებს, ისევე, როგორც ეს შაბათს თბილისის მერის არჩევნებზე მოხდა.

ოპოზიციონერი პოლიტიკოსების საერთო დეპრესიის ფონზე საკმაოდ უცნაურად გამოიყურებოდა “ევროპული საქართველოს” ლიდერების მიღწეული შედეგით გამოწვეული ღიმილისმომგვრელი სიხარული, რომელსაც ახალი პარტიის წარმატებად წარმოაჩენდნენ. სინამდვილეში ეს იყო ძალიან ძველი პარტიის _ “ნაცმოძრაობის” რესურსის გამოყენების შედეგი, რომლის შექმნაში უდიდესი წვლილი მიხეილ სააკაშვილს მიუძღვის და რომელიც ბოკერიამ, ბაქრაძემ და უგულავამ მენტალური აშლილობის ზღვარზე მყოფ ბელადს, უხეშად რომ ვთქვათ, “აახიეს”. სააკაშვილის დასუსტების პარალელურად “ევროპულ საქართველოს” შეუძლია აითვისოს ძველი “ნაცმოძრაობის” ელექტორალური მემკიდრეობის ნაწილი (თუმცა ბევრი “ნაციონალი” “ღალატს” არასოდეს აპატიებს), აგრეთვე, იმუშავოს იმ ლიბერალების მოზიდვაზე, რომლებიც მონათესავე პარტიების ჩამოშლამ დააბნია _ ეს ვიწრო ნიშაა, თუმცა ის არსებობს. მაგრამ “ევროპული საქართველოსთვის” მთავარი ამოცანაა, თავი დააღწიოს იზოლაციას, რომელშიც “ნაცმოძრაობასთან” ერთად იმყოფება, გაიქცეს იმ “გობლინების ნაკრძალიდან”, კლიფორდ საიმაკის თქმის არ იყოს. მას სჭირდება ჩამოყალიბება პოლიტიკური პროცესის სრულფასოვან მონაწილედ, რომელსაც ალიანსებში გაერთიანება შეეძლება ისე, რომ სხვა პარტიებმა და ამომრჩევლებმა არ შეხედონ, როგორც სააკაშვილის რეჟიმის დანაშაულებრივი წარსულის განსახიერებას.

ამ პარტიის ლიდერებს, სააკაშვილისგან განსხვავებით, ესმით, რომ ხელისუფლებაში დაბრუნება მხოლოდ შორეულ პერსპექტივას თუ დაუკავშირდება. ამ ეტაპზე კი მათ უნდათ, “ჩაეწერონ” არსებულ სისტემაში და ძალები მოიკრიბონ. ამ კონტექსტში ჩევნ შეგვიძლია გავიხსენოთ “ფაქტობრივი ერთპარტიულობის” რეჟიმი მექსიკაში, სადაც “ინსტიტუციურ-რევოლუციური პარტია” ათწლეულების განმავლობაში დომინირებდა, ხოლო “ეროვნული მოქმედების პარტია” ამავე პერიოდის განმავლობაში იჯდა, იღებდა დაახლოებით 10%-ს არჩევნებში, რამდენიმე მერი და გამგებელი გაჰყავდა და მოთმინებით ელოდებოდა მომენტს, როდესაც მმართველი პარტიის, უფრო სწორად კი მის მიერ შექმნილი სისტემის, კრიზისი დაიწყებოდა. საბოლოოდ მან საწადელს მიაღწია. სტრატეგიული იდეა ორივე შემთხვევაში შეიძლება ერთი და იგივე იყოს, მაგრამ, როგორც უკვე ითქვა, “ევროპულ საქართველოს” წარსულთან დაკავშირებით სერიოზული პრობლემა აქვს. მართალია, ის სჭირდება ბიძინა ივანიშვილს, როგორც “გათიშე და იბატონე” პოლიტიკის ელემენტი, მაგრამ, თუ ოპონენტები ყოველდღე გაიხსენებენ, რას აკეთებდნენ მისი ლიდერები სააკაშვილის მმართველობის პერიოდში, “ევროპულმა საქართველომ” იზოლაცია შეიძლება ვერ გაარღვიოს. უცხოური მხარდაჭერისა და ლიდერების გამოცდილების მიუხედავად, პარტია ვერ ჩაითვლება ძლიერად მანამ, სანამ ოპონენტების პროპაგანდას მის მდგომარეობაზე განმსაზღვრელი გავლენის მოხდენა შეეძლება.

კიდევ ერთი, სავსებით “მექსიკური” ნიუანსი: ოპოზიციის დაკნინების პირობებში სხვადასხვა არაოფიციალური ფრაქციების, ჯგუფებისა თუ კლანების ბრძოლა მმართველი პარტიის შიგნით ქვეყნის ცხოვრებაზე გაცილებით დიდ გავლენას მოახდენს, ვიდრე კონკურენცია პარტიებს შორის. ამის გამო ქართული პოლიტიკა, რომლის დიდი ნაწილი ისედაც “ჩრდილოვანია”, კიდევ უფრო გაუმჭვირვალი გახდება.

2012 წლიდან ნაციონალებს იმედი ჰქონდათ, რომ შიდა დაპირისპირება “ქართულ ოცნებაში” სერიოზულ კრიზისს გამოიწვევდა, მოგვიანებით აქცენტი ამაზე სახელისუფლო პარტიის სხვა ოპონენტებმაც გადაიტანეს, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც დარწმუნდნენ, რომ ზეწოლას “გარედან” შედეგი არ მოაქვს. მაგრამ საქმე ისაა, რომ ამ ეტაპზე კონტროლი პარტიის ლიდერებზე არ შესუსტებულა ისე, როგორც ეს ..მოქალაქეთა კავშირისა” და “ნაცმოძრაობის” მმართველობის დასკვნით ეტაპზე მოხდა. ბიძინა ივანიშვილი ცდილობს, შეზღუდოს და დააბალანსოს მათი ამბიციები, დაუმტკიცოს, რომ “ძალა ერთობაშია” და ეს, ასე თუ ისე, გამოსდის, თუმცა ისიც ფაქტია, რომ აბსოლუტურთან მიახლოებული ძალაუფლება მმართველ პარტიას რყვნის და მის წარმომადგენლებს ადეკვატურობას აკარგვინებს.

ამ ფონზე რიტორიკა რეჟიმის მოახლოებულ აღსასრულზე, რომელსაც ჯერ კიდევ აქტიურად იყენებს ზოგიერთი ლიდერი და კომენტატორი, ერთობ უადგილოა. მეტიც, თუ არ მოხდება მოულოდნელი რამ და საიდანღაც ყბადაღებულიშავი გედიარ გამოფრინდება (ამის გამორიცხვა არ შეიძლება), “ქართული ოცნება”, სავარაუდოდ, უპრობლემოდ მოგებს 2018 წლის საპრეზიდენტო, 2020 წლის საპარლამენტო და 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს, თუნდაც იმიტომ, რომ მისწონით კატეგორიაშისხვა მოასპარეზე არ გამოდის.

რეალურად, სამოქალაქო საზოგადოება მმართველი პარტიის პირისპირ დარჩა. მან დასუსტებული და მნიშვნელოვანწილად პროსტიტუირებული ოპოზიციური პარტიების ფუნქციების ნაწილი უნდა შეითავსოს. ხელისუფლების გონზე მოყვანის სხვა საშუალება ამ ეტაპზე, უბრალოდ, არ არსებობს.

დიმიტრი მონიავა

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here