Home ახალი ამბები საქართველო რამდენი მოქალაქე ისარგებლებს საყოველთაო ჯანდაცვის ფარგლებში უფასო მედიკამენტებით?

რამდენი მოქალაქე ისარგებლებს საყოველთაო ჯანდაცვის ფარგლებში უფასო მედიკამენტებით?

721
დავით სერგეენკო

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში დიფერენცირებული პაკეტების ამოქმედებასთან დაკავშირებით ისაუბრა და აღნიშნა, რომ პროგრამის ფარგლებში უფასო მედიკამენტებით 150-დან 200 ათასამდე მოქალაქე ისარგებლებს.

მისი თქმით, სამიზნე პოპულაცია დაახლოებით 600 ათასი ადამიანია და ეს იქნება 5 ძირითადი ყველაზე გავრცელებული ქრონიკული დაავადებების სამკურნალო კონკრეტული მედიკამენტები: „დაავადებათა კონტროლის ცენტრის შესაბამისმა სპეციალისტებმა საქართველოს სტატისტიკაზე და საერთაშორისო მტკიცებულებებზე დაფუძნებით გათვალეს ასაკობრივი ჭრილი, ჯანმრთელობის რისკის მიხედვით, ამ 600 ათასი ადამიანიდან რამდენს შეიძლება, ჰქონდეს პოტენციური ქრონიკული დაავადება, რომელიც ფინანსდება საყოველთაო ჯანდაცვის ფარგლებში. ეს არ ნიშნავს, რომ 600 ათასივე ადამიანს აქვს ქრონიკული დაავადება. საბოლოო ჯამში, ჩვენ ვფიქრობთ, რომ ამ პროგრამის რეალური მოსარგებლე იქნება 150 ათასიდან 200 ათას ადამიანამდე, თუმცა, სხვადასხვა მასშტაბით. ზოგს შეიძლება, დასჭირდეს მაგალითად, შედარებით იაფი პრეპარატი, დიაბეტის მეორე ტიპის სამკურნალო ტაბლეტები, იმიტომ რომ პირველ ტიპზე, ინსულინზე, უკვე არსებობს პროგრამა და ა.შ. ეს პროექტი ძალიან სკურპულოზური გათვლებით გაიწერა” – განაცხადა სერგეენკომ.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული მოქალაქეები, რომელთა სარეიტინგო ქულა 0-დან 100 000-მდეა, ზაფხულიდან ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტები საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში დაუფინანსდებათ.
ეს დაავადებებია: მაღალი არტერიული წნევა; გულის უკმარისობა, კორონალური სისტემის დაავადებები; დიაბეტის მე-2 ტიპი; ფილტვების ქრონიკული დაავადებები და ფარისებრი ჯირკვლის დაავადებები.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here