მთავარი საზოგადოება რამდენიმე ფაქტი ამერიკის თასის შესახებ

რამდენიმე ფაქტი ამერიკის თასის შესახებ

171
გააზიარეთ
რამდენიმე ფაქტი ამერიკის თასის შესახებ

14 ივნისს ბრაზილიისა და ბოლივიის ეროვნულ ნაკრებებს შორის სან პაულუში გამართული მატჩით (ეს შეხვედრა დასრულდა ბრაზილიელთა გამარჯვებით _ 3:0) სტარტი აიღო სამხრეთ ამერიკის თასის (კოპა ამერიკა) 46- გათამაშებამ ეროვნულ ნაკრებებს შორის. არსებობის 100-ზე მეტი წლის განმავლობაში ტურნირის მსვლელობისას უამრავი საინტერესო მოვლენა მოხდა. მათგან ყველაზე მნიშვნელოვანი ავარჩიეთ და დღეს გასაცნობად გთავაზობთ.

* ამერიკის თასი _ მსოფლიოში ყველაზე ძველი კონტინენტური შეჯიბრებაა ეროვნული ნაკრებებისთვის. სამხრეთ ამერიკის პირველობის პირველი გათამაშება 1917 წლის ივლისში გაიმართა არგენტინის დედაქალაქ ბუენოს-აირესში. იმხანად ევროპაში I მსოფლიო ომი მძვინვარებდა და ფეხბურთისთვის არავის ეცალა. ევროპის ჩემპიონატის პირველი შესარჩევი მატჩები მხოლოდ 1958 წელს ჩატარდა, აზიისა და აფრიკის თასების ფინალური ტურნირები კი შესაბამისად _ 1956 და 1957 წლებში.

რამდენიმე ფაქტი ამერიკის თასის შესახებ

* ამერიკის თასი ყველაზე რთული ტურნირია ეროვნული ნაკრებებისთვის. ამჟამინდელი ტურნირის მონაწილე გუნდების ზუსტად ნახევარი ფიფას სარეიტინგო სიის საუკეთესო ოცეულში შედის. ნაკრებების განაცხადში კი ისეთი ვარსკვლავების გვარებს შეხვდებით, როგორიც არის მესი, დი მარია, აგუერო კოუტინიო, ფირმანო, ფერნანდინიო, სუარესი, კავანი, ვიდალი, ალექსის სანჩესი, ფალკაო და სხვ.

* ამერიკის თასის გათამაშებებში 15-ჯერ გაიმარჯვა ურუგვაის ნაკრებმა. შემდეგ მოდის არგენტინის ნაკრები 14 გამარჯვებით, ლიდერებს ძალიან ჩამორჩებიან ბრაზილიელები. მათ ანგარიშზე 8 გამარჯვებაა.

მარაკანა
მარაკანა

* ამერიკის თასის ყველა გათამაშებაში მონაწილეობდა 18 გუნდი. სამხრეთ ამერიკული 10 ნაკრების გარდა, ორგანიზატორები ტურნირზე იწვევდნენ კოსტარიკის, აშშის, ჰაიტის, ჰონდურასის, იამაიკის, მექსიკის, პანამისა და იაპონიის ნაკრებებს, ახლა კი მათ დაემატა ყატარის ნაკრები.

* ტურნირის მასპინძლები არც ისე ხშირად იგებდნენ ამერიკის თასს. 1987 წლიდან მათ წარმატება მხოლოდ 4-ჯერ მოიპოვეს. ბოლოს ეს შეძლო ჩილემ 2015 წელს. მან ფინალურ მატჩში პენალტების სერიაში დაამარცხეს არგენტინის ნაკრები _ 4:1.

* წინა ტურნირი, რომელიც შეჯიბრების 100 წლის იუბილეს მიეძღვნა, პირველად ჩატარდა სამხრეთ ამერიკის ფარგლებს გარეთ _ აშშ-ში, ისევ გაიმარჯვა ჩილემ, რომელმაც კვლავ პენალტების სერიაში დაამარცხა არგენტინა _ 4:2.

ზიზიტო
ზიზიტო

* ბრაზილია ამერიკის თასის თამაშებას მეხუთედ მასპინძლობს. წინა ტურნირები ამ ქვეყანაში გაიმართა 1919, 1922, 1949 და 1989 წლებში. ბრაზილიელებმა უკვე გამართულ 4 ჩემპიონატში 4-ჯერ გაიმარჯვეს.

* 1989 წელს რიო-დე-ჟანეიროში, ცნობილ სტადიონ “მარაკანაზე” ბრაზილიასა და ურუგვაის ფინალურ მატჩს 170 ათასი მაყურებელი დაესწრო.

* ტურნირის ამჟამინდელი ფორმატი, როცა შესარჩევ ეტაპზე მონაწილენი განაწილებულნი არიან სამ ჯგუფში, თითოეულში 4 გუნდი, 1993 წლიდან მოქმედებს. ფლეი-ოფში თითოეული ჯგუფიდან გადის 1-ელ და მე-2 ადგილებზე გასული გუნდები, აგრეთვე, 2 ნაკრები, რომლებსაც საუკეთესო მაჩვენებლები ექნებათ მესამე ადგილზე გასულ გუნდებს შორის.

ამერიკის თასი

* სამხრეთ ამერიკის XIV ჩემპიონატი (ასე ეწოდებოდა ტურნირს 1975 წლამდე), რომელიც არგენტინაში ჩატარდა, უნიკალური აღმოჩნდა _ დაიწყო ერთ წელიწადში და დასრულდა მეორეში. პირველი მატჩი გაიმართა 1936 წლის 27 დეკემბერს, ფინალური კი _ 1937 წლის 1 თებერვალს.

* 1987 წლის ტურნირს გაუჩნდა თილისმა, სახალისო არსებების ჯგუფს (ერთ-ერთი, მაგალითად, იყო სიმინდის ტარო) ხელმძღვანელობდა გამორჩეულად ჩაცმული გარდელიტო, რომელიც ძალიან ჰგავდა არგენტინელ ტანგოს ცნობილ მოცეკვავე კარლოს გარდელს. ამჟამინდელი გათამაშების თილისმაა კალიბარა (ნახევრადამფიბია ბალახისმჭამელი ძუძუმწოვარა) ზიზიტო. ასე ეწოდა მას ამერიკის თასის გათამაშების ისტორიაში ერთ-ერთი შესანიშნავი ბომბარდირის _ ზიზინიოს პატივსაცემად.

არგენტინა-კოლუმბია
არგენტინა-კოლუმბია

* ტურნირის საუკეთესო ბომბარდირის ტიტულს იყოფს ორი ფეხბურთელი _ არგენტინელი ნორბერტო მენდესი და ბრაზილიელი ზიზინიო. თითოეულის ანგარიშზე 17 გოლია. თუმცა, თუ ბრაზილიელმა ბურთები გაიტანა ამერიკის თასის 6 გათამაშებაში (სხვათა შორის, არც ერთხელ არ ყოფილა ტურნირის საუკეთესო ბომბარდირი), არგენტინელმა თავისი 17 ბურთი 3 ჩემპიონატში (1945, 1956, 1947) გაიტანა.

* ამერიკის თასის გათამაშების 34 მატჩში მონაწილეობდა ჩილელი გოლკიპერი სერხიო ლივინგსტონი. რეცორდს, კარგა ხანს, ალბათ, ვერავინ გააუმჯობესებს, რადგან ლივინგსტონის უახლოესი მდევრის, ლიონელ მესის, ანგარიშზე მხოლოდ 21 მატჩია.

* დიადი პელე ამერიკის თასის მხოლოდ ერთ გათამაშებაში მონაწილეობდა _ 1959 წელს. მიუხედავად ვარსკვლავური შემადგენლობისა, რომელმაც ერთი წლით ადრე მსოფლიოს ჩემპიონობა მოიპოვა, ბრაზილიელებმა წარმატებას ვერ მიაღწიეს. აღსანიშნავია, რომ პელემ 6 მატჩში 8 ბურთი გაიტანა.

* ამერიკის თასის გათამაშების ისტორიაში ყველაზე შედეგიანი იყო არგენტინისა და ეკვადორის მატჩი, რომელშიც არგენტინელებმა გაიმარჯვეს ანგარიშით 12:0.

* ტურნირის პირველი ბურთი ურუგვაელმა ხოსე პენდიბენემ გაიტანა ჩილელთა კარში 1916 წელს. ეს მოხდა შეხვედრის 44-ე წუთზე, გოლს, ბუენოს-აირესის სტადიონ “ხიმნასიის” ტრიბუნებიდან თვალს ადევნებდა 18 ათასი მაყურებელი.

* პირველი ავტოგოლი ჩილელების ანგარიშზეა. წარუმატებელი აღმოჩნდა ჰავბეკი ლუის ალბერტო გარსია, რომელმაც ბურთი თავისი კარის ბადეში გაახვია და გამარჯვება არგენტინელებს მოუტანა.

* კოლუმბიელი რენე იგიტა პირველი მეკარეა, რომელმაც ამერიკის თასის გათამაშებაში ბურთი გაიტანა. 1989 წელს მან პენალტიდან შეაგდო ბურთი ვენესუელის ნაკრების კარში.

მოამზადა

ნიკა კორინთელმა

გააზიარეთ

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here