Home ახალი ამბები მსოფლიო რაზე მოილაპარაკეს პუტინმა და ტრამპმა ჰამბურგში

რაზე მოილაპარაკეს პუტინმა და ტრამპმა ჰამბურგში

861
პუტინი-ტრამპი

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა ჰამბურგში G20-ის სამიტის მიმდინარეობისას გამართულ პრესკონფერენციაზე რუსეთისა და აშშის პრეზიდენტების, ვლადიმერ პუტინისა და დონალდ ტრამპის, შეხვედრის შედეგებზე ისაუბრა. ლავროვმა აღნიშნა, რომ პრეზიდენტები თავიანთი ქვეყნების ნაციონალურ ინტერესებს იცავდნენ და ცდილობდნენ ურთიერთსასარგებლო შეთანხმებისთვის მიეღწიათ, პუტინმა და ტრამპმა სირიის, უკრაინის, ჩრდილოეთი კორეისა და კიბერუსაფრთხოების საკითხებზე იმსჯელეს.

შეთანხმება სირიის საკითხზე

პირველი, რაც დაადასტურა ლავროვმა, იყო ის, რომ რუსეთმა და აშშ-მა დაიკისრეს სირიის სამხრეთ-დასავლეთში ცეცხლის შეწყვეტის ვალდებულება. ეს არის რაიონები: დერაა, ქუნეითრა და სუვეიდა.

ამ ზონებში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი 9 ივლისიდან ამოქმედდა. ამ ზონის გარშემო უსაფრთხოებას უზრუნველყოფს რუსეთის სამხედრო პოლიცია აშშ-სა და იორდანიასთან კოორდინაციით. რაც შეეხება სირიის ჩრდილოეთს, ლავროვის თქმით, იქ უსაფრთხოების ზონის შექმნაზე ჯერ კიდევ გრძელდება მოლაპარაკებები სპეციალისტებს შორის.

შეთანხმება უკრაინის საკითხზე

ლავროვის განცხადების თანახმად, პუტინი და ტრამპი შეთანხმდნენ, რომ აშშ-ის წარმომადგენელი უკრაინის საკითხებში უახლოეს დღეებში ეწვევა მოსკოვს კონსულტაციების გასამართავად. ამ წარმომადგენლის დანიშვნით ვაშინგტონსა და მოსკოვს შორის იჭრება არხი იმ შესაძლებლობების გამოსაყენებლად, რომლებიც აქვს აშშ-ს უკრაინაში ვითარების დასარეგულირებლად მინსკის შეთანხმების საფუძველზე.

კიბერუსაფრთხოება

ტრამპისა და პუტინის მოლაპარაკების მესამე თემა იყო კიბერუსაფრთხოება, რომელსაც საკმაოდ დიდი დრო დაეთმო გასაგები მიზეზების გამო. პრეზიდენტებმა აღნიშნეს, რომ ეს სფერო საფრთხეების შემცველია, მათ შორის, ტერორისტული საფრთხის. პუტინი და ტრამპი შეთანხმდნენ, რომ ყველა საკითხზე, მათ შორის ტერორიზმთან და ორგანიზებულ დანაშაულთან, აგრეთვე, ჰაკერებთან ბრძოლის საკითხებზე, რუსეთი და აშშ ერთობლივად იმუშავებენ და ამ მიზნით შეიქნება ერთობლივი ჯგუფი.

არჩევნებში ჩარევა

ლავროვის თქმით, პრეზიდენტი დონალდ ტრამპი პუტინთან შეხვედრის შემდეგ განაცხადებს, რომ კამპანია, თითქოს რუსეთი ჩაერია აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში, “უცნაურ ხასიათს იძენს”.

“ასეთი შინაარსის ბრალდება, უკვე თვეებია, გვესმის, მაგრამ ერთი მტკიცებულებაც კი არ წარმოუდგენიათ”, _ განაცხადა ლავროვმა.

კორეის სახალხოდემოკრატიული რესპუბლიკის შესახებ

ლავროვმა განაცხადა, რომ მას და აშშ-ის სახელმწიფო მდივან რექს ტილერსონს დაევალათ ყველა საერთაშორისო საკითხის, მათ შორის კორეის სახალხო-დემოკრატიული რესპუბლიკის საკითხის, მოგვარებაზე მუშაობა საგარეო უწყებების თანამშრომლობის გაღრმავებით.

პრესკონფერენციის ბოლოს ლავროვმა განაცხადა, რომ შეხვედრაზე ორივე პრეზიდენტი განწყობილი იყო იმ გადაწყვეტილებების მოსაძებნად, რომლებიც შეესაბამებოდა რუსეთისა და აშშ-ის, აგრეთვე, მსოფლიოს თანამეგობრობის ინტერესებს.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here