მთავარი პოლიტიკა პუტინი, ტრამპი და გლობალური ფსიქოთერაპია

პუტინი, ტრამპი და გლობალური ფსიქოთერაპია

747
გააზიარეთ
პუტინი, ტრამპი და გლობალური ფსიქოთერაპია

11 ნოემბერს პირველი მსოფლიო ომის დასრულების მეასე წლისთავის აღსანიშნავ ღონისძიებაზე საფრანგეთში ათეულობით ქვეყნის ლიდერი შეიკრიბა. ნავარაუდევი იყო, რომ იქ გაიმართებოდა დონალდ ტრამპისა და ვლადიმერ პუტინის მორიგი მოლაპარაკება, მაგრამ იმის გამო, რომ საფრანგეთის პრეზიდენტმა მაკრონმა მიანიშნა სტუმრებს, ეს არასასურველიაო, რუსი და ამერიკელი დიპლომატები შეთანხმდნენ, რომ ლიდერების შეხვედრა ბუენოსაირესშიდიდი ოცეულისსამიტის დროს (30.11-01.12) გაიმართება.

ემანუელ მაკრონს, სავარაუდოდ, სურდა, საიუბილეო ღონისძიებების მთავარ მოქმედ პირად დარჩენილიყო და არ უნდოდა, ექსპერტებსა და მედიას ყურადღება პუტინისა და ტრამპის შეხვედრაზე გადაეტანა. ძვირად ღირებულმა სამიტმა მაკრონი ავანსცენაზე დააბრუნა, რაც, მისი რეიტინგის საგანგაშო დაცემიდან გამომდინარე, ძალზე მნიშვნელოვანია. 10 ნოემბერს საფრანგეთის პრეზიდენტი და გერმანიის კანცლერი კომპიენში ჩავიდნენ, სადაც 1918 წლის 11 ნოემბერს მარშალ ფოშის ვაგონში მოკავშირეებისა და გერმანიის წარმომადგენლებმა ზავი გააფორმეს, ხოლო 1940 წლის 22 ივნისს ჰიტლერმა აიძულა დამარცხებული ფრანგები, ამავე ვაგონში ხელი მოეწერათ კომპიენის მეორე ზავისთვის. საინტერესოა, რომ შემდგომ ვაგონი გერმანიაში გადაიტანეს, ხოლო 1945 წლის აპრილში ჰიტლერის ბრძანებით დაწვეს. 1992-ში გერმანელებმა მისი ნარჩენები იპოვეს და საფრანგეთს გადასცეს, ამჟამად კი კომპიენში იმავე მოდელის სხვა ვაგონი დგას. ანგელა მერკელი ომის შემდგომი გერმანიის პირველი კანცლერია, რომელიც კომპიენს ეწვია. ექსპერტები აღნიშნავდნენ, რომ მაკრონსა და მერკელს სურდათ, სიმბოლურად “გაემეორებინათ” ფრანსუა მიტერანისა და ჰელმუტ კოლის 1984 წლის შეხვედრა ვერდენში _ მათ პირველ მსოფლიო ომში დაღუპულთა მემორიალთან ერთმანეთს ხელი ჩასჭიდეს ფრანგებისა და გერმანელების ისტორიული შერიგების ნიშნად, მაგრამ მერკელისა და მაკრონის წლევანდელ შეხვედრას ასეთი რეზონანსი ნამდვილად არ გამოუწვევია.

ამასთანავე, მაკრონს უნდოდა, ხაზი გაესვა საფრანგეთის განსაკუთრებული, წამყვანი როლისთვის პირველ მსოფლიო ომში და, შესაძლოა, ამიტომ ბრიტანელებმა საჭიროდ ჩათვალეს, პარიზის შეხვედრაში მონაწილეობის გარდა, საკუთარი საიუბილეო ღონისძიებებიც ჩაეტარებინათ, რომლებზეც გერმანიის პრეზიდენტი ფრანკვალტერ შტაინმაიერი მიიწვიეს. მან გვირგვინით შეამკო უცნობი ჯარისკაცის საფლავი ლონდონში.

მიუხედავად იმისა, რომ ამერიკელებს ძალიან უყვართ საუბარი იმაზე, რომ პირველი მსოფლიო ომის ბედი სწორედ მათმა ჩარევამ გადაწყვიტა, ტრამპის ადმინისტრაციას იუბილეზე მნიშვნელოვანი სიმბოლური ნაბიჯები არ გადაუდგამს, ხოლო თვით პრეზიდენტმა 11 ნოემბრის ღონისძიებების შემდეგ პარიზის “მშვიდობის სამიტში” მონაწილეობაზე უარი თქვა. ამით მან, შესაძლოა, მიანიშნა, რომ არ სურს მონაწილეობა სხვის პრესტიჟსა და სიმბოლოებთან დაკავშირებულ თამაშებში. ეს მართლაც ნაკლებად შეესაბამება მისი საგარეო პოლიტიკის პრაგმატულ, ხშირ შემთხვევაში კი უხეშ სტილს.

ეს პოლიტიკა, დიდი ალბათობით, კიდევ უფრო ხისტი გახდება. გასულ კვირას აშშ-ში კონგრესის შუალედური არჩევნები გაიმართა. რესპუბლიკურმა პარტიამ დაკარგა უმრავლესობა კონგრესში, მაგრამ სენატში უპირატესობა შეინარჩუნა. ექსპერტების ნაწილი აფასებს დემოკრატების წარმატებას, როგორც ავისმომასწავებელ სიგნალს ტრამპისთვის 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნების წინ, მაგრამ სიტუაცია, როდესაც საპრეზიდენტო არჩევნებზე იმარჯვებს ერთი პარტიის წარმომადგენელი, ხოლო ორი წლის შემდეგ კონგრესში მისი ოპონენტების წარმომადგენლობა იზრდება, აშშ-ის პოლიტიკისთვის სავსებით ბუნებრივია. ეს წესია და არა გამონაკლისი.

დემოკრატების წარმატება რესპუბლიკელებისთვის არსებითად არაფერს ცვლის. 2014 წლიდან ისინი ორივე პალატაში უპირატესობას ფლობდნენ, მაგრამ დაყოფილები იყვნენ რამდენიმე ბანაკად _ ტრადიციონალისტებად, ზომიერ კონსერვატორებად, ე.წ. ჩაის ფრაქციად. ცალკე ფენომენია ნეოკონსერვატორები და მათი გავლენა, როგორც რესპუბლიკურ პარტიაზე, ისე სრულიად პოლიტიკურ ელიტაზე. ამასთანავე, განსხვავებით მეტ-ნაკლებად მონოლითური დემოკრატიული პარტიისგან, სხვადასხვა შტატის რესპუბლიკელი წარმომადგენლები, ამომრჩევლების თუ გავლენიანი ჯგუფების ინტერესებიდან გამომდინარე, ხშირად თანაპარტიელების წინააღმდეგ მიდიან. ასე, მაგალითად, რესპუბლიკელი ლიდერები ფლორიდასა და კალიფორნიაში მხარს არ უჭერენ ტრამპის საიმიგრაციო პოლიტიკას. ამგვარად, 2014-18 წლების პერიოდში რესპუბლიკელების უპირატესობა ორივე პალატაში მეტწილად სიმბოლურ ხასიათს ატარებდა.

უცხოელი კომენტატორები განსაკუთრებულ ყურადღებას სენატის საერთაშორისო საქმეთა კომიტეტში მოსალოდნელ ცვლილებებს აქცევენ. მისმა ხელმძღვანელმა ბობ კორკერმა პოსტი დატოვა და მას, სავარაუდოდ, შეცვლის პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატი მიტ რომნი, ჯიმ რიში ან მარკ რუბიო. სამივე რუსეთის, ირანისა და ჩინეთის მიმართულებით უფრო ხისტი პოლიტიკის გატარების მომხრეა, ვიდრე კორკერი გახლდათ.

დემოკრატებმა მიიღეს საკმარისი ადგილები იმისთვის, რომ ტრამპს ცხოვრება გაურთულონ და მისთვის მნიშვნელოვანი კანონპროექტები დაბლოკონ, მაგრამ ისინი ვერ დაეუფლნენ იმპიჩმენტისთვის საჭირო ბერკეტებს. ტრამპის ადმინისტრაციას დამატებითი სირთულეები შეექმნება, მაგრამ შესაძლებლობა ექნება, პრობლემები დემოკრატების საბოტაჟს დაუკავშიროს, რაც 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მოახლოების გათვალისწინებით, არც ისე უმნიშვნელოა.

ვლადიმერ პუტინისა და დონალდ ტრამპის შეხვედრებს ორმხრივ ურთიერთობებში გარღვევა არ მოჰყოლია _ ჰამბურგის, დანანგისა და ჰელსინკის სამიტების შემდეგ უკეთესობისკენ არაფერი შეცვლილა, უფრო პირიქით. მნიშვნელოვან როლს ამაში შიგაამერიკული დაპირისპირება ასრულებს _ ტრამპის ნებისმიერ შეთანხმებას პუტინთან მისი ოპონენტები განიხილავენ, როგორც კაპიტულაციას. ამასთანავე, ტრამპის ადმინისტრაციას დიპლომატიის განსხვავებული სტილი აქვს _ ის თანდათან აძლიერებს ზეწოლას ოპონენტზე და პარალელურად რიტორიკის აგრესიულობასაც ზრდის. ეს ნათლად გამოვლინდა, მაგალითად, აშშთურქეთის ბოლო დაპირისპირებისას, მაგრამ საქმე ისაა, რომ რუსეთთან და ჩინეთთან ეს ტაქტიკა არ ჭრის და, ურთიერთობების გაუარესების გარდა, სხვა შესამჩნევი შედეგი არ მოაქვს.

ექსპერტების ნაწილი მოსკოვსა და ვაშინგტონში მივიდა დასკვნამდე, რომ პრეზიდენტებს შორის შეხვედრების გამართვა ასეთ სიტუაციაში არ ღირს და მხარეებმა პაუზა უნდა აიღონ, მაგრამ მათი ოპონენტები ამბობენ, რომ დიალოგის შეწყვეტა გლობალური არასტაბილურობისა და რეგიონული კრიზისების გამწვავების პირობებში საშიშია. ცნობილმა რუსმა ექსპერტმა ანდრეი კორტუნოვმა თქვა: რუსი და ამერიკელი სამხედროების ურთიერთქმედება სირიაში, მაღალი რანგის დიპლომატების კონსულტაციები კორეის ნახევარკუნძულის თაობაზე, ჯონ ბოლტონის პერიოდული შეხვედრები ნიკოლაი პატრუშევთან, რა თქმა უნდა, სასარგებლო და მნიშვნელოვანია, მაგრამ ისინი ვერ ჩაანაცვლებენ ორი ქვეყნის ლიდერების შეხვედრებს, ყოველ შემთხვევაში, იმ პოლიტიკურფსიქოლოგიურ ეფექტს ვერ მოახდენენ. სანამ ტრამპი და პუტინი რეგულარულად ურთიერთობენ, მსოფლიოს შეუძლია მშვიდად იძინოს. ამგვარად, რეგულარული შეხვედრები საჭიროა, თუნდაც როგორც გლობალური ფსიქოთერაპიის საშუალება”.

ალბათ, საინტერესო იქნება ამ პარადოქსული პოსტულატის მისადაგება საქართველოს მდგომარეობის მიმართ. გვამშვიდებს პუტინისა და ტრამპის შეხვედრები თუ პირიქით _ გვანერვიულებს? რას მოვიგებთ ან წავაგებთ, თუ მხარეები ზემოთ ნახსენებ ექსპერტებს დაუჯერებენ და პაუზას აიღებენ?

ის, რომ “გლობალური ფსიქოთერაპიის სეანსი” პარიზში არ შედგა, მეტწილად პრეზიდენტ მაკრონის “დამსახურებაა”. მან, ფაქტობრივად, ხელი შეუშალა პუტინისა და ტრამპის სრულფასოვანი შეხვედრის გამართვას. საინტერესო რამ მოხდა ელისეს სასახლეში გამართული ლანჩის დროს _ თავდაპირველად დელეგაციებს დაურიგეს სქემა, რომლის თანახმად ტრამპი და პუტინი გვერდიგვერდ უნდა მსხდარიყვნენ და, შესაბამისად, საუბრის შესაძლებლობა მიეცემოდათ, მაგრამ ბოლო მომენტში ეს სქემა შეიცვალა _ პუტინი და ტრამპი ერთმანეთს დააშორეს. ძნელი სათქმელია, რა იყო ამის მიზეზი _ შემთხვევითობა, ემანუელ მაკრონის ამბიციები თუ სხვა გავლენიანი ძალების მოქმედება.

ჯორჯთაუნის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების პროფესორმა ჩარლზ კაპლანმა ასე აღწერა მთავარი პრობლემა, რომელიც დონალდ ტრამპის წინაშე დგას: “მან დაინახა, რომ მზარდი საფრთხეების გამო ქვეყანას არ შეუძლია დაუბრუნდეს ჯეფერსონისეულ “ეპოქას ალიანსების გარეშე”. აშშ-ის მიერ შექმნილ წესებზე დაფუძნებული მსოფლიო წესრიგი ზღუდავს მანევრის თავისუფლებას, მაგრამ მისი განადგურება ანარქიისკენ მიმავალი გზაა”. ტრამპის ადმინისტრაცია გზაგასაყარზეა _ ლოზუნგიამერიკა _ უპირველეს ყოვლისადა პროტექციონიზმი გლობალიზაციის პროცესზე მიბმული პოლიტიკის გადახედვას მოითხოვს, მაგრამ ეს ქმნის ახალ საფრთხეებს, მათ შორის გლობალური უსაფრთხოების სისტემის მოულოდნელი ჩამონგრევის საფრთხეს, რაც აშშ შეიძლება ძვირი დაუჯდეს. ასეთ ვითარებაში სტრატეგიული დიალოგის გაგრძელება ევრაზიის დომინანტ სახელმწიფოსთან _ რუსეთთან, გარდაუვალი ჩანს და ნაკლებად სავარაუდოა, თეთრი სახლიპაუზის აღებასმიემხროს. იმაზე, რომ დიალოგს ალტერნატივა არ აქვს, ნათლად მიუთითებს პირველი მსოფლიო ომის მაგალითიც, რომლის დასრულების მეასე წლისთავის აღსანიშნავად გასულ კვირას ათეულობით ქვეყნის ლიდერები პარიზში შეიკრიბნენ. ამგვარად, ზოგიერთი ქართველი ექსპერტის მოსაზრებები იმის თაობაზე, რომ მალე ვაშინგტონი მოსკოვთან მოლაპარაკებას შეწყვეტს და მასთან ყოვლისმომცველ დაპირისპირებაში შევა, რეალობას სულ უფრო მეტად შორდება.

ლუკა ნემსაძე

გააზიარეთ

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here