Home რუბრიკები სამართალი პურის ნატეხი მაინც მიაწოდეთ სამართალს

პურის ნატეხი მაინც მიაწოდეთ სამართალს

საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის წევრების და არა მხოლოდ მათ საყურადღებოდ

367

აშიმშილებენ სამართალს, პატიმარ სააკაშვილისგან განსხვავებით, რომელმაცკრემლის დიეტისკურსი სანიმუშოდ დაიცვა და ცოტა ხანში, ეტყობა, სადილად ბუღა კამეჩიც არ ეყოფა.

გასული კვირა იმითაც იყო ღირსშესანიშნავი, რომ პარლამენტში ორი დღის განმავლობაში განსაწმენდელში გაატარეს უზენაესი სასამართლოს წევრობის კანდიდატები.

ზოგიერთი კედელთან მიაყენეს. ერთ მოსამართლე ქალბატონს, მაგალითად, გაუხსენეს, რომ წინა ხელისუფლების დროს სამართალში მიცემულ ახალგაზრდა კაცს მან სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. ციხეში ყოფნის მეთერთმეტე წელს აღმოჩნდა, რომ ის ახალგაზრდა უდანაშაულო იყო და სასამართლოს დარბაზიდან გაათავისუფლეს.

ასეთი კანდიდატებიც ჰყავდათ შერჩეული და პარლამენტში დასამტკიცებლად წარდგენილი.

რადიკალური ოპოზიცია განხილვა-დამტკიცების ამ პროცესში არ მონაწილეობდა: ბალერინებისა და ბალერონების მესამე პოზაში დადგნენ, გადაჯვარედინებული ხელები ერთმანეთს ჩასჭიდეს, “მხარი მხარს მისცეს”, ამირანის იმიტირებულ ჯაჭვის ფრაგმენტივით რუსთაველის პროსპექტზე დაებნენ, ვითარცა კავკასიონის დევდარაკზე დაკიდულ სამ მყინვარზე.

ღმერთთან მებრძოლი ამირანები.

მეგონა, რომ გავშიფრე მათი გრანდიოზული ჩანაფიქრი.

შევცდი.

დასცხო ორკესტრმა:

ტრამ ტარ ტრამ პა, პარარარამპა,

ტარარარა ტიი

პატარა “გედების ცეკვა” ჩაიკოვსკის ბალეტიდან “გედების ტბა”, რომლის ტელეტრანსლაციით მოსკოვი გვატყობინებდა სამგლოვიარო დღეების გულდაწყვეტილობას: ერთმანეთის მიყოლებით “მიდიოდნენ რა ჩვენგან” პარტიის გადაბერებული ლიდერები.

ჩვენ ვგლოვობდით, თქვენ კი _ ჩტო ნადელალი?!

ციხეში გიკვდებოდათ შიმშილისგან დაოსებული ლიდერი. თქვენ კი ოსანას უგალობდით ნიკანდრო მელიას ხელმძღვანელობით.

ბრიყვია ეგ თქვენი დირიჟორი.

ამასობაში ამირანის ჯაჭვის ფრაგმენტები დაიღალნენ და დაიშალნენ.

ხოლო შაბათ საღამოს, ანუ 27 ნოემბერს, TV პირველის ეთერში მაინცდამაინც მოსამართლის მანტია რომ ეცვა, ის მოსამართლე _ ლია ორკოდაშვილი _ ისე ლაპარაკობდა, რომ, დავიჯერე _ ორშაბათს, სასამართლოს სხდომის დაწყებამდე ციხიდან გაათავისუფლებს მესამე პრეზიდენტს _ სააკაშვილ მიხეილს.

სამი ამათთვის საკრალური რიცხვია.

სამი მოსამართლე, მესამე პრეზიდენტი.

ყოფილი. ანუ ნაპრეზიდენტარი.

ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი, რომელიც მოსამართლეებთან გასაუბრებაზე მიწვეული იყო, პროტესტის ნიშნად არ მიბრძანდა პარლამენტში _ ჩვენს შეთანხმებულ კარაბადინში ეგრე არ წერიაო.

იმას არ ანაღვლებს, რომ ჩვენ სასამართლოებში წლების განმავლობაში ვერ განიხილავენ ასობით საქმეს მოსამართლეების სიმცირის გამო.

ცოტანი არიან.

ხომ არ გვირჩევს, სააკაშვილის დროს რომ იყო, ისე, გაუსამართლებლად ჩავყაროთ ხალხი ციხეებში და გიორგი შენგელაიას “ვერის უბნის მელოდიების” პოლიციელთა სიმღერის (მარშის) მისამღერი სტროფი შუბლზე დავიწეროთ:

ერია თუ ბერია,

ყველა დასაჭერია,

დასაჭერია”…

ერთი დაიჭირეს. ციხეში ზის და ჭირვეულობს _ “დედა მინდა, დედა მინდა”… მაგაზე ერთი ნამდვილი ამბავი ვიცი. მთლად მელაძეობა რომ არ გამომივიდეს, მინიშნებებით გადმოგცემთ.

მაშ, აშხარუმ!

მაშინ მიშა მხოლოდ დეპუტატი და მოქალაქეთა კავშირის ფრაქციის თავმჯდომარე იყო. იგი და ცხონებული ზურაბ ჟვანია ბევრ საკითხში ვერ თანხმდებოდნენ და მწვავედ უპირისპირდებოდნენ ერთმანეთს, _ მიყვება ერთი თვითმხილველი და მოწმე.

მიშას ისტერიკა ემართებოდა, ისე ამოვარდებოდა კალაპოტიდან, რომ პარლამენტის აპარატისა და კანცელარიის თანამშრომლები იძულებულნი იყვნენ, დედამისი გამოეძახათ პარლამენტში: მხოლოდ ქალბატონ გიულის შეეძლო მისი დაწყნარება.

იმ პერიოდში ქვეყანაში უმძიმესი მდგომარეობა რომ იყო, ცნობილია. მუშაობა დილიდან გვიან ღამემდე გრძელდებოდა. ხშირად შესვენების გარეშე გადაედინებოდა მომდევნო საქმიან დღეში.

_ ერთხელ, უკვე კარგად შეღამებულზე, _ აგრძელებს თხრობას, _ ჩემთან აქლოშინებული შემოვარდა ზურაბის ერთ-ერთი თანაშემწე და აღელვებულმა მთხოვა: პატივი დამდე, გენაცვალე, მეორე კორპუსის სადარბაზოსთან გადი და ქალბატონი გიული ალასანია შემოიყვანე! მიშას სიგიჟე დაემართა, ყვირის, კივის და ლამის ყველაფერი დალეწოს. ვერ გავაჩერეთ!

გავვარდი და გამოვუძეხი ქალბატონ გიულის ზურა ჟვანიას კაბინეტისკენ, სადაც თმააწეწილი და თვალებგადმოკარკლული მიშა ბობოქრობდა.

შეწუხებული დედა მაშინ ძალიან თავმდაბალი და მორიდებული ქალი იყო, აღელვებული მიყვებოდა, რომ მიშას ისეთ დაძაბულ სიტუაციაში უწევს მუშაობა, ისეთ დღეში აგდებენ, რომ ფსიქიკური შეტევები ხშირად ემართებაო. ჩემს მეტი ვერავინ ამშვიდებსო. ვმკურნალობთო…

ცოტა ხნის შემდეგ დავინახეთ, რომ პარლამენტის დერეფანში დატუქსული ბავშვივით შერცხვენილი და თავდახრილი შინისკენ მიჰყვებოდა დედას დეპუტატი მიშა.

ამ ბოლო დღეებში გიული ალასანია სულ უფრო ხშირად რომ მიდიოდა გლდანის ციხეში, იმავე მიზეზით ხომ არა, რომლის გამოც წლების წინათ საქართველოს პარლამენტში იძახებდნენ და რაზეც იქაური აპარატის ყოფილი თანამშრომელი მელაპარაკა?

ან, იქნებ, პუტინის ბრალია, როგორც ჩვენი ყველა უბედურების მოთავისა და ორგანიზატორის, რომელიც (რუსეთის პრეზიდენტი) ძილს უფრთხობს აშშ-საც, დიდ ბრიტანეთსაც, საფრანგეთს, პოლონეთსა და უკრაინას, ლიეტუვას, ლატვიას, ესტონეთს, ყოფილი სოცბანაკის ქვეყნებს და სრულიად დედამიწას? დევნილების პრობლემის გამწვავებაც ხომ მისი პოლიტიკის შედეგია!

ამასთან დაკავშირებით ისრაელის საზოგადო და სამხედრო მოღვაწე იაკობ კედმი სარკასტულად შენიშნავს თავის გამოსვლებში:

_ ასეთი რამ, ალბათ, დასავლეთის პრესსამსახურების პროფესიული შეცდომის გამო ხდება, რომლებიც დროზე ვერ მიხვდნენ, რომ თხუთმეტ და თექვსმეტ წლებში სწორედ პუტინმა საფუძველი დაუდო აფრიკელების ლტოლვას ევროპისკენ, ის იყო ორგანიზატორი.

ჰკითხონ ამის შესახებ მი-6-ის სპეციალისტს, იგი იმ წამსვე უპასუხებს, რომ თვითმფრინავის იძულებითი დაშვება ესპანეთში, როცა მგზავრების ნახევარი აეროპორტიდან მთელ ქვეყანაში მიმოიფანტა, ორგანიზებული იყო პუტინისა და ლუკაშენკოს მიერ. იმიტომ, რომ იქ და იმ დროს ვიღაცამ ცუდად იგრძნო თავი. ამის გამკეთებელი მხოლოდ ლუკაშენკოა, სხვას არავის უცდია.

სიმართლემ გამარჯვება იზეიმა: ყველა ლტოლვილი, რომელთა მასაც დააცხრა მთელ ევროპას ბოლო 10 წლის განმავლობაში, პუტინისა და რუსეთის მოწყობილი პროვოკაციის შედეგი იყო.

დაბოლოს, როგორც იქნა, იმათ (დასავლეთის სპეცსამსახურებმა) ამხილეს ისინი _ რუსები. ახლა მხოლოდ ისღა დარჩა გასარკვევი და დასამტკიცებელი, რომ მსოფლიო დათბობაც პუტინისა და ლუკაშენკოს ბრალია.

ან _ მხოლოდ პუტინის, რადგან ლუკაშენკო კარტოფილის მოსავლიანობის ზრდით იყო დაკავებული.

ეს აშკარავდება პუტინის განცხადებით, რომ რუსეთში ამუშავებენ ახალი სახეობის იარაღს, რომელიც ფიზიკის ახალი პრინციპების საფუძველზე იმოქმედებს.

მზის დაბნელება პუტინის ბრალია, მსოფლიო გლობალური დათბობა რუსეთის მოქმედების შედეგია. თუ კარგად დააკვირდებიან _ ჩრდილოეთ აფრიკიდან ლტოლვილთა შორის ხან _ აქ, ხან _ იქ გამოკრთებიან პეტროვი და ბაშიროვი _ მი-6-ის და ინგლისის პრესის მტკიცებით დიდ ბრიტანეთში ტერორისტული თავდასხმების მომწყობნი.

ეცინებათ სატელევიზიო საერთაშორისო პროგრამის წამყვანებსა და მიწვეულ ექსპერტებს.

საქართველოში ოპოზიციის ყველა და ხელისუფლების ზოგიერთი “წამყვანი ექსპერტეი” ერთმანეთს რუსეთისთვის უმეტესი ქიშტის წაკვრაში ეჯიბრებიან, რაც სულაც არ არის გართობის საშუალება, რადგან მუშტების ამ ქნევაში ჩვენც მოგხვდება და ძალიან მტკივნეულად.

ამათი აზროვნების პრიმიტიულობისა და სწორხაზოვნობის მაჩენებელიც ეგაა.

ხოლო ჩემგან მხილობა ამათ საკურთხეველში ჩემი შეჭრის არცთუ ეფექტიანი მცდელობაა.

თუ ამ თემის ხალხში გატანის აქციების დროს ნაცების ჰიპერაქტივისტი ხაბეიშვილის ტინგიცობა უადგილო ადგილის შეხიცინებასავითაა, მისი დამქოქავების მაღალგონიერება სერიოზულ ეჭვსა ბადებს.

ეს თავგადახოტრილი მექანიკური ფორთოხალი!

ასეთებისგან იკრიბება დღეს სააკაშვილის გარემოცვა. ციხის წინ, ჰოსპიტლის წინ, სასამართლოს წინ, შიგადაშიგ პარლამენტის წინ მოწყობილი მიტინგების შემტევი ძალა, მინუს ნიკანდრო მელია

სააკაშვილმა ორშაბათს, გუშინწინ თითქმის საათნახევრიან სიტყვაში, რაც ვუსმინე, ორჯერ წარმოთქვა _ საქართველოს სახელმწიფოს დამფუძნებელი ვარო. შეცდომებიც მქონდა და გადაცდომებიც, მაგრამ დანაშაული არ ჩამიდენიაო.

სახელმწიფოს დამფუძნებელი არ შეიძლება იყოს დამნაშავე! ისეთი დაბეჯითებით აცხადებდა, თითქოს მოსამართლე ქალბატონებს კარნახს აწერინებდა.

გასდიოდა და გასდის!

არმაზ სანებლიძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here