მთავარი ეკონომიკა პროდუქტები ძვირდება, შემოსავალი იგივე რჩება და მოსახლეობა ნელ-ნელა ეჩვევა შიმშილს

პროდუქტები ძვირდება, შემოსავალი იგივე რჩება და მოსახლეობა ნელ-ნელა ეჩვევა შიმშილს

391
გააზიარეთ
პროდუქტები ძვირდება, შემოსავალი იგივე რჩება და მოსახლეობა ნელ-ნელა ეჩვევა შიმშილს

რამდენიმე დღის წინათ თურქეთიდან სარფის საბაჟოს გავლით საქართველოში 25 ტონა კარტოფილი შემოვიდა. სანიტარული, ფიტოსანიტარული და ვეტერინარული კონტროლის სამმართველოს თანამშრომლებმა შეამოწმეს პროდუქცია და კვლევისთვის აღებულ ნიმუშში მავნე ორგანიზმი, კერძოდ, სოკოვანი დაავადების _ კარტოფილის კიბოს არსებობა დადასტურდასაქართველოს მთავრობის დადგენილების თანახმად, დაავადებული საქონელი უკან, ექსპორტიორ ქვეყანაში დააბრუნეს.

პარადოქსია, მაგრამ ფაქტი, რომ სარფის საბაჟოს გავლით თურქეთში საქართველოდან ასობით ტონა ახალციხისა და წალკის კარტოფილი გადის. რეალურად, აქ მოწეული კარტოფილი ჩვენ არ გვყოფნის, მაგრამ გასაყიდად გაგვაქვს და უცხო ქვეყნიდან კი შემოგვაქვს. ძაღლის თავიც ამ გატანა-შემოტანაშია დამარხული. თვითონ თურქეთსაც (არამხოლოდ თურქეთს _ ირანს, აზერბაიჯანს) არ ჰყოფნის თავისი პროდუქტი, მაგრამ საქართველოში შემოაქვს, აქედან კი გააქვს და მიზეზი არის ის, რომ ქართული კარტოფილი შემოტანილს ათი თავით სჯობს. შედეგად, ვიღებთ იმას, რომ უცხო ქვეყნები საკუთარ ხალხს უფრთხილდებიან, ჩვენ _ არა. ვყიდით კარგს, ვყიდულობთ ცუდს და ამით ორმაგად ვზარალობთ: დახლზე ქართულ კარტოფილს სხვა ფასი აქვს, ბითუმად ნაყიდს _ სხვა. ასე რომ, გლეხი ცალკე ზარალობს, იაფად რომ აძლევს საქონელს; მომხმარებელი _ ცალკე, ძვირად რომ ყიდულობს არცთუ სასარგებლო პროდუქტს.

თავი დავანებოთ კარტოფილს და ყურძენზე ვთქვათ, პროდუქტზე, რომელზეც ლამის სრულიად საქართველოს ისტორია გვაქვს მიბმული და ღვინის სამშობლოდ ვიწოდებით. მიმდინარე წლის იანვრიდან აგვისტოს ჩათვლით საქართველოდან ექსპორტზე 50 100 დოლარის ღირებულების 26.3 ტ ყურძენი გავიდა. ამ თანხიდან 22 600 დოლარის ყურძენი აზერბაიჯანს მივყიდეთ, 13 800 დოლარის _ რუსეთს, 12 100 დოლარის _ სომხეთს, ხოლო უკრაინაში 1 600 დოლარის ყურძენი გასაღდა. იმავე პერიოდში საქართველოში 541 100 დოლარის ღირებულების 561.7 ტონა ყურძენი შემოვიდა და გაიყიდა. როგორ გგონიათ, საიდან შემოვიდა ყველაზე მეტი? სწორია _ სომხეთიდან, რომლის წილი 355 200 დოლარია, მას რიგში თურქეთი უდგას 117 300 დოლარით. სატირალია ის, რაც ახლა მოგახსენეთ. ჩვენ ვყიდით ათჯერ ნაკლებ ყურძენს, ვიდრე ვყიდულობთ და თანაც, რომელი ქვეყნებიდან? ახლა არ მითხრათ, სომხეთსა და თურქეთში ვაზის მოვლა ქართველებზე უკეთ იციან, უფრო დიდი ტრადიციები და ისტორია აქვთო. არა, ბატონებო, მათ არც ვაზის მოვლა იციან ჩვენზე უკეთ და არც ყურძნის ფასი, მაგრამ მათ შენახვა იციან. ააშენეს ამ ქვეყნებში სამაცივრე მეურნეობები და, პრაქტიკულად, მთელ მოსავალს მაცივრებში ინახავენ. ღვინის ქარხნებსა და სახელმწიფოს კი არ ეხვეწებიან, _ არიქა, სუბსიდია მოგვეცი და ძვირად ჩაიბარეო, არამედ ინახავენ და მაშინ, როცა ყურძენი სანატრელი ხილია, ექსპორტზე გააქვთ. რადგანაც საქართველოში ყურძენი წლის ნებისმიერ დროს ფასობს, ჩვენთან დიდი ოდენობით შემოდის და საღდება კიდეც. ზუსტად ისე, როგორც შემოდის იმავე სომხეთიდან და თურქეთიდან გარგარი, ატამი, ვაშლი… ეს პროდუქტებიც მაცივრებში აქვთ შენახული და, თუ სეზონზე ჩვენთან კარგი ატამი და ვაშლი შეიძლება ლარად იყიდო, ზამთარში მისი ფასი ხუთჯერ მეტია, ე.ი., ხუთჯერ ძვირად ვყიდულობთ და ჩვენი ფული სხვა ქვეყნებში მიდის.

სანამ მთავარ სათქმელზე გადავალ, მოდი, იმ ფასნამატს გადავხედოთ, შარშანდელთან შედარებით წელს რომ გვაქვს პროდუქტებზე. საქსტატის ცნობით, 2020 წლის სექტემბერში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 0,7 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 3,8 პროცენტი შეადგინა. შესაბამისად, გაძვირდა ყველაფერი და, კონკრეტულად, ციფრებში ეს ასე აისახა _ ყავა, ჩაი და კაკაო გაძვირდა 14,4 პროცენტით, თევზეული _ 11,7 პროცენტით, ზეთი და ცხიმი _ 11,1 პროცენტით, პური და პურპროდუქტები _ 8,7 პროცენტით, ხილი და ყურძენი _ 8,2 პროცენტით, რძე, ყველი და კვერცხი _ 6,1 პროცენტით, ხორცი და ხორცის პროდუქტები _ 5,7 პროცენტით, მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები _ 5,1 პროცენტით, შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული _ 4,1 პროცენტით, თამბაქოს ნაწარმი _ 13,3 პროცენტით, ალკოჰოლური სასმელები _ 5,1 პროცენტით, პირადი ჰიგიენის საშუალებები _ 13,0 პროცენტით…

და ამ გაძვირების ფონზე ადამიანებს შემოსავალი არ მომატებიათ. შეგნებულად არ ვამბობ ხელფასი-მეთქი, რადგან ჯერ ისედაც ჭირდა სამუშაო ადგილები და ახლა, პანდემიის პირობებში, სამუშაო სანთლით საძებარია, შესაბამისად, ხელფასების მატება რომც მომხდარიყო, ამას მოსახლეობის უმრავლესობა ვერ იგრძნობდა. საინტერესო ის არის, რომ ანალოგიური რამ მოხდა შარშანაც _ დაახლოებით ამ პროცენტულობით მოიმატა ფასებმა პროდუქტებზე, მოსახლეობის შემოსავალი კი იგივე დარჩა. რა გამოდის? პროდუქტები ძვირდება, ადამიანების შემოსავალი იგივე რჩება და მოსახლეობა ნელნელა, მაგრამ მყარად ეჩვევა შიმშილს.

საქართველოს ბიუჯეტი გადასახადებზე რომ დგას, უცხო არავისთვისაა. ჰოდა, როდემდე შეძლებს დაუსაქმებელი დამოჩალიჩემოსახლეობა ამ გადასახადების გადახდას, როდემდე ექნება ამის უნარი, არავინ იცის. სახელმწიფო კი არ თუ ვერ ფიქრობს რამის წარმოებაზე, რაღაც ისეთის შექმნაზე, რომელიც ქართულ ეკონომიკას სულს მოათქმევინებს. სამაცივრე მეურნეობა ავიღოთ. სომხეთმა თუ შეძლო, ჩვენ რატომ ვერ ვახერხებთ? ნუთუ ასე ძნელია, იმ უზარმაზარ დაუსახლებელ ტერიტორიებზე, რომელსაც ვერაფერში ვიყენებთ (საგარეჯოს რაიონში, დასავლეთში მიტოვებულ სოფლებში), შეიქმნას რამდენიმე ისეთი სამაცივრე მეურნეობა, რომლებიც შეძლებს ტონობით ყურძნის, ვაშლისა და ატმის შენახვას, და მერე ჩვენ გავყიდოთ ხუთმაგ ფასში თუ უარს იტყვის ვინმე ქართულ პროდუქტზე? სამუშაო ადგილებს თავი რომ დავანებოთ, გლეხის მიერ ნაწარმოებ პროდუქტს ფასი დაედება, მაგრამ ამაზე რატომღაც არავინ ფიქრობს. უფრო მარტივია სხვა ქვეყნიდან შემოტანა, სხვა ქვეყნის პროდუქციის გასაღება და იმაზე არ ვფიქრობთ, რომ ეს პროდუქცია, რომელიც მწარმოებელსაც კი არ უნდა და სხვებსტენის”, ჩვენი და ჩვენი შვილების ორგანიზმში წლების განმავლობაში ილექება და, თუ ვინმეს ჰგონია, რომ სიმსივნური დაავადებების გახშირება დიდწილად უვარგისი საკვების ბრალი არ არის, ძალიან ცდება.

წინასაარჩევნო პერიოდი გვიდგას და, ნებისმიერი პარტიის პროგრამას რომ გადახედოთ, საინტერესო რაღაცებს იპოვით. ოპოზიცია, ძირითადად, სამუშაო ადგილების შექმნით “იმუქრება”, ხელისუფლებამ იცის, რომ სამუშაო ადგილებს არ შექმნის და აღარც გვპირდება. პრაქტიკულდ ყველა (ხელისუფლების გარდა) გადასახადების შემცირებას გვპირდება. იმ გადასახადების, რომელზეც დგას ბიუჯეტი და, ისიც რომ შეამცირონ, ხელფასებისა და პენსიების დარიგების პრობლემის წინაშე დავდგებით. სამუშაო ადგილების შექმნას კი გვპირდებიან, მაგრამ როგორ, არავინ ამბობს. გამოდის, სიტყვაზე უნდა ვენდოთ. ასე ვენდეთ ჯერ ნაციონალებს, მერექართულ ოცნებასდა გადაჭრით შეიძლება იმის თქმა, რომ სხვაც იმავე წრეზე წაგვიყვანს. ხელისუფლებაში მისულთ აღარ ახსოვთ, რომ სამუშაო ადგილებია შესაქმნელი, რადგან ისინი დასაქმებულები არიან და პრინციპით, მაძღარს მშიერიც მაძღარი ეგონაო, გაოცებულები სვამენ კითხვას _ როგორ, საქართველოში ბავშვები შიმშლობენ?” ბავშვები რომ შიმშილობენ, ვიცით, მაგრამ იმ მშობლებზე რა ვთქვათ, ბავშვების ხათრით ლუკმას რომ იკლებენ და საკვებს მათ უტოვებენ? გასულ კვირას სოფელში მისულმა დეპუტატობის ერთ-ერთმა კანდიდატმა იქაურებს განუცხადა: გზას დაგიგებთ, გარე განათებას გავაკეთებთო; მოხუცმა კი უთხრა: რა გზა და განათება, შვილო, გვშია, საჭმელი მოგვეციო. აი ეს არის მწარე რეალობა, რომელშიც ვცხოვრობთ და ამ სიმწარეს ეროვნული ვალუტის გაუფასურებაც ემატება. ყველაზე საინტერესო, იცით, რა არის? ფინანსთა მინისტრი, ეკონომიკის მინისტრი და არაერთი ძალად ექსპერტი ლარის გაუფასურებას, ძირითადად, საზოგადოებაში არსებული ცუდი მოლოდინით ხსნის _ საზოგადოებას ჰგონია, მომავალში უფრო გაჭირდება ცხოვრება და ეს მოლოდინი ლარს აუფასურებსო. ათი დღეა, სომხეთი და აზერბაიჯანი ომობენ და მათი ვალუტები არ გაუფასურებულა. რა გამოდის? ჩვენთან მშვიდობიან პერიოდში მოსახლეობას აქვს ცუდის მოლოდინი და ქვეყნებში, სადაც ომი მძვინვარებს, ხალხი იხოცება, კარგის მოლოდინის იმედად არიან და ვალუტა მყარად ამიტომ დგას? ხვდებით თქვენი სიტყვების აბსურდულობას, ბატონებო? ლარის სიმყარე პირდაპირ არის მიბმული ეკონომიკის სიმყარეზე და იმის გამო, რომ მოსახლეობა დღითიდღე გადასახადების გადახდის უუნარო ხდება, ლარიც დღითიდღე უფასურდება _ შესაბამისი რეაქცია აქვს მიმდინარე პროცესებზე, ამიტომ, გზა და განათება კი არა, იმის შესაძლებლობა მიეცით ადამიანებს, პურის ფული ჰქონდეთ და საღამოს მშივრებმა არ დაიძინონ.

ბესო ბარბაქაძე

გააზიარეთ

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here