Home რუბრიკები საზოგადოება პრობლემებით სავსე დედაქალაქი

პრობლემებით სავსე დედაქალაქი

801
პრობლემებით სავსე დედაქალაქი

გასული საუკუნის სამოცდაათიან წლებში საქართველოს მოსახლეობის (განსაკუთრებით _ თბილისელთა) ყურადღება მიიპყრო ცნობილი მწერლის, გურამ ფანჯიკიძის, კრიტიკულმა სტატიამთბილისი გუშინ, დღეს, ხვალ”. მწერალი ყურადღებას ამახვილებდა დედაქალაქში არსებულ ნაკლოვანებებზე ობიექტურად, საქმის ღრმა ცოდნით, გულისტკივილით, კეთილმოსურნე თბილისელის პოზიციიდან. სტატიამ, რომელიც ცენტრალურ პრესაში დაიბეჭდა, დიდი გამოხმაურება ჰპოვა საზოგადოებაში, რომელიც იზიარებდა ავტორის კრიტიკულ შეფასებას და იმედოვნებდა, რომ მწერლის მიერ ნასროლი ისარი მიზანს მიაღწევდა. შეგახსენებთ _ იმჟამად გაზეთში გამოქვეყნებულ კრიტიკას, სატელევიზიო გადაცემას, ქვეყნის ხელმძღვანელებისთვის მიწერილ წერილს უმალ მოჰყვებოდა ხოლმე საკითხის შესწავლა და გადამჭრელი ზომების მიღება.

ხალხისა და ხელისუფლების ურთიერთდამოკიდებულება დავიწყებას მიეცა. არადა, მას სწორედ დამოუკიდებელი ცხოვრების პირობებში უნდა ჰქონოდა მეტი გასაქანი, ვიდრე საბჭოურ პერიოდში. თანამედროვე ცხოვრება გაჯერებულია სუბიექტური ინფორმაციით, ტყუილ-მართლით, ლანძღვა-გინებით, დაუმსახურებელი ქება-დიდებითა და სხვა ნეგატიური ცნობებით, რომელთა გამოც საზოგადოების ყურადღება ისე მოდუნდა, რომ რეაქცია აღარ აქვს. ანალოგიური სენი ხელისუფლებასაც შეეყარა. მას არ აინტერესებს, რას წერენ გაზეთები, რას ამბობს ტელევიზია, რადიო, ინტერნეტი _ აქებენ თუ აგინებენ. მოკლედ, ხელისუფლება სრულ ინდიფერენტიზმს ავლენს მედიაში გამოქვეყნებული კრიტიკის მიმართ. მისი დევიზი მარტივია, ისეთი, საუკუნეებს რომ გაუძლო _ ძაღლი ყეფს, ქარავანი მიდის”.

საბჭოურ სისტემას, დღეს რომ დაუზოგავად ვლანძღავთ და ვაგინებთ, ბევრი კარგი თვისება ჰქონდა, მაგალითად, მოქალაქეთა მიღება. სკკპ ცენტრალური კომიტეტით დაწყებული, ადგილობრივი ხელმძღვანელი ორგანოებით დამთავრებული, ყოველ ორშაბათს კარს უღებდნენ რიგით მოქალაქეებს, პირადი თუ საზოგადო საქმისთვის მისულთ, უსმენდნენ მათ და უგვარებდნენ პრობლემებს.

ეს “მავნე” პრაქტიკაც ისტორიას ჩაბარდა. ხალხი ისე უდგება ხელისუფლებას, როგორც სავაჭრო ობიექტს, დაახლოებით ასე: თუ მომცემ ფულს ან სურსათსანოვაგეს, მოგცემ ხმას. ამომრჩეველმა იცის _ თუ რამეს წაღლეტს ხელისუფლებას, მხოლოდ არჩევნების წინ, შემდეგ ამომრჩეველი იქცევა პრობლემებით სავსე მასად, რომლისკენაც ხელისუფლებას გახედვაც არ სურს.

ვატყობ, ხელი გამექცა, დიდი შესავალი გამომივიდა, მაგრამ რეალობა მაიძულებს, ვთქვა ის, რაც ხელისუფლებას არ მოეწონება, თუმცა მაინცდამაინც არც იმის იმედი მაქვს, რომ ამ წერილს წაიკითხავს…

თუ რამ კარგი აქვს თბილისს, ეს არის შესანიშნავი ლანდშაფტი და ძველი უბანი, რომელშიც ისტორიული უძველესი ძეგლები თავს აწონებენ შინაურსა და გარეულს _ ნარიყალა, მეტეხი, სიონი, ქარვასლა, ეკლესია-მონასტრები, სინაგოგა, მეჩეთი, რესტორან-ტავერნები, კაფეები… რომელი ერთი ჩამოვთვალო. ძველი ქალაქი მაგნიტივით იზიდავს ტურისტებს. არაერთხელ მინახავს, ამ სილამაზით აღტაცებულნი, გაფაციცებით როგორ აღბეჭდავენ ნანახს ვიდეოკამერებზე. იმასაც შევსწრებივარ, რა გაოცებით შეჰყურებენ ძველ ქალაქში ისარივით შეჭრილ, გაუგებარი დანიშნულებისა და მდარე გემოვნების ორ დაუსრულებელ ნაგებობას _ თუნუქით გადახურულ “ტრუბებს”და საჯარო რეესტრის გაუგებარ არქიტექტურას, რომლებსაც ძველ ქალაქში დისონანსი შეაქვს.

პრობლემებით სავსე დედაქალაქი

ეს “შემოქმედება” სააკაშვილის ნაღრძობი ტვინის პირმშოა. იცვლებიან თბილისის მერები, იცვლება ხელისუფლება. ეს საშინელება უცვლელი რჩება. როგორც ჩანს, “საოცნებო” ხელისუფლება დიდი რუდუნებით ცდილობს, შეუნახოს არქიტექტურული “შედევრები” იდეის ავტორ სააკაშვილს.

* ტუტუცი სააკაშვილის მეორედ მოსვლას ელოდება ველოსიპედის “მონუმენტი”, სხვა ღირსშესანიშნაობები, რომლებითაც დაგვაჯილდოვა “ყველაფრისმცოდნე” (მათ შორის ხუროთმოძღვრების) სააკაშვილმა. დაჟანგული, შიფერმიკრული ბოძის სახეს ტოვებს გმირთა მოედნის შუაგულიდან ამოწვერილი “გაუგებრობა”, რომელსაც თბილისელებმა ხუმრობით ფალოსი შეარქვეს.

მემორიალი სიმშვიდეს, სიწყნარეს, სიწმინდეს, გახსენებას, პატივის მიგებას უკავშირდება, რაც შეუძლებელია ავტომანქანების მოჭარბებულ გუგუნსა და დაბინძურებულ ატმოსფეროში.

* ვაკის პარკში არსებული დიდ სამამულო ომში დაღუპულთა და უცნობი ჯარისკაცის სამარადისო სასუფეველი ფართოდ გაუღებდა კარს გმირთა მოედანზე არსებულ მემორიალს, რომელიც თავისი შინაარსითა და დანიშნულებით, შესანიშნავად შერჩეული ადგილით სწორედ ისაა, აფხაზეთის ომში დაღუპულებს რომ შეეფერება.

* 7 წელიწადია, “ოცნება” მართავს ქვეყანას, ეს საკმაოდ დიდი დროა იმისთვის, რომ ძველ ქალაქში გადებული “ორი ტრუბა” დაესრულებინათ, ველოსიპედი, გმირთა მოედნის სვეტი-ფალოსი დაშლილიყო და ძველ ადგილს დაბრუნებოდა დავით აღმაშენებლის ძეგლი.

მერია აცხადებს, რომ ფინანსები არ აქვს. იქნებ ის, რაშიც მერია ფულს ხარჯავს, შეწყდეს და გაკეთდეს ის, რაც აუცილებელია.

* მერიამ გვამცნო, რომ “დედა ენის” ბაღი და მეორე ბაღი, რომელშიც მხატვრებმა დაიდეს ბინა, მიწისქვეშა გვირაბით დაუკავშირდება ერთმანეთს. არ მგონია, რომ ამ ბაღების ერთმანეთთან დაკავშირება აუცილებლობით იყოს გამოწვეული. ფული, რომელიც ამ გვირაბის მშენებლობაში იხარჯება, ეყოფოდა თუნდაც ველოსიპედის გადატანას, დავით აღმაშენებლის დაბრუნებას, გმირთა მემორიალის ვაკის პარკში გახსნას და მერიის წინ დაუმთავრებელი შენობის ჩონჩხის დემონტაჟს.

დღეს ეს ჩონჩხი რეკლამით არის დაფარული. როგორც ჩანს, ყველა მერს მოსწონს ცხვირწინ აფარებული დაუმთავრებელი კარკასი, თორემ შესაბამის თანხებსაც გამოძებნიდა მის დასანგრევად. ცალკე თემაა ქუჩების დავიწროება, ცალმხრივი მოძრაობის გაკეთება, ველობილიკების მოწყობა. თბილისისთვის მსგავსი მშენებლობის წარმოება გრანდიოზულის კატეგორიაში გადის _ ცვლის ქალაქის ცხოვრებას, ქალაქელთა ყოფას და ა.შ. პროექტის განხორციელება მოსახლეობასთან, სპეციალისტებთან და არქიტექტორებთან შეთანხმებით უნდა ხდებოდეს.

* უარესდება ტრანსპორტის მოძრაობა, მატულობს ავტომანქანების მომწამვლელი გამონაბოლქვი, გაძვირებული საწვავის პირობებში, დანიშნულებამდე მისვლაში იხარჯება ზედმეტი საწვავი. კოსტავასა და პეკინის ქუჩების ცალმხრივად გადაკეთებამ და ამ ქუჩებზე ველობილიკების მოწყობამ ბუდაპეშტის, ვაჟა-ფშაველასა და სხვა პატარა ქუჩებზე მუდმივი საცობები გააჩინა, რაც ჰაერის დაბინძურებას იწვევს და ტრანსპორტით მოსარგებლე ადამიანთა დროის ხარჯვას, ნერვიულობას.

ჩნდება კითხვა: დღეში რამდენი ადამიანი სარგებლობს ველობილიკით? _ დღიდან გაკეთებისა თითოოროლა. და რატომ?

თბილისი მთაგორიანი ქალაქია და ველოსიპედის ტრანსპორტად გამოყენება შეუძლებელია. გარდა ამისა, ახალგაზრდები, რომლებმაც ველოსიპედით უნდა იარონ, შავი “ჯიპებით” დადიან. მათ ვერავინ აიძულებს ველოსიპედზე გადაჯდომას.

* ძველი მოძრაობის ახლით შეცვლა მხოლოდ მაშინ არის მიზანშეწონილი, თუ მოქალაქეთა გადაადგილებას პრობლემები არ შეექმნება. ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, მერიის მუშაკები შეგნებულად უმწარებენ ცხოვრებას ავტოტრანსპორტით მოსარგებლეებს.

“ავადსახსენებელ” საბჭოეთის პერიოდში ვახერხებდით 24-საათიან მუშაობას გარე კომუნიკაციების ან მიწისქვეშა გადასასვლელების მოწყობისას, მაშინ, როცა მუშახელი ძალიან ჭირდა და დღეს რატომ არის რთული სადღეღამისო მუშაობის ორგანიზება, როცა უმუშევართა მრავალრიცხოვანი არმიაა?

* დისტრიბუცია და ნაგვის გატანა შეიძლება რვა საათის შემდეგ განხორციელდეს, როდესაც პიკის საათი დასრულდება.

მერიამ გვაუწყა, რომ ჭავჭავაძის პროსპექტზე ნაგვის ყუთები ავტომატურად მიწაში დაიმალება, რადგან ნაგვის ყუთები არასახარბიელო შესახედავიაო. კეთილი, მაგრამ გაცილებით ცუდი შესახედავია ამ პროსპექტზე არსებული სახლების ფასადები, დაზიანებული საწვიმარი მილებითა და ჩამოცვენილი ბათქაშით, უამრავი მავთულხლართით. კარგა ხანია, თბილისის ცენტრალური ქუჩების შენობებს რემონტი არ ღირსებია. დარწმუნებული ვარ, ნაგვის ყუთების ავტომატური ჩასვლა-ამოსვლა უმალ გამოვა მწყობრიდან და ახალი პრობლემა გაჩნდება.

მეგობრებო, შევეშვათ “ნოვაციას”, ვაკეთოთ ის, რისი გაკეთებაც შეგვიძლია. ასეთი ექსპერიმენტებისთვის მზად არ ვართ, ისევე, როგორც ჭავჭავაძის პროსპექტის შუა ნაწილში ავტობუსებისთვის სავალი გზის მოსაწყობად. მერიას გადაწყვეტილი აქვს, როგორც ჭავჭავაძის, ისე რუსთაველის პროსპექტებზე მსგავსი ნოვაციის განხორციელება. გარდა იმისა, რომ ეს პროექტები დიდძალ ხარჯთან არის დაკავშირებული, პრობლემებს შეუქმნის მოსახლეობას, ტრანსპორტის მოძრაობას, დაანგრევს ისტორიულს, ტრადიციულს, ვოლუნტარისტულად და დაუფიქრებლად.

* ქალაქში უამრავი გადაუდებელი პრობლემაა. მაგალითად, წლობით დაუმთავრებელი მშენებლობები, მიტოვებული შენობა-ნაგებობები. როდემდე უნდა უყურონ თბილისელებმა და ქალაქის სტუმრებმა ყოფილი “ზაკვოს” მიტოვებულ შენობას ან რესპუბლიკურ საავადმყოფოს, ან ჭავჭავაძის პროსპექტზე ბინძურ დოლბანდჩამოფარებულ, გადაფერდებულ, დაუმთავრებელ შენობას (“ლიბერთი-ბანკის” გვერდით), დავით აღმაშენებლის გამზირზე ყოფილი სასტუმრო “რუსთავის” და კინოთეატრ “ოქტომბრის” გამოკეტილ უნიკალურ შენობებს?

დაუმთავრებელ შენობა-ნაგებობებსა და მიტოვებულ შენობებს რა ჩამოთვლის. სწორედ აქ უნდა იგრძნობოდეს ქალაქის მერიის ხელი და არა ჭავჭავაძისა და რუსთაველის პროსპექტების დამახინჯებაში.

* მერიამ, მიუხედავად მრავალი დაპირებისა, თბილისსა და მის შემოგარენში წლების განმავლობაში არც უმკურნალა და არც მოჭრა დაავადებული და გამხმარი ფოთლოვანი და განსაკუთრებით მარადმწვანე წიწვოვანი ხეები, რომლებიც ამახინჯებს თბილისს და აღონებს თბილისელებს; მერიის ხელმძღვანელობა კი, ალბათ, ყოველ საღამოს ფუნიკულიორის რესტორანში სვამს თბილისისა და თბილისელების სადღეგრძელოს.

* მერიამ ვერც ჭავჭავაძის პროსპექტზე არსებული ყოფილი სტუდქალაქის ამორტიზებული შენობების ასაღებად მოიცალა. ვეჭვობ, ისინი ქალაქელთა გულს ან უცხოელთა თვალს ახარებდეს. ქალაქს ბევრი პრობლემა აქვს, მათი ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს. მათი გადაჭრა მხოლოდ პროფესიონალებსა და ქალაქის რთული მეურნეობის მცოდნე სპეციალისტებს ხელეწიფებათ. ნაცვლად იმისა, რომ ქალაქის მესვეურები საქმის ცოდნით, მოქალაქეთა პატივისცემით ეკიდებოდნენ მათ წინაშე არსებულ ურთულეს საკითხებს, ზედაპირულობა აშკარაა, რაც სასიკეთოდ არ წაადგება დედაქალაქს.

სასურველია, მერიის თანამშრომლები შეირჩეს ისეთი კადრებით, რომლებსაც უყვართ დედაქალაქი და პატივს სცემენ თბილისის მოქალაქეებს.

ომარ მარგველაშვილი

1 COMMENT

  1. ehh, hkavs am kveyanas patroni??? sakitxavi ai es aris!

    ar hkavs batonebo ar hkavs. xalxic gadagvarda, mtavrobam xom saertod “aickvita” da gadasulia sakutari kuchis “gadzgomaze” da bechavi sakartvelo migdebuli upatronod …rodemde??

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here