Home რუბრიკები პოლიტიკა პრემიერის პრემიერა

პრემიერის პრემიერა

2503
მამუკა ბახტაძე

საქართველოს ახალი მთავრობა ჰყავს და ყველამ იცის, რომ ის დროებითია. ეს პარადოქსული მდგომარეობა დაახლოებით ორ, დიდიდიდი სამ კვირას გაგრძელდება _ საკანონმდებლო ცვლილებების შემდეგ მთავრობას შეცვლილი სტრუქტურით დაამტკიცებენ. უმჯობესი იქნება, ეს ერთობ უხერხული პაუზა იმ პრობლემების აღსაწერად გამოვიყენოთ, რომლებსაც მინისტრთა კაბინეტი ვერ გაექცევა.

“დროებითი მთავრობის” დამტკიცების აუცილებლობა იურიდიულმა კოლიზიამ გამოიწვია. სამინისტროების რაოდენობის შემცირება, უბრალოდ, ვერ მოესწრებოდა იმ ვადაში, რომელშიც ახალ პრემიერს მთავრობის შემადგენლობა უნდა წარედგინა. სამინისტროების რაოდენობა ადრეც არაერთგზის შეუმცირებიათ, მაგრამ ამას ბიუროკრატიის რიცხოვნობისა და, მით უმეტეს, მისი გავლენის შეზღუდვა არ მოჰყოლია. ერთი მეორეს ავტომატურად არ იწვევს, მეტიც _ შეიძლება პირიქით გამოვიდეს.

“ახალ კაბინეტში აუცილებლად გვეყოლება ახალი სახეები”, _ აცხადებს პრემიერი. რაც შეეხება ამჟამად მინისტრების ჩანაცვლებას მოადგილეებით, ფინანსთა სამინისტროში ის ტექნიკურ ხასიათს ატარებს _ ბახტაძე დაწინაურდა და მისი მოვალეობის შესრულება მოადგილეს დაეკისრა. ეკონომიკის სამინისტროში საქმე გაცილებით რთულადაა. საზოგადოებამ აღიქვა ის, რაც ივნისის შუა რიცხვებში მოხდა, უპირველესად, როგორც გიორგი კვირიკაშვილის დაცემა, და დიმიტრი ქუმსიშვილს ნაკლები ყურადღება მიაქცია, მიუხედავად იმისა, რომ ის ძველ პრემიერზე არანაკლებ და, სავარაუდოდ, უფრო მეტად გავლენიანი იყო, უბრალოდ, კულისებში მოქმედებდა და ავანსცენაზე იშვიათად ჩანდა. ზოგიერთი კომენტატორი მომხდარს აფასებს, როგორც კვირიკაშვილიქუმსიშვილის ტანდემის მარცხს, რაც პარადოქსულად სწორიცაა და არასწორიც. წინაპირობა მათი ტაქტიკური ალიანსის შესაქმნელად დაახლოებით 7-8 თვის წინათ გაჩნდა, როდესაც ორივეს, წესით, საფრთხე უნდა ეგრძნო, მაგრამ იქამდე მათი გავლენის სფეროები მუდმივი “სასაზღვრო კონფლიქტის” პირობებში არსებობდა, უპირველესად, იმიტომ, რომ ქუმსიშვილი საკუთარს საკმაოდ აქტიურად აფართოებდა.

რაც შეეხება საგარეო საქმეთა მინისტრს, ჯერჯერობით ვერც ერთმა კომენტატორმა ვერ შემოგვთავაზა დამაჯერებელი ვერსია, რატომ არ შეიძლებოდა, სხვა მინისტრების მსგავსად, მიხეილ ჯანელიძე თანამდებობაზე კიდევ ორი კვირის განმავლობაში დარჩენილიყო. კვირიკაშვილისა და ქუმსიშვილისგან განსხვავებით, მას სისტემის დესტაბილიზაცია ამ პერიოდში, ალბათ, მაინც არ შეეძლო.

ერთადერთი კანდიდატიდროებით მთავრობაში”, რომლის გარშემო გარკვეული დაძაბულობა შეიქმნა, თეა წულუკიანია. ნაციონალებს (“მიშისტურთუევროქართულშეფუთვაში _ მნიშვნელობა არ აქვს) სურთ, რომ მან თანამდებობა დატოვოს, რადგან ის, პრაქტიკულად, ბოლო კადრია აღმასრულებელი ხელისუფლების ზედა ეშელონში, რომელიც მათ აქტიურად უპირისპირდება. მარტივად რომ ვთქვათ, ნაციონალები წულუკიანს ვერ იტანენ. სიტუაციას ამძაფრებს ბრძოლა მთავარი პროკურორის პოსტისთვის, მაგრამ ეს მინისტრის ერთადერთი პრობლემა არ არის _ 6 წლის განმავლობაში მას არაერთი შეცდომა დაუგროვდა, სწორედ მის სახელს უკავშირებენ სერიოზულ ხარვეზებს სასამართლოსა და პროკურატურის რეფორმირების პროცესში, იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც საკითხი მისი პასუხისმგებლობის სფეროში არ შედის. ნეგატიური როლი მისთვის “ივნისის კრიზისმა” შესრულა, როდესაც მისი გადადგომა არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილმა და მომიტინგეებმა მოითხოვეს. ფართომასშტაბიანი რეფორმის გატარებისთვის აუცილებელი ნდობის კრედიტი მას, ალბათ, მაინც აღარ აქვს.

ამან ბიძინა ივანიშვილი რთული არჩევანის წინაშე დააყენა. ჯერ ერთი, თუ ის ურჩევდა წულუკიანს, თანამდებობა დაეტოვებინა, გარკვეულიკომპენსატორული მექანიზმისამოქმედება მოუწევდა _ სხვა, არანაკლებ საპატიო თანამდებობის შეთავაზება, ხელშეწყობა საქმიანობაში აღმასრულებელი ხელისუფლების ფარგლებს გარეთ და .. ნებისმიერ შემთხვევაში, მას დასჭირდებოდა რაღაც ნაბიჯის გადადგმა, რათა საზოგადოებას არ ეფიქრა, რომ “ქართულმა ოცნებამ” წულუკიანი დათმო, დამარცხდა და ა.შ. მეორე, აგრეთვე, სავსებით ლეგიტიმური ვარიანტი _ წულუკიანის პოსტზე დატოვება ლოკალური, მაგრამ მუდმივი კრიზისის კერის გაჩენის ტოლფასი იქნებოდა.

ახალი პრემიერმინისტრის ინიციატივებიდან ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ეკოომბუდსმენის პოსტის შემოღებაა. გარემოს დაცვის კუთხით ძალიან სერიოზული პრობლემებია. მაგალითად, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, თბილისში ჰაერის დაბინძურება ნორმას 300%-ით აჭარბებს. ეს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცუდი მაჩვენებელია. მას შემდეგ, რაც გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო დაანაწევრეს და მისი “ეკოლოგიური ნაწილი” სოფლის მეურნეობის სამინისტროს შეუერთეს, სპეციალისტები კონტროლის ისედაც მორყეული სისტემის სრულ მოშლაზე ალაპარაკდნენ და მათი არგუმენტები უცხოელმა პარტნიორებმაც გაიზიარეს. შესაძლოა, ეკოომბუდსმენის დანიშვნა ამ პრობლემის ნაწილობრივი მოგვარების მცდელობაა.

პენსიების გაზრდა 20 ლარით 2019 წლიდან და კიდევ 20 ლარით 2020 წლიდან, ერთი მხრივ, აიძულებს მთავრობას, მუდამ ამტკიცოს, რომ მეტის გაკეთება არ შეეძლო, მაგრამ, მეორე მხრივ, შეიძლება ასაკოვანი ამომრჩევლებისდამუშავებაშიდაეხმაროს. საქმე ისაა, რომ ადრე მთავრობები, როგორც წესი, განიხილავდნენ პენსიის მატებას, როგორც ერთჯერად პოპულისტურ, უპირველესად, წინასაარჩევნო აქტს, ბახტაძე კი ალტერნატიულ ტაქტიკას იყენებს და სურს, ის პროცესად აქციოს (წელს მოვუმატებთ ამდენს, მომდევნო წელს _ ამდენს და ..). სავარაუდოდ, ის აპირებს, დაარწმუნოს პენსიონერები, რომ ხელისუფლება მათ არ ივიწყებს და პენსიებს მუდმივად ზრდის.

ახალმა პრემიერმინისტრმა ზუსტად აღწერა მოსახლეობისთვის ძალზე აქტუალური ჭარბვალიანობის პრობლემა და თქვა, რომ ის 2007 წლის ცვლილებებიდან აღმოცენდა, როდესაც ეფექტურ განაკვეთზე ზედა ზღვარი მოიხსნა და შესაძლებელი გახდა 200-300-400-500-პროცენტიანი სესხების გაცემა. “დაახლოებით 630 000 ადამიანი არის დღეს ე.წ შავ სიაში და მოკლებულია შესაძლებლობას, განახორციელოს სრულფასოვანი ეკონომიკური ცხოვრება. ამ ადამიანებს შორის არიან მოქალაქეები, რომლებსაც აქვთ საინტერესო ბიზნესპროექტები; არიან მცირე მეწარმეები, მაგრამ ვერ ავითარებენ თავიანთ პოტენციალს, იქიდან გამომდინარე, რომ უპასუხისმგებლო დაკრედიტების სისტემამ გამოიწვია მათი ჩამოშორება ეკონომიკური ცხოვრებიდან”, _ განაცხადა პრემიერმინისტრმა. პრობლემის გადაწყვეტა კომპლექსურ მიდგომას მოითხოვს, თუმცა, უპირველესად, მოსახლეობა, ალბათ, სესხების გაცემის რეგულაციების გამკაცრებას იგრძნობს. პრობლემა ისაა, რომ ქვეყანაში ჩამოყალიბდავალიდან ვალამდეცხოვრების მანკიერი წესი, როდესაც გაზრდილ ვალს მხოლოდ იმისთვის იღებენ, რომ წინა ვალი დაფარონ. თუ ასიათასობით ადამიანი ახალი სესხების აღების შესაძლებლობას დაკარგავს, ამან შეიძლება სერიოზული კრიზისი წარმოქმნას და ხელი ზვავისებურ პაუპერიზაციას შეუწყოს. ერთი მხრივ, აშკარაა, რომ დღევანდელი სიტუაცია პათოლოგიურია, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ სიტუაციის მყისიერი გამოსწორების ჯადოსნური რეცეპტი არ არსებობს.

მცირე და საშუალო ბიზნესი რამდენიმე ახალი ინიციატივით, პრინციპში, კმაყოფილი უნდა იყოს. “ერთ-ერთი პირველი რეფორმა, რომელიც უნდა განხორციელდეს, 2013 წლის 1 იანვრამდე არსებული საგასახადო დავალიანების ჩამოწერაა იმ კომპანიებისთვის, რომლებიც იძულებულნი იყვნენ, გაეჩერებინათ ფუნქციონირება ასეთი დავალიანების გამო”, _ განაცხადა ბახტაძემ. მისი თქმით, წლის ბოლომდე დაინერგება საგადასახადო ზედმეტობის ავტომატური დაბრუნების სისტემა, ხოლო მომდევნო ორ წელიწადში კომპანიებს დაახლოებით 1,5 მილიარდი ლარი დაუბრუნდება. მან ასევე ისაუბრა დამატებით შეღავათებზე ადგილობრივი მეწარმეებისთვის _ ყველაზე შთამბეჭდავი ამ მხრივ, იყო ადგილობრივი წარმოების რძისა და მედიკამენტების დღგ-ისგან გათავისუფლების ინიციატივა. მცირე მეწარმეებისთვის მთავარი, ალბათ, შემდეგი მონაკვეთი იყო: “1 ივლისიდან ამოქმედდება უპრეცედენტო, მცირე ბიზნესისთვის მეგობრული დაბეგვრის შეღავათიანი საგადასახადო რეჟიმი, რომელიც გულისხმობს მინიმალური საგადასახადო განაკვეთის დაწესებას მცირე მეწარმეებისთვის. მცირე ბიზნესისთვის საშემოსავლო გადასახადის განაკვეთი შემცირდება ხუთჯერ _ 5%-დან 1%-მდე. ასევე, ხუთჯერ გაიზრდება მცირე ბიზნესის ერთობლივი შემოსავლის შეზღუდვის ნორმა, 100 000 ლარიდან 500 000 ლარამდე”.

ბიზნესმენებს შეიძლება მოეწონოთ (რეალიზაციას გააჩნია) სასამართლოებში კომერციული პალატების შექმნის იდეა _ ამან შესაბამისი დავების განხილვის ვადები, წესით, უნდა შეამციროს. ბახტაძის კიდევ ერთი ინიციატივა უცხოელ ინვესტორებს დააინტერესებს, ხოლო ადგილობრივ საზოგადოებაში, ალბათ, აზრთა სხვადასხვაობას გამოიწვევს: “ჩვენი შემდეგი ინიციატივა შეეხება იმას, რომ საქართველოში არარეზიდენტ პირებს მივცეთ თავიანთი კომპანიებისა და საბანკო ანგარიშების გახსნის უფლება ონლაინ რეჟიმში, ისე, რომ მათ საქართველოში ჩამოსვლა არ მოუწიოთ”. ის, აგრეთვე, აპირებს მსხვილ ტრანსნაციონალურ კომპანიებს, თუ ისინი საქართველოში წარმომადგენლობებს დაარსებენ და სერვისებს საზღვარგარეთ გაყიდიან, ყველა ტიპის გადასახადი გაუნულოს.

ეკონომიკური ინიციატივების თვალსაზრისით, ბახტაძემ გაცილებით შთამბეჭდავი სტარტი აიღო, ვიდრე მისმა წინამორბედმა, მაგრამ აშკარაა, რომ ახალ პრემიერს რამდენიმე ხელშესახები შედეგის მიღწევა და ისეთი საკადრო პოლიტიკის გატარება დასჭირდება, რომელიც კრიზისის მიზეზი არ გახდება და, ამავე დროს, შესაძლებლობას მისცემს, საზოგადოების ნდობა დაიმსახუროს.

დიმიტრი მონიავა

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here