პრეზიდენტი თივის ზვინთან

    აჰა, ჩატარდა არჩევნები, რომელსაც ასეთი იმედით და ასეთი შიშით ველოდით. ახლა ვდგავართ და ვფიქრობთ: აჩევნებმა ჩაიარა, რაღაც მოხდა, მაგრამ რა?  ამ შეკითხვაზე ჯერ არ არის პასუხი გაცემული, რადგან ბევრი რამ ისევ გაურკვეველი დარჩა, ისე  გაურკვეველი, რომ პასუხგაუცეელია შეკითხვაც კი – ვინ გაიმარჯვა?

    ”ქართულმა ოცნებამ” გაიმარჯვა, მაგრამ არც ”ნაციონალური მოძრაობა” დამარცხებულა. ეს როგორ?- იკითხავთ თქვენ, – ”ქართულმა ოცნებამ” საპარლამენტო უმრავლესობა მოიპოვა. მაშასადამე, ”ნაციონალური მოძრაობა” დამარცხდა (აქ ერთი დაზუსტებაა საჭირო: ”ნაციონალური მოძრაობის” ქვეშ უნდა ვიგულისხმოთ ყველა ის ”შვილობილი” საარჩევნო სუბიექტი, რომლებიც დასავლური თაღლითური სქემის მიხედვით ამ დამნაშავე პარტიის ბაზაზე აღმოცენდა და რომლებმაც, ჯამში, თითქმის ორმოც პროცენტამდე ხმა მოაგროვეს).

    ”ქართულმა ოცნებამ გაიმარჯვა” იმ გაგებით, რომ უმრავლესობა მოიპოვა, მაგრამ ვერ გაიმარჯვა იმ გაგებით, რომ მას საკონსტიტუციო უმრავლესობა სჭირდებოდა. ”ნაციონალურმა მოძრაობამ” ვერ გაიმარჯვა იმ გაგებით, რომ მას უმრავლესობის მოპოვება სჭირდებოდა, მაგრამ გაიმარჯვა იმ გაგებით, რომ მთავარ ოპოზიციურ ძალად დარჩა.

    ”ქართული ოცნება” საკონსტიტუციო უმრავლესობას ორი მთავარი მოტივით მოითხოვდა. ეს არის ”ნაციონალური რეჟიმის” გასამართლება და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისთვის საკონსტიტუციო ბაზის ჩამოყალიბება. ხალხისთვის მიცემული ვერც ერთი და ვერც მეორე დაპირება, მიუხედავად იმისა, რომ მათ უბრალო უმრავლესობა მოიპოვეს და მთავრობის ახალი შემადგენლობის დაკომპლექტების უფლება მიიღეს, ვერ განხორციელდება, რადგან პარლამენტში თითქმის ორმოცი პროცენტით წარმოდგენილ მთავარ ოპოზიციურ ძალას ციხეში ვერ ჩასვამ, საკონსტიტუციო ცვლილებებს განსახორციელებლად კი ძალა არ გყოფნის. რა გამოდის? ”ქართული ოცნება” საკონსტიტუციო დონეზე ვერ მოახერხებს ვერც ერთი იმ გადაწყვეტილების მიღებას, რომლებიც მას სურს; ”ნაციონალური მოძრაობა” კი დაბლოკავს ყველაფერს, რის დაბლოკვასაც მოისურვებს. აქ კიდევ გავიმეორებ იმ შეკითხვას, რომლითაც საუბარი დავიწყე: ვინ გაიმარჯვა?

    ისიც უნდა აღვნიშნო, რომ, როდესაც მომავალი პარლამენტის მუშაობის შესახებ მსჯელობა დავიწყე, ერთგვარად გავასწარი მოვლენებს. სანამ ახალარჩეული პარლამენტი მუშაობის დაწყებას მოახერხებს, იქამდე მთელი რიგი მავნებლური პროცესებია დაგეგმილი. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა არჩევნებისადმი მიძღვნილ სპეციალურ ბრიფინგზე, რომელზეც მის გვერდით ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებიც იდგნენ, განაცხადა: ”როგორც ამ სახელმწიფოში ერთადერთი დარჩენილი დამოუკიდებელი ინსტიტუტი, არ ვაღიარებ ამ არჩევნებს. ამის აღიარება არ შეიძლება, ესაა იგივე, რაც აღიარება რუსეთის აქ შემოსვლის, რუსეთის მიმართ საქართველოს დაქვემდებარების. მე ამისთვის არ ჩამოვსულვარ საქართველოში. ამისთვის არ უცხოვრიათ ჩვენს წინაპრებს. ამას ჩვენ არ შევეგუებით, არ შეიძლება, რომ ვინმემ წაართვას საქართველოს თავისი ევროპული მომავალი”.  მისივე შეფასებით, 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები იყო “ტოტალური გაყალბება”, “ხმების ტოტალური წართმევა”. სალომე ზურაბიშვილის თქმით, ”ხელისუფლებამ ყველა ხერხი გამოიყენა და დამატებით – ტექნოლოგიები, რათა გაეთეთრებინა გაყალბება”. პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ჩავლილი არჩევნების დახასიათებისას გამოიყენა ისეთი მუქი ფერები, როგორიც  არც ერთ დამკვირვებელს არ გაუკეთებია: “ასეთი რამ ჯერ არ ყოფილა. ჩვენ ვიყავით მოწმე და მსხვერპლი რეალურად რუსული სპეცოპერაციის, ჰიბრიდული ომის ერთ-ერთი ახალი ფორმის, რომელიც განხორციელდა ჩვენს ხალხზე, ჩვენს ქვეყანაზე. რამდენიმე თვის წინათ ამ ხელისუფლებამ, რომელსაც დავარქმევ ძალაუფლებას და არა ხელისუფლებას, მიიღო მთელი რიგი რუსული კანონები, რომლებიც ეწინააღმდეგება ევროპულ რეკომენდაციებს. ამ არჩევნების დროს წაგვართვეს არჩევნების უფლება. ჩატარდა რუსული არჩევნები, წაგვართვეს არჩევნების ინსტიტუტი. ძნელი წარმოსადგენია, თუ არაფერი შეიცვლება, როგორი უნდა იყოს ახალი არჩევნები ამ ქვეყანაში. წაგვართვეს კონსტიტუციური უფლება, მოქალაქეებს წაართვეს პირადობის მოწმობები და ამით არჩევნებში მონაწილეობის უფლება. ამასთანავე, ემიგრანტებს წაართვეს არჩევნებში მონაწილეობის უფლება, იქაც იყო დარღვევები სხვადასხვა ხერხით და სხვადასხვა ფორმით… ეს არჩევნები არ შედგა, იგი არ არის ლეგიტიმური და ვერაფერი ვერ გახდის მას ლეგიტიმურს”.

    პრეზიდენტმა 28 ოქტომბერს, 19:00 საათზე, თბილისში, რუსთაველის გამზირზე, აქციის ჩატარების შესახებ განცხადება გააკეთა და მოსახლეობას მიმართა, რომ ერთად დადგნენ. მან მომავალი შეკრებებისთვის ლოზუნგიც ისროლა: “არ ვაღიარებთ, არ ვეგუებით რუსეთს და მის შემოსვლას ამ ფორმით საქართველოში, არ ვეგუებით ახალი ფორმის დაპყრობას!”

    პრეზიდენტი, რომელიც ოპოზიციას ჩაუდგება სათავეში, იმავე წუთიდან აღარ არის პრეზიდენტი, მაგრამ ზურაბიშვილი არც ზნეობრივ კანონებს დაგიდევთ და არც იურიდიულს. სანამ არ ჩაამთავრებს საპრეზიდენტო ციკლს (2024 წლის ბოლო), იგი ამ თანამდებობიდან, რა თქმა უნდა, ფეხს არ მოიცვლის. მართალია, მას ამ პოსტზე ძალიან ცოტა დრო რჩება, მაგრამ თივის ზვინთან ასანთის გაკვრას დიდი დრო არ სჭირდება. იგი თივის ზვინთან დგას და ხელში ასანთის ანთებული ღერი უჭირავს. სალომე ზურაბიშვილი  ხელში რასაც დაიჭერდა, ვნახავდით, მის უკან დასავლური სიბინძურე რომ არ იდგეს. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა: ”აშშ გმობს საქართველოში 26 ოქტომბერს ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების პროცესში საერთაშორისო ნორმების ყველა დარღვევას”. ამის შესახებ 27 ოქტომბრით დათარიღებული განცხადება სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურ საიტზე გამოქვეყნდა. ბლინკენი აცხადებს: ”არჩევნებზე აქტივობა ცხადყოფს დემოკრატიისადმი ქართველი ხალხის დამოკიდებულებას, თუმცა საერთაშორისო და ადგილობრივმა დამკვირვებლებმა აღნიშნეს, რომ წინასაარჩევნო გარემო ხასიათდებოდა მმართველი პარტიის მიერ ადმინისტრაციული რესურსების ბოროტად გამოყენებით, ხმების მოსყიდვითა და ამომრჩეველთა დაშინებით”. სახელმწიფო მდივნის განცხადებით, ამ ვითარებამ ”ხელი შეუწყო არათანაბარი პირობების შექმნას და შეარყია საერთაშორისო საზოგადოების ნდობა სამართლიანი შედეგის შესაძლებლობის მიმართ”.

    შექმნილი მდგომარეობის გათვალისწინებით, სტატიის დასაწყისში დასმულ შეკითხვაზე, თუ რა მივიღეთ არჩევნების შედეგად, შეიძლება ასე ვუპასუხოთ: მივიღეთ ის, რაც არჩევნების ჩატარებამდეც გვქონდა: გამომშრალ თივის ზვინთან მიტანილი ასანთის ანთებული ღერი.

    ამ ვითარებას, სხვა საშინაო და საგარეო ფაქტორებთან ერთად, ”ქართული ოცნების” მერყევი და ჩამოუყალიბებელი პოლიტიკა განაპირობებს. რა დროს ევროპაში ღირსებით შესვლაზე იყო საუბარი, როდესაც დასავლეთმა თავზე ღამის ქოთანი დაგახურათ?! ჩადით მოსკოვში და ჰკითხეთ პუტინს, რა არის საჭირო იმისთვის, რომ საქართველომ რუსეთისგან ტერიტორიული მთლიანობისა და უსაფრთხოების გარანტიები მიიღოს? თორმეტი წელიწადი გქონდათ ამ შეკითხვის დასასმელად, მაგრამ ეს ვერ მოახერხეთ; თორმეტი წელიწადი გქონდათ იმისთვის, რომ დასავლეთისთვის გეთქვათ: ან გვიღებენ ევროკავშირსა და ნატოში, ან მათგან დამოუკიდებელ პოლიტიკას ვიწყებთ. ვერც ეს მოახერხეთ.

    ამასობაში დრო გავიდა. ვითარება შეიცვალა, მსოფლიოში სრულიად ახალი გეოპოლიტიკური კონტექსტი ჩამოყალიბდა. თქვენ კი კვლავ სააკაშვილს, გვარამიას და ზურაბიშვილს ეკინკლავებით. რა დროს გვარამია და ზურაბიშვილია? რა დროს გახარია და ხაზარაძეა? მათ პოლიტიკის ენაზე კი არა სამართლის ენაზე უნდა ელაპარაკებოდნენ პროკურორები, თქვენ კი ბრიჩსის წევრობაზე განცხადება უნდა დაგეწერათ და ყაზანის სამიტზე პრემიერმინისტრის დონეზე ყოფილიყავით წარმოდგენილი, იმ სამიტზე, რომელზეც ახალი მსოფლიო წესრიგის შესახებ მსჯელობდნენ და  ამიერკავკასიის სახელმწიფოთა პირველი პირები – ალიევი და აშინიანი გვერდიგვერდ ისხდნენ. მოვლენებმა გაგასწროთ, თქვენ ძალიან ჩამორჩით დროს და ახლა იმის მოლოდინში ხართ, მიიტანს თუ არა ასანთის ანთებულ ღერს თივის ზვინთან ავადსახსენებელი მენშევიკების ეს კომიკური აჩრდილი, რომელიც თქვენ ჩაასკუპეთ პრეზიდენტის სავარძელში.

    ამიტომ გადაწყვეტილად ვერავინ გეტყვით, რა მოხდა ამ არჩევნებში. ეს ის ვითარებაა, გიგი უგულავა ასე ”დამაჯერებლად” რომ გვიხსნიდა ერთ-ერთ სატელევიზიო გამოსვლაში: ”ამან მოიგო, იმან წააგო, მაგრამ, როდესაც, ამან რომ მოიგო, მაგრამ ამან არ მოიგო და იმან რომ წააგო და ამან მოიგო და სამის ჯამი აღარ გეყოფოდეს, გყოფნიდეს იმაზე… ”

    ვალერი კვარაცხელია

                                                                                                 

    LEAVE A REPLY

    Please enter your comment!
    Please enter your name here