მთავარი პოლიტიკა პრეზიდენტის გაქცევა

პრეზიდენტის გაქცევა

916
გააზიარეთ
მარგველაშვილი

2 მაისს პარლამენტში მომხდარმა ინციდენტმა კიდევ ერთხელ წამოწია წინა პლანზე პრეზიდენტისა და მმართველი პარტიის ურთიერთობის თემა. მიუხედავად იმისა, რომ მომხდარს პრინციპული პოლიტიკური მნიშვნელობა არ ჰქონდა, ის საპრეზიდენტო არჩევნების წინ შექმნილი სიტუაციის საკმაოდ კარგ ილუსტრაციას წარმოადგენს.

კონფლიქტი 2 მაისს, მას შემდეგ დაიწყო, რაც მარგველაშვილმა, ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლის შემდეგ, მოისურვა, რომ დეპუტატების კითხვებზე პასუხი დაუყოვნებლივ გაეცა და არა დასკვნით სიტყვაში. პარლამენტის თავმჯდომარემ განუცხადა, რომ ეს რეგლამენტს ეწინააღმდეგება. მათ შორის ხანმოკლე კამათი გაიმართა და პრეზიდენტი სხდომათა დარბაზიდან გავიდა, ხოლო მას შემდეგ, რაც დეპუტატებმა დებატების ფორმატის შეცვლას მხარი არ დაუჭირეს, პარლამენტი დატოვა.

პრეზიდენტის ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლის წესი წლების განმავლობაში არ შეცვლილა. მას ემორჩილებოდნენ შევარდნაძეც და სააკაშვილიც. მართალია, 2012 წელს სააკაშვილმა ვერ მოითმინა და ჯონდი ბაღათურია, რომელიც მისი ნათესავების ბიზნესინტერესებზე საუბრობდა, ჯერ შეურაცხყო, შემდეგ დაემუქრა, ბოლოს კი დარბაზიდან გაიქცა (მოგვიანებით დაბრუნდა), მაგრამ მთლიანობაში მარგველაშვილის წინამორბედები რეგლამენტის შესაბამისად მოქმედებდნენ (ცალკე თემაა 2005-2008 წლების პერიოდი, როდესაც სააკაშვილი დარბაზს სიტყვის დასრულებისთანავე ტოვებდა). მათი მოკლე რეპლიკები და დაზუსტებები დეპუტატების გამოსვლის დროს დიდ დარღვევად არავის ჩაუთვლია. შეეძლო თუ არა მარგველაშვილს, ანალოგიურად მოქცეულიყო ან სხვა, ნაკლებად კონფრონტაციული ტაქტიკა აერჩია?

ცხადია, საქართველოში ნებისმიერი ესკალაცია შეიძლება ემოციურობით აიხსნას, თუმცა გამორიცხული არაა, რომ პრეზიდენტის დემარშის უკან ცივი გათვლა იდგა. მარგველაშვილმა იცოდა, რომ უმრავლესობის დეპუტატები აპირებდნენ, “განკითხვის დღე” მოუწყონ, ისაუბრონ შეწყალების უფლების საეჭვო გამოყენებაზე, კოლოსალურ სამივლინებო ხარჯებზე და ა.შ. ამაზე ნათლად მიუთითებს ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის, ბრალდებები პარლამენტის 2 მაისის სხდომაზე: “თქვენ შეიწყალეთ ოჯახის წევრი, რომელსაც 17 წლიდან მოახდევინეთ მხოლოდ სამი წელი და ეს მოხდა შესაბამისი კომისიის გვერდის ავლით. ეს ხდება იმ ფონზე, როდესაც, მაგალითად, დამოუკიდებელი ესტონეთის ყველა პრეზიდენტმა ერთად აღებული, ათჯერ ნაკლები მსჯავრდებული შეიწყალა, ვიდრე მხოლოდ 2017 წელს თქვენ ეს გააკეთეთ, ამ წელს 831 მსჯავრდებულზეა საუბარი… უკანასკნელ წლებში პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის მიერ შეწყალებულია 55 მსხვილი ნარკორეალიზატორი, შეწყალებული მსჯავრდებულებიდან 575-მა ხელმეორედ ჩაიდინა 672 სხვადასხვა სახის დანაშაული, რომელთაგან 189 მძიმე და განსაკუთრებით მძიმე შემთხვევა იყო, აქედან 40 – ძალადობისა და ოჯახური ძალადობის შემთხვევა”.

ცხადია, პრეზიდენტს არ შეეძლო დებატებისთვის ბოიკოტი გამოეცხადებინა მხოლოდ იმიტომ, რომ კრიტიკა არ მოსწონს და ვერ გამოვრიცხავთ, რომ მან გადაწყვიტა, მიზნის მისაღწევად ირაკლი კობახიძის “სუსტი წერტილი” გამოეყენებინა.

პარლამენტის თავმჯდომარე საოცარ სიხისტეს ავლენს იქ, სადაც საქმე იმ რეალური თუ წარმოსახვითი ნორმების დარღვევას ეხება, რომელიც მისი კომპეტენციის სფეროში შედის. შესაძლოა, ამით ის პოლიტიკურ ელიტაში თუ ამომრჩევლებში არასაკმარისი ავტორიტეტის კომპენსირებას ცდილობს, თითქოს უმტკიცებს მათ, რომდიდი ნაჩალნიკიადა მის უკან კანონის ძალა დგას. შეგვიძლია გავიხსენოთ ცნობილი ინციდენტი ფილარმონიაში, როდესაც იმის ნაცვლად, რომ მოქნილობა გამოევლინა და ოპონენტებთან კომუნიკაციის რაღაც ახალი ფორმა გამოენახა, კობახიძე ჯიუტად (და უშედეგოდ) ცდილობდა, შეხვედრა იმ კალაპოტში დაებრუნებინა, რომელიც სწორად მიაჩნდა.

მარგველაშვილს, სავარაუდოდ, ესმოდა, რომ კობახიძის რეაქცია რეგლამენტის უგულებელყოფაზე ანალოგიური იქნებოდა და ეს შექმნიდა საბაბს, რომელიც პრეზიდენტს დარბაზიდან გასვლის, რეალურად კი კრიტიკისგან გაქცევის შესაძლებლობას მისცემდა. იმის ნაცვლად, რომ მოქნილობა გამოევლინა ან რაღაც ირონიული საპასუხო რეპლიკა მოეძებნა და მარგველაშვილის ჩანაფიქრი ჩაეშალა, კობახიძემ დაუყოვნებლივ მოაქცია პრობლემა ჩარჩოში “შეიძლება-არ შეიძლება” (იურისტების ნაწილი ხშირად სწორედ ასე იქცევა): ბატონო გიორგი, თანხმობა უნდა ავიღო მაშინ პარლამენტისგან, თორემ ეს არის რეგლამენტის დარღვევა. ჩვენ გვაქვს დამტკიცებული რეგლამენტი. პრინციპში, პარლამენტის თანხმობაც არ არის საკმარისი ამისათვის იმიტომ, რომ რეგლამენტით ზუსტად არის დადგენილი დებატების პროცედურა”. ის, რომ იურიდიული თვალსაზრისით კობახიძე მართალი იყო, ერთია, მაგრამ სულ სხვაა პოლიტიკური შედეგი _ საზოგადოების ნაწილმა მომხდარი აღიქვა ისე, თითქოს პრეზიდენტს პარლამენტში აზრის თავისუფალი გამოხატვის უფლება შეუზღუდეს. ამ კონტექსტში ნაკლები მნიშვნელობა აქვს, რამდენად ღირებულია აზრი _ მთავარია უფლება. შედეგად, მატჩი, რომელიც, ერთი შეხედვით, უნდა დასრულებულიყო ანგარიშით 3:0 საპარლამენტო უმრავლესობის სასარგებლოდ, ფრედ _ 1:1 დასრულდა. ზოგმა შეიძლება ჩათვალოს, რომ ეს იყო 2:1, რადგან პრეზიდენტის გაქცევა პარლამენტიდან ძალზე სამარცხვინო ფაქტია, თუმცა ტრიუმფალურ გამარჯვებას ნებისმიერ შემთხვევაში არ ჰქონია ადგილი.

ცხადი იყო, რომ კობახიძე მომდევნო დღეებშიც არ გაჩერდებოდა, რადგან ტელემაყურებლის თვალწინ მისი, როგორც ქართული პარლამენტარიზმის მთავარი ქურუმის, წარმოსახვითი სტატუსი შეილახა; მას “მისივე ტერიტორიაზე” არ დაემორჩილნენ. უკვე 3 მაისს მან განაცხადა, რომ “საქართველოს პრეზიდენტმა 2016 წელს, წლის განმავლობაში საგარეო მივლინებებზე იმაზე მეტი თანხა დახარჯა, ვიდრე საქართველოს პარლამენტმა. წარმოიდგინეთ, ერთი პოლიტიკოსი 200-მდე თანამშრომლით ხარჯავს იმაზე მეტს, ვიდრე საქართველოს პარლამენტი 150 პოლიტიკოსითა და 700-მდე თანამშრომლით. დავინტერესდი, როგორ შეიძლება გიორგი მარგველაშვილს ასეთი მაჩვენებელი მიეღო. ვნახე, რომ, მაგალითად, სასტუმროში საქართველოს პრეზიდენტი ხარჯავს ოთხჯერ, ხუთჯერ და ზოგჯერ შვიდჯერ მეტს, ვიდრე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ან ნებისმიერი დეპუტატი” (ინტერპრესნიუსი).

თუ მსგავსი კრიტიკული გამოსვლები გაგრძელდება, მარგველაშვილს შესაძლებლობა მიეცემა, არჩევნების წინ თავი “ქართული ოცნების” მთავარ, გამორჩეულ ოპონენტად წარმოაჩინოს, რაზეც ნებისმიერი კანდიდატი ოცნებობს, რათა ხელისუფლებასთან დაპირისპირებული ელექტორატი მოიზიდოს. ის პოლიტიკურ რეალობას შემდეგი შაბლონის მიხედვით აღიქვამს: “თუ ხელისუფლება ებრძვის, ესე იგი მართალი კაცია”. შესაძლოა, პრეზიდენტის გუნდმა ტაქტიკური შეცდომა დაუშვა, როდესაც ოპონენტებს მოუწოდა, ბრალდებები პროკურატურაში გადაამისამართონ ან მარგველაშვილის იმპიჩმენტის პროცედურა დაიწყონ. ეს თითქოს ლოგიკური იყო, მაგრამ შესაბამისი განცხადებების ქვეტექსტში იგრძნობოდა პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენელთა სურვილი, მარგველაშვილი რეჟიმის მსხვერპლად წარმოაჩინონ. სწორედ ამის შემდეგ მამუკა მდინარაძემ მოუწოდა კოლეგებს პოლემიკის შეწყვეტისკენ: “მარგველაშვილი ცდილობს, თავი ჩაგრულად წარმოაჩინოს და ამით მოიპოვოს საზოგადოების მხარდაჭერა. ამასთანავე, ჩართოს საქართველოს პარლამენტი “დაჩაგრული პრეზიდენტის” იმიჯის შექმნის კამპანიაში”.

მარგველაშვილის რეიტინგი საკმაოდ დაბალია და არჩევნებში მონაწილეობაზე უარის თქმის იდეა მის გარემოცვაში ნამდვილად განიხილებოდა (საკითხი დღის წესრიგიდან მოხსნილი ჯერჯერობით არაა). დისტანცირება პროცესისგან, როგორც წესი, უფრო მომგებიანია, ვიდრე სამარცხვინო შედეგი. ამ კონტექსტში ჩვენ შეგვიძლია გავიხსენოთ უკრაინის პრეზიდენტი ვიქტორ იუშჩენკო, რომელმაც 2010 წლის არჩევნებში ხმების მხოლოდ 5,45% მიიღო. ამ კრახმა, პრაქტიკულად, გამორიცხა მისი შემდგომი მონაწილეობა პოლიტიკაში, მაშინ, როდესაც პაუზა გარკვეულ (თუმცა მცირე) შანსებს უტოვებდა. თუ მარგველაშვილის დაპირისპირებაქართულ ოცნებასთანიმავე კალაპოტში გაგრძელდება, როგორშიც ბოლო დღეებში იყო, მას მიეცემა თუნდაც მცირე შანსი, არ ჩამორჩეს იმ კანდიდატებს, რომლებიც მეორე ადგილისთვის იბრძოლებენ. მმართველი პარტიის დამარცხება კი დღევანდელ ვითარებაში, ოპოზიციის სისუსტის გათვალისწინებით, პრაქტიკულად, შეუძლებელი ჩანს.

მისაღები შედეგი “ვერცხლის მედლისთვის” ბრძოლაში მარგველაშვილს შესაძლებლობას მისცემს, იქცეს შემაკავშირებელ ფიგურად მცირე დაქსაქსული ჯგუფებისთვის, რომლებიც ზომიერი ლიბერალებისა და კონსერვატორების ინტერესთა თანხვედრის სივრცეში ტივტივებენ. მათი ჰიპოთეტური ალიანსი ხელს შეუშლის “ევროპული საქართველოს” მიერ შესაბამისი ელექტორატის ათვისებას, რაც მთლიანობაში ჯდება ძალთა ახალი ბალანსის შექმნის იდეაში, რომელიც ივანიშვილის გარემოცვაში ჯერ კიდევ კოალიციის დაშლის პერიოდიდან განიხილება. მართალია, რამდენიმე პროცენტის განაწილება სუსტ პარტიებს შორის განსაკუთრებულს არაფერს წყვეტს, მაგრამ “ქართული ოცნებისთვის”, სავარაუდოდ, სასურველია, რომ ამ ნიშაში კონკურენცია შენარჩუნდეს, ხოლო “ევროქართველებმა” გაფართოება, უპირველესად, ძველი “ნაცმოძრაობის” ელექტორატის ხარჯზე მოახდინონ.

მარგველაშვილი სუსტი და გაუბედავი პოლიტიკოსია, მაგრამ ყოფილი პრეზიდენტის სტატუსი უცხოელი პარტნიორების თვალში გარკვეულ წონას სძენს. “კონსტრუქციულ ოპოზიციაში” (“კონსტრუქციულიქართულ პოლიტიკურ ჟარგონზე, როგორც წესი, “მარიონეტულსნიშნავს) ასეთი ლიდერების დაწინაურება ივანიშვილისთვის, პრინციპში, მისაღებიცაა და სასარგებლოც, ამიტომ გამორიცხული არ არის, ხელს აძლევდეს მარგველაშვილის რეიტინგის გარკვეულიამოქაჩვა”, თუნდაც ეს პრეზიდენტისა და საპარლმენტოახალგაზრდა გვარდიისკონფლიქტის ხარჯზე მოხდეს. ივანიშვილი ამით ნებისმიერ შემთხვევაში არაფერს წააგებს.

დიმიტრი მონიავა

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here