Home რუბრიკები პოლიტიკა პოროშენკოს ვიზიტი და რუსოფობიური ექსტაზი

პოროშენკოს ვიზიტი და რუსოფობიური ექსტაზი

971
პოროშენკო და მარგველაშვილი

უკრაინის პრეზიდენტი ვიქტორ იუშჩენკო საქართველოს ბოლოს 2008 წელს ეწვია. მას შემდეგ 9 წელი გავიდა და უკრაინის პირველი პირი, ამჯერად პეტრე პოროშენკო, კვლავ ჩამოვიდა საქართველოში. შესაბამისად, მოლოდინიც დიდი იყო, რადგან ბევრი ფიქრობდა, რომ ვიზიტი მაქსიმალუად პროდუქტიული იქნებოდა საქართველოსა და უკრაინის 25-წლიან დიპლომატიურ ურთიერთობაში.

ურთიერთობის ნორმალიზაციის ეტაპზე მყოფი ორი ქვეყნის ხელისუფლებებს შორის დიალოგის ერთ-ერთი საკითხი მიხეილ სააკაშვილის ექსტრადიცია უნდა ყოფილიყო, თუმცა, როგორც ვიზიტის მიმდინარეობისას გაირკვა, მიხეილ სააკაშვილის ექსტრადიციაზე საქართველომ ბოლო ოფიციალური მოთხოვნა უკრაინის გენერალურ პროკურატურას 2015 წელს გაუგზავნა, უკრაინელებმა კი ქართველ კოლეგებს დამატებით საბუთების წარდგენა მოსთხოვეს და… ამ ეტაპზე გაიყინა მოლაპარაკებები.

გავიდა 2 წელი. საქართველოს ნომერი პირველი დამნაშავე, რომელზეც ძებნაა გამოცხადებული, თავისუფლად დანავარდობს უკრაინაში, ერთი სახელისუფლო სავარძლიდან მეორეში გადადის, უკრაინის პრეზიდენტობაზე ოცნებობს და თან საქართველოს მოსახლეობას “ნაცმოძრაობის” რეჟიმის აღდგენით ემუქრება; ჩვენ კი მას, ვინც სააკაშვილი შეიფარა, დააპურა და მაღალ სახელისუფლო პოსტზე დაბრუნების ამბიცია გაუჩინა, გულითადი დახვედრა მოვუწყვეთ. საინტერესოა, რატომ არავინ ჰკითხა პოროშენკოს, _ 2015 წელს, როცა საქართველოდან მიიღეს მოთხოვნა ძებნილი სააკაშვილის ექსტრადიციაზე, რა მიზეზით არ დაკმაყოფილდა ეს მოთხოვნა; პოროშენკო, როგორც სახელმწიფოს პირველი პირი, რატომ არ დაინტერესდა, რა მიზეზით გამოაცხადა საქართველოს ხელისუფლებამ ძებნა სააკაშვილზე; რატომ არავინ დაინტერესდა, ვინ იყვნენ სააკაშვილის გუნდის წევრები, რომლებსაც საქართველოს პროკურატურა დასაჭერად დასდევდა და რომლებსაც რამდენიმე დღეში უბოძეს უკრაინის მოქალაქეობა და მაღალი სახელისუფლო პოსტები.

უკრაინის პრეზიდენტის ვიზიტი საქართველოში, როგორც მოსალოდნელი იყო, უშედეგო აღმოჩნდა, თუმცა ქართველ ხალხს მადლობა მაინც გვეთქმის იმისთვის, რომ რაღაც დასცდა. არავის უნდა გაუკვირდეს, რომ უკრაინის მთავრობა გრაალის თასივით იცავს სააკაშვილს, და არც ის, რამდენჯერაც გაუგზავნის საქართველო მოთხოვნას უკრაინის გენპროკურატურას სააკაშვილის ექსტრადიციაზე, იმდენჯერ უარს რომ მიიღებს. ევროატლანტიკური სივრცისკენ სწრაფვამ “აღშფოთების” ფენომენს ჩვენც გვაზიარა. ნათქვამია: “ხარი ხართან რომ დააბა, ან ზნეს იცვლის ან ფერსაო”. ჩვენ კი, ჩანს, ზნეც შევიცვალეთ და ფერიც.

ამ შემთხვევაში აღმაშფოთებელია ის, რომ საქართველოს თურმე ბოლო წლებში არც კი მიუმართავს უკრაინისთვის სააკაშვილის გადმოცემის თხოვნით. როგორც უკრაინის პრეზიდენტმა პეტრე პოროშენკომ განმარტა, მიხეილ სააკაშვილის ექსტრადიციაზე საქართველოს ხელისუფლებისგან მოთხოვნა უკრაინის გენერალურ პროკურატურას 2015 წლის შემდგომ, როცა უარყოფითი პასუხი გასცა, არ მიუღია და, შესაბამისად, ეს საკითხი არც განუხილავთ.

“ჩვენ გვაქვს ეფექტიანი კომუნიკაცია საქართველოს მთავრობასთან, მაგრამ არ მიგვიღია მოთხოვნა ექსტრადირების შესახებ. შესაბამისად, არ განგვიხილავს ეს საკითხი. ჩვენ არ გვაქვს არც ერთი პოლიტიკური, ეკონომიკური, ჰუმანიტარული, სოციალური პრობლემა საქართველოს სახელმწიფოსთან ურთიერთობებში. ჩვენ ვართ სტრატეგიული პარტნიორები. უკრაინელი და ქართველი ხალხი ერთიანია ამ მომენტში. დარწმუნებული ვარ, ვერავინ და ვერაფერი გაყოფს ჩვენს ხალხს”, _ განაცხადა პოროშენკომ.

რა გამოდის: საქართველოს მთავრობა ატყუებდა ხალხს, როდესაც ამბობდა, რომ ძალ-ღონეს არ იშურებდა დამნაშავეების დაკავების, ექსტრადიციისა და სასამართლოს წინაშე წარსადგენად?! რა უფრო დიდი დანაშაულია _ ის, რომ უკრაინა ურცხვად განაგრძობს ძებნილი სააკაშვილის მფარველობას, თუ ის, რომ ამდენი ხნის განმავლობაში საქართველოს უნიათო ხელისუფლება ურცხვად ატყუებს ამომრჩეველს? დიდი ექსპერტობა არ სჭირდება მიზეზის დადგენას, თუ რატომ იკავებს უკრაინა თავს სააკაშვილის ექსტრადიციაზე, და ისიც ცხადზე ცხადია, რომ პოროშენკოს მთავრობა სააკაშვილს არ გადმოსცემს საქართველოს, მაგრამ ამ შემთხვევაში პრიორიტეტული უნდა იყოს დამნაშავე “ნაციონალურ მოძრაობასთან” კოაბიტიაციის რეჟიმში მყოფი საქართველოს მთავრობის პასუხისმგებლობის საკითხის დაყენება.

მას შემდეგ, რაც ხალხმა ხელისუფლებას ჩამოაცილა “ნაციონალური მოძრაობა”, გაჩნდა მოლოდინი, რომ სააკაშვილის მიერ რუსეთთან არეულ-დარეულ ურთიერთობებს საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლება მოაგვარებდა. ამასთანავე, გაჩნდა იმედი, რომ ახალი ხელისუფლება კანონის სრული სიმკაცრით გაასამართლებდა სააკაშვილის რეჟიმს. ამ და სხვა ადეკვატურ ნაბიჯებს, წესით, უნდა დაებალანსებინა ჩვენი ქვეყნის არასტაბილური პოლიტიკური სისტემა, წარმოეშვა ახალი გარემოებები რუსეთთან მოლაპრაკებების გასამართავად და ურთიერთობის გასაუმჯობესებლად, შეექმნა დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენის, სავიზო რეჟიმის გაუქმების წინაპირობები, რადგან, როგორც ცნობილია, რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლებმა, მათ შორის, უმაღლესი თანამდებობის პირებმა, პრეზიდენტ პუტინის ჩათვლით, არაერთხელ გამოთქვეს საქართველოსთან დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენისა და თანამშრომლობისთვის მზადყოფნა; მაგრამ “ქართული ოცნების” ხელისუფლება, რომელიც ნაბიჯს ვერ დგამს დასავლელი პატრონების დაუკითხავად, ლუღლუღებდა, _ ჩემ დასავლელ პარტნიორებს დავეკითხები და ვნახოთ, დამრთავენ თუ არა რუსეთთან დიალოგის დაწყების ნებასო.

სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა იმუნიტეტს სძენს, რადგან, უკრაინის კანონმდებლობით, აკრძალულია ამ ქვეყნის მოქალაქის ექსტრადიცია, თუ საქმე გამონაკლისს არ ეხება. პოროშენკომ აღნიშნა, რომ საქართველოს გენპროკურატურას არ აქვს სრულად წარდგენილი დოკუმენტები, რომლებითაც შეძლებდნენ ამ გამონაკლისის დაშვებას და სწორედ ამიტომ არის საჭირო საკითხის შესწავლა.

ამასთანავე, უკრაინის პრეზიდენტმა თავისი განცხადებით რუსეთთან საქართველოს ისედაც სავალალო ურთიერთობა კიდევ უფრო დაამძიმა. უკრაინის პრეზიდენტის ემოციურ მიმართვაში, რომელშიც ის ერთმნიშვნელოვნად მოიხსენიებდა რუსეთს მტრად და მას კვერს უკრავდა საქართველოს მთავრობა, რუსულმა მხარემ ბევრი არასასიამოვნო ინფორმაციის წაკითხვა შეძლო, რაც უკვე აისახა მის ქმედებებშიც. ის, რომ საქართველომ და უკრაინამ კიდევ ერთხელ დაადასტურეს ევროატლანტიკურ სივრცეში გაერთიანებისკენ სწრაფვა, კიდევ უფრო დრამატულს ხდის საქართველოს ბედს.

განა ვინ უნდა იყოს ისეთი მიამიტი, რომ დაიჯეროს: დასავლეთის მარიონეტად ქცეული პრეზიდენტი, რომელიც თავის ქვეყანას უფსკრულისკენ მიაქანებს, რადგან ქვეყანაში პოლიტიკური არასტაბილურობისა და დაპირისპირების მაპროვოცირებელია მხოლოდ იმის გამო, რომ სააკაშვილი თავის ფრთებქვეშ ჰყავს შეფარებული, ადეკვატურ ნაბიჯებს გადადგამს?!

პოროშენკოს ვიზიტმა, რომელმაც მკვეთრი ანტირუსული განცხადებების ფონზე ჩაიარა, მისმა გამონათქვამებმა, რომლებსაც კვერი დაუკრა საქართველოს ხელისუფლებამ, შეიძლება ძალიან მძიმე შედეგები მოუტანოს ჩვენს ქვეყანას, რომელსაც, რუსეთთან სამხედრო დაპირისპირების შემთხვევაში, არავის დახმარების იმედი არ უნდა ჰქონდეს. ან ვინ დაგვეხმარება, ვისი იმედი გვაქვს: სოროსელების; ტრამპის, რომელსაც უამრავი მოწინააღმდეგე ჰყავს თავის ქვეყანაში; ევროკავშირის, რომელიც მიგრანტების კრიზისშია ჩაფლული და თან დაშლის საფრთხის წინაშეა; თუ უკრაინის, რომელსაც თავისი ტერიტორიული პრობლემები ვერ მოუგვარებია? როგორ შეიძლება მტერსა და მოყვარეს ვერ ვასხვავებდეთ და თავს ვმტრობდეთ? მას შემდეგ, რაც საქართველომ დამოუკიდებლობა მოიპოვა, ქვეყანას უცხო ქვეყნის მარიონეტი კარიერისტები და ამორალური პიროვნებები მართავენ, რომლებმაც საქართველოს სისხლი გამოსწოვეს. ის მწარე გამოცდილება, რომელიც სააკაშვილის 9-წლიანი სისხლიანი მმართველობის პერიოდში მივიღეთ, უნდა ვიკმაროთ. არ უნდა დავუშვათ ჩვენი ფიზიკური განადგურება, მენტალურ გადაგვარებაზე ხომ, დიდი ხანია, ისედაც ზრუნავენ ჩვენი “კეთილისმსურველები”…

ნათია თათარიშვილი

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here