Home რუბრიკები საზოგადოება პოლიტიკური მინიატურები

პოლიტიკური მინიატურები

89

საქართველოს გეოგრაფიული სივრცის კარნახით, მკითხველს განსასჯელად პოლიტიკურ მინიატურებს ვთავაზობ.

მე, ქართული გეოგრაფიული სივრცე, პროტესტს ვუცხადებ ე.წ. პარტია ევროპული საქართველოს მესვეურებს, რადგან, როგორც ფიზიკურად, ისე სულიერად, ტრადიციებით თუ ჩემი ხალხის თვისობრივი ნიშნებით წინა აზიის ქვეყნად ვითვლები. იწამეთ ეს სიმართლე, ბატონებო!

* * *

პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა ახლახან ნათელი მოჰფინა იმ ფაქტს, რომ 75 მილიონი ევრო, რომელსაც ევროპარლამენტი საქართველოსთვის გამოყოფილ დახმარებას უწოდებდა, სინამდვილეში, დახმარება-საჩუქარი კი არა, სესხი ყოფილა, ოღონდ დაბალი პროცენტით. ირაკლი ღარიბაშვილმა დაასწრო და ევროპარლამენტარ ვიოლა ფონ კრამონს ამ სესხის მიღებაზე უარი უთხრა. ამით მან ქალბატონი ევროპარლამენტარი გაანაწყენა.

ოპოზიციამ პრემიერს შეუტია, _ ევროპარლამენტარი რატომ გააწბილეო, ღარიბაშვილმა კი ჩვეული შემართებით უპასუხა:

“ევროპარლამენტარი არ არის ჩემი უფროსი; ჩემი უფროსი ქართველი ხალხია!” პრემიერის ასეთმა განცხადებამ გამახარა; გულში შევძახე _ მგონი, მოვიდა დრო, რათა ვიცნოთ თავი ჩვენი.

* * *

32 ქართველი ვაჟკაცი ავღანეთში აშშ-ის ვერაგულ მიზნებს ზვარაკად შეეწირა. საუკუნეთა განმავლობაში ავღანეთი რიგი ქვეყნების ცხვირისმტვრეველად იქცა. მე-18 საუკუნის დასაწყისში ავღანეთის დაუფლებას ირანი შეეცადა, მან აიძულა ქართლის მეფე გიორგი IX დიდი ჯარით ავღანეთში შეჭრილიყო. 1709 წელს გიორგი მეფე და მისი ერთი რაზმი ავღანელებმა მთლიანად შეიწირეს; ირანმა მიზანს ვერ მიაღწია და ავღანეთიდან უკუიქცა. შემდეგში იგივე ბედი ეწიათ ინგლისელებს _ ავღანელები ვერ დაიმორჩილეს და კუდამოძუებულები გაიქცნენ.

1979 წელს შეზღუდული სამხედრო კონტინგენტით ავღანეთში საბჭოთა კავშირი შევიდა, მაგრამ 10 წლის შემდეგ დიდი ზარალისა და მსხვერპლის გაღებით მიატოვა. იქ დაღუპულ მეომრებს შორის, სამწუხაროდ, ბევრი ქართველი ვაჟკაცი იყო.

ავღანურ მწარე გაკვეთილებს არც აშშ-მა მიაქცია ყურადღება და მის დაშოშმინებას 20 წლის განმავლობაში ცდილობდა, რასაც ტრილიონობით დოლარი და 2300-ზე მეტი ამერიკელი ჯარისკაცის სიცოცხლე შეწირა; აშშ-მა მიზანს ვერ მიაღწია და ავღანეთიდან შერცხვენილი გაიქცა. დიახ, გაიქცა. ეს სიმართლეა!

გივი გურეშიძე,

ისტორიულ მეცნიერებათა დოქტორი, პოლიტოლოგი ქუთაისიდან

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here