მთავარი პოლიტიკა პლანური მმართველობა

პლანური მმართველობა

1017
გააზიარეთ
მარიხუანა

მეოთხედ საუკუნეზე ცოტა მეტი გავიდა მას შემდეგ, რაც დამოუკიდებლობა მოვიპოვეთ. პირველი, რაც მოვახერხეთ, იყო ის, რომ, პრაქტიკულად, ხმათა ასპროცენტიანი რაოდენობით არჩეული პრეზიდენტი გავაქციეთ და მოვკალით; პარალელურად ძმათამკვლელი ომი გავაჩაღეთ და მსოფლიოს დავანახვეთ, რომ საკუთარი დედაქალაქის ნგრევაში ბადალი არ გვყავს.

თუ მანამდე ჩაისა და ბორჯომს მივიჩნევდით ჩვენ გადამრჩენად, მერე მივხვდით, რომ საქართველო დერეფანი უნდა ყოფილიყო ნებისმიერი მსურველისთვის _ აქ უნდა ევლო ყველას, ვისაც არ დაეზარებოდა, და ფული გადაეხადა. მალე გაირკვა, რომ საქართველო ნარკოდერეფანი გახდა და მთელი ერი წამალზე “შეჯდა”. უფრო მეტიც, თუ ნარკომანი არ იყავი, კარგ ტიპად არ აღიქმებოდი, ანუ ნარკომანობა კაი ტიპობასთან ასოცირდებოდა და კისერზე ბენდენაგადაკიდებული და ბეჭებში მოხრილი ტიპები მისაბაძები იყვნენ. იმას რა დაგვავიწყებს, როცა ერთ მშვენიერ დღეს თბილისში ჯოხით, ე.წ. ტროსტით სიარული გახდა მოდური და მთელი თბილისი ერთ კვირაში დაკოჭლდა _ ყველამ ჯოხი დაიკავა ხელში. ჰო, დერეფნის პარალელურად, მეძავთა იმპორტიორიც გავხდით და მეზობელი ქვეყნები აივსო ქართველი ქალებით, რომლებიც ფულს სხეულის გაყიდვით შოულობდნენ. მაშინ გავიგეთ პირველად სიტყვა ტრეფიკინგი და ისიც შევიტყვეთ, რომ ტრეფიკინგის მსხვერპლი რამდენიმე ასეული ქართველი ქალი იყო.

პარალელურად, ქვეყანა ქურდული კანონებით იმართებოდა და ე.წ. კაი ბიჭებისა და საძმოების გუგუნი მიდიოდა. გავიხსენოთ, რამდენი ახალგაზრდა გამოასალმეს სიცოცხლეს მხოლოდ იმის გამო, რომ ტყავის ქურთუკი, “პირამიდა” შარვალი ან “დუბლიონკა” არ გაიხადა. რამდენი გაიპარა “კაიფში” და რამდენმა ტყვია ესროლა სხვას იმის გამო, რომ წამლის ფულს “ჩალიჩობდა…”

როგორც ჩანს, სიტყვა ტრეფიკინგი ყველაზე კარგად შევარდნაძის შემდგომ მოსულმა ხელისუფლებამ დაიმახსოვრა და ერს მოუწყო ის, რასაც მეზობელ სახელმწიფოებში სამეძავოდ წასული ქალები (ზოგი ნებით და ზოგიც ძალდატანებით) აკეთებდა. მართალია, ქუჩაში დანაშაული პრაქტიკულად მოისპო და ნარკოტიკიც აღარ იყო ისეთი ხელმისაწვდომი, მაგრამ კრიმინალები უკვე ოფიციალური პირები გახდნენ და მათ ნება-სურვილზე იყო დამოკიდებული, ვის ეცოცხლა, ვინ ციხეში მჯდარიყო, ვინ _ პარლამენტში, მინისტრად და… რა ვიცი, ჯდომის თემა ძალიან აქტუალური იყო, როგორც პირდაპირი, ისე გადატანითი მნიშვნელობით. ბორჯომის, ჩაისა და დერეფნის შემდეგ, ჩვენი ხსნა ხან მოცვი გახდა, ხან ფოთის ბაყაყი და ნიანგიარც აქ გვეშველა და ხუთი წლის წინათ ტრეფიკინგის უღელი გადავაგდეთ. ეგ კი მოვიშორეთ, მაგრამ რა დავიდგით, სიმართლე გითხრათ, დღემდე არ ვიცი

ეს ყველაფერი კი იმიტომ გავიხსენე, რომ რამდენიმე დღის წინათ დაკავებული ჯგუფ “ბირჟა მაფიას” წევრებს აქამდე არნახული სოლიდარობა გამოუცხადეს _ აქაოდა, ბიჭებს ნარკოტიკი ჩაუდეს და ქუდზე კაცი გამოდითო. გამომძიებელი და პროკურორი ნამდვილად არ ვარ და ვერც იმის მტკიცებას დავიწყებ, ჩაუდეს ნარკოტიკი ბიჭებს თუ მართლა ჰქონდათ, მაგრამ მოდი, იმ კლიპზე ვთქვათ, რომელიც განსჯის თემა შეიქნა და რომლის გამოც ეჭვობენ, რომ პოლიცია მათ სჯის. კლიპი ვინც ნახა, დაგვეთანხმება, რომ ჩვეულებრივად, ძველი ბიჭობის, ქურდული მენტალობის პროპაგანდა მიდის, მიდის იმის მტკიცება, რომ ნარკოტიკი კარგია, და კიდევ იმის, რომ პოლიცია ცუდია. ისიც ვთქვათ, რომ ეს თემა მაშინვე აიტაცეს ტელევიზიებმა და განაცხადეს, რომ პოლიციამ მუსიკოსები დააკავა. გულზე ხელი დაიდეთ და თქვით: რამდენმა იცოდით აქამდე ამ ჯგუფის არსებობა?! არავინ, ხომ?! მუსიკოსია, მხატვარია თუ პოეტი, ამას საზოგადოება წყვეტს და, დიდი ალბათობით, საზოგადოებამ ამ მუსიკოსების შესახებ არაფერი იცოდა. სწორედ ეს უნდა ყოფილიყო მიზანი ხმამაღალი კლიპისა _ საზოგადოებაში ადგილის დამკვიდრება ხმაურის ატეხვით, ძველი დროს გასახსენებლად

ვის და რატომ ენატრება ძველი დრო, ნამდვილად ვერ გეტყვით, მაგრამ უფრო გასაოცარი ხელისუფლების უმაღლესი პირების მიდგომაა. პირველი, ვინც ამ თემაზე ხმამაღლა განაცხადა, ვიცეპრემიერი და განათლების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა გახლდათ. იმის მიუხედავად, რომ არცთუ იშვიათად, ბატონი ჯეჯელავა არაადეკვატურია, ამ შემთხვევაში, შეიძლება ითქვას, ზედმეტად ადეკვატური იყო.

ამ ხალხმა თუ დაარღვია კანონი, ამ შემთხვევაში მათ პასუხი უნდა აგონ; მეორე მხრივ, ისინი დააკავეს მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ კლიპში რაც გამოხატეს, საშინელებაა, ჩემი აზრით. იმასაც ვიტყვი, რომ ასეთი უპატივცემულობა სამართალდამცველების მიმართ არის სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯი, თუმცა ამისთვის მათ პასუხს ვერ აგებინებენ და საუბარი იმაზე, რომ კანონი დავარღვიე, მაგრამ სხვა მიზეზით მაგებინეს პასუხი, მგონი, არასერიოზულია”, _ განაცხადა ჯეჯელავამ.

ამის შემდეგ სოციალურ ქსელში ბერა ივანიშვილმა “ბირჟა მაფიას” სოლიდარობა გამოუცხადა და აღნიშნა, რომ მათ გვერდით დგას. ბერაც რეპერია, ძირითადად, ამერიკაში მოღვაწეობს და მან ყველაზე კარგად უნდა იცოდეს, რომ რეპი სუფთა ამერიკული პროდუქტია, ზანგებმა შექმნეს იმიტომ, რომ თავიანთ სოციალურ პრობლემებზე ესაუბრათ და გაეპროტესტებინათ, მაგალითად, ის, რომ საპირფარეშოს შესასვლელ კარზე ეწერა: “ზანგებისა და ძაღლების შესვლა აკრძალულია”, თორემ საქართველოში რეპი დიდების ზენიტში არასდროს ყოფილა და არც არასდროს იქნება. არ არის ჩვენს გენში ეს. ჰოდა, ბერას განცხადება ხელისუფლების უმაღლესი პირებისთვის მწვანე შუქის ანათებასავით იყო და ერთმანეთის მიყოლებით ისეთი განცხადებები აკეთეს, “ბირჟა მაფიას” წევრებს აჯობეს.

გიორგი კვირიკაშვილი: “უპირველეს ყოვლისა, უნდა აღვნიშნო, რომ ადამიანის უფლებების განუხრელი დაცვა ჩვენი ერთერთი უმთავრესი მონაპოვარია, რომლისთვის ჩრდილის მიყენების შესაძლებლობა არ უნდა დავუშვათ. ფაქტია, რომ კანონმდებლობა ნარკოპოლიტიკის თვალსაზრისით არის ზედმეტად მკაცრი და საჭიროებს ლიბერალიზაციას, ამიტომ თხოვნით მივმართავ პარლამენტს, დაჩქარდეს ამ საკითხზე მუშაობა, რათა საშემოდგომო სესიისთვის მაინც მოვასწროთ სახეცვლილი, ჰუმანური და ევროპული სტანდარტების შესაბამისი კანონის მიღება. მინდა, აგრეთვე, მივმართო ახალგაზრდობას _ ჩვენი მთავრობის ნებისმიერი ნაბიჯი და გადაწყვეტილება არის მიმართული იმისკენ, რომ თქვენ, ჩვენი ქვეყნის მომავალს, შეგიქმნათ თავისუფალი და ცივილიზებული გარემო. ჩვენმა თაობამ კარგად ვიცით და გამოვცადეთ საკუთარ თავზე, როგორი არ უნდა იყოს სისტემა და მაქსიმალური ძალისხმევა გვაქვს მიმართული ისეთი ქვეყნის შესაქმნელად, სადაც სიტყვის, გამოხატვის თავისუფლება, პიროვნული ინდივიდუალიზმი იქნება არა დაპირება, არამედ ფაქტი. არც ერთი ახალგაზრდა, არც ერთი მოქალაქე ამ ქვეყანაში ჩვენი ხელისუფლების პირობებში გამოხატვის თავისუფლების გამო არ დასჯილა და არც მომავალში დაისჯება. რაც შეეხება კონკრეტულად ამ ორი ახალგაზრდის დაკავებასთან დაკავშირებულ ვითარებას, პროკურატურამ გააკეთა განცხადება, რომ უმოკლეს ვადაში შეისწავლის აღნიშნული საქმის ფაქტობრივ გარემოებებს. შესაბამისად, სამართალწარმოების პროცესი ჯერ დასრულებული არ არის…”

როგორია?! პრემიერმინისტრი რომ იტყვის, ნარკოპოლიტიკის თვალსაზრისით მკაცრი კანონები გვაქვსო, ბოდიში, ახალგაზრდებო, შესაბამის პირობებს რომ ვერ გიქმნითო… და ეს მაშინ, როცა უკვე დააკანონეს, რომ თითქმის “ნახევარი მეშოკი” მარიხუანის გამო ადამიანი არ უნდა დაიჭირონ. მარიხუანით თრობა ნორმალურია. იქნებ პრემიერმა გვიჩვენოს მაგალითი იმისა, რა კარგია მარიხუანით თრობა, თვითონ მოწიოს, თავის ოჯახის წევრებს, მინისტრთა კაბინეტის წევრებსაც მოაწევინოს და ამით გაამყაროს თავისი განცხადება. არა, მინისტრთა კაბინეტის წევრებს ისედაც ეტყობათ, რომ სულ კარგ განწყობაზე არიან, მაგრამ მაინც

ეგ კიდევ არაფერი, ბერა ივანიშვილის განცხადების შემდეგ ვიდეომიმართვა გაავრცელა კახა კალაძემ. ვიცეპრემიერი მანამდე დუმილს ინარჩუნებდა, ბერას სტატუსი კი, როგორც გითხარით, მისთვის სტიმულის მიმცემი აღმოჩნდა.

კახა კალაძე: “მინდა აღვნიშნო, რომ ქვეყანაში ნარკოპოლიტიკა რადიკალურად არის შესაცვლელი და მოხარული ვარ, რომ პრემიერმინისტრმა პარლამენტს აღნიშნული რეფორმის დაჩქარება სთხოვა. რაც შეეხება მომხდარ ფაქტს, თითოეული ჩვენგანისთვის მიუღებელია, როდესაც ძალოვანი სტრუქტურის თანამშრომლის მხრიდან თუნდაც ეჭვის დონეზე ვუშვებთ ნარკოტიკისჩადებისშესაძლებობას. ეს ყველაფერი წარსულში უნდა დარჩეს და დარწმუნებული ვარ, წარსულში დარჩება, როცა მოხდება ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაცია და პოლიციის რეფორმის ბოლომდე მიყვანა, რომელიც დაწყებულია. ამიტომ არც ერთი კონკრეტული შემთხვევა არ რჩება ჩვენი ხელისუფლების, უწყების ხელმძღვანელობის ყურადღების მიღმა. სრულიად დაუშვებელია, რომ რომელიმე მათგანის რაიმე სახის გადაცდომამ ჩირქი მოსცხოს ჩვენს პოლიციელებს, ადამიანებს, რომლებიც თავიანთი სიცოცხლის ფასად დგანან ქვეყნის სადარაჯოზე. ამ ეტაპზე მინდა გითხრათ, რომ მიმდინარეობს შიდა მოკვლევა. სტრუქტურის ხელმძღვანელობა ყველაფერს გააკეთებს, რომ, თუკი ვინმე არის დამნაშავე ან ვინმეს აქვს გადაცდომა ჩადენილი ამ კონკრეტულ ეპიზოდში, ყველა ადეკვატურად დაისაჯოს…”

ანუ ვიცეპრემიერიც ამბობს, რომ ნარკოპოლიტიკა შესაცვლელია, რომ ნარკოტიკებზე სასჯელი უნდა შემცირდეს და… მერე ნახეთ, მარიხუანას ცხვირწინ რომ გაუბოლობენ საპატრულო ეკიპაჟს და მათ ხმის ამოღების უფლებაც არ ექნებათ, მარიხუანის მწეველთა “ფაქიზი ნერვები” რომ არ დააზიანონ…

აქვე გეტყვით, რომ ბოლო საერთაშორისო კვლევით, რომელიც, აგერ უკვე ათი წელიწადია, ტარდება, 15 წლის ქართველმა მოზარდებმა წაკითხულის გააზრებაში 70 ქვეყანას შორის 62- ადგილი დაიკავეს. სანუგეშოდ საქმე მათ არც საბუნებისმეტყველო და ზუსტი მეცნიერებების ცოდნის მხრივ აქვთ და არა მხოლოდ ამ ასაკობრივ ჯგუფში (სტაბილურად ასეა ბოლო ათწლეულში). დაწყებითი კლასის მოსწავლეებსაც ანალოგიური პრობლემა აქვთ, რაც იმაზე მიანიშნებს, რომ პრობლემა არა მხოლოდ ქვეყნის განათლების სისტემაა, არამედ ოჯახური გარემოც. ჰოდა, იქნებ ის სჯობდეს, ახალგაზრდების აღზრდასა და განათლებაზე ვიფიქროთ და არა იმაზე, როგორ გახდეს მათთვის ნარკოტიკი უფრო მარტივად ხელმისაწვდომი

მეოთხედ საუკუნეზე ცოტა მეტი გავიდა, რაც დამოუკიდებლობა მოვიპოვეთ… და სულ ცოტა გვიკლია, რომ დამოუკიდებლობიდან ნარკოდამოკიდებულები გავხდეთ და ერი, ის ახალგაზრდა თაობა, რომელზეც თურმე ასე ზრუნავს ხელისუფლება, კანონით ვაიძულოთ, ნარკოტიკი მოიხმაროს. ხელისუფლება, რომელსაც ნეპოტიზმსა და კლანურ მმართველობაში ადანაშაულებენ, ნელ-ნელა გადავიდა პლანურ მმართველობაზე და ლიბერალიზებული კანონის შემდეგ პლანური ხელისუფლება გვეყოლება. არც ის გამორიცხოთ, რომ მკერდზე საქართველოს დროშის ნაცვლად, პარლამენტარებმა მარიხუანის ფოთოლი დაიკრან და სესიების დაწყებისა და დამთავრებისას, ჰიმნის ნაცვლად, “ბირჟა მაფიას” კლიპი გაუშვან.

ბესო ბარბაქაძე

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here