მთავარი პოლიტიკა “პლანი” მათი არსობისა

“პლანი” მათი არსობისა

1099
გააზიარეთ
“პლანი” მათი არსობისა

გასულ კვირას ქართული საზოგადოება მარიხუანაზე 24-საათიან რეჟიმში ლაპარაკობდა. ყველა სხვა პრობლემამ უკანა პლანზე გადაიწია. ამის მიზეზი ხელისუფლების მიერ შემუშავებული კანონპროექტი გახდა, რომელიც მარიხუანას წარმოებისა და ექსპორტისათვის სამართლებრივ ჩარჩოს და ლიცენზირების მექანიზმს ქმნის. ვის ინტერესებში შეიძლება შედიოდეს მისი მიღება?

კარლ მარქსის თქმის არ იყოს, მთავარი ეკონომიკური ბაზისია. ლეგალური მარიხუანის გლობალური ბაზარი ძალიან მაღალი ტემპებით ფართოვდება. ექსპერტები ვარაუდობენ, რომ 2021 წლამდე ის ყოველწლიურად 60%-ით, 47 მილიარდამდე გაიზრდება. ეს შედარებით ზომიერი პროგნოზი “ფორბსმა” “ბრაიტფილდ გრუპის” კვლევაზე დაყრდნობით გამოაქვეყნა. საინვესტიციო ბანკ “კოვენის” ექსპერტების აზრით კი, წლიური გაყიდვები 2030 წლისთვის 75 მილიარდ დოლარს მიაღწევს. ამ ეტაპზე გაყიდვების 90 პროცენტი აშშ-ზე მოდის, თუმცა ნავარაუდევია, რომ 2021 წლისთვის ის 57%-მდე შემცირდება, რადგან ბაზარზე სხვა ქვეყნების წარმომადგენლები შემოვლენ. კანადის პერსპექტივების შეფასებისას, კონსალტინგურმა სააგენტო “დელოიტმა” ივარაუდა, რომ ამ ქვეყანაში ეკონომიკის ახალი სექტორი 150 ათას სამუშაო ადგილს შექმნის, ხოლო შემოსავალი 22 მილიარდ დოლარს გადააჭარბებს. ალბათ, მიზანშეწონილია, უფრო მცირე ქვეყნის _ ისრაელის მაგალითიც განვიხილოთ. იქ, ისევე როგორც საქართველოში, ჯერ მოხმარების დეკრიმინალიზაცია მოხდა, შემდეგ დღის წესრიგში ექსპორტის საკითხი დადგა. სხვათა შორის, საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა გიორგი ქობულიამ თქვა, რომ მთავრობაში სწორედ კანადისა და ისრაელის მაგალითი შეისწავლეს. ისრაელში დაშვებულია მოხმარება სამედიცინო მიზნით, ანუ რეცეპტის საფუძველზე, რაც შეეხება სრულ ლეგალიზაციას, ამასთან დაკავშირებით დისკუსია მიდის. ლეგალიზაციის მოწინააღმდეგეები აქცენტს ზნეობრივ მხარეზე, რელიგიურ ფაქტორზე აკეთებენ, მომხრეები კი _ ეკონომიკურ მიზანშეწონილობაზე. “ბაზრის შესწავლის იერუსალიმის ინსტიტუტმა” გამოთვალა, რომ შავი ბაზრის ბრუნვა 2,5 მილიარდ შეკელს შეადგენს (1 შეკელი 0,28 დოლარია), ხოლო ლეგალიზაციის შემთხვევაში ხაზინაში 950 მილიონი შეკელი შევა თუ მარიხუანა თამბაქოს სქემით დაიბეგრება, ამასთანავე, ბიუჯეტში დარჩება 700 მილიონამდე შეკელი, რომელიც ყოველწლიურად არალეგალურ ვაჭრობასთან და მოხმარებასთან ბრძოლაზე იხარჯება.

ასეა თუ ისე, არსებობს ბაზარი, რომელიც ძალიან სწრაფად იზრდება, ახალი ბიზნესი, რომელიც ინვესტორების დაინტერესებას იწვევს და ნაკლებად სავარაუდო იყო, ბიძინა ივანიშვილს ამ ტენდენციებისთვის ყურადღება არ მიექცია. საქართველოში პრაქტიკულად არ არსებობს კომენტატორი (პროსახელისუფლო პროპაგანდისტების გამოკლებით), რომელიც კანონპროექტის მომზადებას და მარიხუანასთან დაკავშირებულ პროცესს ბიძინა ივანიშვილის ინტერესებს არ უკავშირებს.

ამ კონტექსტში ჩვენ შეგვიძლია გავიხსენოთ “ქართული ბიტკოინების” ისტორია. ფორმალურად, ივანიშვილს ამ საქმესთან შეხება არ ჰქონია, მაგრამ, როგორც კი მოულოდნელად გაჩნდა ახალი ციფრული პროდუქტი და მაღალი მოგების მიღების შესაძლებლობა, საქართველოში ძალიან სწრაფად გაიხსნა მაინინგის საწარმო, რომელმაც ყველა წარმოსადგენი შეღავათი მიიღო. ანალოგიური რამ შეიძლება მარიხუანას შემთხვევაშიც მოხდეს, მითუმეტეს, რომ ამ შემთხვევაში პოტენციური მოგება გაცილებით დიდია. 2011 წლის 7 ოქტომბრის (თავის პირველ) განცხადებაში ბიძინა ივანიშვილი მაღალტექნოლოგიური საწარმოების და შესაბამისი სამუშაო ადგილების შექმნას გვპირდებოდა. მაშინ ვერავინ წარმოიდგენდა, რომ საბოლოოდ მსჯელობა ბიტკოინებსა და მარიხუანაზე მოგვიწევდა.

დღეს ხელისუფლების წარმომადგენლები ამბობენ, რომ მოხმარების სრული ლეგალიზაცია გამორიცხულია, თუმცა მათ, ალბათ, უნდა დაამატონ “ამ ეტაპზე”. თუ კანონპროექტს მიიღებენ და წარმოება დაიწყება, ძნელი დასაჯერებელია, რომ ქართველი ბიზნესმენები მხოლოდ ექსპორტით, უცხოურ ბაზარზე მუშაობით და იქ კანადურ თუ სხვა უცხოურ კომპანიებთან ჭიდაობით დაკმაყოფილდებიან. მათ შეუძლიათ, იაფი მუშა ხელი გამოიყენონ ან საგადასახადო შეღავათები მიიღონ, მაგრამ პოტენციური კონკურენტების აქტივში იქნება ტექნოლოგიური უპირატესობა, ხარისხის კონტროლი, ძლიერი მარკეტინგი და სხვა. პრაქტიკულად გამორიცხულია ქართველმა მწარმოებლებმა ადგილობრივი ბაზრის ათვისება არ სცადონ, სადაც (უპირველესად, ტურისტების ხარჯზე) გარანტირებული რეალიზაცია და მონოპოლიური მდგომარეობა ექნებათ (ამის მიღწევის შესაძლებლობა ნამდვილად აქვთ). სოცქსელებში მკაფიოდ ჩანს, რომ მსუბუქი ნარკოტიკების მომხმარებლები მეზობელი ქვეყნებიდან აღტაცებულნი არიან საქართველოში მარიხუანის ლეგალიზაციის პერსპექტივით და ამან შეიძლება რეალიზაციის მთელი ინდუსტრიის შექმნა (სპეციალიზებული აფთიაქები, კლუბები და ..) და შემოსავლების ზრდა მოიტანოს. სხვა საკითხია, რამდენად შეესაბამება ასეთი ბიზნესი ქართული საზოგადოების, კერძოდ კი მისი კონსერვატიული ნაწილის პრინციპებს.

ამგვარად, შეგვიძლია თამამად ვივარაუდოთ, რომ ახლო მომავალში გადაიდგმება რამდენიმე ნაბიჯი, რომელიც შესაძლებელს გახდის არა მხოლოდ მარიხუანის მოხმარებას, არამედ მის ლეგალურ შეძენას და ეს სწორედ იმ პერიოდში მოხდება, როდესაც ახალიფერმებისაპროექტო სიმძლავრეზე გავლენ, იქამდე დარჩენილი დრო კი ოპონენტების დარწმუნებასა თუ მოსყიდვას დაეთმობა. ძნელი სათქმელია, როგორც მოხდება რეალიზაცია კონკრეტულად _ აფთიაქებში გაყიდვის გზით, როგორც ეს ისრაელსა და ურუგვაიში ხდება (რეცეპტის შოვნა საქართველოში განსაკუთრებული პრობლემა არასოდეს ყოფილა) თუ რაიმე სხვას, ორიგინალურს მოვიგონებთ. არსებითი მნიშვნელობა ამას, ალბათ, არ აქვს.

როდესაც რუსთაველის გამზირზე, “ბასიანის” კლუბთან დაკავშირებული აქციები იმართებოდა, 13 მაისს, დაძაბულობის პიკზე ბიძინა ივანიშვილის ვაჟიშვილმა ბერამ გამოაქვეყნა კლიპი ლეგალიზაციის მოწოდებით. მაშინ ბევრ კომენტატორს გაუჩნდა ეჭვი, რომ ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციასთან დაკავშირებული პროცესის უკან სწორედ “ქართული ოცნების” ლიდერის ინტერესი იკვეთება. იმ აქციამ მნიშვნელოვანი როლი შეასრულა _ მან მმართველ ელიტას შესაძლებლობა მისცა ეთქვა, რომ გამოსავალი შექმნილი სიტუაციიდან არის ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაცია შერბილების მიმართულებით. ზოგიერთი კომენტატორი უფრო შორს მიდის და ირწმუნება, რომ პოლიციის რეიდი ღამის კლუბებში ასეთი უხეში ფორმით სწორედ იმიტომ ჩაატარეს, რომ საპასუხო რეაქცია გამოეწვიათ და საბოლოოდ ლიბერალიზაციის მოთხოვნის ლეგიტიმაცია მიეღოთ, რაც, დიდი ალბათობით, შეზღუდვების ეტაპობრივ გაუქმებამდე მიგვიყვანს.

კანონპროექტის მიღების და მარიხუანას წარმოების დაწყების შემდეგ, “გირჩი”, “თეთრი ხმაური” და სხვა მონათესავე ორგანიზაციები, სავარაუდოდ, ისაუბრებენ შექმნილი ვითარების უსამართლობასა და ალოგიკურობაზე. მსხვილი კაპიტალი მარიხუანის წარმოებით იხეირებს, ხოლო “რიგით” მომხმარებელს არ შეეძლება ლეგალურად შეიძინოს ან მოიყვანოს ის. მათი პროტესტი, დიდი ალბათობით, ლიბერალიზაციის ახალი ეტაპით დასრულდება. ისევე, როგორც დეკრიმინალიზაციის შემთხვევაში, საკვანძო როლი შეიძლება საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებამ შეასრულოს. სარჩელის ავტორები ყურადღებას, სავარაუდოდ, უფლებების არალოგიკურ შეზღუდვაზე გაამახვილებენ – თუ პროდუქტის წარმოება და მოხმარება (ამ ეტაპზე _ სახლში) ლეგალურია, რატომ არ შეიძლება მისი ლეგალური შეძენა?

აქ მნიშვნელოვანია შემდეგი მომენტი: მსხვილი ბიზნესის ტოტალურმა მონოპოლიამ შეიძლება გააღიზიანოს მოსახლეობის ნაწილი, ამიტომ, “მთავარი დამკვეთი”, სავარაუდოდ, იძულებული გახდება, დაუთმოს ელიტის წარმომადგენლებს გარკვეული წილი წარმოებასა და რეალიზაციაში და რამდენიმე მცირე შეღავათი “უბრალო მოქალაქეებსაც” მიუგდოს.

ხელისუფლება ცდილობს, დაარწმუნოს საზოგადოება, რომ საგანგაშო არაფერი ხდება და აქცენტი კონტროლზე გადააქვს (მოხმარების აკრძალვა 21 წლამდე, პროფესიული შეზღუდვები და ა.შ.). აქ, ალბათ, მნიშვნელოვანია ყურადღება პროცესის ეტაპობრიობას მივაქციოთ _ მასშტაბური წარმოების დაწყებამდე ბიზნესმენებს ლეგალიზაცია არ სჭირდება. ის სტიქიური ნახევრადლეგალური ბაზრის გაჩენას გამოიწვევს, რომლის რეგულირება და ათვისება ცალკე თავის ტკივილი გახდება. ამასთანავე, მყისიერმა ლეგალიზაციამ შეიძლება კონსერვატორების არაპროგნოზირებადი რეაქცია გამოიწვიოს. მაქსიმალური შედეგის მომტანი კი მცირე ნაბიჯები და ეტაპობრივი წინსვლაა, ამას უკლებლივ ყველა იმ ქვეყნის მაგალითი ადასტურებს, რომლებიც მარიხუანის მოხმარებისა და წარმოების ლეგალიზაციის გზას დაადგა.

მთავარი პრობლემა კანონპროექტის ავტორებისთვის, უფრო სწორად კი მისი სულისჩამდგმელებისთვის, ეკლესიის პოზიციაა _ ის ახალ ინიციატივას კატეგორიულად ეწინააღმდეგება. რაც შეეხება პოლიტიკოსებს, რომლებიც ადრე კონსერვატორებად და ლეგალიზაციის მოწინააღმდეგეებად ითვლებოდნენ, მათ რიგებში დაბნეულობა სუფევს. ზოგიერთი მათგანი პოზიციას ცვლის; ელიტის უდიდესი ნაწილი კი, როგორც ეს მსგავს შემთხვევებში ხდება ხოლმე, დაკავებულია პერსპექტივების შეფასებით, ფიქრობს: შეეძლება თუ არაშეძვრესამ ახალ ბიზნესში, მოგება ნახოს და პოზიციას პრობლემის მიმართ სწორედ ამის საფუძველზე აყალიბებს. მთავარმა დამკვეთმა კი, სავარაუდოდ, ჯერ კიდევ პროცესის დაწყებამდე შეიმუშავა საკვანძო ფიგურების მოთაფვლის, გაჩუმების ან, პირიქით, მისთვის სასურველ კონტექსტში ალაპარაკების გეგმა და, სავარაუდოდ, დასახულ მიზანს ამ შემთხვევაშიც მიაღწევს. ამგვარად, საკმაოდ მაღალია იმის ალბათობა, რომ, ეკლესიისა და საზოგადოების კონსერვატიული ნაწილის პროტესტის მიუხედავად, კანონმდებლობაში ცვლილებები შევა და საქართველო მარიხუანას მწარმოებელი ქვეყანა გახდება, რის შემდეგაც დღის წესრიგში მისი მოხმარების სრული ლეგალიზაციის საკითხი დადგება.

დიმიტრი მონიავა

გააზიარეთ

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here