Home რუბრიკები სპორტი “პატარა დრაკონის” ცხოვრების გზა

“პატარა დრაკონის” ცხოვრების გზა

2022
“პატარა დრაკონის” ცხოვრების გზა

აღმოსავლური ორთაბრძოლების ოსტატი, მსახიობი, რეჟისორი და სცენარისტი ბრუს ლი, რომელიც უნიკალური ნიჭის, მიზანმიმართულობისა და შრომისმოყვარეობის წყალობით მსოფლიო ლეგენდად იქცა და პლანეტის ყველა კუთხეში მილიონობით მიმდევარი ჰყავდა, 1940 წელს სან ფრანცისკოში დაიბადა, სადაც იმ პერიოდში გასტროლზე იმყოფებოდა მისი მამა კანტონის (გუანჯოუს) ოპერის მსახიობი ლი ხოი ჩენი ფეხმძიმე ცოლ გრეის ლისთან ერთად.

1940 წლის 27 ნოემბერს, ჩინური კალენდრის მიხედვით, დრაკონის წელიწადსა და დრაკონის საათზე დაიბადა ბიჭი, რომელიც მსოფლიო ლეგენდად იქცა. ახალშობილს რამდენიმე სახელი დაარქვეს. ჩინური კალენდრის მიხედვით _ ლი სიაო ლუნი (“პატარა დრაკონი”) სან-ფრანცისკოს კლინიკიდან გაცემულ დაბადების მოწმობაში ჩაუწერეს ბრუს ლი, დედამ კი ლი ჩჟენ ფანი დაარქვა.

ბრუს ლი და ცნობილი ამერიკელი კალათბურთელი კარიმ აბდულ ჯაბარი
ბრუს ლი და ცნობილი ამერიკელი კალათბურთელი კარიმ აბდულ ჯაბარი

როდესაც ბრუს ლი წამოიზარდა, მშობლებმა იეზუიტების სკოლაში მიაბარეს, მაგრამ იქიდან მალე გამოაგდეს ცუდი საქციელისა და სწავლის გამო. ბიჭი განსაკუთრებით ცუდად სწავლობდა გრამატიკასა და მათემატიკას, ჩხუბობდა კლასელებთან, რის გამოც შინ ხშირად მისულა თვალჩალურჯებული. მამა ყველანაირად ცდილობდა შვილის გამოსწორებას და ხშირად დაჰყავდა თეატრსა და გადაღებებზე. ამის წყალობით ბრუსი მალე მოხვდა კინოში. ექვსი წლის იყო, როცა პატარა ქურდი ბიჭის როლი ითამაშა ფილმში “კაცობრიობის გაჩენა”. მამა ოცნებობდა შვილის არტისტობაზე, ხედავდა, რომ სიგამხდრის, არაპროპორციული გრძელი ხელებისა და მოღრეცილი მარცხენა ფეხის მიუხედავად, ბრუსი ღმერთისგან პლასტიკურობითა და რიტმის გრძნობით იყო დაჯილდოებული, ამიტომ ის ცეკვაზე მიიყვანა, მას ცეკვა ძალიან მოეწონა.

ბრუს ლი და მისი მასწავლებელი იპ მენი
ბრუს ლი და მისი მასწავლებელი იპ მენი

13 წლის მოზარდმა პირველად გადააბიჯა ცეკვის სასწავლებლის ზღურბლს, 17 წლისამ კი ჰონკონგის ჩემპიონმა მოიპოვა ჩა-ჩა-ჩა-ს შესრულებაში. ცეკვით გატაცების მიუხედავად, მოუსვენარი ყმაწვილი მაინც მონაწილეობდა ქუჩურ გარჩევებში და, როცა ერთ-ერთი ასეთი გარჩევის შემდეგ კარგად გალახეს, გადაწყვიტა, აღმოსავლური ორთაბრძოლები შეესწავლა. მან ყურადღება შეაჩერა სტილ ვინ-ჩენზე (ბრძოლა მოკლე დისტანციაზე უიარაღოდ) და მივიდა ამ საბრძოლო ტექნიკის საუკეთესო ოსტატთან, ყოფილ პოლიციელ იპ მენთან, რომელსაც ჰონკონგში საკუთარი სკოლა ჰქონდა. მასწავლებელმა მყისვე შეამჩნია ყმაწვილს პლასტიკა და კოორდინაცია, აგრეთვე, მოძრაობების სისწრაფე და მოხერხებულობა.

ბრუს ლი ოჯახთან ერთად
ბრუს ლი ოჯახთან ერთად

ბრუსმა მალე მიაღწია წარმატებებს, მაგრამ ქუჩური გარჩევები მაინც იზიდავდა. ერთხელ ჩაერთო ჰონკონგის ცნობილი კრიმინალური დაჯგუფების წევრებთან ჩხუბში და ორი კაცი გალახა. კრიმინალური სამყაროს წარმომადგენლებს არ სჩვევიათ ლმობიერების გამოჩენა იმ ადამიანების მიმართ, რომლებმაც აწყენინეს, ამიტომ ბრუსის სიცოცხლეს საფრთხე დაემუქრა. შეშინებულმა დედამ ბიჭი სასწრაფოდ გაგზავნა ამერიკის შეერთებულ შტატებში. ასე რომ, 1959 წელს ბრუს ლი კვლავ აღმოჩნდა აშშ-ში: ჯერ _ სანფრანცისკოში, შემდეგ _ სიეტლში. მუშაობდა რესტორანში, სწავლობდა ედისონის სახელობის სკოლაში, შემდეგ კი ჩააბარა ვაშინგტონის უნივერსიტეტში.

სწავლის მიუხედავად, ბრუსს სპორტი არ მიუტოვებია, პირიქით _ თავისუფალ დროს ვარჯიშში ატარებდა. შეისწავლა და სრულყო კუნგ-ფუს, ჯიუ-ჯიტსუსა და ძიუდოს ილეთები. ვარჯიშისას მანეკენებად იყენებდა ხეებს, რომლებსაც ტანზე პლედს ახვევდა.

19 წლის ბრუს ლიმ აღმოსავლური ორთაბრძოლის თავისი სკოლა გახსნა _ ასწავლიდა კუნგ-ფუს საკუთარ სტილს _ ჯიტ კუნ-დოს, რომელიც რეგულარული და ქანცგამცლელი ვარჯიშის შემდეგ შექმნა. გაკვეთილი იაფი არ იყო (თითქმის 300 დოლარი საათში), მაგრამ ბევრს უღირდა. ბრუს ლი სიკვდილამდე სრულყოფდა თავის ორიგინალურ ტექნიკას, მოსწავლეებისთვის კი შეიმუშავა კვების სპეციალური სისტემა.

ბრუს ლის ძეგლი ჰონგ-კონგში
ბრუს ლის ძეგლი ჰონგ-კონგში

ბრუს ლი არა მხოლოდ სპორტული მიღწევების გამო აღიარეს ლეგენდად, მან შეძლო სრულად შეეცვალა წარმოდგენა ორთაბრძოლებზე კინემატოგრაფში და აეყვანა ის სხვა დონეზე. თუ ადრე კინემატოგრაფიული ორთაბრძოლების კადრებს აჩქარებდნენ მეტი სანახაობრივი ეფექტისთვის, ბრიუსის ორთაბრძოლებს პირიქით _ ანელებდნენ, მაყურებელი მისი შესანიშნავი ტექნიკით რომ დამტკბარიყო.

ხანმოკლე ცხოვრების განმავლობაში ბრუს ლიმ 36 ფილმში ითამაშა, მათგან ბევრი კლასიკად იქცა.

1971 წელს, როდესაც ჰონკონგში გაიხსნა კინოსტუდია Golden Harvest-ი, ბრუსმა გადაწყვიტა, სამშობლოში დაბრუნებულიყო. მან დაარწმუნა კინოსტუდიის დირექტორი, რომ მისთვის მიეცა მთავარი როლი ფილმში “დიდი ბიჭი” (1971 წ.), აგრეთვე, დაედგა ორთაბრძოლების სცენები. ფილმის წარმატებამ მოლოდინს გადააჭარბა და ლიმ მოიპოვა შესაძლებლობა, არა მხოლოდ წარმოეჩინა თავისი სამსახიობო და სპორტული უნარ-ჩვევები, არამედ უშუალოდ ჩართულიყო შემდეგი ფილმის შექმნაში.

1972 წელს ეკრანებზე გამოვიდა მრისხანების გზა და დრაკონის გზა”, რომლებმაც ბრუს ლი ვარსკვლავად აქცია. უზარმაზარი წარმატება ჰქონდა ფილმ “დრაკონის გამოსვლას” (1973 წ.), რომლის პრემიერა ბრუს ლის მოულოდნელი გარდაცვალებიდან ერთი კვირის თავზე გაიმართა. ეს ფილმი დიდი მსახიობისა და სპორტსმენისადმი მიძღვნილი რეკვიემი აღმოჩნდა, ხოლო ჩაკ ნორისთან ფინალური ორთაბრძოლა საუკეთესოდ ითვლება მსოფლიო კინემატოგრაფში.

ბრუს ლის მონაწილეობით ეკრანებზე გამოსული ბოლო ფილმი იყო “სიკვდილის თამაში” (1979 წ.), რომელიც მის გარეშე დაასრულეს დუბლიორების გამოყენებით. ფილმში შესულია ბრუს ლის დაკრძალვის დოკუმენტური კადრები.

ბრიუს ლიმ მომავალი მეუღლე ლინდა ემერი სიეტლში გაიცნო. გოგონა, ისევე, როგორც თვითონ, ვაშინგტონის უნივერსიტეტში სწავლობდა. 17 წლის ლინდამ ბრუსის აღმოსავლური ორთაბრძოლების სკოლაში დაიწყო სიარული და… მასწავლებელი შეუყვარდა. მათ 1964 წელს იქორწინეს. ჰყავთ 2 შვილი: ბრენდონი და შენონი. ბრენდონი მამის მსგავსად მსახიობი გახდა და ტრაგიკულად დაიღუპა ისე, რომ 30 წლისთვისაც არ მიუღწევია. ახალგაზრდას ფილმ “ყველას” გადაღებისას ესროლეს პისტოლეტიდან, რომელშიც პიროტექნიკოსის დაუდევრობის გამო ნამდვილი ტყვია იდო. შენონიც მსახიობია, ოღონდ დიდი ხანია, ფილმში არ გადაუღიათ.

იდეალურ ფიზიკურ ფორმაში მყოფი ბრუს ლის მოულოდნელმა სიკვდილმა აღმოსავლური ორთაბრძოლების სახელგანთქმული ოსტატის მილიონობით თაყვანისმცემელი დაამწუხრა. ოფიციალური ინფორმაციით, ის 1973 წლის 20 ივლისს გარდაიცვალა ტვინში სისხლის ჩაქცევის გამო, რომელიც თავის ტკივილის საწინააღმიდეგო პრეპარატზე ალერგიულმა რეაქციამ გამოიწვია, მაგრამ არსებობს ვერსია, რომ მას მაფიოზებმა მიუგზავნეს მკვლელი, რომლის მოქმედებებმა ლის ნელი სიკვდილი გამოიწვია. მსახიობი სიეტლში დაკრძალეს.

ჩინეთის ქალაქ შუნდეში, საიდანაც არიან საბრძოლო ხელოვნების ოსტატის წინაპრები, ბრუს ლის 20-მეტრიანი ქანდაკება აღმართეს. მისი ხსოვნის პატივისცემის ნიშნად ქანდაკებები დგას ჰონკონგსა და ლოს-ანჯელესში.

მოამზადა

ნიკა კორინთელმა

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here