მთავარი პოლიტიკა პაპათა ვაჟკაც თაობას გამარჯვებისთვის მადლობა!

პაპათა ვაჟკაც თაობას გამარჯვებისთვის მადლობა!

1142
გააზიარეთ
მემორიალი

ნამდვილად ვერ ვიფიქრებდი, სკოლის დამთავრებიდან 25 წლის შემდეგ კიდევ თუ მომიწევდაშედარებითი დახასიათებისდაწერა, თანაც _ ადოლფ ჰიტლერისა და იოსებ სტალინის. განსხვავება ის არის მხოლოდ, რომ ქართული ლიტერატურული ნაწარმოებების გმირთა შედარებითი დახასიათების დაწერას მასწავლებლები მთხოვდნენ ხოლმე, მეორე მსოფლიო ომის მთავარ გმირთა შედარებითი დახასიათების დაწერას კი შექმნილი სიტუაცია მკარნახობს და ამიტომ ნებაყოფლობით ვწერ.

ნუ გაგიკვირდებათ, რომ სტალინსაც და ჰიტლერსაც _ ორივეს გმირი ვუწოდე, რადგან აქ ეს სიტყვა გამოყენებულია მთავარი მოქმედი პირის მნიშვნელობით და არა მაინცდამაინც დადებითი პერსონაჟის გაგებით. მოგეხსენებათ, ეს ლიტერატურულ ნაწარმოებებშიც ასეა: გმირი შეიძლება დადებითიც იყოს და უარყოფითიც.

და, როგორც ლიტერატურულ ნაწარმოებშია ხოლმე, მწერალს, რაც უნდა ანგელოზად სურდეს დადებითი გმირის წარმოჩენა, მის პერსონაჟს მაინც აქვს არაერთი უარყოფითი თვისება და 100 პროცენტით დადებითად მისი დახატვა საკონტროლო წერისას მაინც საძნელო საქმეა, თუკი ობიექტურობას დაიცავ. სამაგიეროდ, ძალიან მარტივია, უარყოფით გმირს ბოლომდე ჩამოუთვალო ცოდვები, რადგან ასეთ უარყოფით ადამიანებს, როგორც წესი, ძალიან იშვიათად მოეძებნებათ რაიმე დადებითი.

ასევეა სტალინ-ჰიტლერის ამბავშიც. რაც უნდა მსოფლიოში ფაშიზმის დამარცხების ერთ-ერთი მთავარი მედროშე ვეძახოთ, იოსებ სტალინს უარყოფითი თვისება მაინც ჰქონდა და არც არავინ უარყოფს მის მიდრეკილებებს ტოტალიტარიზმისკენ და ადამიანთა სიცოცხლის ძალიან მარტივად გაწირვის ჩვეულებას.

ჩვენს ქვეყანაში უკვე ძალიან მოდურია დიქტატორი და ტირანი სტალინის ლანძღვა და რაღაც კუთხით ეს გასაგებიცაა. თუმცა, გაუგებარია, რატომ მოიკიდა ფეხი ნელნელა ჰიტლერის ქებადიდებამ, მისმა წარმოჩენამ ლამის წამებულ რაინდად.

წესით, ადამიანი, რომელიც გმობს სტალინს ტირანიისთვის, ჰიტლერს კიდევ უფრო მეტად უნდა გმობდეს. განა შეიძლება ერთი ტირანი მისი კათმოძულეობის გამო მიუღებელი იყოს, ხოლო მეორე _ მისაღები?

ახლა, შესაძლოა, “ჰიტლერისტებმა” კითხვაც შემომიტრიალონ: კარგი, მაგრამ იმ ხალხზე რაღას იტყვი, რომელსაც პირიქით _ ჰიტლერი სძულს, ხოლო სტალინს აქებს?

ამაზე, თუ დააკვირდით, წინასწარვე გავეცი პასუხი: სტალინს ის მაინც ეთვლება დადებითში, რომ ფაშიზმის დამარცხებაში უდიდესი წვლილი შეიტანა და მისი თაოსნობით ევროპის ათეულობით დაპყრობილი და დამონებული ქვეყანა გათავისუფლდა ნაცისტებისა და ფაშისტების უღლისგან….

აი, ჰიტლერს კი, რა გინდა, დადებითი უპოვო?!

თუმცა ამ, ურთულეს კი არა, შეუძლებელ ამოცანასაც “წარმატებით” ართმევს თავს ზოგიერთი.

რა დასამალია და, საქართველოში უკვე შესამჩნევად არის გააქტიურებული ჰიტლერის მაქებართა, მისი პერსონის თაყვანისმცემელთა ჯგუფები. მოცემული სურათის გაანალიზება თვალნათლივ გვიჩვენებს, რომ, ამ ჯგუფებში, ძირითადად, უვიც, გაუნათლებელ და ზერელე ინფორმაციის მქონე 15-20 წლის ყმაწვილებს ითრევენ. სატყუარა კი მათი მხრიდან ამ საკითხის ზერელე ცოდნაა. ამ ახალგაზრდებს თავში უტენიან, რომ ჰიტლერი სინამდვილეში იყო მაღალი საზოგადოებრივი თვითშეგნების, საკუთარ ერზე შეყვარებული, პატრიოტი, ვაჟკაცი და თავგანწირული მოღვაწე, რომლისაც შურდათ მსოფლიოს ლიდერებს და დამარცხების შემდეგ, უბრალოდ, სახელი გაუტეხეს მას.

საქმე იქამდეც კი მივიდა, რომ “ჰიტლერისტები” საკუთარ გაერთიანებებს “ანტილიბერალურს”, “ქართულ სულს” “ძალას” “აზრსა” თუ “იდეას” არქმევენ.

საბოლოოდ, ქმნიან ისეთ შთაბეჭდილებას, თითქოს მათი ეს ყოვლად საშიში პროპაგანდა, უბრალოდ, ლიბერალიზმთან ბრძოლაა და, ამასთანავე, ქართული პატრიტიზმიც სწორედ ჰიტლერის იდეების მხარდაჭერასა და გაცოცხლებაზე გადის, რაც, პირდაპირ უნდა ვთქვათ, სახელმწიფოებრივ საფრთხეს შეიცავს.

დიდი სიმახინჯეა ისიც, რომ რადიკალი მართლმადიდებლები თავიანთ ქმედებებსა და აზრებს “ანტილიბერალიზმად” ასაღებენ. არადა, სულაც არ არის აუცილებელი, თუკი ანტილიბერალი ხარ, აუცილებლად რადიკალური ტრადიციონალისტი და უკიდურესი მართლმადიდებელი იყო; თუმცა განსხვავება ისაა, რომ მართლმადიდებლები სახელმწიფოსთვის საშიში დანაშაულებრივი დაჯგუფების წევრები არ არიან. აი, ანტილიბერალებად შეფუთული ფაშისტები კი სახელმწიფოსთვის სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენენ.

და მაინც, რა არის ის ძირითადი პოსტულატები, რომლებზეც ქართველი “ჰიტლერისტები” თავიანთი იდეოლოგიის დაფუძნებას ცდილობენ?

ერთი, ძალიან მოძველებული რეგვნობა არის ეს: შემოსულიყვნენ გერმანელები, რატომ ვეომეთ, ბავარიულ ლუდს დავლევდით ახლა”. ამ ტიპის მსჯელობის მოყვარულთ, არ ახსენდებათ, როგორიბავარიული ლუდიასვეს ფაშისტებმა იმ ქვეყნების მკვიდრთ, რომლებიც დაიპყრეს და დაიმონეს! თუმცა ზოგიერთ სულელს “საბუთად” მოაქვს ადლოფ ჰიტლერის მიერ ხელმოწერილი ბრძანება: “კავკასიაში შესვლის შემდეგ ქართველებს პატივი ეცით, ხელი არ ახლოთ და კავკასიის მართვა ჩააბარეთ”. ასეთი ბრძანება მართლა არსებობდა და ის ხელიდან ხელში გადასცა პირადად ადოლფ ჰიტლერმა ქართველ მოღალატეთა (დიახ, მოღალატეთა!) ბატალიონების მეთაურს _ შალვა მაღლაკელიძეს.

მაგრამ, როგორ ფიქრობთ, ჰიტლერს ბრძანებებისა და ხელშეკრულებების დარღვევისა ძალიან ერიდებოდა? ვითომ ვერ გადაახევდა თავზე ამ ბრძანებას შალვა მაღლაკელიძეს კავკასიის აღებისთანავე? იმის დაჯერება, რომ ადოლფ ჰიტლერი ამას არ იზამდა, ან დიდი გულუბრყვილობაა, ან შეგნებული დემაგოგია!

კიდევ ერთ გამაოგნებელი “არგუმენტი”: ჰიტლერი სტალინს იმით სჯობდა, რომ სტალინი საკუთარ ხალხს ხვრეტდა და ხოცავდა, ხოლო ჰიტლერი მხოლოდ სხვა ერებს ერჩოდაო! ჯერ ისიც საინატერესოა, რატომ არის ეს ჰიტლერისთვის “შეღავათი”, მაგრამ ამ საოცრად კომიკური თეორიის მომხრეებს, როგორც ჩანს, ჰგონიათ, რომ ჰიტლერი გერმანიის ხელისუფლებაში მართლა ძალიან ჰუმანური გზებით მოვიდა და შემდგომაც ძალიან მშვიდობიანად მართავდა ქვეყანას.

ოფიციალურად ადოლფ ჰიტლერი ხელისუფლებაში არჩევნების გზით მოვიდა, მაგრამ რას უშვრებოდნენ, როგორ აწიოკებდნენ და აშინებდნენ ე.წ. ჰიტლერიუგენდები, ტერორისტული შეიარაღებული ჯგუფები იმ ოჯახებს, რომლებიც მომავალ ფიურერს ხმას არ მისცემდნენ, ამის შესახებ არაერთ ისტორიულ წყაროში შეიძლება ამოიკითხოთ.

ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ კი ჰიტლერმა მასობრივად დააპატიმრა და დახვრიტა თავისი პოლიტიკური მოწინააღმდეგეები, ხოლო ბერლინის დაცემის დღეებში გაჰყვიროდა, რაკი გერმანელებმა ეს ომი წააგეს, ისინი სუსტი ერია, ამიტომ გერმანელი ერი უნდა განადგურდესო. ჰიტლერი თავადვე ანადგურებდა ბობმებისგან დასაცავად თავშესაფრებში შემალულ გერმანელებს. ამის ნათელი მაგალითია ბერლინის მეტროპოლიტენში წყლის ნაკადის მიშვება.

მტრის მიერ დატყვევებულ ჯარისკაცებს სტალინი აპატიმრებდა, ჰიტლერი _ არაო(!) _ ასეთ გამოაგნებელ აზრსაც მოისმენთ… არავინ იცის, ფაშისტებს რომ ეს ომი მოეგოთ, რას უზამდა ფიურერი საბჭოთა ჯარების ტყვეობისგან თავდახსნილ გერმანელ ჯარისკაცებს… თუმცა არსებობს ისტორიული ფაქტები, როგორ აპატიმრებდნენ გერმანიაში და როგორ გზავნიდნენ სპეციალურ ციხეებში იმ ოჯახებს, რომელთა წევრი ჯარისკაცის შესახებ გესტაპო მიიღებდა ცნობას, რომ იგი საბჭოთა ტყვეობაში აღმოჩნდა. ფრონტზე მეომარ არაერთ გერმანელ ჯარისკაცს ოჯახი დაუხვირტეს კიდეც.

საბოლოოდ, ჰიტლერის ჰუმანურობის მტკიცება კრახს რომ განიცდის ხოლმე, უკვე ისევ ჩვენს ეროვნულ გრძნობებს უბრუნდებიან და აი, ასეთ გამაოგნებელ შტერობასაც კი წააწყდება კაცი:

რას ვზეიმობთ და აღვნიშნავთ ჩვენ, ქართველები, 9 მაისს? ვინ გაიმარჯვა ვისზე? ქართველები ხომ როგორც საბჭოთა კავშირის, ასევე ფაშისტების მხარესაც იბრძოდნენ?! რომელმა ქართველებმა გაიმარჯვეს? თუკი ჩვენ აღვნიშნავთ რუსული ჯარის შემადგენლობაში მეომარი ქართველების გამარჯვებას, მაშინ გავიხსენოთ, რომ ისტორიულად ქართველები ირანის შაჰების, ოსმალოს ხონთქრების, მონღოლი ყეენების ჯარებშიც იბრძოდნენ! მაშინ, მოდი, მათი გამარჯვებების დღეებიც ვიზეიმოთ”.

აი, ასეთ სისულელეს რომ იტყვის და დაწერს ადამიანი, იქ უკვე ლაპარაკიც ზედმეტია, მაგრამ, ჩვენი მკითხველი შეურაცხყოფად ნუ მიიღებს და ძალიან დებილებისთვის ავხსნი:

შაჰის, ყეენისა თუ ხონთქრის ჯარები იბრძოდნენ თავიანთი კერძო მიზნებისთვის, ან რომელიმე ქვეყნის დასაპყრობად ან, უბრალოდ, ასაოხრებლად.

ხოლო დიდ სამამულო ომში ქართველები იბრძოდნენ არა რუსეთის ან საბჭოთა კავშირის, ან, მით უფრო, “ბოლშევიკებისმხარეს, არამედ მსოფლიო კოალიციის შემადგენლობაში მსოფლიოსთვის ყველაზე დიდი ჭირისა და უბედურების _ ფაშიზმისა და ნაციზმის დასამარცხებლად.

შესაბამისად, 9 მაისს კაცობრიობა (და არა რუსეთი) აღნიშნავს არა ქართველების გამარჯვებას ან არა იმ ჯარებისა და იმ ქვეყნის გამარჯვებას, რომლის შემადგენლობაშიც იბრძოდნენ ქართველები, არამედ მსოფლიოს, კაცობრიობის, დედამიწის გამარჯვებას მსოფლიოს ისტორიაში ბოროტების ყველაზე საშინელი სახით გამოვლენაზე _ ფაშიზმზე!

და ამის ახსნა რომ ადამიანს დაჭირდება დაყეენის ჯარებში ბრძოლასდა მსოფლიო ანტიფაშისტურ კოალიციაში ბრძოლას შორის პარალელს გაავლებს, მას ეს წერილიც არ წააკითხოთ _ აზრი აღარ აქვს, მას აღარაფერი ეშველება!

განსაკუთრებით გასაოცარია ისეთი ადამიანების არსებობა, რომლებსაც მიშა სააკაშვილის წინააღმდეგ ბრძოლით მოაქვთ თავი და მას გმობენ ადამიანის უფლებათა უხეში დარვევისა და ადამიანების წამების მოტივით. ამასთანავე, ჰიტლერსა და ჰიტლერის მხარეს მებრძოლებს უჭერენ მხარს.

საოცრებაა კიდევ ერთი ფაქტი: ბოლო პერიოდში დაიწყეს ასეთი აზრის განვითარება _ ჰიტლერს ფაშისტს არასწორად უწოდებენ! ფაშისტები მუსოლინი და ფრანკო იყვნენ, ჰიტლერი მხოლოდ ნაცისტი იყო”.

ნამდვილად გაუგებარია, რატომ გამორიცხავს ერთი მეორეს? უკაცრავად, მაგრამ ჰიტლერი ნაცისტიც იყო, ფაშისტიც, მანიაკიც, სატანაც და დედააფეთქებული ნაძირალაც!

და ვერანაირი “დიფერენციაცია” ამას ვერ უშველის!

სირცხვილია, ძალიან დიდი სირცხვილი, დღეს ასეთ თემებზე რომ გვიწევს წერა! თემებზე, რომლებიც, უბრალოდ, აქსიომა და უდავო ჭეშმარიტებაა, მაგრამ, სამწუხაროდ, არსებობენ ჩვენში ადამიანები, რომლებიც სხვადასხვა მოტივით გვაიძულებენ მსგავს საკითხებზე ყურადღების გამახვილებას. ძნელია, ამ დონის რეგვნობას ყურადღება არ მიაქციო და გულგრილად აუარო გვერდი

არადა, ამ დღეს ყველაზე მეტი ყურადღება ამ ომის ნამდვილ გმირებს _ ომის ფრონტებზე რიგით ჯარისკაცებად მებრძოლ ჩვენს პაპებს ეკუთვნით, მსოფლიო ფაშიზმზე გამარჯვების დღის უმთავრეს გმირებს.

პაპათა ვაჟკაც თაობას გამარჯვებისთვის მადლობა!

ეს ფრაზა ამ სტატიას სათაურადაც ზუსტად ერგება…

ბაკურ სვანიძე

1 COMMENT

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here