Home რუბრიკები პოლიტიკა “ოქროს კვეთა”

“ოქროს კვეთა”

ვალერი კვარაცხელიას სატელევიზიო-საავტორო პროგრამის საგაზეთო ვერსია

1402
“ოქროს კვეთა”

ოცდამეთხუთმეტე გადაცემა

მწუხრის ზეწარი

ვალერი კვარაცხელია: _ გამარჯობა, ძვირფასო ტელემაყურებელო. ეთერშია “ოქროს კვეთა”, რომელსაც, როგორც ყოველთვის, გავუძღვები მე _ ვალერი კვარაცხელია.

14 იანვარი სახელმწიფო დროშის დღე არისო, _ გვამცნეს ტელეარხებმა და მართლმადიდებელი სამყაროსთვის ახალი წლის დადგომის დღეს თავიანთ ეკრანებზე ხუთჯვრიანი დროშები აფრიალეს.

როგორია ამ დროშის ისტორია? 2002 წელს ახალგამომცხვარი პოლიტიკური ორგანიზაცია, რომელსაც არც მთლად დემოკრატიული სახელინაციონალური მოძრაობაერქვა, თბილისის საკრებულოში უმრავლესობით შევიდა და მისი ლიდერი მიხეილ სააკაშვილი თბილისელებს საკრებულოს თავმჯდომარედ მოგვევლინა. ეს ამბავი განსაკუთრებული მნიშვნელობის მოვლენად არავის ჩაუთვლია, მაგრამ ხალხის გამოფხიზლება მაშინ დაიწყო, როდესაც სააკაშვილმა თბილისის საკრებულოს შენობის სახურავზე არსებულ მაღალ კოშკზე მოფრიალე სახელმწიფო დროშა ჩამოაგდო და თბილისის თავზე, ყოველგვარი იურიდიული საფუძვლის გარეშე, საკუთარი პარტიული დროშა აღმართა. ამ ფაქტს უკვე ხმაური და მღელვარება არა მხოლოდ ხალხში, არამედ ხელისუფლებაშიც მოჰყვა. პარლამენტის წევრმა, აკადემიკოსმა გურამ შარაძემ სასამართლოში სარჩელი შეიტანა და, მთაწმინდის რაიონული სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების საფუძველზე, 2002 წლის 27 აგვისტოს, 10 საათსა და 15 წუთზე იუსტიციის სამინისტროს სააღსრულებლო სამსახურმა მერიის შენობიდან სააკაშვილის პარტიული ხუთჯვრიანი დროშა ჩამოხსნა.

გურამ შარაძე, საქართველოს პარლამენტის წევრი: _ როგორც იქნა, დავამხეთ სააკაშვილის ანტიმართლმადიდებლური, ანტისახელმწიფოებრივი, ანტიქართული დროშა, რომელიც სრულიად უკანონოდ იყო აღმართული თბილისის საკრებულოს შენობაზე.

ვალერი კვარაცხელია: _ ყველას ეგონა, რომ ამით დასრულდა სააკაშვილის ხუთჯვრიანი დროშის ეპოპეა, მაგრამ, როგორც ზღაპრებში ხდება, რომ ურჩხულის მოჭრილი თავებიდან ახალ-ახალი თავები ამოიზრდება, დაახლოებით საათის შემდეგ, თბილისის საკრებულოს შენობაზე კვლავ აფრიალდა ხუთჯვრიანი დროშა.

გურამ შარაძე იუსტიციის სამინისტროში შეიჭრა და სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება მოითხოვა, მაგრამ მას აუხსნეს, რომ აღსრულება ერთჯერადი აქტია, რომელიც უკვე განხორციელდა. ამის შემდეგ საკრებულოს შენობაზე ხელახლა თუ აღმართეს დროშა, ამ აქტის კანონიერების შესახებ სასამართლოში ახალი სარჩელი უნდა შევიდეს, სასამართლომ ახალი გადაწყვეტილება უნდა გამოიტანოს და მხოლოდ ამას უნდა მოჰყვეს ახალი აღსრულებაო. შარაძე მიხვდა, რომ იურისპრუდენციის ლაბირინთებიდან ამჟამად იგი სამართლიან შედეგს ვერ მიიღებდა. მან ხელი ჩაიქნია და იუსტიციის სამინისტრო დატოვა, თუმცა ფარ-ხმალი არ დაუყრია. იგი საკრებულოს შენობაში შევიდა და ისე მოახერხა, რომ, საღამოს, შენობის დაკეტვის დროს შიგნით დარჩა. მარტო დარჩენილმა, შენობის სახურავზე მდებარე კოშკში შეღწევა შეძლო, საიდანაც სააკაშვილის პარტიული დროშა ჩამოხსნა და ძირს მოისროლა. დილით კი საკრებულოში მოსულ ხალხს შეერია და შენობიდან გარეთ გამოვიდა. არც ამ თავგამოდებამ უშველა საქმეს. საკრებულოს თავზე ცოტა ხანში კვლავ აფრიალდა სააკაშვილის დროშა. 2004 წელს კი ძალადობითა და სახელმწიფო გადატრიალების გზით უკვე საქართველოს ხელისუფლებაში მოსულმა სააკაშვილმა თავისი ხუთჯვრიანი დროშა საქართველოს სახელმწიფო დროშად აკურთხა. 2012 წელს ჯერ კიდევ პრეზიდენტმა სააკაშვილმა 14 იანვარი საქართველოს სახელმწიფო დროშის დღედ გამოაცხადა, რითაც არა სახელმწიფო დროშის, არამედ მისი პარტიული დროშის დაცვის გარანტიები შექმნა.

მას შემდეგ დიდი დრო გავიდა. ხელისუფლებაში მოსულ “ქართულ ოცნებაში” არავის უფიქრია, რომ სააკაშვილის მიერ თავსმოხვეული დროშა შესაცვლელია, რადგან ამ დროშასთანაა დაკავშირებული უახლესი ისტორიის მრავალი მარცხიც, სირცხვილიც და დამცირებაც.

* სწორედ ამ დროშას ამოფარებულმა სააკაშვილმა ჩაიდინა უგუნური სამხედრო ავანტიურა, რომელსაც საქართველოს ტერიტორიების დაკარგვა მოჰყვა;

* სწორედ ამ დროშას ამოფარებულმა სააკაშვილმა დაამყარა უსასტიკესი რეჟიმი, რომელმაც ჯერ საპყრობილეები გაავსო პატიმრებით, შემდეგ კი პატიმართა წამება-გაუპატიურების შემზარავი ფაქტებით ისტორიულად ცნობილ რეჟიმებს გადააჭარბა;

* სწორედ ამ დროშას ამოფარებულმა სააკაშვილმა შეჰქმნა შიშის, უნდობლობის, ფარული მოსმენებისა და დასმენების ყოვლად არაჯანსაღი ვითარება;

* სწორედ ამ დროშას ამოფარებულმა სააკაშვილმა ჩაატარა პოლიტიკური მკვლელობების (მათ შორის, აკადემიკოს გურამ შარაძის) მთელი სერია;

* ხელისუფლებიდან გაპანღურების მერეც სწორედ ამ დროშით უკარგავს იგი მოსვენებას ქართველ ხალხს და ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ საქართველოში ჯანსაღი პოლიტიკური ცხოვრების ნაცვლად მუდმივი რევანშის ატმოსფერო სუფევდეს.

2003 წლის სახელმწიფო გადატრიალების შემდეგ, როდესაც კანცელარიის შენობას მთელ სიგრძე-სიგანეზე სააკაშვილის ხუთჯვრიანი დროშა ჩამოაფარეს, ამ მოვლენისადმი მიძღვნილი ჩემი სტატია ილია ჭავჭავაძის სიტყვებით დავასათაურე: “სამშობლოს ცასა ბნელად გაშლილი მწუხრის ზეწარი გადაეფარა…” (ჟურნალი “ხალხი”, 2003, #11). მწუხრის ზეწარი, რომელიც საქართველოს სააკაშვილმა და მისმა ჯალათურმა ხროვამ აშშის დავალებითა და მფარველობით გადააფარა, მეთვრამეტე წელიწადია, სიბნელეში ძირავს ხალხსაც და ქვეყანასაც. ბოლო პერიოდში საქართველოში რელიგიურ ნიადაგზე დაპირისპირების პირველი ყლორტებიც ვიხილეთ. არ ვამტკიცებ, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში ეს დროშაა დამნაშავე, მაგრამ, საერთოდ, მრავალკონფესიური სახელმწიფოს ჰერალდიკაში რელიგიური სიმბოლოების გამოყენება სახიფათოც რომ არ იყოს, უბრალოდ, არაკორექტული და უხერხულია. როგორ შეიძლება, სახელმწიფო დემოკრატიული განვითარების გზას ადგეს, სახელმწიფოსა და ეკლესიის გამიჯვნის აუცილებლობას ქადაგებდეს და სახელმწიფო ჰერალდიკა რელიგიური სიმბოლოებით ჰქონდეს დახუნძლული?! კლერიკალურ და თეოკრატიულ საზოგადოებას თუ ვუყრით საფუძველს, ეს დეკლარირებული უნდა გვქონდეს, ხოლო დემოკრატიის გზით თუ ვაპირებთ განვითარებას, ეს სულ სხვა რამეა და, ასეთ შემთხვევაში, პოლიტიკურ და სახელმწიფოებრივ ცხოვრებაში რელიგიური მენტალიტეტითა და რუდიმენტებით არ უნდა ვხელმძღვანელობდეთ. ეს ის ანა-ბანაა, რომელიც, ალბათ, ვიცით, მაგრამ, სამწუხაროდ, გვეშლება ხოლმე. როდესაც დემოკრატიაზე ხმის ჩახლეჩვამდე გაჰყვირი, იმაზეც უნდა იფიქრო, რომ დემოკრატიას შენი ისტორია, წარსული და ტრადიციები ფეხებზე ჰკიდია. სადაც დემოკრატიაა, იქ რელიგიური, ეთნიკური, სექსუალური და ათასი ჯურის სხვა უმცირესობანი საზოგადოებისა და კანონისგან თანაბარ მოპყრობას ითხოვენ. თქვენ წარმოიდგინეთ, ნარკოტიკულ საშუალებათა დეკრიმინალიზაციასა და ლეგალიზაციასაც კი გამოუჩნდნენ მომხრეები. ეს რეალობაა, რომელსაც ვერსად გაექცევი. დემოკრატიას თუ აცხადებ, დემოკრატიით სპეკულანტები, პოლიტიკური მეძავები და პარაზიტული ელემენტები მუდმივად იქნებიან, ეს დემოკრატიის თანმხლები პროცესია. მათ არსებობას თუ ვერ ურიგდები, მაშინ მათ კი არ უნდა ებრძოლო, პირველ რიგში, აკვიატებულ დასავლურ დემოკრატიაზე უნდა თქვა უარი…

საქართველოსთვის ამ უკიდურესად მძიმე ვითარებაში, მაშინ, როდესაც პანდემია მძვინვარებს, მსოფლიოში კი ისეთი ცვლილებები ხორციელდება, რომლებიც ჩვენზე გარდაუვალ უარყოფით გავლენას იქონიებს (ერთი მხრივ, მხედველობაში მაქვს აშშ-ის ხელისუფლებაში ლიბერალების რევანში, მეორე მხრივ კი, ამიერკავკასიაში მიმდინარე უაღრესად რთული გეოპოლიტიკური ცვლილებები), მმართველი პარტიის ლიდერი ბიძინა ივანიშვილი სრულიად მოულოდნელსა და უცნაურ განცხადებას აკეთებს _ პოლიტიკიდან მივდივარო.

ბიძინა ივანიშვილი

ბიძინა ივანიშვილი: _ ვთვლი, რომ ჩემი მისია შესრულებულია. მივიღე გადაწყვეტილება, საბოლოოდ დავტოვო პოლიტიკა და სრულიად ჩამოვცილდე მართვის სადავეებს. მე ვტოვებ როგორც პარტიის თავმჯდომარის პოსტს, ისე საკუთრივ პარტიასაც და ჩემს 2011 წლამდელ ცხოვრების წესს ვუბრუნდები.

ვალერი კვარაცხელია: _ საინტერესოა, საქართველოში რამდენი ადამიანი აღმოჩნდება ისეთი, რომელიც მართლა დაიჯერებს, რომ ბიძინა ივანიშვილმა ის მისია, რომელიც 2012 წელს თავის თავზე აიღო, ამოწურა, ხალხისთვის მიცემული ყველა დაპირება შეასრულა და ამიტომ წავიდა პოლიტიკიდან. აღარც მინდა გავიხსენო ხალხისთვის უფასო ფულის, ანუ უფასო კრედიტების დაპირებისა და მერე მისი გაწბილების ისტორია; აღარც ენერგომატარებლების ფასების განახევრების შესახებ ნათქვამი მინდა გავიხსენო; არც თითოეული სოფლისთვის მილიონების გამოყოფასთან დაკავშირებით გაცემული წინასაარჩევნო დაპირების გახსენება მინდა; არც ამ ნათქვამის გახსენება მინდა:

ბიძინა ივანიშვილი: _ რაც შეეხება ეკონომიკას, პირველი წელიწადი იქნება რთული, მეორე წელიწადი იქნება საგრძნობლად უკეთესი; მესამე წელს მოსახლეობის უდიდესი ნაწილი უკეთესობას საკუთარ თავსა და საკუთარ ჯიბეზე იგრძნობს; მეოთხე წელიწადი იქნება ძალიან კარგი.

ვალერი კვარაცხელია: _ არ მსიამოვნებს ამ დაპირებების გახსენება, მაგრამ ეს კაცი ახლაც იმგვარ განცხადებას აკეთებს, რომ სხვა გამოსავალს არ მიტოვებს. მეოთხე წელიწადი იქნება ძალიან კარგიო, ხელისუფლებაში ივანიშვილის მოსვლიდან ახლა მეცხრე წელიწადია, მაგრამ ისძალიან კარგი მეოთხე წელიწადიჯერაც არ დამდგარა, თუმცათვითონ სულაც არ ფიქრობს ასე.

ბიძინა ივანიშვილი: _ პოლიტიკიდან მივდივარ ამაყი, გამარჯვებული და ხალხის მადლიერი. ხალხმა შეძლო იმ ძალისხმევის დანახვა, რაც მხოლოდ ქვეყნისა და სახელმწიფოს ინტერესებიდან გამომდინარე გავწიე.

ვალერი კვარაცხელია: _ ბატონ ივანიშვილს მისი პირველი წერილიდან, რომლითაც 1991 წელს ქართველ ხალხს მიმართა, ციტატები მოჰყავს იმის საილუსტრაციოდ, თუ რა პროგრამით მოდიოდა ხელისუფლებაში და მართლაც გამარჯვებული კაცის იერით გვეუბნება, _ ეს ყველაფერი ხომ გავაკეთეო. ვნახოთ, რომელი ძველი დაპირებების ციტირებას ახდენს ბატონი ივანიშვილი ამ ახალ წერილში.

ბიძინა ივანიშვილი: _ პერსპექტიული გავხადოთ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ტერიტორიებზე ქართული სახელმწიფოს იურისდიქციის აღდგენა; დავიწყოთ რუსეთთან ურთიერთობის დალაგება.

ვალერი კვარაცხელია: _ როგორ ფიქრობთ, ძვირფასო მაყურებელო, აი, ეს ორი პუნქტი ბიძინა ივანიშვილის წინასაარჩევნო დაპირებიდან შესრულებულია? ივანიშვილის მმართველობის რვაწლიან პერიოდში აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში ქართული სახელმწიფოს იურისდიქციის აღდგენა პერსპექტიული გახდა ან, საერთოდ, დაიძრა მკვდარი წერტილიდან? ამ შეკითხვას მე არ გავცემ პასუხს, თვითონ გაეცით. რუსეთთან “ურთიერთობის დალაგების” (ივანიშვილის ტერმინია) მიმართულებით ამ რვა წელწადში ნაბიჯი გადაიდგა წინ? ამ შეკითხვაზე პასუხის გაცემაც თქვენზე იყოს, პატივცემულო მაყურებელო, და მხოლოდ ახლა, როდესაც თქვენ, თქვენთვის, უკვე გაეცით პასუხი ჩემ მიერ დასმულ შეკითხვებს, მოგასმენინებთ ბიძინა ივანიშვილის შეფასებას საკუთარი ღვაწლისა. საინტერესოა, დაემთხვევა თუ არა ივანიშვილის შეფასება თქვენეულ შეფასებებს. ინებეთ:

ბიძინა ივანიშვილი: _ ჩემ მიერ დეკლარირებული თითქმის ყველა მიზანი სტრატეგიულ დონეზე მიღწეულია. ახლა, როცა მმართველობის ორი ვადაა გასული, შედეგების შეჯამების დროს ხალხისთვის თვალის გასწორების უფლება ჩვენს ხელისუფლებას ნამდვილად აქვს!

ვალერი კვარაცხელია: _ საკუთარი ღვაწლის ივანიშვილისეული შეფასება თქვენეული შეფასებისგან დიამეტრულად განსხვავებულია, ხომ? ივანიშვილის მიერ მოყვანილმა და მისმა ხელქვეითმა პრეზიდენტებმა და პრემიერმინისტრებმა რვა წლის განმავლობაში ერთი შეხვედრაც კი ვერ მოახერხეს რუსეთის ხელისუფლებასთან, როცა რუსეთიდან შეხვედრაზე მზაობის შესახებ უმაღლესი დონიდან მოდიოდა გზავნილები. სხვა რა გზა არსებობდა (ან მომავალში რა გზა იარსებებს) საქართველოს ტერიტორიული გამთლიანებისა?! ევროპაში სირბილი, ნატოსთან და აშშთან ვითომ პარტნიორული ღლაბუცი ხომ უქმად დროს კარგვა იყო, რამაც უფრო გაართულა ურთიერთობა რუსებთანაც, აფხაზებთანაც და ოსებთანაც. ივანიშვილმა კი, როგორც დაცინვა და მასხრად აგდება, ეს წინადადება დაგვიტოვა მის ისტორიულ უსტარში: ჩემ მიერ დეკლარირებული თითქმის ყველა მიზანი, სტრატეგიულ დონეზე, მიღწეულია!” ივანიშვილი იმიტომ კი არ წავიდა, რომ, როგორც თვითონ ამბობს, ყველაფერი გააკეთა და მისია ამოწურა, პირიქით, იგი მწვავე რეალობას გაექცა. გაექცა იურიდიულად, პასუხისმგებლობის მოსახსნელად, თუმცა, წასვლის შემდეგაც იმად დარჩა, რაც აქამდე იყო _ არაფორმალურ მმართველად. იგი იმ ახალ რეალობას გაექცა, რომლის მიხედვითაც, ყარაბაღის მოვლენების შემდეგ რუსეთი მყარად შემოვიდა ამიერკავკასიაში. ამ ახალმა რეალობამ ის შედეგი მოიტანა, რომ სარკინიგზო მიმოსვლა რუსეთაზერბაიჯანთურქეთს შორის და რუსეთაზერბაიჯანირანს შორის ამიერიდან სომხეთის გავლით განხორციელდება. ეს კი რასაც ნიშნავს, ხვდებით, ალბათ _ “დათა თუთაშხიაში” ერთი დიდებული პასაჟი რომ არის, აი, იმას: ფუნქცია დავკარგეთ!”

ეს უბრალო რამ არ გეგონოთ. დამოუკიდებლობისკენ ლტოლვის მთელი ფილოსოფია იმაზე გვქონდა აგებული, რომ ევროპასა და აზიას შორის სატრანზიტო დერეფნის ფუნქცია გვქონოდა. ახლა კი, ამიერკავკასიის ამ ახალ რეალობაში, როდესაც რეგიონში რუსეთის გავლენა ძლიერდება და, შესაბამისად, დასავლეთის გავლენა შემცირდება, ჩვენ საერთაშორისო გეოპოლიტიკურ ფუნქციას ვკარგავთ და, ფეხბურთის ენით რომ ვთქვათ, თამაშგარეშე მდგომარეობაში ვრჩებით. ეს კატასტროფის მომასწავებელია. აი, ამ მოვლენის შედეგებს გაექცა ივანიშვილი. სამწუხაროდ, მხოლოდ ეს არ არის. აშშ-ში ე.წ. ლიბერალურმა ძალებმა, პრაქტიკულად, სახელმწიფო გადატრიალება მოაწყვეს. დაპირისპირება, რომელმაც აშშის მოსახლეობა ორ ნაწილად გახლიჩა, ტრამპსა და ბაიდენს შორის დაპირისპირება კი არ არის, აშშსა და ტრანსნაციონალურ კომპანიებს შორის დაპირისპირებაა, ანუ ტრადიციულ ამერიკასა და ახალ, გლობალურ, ციფრულ, ზეკაპიტალისტურ ამერიკას შორის დაპირისპირება. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ეს ამერიკასა და ანტიამერიკას შორის დაპირისპირებაა. ეს ამერიკასა და იმ ფარულ ძალებს შორის ღია დაპირისპირებაა, რომლებიც აქამდე კულისებიდან მართავდნენ ამერიკას, ახლა კი კულისებიდან ებრძვიან მას, ვინაიდან ამერიკაში ტრამპმა ამერიკული, სახელმწიფოებრივი სული გამოაღვიძა, რომელიც ეწინააღმდეგება, როგორც მე ვუწოდე, ანტიამერიკას, რომლის წარმომადგენლებისთვისაც აშშ სამშობლო კი არ არის, ოფისია მხოლოდ. მათთვის დედამიწაც და, თუ გნებავთ, მთელი სამყაროც ოფისია. ეს იმიტომ ხდება, რომ მათ კაპიტალის სიყვარულმა ყველა სხვა სიყვარული დააკარგვინა და ყველა სხვა ღირებულების მიმართ სიძულვილით აღძრა. ეს ის ძალაა, რომელსაც სამშობლო არ გააჩნია. ეს ის ძალაა, რომლის ბოროტების მასშტაბებს ძალაუფლების ხელში აღებისთანავე მიღებული პირველი გადაწყვეტილება გვიჩვენებს. მათ აკრძალეს სიტყვები: დედა და მამა; ბებია და ბაბუა; ქალიშვილი და ვაჟიშვილი; დაძმა; ცოლი და ქმარი და .. ეს არის თანამედროვე ფაშიზმი. მეოცე საუკუნეში ევროპელ ფაშისტებს გარკვეული ერებისა და ხალხების (ებრაელების, რუსების, ბოშების, სლავების) მოსპობა თუ სურდათ, ოცდამეერთე საუკუნის ამ ფაშისტებს ადამიანის მოდგმის მოსპობა სურთ. ევროპელი ფაშისტები თავიანთი მიზნის მიღწევას საკონცენტრაციო ბანაკებითა და გაზის კამერებით თუ აპირებდნენ, თანამედროვე ამერიკელი ფაშისტები სქესის მოსპობით, მდედრისა და მამრის აკრძალვითა და განადგურებით გეგმავენ. ეს ის ძალაა, რომელიც აშშ-ის პრეზიდენტებს თოჯინებივით ათამაშებს; ეს ის ძალაა, რომელსაც შეუძლია, აშშის მოქმედ პრეზიდენტს არჩევნები გაუყალბოს, შემდეგ კი მედიასივრციდან და სოციალური ქსელებიდან განდევნოს, ანუ სიტყვის თავისუფლება წაართვას, საბანკო ანგარიშები დაუხუროს და ასე, ხელის ერთი აქნევით, არარაობად აქციოს. აი, ეს ძალა (ანტიამერიკა) უპირისპირდება ამერიკასა და ამერიკელ ხალხს.

რას ნიშნავს ან საიდან მოდის ეს ყველაფერი?

ეს იმას ნიშნავს, რომ აშშ-ში გასკდა ის, რაც არ შეიძლებოდა, არ გამსკდარიყო. აშშ იხრჩობა კაპიტალიზმის უმაღლესი და უკანასკნელი სტადიისთვის (იმპერიალიზმი) დამახასიათებელ წინააღმდეგობებში. ეს არ არის ცალცალკე აღებული პოლიტიკური, იდეოლოგიური, ეკონომიკური, სოციალური, საფინანსო, რასობრივი, რელიგიური ან საარჩევნო კრიზისი. ეს ყოველივე ერთად აღებულის კრიზისია. ეს გლობალური უზნეობის, ადამიანის მიერ ადამიანის ჩაგვრის ნებადართულობის კრიზისია, დაკანონებული უსამართლობის კრიზისია, ანუ სისტემური კრიზისი. მომავალში ჩვენ ამ საკითხებს უფრო ღრმად შევეხებით, დღეს კი იმით შემოვიფარგლოთ, რომ ეს სიტუაცია ერთ-ერთი მთავარი მიზეზი მგონია ივანიშვილის გაქცევისა.

ივანიშვილი მიხვდა, რომ ამიერკავკასიაში რუსული გავლენების გაძლიერებისა და აშშში ლიბერალური, ანუ თანამედროვე ფაშისტური იდეოლოგიის გაბატონების ფონზე საქართველოში ძლიერი პოლიტიკური რყევები ახლოვდება. მან ამ რყევების ეპიცენტრში ყოფნა არ მოისურვა. იგი გარდაუვალ ეპოქალურ ძვრებს გაექცა, თქვენ წარმოიდგინეთ, საკუთარ კაპიტალსა და საკუთარ მდგომარეობას გაექცა, ვინაიდან შესაძლებელია, სწორედ ეს კაპიტალი და მდგომარეობა აღმოჩენილიყო ის ხაფანგი, რომელზეც იგი დაეცემოდა. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ივანიშვილი რუსეთსა და ამერიკას შორის არჩევანის გაკეთებას გაექცა, რომლის წინაშეც, პოლიტიკაში დარჩენის შემთხვევაში, აუცილებლად აღმოჩნდებოდა. ივანიშვილი რვა წელიწადი გაურბოდა ამ არჩევანს, ერთ დათმობას ერთ მხარეს თუ გააკეთებდა, მეორე დათმობას მეორე მხარეს გადაუგდებდა. რუსეთთან დიალოგის რაღაცლიპაფორმატი (აბაშიძეკარასინის) თუ შექმნა, იმავე წუთს ევროპასთან ასოცირების ხელშეკრულებას მოაწერა ხელი; ანაკლიის პორტის მშენებლობა თუ ჩააგდო, აშშ მაშინვე სტრატეგიულ პარტნიორად გამოაცხადა და .. ახლა კი იგრძნო, რომ ამ ახალ რეალობაში ეს მეთოდი ვეღარ იმუშავებს. სულ მალე საკითხი მთელი სიმწვავით დადგება _ ან აქეთ, ან იქით. აი, რას გაექცა ივანიშვილი, იგი ამ მტანჯველ არჩევანს, მასზე ფიქრსა და შეცდომის დაშვების შემთხვევაში გარდაუვალი დასჯის შიშს გაექცა. ბიბლიური მოსეს ისტორიის ერთი ეპიზოდი ასეთია: “ფარაონმა შეიტყო, რომ მოსეს ძალიან უყვარს ებრაელები, რომელთა ამოწყვეტასაც თვითონ ცდილობდა. ესარჩლება მათ, ხელს უმართავს. ეგვიპტელები კი, როგორც მჩაგვრელნი, სძულს და ყოველთვის ისრაელის მხარე უკავია. შეიტყო ეს და მოინდომა მოსეს დასჯა სიკვდილით. მოსემ ეს რომ გაიგო, ადგა და ეგვიპტიდან გაიქცა”.

დიდი ილია მწუხრის ზეწარზე როდესაც საუბრობდა, საქართველოს გულისხმობდა. დღეს მწუხრის ზეწარი მსოფლიოს გადაეფარა. ძალა, რომელმაც აშშ-ში ამ ქვეყანაშივე გამოგონილი “ფერადი რევოლუცია” თუ სახელმწიფო გადატრიალება განახორციელა, მსოფლიო რევანშს გეგმავს. ეს სწორედ ის ძალაა, რომელმაც 2003 წელს განხორციელებულ სახელმწიფო გადატრიალებას “ვარდების რევოლუცია” უწოდა და საქართველოში ლიბერალური (თანამედროვე ფაშისტური) ძალების გაბატონების დასტურად სააკაშვილს თბილისის თავზე ხუთჯვრიანი დროშა აღამართვინა.

ასეთი იყო დღეს “ოქროს კვეთა”, მომავალ შეხვედრამდე.

P.S. “ოქროს კვეთა”, როგორც სატელევიზიო გადაცემის საგაზეთო ვერსია, ამ გამოშვებით არსებობას წყვეტს. მადლობა გაზეთსაქართველო და მსოფლიოს”, რომელიც მკითხველებთან მისვლის საშუალებას მაძლევდა, და მადლობა მკითხველებს, რომელთა მხარდაჭერას მუდმივად ვგრძნობდი.

ეს არ ნიშნავს, რომ მე მივდივარ გაზეთიდან. მომდევნო ნომრიდან თქვენ საშუალება გექნებათ, იხილოთ ჩემი ახალი, უკვე საგაზეთო ფორმატის, საავტორო პუბლიკაციები. პრობლემებში ჩაძირულ და გაუბედურებულ ამ ჩვენს სამშობლოში სალაპარაკოს რა გამოლევს, მთავარია, ერთმანეთთან საუბრის, ერთმანეთის მოსმენისა და გაგების კულტურა შეგვრჩეს, რომლის მწვავე უკმარისობა, დიდი ხანია, გვაწუხებს.

ვალერი კვარაცხელია

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here