Home რუბრიკები პოლიტიკა “ოქროს კვეთა”

“ოქროს კვეთა”

ვალერი კვარაცხელიას სატელევიზიო-საავტორო პროგრამის საგაზეთო ვერსია

1829
შოუ დასრულდა, ომი იწყება!

ოცდამერვე გადაცემა

შოუ დასრულდა, ომი იწყება!

ვალერი კვარაცხელია: _ გამარჯობა, ძვირფასო მაყურებელო. ეთერშია “ოქროს კვეთა”, რომელსაც, როგორც ყოველთვის, გავუძღვები მე _ ვალერი კვარაცხელია.

რა ხდება აშშ-ში? ეს შეკითხვა ყველას აწუხებს, ვინაიდან ყველამ იცის, რომ ის, რაც აშშ-ში ხდება, მხოლოდ ამ სახელმწიფოს არ ეხება, მან შესაძლებელია, უზარმაზარი გავლენა იქონიოს სრულიად მსოფლიოზე.

ამიტომ საუბრის დაწყება შორიდან მოგვიწევს.

მსოფლიოში ყველაზე დიდი და ჭეშმარიტად დემოკრატიული სისტემის ფუძემდებელი სტალინი ამბობდა:

იოსებ სტალინი: _ დემოკრატია მე ხალხის ხელისუფლება მეგონა, მაგრამ ამხანაგმა რუზველტმა გასაგებად ამიხსნა, რომ დემოკრატია ამერიკელი ხალხის ხელისუფლება ყოფილა.

ვალერი კვარაცხელია: _ მისთვის დამახასიათებელი გენიალური ცინიზმით გაჟღენთილი ამ ერთი წინადადებით სტალინმა ამერიკული “დემოკრატიის” ნამდვილი სახე წარმოგვიდგინა.

სამშობლოს ბედზე დაფიქრებული კონსტანტინე გამსახურდია კი მის ერთ-ერთ პოლიტიკურ ესეში “ევროპული რეაქცია და ამერიკული კანიბალიზმი”, წერდა:

კონსტანტინე გამსახურდია: _ , კეთილშობილო რაინდო და დიდო ტრიბუნო გეორგ ვაშინგტონო, ცივილიზაციავ, კოლუმბო და და თავისუფლებავ, დახეთ, რას სჩადიან თქვენი სახელით უოლსტრიტის განგსტერები, ცივილიზებული კანიბალები!

ვალერი კვარაცხელია: _ ესეც დიდებული ნათქვამია. უოლ-სტრიტის განგსტერებს, რომლებიც დემოკრატიის ნიღბით მოქმედებდნენ და მოქმედებენ, მსოფლიო ბევრჯერ შეუძრწუნებიათ თავიანთი საშინელი ნამოქმედარით. გამსახურდია იმავე ნაშრომში კორეის ომის შემზარავ სურათებს იხსენებს.

კონსტანტინე გამსახურდია: _ ჩვენ ყოველდღე ვათვალიერებდით გაზეთებს, ვკითხულობდით ამერიკელი ჰაერის მეკობრეების მიერ კორეაში ჩადენილი ამაზრზენი მხეცობის ამბებს. ვათვალიერებდით გასრესილი ბალღების, ქალებისა და მოხუცების ცხედრებს, დანგრეული სოფლებისა და ქალაქების სამწუხარო ფოტოსურათებს და თავს ვეკითხებოდით ხანდახან: ხომ არ მოსულა ისეთი დრო, როცა კაცობრიობამ დასწყევლოს ფლორენციელი ვარსკვლავთმრიცხველი და გეოგრაფი პაოლო ტოსკანელი და მამაცი მეზღვაური ქრისტეფორე კოლუმბი?

ვალერი კვარაცხელია: _ გასაოცარი წინასწარმეტყველებაა. მეოცე საუკუნის შუა წლებში დაწერილ ნაშრომში თითქოს ოცდამეერთე საუკუნის აშშ-ის ის მძაფრი სურათებია აღწერილი, როდესაც რასობრივ ნიადაგზე დაპირისპირებულმა ამერიკელებმა არა მხოლოდ მამაცი მეზღვაურის _ ქრისტეფორე კოლუმბის, არამედ ამ სახელმწიფოს ფუძემდებლებისა და გამოჩენილი მოღვაწეების ძეგლებიც კვარცხლბეკებიდან გადმოყარეს.

უოლსტრიტი, რომელსაც კონსტანტინე გამსახურდია ახსენებს, მანჰეტენის ცნობილი რაიონის ერთი პატარა ქუჩის დასახელებაა, რომელიც დღემდე თავს იწონებს ლამაზი ცათამბჯენებით და რომლის მთავარ ღირსშესანიშნაობას მე-11 ნომერში მდებარე საფონდო ბირჟა წარმოადგენს. ეს კვარტალი ნიუიორკის ისტორიული საფინანსო ცენტრია. უოლსტრიტის 23- ნომერში 1914 წელს აგებული შენობა კი, რომელიც ცნობილი იყო, როგორცმორგანის სახლი”, მრავალი წლის განმავლობაში ამერიკის საფინანსო სისტემის უმნიშვნელოვანეს მისამართად ითვლებოდა. 1920 წლის 16 სექტემბერს, შუადღეს, შენობის შესასვლელში აფეთქებულმა ბომბმა ორმოცი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, ოთხასზე მეტი კი მძიმედ დაიჭრა. აფეთქებამდე ცოტა ხნით ადრე საფოსტო ყუთში ჩაგდებულ წერილში ეწერა: “ჩვენ მეტს ვერ მოვითმენთ. გაათავისუფლე პოლიტპატიმრები ან ყველა დაიხოცებით. ანარქიისთვის მებრძოლი ამერიკელები”. ეს საქმე გამოძიების ფედერალურმა ბიურომ 1940 წელს ისე დახურა, რომ დამნაშავეთა კვალს ვერ მიაგნო. ამერიკელებს არასოდეს დაავიწყდებათ 1929 წლისშავი ხუთშაბათი”, როდესაც ჩამოინგრა ნიუიორკის საფონდო ბირჟა, რამაც სათავე დაუდო .. დიდ დეპრესიას, რომელიც ოთხ წელიწადს გრძელდებოდა და რომელმაც ჩაითრია კანადა, დიდი ბრიტანეთი, გერმანია, საფრანგეთი და სხვა სახელმწიფოები. 1973 წელს აგებულ ცათამბჯენებში, სადაც მსოფლიო სავაჭრო ცენტრი იყო განთავსებული, 2001 წლის 11 სექტემბრის საშინელი ტერაქტის შემდეგ თითქმის მთელმა მსოფლიომ დაიჯერა, რომ აშშის საფინანსო პირამიდას, რომელიც ბევრისთვის იქცა ბედისწერად, თვითონაც ავი ბედისწერა დაჰყვება

ეს ყველაფერი იმიტომ გავიხსენე, რომ აშშ-ში ყოველმხრივი და ღრმა კრიზისი ისადგურებს. მუდმივად კეთილ ღიმილს ამოფარებულ ურჩხულს ღიმილიანი ნიღაბი ჩამოეხსნა.

ამ ურჩხულის სახე და შინაარსი, მთელი მისი ფილოსოფია არსად ისე დიდებულად არ არის ასახული, როგორც ილფისა და პეტროვის შესანიშნავ ნაშრომში “ერთსართულიანი ამერიკა”. ნება მომეცით, ორიოდე ციტატა შეგახსენოთ ამ ნაწარმოებიდან.

ილია ილფი, ევგენი პეტროვი, სატირიკოსი მწერლები: _ ნიუ-იორკი შემაშინებელი ქალაქია. აქ მილიონობით ადამიანი მამაცურად იბრძვის საკუთარი სიცოცხლის შესანარჩუნებლად. ამ ქალაქში ძალიან ბევრი ფულია, ძალიან ბევრი _ ერთეულებისთვის და ძალიან ცოტა _ დანარჩენისთვის. ეს ტრაგიკულ ელფერს სძენს ყველაფერს, რაც ამ ქალაქში არსებობს და ხდება.

ვალერი კვარაცხელია: _ ამ რამდენიმე წინადადებაში კაპიტალისტური უსამართლობის მთელი ფილოსოფიაა ჩატეული. აი, კიდევ ერთი ციტატა, რომელშიც ამერიკული ცხოვრების წესი მაღალი პუბლიცისტური სტანდარტით არის გადმოცემული.

ილია ილფი, ევგენი პეტროვი: _ შეუჩერებლად მოძრაობს კონვეიერი, რომლიდანაც ერთიმეორის მიყოლებით ჩამოდიან უძვირფასესი ავტომობილები, რომლებიც განიერი ჭიშკრის გავლით თავისუფლებისკენ მიემართებიან, ხოლო ადამიანები, რომლებმაც ისინი შექმნეს, რჩებიან საპყრობილეში. ეს საოცარი სურათია ტექნიკის ბრწყინვალებისა და ადამიანთა სიღატაკის ერთიანობისა.

ვალერი კვარაცხელია: _ დიდმა მწერლებმა საოცრად მეტყველი სახე და კონტრასტი დახატეს, რომელსაც კი არ კითხულობ, ხედავ და განიცდი… ამ დიდებული ნაწარმოების შექმნიდან თითქმის საუკუნე გავიდა, მაგრამ ამერიკულ ცხოვრების წესში არაფერი შეცვლილა. დაიხვეწა ტექნიკა, ის ავტომობილები, რომლებიც დღეს მეტი რაოდენობით ჩამოდიან კონვეიერებიდან, უფრო სრულყოფილი და მოდერნიზებულია, გაიზარდა ქალაქი, დაიგო გზები, აშენდა ცათამბჯენები, ცხოვრება წინ წავიდა, მაგრამ არ შეცვლილა ცხოვრების წესი, რომლის მიხედვითაც ამ ქალაქში ძალიან ბევრი ფულია, ძალიან ბევრი _ ერთეულებისთვის და ძალიან ცოტა _ დანარჩენებისთვის”. არ შეცვლილა უსამართლობის ეს ფილოსოფია, ვინაიდან ეს ქალაქი (სახელმწიფო) უსამართლობის პრინციპზე დგას. სოციალური უსამართლობა აქ ცხოვრების უსიამოვნო თანამგზავრი კი არ არის, რომლის დაძლევას ცდილობენ, პირიქით, სოციალური უსამართლობა ამერიკული ცხოვრების წესის ის ქვაკუთხედია, რომელსაც საზოგადოების მამოძრავებელი ფუნქცია აქვს მინიჭებული და ეკონომიკურ ბერკეტად გამოიყენება. მეტიც, სოციალური დიფერენცირება და უსამართლობა გაფეტიშებულია და ერთგვარ სალოცავ კერპადაა ქცეული ქვეყანაში, რომლის საზოგადოებრივ ცნობიერებაში კერძო საკუთრებამ, დიდი ხანია, რელიგიის ადგილი დაიკავა. უამრავი პრობლემით დამძიმებული და ყოველმხრივ ღრმა კრიზისში შესული ეს საზოგადოება უცნაური არჩევანის წინაშე დადგა _ გლობალიზმის გზით მსოფლიოზე გაბატონების კურსით სიარული თუ ამერიკელი ხალხის სასიცოცხლო ინტერესების დაკმაყოფილებისთვის თუნდაც მეტნაკლები ზრუნვა. პირველ მიმართულებას წარმოადგენს საპრეზიდენტო არჩევნებში აწ უკვე გამარჯვებულად გამოცხადებული ჯოზეფ ბაიდენი, მეორე მიმართულებას კი _ ჯერ კიდევ მოქმედი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი.

შოუ დასრულდა, ომი იწყება!

მოკლედ იმაზე, რას წარმოადგენს ეს ორი მიმართულება. გლობალიზაცია არის მრავალსუბიექტიანი მსოფლიოს ურთიერთთანამშრომლობისა და ერთმანეთთან დაახლოების ისტორიული და გეგმაზომიერი პროცესი. ორასსუბიექტიანი მსოფლიო, რომელიც ოდესღაც ერთმანეთისგან იზოლირებული, კარჩაკეტილი ცხოვრებით ცხოვრობდა, მეცნიერულტექნიკური რევოლუციის შედეგად ერთმანეთთან დაახლოების მიმართულებით მიემართება. მსოფლიო საზღვრებს გარეშე; უვიზო მიმოსვლა; კულტურათა და ცივილიზაციათა დაახლოება _ ეს ის ტენდენციებია, რომლებსაც წინ ვერაფერი აღუდგება, რადგან ვითარდება ტექნიკა. ინტერნეტისა და მობილური ტელეფონების ეპოქაში ადამიანური კონტაქტების არეალი უსასრულოდ ფართოვდება, შესაბამისად, ეკონომიკაც გლობალური ხდება. კოლოსალურად იზრდება ტვირთბრუნვა. აი, ამ ბუნებრივ მოვლენას ამერიკელებმა მოხერხებულად ამოაფარეს თავიანთი იდეოლოგია და ცხოვრების წესი. მათ გლობალიზაციის ბუნებრივი პროცესი ამერიკანიზაციის ხელოვნურ პროცესად აქციეს, იგი მსოფლიოზე გაბატონების საქმეში მოკავშირედ და ზურგის ქარად გამოიყენეს და საქმე გაიიოლეს. ხატოვნად რომ ვთქვათ, გლობალიზაციის ძრავი საკუთარ ხომალდს მოარგეს და მსოფლიოს დასაპყრობად ლაშქრობა ისე გააჩაღეს, რომ საწვავიც არ ეხარჯებათ. ამ მიმართულებით რევოლუციური ნახტომი ტრანსნაციონალურმა კომპანიებმა გააკეთეს. ეკონომიკურმა და საფინანსო გიგანტებმა, რომლებიც ვერ ჩაეტივნენ ერთი სახელმწიფოს (თუნდაც ისეთი უზარმაზარის, როგორიც აშშ-ია) ფარგლებში, არეალი გააფართოვეს და ერთდროულად რამდენიმე სახელმწიფოში დაფუძნდნენ, რამაც გასაქანი მისცათ, რომ საბრუნავი კაპიტალის ოდენობა მილიონებიდან მილიარდამდე, მილიარდიდან ათეულობით მილიარდამდე, ათეულობით მილიარდიდან კი ასეულობით მილიარდამდე გაეზარდათ. ზოგიერთი მათგანი ზოგიერთ სახელმწიფოზე უფრო ძლიერია. ისინი მეტასტაზებივით შემოეხვივნენ მსოფლიოს.

აშშ მსოფლიოზე ერთპიროვნულ გაბატონებას რამდენიმე ძირითადი მიმართულებით შეეცადა:

1.გლობალიზაციის ბუნებრივი პროცესისათვის ამერიკანიზაციის მიმართულების მიცემით;

2.ტრანსნაციონალური კორპორაციების გამოყენებით, მსოფლიოში არსებული იაფი მუშახელისა და ნედლეულის ხელში ჩაგდებით;

3.გარყვნილების პროპაგანდის გზით მთელ მსოფლიოში ზნეობისა და წინააღმდეგობის სულის ჩაკვლით;

4.საერთაშორისო ტერორიზმის გაძლიერებითა და პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენებით.

დონალდ ტრამპმა პრეზიდენტის პოსტის დაკავებამდე ორი უმნიშვნელოვანესი განცხადება გააკეთა:

* ამერიკა უპირველეს ყოვლისა!

* ამერიკას არ სურს მსოფლიო ჟანდარმის როლში ყოფნა!

ეს რევოლუციური განცხადებები იყო. ისინი არ შეესაბამებოდა მიმართულებას, რომელსაც ეს სახელმწიფო მეორე მსოფლიო ომისა და განსაკუთრებით კი სტალინის გარდაცვალების შემდეგ დაადგა. ტრამპს კი მიაჩნდა, რომ მსოფლიო ჟანდარმის როლი და მსოფლიო ბატონობისკენ სვლა მსოფლიოსთან ერთად აშშის ინტერესებსაც აზიანებდა. ისიც მართალია, რომ ამ საკითხში ტრამპის ქმედებები და განცხადებები მეცნიერული სიღრმითა და ლოგიკური თანმიმდევრულობით არ გამოირჩეოდა, მაგრამ ის კი ერთმნიშვნელოვნად ცხადი შეიქნა, რომ ტრამპის კურსი ამერიკელ იმპერიალისტთა მსოფლიო გაბატონებისკენ სწრაფვის კურსს მიზანმიმართულად თუ არ უპირისპირდებოდა, რაღაცით მაინც აბრკოლებდა და წინ ეღობებოდა.

ამიტომაც მოხდა ის, რომ ტრამპის წინააღმდეგ არა მხოლოდ პოლიტიკური ელიტა და ინსტიტუციები, არამედ მათ მიტმასნილი პრესისა და ხელოვნების წარმომადგენლებიც დაირაზმნენ. ეს არც იყო გასაკვირი, რადგან თვითონ ტრამპი დაუპირისპირდა მათ.

დონალდ ტრამპი: _ როდესაც ცრუ ინფორმაციას (Fაკე ნეწს) ავრცელებთ, თქვენ ხალხის მტრები ხართ!

ვალერი კვარაცხელია: _ პრეზიდენტი ტრამპი ასეთივე შეუბრალებელი იყო ჰოლივუდის მესვეურთა შეფასებისას.

დონალდ ტრამპი: _ ჰოლივუდი მართლაც საშინელებაა. თქვენ საუბრობთ რასიზმზე, ჰოლივუდი კი რასისტია. ფილმები, რომლებსაც ისინი უშვებენ, საშიშია ჩვენი ქვეყნისთვის. ჰოლივუდი ჩვენს ქვეყანას დათვურ სამსახურს უწევს.

ვალერი კვარაცხელია: _ ისე ჩანდა, რომ ტრამპს თითქოს სურდა, აშშ უკვე დაკარგული ეროვნული მიმართულებით განევითარებინა, მაგრამ მას ეს სურვილი მეცნიერულ ბაზაზე არ დაუფუძნებია, მიზანი არ გამოუკვეთია, მოქმედების მწყობრი სისტემა არ შეუმუშავებია და, საბოლოო ჯამში, ურთიერთგამომრიცხავი განცხადებებითა და მოქმედებებით მსოფლიო დააბნია. მიუხედავად ამისა, ტრამპს ძალიან ბევრი უჭერდა მხარს თუნდაც იმ მიზეზით, რომ ხელისუფლებაში ამერიკელებისთვისაც კი შემზარავი ლიბერალები არ მობრუნებულიყვნენ, რომლებიც ოცდამეერთე საუკუნის ისეთსავე ჭირს წარმოადგენენ, როგორსაც მეოცე საუკუნეში ფაშისტები. როგორც ჩვენთან ხდება, ოღონდ ნაცები არ მობრუნდნენ და მუდმივად ქოცებს უჭერენ მხარს. ჩვენთან ეს ფორმულა ჯერჯერობით უტყუარად მუშაობს, ამერიკაში კი ტრამპმა, სამწუხაროდ, ესეც ვერ გათვალა და ვერ გამოიყენა.

ტრამპი საგარეო ურთიერთობებშიც ხელმოცარული დარჩა _ ვერც ჩინეთთან ააწყო ურთიერთობა, ვერც რუსეთთან და ვერც ევროპასთან. ისრაელის პრემიერმინისტრმაც კი ისე მიულოცა გამარჯვება ბაიდენს, რომ შედეგების ოფიციალურად გამოცხადებას არ დაელოდა. ეს გასაკვირი ფაქტია, თუნდაც იმიტომ, რომ 70 წლის განმავლობაში ტრამპი პირველი პრეზიდენტი იყო, ვინც იერუსალიმი ისრაელის დედაქალაქად აღიარა.

ტრამპმა საოცარი აღიარება გააკეთა, როდესაც ბარაკ ობამასა და ჰილარი კლინტონს ხელი დაადო და ახლო აღმოსავლეთში ტერორისტული სახელმწიფოს შექმნაში დაადანაშაულა, მაგრამ ცოტა ხანში ეს განცხადება დაავიწყდა და სირიის დაბომბვა დაიწყო, ანუ მხარი ტერორისტებს დაუჭირა.

ერთი სიტყვით, ტრამპის “რეფორმები” ქვიშაზე ცათამბჯენის შენებას ჰგავდა, მაგრამ თუნდაც ის, რომ იგი შინაგანად ლიბერალური სიბინძურის (თანამედროვე ფაშიზმის) მოწინააღმდეგე იყო, საკმარისი აღმოჩნდა იმისთვის, რომ კაპიტალისტურ-იმპერიალისტური აშშ-ის თითქმის ყველა ინსტიტუცია მას დაპირისპირებოდა. ამ დაპირისპირებამ არჩევნების დასასრულისთვის ასეთი საშიში ხასიათი მიიღო.

ჯოზეფ ბაიდენი: _ მე გავიმარჯვე. მე ვიქნები პრეზიდენტი ყველასთვის, მიუხედავად იმისა, მომეცით თუ არა ხმა!

დონალდ ტრამპი: _ 71 მილიონი კანონიერი ხმით მე მოვიგე არჩევნები!

ვალერი კვარაცხელია: _ ეს იმპერატიული ტონი და არჩევნების შედეგების არ აღიარება უკვე სამოქალაქო დაპირისპირებას მოასწავებს, რომელიც, თუ მოხდება, შეიძლება მსოფლიოსთვის უმძიმესი შედეგების მომტანი აღმოჩნდეს. ყოველგვარი ზნეობრივისგან დაცლილი ევროპა კი ბაიდენს შედეგების ოფიციალურად გამოცხადებამდე დიდი სიამოვნებით ემთხვია ტერფებზე და მისალოცი დეპეშები აფრინა.

საარჩევნო ციებცხელება ამით არ დასრულებულა. დიდი ალიაქოთი და არეულობაა მოსალოდნელი არა მხოლოდ ამერიკაში. უკრაინაში ექსპრეზიდენტი პოროშენკო ძალიან ხმამაღლა ალაპარაკდა. ამერიკისგანპეტრიოტებისშეძენასა და რუსეთთან ღია კონფრონტაციაზე ისაუბრა.

ქართველები არც ევროპელებს ჩამორჩნენ და არც უკრაინელებს, აქედანაც აფრინეს ბაიდენისთვის მილოცვის წერილები და დეპეშები. წარსულის ამ აჩრდილებს ჰგონიათ, ბაიდენის მზემ მათთვის ამოანათა. იმაზე კი ნაკლებად ფიქრობენ, რომ ბაიდენის მზემ, საეჭვოა, თუნდაც ამერიკელებს გაუნათოს მომავალი, ვინაიდან ამერიკაში ტრამპი კი არა, თვით ამერიკა დამარცხდა.

ამერიკული მოჩვენებითი დემოკრატია დამარცხდა;

სიცრუეზე ნაშენები ამერიკული დიდება დამარცხდა;

ადამიანის უფლებების დაცვის ამერიკული მითი დამარცხდა;

ბედნიერი ცხოვრების ამერიკული ბუტაფორია დამარცხდა;

თავისუფალი სამყაროს შესახებ ნიჭიერად დადგმული ამერიკული ოთხსაუკუნოვანი შოუ დამარცხდა.

ამერიკაში შოუ დასრულდა. ვნახოთ, დაიწყება თუ არა ომი.

ქართული პოლიტიკური წრეები ამ მოვლენის გააზრებისგან შორს დგანან.

საარჩევნო ციებ-ცხელება აქაც ჩიხში შევიდა, მაგრამ, ცოტა ვინმე თუ აცნობიერებს, რა მოვლენასთან გვაქვს საქმე.

რატომ დუღს საქართველო ოცდაათი წლის განმავლობაში?

რატომ არ წყნარდება საბჭოთა კავშირისა და სოციალიზმისკლანჭებისგან განთავისუფლებული”, დამოუკიდებელი და სუვერენული სახელმწიფო?

რა უნდა, რა აშფოთებს მას?

ჩემი რღმა რწმენით, სოციალური სამართლიანობა სწყურია, თანასწორობის პრინციპებით ცხოვრება სწყურია, წართმეულისა და დაკარგულის უკან დაბრუნება უნდა, მაგრამ ვერ ახერხებს. ჯერ ვერც იმას აცნობიერებს, სად არის შველა, და ვერც იმას, რატომ დაემართა ეს ყველაფერი. ამერიკელებისა და კოლექტიური დასავლეთის მიერ მწარედ მოტყუებულმა და თავგზააბნეულმა ხალხმა ხან გამსახურდიას გზით იარა, ხან შევარდნაძის, ხან სააკაშვილი დასახა მხსნელად, ხან ივანიშვილი, მაგრამ ხედავს, რომ საქართველოს საქმე უკანუკან მიდის. საბოლოო განადგურების გზაზე შემდგარი ხალხი აგონიაშია. სიმართლეს ვერ აგნებს, რადგან ყველა მხრიდან, ყველა არხიდან და ჭუჭრუტანიდან მხოლოდ სიცრუე, მხოლოდ სიყალბე და ფარისევლობა ესმის. სასოწარკვეთამდე მისულ ხალხს, ნაცვლად იმისა, გზა ხსნისა შესთავაზონ, ხან ერთმა მხარემ დაულეწა ცხვირპირი და ჩაუნგრია გვერდები, ხან _ მეორემ. თითქმის გაქრობამდე მისული, მცირერიცხოვანი ხალხი ოცდაათი წელიწადის განმავლობაში ლიდერების გამო მუდმივად ორ ნაწილადაა გაყოფილი და საკუთარ სისხლთან და ხორცთან დაპირისპირებულია. იმას კი ვერ ხვდება, რომ ის ლიდერები სულაც არ იყვნენ ერთმანეთთან დაპირისპირებულნი.

ერთმანეთის ვითომ მოსისხლე მტრები _ შევარდნაძე და სააკაშვილი ერთსა და იმავე საქმეს ემსახურებოდნენ;

ახლაც ასეა: ერთმანეთის ვითომ მოსისხლე მტრები _ სააკაშვილი და ივანიშვილი ერთსა და იმავე საქმეს ემსახურებიან.

პოლიტიკაში პირადი მტრობა და შუღლი კი არაა მთავარი, მთავარი ის არის, ვინ ჰყავთ პატრონი, საიდან იმართებიან და რა მსოფლმხედველობა ამოძრავებთ. სანამ საქართველოში დასავლეთისმეხუთე კოლონაბოგინობს, ქვეყანას სიკეთე არ უწერია, შრომის, სწავლის, შემოქმედებითი ცხოვრების, გართობისა და დასვენების თანაბარი პირობების შექმნა, ანუ სამართლიანი ცხოვრება არ უწერია, ვინაიდან ამას ერთადერთი სისტემა განაპირობებდა. იმ სისტემას, რომელიც საკუთარი ხელით დაგვანგრევინეს, სოციალიზმი ერქვა. რაკი სოციალიზმის სიკეთეში ცხოვრება აღარ მოგვინდა, ახლა ველოდოთ ბაიდენის მიერ ნაჩუქარ ბედნიერებას, იქნებ მან მაინც გამოიმეტოს ის სიხარული, რომელსაც რეიგანის, მამა ბუშის, კლინტონის, შვილი ბუშის, ობამას, ტრამპის ხელში ვერ ვეღირსეთ, თუ არადა, ვხოცოთ ერთმანეთი, ვურტყათ ერთმანეთს დასისხლიანებამდე მიშასა და ბიძინას სახელით. ამით, მართალია, გაბრწყინებულ საქართველოს ვერ ავაშენებთ, მაგრამ გავერთობით მაინც

ასეთი იყო დღეს “ოქროს კვეთა”, მომავალ შეხვედრამდე!

P.S. 8 ოქტომბერს ცესკოს მიმდებარე ტერიტორიაზე ხელისუფლება სახანძრო მანქანებიდან მიშვებული წყლის ჭავლით ხალხს როცა ცივ წყალშიაბანავებდა”, მოსკოვის ცენტრალური ტელეარხიდან ვლადიმერ ჟირინოვსკი რუსეთის ხელისუფლებას ხმის ჩახლეჩვამდე ამუნათებდა:

_ სანამ დასავლეთიბარბაროსასახალი გეგმით მოგვადგება, სანამ ჯერ კიდევ დრო არის, უკრაინის, სამხრეთ კავკასიის, ბელარუსისა და ცენტრალური აზიის პრობლემა სასწრაფოდ უნდა გადავჭრათ. ერთ მშვენიერ დილას ეს ხალხი რომ გაიღვიძებს, ყველგან რუსული დროშები უნდა ფრიალებდეს!

მერე გადაცემის წამყვანს (ვლადიმერ სოლოვიოვს) მიუბრუნდა, _ ეს გადაცემა საღამოს ცხრაზე უნდა გადიოდეს, ჩემი ნათქვამი ყველას უნდა მოესმინა. ახლა გვიანია და ხალხს ძინავს.

_ თქვენმა ნათქვამმა უკვე ყველა გააღვიძა, _ ორაზროვნად მიუგო შეჩქვიფებულმა წამყვანმა.

ეჰ, ცუდ დროში ვცხოვრობთ, მუდმივად უარესის მოლოდინში უნდა ვიყოთ

ვალერი კვარაცხელია

1 COMMENT

  1. “…თუ არადა, ვხოცოთ ერთმანეთი, ვურტყათ ერთმანეთს დასისხლიანებამდე მიშასა და ბიძინას სახელით. ამით, მართალია, გაბრწყინებულ საქართველოს ვერ ავაშენებთ, მაგრამ გავერთობით მაინც… ”

    უსაშველოდ მდიდრები რომ დაიღალნენ ედინბურგის დახურულ თეატრში წარმოდგენების ყურებით, გამოიტანეს სცენები ღია ცის ქვეშ და ერთობიან სხვადასხვა ქვეყნებში მოწყობილი წარმოდგენებით. მეც ვუყურებ ხოლმე ნაწყვეტებს აქა-იქ მიმდინარე მოვლენებზე, მაგრამ მრჩება შთაბეჭდილება, რომ უსახური წარმოდგენები ვიღაც უნიჭოებისგან არის დადგმული, რომ უმეცართა ბრბო დაწრწის ყველგან, მეტადრე ევროპაში.
    მსოფლიო მმართველნი ამ ყველაფერს აკეთებენ იმიტომ, რომ ხალხი ერთმანეთს დააპირისპირონ და არ მოასვენონ, ჭაპანწყვეტაში ატარონ ყველანი, რომ ვერ მოიცალონ ბჭობისთვის და აზროვნებისთვის, თუ როგორ უნდა იცხოვრონ ბედნიერად, რომ ასეთი ფანდებით მორჩილებაში იყოლიონ მთელი მსოფლიოს მოსახლეობა.
    მათ არ იციან, რომ, თუკი დედამიწის მოსახლეობას კეთილად, – სამართლიანი წესებით აცხოვრებენ, როგორც ეს საბჭოთა წყობის დროს იყო(თუმცა უდიდესი ნაკლოვანებით – რწმენით, მაგრამ მაინც), მაშინ ყველა უკლებლივ მათ ლოცვაში იქნება და მათ მეტს არავის ისურვებენ მბრძანებლებად. ცოდვებსაც მიუტევებენ, მოემსახურებიან კიდეც და ყველა ნატვრასაც აუსრულებენ. განა რა უნდა ინატრონ ისეთი? ეს გახლავთ ის გრაალის თასი, რომელსაც ეძებენ.
    იხილეთ სრულად:
    https://www.blogger.com/blog/post/edit/5942381745008855258/4881069834550315435?hl=ru

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here