Home რუბრიკები პოლიტიკა “ოქროს კვეთა”

“ოქროს კვეთა”

ვალერი კვარაცხელიას სატელევიზიო-საავტორო პროგრამის საგაზეთო ვერსია

1206
“ოქროს კვეთა”

ოცდამეერთე გადაცემა

მსოფლიო გლობალური ომის მოლოდინში

ვალერი კვარაცხელია: _ საით მიექანება მსოფლიო? ეს შეკითხვა საზოგადოების არა მხოლოდ იმ ნაწილს აწუხებს, რომელმაც უკვე გააცნობიერა ის საფრთხე, რომელიც კაცობრიობას ემუქრება, არამედ იმ ნაწილსაც უკარგავს მოსვენებას, რომელიც ამას ჯერ კიდევ ვერ აცნობიერებს, მაგრამ ქვეცნობიერად გრძნობს.

_ მე ოპტიმისტი ვარ, ყველაფერი კარგად იქნება! _ ამბობენ ერთნი.

_ ღმერთი არ გაწირავს მის მიერ შექმნილ კაცობრიობას! _ თავს იმშვიდებენ და დანარჩენებსაც ამშვიდებენ მეორენი.

ოპტიმისტობა და პესიმისტობა რეალობის მეცნიერული ანალიზის შედეგი კი არ არის, უბრალოდ, ადამიანის ხასიათის თავისებურებაა.

რაც შეეხება ღმერთს, ადამიანებმა, რა თქმა უნდა, არ ვიცით, როგორ მოიქცევა იგი, მაგრამ ის ხომ ვიცით, რომ ღმერთმა ორი მსოფლიო ომი უკვე დაუშვა ამ ცოდვილ დედამიწაზე და ისიც გვახსოვს, რომ ჰიროსიმასა და ნაგასაკის მოწმენდილი ციდან ამერიკული ბირთვული ჯოჯოხეთიც დაუშვა მშვიდობიანი მოსახლეობის თავზე. არც ის დაგვვიწყნია, რომ სტიქიის სახით მოვლენილი თუ ადამიანის ხელით ნამოქმედარი მრავალი სხვა უბედურებაც დატყდომია თავს ადამის მოდგმას, რომელიც ღმერთს არ შეუჩერებია. ასე რომ, ნურც ვინმეს უსაფუძვლო ოპტიმიზმის იმედად დადგებით და ნურც ვიღაცის მუდმივად ცას მიპყრობილ მზერას ჩათვლით სიშვიდის საფუძვლად, ვინაიდან ვითარება კრიტიკულია…

უსაზღვროდ დიდი სიძულვილი დაგროვდა პლანეტაზე;

სიძულვილით გაიჟღინთა ზღვა და ხმელეთი, სიყვარული კი ყველამ მიივიწყა;

იარაღით გაიტენა კოსმოსი, მიწა და ოკეანე, წერტილიც კი არსად დარჩა, რომლიდანაც ვიღაცის რაკეტა ვიღაცისთვის არ იყოს დამიზნებული;

ძალმომრეობამ ჩაანაცვლა ზნეობა, სამართალი და კანონი;

ბოროტებამ მტკიცედ აიღო ხელში მართვის სადავეები და ცხოვრებიდან განდევნა სიკეთე… ჰუმანიზმი… თანაგრძნობა;

უსამართლობა და უთანასწორობა გამეფდა პლანეტაზე;

ადამიანის გონება დაბინძურდა, გული გაქვავდა, სული გაუხეშდა;

საკუთარი რაობისგან გაუცხოვებული და საკუთარ თავთან დაპირისპირებული ადამიანი მზადაა საკუთარი არსებობის გასანადგურებლად და მიექანება კიდეც ამ მიმართულებით;

ჰომო საპიენსი (გონიერი ადამიანი) თანდათანობით გადაგვარდა და მისგან ჰომო ცერიტუსი და ჰომო იმპრობუსი (უგუნური და უსამართლო ადამიანი) ჩამოყალიბდა!

ყოველ კონკრეტულ ადამიანს ეს, რა თქმა უნდა, არ ეხება, მაგრამ ადამიანის ზოგადი ტიპი ახლა, სამწუხაროდ, ამ მიმართულებით ვითარდება.

ახსნა იმისა, რამ გამოიწვია ეს სავალალო ვითარება, ძნელია, რადგან საკითხი ინტერდისციპლინურია და მეცნიერების მრავალი დარგის (ფილოსოფია, სოციოლოგია, ფსიქოლოგია, ფუტუროლოგია და სხვ.) წარმომადგენელთა ერთობლივი კვლევის საგანს წარმოადგენს, მაგრამ ეს საუბარი შორს წაგიყვანს.

კონკრეტულად რა სახის კრიზისზეა საუბარი? საუბარია კარსმომდგარ გლობალურ სამხედრო დაპირისპირებაზე. ისტორიაში ეს პირველი შემთხვევა არ არის. ბირთვული იარაღის შექმნის შემდეგ, რომელიც, თავისთავად, გლობალური სამხედრო დაპირისპირების ყველაზე საიმედო პრევენცია აღმოჩნდა, კრიზისული ვითარება ყოფილა. მათ შორის ყველაზე კრიტიკული კარიბის ზღვის ცნობილი კრიზისი იყო, რომელიც 1962 წელს წარმოიშვა და, რომლისგანაც კაცობრიობა მართლაც სასწაულმა იხსნა.

მაშინ უკვე არსებობდა პლანეტაზე სიცოცხლის განადგურების ტექნიკური შესაძლებლობა, რომლის ამოქმედებამდე წუთებიღა რჩებოდა… იმხანად პლანეტა გადარჩა. აშკარა გადაჭარბება იქნება თქმა იმისა, რომ დღევანდელი კრიზისი ისეთივე მწვავეა, როგორიც კარიბის კრიზისი იყო, მაგრამ მოვლენათა და დაპირისპირებათა მიმართულება დღესაც იგივეა. იმხანად მთავარი აქტორები აშშ და საბჭოთა კავშირი იყვნენ, დღეს აშშ და რუსეთი არიან. მაშინ განხეთქილების ვაშლის როლს კუბა ასრულებდა, დღეს იმავე როლს უკრაინა ასრულებს და ამ კრიზისში ბელარუსის ჩათრევასაც ცდილობენ. ამ ბინძურ საქმეში ჩვენც გარკვეული ფუნქცია გვეკისრება.

კრიზისი რომ სერიოზულია, ამას მასობრივი ინფორმაციის საშუალებებისთვის თვალის ერთი შევლებითაც მიხვდებით.

რუსული ტელეარხებიდან: _ აშშ და მისი ნატოელი მოკავშირეები არიან პასუხისმგებლები ვითარების ესკალაციაზე. ამას ხაზი გაუსვეს რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალურ შტაბში. უწყებაში აღნიშნეს საზღვარგარეთის სამხედრო გემების შავ ზღვაში შემოსვლის გახშირება, რომლებიც, შესაძლებელია, აღჭურვილნი იყვნენ შორი რადიუსის ზეზუსტი რაკეტებით. ჰაერში კი ყოველდღე ხედავენ ნატოს ბომბდამშენებს, რომლებსაც შეუძლიათ ბირთვული შეიარაღების ტარება. ნატოს თვითმფრინავები, სამხედრო წვრთნის ფარგლებში, სულ უფრო უახლოვდებიან რუსეთის საზღვრებს და ამუშავებენ პირობით დარტყმებს რუსეთის სამხრეთით განთავსებულ სამხედრო შენაერთებზე.

სერგეი რუდსკოი, რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის პირველი მოადგილე, გენერალპოლკოვნიკი: _ ჩვენ გვაშფოთებს აშშ-ისა და ნატოში მისი მოკავშირეების ქმედებები, რომლებიც სიტყვიერად აცხადებენ ინციდენტის დაუშვებლობის შესახებ, მაგრამ განაგრძობენ პროვოკაციულ და სახიფათო სამხედრო საქმიანობას შავი ზღვის რეგიონში. ინიღბება რა ვითომ რუსეთიდან მომდინარე საფრთხეებით, ნატო სულ უფრო უახლოვდება ჩვენს საზღვრებს.

რუსული ტელეარხებიდან: _ გენშტაბის მონაცემებით, რუსეთის ავიაგამანადგურებლებს მიმდინარე წელს ოცი პროცენტით მეტი გაფრენის შესრულება მოუწიათ ნატოს სამხედრო თვითმფრინავების მოსაგერიებლად. მხოლოდ გასულ კვირას ზედიზედ რამდენიმე ინციდენტი მოხდა ჩვენი ქვეყნის სამხრეთით, აღმოსავლეთითა და დასავლეთით… შავი ზღვიდან განდევნეს სამი ამერიკული B-52, რომლებიც უკრაინის მხრიდან შემოფრინდნენ, კიდევ ერთი ამერიკული სამხედრო თვითმფრინავი _ B-1 კამჩატკასთან შენიშნეს. რამდენიმე დღის წინათ შეამჩნიეს ბრიტანეთის სამხედრო თვითმფრინავი, მომდევნო დღეს კი ერთდროულად ორი დაუპატიჟებელი სტუმარი ბალტიის თავზე გამოჩნდა…

ვითარება ჩვენს საზღვრებთან უკიდურესად დაძაბულია, განსაკუთრებით ყირიმთან. პასუხისმგებლობა ვითარების დაძაბვისა და მოსალოდნელი შედეგებისთვის ერთმნიშვნელოვნად დაეკისრებათ აშშ-სა და მის მოკავშირეებს ნატოდან. ზუსტად ასე მოახსენა გენშტაბის წარმომადგენელმა რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს. ამერიკელებს უკვე აღარც ერიდებათ და მათი ბომბდამშენები ღიად ამუშავებენ პირობით ბირთვულ დარტყმებს სევასტოპოლზე. ერთ თვეში სამჯერ გამოჩნდნენ ჩვენს მისადგომებთან და სამივეჯერ უკრაინის ტერიტორიიდან, რომელიც ახლა ოფიციალურად შეიძლება ჩაითვალოს აშშ-ის მძიმე სამხედრო ავიაციისთვის უკანა კარად. აშშ-ის მძიმე ავიაცია, ბორტზე სპეციალური დანიშნულების ძალებით, უკრაინის ტერიტორიაზე იმყოფება.

იური იგნატი, უკრაინის საავიაციო ძალების მეთაური: _ ჩვენ ვიმყოფებით აეროდრომზე ვინიცასთან, სადაც ჩამოფრინდნენ ამერიკული მძიმე თვითმფრინავები. ეს ერთადერთი აეროდრომი არ არის უკრაინაში, სადაც აშშ-ის სამხედრო ავიაცია იქნება.

რუსული ტელეარხებიდან: _ ეს არის მკვეთრი სიგნალი პუტინისთვს, _ ჩვენ თქვენს საზღვართან ვიმყოფებით!

იური იგნატი: _ ეს წვრთნები მოგვცემს საშუალებას იმის დემონსტრირებისა, რომ შეიარაღებულ აგრესიას პასუხი გავცეთ დამოუკიდებლად ან საერთაშორისო მხარდაჭერით.

რუსული ტელეარხებიდან: _ აშშ-ის სამხედრო თვითმფრინავები ადრე თუ ნატოს წევრი სახელმწიფოების საზღვრებიდან შემოფრინდებოდნენ, დღეს უკრაინის საზღვრებიდან მოფრინავენ და ეს ფრენები რეგულარულ ხასიათს იძენს.

ვლადიმერ ზელენსკი, უკრაინის პრეზიდენტი: _ ჩვენი დასავლელი პარტნიორები გვეთანხმებიან, ჩვენ გავერთიანდით არსებული გამოწვევების დასაძლევად და ადეკვატური რეაქციის შესამუშავებლად. მათ შორის ერთ-ერთია უკრაინის ინტეგრაცია ნატოში.

რუსული ტელეარხებიდან: _ არავინ არაფერს აღარ მალავს. ნატო ემზადება რუსეთზე ბირთვული შეტევის განსახორციელებლად უკრაინის ტერიტორიიდან.

ვალერი კვარაცხელია: _ აი, თურმე, რისთვის სჭირდებოდათ ამერიკელებს “მაიდნის” სახელით ცნობილი სახელმწიფო გადატრიალება უკრაინაში. ადრეც ბევრჯერ მითქვამს და კიდევ გავიმეორებ: სადაც უნდა მოქმედებდნენ ამერიკელები _ ახლო აღმოსავლეთსა თუ ვენესუელაში, ჩრდილოეთ კორეასა თუ პოსტსაბჭოთა რესპუბლიკებში, კავკასიასა თუ უკრაინაში, მოლდოვასა თუ ახლა უკვე ბელარუსში, ისინი ყველგან რუსეთის წინააღმდეგ მოქმედებენ. აი, რისთვის დასჭირდათ ამერიკელებს ფაშისტური ხელისუფლება უკრაინაში, რუსეთის სიძულვილისთვის. მათ ხომ მშვენივრად იციან, რომ რუსეთის მიმართ მხოლოდ თვითონ და ფაშისტები არიან ერთნაირი დაუძლეველი სიძულვილით გაჟღენთილნი. ახლა ბელარუსს ითრევენ ამ სიბინძურეში, რათა ცოტა ხანში იქაც ანტირუსული სულისკვეთებით გაჟღენთილი ხელისუფლება მოათრიონ, რომლის ერთადერთი მიზანი რუსეთის წინააღმდეგ დაუნდობელი და გააფთრებული ბრძოლის გაჩაღება იქნება.

“ოქროს კვეთა”

ალექსანდრე ლუკაშენკო, ბელარუსის მოქმედი და არჩეული პრეზიდენტი: _ ჩვენ გვიმზადებდნენ ამ სისაძაგლეს. რუსეთს ეშინოდა, რომ არ დავეკარგეთ. დასავლეთი კი ცდილობდა, მის მხარეს აღმოვჩენილიყავით, რა თქმა უნდა, რუსეთის საწინააღმდეგოდ. მათ ბალტიისა და შავი ზღვის დერეფნის ჩამოყალიბება სურთ _ ბალტიის სამი რესპუბლიკა, უკრაინა და ჩვენ. ჩვენ მარტო ვიყავით, ვინც რუსეთის წინააღმდეგ არ მოქმედებდა.

ვალერი კვარაცხელია: _ რასაც ახლა ბელარუსში დასავლეთი კადრულობს, მართლაც გამაოგნებელია. ასეთი უხეში ჩარევა სხვა სახელმწიფოთა საშინაო საქმეში, ასეთი ძალმომრეობა რუსეთის ირგვლივ გეოპოლიტიკური და გეოსტრატეგიული ვითარების შესაცვლელად, თვით ამერიკელი პოლიტიკოსებისგანაც კი, რომლებიც მიზნის მისაღწევად არასოდეს არაფერს თაკილობენ და არც არაფრის რცხვენიათ, დაუჯერებელი გეჩვენება. ჯერ ხომ ბალტიისპირეთის რესპუბლიკებისა და პოლონეთის თახსირი ხელისუფლებები აყვირეს, ბელარუსის პრეზიდენტი სვეტლანა ტიხანოვსკაია არისო, ახლა ევროპარლამენტს მიაღებინეს გამაოგნებელი რეზოლუცია.

РИА Новости: _ 5 ნოემბრის შემდეგ, როდესაც ბელარუსის მოქმედ ავტორიტარ ლიდერს უფლებამოსილების ვადა ოფიციალურად ამოეწურება, ევროპარლამენტი შეწყვეტს მის აღიარებას ქვეყნის პრეზიდენტად.

ვალერი კვარაცხელია: _ რაო? რუსეთი საბოლოოდ უნდა მოვაქციოთ ნატოს ალყაში და მერე ყველა მხრიდან ერთდროულად მივიტანოთ მასზე იერიშიო. აქ ბელარუსი და მისი პრეზიდენტი არავის ახსოვს. უფრო სწორად, ახსოვთ იმდენად, რამდენადაც რუსეთის მიმართ დადებითად განწყობილი ლუკაშენკო პატარა ბარიერად მიაჩნიათ რუსეთის წინააღმდეგ ერთიანი ფრონტის გაშლაში. მათი მთავარი მიზანი რუსეთია, რომელზეც მცირეოდენი უპირატესობის გაჩენის შემთხვევაში, ყოველი მხრიდან, ყველა აკრძალული იარაღით (ბირთვულით, ბიოლოგიურით, ქიმიურით, ფსიქოტრონულით) მიიტანენ იერიშს მისი სრული განიარაღებისა და განადგურების მიზნით. ამ უბოროტესი მიზნის მისაღწევად კეთდება ყველაფერი, რაც რუსეთის მიმართულებით ხორციელდება. აშშ მსოფლიოზე ერთპიროვნული გაბატონების აკვიატებული და აბსურდული, თანაც ყოვლად ამორალური მიზნის მისაღწევად პლანეტაზე უმწვავეს კრიზისულ სიტუაციას ქმნის. აშშ-ისა და რუსეთის ურთიერთობებში წარმოქმნილი კრიზისი ხომ მსოფლიო მასშტაბის კრიზისია, რომლიდანაც გამოსავალი არ არსებობს, გარდა აშშ-ის ურჯულო იმპერიის მორჯულებისა. სამწუხაროდ, დღეს არ არსებობს სახელმწიფო და ძალა, რომელიც ისევე დააჩოქებდა, გაასამართლებდა და მოარჯულებდა ამ მსოფლიო ბოროტებას, როგორც საბჭოთა კავშირმა სტალინის მეთაურობით დააჩოქა, გაასამართლა და მოარჯულა ევროპაში გაჩენილი და ამერიკის მიერ გაძლიერებული ფაშისტური ჭირი გასულ საუკუნეში. სამწუხაროდ, არ არის დღეს ისეთი ძალა, როგორსაც საბჭოთა კავშირი წარმოადგენდა, და არც ისეთი გენიაა, როგორიც სტალინი იყო. ამითაც არის განპირობებული თავგასულობა ამერიკული იმპერიალისტური მონსტრისა, რომელიც ბოროტებაში თვით სატანასაც კი ტოლს არ უდებს. თუმცა, მაინც არსებობს მსოფლიოში ერთი ძალა, რომელსაც აშშ-ის დამარცხება შეუძლია. ასეთი ძალა თვითონ აშშ-ია, ვინაიდან იგი თვითონ ამწვავებს და ამძაფრებს წინააღმდეგობებს, რომლებსაც, მართალია, მსოფლიო ჩიხში შეჰყავს, მაგრამ ყველაზე დიდი დარტყმის ქვეშ, პირველ რიგში, მაინც საკუთარ თავს აყენებს. 2020 წლის 3 ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის მზადების პერიოდი უკვე გასცდა პოლიტიკის სფეროს და აშშ, როგორც მსოფლიო ურჩხული, მთელი თავისი შემაძრწუნებელი შინაარსით გამოვლინდა. უკვე ვხედავთ, რომ წინასაარჩევნო ბატალიებში დაპირისპირება ვლინდება არა პოლიტიკურ პარტიებსა და განსხვავებულ იდეოლოგიებს შორის, არამედ, თვითონ აშშის შიგნით იმართება დაუნდობელი და გააფთრებული ბრძოლა გლობალური მასშტაბის დამნაშავე პოლუსებს შორის, რომლებმაც კაცობრიობა დემოკრატიის სახელით ბოროტმოქმედებასა და სიბინძურეში ჩაითრიეს. ისინი აღარც მალავენ ნამდვილ სახეს, მათ უკვე მოიხსნეს ნიღბები. Fox News-ისთვის მიცემულ ინტერვიუში ტრამპი აცხადებს.

დონალდ ტრამპი, აშშის პრეზიდენტი: _ მე მას (სირიის პრეზიდენტ ბაშარ ალ ასადს _ ვ.კ.), ცუდ ადამიანად მივიჩნევდი. მე მას გავასაღებდი. მე ყველაფერი მზად მქონდა, მაგრამ მეტისმა (პენტაგონის შეფი 2017-19 წწ. _ ვ.კ.) არ მოინდომა ამის გაკეთება.

ვალერი კვარაცხელია: _ ომები, სახელმწიფო გადატრიალებები, პრეზიდენტების მკვლელობები საგარეო ურთიერთობებში ამერიკელებისთვის ის ინსტრუმენტებია, რომლებსაც ისინი დიალოგის, დიპლომატიის, შეხვედრების, დარწმუნების ნაცვლად იყენებენ. ეს კაცი, დონალდ ტრამპი, რომელიც, როგორც თვითონ აღიარებს, პოტენციური მკვლელია, მსოფლიოს უმაღლეს პრემიაზე წარადგინეს, თანაც, მშვიდობის დარგში. როგორი დაცინვა და მასხრად აგდებაა მშვიდობისა და კაცობრიობის სწრაფვისა მშვიდობისკენ. ეს გადაცემა შეკითხვით დავიწყე, _ საით მიექანება-მეთქი მსოფლიო. მაშინ, როდესაც მშვიდობა გამასხარავებულია, მაშინ, როდესაც მკვლელი ნობელის პრემიაზეა წარდგენილი, სიკვდილსა და სიცოცხლეს ერთი ფასი აქვს. ხოლო, მაშინ, როდესაც სიკვდილსა და სიცოცხლეს ერთი ფასი აქვს, ომის დაწყება გაიოლებულია და გამარტივებული. აი, პასუხიც იმ შეკითხვაზე: მსოფლიო ომისკენ მიექანება, დიდი, გლობალური და დაუნდობელი ომისკენ. ისეა ატეხილი (სამგლე გოჭივითო, რომ ვიტყვით ქართველები) მსოფლიო, რომ სანამ გამოსადენ სისხლს არ გამოიდენს, არ დამშვიდდება. დონალდ ტრამპის დანაშაულებრივი ვნებები ხომ ვნახეთ, მოახლოვებული საპრეზიდენტო არჩევნების წინ განსხვავებული სახის დანაშაულის ჩადენისკენ მოუწოდებს ყოფილი სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი პრეზიდენტობის მეორე კანდიდატს საკუთარი პარტიიდან.

ჰილარი კლინტონი, დემოკრატიული პარტიის წარმომადგენელი: _ ჯო ბაიდენმა არავითარ შემთხვევაში არ უნდა აღიაროს დამარცხება!

ვალერი კვარაცხელია: _ რას ნიშნავს, დამარცხების არაღიარება არავითარ შემთხვევაში? დამარცხების შემთხვევაშიც? კი, მაგრამ, დამარცხების შემთხვევაში დამარცხების არაღიარება მხოლოდ უკანონო საქციელი ხომ არ არის, ძალადობაცაა, მაგრამ ასეთია ამერიკული ცხოვრების წესი. ამერიკული იმპერიალისტური რეჟიმი ესაა უსასტიკესი რეჟიმი, რომლისთვისაც არ არსებობს არც პოლიტიკური, არც სამართლებრივი, არც ადამიანური და არც მორალური ბარიერები. მათთვის დღესაც, ოცდამეერთე საუკუნეშიც, მისაღებია მაკიაველის შუასაუკუნებრივი პოლიტიკური კრედო _ მიზანი ამართლებს საშუალებას. სატანის ეს თანამედროვე ნაშიერები, რომლებმაც დემოკრატიის სახელით ენით აუწერელი უბედურებები დაატრიალეს მსოფლიოში, ახლა უნიღბო სახით წარდგნენ პლანეტის მოსახლეობის წინაშე და სამარცხვინო განცხადებების კეთებაში თითქოს ერთმანეთს ეჯიბრებიან. ხომ არის ეს ნათელი დასტური იმისა, რომ აშშ, მსოფლიოს ეს უდიდესი და უძლიერესი ზესახელმწიფო, ბანდიტების ხელშია და ბანდიტური სახელმწიფოა?! და რაც უფრო დიდია და მძლავრია ასეთი სახელმწიფოს შეიარაღება, მით უფრო საშიში ხდება იგი მსოფლიოსთვის. რამდენიმე დღის წინათ პრეზიდენტი ტრამპი ჟურნალისტებს ასე ელაპარაკა.

დონალდ ტრამპი: _ გვაქვს შეიარაღების ისეთი სისტემები, რომელთა შესახებაც არავინ იცის. შეიარაღების ისეთი სისტემები, როგორიც აქვს ვაშინგტონს, არ აქვს არც მოსკოვს და არც პეკინს!

ვალერი კვარაცხელია: _ არ გამოვრიცხავ, რომ აქ ცოტა წაიტრაბახა ბატონმა ტრამპმა, მაგრამ ეს რეალობას არ ცვლის. ყველამ ვიცით, რომ უამისოდაც ამ სახელმწიფოს ხელშია შეიარაღების სისტემები, რომლებსაც შეუძლია სიცოცხლის მოსპობა დედამიწაზე. თუმცა, ეს სახელმწიფო საშიში იმით კი არ არის, რომ სიცოცხლისა და მთლიანად პლანეტის მოსპობისთვის საკმარისი სამხედრო არსენალი გააჩნია, არამედ იმით, რომ ამ არსენალის ფლობის პარალელურად შესაბამისი მორალი და პასუხისმგებლობა არ გააჩნია. მას დღეს რამე შემაკავებელი ფაქტორი თუ ზღუდავს, ესაა შიში, მხოლოდ და მხოლოდ ცხოველური შიში და სხვა არაფერი, რომელიც არ არის საკმარისი გარანტია იმისთვის, რომ იგი გლობალური კატასტროფის წინაშე არ დააყენებს მსოფლიოს, ამიტომაცაა შემაშფოთებელი ვითარება, რომელსაც ისინი რუსეთის ირგვლივ ქმნიან.

დარწმუნებული ვარ, რომ არჩევნების დღესვე, 31 ოქტომბერს საქართველოშიც დაიწყება ბელარუსის მსგავსი პროცესები, რაც ისევ და ისევ რუსეთის წინააღმდეგ დაგეგმილი გლობალური პროვოკაციის შემადგენელი ნაწილი იქნება. კარგად გავიაზროთ, რას ნიშნავს სააკაშვილის ბოლოდროინდელი გააქტიურება და თუნდაც ეს ქადილი.

მიხეილ სააკაშვილი, საქართველოს ექსპრეზიდენტი დანაციონალური მოძრაობისწარმომადგენელი: _ მე ქართველ ხალხთან ერთად დავასრულებ ივანიშვილის მმართველობას. მოდი, გავწიოთ განზე პოლიტიკოსები. მე არ ვარ პოლიტიკოსი, მე ვარ ქართული თანამედროვე სახელმწიფოებრიობის შემქმნელი. მე ვარ საქართველოს პატრიოტი, მე ვარ ერთ-ერთი თქვენგანი, ვისაც გული შესტკივა იმაზე, რომ ქვეყანა განადგურდა.

ვალერი კვარაცხელია: _ დავანებოთ თავი იმას, რომ სააკაშვილს თავი “საქართველოს სახელმწიფოებრიობის შემქმნელად” წარმოუდგენია (ეს თემა ფსიქიატრებს დავუტოვოთ). ჩვენ კი იმაზე დავფიქრდეთ, რომ არჩევნების შემდეგ საქართველოშიც იმ სცენარის გათამაშებაა მოსალოდნელი, რომელ სცენარსაც ახლა ბელარუსში ათამაშებენ. პოლიტიკაში სრულიად უცნობ ვინმე ტიხანოვსკაიას, რომლისთვისაც საპრეზიდენტო არჩევნებში დასავლეთმა, სულ რაღაც, ათი პროცენტის დაგროვება შეძლო, რით არ სჯობს ექსპრეზიდენტი და მსოფლიოში ცნობილი (თანაც, დასავლეთისთვის ესოდენ მისაღები) სააკაშვილი, რომელიც ხმათა გაცილებით მეტ რაოდენობასაც დააგროვებს და, რაც მთავარია, გაცილებით მეტ მხარდამჭერსაც გაიჩენს საქართველოში, ვიდრე ტიხანოვსკაიამ ბელარუსში გაიჩინა. ნამუსგარეცხილმა დასავლურმა პოლიტიკამ ტიხანოვსკაიათი თუ შეძლო სრულიად უპრობლემო ბელარუსის არევა, სააკაშვილით უფრო არ არევს ყელამდე პრობლემებში ჩაფლულ საქართველოს? არევს, რა თქმა უნდა! შესაძლებელია, ვინმეს შეკითხვა გაუჩნდეს: რისთვის სჭირდება დასავლეთს საქართველოს არევა? სჭირდება და, თანაც როგორ. დასავლეთს სჭირდება რუსეთის ირგვლივ მისთვის სრულიად საიმედო ალყა. ამ საქმისთვის ივანიშვილი ისევე ვერ გამოდგება, როგორც ლუკაშენკო ვერ გამოდგა. ლუკაშენკოც თამაშობდა რუსეთსა და დასავლეთს შორის, მაგრამ დასავლეთში მოთამაშეები არ უყვართ, ერთმნიშვნელოვნად თავიანთი კაცი სჭირდებათ. ივანიშვილიც მოთამაშეა. მართალია, რუსეთთან თამაშს იგი გაცილებით ნაკლებად ავლენს, ვიდრე ლუკაშენკო, მაგრამ, რომ თამაშობს, ფაქტია. დასავლეთს კი ბელარუსშიც და საქართველოშიც ისეთივე ანტირუსული ტანკი სჭირდება, როგორიც სააკაშვილია. ამერიკელები რუსეთის ირგვლივ ალყის შეკვრას როდესაც დაასრულებენ, მხოლოდ ამის შემდეგ მიადგებიან რუსებს პირდაპირ. ამ მეტისმეტად უსიამოვნო მოვლენაზე უკვე ღაღადებს რუსული მასმედია. თუმცა, რაღა მასმედია, როდესაც ამაზე ხმაურიან განცხადებებს უმაღლესი სახელმწიფო ჩინებიც კი აღარ ერიდებიან.

სერგეი შოიგუ, რუსეთის თავდაცვის მინისტრი: _ დაიწყეს რეგულარული ფრენები და შემოსვლები. ვარჯიშობენ სარაკეტო დარტყმების იმიტაციაში. უნდათ, მიგვაჩვიონ აზრს ერთპოლარულ მსოფლიოზე, მიგვაჩვიონ აზრს, რომ მსოფლიოს ჰყავს ერთი მბრძანებელი.

ვალერი კვარაცხელია: _ იმის მიუხედავად, რომ დღეს მსოფლიო ნამდვილად აღარ არის ერთპოლუსიანი, აშშ-ში ვერ ელევიან ერთპოლუსიან მსოფლიოზე ოცნებას. ესაა ის, რაც მსოფლიოს გლობალური ომის საშინელებისკენ მიაქანებს.

ასეთი იყო დღეს “ოქროს კვეთა”, მომავალ შეხვედრამდე!

P.S.საქართველოში დასავლეთისმეხუთე კოლონადა მასთან მიტმასნილი პროდასავლური ხროვა გახარებულია მსოფლიოსთვის ამ უაღრესად საშიში და სახიფათო მოვლენით. ისინი გახარებული არიან საქართველოს ხელისუფლებაში სააკაშვილის მობრუნების პერსპექტივითა და ბელარუსში ლუკაშენკოს მოსალოდნელი ჩამოცილებით ძალაუფლებისგან. გახარებული არიან, ვინაიდან დასავლეთის შემდგომ სამიზნედ რუსეთსა და პუტინს განიხილავენ, თუმცა იოტისოდენა წარმოდგენაც არ აქვთ, რის ფასად შეიძლება დაუჯდეს ეს ყველაფერი საქართველოს.

რუსეთის მიმართ დასავლური გეგმების რეალიზების შემთხვევაში საქართველო ისე აღიგვება პირისაგან მიწისა, თითქოს არასოდეს ეარსებოს, ვინაიდან ქართული სახელმწიფოს ფიზიკურ არსებობას, მიუხედავად სახელმწიფო დონეზე ურთიერთობებში არსებული პრობლემებისა და ტერიტორიული დანაკარგებისა, დღეს რუსული ფაქტორის არსებობა განაპირობებს. როგორც კი მოიხსნება რუსეთის მსოფლიო გეოპოლიტიკური ფაქტორი, საქართველო ელვის სისწრაფით გაიჭყლიტება რეგიონში ცუნამივით მოვარდნილ ახალ რეალობასა და მძლავრი სახელმწიფოების სრულიად შეუზღუდავ გეოპოლიტიკურ თამაშებში. შესაძლებელია, იციან კიდეც ეს ყველაფერი, მაგრამ ისინი ხომ თავიანთ ვიგინდარულ ვნებებს საქართველოზე და მსოფლიოზე მაღლა აყენებენ.

ვალერი კვარაცხელია

2 COMMENTS

  1. დიდი მადლობა ბატონო ვალერი!!! დიდი მადლობა მსოფლიოში არსებული მდგომარეობის ყოვლისმომცველი და ბრწყინვალე ანალიზისთვის!!!

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here