Home რუბრიკები პოლიტიკა “ოქროს კვეთა”

“ოქროს კვეთა”

ვალერი კვარაცხელიას სატელევიზიო-საავტორო პროგრამის საგაზეთო ვერსია

934
“ოქროს კვეთა”

მეოცე გადაცემა

ურჩხული ფერუმარილში

ვალერი კვარაცხელია: _ გამარჯობა, ძვირფასო ტელემაყურებელო. ეთერშია გადაცემა “ოქროს კვეთა”, რომელსაც, როგორც ყოველთვის, გავუძღვები მე _ ვალერი კვარაცხელია.

ერთი მოგონება მომყვება ბავშვობიდან. ჩემს ბავშვობაში სამეგრელოში ერთი მოხუცი კაცი დადიოდა, გამხდარი და წელში ოდნავ მოხრილი, მაგრამ მაღალი და აწოწილი. ნადირივით დამფრთხალ-შეშინებული მზერა ჰქონდა და ფეხაკრეფით სიარული იცოდა. ჩამოგრძელებული, მოუვლელი თმები, ნაოჭებით დაღარული, გაუპარსავი ლოყები, მუხლებთან გამობერილი, მოკლე შარვალი და ორი ზომით სრული, ლანჩებგაცვეთილი ფეხსაცმელი აშკარა ფსიქიკურ პრობლემებზე ღაღადებდნენ, თუმცა შეურაცხადობის სხვა რამ ნიშანს იქამდე არ ავლენდა, ვიდრე რომელიმე თავზეხელაღებული ერთ წყეულ სიტყვას არ წამოაყრანტალებდა.

_ დემოკრატია!

სპექტაკლი ამ სიტყვის წარმოთქმისას იწყებოდა. შეშინებულ თვალებში საშინელი რისხვა ჩაუდგებოდა, იქამდე ფეხაკრეფით მოარულს მგლის მუხლი მიეცემოდა, იმავე წამს მოზრდილ ქვას დასწვდებოდა და დედამიწის ზურგზე იმ ყველაზე საზარელი სიტყვის წარმომთქმელს პირგამეხებული გამოენთებოდა. ამ მომენტში საპირისპირო მხარეს სხვა წამოიძახებდა.

_ დემოკრატია!

შემოტრიალდებოდა მარდად და დაედევნებოდა იმ სხვას, მაგრამ რა დალევდა სეირის მოყვარულსა და მოხულიგნო ყმაწვილებს. ახლა მის ზურგსუკან დაიძახებდა ვიღაც.

_ დემოკრატია!

შებრუნდებოდა ახლა მისკენ, მაგრამ ცოტა ხანში უკვე ყველა მხრიდან ის ერთი სიტყვა ისმოდა.

_ დემოკრატია!

_ დემოკრატია!

_ დემოკრატია!

ნირწამხდარი შედგებოდა წამით, დააგდებდა ქვას და ხვეწნა-მუდარაზე გადადიოდა.

_ არ თქვათ ეგ საშინელი სიტყვა, დაივიწყეთ ეგ საშინელი სიტყვა!

მრავალჯერ მინახავს ეს სცენა. ის კი არა, რამდენიმეჯერ მეც ავყოლივარ ყმაწვილურ ცდუნებას და წამომიძახია:

_ დემოკრატია!

მაშინ, ცხადია, არც ამ სიტყვის მნიშვნელობა მესმოდა და, მით უმეტეს, არ მესმოდა, რატომ სძულდა იმ საცოდავ მოხუცს ეს სიტყვა აგრერიგად… წარსულში, ალბათ, ანარქისტი თუ იყო, ან ფედერალისტი, ან იმ რომელიმე იზმი-ს მიმდევარი, დემოკრატია რომ არ ეპიტნავებოდა.

მას შემდეგ მრვალმა წყალმა ჩაიარა. და აი, ერთ მშვენიერ დღეს საბჭოთა კავშირის ლიდერმა, სკკპ ცენტრალური კომიტეტის გენერალურმა მდივანმა განაცხადა.

მიხეილ გორბაჩოვი, სკკპ ცენტრალური კომიტეტის გენერალური მდივანი: _ ჩვენ გვჭირდება დემოკრატია, დემოკრატიის გარეშე ვერაფერს მივაღწევთ!

ვალერი კვარაცხელია: _ ოცდათხუთმეტი წელიწადი გვაშორებს ამ ნათქვამისგან, მაგრამ მთელი აწ უკვე ყოფილი საბჭოეთი ლამის შეშალოს სიტყვამ _ დემოკრატია, აგრერიგად რომ არ უყვარდა ფსიქიკურად აშლილ იმ საწყალ მოხუცს. ეს სიტყვა მთელ პლანეტას მოედო. ახლა ყოველი დღე ამ სიტყვით იწყება და ამ სიტყვითვე მთავრდება. იმ სახელმწიფოებშიც კი, რომლებიც ჯერ კიდევ ოფიციალურად ვერ გასცილებიან ფეოდალიზმის, კლერიკალიზმისა თუ გამოცხადებული დიქტატურის მარწუხებს, ამ ჯადოსიტყვით მანიპულირებენ და სპეკულირებენ გაუთავებლად

დემოკრატია (ხალხის მმართველობა) საბერძნეთში ჩაისახა (ძვ. წ.-აღ მე-6 საუკ.), მაგრამ დიდი განვითარება ვერ ჰპოვა, რადგან, მთლად ისე მომხიბლავი ვერ გამოდგა, როგორიც თეორიულად ჩანდა. მიუხედავად ამისა, იგი მუდმივად იპყრობდა ფართო მასების ყურადღებას, რადგან ყველა დროში მიიჩნეოდა მმართველობის იმ ერთადერთ სახალხო ფორმად, რომელიც მთელ კაცობრიობას სოციალური სამართლიანობის უშრეტ წყაროდ და ჭეშმარიტ გარანტად უნდა მოვლენოდა. სამწუხაროდ, ანტიკური ეპოქა, რომელიც მონას ადამიანად არ მიიჩნევდა, სამართლიანობის გაგებისგან ისე შორს იდგა, როგორც ცა _ დედამიწისგან. მიუხედავად ამისა, ამ ფილოსოფიურ ოცნებას საზოგადოებისა და სახელმწიფოს სამართლიან მოწყობაზე, უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა კაცობრიობის ისტორიისათვის.

ანტიკური ეპოქის დემოკრატიული ვნებები და მისწრაფებები ახალ ეპოქასაც გადმოჰყვა. დემოკრატიული მიმართულება სხვადასხვა ვარიაციით ვითარდებოდა და, ბუნებრივია, რომ იხვეწებოდა კიდეც, მაგრამ ის მაინც ფორმისკენ უფრო იყო ორიენტირებული, ვიდრე შინაარსისკენ.

მე-9 საუკუნიდან ევროპის ზოგიერთ რეგიონში მემამულეები და საპატიო მოქალაქეები მონაწილეობდნენ არჩევნებში და დეპუტატების არჩევის გზით ვითარდებოდა წარმომადგენლობითი სისტემები. 900-იანი წლების დასაწყისისათვის ისლანდიაში გაჩნდა თანამედროვე საკანონმდებლო ორგანოს ტიპის დაწესებულებაალტინგი”, ნორვეგიაში კი _ “ვეჩე”. მე-12 საუკუნიდან იტალიის ქალაქსახელმწიფოებში (ვენეცია, ფლორენცია, სიენა, პიზა) დაიწყეს პერიოდული არჩევნების ჩატარება უმაღლესი თანამდებობის დასაკავებლად, თუმცა ამ არჩევნებშიც მხოლოდ მემამულეები და მსხვილი მიწათმფლობელები მონაწილეობდნენ.

ინგლისის პარლამენტი თავიდან ჩაფიქრებული იყო, როგორც მეფის სათათბირო-სასამართლო ორგანო, მაგრამ მას შემდეგ, რაც 1215 წელს ხელი მოეწერა თავისუფლებათა დიდ ქარტიას, მისი ფუნქციები თანდათანობით გაფართოვდა და იგი ნამდვილ საკანონმდებლო ორგანოდ ჩამოყალიბდა.

განმანათლებლობის ეპოქამ მოიტანა ჰუმანისტური იდეალები და გააფართოვა სამართლიანობის ფილოსოფიური საფუძვლები, თუმცა ზოგადსაკაცობრიო დემოკრატიული ტენდენციები კვლავ ფორმალიზმის ტყვეობაში რჩებოდა და შინაარსზე ნაკლებად ზრუნავდა.

ამან გამოიწვია ბურჟუაზიულ-დემოკრატიული რევოლუციების მთელი სერია. პარალელურად გაჩნდა სოციალიზმის იდეა, რასაც თავიდან უტოპიური ხასიათი ჰქონდა, მაგრამ სულ მალე ფრანგული უტოპიური სოციალიზმის, ინგლისური პოლიტიკური ეკონომიისა და გერმანული კლასიკური ფილოსოფიის ბაზაზე აღმოცენდა მარქსისტული მოძღვრება, რომელმაც მთლიანად შეცვალა სოციალურ სამართლიანობაზე იქამდე არსებული წარმოდგენები, ხოლო მარქსისა და ენგელსის პოლიტიკურ-ეკონომიკურ-სოციალური ხასიათის რევოლუციურმა ნაშრომმა _ “კომუნისტური პარტიის მანიფესტი”, დასაბამი დაუდო დიდი ოქტომბრის სოციალისტურ რევოლუციას რუსეთში, რითაც კაცობრიობის ისტორიაში სრულიად ახალი ერა დაიწყო. საბჭოთა კავშირი იყო პირველი სახელმწიფო, რომელმაც არა მხოლოდ თავი მოუყარა კაცობრიობის ნაშრომ-ნაწვალებსა და ნაოცნებარს საზოგადოების დემოკრატიული მოწყობის მიმართულებით, არამედ იგი ახალ თვისებრიობაში გადაიყვანა იმით, რომ მისი ფორმა და შინაარსი ფილოსოფიურ შესაბამისობაში მოიყვანა და დიალექტიკურ მთლიანობად აქცია. მოხდა ისე, რომ ევროპა, რომელმაც არა მხოლოდ მარქსიზმის სამი ძირითადი წყარო, არამედ მარქსიზმი, როგორც მეცნიერული მოძღვრება და, “კომუნისტური პარტიის მანიფესტი”, როგორც ამ მოძღვრების სამოქმედო პროგრამა, შვა, სოციალიზმის სამშობლო ვერ გახდა. სამწუხაროდ, მე-20 საუკუნის “ქრისტიანული” ევროპა, რომელმაც მარქსისტული მოძღვრების პრაქტიკული რეალიზება ვერ მოახერხა, ფაშიზმისა და ორი მსოფლიო ომის პრაქტიკული რეალიზებით შემორჩა კაცობრიობის ისტორიას.

“ოქროს კვეთა”

მე-20 საუკუნეში პლანეტაზე ჩამოყალიბდა ორი ტიპის დემოკრატია: ფორმაზე ორიენტირებული კაპიტალისტური დემოკრატია და შინაარსზე ორიენტირებული სოციალისტური დემოკრატია.

სოციალისტურმა სახელმწიფოებმა, რომლებმაც დემოკრატიის მშენებლობისას გეზი ფორმაზე მეტად შინაარსისკენ აიღეს, შეძლეს ნამდვილი დემოკრატიის აშენება, ხოლო კაპიტალისტურმა სახელმწიფოებმა, რომლებმაც დემოკრატიის შინაარსი უგულებელყვეს და მისი ფორმით შემოიფარგლნენ, შექმნეს მოჩვენებითი, ფასადური დემოკრატია, სადაც ტარდება არჩევნები და გამუდმებით გაჰკივიან ადამიანის უფლებებზე და თავისუფლებაზე, მაგრამ ისევე შორს არიან თავისუფლებისგან და სოციალური სამართლიანობისგან, როგორც ძველ საბერძნეთსა და ძველ რომში ან შუა საუკუნეების ევროპაში იყვნენ, ვინაიდან სისტემებში, სადაც ოფიციალურად და კონსტიტუციით ნებადართულად არსებობენ მდიდრები და ღარიბები, დამქირავებლები და დაქირავებულები, ექსპლოატატორები და ექსპლოატირებულები, სოციალური სამართლიანობა ვერ დამკვიდრდება. სოციალური სამართლიანობა მხოლოდ იქ მკვიდრდება, სადაც მოჭრილია გზა როგორც გამდიდრებისკენ, ასევე გაღარიბებისკენ და საზოგადოების თითოეული წევრისთვის გახსნილია გზა ზომიერი, ნორმალური, ღირსეული ცხოვრებისკენ; სადაც ეკონომიკა ორიენტირებულია არა მოგებისკენ, არამედ მოსახლეობის მატერიალური და სულიერი მოთხოვნების დაკმაყოფილებისკენ; სადაც წარმოების საშუალებები ეკუთვნის ხალხს და არა კერძო მესაკუთრეს. სოციალისტურმა სისტემამ სწორედ ასეთი დემოკრატია შექმნა _ ჭეშმარიტი დემოკრატია, რომლის პირობებში საზოგადოების თითოეულ წევრს შეუძლია ისარგებლოს ყველა იმ სიკეთით, რაც საზოგადოებას გააჩნია და მოქალაქის ამ უფლებებს ხელყოფისგან და ყოველგვარი ადამიანური ბოროტი ვნებებისგან სახელმწიფო და კონსტიტუცია იცავდა.

რა სახის დემოკრატია შექმნა კაპიტალისტურმა სისტემამ?

კაპიტალისტურმა სისტემამ დემოკრატია დააფუძნა ორ მონსტრზე: სიტყვის თავისუფლებაზე და მრავალპარტიულ არჩევნებზე. სიტყვის თავისუფლება პირდაპირ არის დაკავშირებული საინფორმაციო საშუალებებთან, ვინაიდან საზოგადოებასთან სიტყვის მიტანის ინსტრუმენტებს სწორედ ეს საშუალებები წარმოადგენენ. მასობრივი ინფორმაციის საშუალებები ძვირად ღირებული ფუფუნებაა. კაპიტალისტურ სისტემებში მათ ზემდიდარი კასტა განკარგავს, რომელიც, პირველ რიგში, საკუთარ ინტერესებს იცავს. ბურჟუაზიული არჩევნებიც პირდაპირ არის დამოკიდებული კაპიტალთან, ვინაიდან საარჩევნო მარათონი სხვა არაფერია თუ არა უზომოდ დიდი კაპიტალის ხარჯვის მარათონი გამარჯვების მისაღწევად. ხომ საინტერესოა, დაახლოებით მაინც რა მოცულობის თანხებთან არის დაკავშირებული არჩევნები კაპიტალიზმის მექაში _ აშშ-ში? აი, ზოგიერთი ოფიციალური მონაცემი.

REGNUM: _ (ვაშინგტონი, 9 დეკემბერი, 2016 წ.) დონალდ ტრამპმა, გამოქვეყნებული დოკუმენტების მიხედვით, საარჩევნო ფონდში 339 მილიონი დოლარი მოაგროვა, საიდანაც წინასაარჩევნო კამპანიისთვის 322 მილიონი დოლარი დახარჯა.

ჰილარი კლინტონს კი წინასაარჩევნონ მარათონი 565 მილიონი დოლარი დაუჯდა. მის საარჩევნო ფონდში 581 მილიონი დოლარი იყო თავმოყრილი.

ვალერი კვარაცხელია: _ აშშის პრეზიდენტობის ორი კანდიდატის მიერ წინასაარჩევნო კამპანიაში დახარჯული თანხა 887 მილიონ დოლარს შეადგენს. იმის გათვალისწინებით, რომ ყველა ხარჯი ოფიციალურად, ალბათ, არ იქნებოდა აღნუსხული, ეს თანხა მილიარდ დოლარს უახლოვდება. გესმით, რა მდგომარეობაა შექმნილი? ამას ხომ არ შეიძლება არჩევნებში ხალხის ნების გამოხატვა უწოდო? ესაა არჩევნების ყიდვა! ანუ, რა გამოდის? ხალხის ნება დახლზე დევს და იყიდება. ვინმეს მოუტრიალდება ენა იმის სამტკიცებლად, რომ ეს ბატონები და ქალბატონები მილიონებს და მილიარდებს ხალხის ინტერესების დაცვაში იხდიან? ესაა, ზოგადად, ბურჟუაზიული არჩევნების არსი!

კაპიტალისტურ სამყაროში ხალხის და საზოგადოების ინტერესები სრული ქიმერაა. ამიტომაცაა იმავე აშშ-ში შექმნილი ის საშინელი მდგომარეობა, რომელსაც გაეროს სპეციალური მომხსენებელი ფილიპ ოლსტონი აღწერს.

ფილიპ ოლსტონი, გაეროს სპეციალური მომხსენებელი: _ აშშ შედის უმდიდრესი, უძლიერესი და ტექნოლოგიურად მაღალგანვითარებული სახელმწიფოების სიაში, მაგრამ არც სიმდიდრე, არც ძლიერება, არც მაღალი ტექნოლოგიები არ გამოიყენება სიღატაკის პრობლემის დასაძლევად. 40 მილიონი ადამიანი, ანუ ყოველი მერვე ამერიკელი (დაახ. 13 პროცენტი) უკიდურეს სიღატაკეში ცხოვრობს.

ვალერი კვარაცხელია: _ უარესი ვითარებაა განათლების სფეროში.

ABC News: _აშშ-ის მოსახლეობის 43 პროცენტი ვერ ახერხებს წერა-კითხვას.

ვალერი კვარაცხელია: _ როგორ მოგწონთ? ჩვენთვის, ყოფილი საბჭოთა მოქალაქეებისთვის, ეს დაუჯერებელი ამბავია, მაგრამ ამერიკული დემოკრატიის პირდაპირი შედეგი ასეთია. რას ნიშნავს ეს? ამერიკულმა დემოკრატიამ, ანუ ხალხმა საკუთარი თავი მშიერ-მწყურვალი და წერა-კითხვის უცოდინარი დატოვა? აშკარად რაღაცა შეუსაბამობაა. ან ეს ხალხი სრულ ჭკუაზე არ არის, ან ეს დემოკრატია არ არის. ამიტომ ვამბობდი, კაპიტალისტური ურჩხული რამდენიც უნდა ალამაზო დემოკრატიის ფერ-უმარილით, მისი მახინჯი შინაარსი მაინც მახინჯი დარჩება!

შინაარსამოცლილი დემოკრატიის ფასადითა და ფორმით გატაცებამ აშშ-ის იდეოლოგია მთელ რიგ უკიდურესობაში გადაჩეხა. ადამიანთა ბედზე, მათ ყოფასა და სამართლიან ცხოვრებაზე ზრუნვის ნაცვლად ეს სახელმწიფო მთელ მსოფლიოს ათასგვარი უკუღმართობისა და გარყვნილების ძალადობრივ დამნერგავად მოევლინა. ეს ყველაფერი თანდათანობით ტრაგი-კომიკურ ხასიათს იძენს და ფსიქიატრიულ პრობლემაში გადადის. რამდენიმე დღის წინ ამერიკის კინოაკადემიამ წარმოადგინა ახალი სტანდარტები “ოსკარის” ნომინაციისთვის _ “საუკეთესო ფილმი”.

Радио Озоди: _ ახალი სტანდარტის მიხედვით, ფილმში ერთ მთავარ როლს უნდა ასრულებდეს ფერადკანიანი, აზიელი, ლათინოამერიკელი, ან ახლო აღმოსავლეთის მცხოვრები. მსახიობთა შემადგენლობის არანაკლები 30 პროცენტისა უნდა იყვნენ ქალები, რასობრივი და ეთნიკური უმცირესობების, ლგბტ თემისა და შეზღუდული შესაძლებლობების ადამიანთა წარმომადგენლები.

ვალერი კვარაცხელია: _ ამას უკიდურესობაც აღარ ჰქვია. ეს უკვე იმგვარი უგუნურებისა და ავადმყოფური ფანტაზიის ამოფრქვევაა, იმგვარი მარაზმია, რომ მკურნალობა შეუძლებელია.

აი, ასე ესმით დემოკრატია ამ ცოდვის შვილებს.

აი, ეს სახელმწიფო არა მხოლოდ საკუთარ ხალხში ნერგავს ამ ავადმყოფურსა და ავადსახსენებელ დემოკრატიას, არამედ ცეცხლითა და მახვილით შეაქვს იგი სხვა სახელმწიფოებში. მახინჯი ცხოვრების საკუთარ წესს იგი მსოფლიოს ახვევს თავს, თანაც _ ძალმომრეობით, იძულების წესით, სამხედრო ძალის გამოყენებით. იგი უფლებამოსილად მიიჩნევს თავს ჩაერიოს სხვა სახელმწიფოთა საქმეებში. დაამხოს კანონიერი ხელისუფლება, შეცვალოს პოლიტიკური და ეკონომიკური სისტემები, დაუკითხავად გადაწყვეტოს სხვა ხალხებისა და ერების ბედი და .. ესაა ქვეყანა, რომელმაც ახლო აღმოსავლეთში ტერორისტული სახელმწიფო შექმნა, როგორც საკუთარი სამხედრო ბაზა და დასაყრდენი, რომლისთვისაც, მოგვიანებით, იძულებული შეიქნა, მოჩვენებითი ომი გამოეცხადებინა, რათა რეგიონში საკუთარი სრულიად არალეგიტიმური სამხედრო ყოფნა ოდნავ მაინც გაემართლებინა. იმ სამარცხვინო ფაქტს, რომ ტერორისტული ორგანიზაცია “ისლამური სახელმწიფო” აშშ-ის შექმნილია, პრეზიდენტი ტრამპი ადასტურებს.

დონალდ ტრამპი: _ ისლამური სახელმწიფო პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ და სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა შეჰქმნეს.

ვალერი კვარაცხელია: _ ესაა ამერიკული დემოკრატია;

*მასობრივი განადგურების იარაღის არსებობის ცრუ საბაბით ერაყში შეჭრა და კანონიერი პრეზიდენტის სადამ ჰუსეინის ჩამოხრჩობაა ამერიკული დემოკრატია:

*ლიბიის კანონიერი პრეზიდენტის მუამარ კადაფის ლინჩის წესით გასამართლებაა ამერიკული დემოკრატია;

*იუგოსლავიის პრეზიდენტ სლობოდან მილოშევიჩის ჰააგის საპყრობილეში მუხანათური მკვლელობაა ამერიკული დემოკრატია;

*ვენესუელას კანონიერი პრეზიდენტის მადუროს ნაცვლად თვითმარქვია გუაიდოს აღიარებაა ამერიკული დემოკრატია;

*სულ ახლახან პოლონეთის ოფიციალური ხელისუფლების მიერ ასევე თვითმარქვია ტიხანოვსკაიას ბელარუსის პრეზიდენტად გამოცხადებაა ამერიკული დემოკრატია;

*უფრო ადრე, საქართველოში სახელმწიფო გადატრიალების მოწყობა და პრეზიდენტ გამსახურდიას ჩამოგდება იყო ამერიკული დემოკრატია;

*გაცილებით ადრე კი, იაპონიის ქალაქებში ჰიროსიმასა და ნაგასაკიში ატომური ბომბებით ასეულ ათასობით მშვიდობიანი მოსახლეობის ცოცხლად დაწვა იყო ამერიკული დემოკრატია.

ეს ხომ მხოლოდ წვეთია ზღვაში ამერიკელთა ბოროტმოქმედებებიდან.

ვინ მოთვლის, დედამიწაზე რამდენი სისხლი და რამდენი ცრემლი დაუღვრიათ ამერიკელ დემოკრატებს.

ეჭვგარეშეა, რომ სწორედ ამერიკულ დემოკრატიას გულისხმობდა სტანისლავ იანკოვსკი, როდესაც ამბობდა.

სტანისლავ იანკოვსკი, პოლონელი პოლიტიკოსი და საზოგადო მოღვაწე: _ დემოკრატია სრული თავისუფლებაა, ესაა სიტყვის თავისუფლება საქმისგან, საქმის თავისუფლება სინდისისგან, სინდისის თავისუფლება ქენჯნისგან!

ვალერი კვარაცხელია: _ ანალოგიური აზრია ჩაქსოვილი შემდგომ გამონათქვამშიც.

ნოამ ჩომსკი, ამერიკელი ფილოსოფოსი და პუბლიცისტი: _ არაფერი ისე შორს არ დგას დემოკრატიისგან, როგორც კაპიტალიზმი!

ვალერი კვარაცხელია: _ აი, ახლა, იმ ამბებიდან 60 წლის გასვლის შემდეგ მე ვხვდები, რატომ დასდევდა წალენჯიხელი მოხუცი ქვით ხელში ყველას, ვინც სიტყვა დემოკრატიას ხმამაღლა წამოიძახებდა.

ჩვენ ყველა ერთად უნდა მივხვდეთ, რომ ამ ყოველმხრივ შეჭირვებული და გულ-მუცელ გამოღრღნილი საქართველოს ხსნა არც ამერიკულ დემოკრატიაშია, არც ამერიკულ ბურჟუაზიულ არჩევნებში და არც იმგვარ პარლამენტში, სადაც ოთხი ათეული უტიფარი მილიონერი გვიზის.

ამერიკული დემოკრატია რომ ვერ გადაგვარჩენს, ამას ბრიყვებიც ხვდებიან, მაგრამ ძნელი მისახვედრი ისაა, სადაა ხსნა და გამოსავალი. დემოკრატია, საბოლოოდ, დიქტატურაში რომ გადადის, ამის შესახებ, ჯერ კიდევ, არისტოტელე ამბობდა, მაგრამ ესეც რომ შეუძლებელი გამხდარა, ამაზეც ნაფიქრი აქვთ ჭკვიან და გამოცდილ პოლიტიკოსებს.

შიმონ პერესი, ისრაელის ყოფილი პრემიერმინისტრი: _ ტელევიზიამ დიქტატურა შეუძლებელი გახადა, დემოკრატია კი _ აუტანელი.

ვალერი კვარაცხელია: _ დიდი ფრანგი მოაზროვნის ნათქვამში კი თითქოს დღევანდელობა ჩანს და დამოძღვრის ინტონაციებიც ჩაგვესმის:

ჟან ჟაკ რუსო, ფრანგი განმანათლებელი: _ დემოკრატია მხოლოდ იქ შეიძლება არსებობდეს, სადაც არ არის მდიდარი, რომელიც ყველაფერს ყიდულობს და არ არიან ღატაკები, რომლებიც მას დაუფიქრებლად მიეყიდებიან!

ვალერი კვარაცხელია: _ ბოლოს კი ადამიანი, რომელმაც სამართლიანობის პრინციპებზე აგებული პირველი სახელმწიფო შექმნა და მსოფლიო ბანდიტების მიერ მის წინააღმდეგ წამოწყებულ მსოფლიო ომში იმ სახალხო და ძლევამოსილი ზესახელმწიფოს ინტერესები ბრწყინვალე გამარჯვებით დაიცვა

იოსებ სტალინი, მსოფლიო პროლეტარიატის დიდი ბელადი: _ კაპიტალიზმის პირობებში შეუძლებელია ნამდვილი თავისუფლება, თუნდაც იმიტომ, რომ მთავრობები მოჰყავთ როკფელერებს, როტშილდებსა და მორგანებს. კაპიტალიზმის პირობებში შესაძლებელია მხოლოდ კაპიტალისტური დემოკრატია, ანუ ექსპლოატატორი უმცირესობის დემოკრატია!

ვალერი კვარაცხელია: _ ასეთი იყო დღეს “ოქროს კვეთა”, მომავალ შეხვედრამდე!

P.S.

გასულ კვირას აშშის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მშვიდობის დარგში ნობელის პრემიაზე წარადგინეს. ჟურნალისტები, სხვა მოტივაციათა შორის, ამგვარ მოტივსაც ასახელებენ: აშშის ისტორიაში ტრამპი ერთადერთი პრეზიდენტია, რომელსაც ომი არ დაუწყია. მრავლისმეტყველი ფაქტია. დემოკრატიის მსოფლიო ფლაგმანს, აშშ, იმდენად სისხლმოწყურებული პრეზიდენტები ჰყავდა ისტორიულად, რომ, თუკი ვინმე გამოერია ისეთი, ვინც მთელი ოთხი წლის განმავლობაში ომის წარმოების გარეშე გაძლო, თურმე, მსოფლიოს ყველაზე პრესტიჟულ პრემიაზე ყოფილა წარსადგენი.

ასეთია ამერიკული დემოკრატიის ბუნება, რომელიც თავისთავად ღაღადებს

ვალერი კვარაცხელია

4 COMMENTS

  1. 1. ნოამ ხომსკი და არა ჩომსკი.
    2. დიქტატურაში გადადის ანარქია და არა დემოკრატია. დემოკრატიას ალტერნატივა არა აქვს: იგი თვითონ არის ფეოდალიზმისა და დიქტატურის ალტერნატივა. იდეის ვერგანხორციელება იდეის ბრალი არ არის, მისი ვერგანხორციელების ბრალია. კანტის აზრით, იდეა განუხორციელებელია, მაგრამ აუცილებელია როგორც ორიენტირი. დღევანდელი მსოფლიოს (არა მარტო ამერიკის, არამედ რუსეთისაც, საქართველოზე აღარაფერს ვამბობ) უბედურება ის არის, რომ მას იდეა და ორიენტირი აღარ აქვს.

  2. უნდა აღინიშნოს, რომ წინა, – წარღვნამდელი ცივილიზაციის საზოგადოებას, რომელთა მიერ შექმნილ ხელთუქმნელ ძეგლებს დღესაც შეუძლიათ ჩვენი გაოცება, ისეთი წეს-წყობილება ჰქონიათ, როგორიც სოციალიზმის დროს, მაგრამ ცოტა უფრო მეტად უკეთესი ურთიერთობებით, რითაც სამოთხეში ცხოვრობდნენ.
    მოწეული მოსავლის თანაბრად განაწილება საერთო მიზანსწრაფვას აღვივებს და ამაღლებს ცხოვრების საერთო დონეს. ეს საყოველთაოდ სასიკეთოა.
    დიახ, დღესდღეობით ჭეშმარიტად ერთი, საზოგადოების ძლევამოსილი ნაწილი მართავს მთელ მსოფლიოს და მათ, თუ მოინდომეს, ერთი ბრძანებით შეუძლიათ დაამყარონ სამართლიანი წეს-რიგი, გაახალისონ ცხოვრება, საბჭოთა კავშირის მსგავსად, გაუმჯობესებული ურთიერთობებით.
    ასეთი სასწაული, რომ მართლა მხდეს, მაშინ მთელი კაცთამოდგმა მათი კეთილმოსურნე გახდება და მათ მეფობას ინატრებენ სამარადჟამოდ, რაც მათ ცხოველ ლტოლვას ასხამს ფრთებს.
    აი, ეს ცოდნა უნდა მიეწოდოს მათ, გონიერებამ რომ იზეიმოს. იხილეთ:
    https://www.blogger.com/blog/post/edit/5942381745008855258/4881069834550315435

  3. 1. დიდი მადლობა ბატონო ვალერი ამ შესანიშნავი სტატიისთვის/ანალიზისთვის. ყოველთვის დიდი ინტერესით ვეცნობი/ვუსმენ თქვენს პუბლიკაციებს და გადაცემებს.

    2. რაც შეეხება ცნობილი ამერიკელი ლინგვისტის, ფილოსოფოსისა და პოლიტ-აქტივისტის სახელს, ნება მობოძეთ მეც შევუერთდე ბატონი ომარის კომენტარს. Noam Chomsky (გამოითქმის ‘ნოამ ჩომსკი’) ინგლისურად, ხოლო რუსულ და სხვა სლავურ ენებზე, ასევე ივრითზე გამოითქმის როგორც ‘ნაუმ ხომსკი’. რაც შეეხება ქართულად მისი სახელისა და გვარის მართლწერას და წარმოთქმას, რუსეთთან ჩვენი სამეცნიერო/ლინგვისტური მჭიდრო თანამშრომლობის პერიოდში ასევე იყო ‘ნაუმ ხომსკი’. იმედია ასევე დარჩება თანამედროვე ქართველ ენათმეცნიერთა შრომებშიც. პატივისცემით

  4. მარტო კაცი ჭამაშიაც ბრალიაო! საცოდაობაა, რომ აქტიურ პოლიტიკურ მოღვაწეობას არ ეწევით, ვთქვა , ისეტ მეტ-ნაკლებად მისაღებ პარტიასთან როგორიც “პატრიოტთა ალიასი”-ა!

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here