მთავარი პოლიტიკა “ოქროს კვეთა”

“ოქროს კვეთა”

ვალერი კვარაცხელიას სატელევიზიო-საავტორო პროგრამის საგაზეთო ვერსია

1131
გააზიარეთ
ზვიად გამსახურდია

მეთხუთმეტე გადაცემა

ზეციური სიმშვიდის კარიბჭე

ვალერი კვარაცხელია: _ გამარჯობა, ძვირფასო ტელემაყურებელო. ეთერშიაოქროს კვეთა”, რომელსაც, როგორც ყოველთვის, გავუძღვები მე _ ვალერი კვარაცხელია.

მართალია, შემოდგომა ჯერ არ დამდგარა, მაგრამ აქედანვე დავიწყოთ წიწილების დათვლა _ დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ რა მოვიგეთ, რა მოვიპოვეთ, რას მივაღწიეთ… რა გვქონდა და აღარ გვაქვს, რა არ გვქონდა და შევიძინეთ, ვიანგარიშოთ და მოგება-წაგების ბალანსი გამოვიყვანოთ.

მე არც ბუღალტერი ვარ, არც ეკონომისტი და არც ფინანსისტი, მაგრამ, თქვენთან ერთად პუბლიცისტიკის დონეზე მაინც ვცდი, ზოგიერთი რამ ერთმანეთს შევადარო.

მაშ, ასე, 1989 წლის 26 მაისი, თბილისი, პოლიტიკური მიტინგი.

ზვიად გამსახურდია, ეროვნული მორაობის ლიდერი:

_ ძენო და ასულნო, დანო და ძმანო, გეორგიანნო!

ჩვენთან არს ღმერთი!

ჩვენი არსებობა, ჩვენი ყოფა დღიდან დასაბამისა ადასტურებს, რომ ჩვენთან არს ღმერთი, რომ ჩვენთან მარადის იქნება ღმერთი!

ამ რწმენით, ამ შეგნებით ვძლიეთ უთვალავ მტერს, ბნელეთის ძალებს, ბნელეთის იმპერიებს და ბნელეთის იმპერიათა შორის უდიდესსა და უბოროტესსაც დავამარცხებთ!

ვალერი კვარაცხელია: _ გამსახურდიას ამ სიტყვებს თავისუფლების სურვილით გულანთებული ადამიანების ყიჟინა ახშობდა. იმ მომენტში ძნელი იყო გამსახურდიას მიერ ნათქვამი ამ ისტორიული სიყალბისა და შეუსაბამობის გაგება და ახსნა, მაგრამ მას შემდეგ ოცდათერთმეტი წელიწადი გავიდა. იქნებ დღეს, ამ დისტანციიდან მაინც, რაც ზვიად გამსახურდიას მიერ ბნელეთის იმპერიათა შორის უდიდესად და უბოროტესად შერაცხული საბჭოთა კავშირი დაინგრა, საქართველო კი სრულიად ახალ რეალობაში აღმოჩნდა, ახლა, როდესაც ბევრი რამ გაცილებით უკეთესად ჩანს, ვიდრე იმხანად ჩანდა, შესაძლებელი შეიქნას გამსახურდიას მიერ დაშვებული ამ ლაფსუსის ახსნა. მაგრამ, სანამ ახსნას შევეცდებოდეთ, ჯერ პირუთვნელად შევაფასოთ, რამდენად შეეფერებოდა სიმართლეს ის, რაც ზვიად გამსახურდიამ იმ მიტინგზე (და არა მხოლოდ იქ) ბრძანა. ძალიან ზედაპირულად გადავავლოთ თვალი იმას, თუ რას გვეუბნება ამ თვალსაზრისით მატიანე.

ისტორიული წყაროებიდან: 735-737 წლებში განხორციელდა არაბების ლაშქრობა სარდალ მურვან მეორე იბნ მუჰამადის მეთაურობით საქართველოს დაპყრობა-დამორჩილების მიზნით. ეს პროცესი თითქმის მთელ საუკუნეს გაგრძელდა. არაბებმა მოსახლეობას დააკისრეს მძიმე გადასახადები ხარაჯა და ჯიზია. ხალხს, აგრეთვე, დაეკისრა სამხედრო რაზმებისა და მრავალრიცხოვანი მოხელეების შენახვა. არაბთა ბატონობას მოჰყვა მაჰმადიანური მოსახლეობის გაჩენა საქართველოში. მურვანის სისასტიკისა და დაუნდობლობის გამო ხალხმა მას მურვან-ყრუ შეარქვა. “იქმნა მას ჟამსა გარყუნილ ქუეყანა ქართლისა, სომხითისა, რანისა და არღარა იპოვებოდა ნაშენები, არცა საჭამადი კაცთა და პირუტყვთა ყოველადვე” (ჯუანშერი).

ვალერი კვარაცხელია: _ ეს, რაც შეეხება არაბებს. ახლა სხვა იმპერიებიც ვნახოთ. მონღოლები.

ისტორიული წყაროებიდან: მონღოლები საქართველოს საზღვრებთან პირველად 1220 წელს გამოჩნდნენ. 1254-1258 წლებში ხარკის ოდენობისა და გამოსაყვან მეომართა რაოდენობის დასადგენად არღუნნოინმა საქართველოში აღწერა ჩაატარა. ქვეყანას 90 ათასი მეომრის გამოყვანა და მთელი რიგი ახალი გადასახადები (თამღა, თაღარი, მალი, საიამე, ულუფა, ყალანი, ყაფჩერი…) დააკისრა, რომლებიც ძველ გადასახადებთან ერთად მძიმე ტვირთად აწვებოდა და აჩანაგებდა მოსახლეობას… ერთ-ერთი აჯანყება საბედისწერო აღმოჩნდა დემეტრე მეორესთვის. იგი არღუნხანის საწინააღმდეგო შეთქმულებაში მონაწილეობის ბრალდებით 1289 წელს ურდოში სიკვდილით დასაჯეს.

ვალერი კვარაცხელია: _ 1490 წელს საქართველომ, როგორც ერთიანმა სახელმწიფომ არსებობა ოფიციალურად შეწყვიტა. იგი სამთავროებად დაიშალა. დაშლილ საქართველოს სხვა იმპერიებმაც შემოუტიეს.

ისტორიული წყაროებიდან: 1555 წელს დადებული ამასიის ზავით ირანმა და ოსმალეთმა საქართველო შუაზე გაიყვეს. ქართლი და კახეთი ირანის, ხოლო დასავლეთი საქართველო და სამცხე-საათაბაგო ოსმალეთის ვასალები გახდნენ.

ვალერი კვარაცხელია: _ ის, რასაც ახლა ჩვენ ვეცნობით, ზღვაში წვეთიც არ არის იმ ისტორიული იმპერიების ვერაგობისა და სისასტიკის დასახასიათებლად, რომელთა შესახებაც გამსახურდია საუბრობდა და, რომელთა შორის უდიდესად და უბოროტესად საბჭოთა კავშირს მიიჩნევდა. არაფერს ვამბობ რომისა და ბიზანტიის იმპერიებზე, რომლებსაც თვალი მუდამ საქართველოსკენ ეჭირათ. მოდით, გულზე ხელი დავიდოთ და პატიოსნად ვუპასუხოთ შეკითხვას: ჩამოთვლილ იმპერიათა შორის უბოროტეს იმპერიად საბჭოთა კავშირის წარმოჩენას სიმართლესა და ჭეშმარიტებასთან რამე აკავშირებდა? გამსახურდია განათლებული კაცი იყო. მას არ შეიძლებოდა არ სცოდნოდა, რომ საბჭოთა კავშირსა და საქართველოს ისტორიულ დამპყრობელ იმპერიებს შორის პარალელის გავლება სრული აბსურდი იყო. ის იმპერიები დაპყრობისა და ძალადობის ინსტიქტზე აღმოცენებული იმპერიები იყვნენ, საბჭოთა კავშირი კი კაცობრიობის ისტორიაში სრულიად ახალი თვისების მქონე და სრულიად ახალ პრინციპებზე აგებული სახელმწიფოებრივი წარმონაქმნი (კავშირი და არა _ იმპერია) იყო. საბჭოთა კავშირი დედამიწის ერთ დიდ ნაწილში ექსპლოატაციისგან მშრომელთა განთავისუფლების შედეგად შექმნილი ერთობა იყო, რომელშიც, პირველად ისტორიაში, სოციალური სამართლიანობის პრინციპების რეალური განხორციელება შეიქნა შესაძლებელი. ეს იყო ისეთი ნახტომი მომავალში, რომლის მსგავსი იქამდე არ მომხდარა. ეს იყო ნახტომი საყოველთაო თავისუფლებისკენ, თანასწორობისკენ, კეთილდღეობისკენ დავანებოთ თავი გამსახურდიას და ხალხზე ვილაპარაკოთ, ხალხზე, რომელიც, იმ სოციალიზმის პირობებშიც კი, სახე, იერი და რეპუტაცია აშშ-ის სპეცსამსახურების ბოროტგანზრახული საქმიანობის შედეგად უკვე შელანძღული რომ ჰქონდა, თავს გაცილებით უფრო დაცულად, გარანტირებულად და მყარად გრძნობდა, ვიდრე ნებისმიერი კაპიტალისტური სახელმწიფოს მოსახლეობა. თითოეული მოქალაქისთვის იქამდე არნახული სოციალური პაკეტის გარანტი, რომელსაც სოციალისტური სისტემა და ცხოვრების წესი განაპირობებდა, სწორედ ის საბჭოთა კავშირი იყო, რომელიც, გამსახურდიას თუ დავუჯერებთ, არაბთა, მონღოლთა, ოსმალთა და სპარსთა იმპერიებზე ბოროტი იმპერია იყო.

როგორ? რანაირად?

ხარაჯას, ჯიზიას, თამღას, თაღარის, მალის, საიამეს, ულუფას, ყალანის, ყაფჩერის და სხვა ათასგვარი ღალასა და ხარკის დამდებ იმპერიებზე უფრო ბოროტი იმპერია ის კავშირი იყო, რომელიც მეტალურგიულ, ქიმიურ, ავიამშენებელ, გემთმშენებელ, ჩარხმშენებელ, ელმავალმშენებელ, მანქანათმშენებელ ქარხნებს გიშენებდა, მსუბუქი მრეწველობის სახელგანთქმულ დარგებსა და მძლავრ სოფლის მეურნეობის გიქმნიდა, კოლხეთის დაბლობის ჭაობს გიშრობდა, აღმოსავლეთ საქართველოს გასარწყავების უნიკალურ სისტემას გიგებდა, მსოფლიოში სახელგანთქმულ უნივერსიტეტსა და დარგობრივ ინსტიტუტებს გიყალიბებდა, ქართული მეცნიერება, ხელოვნება, სპორტი ცაში აჰყავდა?

* დიდი სამამულო ომის წლებში, როცა დასავლური ფაშიზმი ქვეყანაში სისხლის ზღვას აყენებდა, ქართულ მეცნიერებათა აკადემიას რომ უყრიდა საფუძველს, ის კავშირი არაბებისა და მონღოლების იმპერიაზე ბოროტი მოვლენა იყო საქართველოსთვის?

* იმავე ომის წლებში, როდესაც საბჭოთა სახელმწიფოსა და სოციალისტური მონაპოვრის ბედი ბეწვზე ეკიდა, შოთა რუსთაველის დიდებულ ძეგლს (მოქანდაკე _ კოტე მერაბიშვილი) რომ დგამდა თბილისში, ის კავშირი თურქებსა და სპარსელებზე დიდი ბოროტება იყო საქართველოსთვის?

* იმავე ომის წლებში ქართული პატრიოტული სულისკვეთებით გაჟღენთილ ფილმს _ “გიორგი სააკაძეს” (რეჟისორი _ მიხეილ ჭიაურელი) რომ იღებდა, ის კავშირი ქართველი ერისთვის ბოროტების მომტანი იყო?

* ის კავშირი, რომელიც მსოფლიო საინჟინრო აზროვნების ერთ-ერთ შედევრს _ ენგურჰესს (და კიდევ რამდენ ასეთს) გიშენებდა, ყველა ისტორიულ დამპყრობელზე დიდი ბოროტება იყო?

როგორ? რანაირად?

კარგი, გითხრეს, მაგრამ შენ რომ ხალხი და ერი ხარ, თეთრისა და შავის გარჩევა არ გევალებოდა? გევალებოდა, რა თქმა უნდა, მაგრამ დასავლეთმა ამაზეც იფიქრა. მათ იცოდნენ, რომ საბჭოთა კავშირისა და სოციალისტური სისტემის ნგრევა ერთი რომელიმე მიმართულებიდან შეუძლებელი იყო, ამიტომ მიიტანეს ქვეყანაზე ფორსირებული, ერთდროული შეტევა ზემოდან, ქვემოდან, გარედან და შიგნიდან. მათ მოახერხეს საკუთარი აგენტურის მოყვანა საბჭოთა კავშირის ხელისუფლების უმაღლეს ეშელონებში, მათ შექმნეს ე.წ. დისიდენტური ჯგუფები საბჭოთა კავშირში, მათ იპოვეს დასაყრდენი მეცნიერებისა და ხელოვნების წარმომადგენლებში, ე.წ. ინტელიგენციაში და ააღორძინეს ისმეხუთე კოლონა”, რომელიც სტალინმა 1937 წელს გაანადგურა. ეს ყველაფერი ერთი ხელით როდესაც მოიმართა და ერთი დირიჟორის ნებას დაემორჩილა, დასავლეთის სპეცსამსახურებმა მოახერხეს, ერთმანეთთან დაეპირისპირებინათ, ერთი მხრივ, სოციალისტური მონაპოვრისა და, მეორე მხრივ, ეროვნული დამოუკიდებლობის მაღალი იდეალები. საბჭოთა კავშირის გარეშე, ცალცალკე აღებულ რესპუბლიკებში შეუძლებელი იყო სოციალისტური სისტემის შენარჩუნება, ხოლო საბჭოთა კავშირის შენარჩუნების შემთხვევაში შეუძლებელი იყო რესპუბლიკების სრულ სუვერენიტეტზე საუბარი. მომენტი შესანიშნავად გამოიყენეს. სოციალისტური იდეალების დისკრედიტაციისა და ნაციონალისტური ტენდენციების ხელოვნური გაღვივების გზით შესაძლებელი შეიქნა საბჭოთა კავშირის განხილვა იმ კლასიკური ტიპის იმპერიად, რომელიც, თითქოს, ხალხთა თავისუფლებას თვითმიზნურად ხელყოფდა, რასაც მოჰყვა დამოუკიდებლობის იდეალების მასშტაბური კულტივირება თითქმის ყველა რესპუბლიკაში (ალენ დალესის ცნობილი დოქტრინა). აი, ამ მუშაობის ლოგიკური შედეგი იყო გამსახურდიას მიერ სხვადასხვა თავყრილობაზე გამოთქმული ლოზუნგები, რომელთაგან ერთ-ერთი ამჟამად განვიხილეთ.

“ოქროს კვეთა”

გამსახურდიასა და ეროვნული მოძრაობის სხვა წარმომადგენელთა ამგვარი შეძახილების შედეგად ლოგიკური აზროვნების უნარდაკარგული და ფეხის ხმას აყოლილი ხალხი სიცრუისა და სიბინძურის ჭუჭყიანმა მორევმა ჩაითრია. დაძრახო ხალხი ამის გამო, ეს იგივეა, მას უკიჟინო, მეხს ან მიწისძვრას რატომ დანებდიო. ზემოდან და ქვემოდან, გარედან და შიგნიდან საბჭოთა ხალხის მიმართულებით დაძრულმა ანტისაბჭოთა და ანტისოციალისტური ცუნამმა წალეკა და წაიღო ყველაფერი, რაც გზად დახვდა. იმხანად ამ რთულ სოციოლოგიაში გარკვევა ხალხს რომ გაუჭირდებოდა, გასაგებია, მაგრამ ოცდაათი წლის შემდეგ მაინც თუ ვერ გავაცნობიერეთ, რას ვებრძოდით და რა მივიღეთ, წიხლი რას ვკარით და რა ჩავიხუტეთ, ჭეშმარიტებამდე ვერასოდეს მივალთ და ასე უმწეოდ ვიფართხალებთ ნამყოსა, აწმყოსა და მყოფადს შორის. ახლა მაინც, როცა, როგორც იტყვიან, ურემი გადაბრუნებულია, ნუთუ ძნელია, მიმოიხედო ირგვლივ; ნუთუ ძნელია, მიაყურადო ხალხის ცხოვრებას, ქვეყნის მაჯისცემას და, სხვისი ცხოვრების დაკვირვების უნარი თუ არ გაქვს, საკუთარ ცხოვრებას მაინც დააკვირდე?!

* რა დაკვირვება სჭირდება იმის დანახვას, რომ სამშობლო გქონდა და აღარ გაქვს, რომ შენი სამშობლო სამ ნაწილად დაიშალა?!

* რა დაკვირვება სჭირდება იმის დანახვას, რომ მოსახლეობა განახევრდა, დაიცალა საქართველო, დემოგრაფიული კატასტროფის წინაშე დადგა საბჭოთა პერიოდში თითქმის ექვს მილიონამდე მომრავლებული ერი?!

* რა დაკვირვება სჭირდება იმის დანახვას, რომ სამშობლოდან ერთიანად აიყარა ხალხი, რომელიც ლუკმაპურის საძებნელად საზღვარგარეთ გადაიხვეწა?!

* რა დაკვირვება სჭირდება იმის დანახვას, რომ მათხოვრებით გაივსო ქვეყანა?!

* რა დაკვირვება სჭირდება იმის დანახვას, რომ მოკვდა მეცნიერება, ხელოვნება, მწერლობა, კინო, თეატრი, მხატვრობა, მუსიკა?!

* რა დაკვირვება სჭირდება იმის დანახვას, რომ შოთა რუსთაველისთვის საბჭოთა ეპოქაში დადგმულ ძეგლს სივრცე წაართვეს, ირგვლივ ყავახანები მიუშენეს, მისგან ორმოცდაათ მეტრში კი ველოსიპედის მსგავსი რკინის ჯართი დადგეს, დღევანდელობის ძეგლად?!

* რა დაკვირვება სჭირდება იმის დანახვას, რომ გაირყვნა და ამორალიზმის ჭაობში გადაეშვა საზოგადოების დიდი ნაწილი?!

* რა დაკვირვება სჭირდება იმის დანახვას, რომ ნარკომანიამ ლამის წალეკოს ქვეყანა და ხელიდან გამოგვაცალოს ახალგაზრდობა?!

* რა დაკვირვება სჭირდება იმის დანახვას, რომ მკვლელობა, სადიზმი და სისასტიკე ცხოვრების თანამგზავრად გვექცა?!

* რა დაკვირვება სჭირდება იმის დანახვას, რომ ერთ დროს ეკონომიკურად, სულიერად, ზნეობრივად ჯანსაღი და აყვავებული საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის საერთოსახალხო დოვლათი კერძო პირებმა ან პირდაპირ მიიტაცეს და მიითვისეს, ან მეზობელ სახელმწიფოებში ჯართის სახით გაყიდეს უმდიდრესი ფაბრიკაქარხნებისა და უზარმაზარი სამრეწველო პოტენციალის მქონე ინფრასტრუქტურული ობიექტების ნანგრევები და ნარჩენები?!

* რა დაკვირვება სჭირდება იმის დანახვას, რომ საქართველოს ისტორიულმა მტრებმა _ ოსმალეთისა და სპარსეთის იმპერიებმა აგერ, თბილისის ცენტრში მოიყარეს თავი და ძმურად გადახვიეს ხელი ერთმანეთს?!

* რა დაკვირვება სჭირდება იმის დანახვას, რომ ერთ დროს უმდიდრესი რესპუბლიკის მხოლოდ საგარეო ვალმა, 2019 წლის მონაცემებით, 17,8 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა?!

* რა დაკვირვება სჭირდება იმის დანახვას, რომ პერსპექტივა აღარა გვაქვს, გაჰქრა, დაილია ნატოსა და ევროკავშირის სატყუარა, დასრულდა “ივერია გაბრწყინდებას” მითი?!

* ბოლოს, რა დაკვირვება სჭირდება იმის დანახვას, რომ ეს ყველაფერი აშშდან იმართება, რომ ეს ყველაფერი იქ დაგეგმილი მიზანმიმართული პროცესია?!

რამდენი რამე ჩამოვთვალო, რომელი ერთი შეგახსენოთ?

სოციალისტური სისტემა კაპიტალისტურ ურჩხულს რომ სჯობს, ამას სოციალიზმის დროს ნაცხოვრები ხალხი როგორ ვერ ხვდებით, როდესაც კაპიტალიზმის მექაში _ აშშ-შიც კი მიხვდნენ, დიდი ხანია. სოციოლოგიური ცენტრი Harris Poll პორტალზე Axios აქვეყნებს უაღრესად საინტერესო მონაცემებს.

Axios: _ ამერიკელ ახალგაზრდებსა და საშუალო ასაკის ადამიანებში თანდათანობით პოპულარული ხდება სოციალისტური იდეალები. 1995 წლის მერე დაბადებულთა შორის თითქმის ნახევარი (46,9%) აცხადებს, რომ სოციალისტურ სისტემაში ცხოვრება სურს. ანალოგიურ სურვილს მთლიანი მოსახლეობის მასშტაბით (მთელ ქვეყანაში) გამოკითხულთა 37,2% ავლენს.

ვალერი კვარაცხელია: _ წარმოუდგენლად დიდი პროცენტებია. ეს გამოკვლევა ორი წლის წინანდელია. სავარაუდოა, რომ აშშ-ში მიმდინარე არეულობის მერე სოციალისტური ტენდენციები გაღრმავდებოდა. ეს ყველაფერი იციან იქ, სადაც ჯერ არს. ამიტომაცაა, რომ თეთრი სახლის ადმინისტრაცია და სახელმწიფო დეპარტამენტი დიპლომატიური თავშეკავების სრული იგნორირებით ცოფებს ყრიან არა უკვე კაპიტალისტური რუსეთის, არამედ კომუნისტური ჩინეთის მიმართ. ეს ნიშანდობლივი მომენტია.

მაიკ პომპეო, აშშის სახელმწიფო მდივანი: _ თავისუფალი სამყარო თუ ვერ შეცვლის ჩინეთის კომუნისტურ პარტიას, ის შეგვცვლის ჩვენ!

ვალერი კვარაცხელია: _ პომპეოს სასახელოდ უნდა ითქვას, რომ მან სიტუაციის ზუსტი ფორმულირება მოგვცა. მერე რა, რომ სხვა რამის თქმას ცდილობდა და სხვა გამოუვიდა. ფაქტია, რომ ჭეშმარიტება თქვა. კომუნისტური პარტია და კომუნისტური იდეალები (არ აქვს მნიშვნელობა, ჩინეთის იქნება თუ ამერიკის) შეცვლის ამერიკას, მის უსამართლო ცხოვრების წესს და მსოფლიოზე განუკითხავი ძალადობის პოლიტიკას. ამერიკული შიში და ძრწოლა არა იმდენად ჩინეთის წინაშე, რამდენადაც კომუნისტური იდეალების წინაშე, საფუძვლიანია, მაგრამ არ მინდა ამ საუბარმა სიღრმეებში შეგვიტყუოს. მაიკ პომპეოს ეს ნათქვამი იმის საილუსტრაციოდ მოვიტანე, რის დამტკიცებასაც ამ გადაცემაში ვცდილობ.

ამერიკელთა დღევანდელი დამოკიდებულება კომუნისტური ჩინეთის მიმართ გვიდასტურებს, რომ საბჭოთა კავშირის ყველაზე დიდ ბოროტებად გამოცხადება ზვიად გამსახურდიას შეცდომა კი არა, პირველ რიგში, კაპიტალისტური დასავლეთის შეცდომა იყო. გამსახურდია დასავლურ ღირებულებებზე ორიენტირებული მოღვაწე იყო და, ბუნებრივია, რომ დასავლურ შეფასებებს იზიარებდა. დასავლეთი თავის ძველ შეცდომებს ახლა, სამწუხაროდ, ჩინეთის შეფასებებშიც იმეორებს.

სანამ ამერიკასა და ჩინეთს შორის დაწყებული ცივი ომის მოსალოდნელ შედეგებზე რამეს ვიტყოდეთ, ჯერ ჩვენი წიწილების დათვლა დავასრულოთ: შეპირებული დამოუკიდებელი, დემოკრატიული, მდიდარი, ძლიერი, ნატოსა და ევროკავშირის წევრი საქართველოს ნაცვლად, ნამუსახდილი, მუხლზე დაჩოქილი, გამათხოვრებული, იმედგადაწურული და სასოწარკვეთილი საქართველო შეგვრჩა ხელთ!

რა გაეწყობა, თავი იმით ვინუგეშოთ, რომ მარტო ჩვენ არ ვართ ამ დღეში, მილიარდნახევრიან, ბრძენ ზესახელმწიფო ჩინეთსაც, თავიანთი ჭკუით, დაჩოქებას უპირებენ.

მაიკ პომპეო: _ დროა, შევწყვიტოთ ბრმა თანამშრომლობა ჩინეთთან და ფორმულიდან _ ენდე, მაგრამ შეამოწმე, გადავიდეთ ფორმულაზე _ არ ენდო და შეამოწმე!

ვალერი კვარაცხელია: _ როგორც ხედავთ, ამერიკელები აღარც მალავენ თავიანთ მიზანს. მათ სურთ, რომ კომუნისტურ ჩინეთს, რომელმაც ეკონომიკურად და ახლა უკვე ტექნოლოგიურადაც უკან მოიტოვა ისინი, საბჭოთა კავშირის ხვედრი გაუმზადონ.

მაიკ პომპეო: _ თავისუფალმა სამყარომ უნდა დაამარცხოს ეს ახალი ტირანია. თავისუფლების დაცვა ჩინეთის კომუნისტური პარტიისგან ჩვენი დროის მისიაა. ჩინეთი იმეორებს საბჭოთა კავშირის მიერ დაშვებულ შეცდომებს და ეს დაეხმარება ვაშინგტონს, რომ ჩინეთთან დაპირისპირებაში გამარჯვებას მიაღწიოს. ვაშინგტონს უკვე აქვს შესაბამისი გამოცდილება.

ვალერი კვარაცხელია: _ არ მესმის, ასე გულახდილად რატომ გაამჟღავნა აშშ-ის პირველმა დიპლომატმა ჩინეთთან დაკავშირებული ზრახვები, მაგრამ ფაქტია, რომ ჩინეთისთვის ომი გამოცხადებულია და არ აქვს არსებითი მნიშვნელობა, ცივ ომზეა საუბარი თუ ცხელზე. საბჭოთა კავშირის მსგავსად, ალბათ, ჩინეთშიც მოიძებნებიან “დემოკრატები” და სხვაგვარად მოაზროვნეები, რომლებიც საბჭოთა დისიდენტებივით დაიწყებენ “პატრიოტულ” ლაყბობას ერთპარტიულობაზე, ტირანიასა და ტოტალიტარიზმზე. ბატონ პომპეოს მიერ დაუფარავად გაცხადებული იმის შესახებ, რომ ამერიკელებს საბჭოთა კავშირის დაშლის გამოცდილება აქვთ, უწინარესად, ხომ პატრიოტიზმს ამოფარებული დისიდენტების გამოჩეკვასა და ამერიკულიმეხუთე კოლონისჩამოყალიბებას გულისხმობს, რომელიც საკუთარი სახელმწიფოს ინტერესების საზიანოდ, აშშის ინტერესების სამსახურში ან გაცნობიერებულად, ან გაუცნობიერებლად ჩადგება, ზუსტად ისე, როგორც საქართველოში მოხდა.

თუმცა, არის ერთი დეტალი, რომელიც ამერიკელებს, ეტყობა, მხედველობიდან გამორჩათ, რაც იმაში მდგომარეობს, რომ ამ საქმეში ჩინელებს ალტერნატიული გამოცდილება გააჩნიათ, რომლის შესახებ საუბარი არ სიამოვნებთ, რადგან იგი ამ უზარმაზარი ქვეყნისათვის უაღრესად მტკივნეულ და სისხლიან მოგონებასთანაა დაკავშირებული. ამ გამოცდილებას ტიანანმენი, ანუ ზეციური სიმშვიდის კარიბჭე ჰქვია…

ასეთი იყო დღეს “ოქროს კვეთა”, მომავალ შეხვედრამდე!

P.S. ალბათ, ზედმეტია იმის შეხსენება, რომ 1989 წლის 4 ივნისს ჩინეთის ხელისუფლებამ სისხლით გადარეცხა ტიანანმენის მოედანი, რომელზეც ამერიკულად განწყობილ სტუდენტთა მრავალათასიანი დემონსტრაცია კონსტიტუციის ფარგლებიდან გასვლით სახელმწიფოს უსაფრთხოებას ემუქრებოდა.

მას შემდეგ ჩინეთი არნახული ტემპებით ვითარდება.

ესეც გამოცდილებაა, არანაკლები გამოცდილება, რაც ამერიკელებს აქვთ სხვა სახელმწიფოთა საშინაო საქმეებში ცხვირის ჩაყოფისა და ბინძური ხელების ფათურის თვალსაზრისით!

ვალერი კვარაცხელია

გააზიარეთ

5 COMMENTS

  1. ცნობილი გამონათქვამი მორწმუნის თავიდან ღმერთს ვერ ამოაგდებო ზვიადისტებზეა ზედგამოჭრილი: რა არგუმენტებიც არ უნდა მოუყვანო, მათი თავებიდან ზვიადს ვერ ამოაგდებთ. არადა, მან დაღუპა ქვეყანა. შევარდნაძე მისებრ ვერ გააბრიყვებდა ხალხს. იმაში კი ვერ დაგეთანხმებით, ბ-ნო ვალერი, თითქოს „გამსახურდია დასავლურ ღირებულებებზე ორიენტირებული მოღვაწე იყო და, ბუნებრივია, რომ დასავლურ შეფასებებს იზიარებდა“. მას, არ გამიბრაზდეთ, მამასავით „აზნაურობის“ კომპლექსი ჰქონდა და მონარქისტული „ღირებულებები“ არ ასვენებდა. იგი თავისი ჭკუის კოლოფა აკუკი ასათიანსაც კი ამუნათებდა, მონარქისტულ იდეებს უღალატაო: „ეს ყოველივე არის აგრეთვე ღალატი მონარქისტული იდეისა, როგორც საქართველოს სამეფო ტახტის კანონიერმა მემკვიდრემ გიორგი (ხორხე) ბატონიშვილმა განაცხადა, საქართველოში მონარქია შეიძლება აღდგეს…“ და ა.შ. (1992 წ. გროზნო). თუმცა თავის დროზე ხორხემ შემოუთვალა, ესპანეთიდან, ჩამოვიდეო? და უარი უთხრა: ტახტი „ კანონიერმა მემკვიდრისთვის“ აღარ ემეტებოდა, თავისთვის ნებავდა. გროზნოდან კი, რაღას კარგავდა. აღარაფერს ვამბობ კოსტავაზე, რომლის სინდისზეც არის 9 აპრილის ტრაგედია: „ისტორიაში ყოფილა დიდებული წამები…“ გასაგებია: ის აზნაური იყო, ეს – ბრიყვი, მაგრამ ეს ხალხი რაღამ გააბრიყვა, რომ „ამ ტანჯვისა და ვაების“ (კოსტავას გამოთქმაა) შემდეგ, კიდევ აზრზე ვერ მოსულა?!

  2. დიდი მადლობა, ბატონო ვალერი, ჩვენი განვლილი გზის და დღევანდელობის ყოვლისმომცველი და ზუსტი შეფასებისთვის!!! ბრწყინვალე ანალიზია!!! უღრმესი პატივისცემით.

  3. ყაზბეგის იაგო.
    ბ–ნო ვალერი, ყველა თქვენს მოსაზრებას ვეთანხმები სრული 100 პროცენტით. მართლაც, ზვიად გამსახურდიამ და მისმა კლასელმა მერაბ კოსტავამ თავიანთი უტვინო ურაპატრიოტობით დაღუპეს ქვეყანა და იგი ხელში ჩაუგდეს არამზადების სამეულს – “თენგიზ ცრუს, თენგიზ ბლუს და მურვან ყრუს”. მუსირებდა ხმები, რომ ზვიადი ადრე შეკრული იყო რუსეთის სპეცსამსახურებთან ზედმეტი სახელით “ობობა”. ეს რომ მისთვის არ წამოეძახებინათ და პრორუსობა არ დაებრალებინათ, როგორც კი გახდა პრეზიდენტი, რუსეთი გამოაცხადა უბოროტეს იმპერიად და საქართველოს N1 მტრად, რაც იყო მისი საბედისწერო შეცდომა.

  4. საბჭოთა კავშრი თავისი არსით ეყრდნობოდა კონსტიტუციას, სადაც ხაზგასმით იყო აღნიშნული, რომ ყოველ რესპუბლიკას შეეძლო თავისუფლად გასვლა საბჭოთა კავშირის შემადგენლობიდან. ეგრეთწოდებულ ქართველ პატრიოტებს არც კი დაუყენებიათ ეს საკითხი, რომ კონსტიტუციური კანონმდებლობით, მაღალი ზნეობით ემოქმედათ. ეს კანონიერი გზა არ აწყობდათ მავანთ, რომელთა წაქეზებით თუ მითითებებით მოქმედებდნენ ესა თუ ის პიროვნებები. ისინი ამოქმედეს გამოსვლებით და არსებული წეს-წყობილების მოშლით, რაც პირდაპირ ემსახურებოდა მავანთა ინტერესებს. არც ისინი მყვანან დიდად მოაზროვნეები, თორემ კი არ დაანგრევდნენ საბჭოთა წყობას, არამედ განამტკიცებდნენ და გაამეფებდნენ სოციალურ სამართლიანობას, რაც მათ კეთილდღობაზე დაასხამდა წყალს, მათ მეფობას ისურვებდნენ სამარადჟამოდ, მაგრამ აკლდათ ცოდნა და ვერ გამოიყენეს არსებული მდგომარეობა. შესაძლოა სტალინის წარმოჩენაც არ სურდათ, ესეც გასათვალისწინებელია, მაგრამ რომ ეთქვათ: რევოლუცია ჩვენი მოწყობილიაო, ვინ არ დაუჯერებდათ? დაფინანსების გარეშე რომ გარეთ ვერავის გამოივან, ეგ ყველამ კარგად დავინახეთ.
    მოკლედ ჩვენს “პატრიოტებს” ნარი აგლეჯინეს და თვალნაცრიანი დატოვეს ყველანი. განვლილი გზა უკეთ დასანახია და ალბათ მომავალი თაობები, როდესაც გაეცნობიან მათ საქმიანობას და წარსულს, სინანულით დაძრახავენ უგუნურობის გამო. უმეცრებას დაუდგეს თვალი, თორემ ახლა ხომ უკვე სამოთხეში უნდა ვცხოვრობდეთ?
    ყველაფერი არ არის დასრულებული. თუ მმართველნი ამა ქვეყნისა გონიერებას მოუხმობენ, ახლაც შეიძლება სამართლიანი წეს-წყობილების აღდგენა, თანაც მარტივად: ერთი თქმითა თუ ერთი ბრძნებით.
    ვნახოთ რას გვეტყვის მომავალი. გონიერებას რომ უნდა მოვუხმოთ და ნათელი გავუთენოთ მომავალ თაობებს, ალბათ ამის პასუხისმგებლობას ყველა ვგრძნობთ, მაგრამ როგორ შევასრულებთ, ეს უკვე ჩვენს სწავლა განათლებაზე დამოკიდებული.
    ცნობისათვის:
    სათავეში რჩეულთა შორის რჩეულნი უნდა მოდიოდნენ ყოველთვის, რომ ქვეყანა ყოველთვის კეთილად იმართებოდეს, ხალხის აზრზე დაყრდნობით, ქვემოდან ზემოთ!

  5. დიახ, მართალი იყო სტალინი, რომელიც სოციალიზმის პირობებში კულტურული რევოლუციების აუცილებლობაზე მიანიშნებდა, რაც ქვეყნის უწყვეტ ევოლუციურ განვთარებას უზრუნველყოფდა!
    ამ თეორიის სისწირე და აუცილებლობა “ტიანანმენმაც” დაადასტურა!

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here